არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 9

იეჰოვას შეუძლია სიმშვიდე მოგგვაროთ

იეჰოვას შეუძლია სიმშვიდე მოგგვაროთ

„როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმ. 94:19).

სიმღერა 44 თავმდაბლის ლოცვა

მოკლე შინაარსი *

1. რა შეიძლება გახდეს ჩვენი წუხილის მიზეზი და როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან ჩვენზე?

მომხდარა თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რის გამოც მოსვენება დაკარგეთ და დღემდე გიწევთ უარყოფით გრძნობებთან გამკლავება? შეიძლება იმის გამო წუხხართ, * რომ ვინმემ სიტყვით ან საქციელით გული გატკინათ. შესაძლოა თქვენი ნათქვამის ან საქციელის გამო დარდობთ, ან დაშვებულ შეცდომაზე ნერვიულობთ და ფიქრობთ, რომ იეჰოვა არასოდეს გაპატიებთ. ამასთანავე, შეიძლება თავი უღირსად მიიჩნიოთ და იფიქროთ, რომ სუსტი რწმენა გაქვთ, რადგან დარდსა და საწუხარს ვერ ერევით. რამდენად სწორია ასეთი თვალსაზრისი?

2. რომელი ბიბლიური მაგალითებიდან ვხედავთ, რომ წუხილი რწმენის ნაკლებობაზე არ მეტყველებს?

2 განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი. ხანას, წინასწარმეტყველი სამუელის დედას, დიდი რწმენა ჰქონდა. თუმცა წუხილმა მას მოსვენება დაუკარგა, რადგან ოჯახის წევრი სიცოცხლეს უმწარებდა (1 სამ. 1:7). ძლიერი რწმენით მოციქული პავლეც გამოირჩეოდა, მაგრამ თანაქრისტიანებზე წუხილი გულს უმძიმებდა (2 კორ. 11:28). მეფე დავითიც დიდ რწმენას ავლენდა, სწორედ ამიტომ უყვარდა იეჰოვას ის განსაკუთრებით (საქ. 13:22). ძლიერი რწმენის მიუხედავად დავითმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, რის გამოც თავს განადგურებულად გრძნობდა (ფსალმ. 38:4). იეჰოვამ თითოეული მათგანი ანუგეშა და დაამშვიდა. დავფიქრდეთ, ჩვენ რისი სწავლა შეგვიძლია მათი მაგალითებიდან.

რას ვსწავლობთ ერთგული ხანასგან

3. როგორ შეიძლება სხვისმა სიტყვებმა დაგვთრგუნოს?

3 როცა უხეშად გველაპარაკებიან ან ცუდად გვეპყრობიან, შეიძლება თავი დათრგუნულად ვიგრძნოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრი გვტკენს გულს. შესაძლოა იმაზეც ვდარდობთ, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობა გაგვიფუჭდა. შეიძლება სხვების დაუფიქრებელმა ლაპარაკმა ან შეგნებულად ნათქვამმა მწარე სიტყვებმა გული მოგვიკლას (იგავ. 12:18). ასეთი რამ მოხდა ერთი ახალგაზრდა დის შემთხვევაში. ის ამბობს: „რამდენიმე წლის წინ ადამიანმა, რომელსაც ახლო მეგობრად ვთვლიდი, სოციალურ მედიაში ჩემზე ჭორი გაავრცელა. თავს საშინლად ვგრძნობდი. მიჭირდა იმის დაჯერება, რომ მეგობარმა, რომელსაც ვენდობოდი, ასე გამიმეტა“. თუ თქვენც გატკინათ გული მეგობარმა ან ოჯახის წევრმა, ხანას მაგალითიდან ბევრ რამეს ისწავლით.

4. რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა ხანა?

4 ხანა საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. წლების განმავლობაში მას შვილი არ უჩნდებოდა (1 სამ. 1:2). ძველ ისრაელში უშვილო ქალს დაწყევლილად მიიჩნევდნენ. სწორედ ამიტომ გრძნობდა ის თავს დამცირებულად (დაბ. 30:1, 2). ხანას მდგომარეობას სხვა რამეც ამძიმებდა. მის ქმარს მეორე ცოლიც ჰყავდა, ფენინა, რომელმაც შვილები გაუჩინა. ფენინა ხანას მეტოქედ თვლიდა, ამიტომ „ამწარებდა . . . [და] გულს სტკენდა“ (1 სამ. 1:6). თავიდან ხანა იმდენად განიცდიდა თავის მდგომარეობას, რომ სულგამწარებული იყო, „ტიროდა და არაფერს ჭამდა“ (1 სამ. 1:7, 10). რამ ანუგეშა ის?

5. როგორ დაეხმარა ლოცვა ხანას?

5 ხანამ იეჰოვას ლოცვაში გული გადმოუღვარა. ლოცვის შემდეგ კი თავისი საწუხარი მღვდელმთავარ ელის გაანდო. ელიმ მას უთხრა: „წადი მშვიდობით, ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“. როგორ იმოქმედა ამ სიტყვებმა ხანაზე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „წავიდა ქალი, ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე“ (1 სამ. 1:17, 18). ლოცვამ ხანას შინაგანი სიმშვიდე დაუბრუნა.

როგორ შეგვიძლია ხანას მსგავსად კვლავ დავიბრუნოთ შინაგანი სიმშვიდე? (იხილეთ აბზაცები 6—10)

6. რას ვსწავლობთ ლოცვის შესახებ ხანას მაგალითიდან და ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი სიტყვებიდან?

6 გამუდმებული ლოცვა დაგეხმარებათ, კვლავ იგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე. ხანა თავისი პრობლემის შესახებ დიდხანს ესაუბრებოდა ზეციერ მამას (1 სამ. 1:12). ჩვენც შეგვიძლია უფრო დიდი დრო გამოვუყოთ ლოცვას და ვესაუბროთ იეჰოვას ჩვენს საწუხარზე, შიშსა თუ დაშვებულ შეცდომებზე. არ არის აუცილებელი, მაღალფარდოვანი და დახვეწილი ფრაზებით ვილოცოთ. როცა იეჰოვას ჩვენს სადარდებელს ვუზიარებთ, შეიძლება სიტყვებს ვეღარ მოვუყაროთ თავი და ავტირდეთ კიდეც. თუმცა ის ასეთ დროსაც მზად არის, მოთმინებით მოგვისმინოს. გარდა იმისა, რომ შეგვიძლია იეჰოვას ჩვენს პრობლემებზე ვესაუბროთ, უნდა გვახსოვდეს ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი რჩევა (წაიკითხეთ). პავლემ ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მადლიერება გამოვხატოთ ლოცვაში. ჩვენ უამრავი მიზეზი გვაქვს, ვმადლობდეთ იეჰოვას. მაგალითად, შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ მას სიცოცხლისთვის, ულამაზესი სამყაროსთვის, რომელიც ჩვენთვის შექმნა, სიკეთისთვის და მომავლის შესანიშნავი იმედისთვის. კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია ხანასგან?

7. სად მიდიოდნენ ხოლმე ხანა და თავისი ქმარი?

7 რთული სიტუაციის მიუხედავად ხანა ყოველთვის მიჰყვებოდა ქმარს შილოში, იეჰოვას თაყვანისცემის ადგილზე (1 სამ. 1:1—5). მღვდელმთავარმა ელიმ სწორედ იეჰოვას კარავთან უთხრა ხანას გამამხნევებელი სიტყვები და დააიმედა, რომ იეჰოვა შეისმენდა მის ლოცვას (1 სამ. 1:9, 17).

8. როგორ გვეხმარება კრების შეხვედრები?

8 კრების შეხვედრებზე დასწრება დაგეხმარებათ, კვლავ იგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე. შეხვედრის დასაწყისში წარმოთქმულ ლოცვაში ძმა, როგორც წესი, ღმერთს წმინდა სულს სთხოვს თითოეული დამსწრისთვის. მშვიდობა სულის ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია (გალ. 5:22). თუ კრების შეხვედრებს მაშინაც ვესწრებით, როცა რაღაცაზე ვწუხვართ, საშუალებას ვაძლევთ იეჰოვასა და და-ძმებს, გაგვამხნეონ და დაგვეხმარონ, კვლავ ვიგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე. იეჰოვა, ძირითადად, ლოცვისა და შეხვედრების მეშვეობით გვგვრის სიმშვიდეს (ებრ. 10:24, 25). ვნახოთ, კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია ხანას მაგალითიდან.

9. ა) შეიცვალა ხანას მდგომარეობა? ახსენით. ბ) რა დაეხმარა მას?

9 ხანას პრობლემები მაშინვე არ მოგვარებულა. როცა ის თაყვანისმცემლობის ადგილიდან სახლში დაბრუნდა, კვლავ ფენინასთან ერთად უწევდა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ბიბლია არაფერს ამბობს, შეიცვალა თუ არა ფენინამ დამოკიდებულება მის მიმართ. სავარაუდოდ, ის კვლავ აგრძელებდა ხანას დამცირებას, თუმცა მისი მწარე სიტყვები ხანას გულთან ახლოს აღარ მიჰქონდა და აღარ ღიზიანდებოდა. მას შემდეგ, რაც თავისი სადარდებელი ღმერთს გაანდო, ხანა აღარ დამწუხრებულა. მან საშუალება მისცა იეჰოვას, ენუგეშებინა და დაემშვიდებინა ის. გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვას კურთხევით ხანას შვილები შეეძინა (1 სამ. 1:19, 20; 2:21).

10. რას ვსწავლობთ ხანას მაგალითიდან?

10 პრობლემების მიუხედავად შეგიძლიათ კვლავ იგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე. შეიძლება გამუდმებით ვლოცულობთ და კრების შეხვედრებსაც ვესწრებით, მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩება. თუმცა ხანას მაგალითიდან ვხედავთ, რომ იეჰოვას შეუძლია დაამშვიდოს ჩვენი დამწუხრებული გული. ის არასოდეს დაგვივიწყებს და ადრე თუ გვიან ერთგულებისთვის დაგვაჯილდოებს (ებრ. 11:6).

რას ვსწავლობთ პავლე მოციქულისგან

11. რას შეიძლება გამოეწვია სტრესი და საწუხარი პავლეს ცხოვრებაში?

11 პავლეს წუხილის არაერთი მიზეზი ჰქონდა. მაგალითად, გულს უმძიმებდა იმაზე ფიქრი, რომ მისი საყვარელი და-ძმები არაერთ სირთულეს ხვდებოდნენ (2 კორ. 2:4; 11:28). გარდა ამისა, მოციქულს ქადაგების დროს მოწინააღმდეგეები ხშირად ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ის არაერთხელ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა და სხვა მრავალი გასაჭირის ატანაც მოუწია. მაგალითად, ის ხელმოკლედ ცხოვრობდა და შესაძლოა წუხდა ამის გამო (ფილ. 4:12). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა პავლე, როცა ხომალდის მსხვრევა გადაიტანა. ასეთი რამ მის ცხოვრებაში, სულ მცირე, სამჯერ მოხდა (2 კორ. 11:23—27). რა ეხმარებოდა მოციქულს, ამდენ სტრესულ სიტუაციას გამკლავებოდა?

12. რა შეუმსუბუქებდა პავლეს საწუხარს?

12 მართალია, პავლეს აწუხებდა და-ძმების გასაჭირი, მაგრამ ის მოკრძალებული იყო და კარგად ესმოდა, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა მათი ყველა პრობლემის მოგვარებას. ამიტომ სხვებსაც სთხოვა, კრებაზე ზრუნვაში დახმარებოდნენ. მაგალითად, მან სანდო ადამიანებს, ტიმოთესა და ტიტეს ბევრი პასუხისმგებლობა მიანდო. ეს ძმები კარგად ართმევდნენ თავს დაკისრებულ საქმეს, რაც ეჭვგარეშეა, პავლეს საწუხარს შეუმსუბუქებდა (ფილ. 2:19, 20; ტიტ. 1:1, 4, 5).

როგორც პავლე მოციქულის მაგალითიდან გამოჩნდა, რა უნდა გავაკეთოთ, რომ საწუხარმა არ მოგვიცვას? (იხილეთ აბზაცები 13—15)

13. როგორ შეუძლიათ უხუცესებს, მიჰბაძონ პავლეს?

13 სთხოვეთ სხვებს დახმარება. პავლეს მსგავსად ბევრ მზრუნველ უხუცესს გასაჭირში მყოფი და-ძმების მდგომარეობა საფიქრალს უჩენს. თუმცა ცხადია, ერთი უხუცესი ვერ შეძლებს მთელი კრების დახმარებას. მას მოკრძალება დაეხმარება, რომ პასუხისმგებლობები სხვა ერთგულ ძმებს გაუნაწილოს და მოამზადოს ახალგაზრდა ძმები, რათა მასთან ერთად იზრუნონ ღვთის სამწყსოზე (2 ტიმ. 2:2).

14. რაზე არ ღელავდა პავლე და რას ვსწავლობთ მისი მაგალითიდან?

14 ნუ იფიქრებთ, რომ ნუგეში არ გჭირდებათ. პავლე თავმდაბალი იყო და აცნობიერებდა, რომ მეგობრებისგან გამხნევებას თავადაც საჭიროებდა. პავლეს დიდად არ აღელვებდა ის ფაქტი, რომ, თუ მეგობრებისგან ნუგეშს მიიღებდა, სხვებს შეიძლებოდა სუსტ ადამიანად ჩაეთვალათ. მან ფილიმონს მისწერა: „დიდი სიხარული და ნუგეში ვპოვე შენი სიყვარულის გამო“ (ფლმ. 7). პავლემ სხვა ქრისტიანებიც მოიხსენია, რომლებმაც გასაჭირის დროს დიდად ანუგეშეს (კოლ. 4:7—11). თუ თავმდაბლად ვაღიარებთ, რომ გამხნევება გვჭირდება, და-ძმები სიხარულით ამოგვიდგებიან მხარში.

15. რამ ანუგეშა პავლე მძიმე წუთებში?

15 მიმართეთ ღვთის სიტყვას. პავლემ იცოდა, რომ წმინდა წერილებს მისი ნუგეშისცემა შეეძლო (რომ. 15:4). მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ღვთის სიტყვიდან მიღებული სიბრძნის წყალობით ნებისმიერ განსაცდელს მედგრად დახვდებოდა (2 ტიმ. 3:15, 16). როცა პავლე რომში მეორედ დააპატიმრეს, გრძნობდა, რომ მისი სიკვდილი მოახლოებული იყო. რა გააკეთა პავლემ ასეთ მძიმე წუთებში? მან ტიმოთეს სთხოვა, მალე მისულიყო მასთან და გრაგნილებიც მიეტანა (2 ტიმ. 4:6, 7, 9, 13). რატომ მოითხოვა პავლემ გრაგნილები? როგორც ჩანს, ებრაული წერილების ზოგიერთი მონაკვეთის შესწავლით სურდა, თავი ენუგეშებინა. თუ მივბაძავთ პავლე მოციქულს და რეგულარულად მივმართავთ ღვთის სიტყვას, რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვა შინაგან სიმშვიდეს მოგვცემს.

რას ვსწავლობთ მეფე დავითისგან

როგორც დავითის შემთხვევიდან დავინახეთ, რა დაგვეხმარება, თუ სერიოზული შეცდომა დავუშვით? (იხილეთ აბზაცები 16—19)

16. როგორ გრძნობდა დავითი თავს ჩადენილი დანაშაულის შემდეგ?

16 დავითს ჩადენილი საქციელის გამო სინდისი ქენჯნიდა. მან ბათ-შებასთან იმრუშა, მისი ქმრის მკვლელობა დაგეგმა და დანაშაულის დაფარვას შეეცადა (2 სამ. 12:9). თავიდან ის უგულებელყოფდა სინდისის ხმას, რის გამოც იეჰოვასთანაც გაიფუჭა ურთიერთობა და საკუთარ თავსაც დიდი ფიზიკური და ემოციური ტკივილი მიაყენა (ფსალმ. 32:3, 4). რა დაეხმარა დავითს ასეთ რთულ სიტუაციაში და ჩვენ რა დაგვეხმარება, თუ სერიოზული შეცდომა დავუშვით?

17. როგორ გამოჩნდა ფსალმუნის 51:1—4-დან, რომ დავითმა გულწრფელად მოინანია?

17 სთხოვეთ იეჰოვას პატიება. დავითმა იეჰოვას წინაშე აღიარა დანაშაული, მოინანია და გულწრფელად ითხოვა პატიება (წაიკითხეთ ფსალმუნის 51:1—4). ეს დაეხმარა დავითს, დიდი შვება ეგრძნო და სიხარული დაებრუნებინა (ფსალმ. 32:1, 2, 4, 5). თუ სერიოზული ცოდვა ჩაიდინეთ, ნუ ეცდებით მის დაფარვას. გულწრფელად აღიარეთ დანაშაული იეჰოვას წინაშე. შედეგად, შინაგან სიმშვიდეს იგრძნობთ და ჩადენილი საქციელის გამო სინდისი აღარ შეგაწუხებთ. თუმცა იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა რომ აღადგინოთ, ლოცვაზე მეტია საჭირო.

18. როგორ გამოეხმაურა დავითი იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს?

18 ნუ უგულებელყოფთ თქვენ მიმართ გატარებულ აღმზრდელობით ზომებს. როცა იეჰოვამ წინასწარმეტყველი ნათანის მეშვეობით ცოდვაში ამხილა, დავითს არც თავის მართლება დაუწყია და არც ჩადენილი ცოდვის გაუბრალოება უცდია. მან აღიარა, რომ უპირველესად იეჰოვას შესცოდა და ბათ-შებას ქმრის წინაშეც დამნაშავე იყო. დავითმა არ უგულებელყო მის მიმართ გატარებული აღმზრდელობითი ზომები და იეჰოვამაც აპატია (2 სამ. 12:10—14). სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში აუცილებელია, დაელაპარაკოთ იეჰოვასგან დანიშნულ მწყემსებს (იაკ. 5:14, 15). ნუ ეცდებით თავის მართლებას. რაც უფრო მალე ითხოვთ უხუცესების დახმარებას და დაემორჩილებით იეჰოვას აღმზრდელობით ზომებს, მით მალე დაიბრუნებთ შინაგან სიმშვიდესა და სიხარულს.

19. რის გაკეთებას უნდა ვეცადოთ?

19 ყველანაირად ეცადეთ, დაშვებული შეცდომა არ გაიმეოროთ. მეფე დავითს კარგად ესმოდა, რომ მსგავს შეცდომებს იმ შემთხვევაში აირიდებდა თავიდან, თუ იეჰოვას სთხოვდა დახმარებას (ფსალმ. 51:7, 10, 12). მას შემდეგ, რაც იეჰოვამ აპატია, დავითი ცდილობდა, არასწორი ფიქრებისთვის გასაქანი არ მიეცა. შედეგად, მან კვლავ იგრძნო შინაგანი სიმშვიდე.

20. როგორ შეგიძლიათ გამოხატოთ მადლიერება იეჰოვას მიმტევებლობისთვის?

20 როგორ შეგიძლიათ გამოხატოთ მადლიერება იეჰოვას მიმართ, რომელიც მიმტევებელი ღმერთია? მნიშვნელოვანია, ლოცვაში პატიება ითხოვოთ, დაემორჩილოთ მის აღმზრდელობით ზომებს და ყველანაირად ეცადოთ, აღარ გაიმეოროთ დაშვებული შეცდომა. თუ ასე მოიქცევით, კვლავ იგრძნობთ შინაგან სიმშვიდეს. ჯეიმსი, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, თავად დარწმუნდა ზემოთქმული სიტყვების ჭეშმარიტებაში. ის ამბობს: „როცა უხუცესების წინაშე ცოდვა ვაღიარე, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი ჩამომხსნეს. ნელ-ნელა დავიბრუნე შინაგანი სიმშვიდე“. გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმ. 34:18).

21. როგორ შეუძლია იეჰოვას სიმშვიდე მოგვგვაროს?

21 რაც დროს გადის და ვუახლოვდებით ქვეყნიერების აღსასრულს, პრობლემებიც მატულობს და სადარდებელიც გვემატება. თუ მშფოთვარე ფიქრები მოგეძალებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ იეჰოვას დახმარებისთვის. გულმოდგინედ შეისწავლეთ ბიბლია. ისწავლეთ ხანას, პავლესა და დავითის მაგალითებიდან. სთხოვეთ ზეციერ მამას, დაგანახვოთ თქვენი წუხილის მიზეზი (ფსალმ. 139:23). მიეცით იეჰოვას საშუალება, შეგეხიდოთ ტვირთის ტარებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს ვეღარ აღწევთ საწუხარს. თუ ასე მოიქცევით, თქვენც გაიზიარებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმ. 94:19).

სიმღერა 4 „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“

^ აბზ. 5 პრობლემების გამო დროდადრო შეიძლება საწუხარმა მოგვიცვას. ამ სტატიაში ვისაუბრებთ ბიბლიურ დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მაგალითებზე, რომლებსაც დარდი და საწუხარი მოსვენებას არ აძლევდა. აგრეთვე განვიხილავთ, როგორ ანუგეშა და დაამშვიდა იეჰოვამ თითოეული მათგანი.

^ აბზ. 1 განმარტება: წუხილი არის რაღაცის ან ვიღაცის გამო ნერვიულობა, დარდი. ზოგჯერ ბიბლია ამ გრძნობას „მშფოთვარე ფიქრებს“ უწოდებს. წუხილის მიზეზი შეიძლება იყოს ფინანსური მდგომარეობა, გაუარესებული ჯანმრთელობა ან ოჯახური თუ პირადი პრობლემები. შეიძლება წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო ვწუხდეთ ან ვნერვიულობდეთ იმაზე, თუ რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ მომავალში.