არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 17

„მეგობრები გიწოდეთ“

„მეგობრები გიწოდეთ“

„მეგობრები გიწოდეთ, რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“ (იოან. 15:15).

სიმღერა 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია

მოკლე შინაარსი *

1. რა უნდა გააკეთოთ, თუ ვინმესთან დამეგობრება გსურთ?

ვინმესთან დამეგობრება თუ გსურთ, მნიშვნელოვანია, მასთან ურთიერთობისთვის დრო გამოყოთ. სხვადასხვა თემაზე საუბარი და აზრებისა თუ გრძნობების გაზიარება ერთმანეთთან უფრო დაგაახლოებთ. მაგრამ რისი თქმა შეგვიძლია იესოსთან დამეგობრებაზე? მასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში შესაძლოა არაერთმა ფაქტორმა შეგვიშალოს ხელი. რა შეიძლება იყოს ეს?

2. რა არის პირველი ფაქტორი, რომელიც იესოსთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში გვიშლის ხელს?

2 პირველი ხელისშემშლელი ფაქტორი ის არის, რომ იესო არასოდეს გვინახავს. მოციქულების დროს მცხოვრებ ბევრ ქრისტიანსაც არ უნახავს იესო. მიუხედავად ამისა, მოციქულმა პეტრემ დაწერა: „თუმცა არასოდეს გინახავთ იგი, მაინც გიყვართ. ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ“ (1 პეტ. 1:8). აქედან გამომდინარე, იესოსთან ახლო ურთიერთობის განვითარება იმ შემთხვევაშიც შესაძლებელია, თუ ის არასოდეს გვინახავს.

3. რა არის მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი?

3 მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ იესოსთან საუბრის შესაძლებლობა არ გვაქვს. ლოცვის დროს ყოველთვის იეჰოვას ველაპარაკებით. მართალია, იესოს სახელით ვლოცულობთ, მაგრამ პირადად მას არ ვესაუბრებით. ცხადია, არც იესოს სურს, რომ მას მივმართოთ ლოცვით, რადგან ლოცვა თაყვანისმცემლობის ნაწილია, თაყვანისცემას კი მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს (მათ. 4:10). მიუხედავად იმისა, რომ იესოსთან საუბრის შესაძლებლობა არა გვაქვს, მაინც შეგვიძლია მისადმი სიყვარული გამოვხატოთ.

4. რა არის მესამე ხელისშემშლელი ფაქტორი და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 მესამე ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ იესო ზეცაშია და პირდაპირი გაგებით მის გვერდით ვერ ვიქნებით. თუმცა მაინც შეგვიძლია მის შესახებ ბევრი რამ გავიგოთ. განვიხილოთ ოთხი მხარე, რომელიც იესოსთან მეგობრობის განმტკიცებაში დაგვეხმარება. თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, რატომ არის მნიშვნელოვანი იესოსთან ახლო ურთიერთობის განვითარება.

რატომ უნდა ვიყოთ იესოს მეგობრები

5. რატომ უნდა ვიყოთ იესოს მეგობრები? (იხილეთ ჩარჩოები  „იესოსთან მეგობრობა იეჰოვასთან გვაახლოებს“ და  „გაწონასწორებული შეხედულება იესოზე“).

5 იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა რომ გვქონდეს, აუცილებელია, იესოს მეგობრები ვიყოთ. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? დავფიქრდეთ ორ მიზეზზე. პირველი, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მამას უყვარხართ, რადგან მე შემიყვარეთ“ (იოან. 16:27). მან აგრეთვე თქვა: „მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოან. 14:6). როგორც შენობაში შესასვლელად არის კარის გაღება საჭირო, ისე იეჰოვასთან მეგობრობისთვის არის აუცილებელი იესოსთან ახლო ურთიერთობის განვითარება. იესომაც მსგავსი შედარება მოიყვანა, როცა საკუთარ თავზე თქვა: „მე კარი ვარ ცხვრისთვის“ (იოან. 10:7). მეორე მიზეზი ის არის, რომ იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს. მან მოწაფეებს უთხრა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:9). ასე რომ, იეჰოვას უკეთ გასაცნობად მნიშვნელოვანია, მეტი გავიგოთ იესოს ცხოვრებაზე. რაც მეტი გვეცოდინება მის შესახებ, მით უფრო გაგვიძლიერდება მისადმი სიყვარული. თავის მხრივ, იესოსთან დაახლოება ზეციერი მამისადმი სიყვარულს გაგვიღრმავებს.

6. კიდევ რა მიზეზი გვაქვს, რომ იესოს მეგობრები ვიყოთ? ახსენით.

6 იეჰოვამ ჩვენს ლოცვებს რომ უპასუხოს, აუცილებელია, იესოსთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს. ამაში გაცილებით მეტი იგულისხმება, ვიდრე ლოცვის დროს იმის თქმა, რომ „იესოს სახელით“ მივმართავთ ღმერთს. უნდა გვესმოდეს, როგორ გვპასუხობს იეჰოვა ლოცვებზე და რა როლი აკისრია ამაში იესოს. მან მოციქულებს უთხრა: „რაც არ უნდა ითხოვოთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“ (იოან. 14:13). მართალია, მხოლოდ იეჰოვა ისმენს და პასუხობს ჩვენს ლოცვებს, მაგრამ მან იესოს მისცა ძალაუფლება, რომ თავისი გადაწყვეტილებები სისრულეში მოიყვანოს (მათ. 28:18). სანამ იეჰოვა სათხოვარს შეგვისრულებს, ის გვაკვირდება, რამდენად ვითვალისწინებთ ქრისტეს რჩევას. მაგალითად, იესომ თქვა: „თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა, ხოლო თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა“ (მათ. 6:14, 15). როგორც დავინახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე ვეპყრობოდეთ სხვებს, როგორც იეჰოვა და იესო გვეპყრობიან!

7. ვის კეთილდღეობას მოემსახურება იესოს გამოსასყიდი?

7 იესოს გამოსასყიდი მხოლოდ მათ კეთილდღეობას მოემსახურება, ვისაც მასთან ახლო ურთიერთობა აქვს. რატომ ვამბობთ ამას? იესომ თქვა, რომ მეგობრებისთვის თავის სულს გასწირავდა (იოან. 15:13). მარადიული სიცოცხლის მისაღებად ქრისტემდე მცხოვრებმა ღვთის ერთგულმა მსახურებმაც უნდა მიიღონ ცოდნა იესოს შესახებ და შეიყვარონ ის. მაგალითად, იეჰოვას ისეთმა ერთგულმა მსახურებმაც კი, როგორებიც იყვნენ აბრაამი, სარა, მოსე და რახაბი, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოსთან ახლო ურთიერთობა უნდა განავითარონ (იოან. 17:3; საქ. 24:15; ებრ. 11:8—12, 24—26, 31).

8, 9. იოანეს 15:4, 5-ის თანახმად, რის შესაძლებლობას გვაძლევს იესოსთან ერთობაში დარჩენა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

8 დიდ სიხარულს გვანიჭებს იესოს მხარდამხარ შრომა — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება. დედამიწაზე ყოფნისას იესო თავად ასწავლიდა ადამიანებს, ზეცაში დაბრუნების შემდეგ კი ის კრების თავი გახდა და ქადაგებისა და სწავლების საქმეს ხელმძღვანელობს. იესო ხედავს და აფასებს, როცა მაქსიმალურად ვცდილობთ, სხვებს იეჰოვასა და მის გაცნობაში დავეხმაროთ. თუმცა ფაქტია, ამ საქმის შესრულება მხოლოდ იეჰოვასა და მისი ძის დახმარებით შეგვიძლია (წაიკითხეთ იოანეს 15:4, 5).

9 როგორც ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, იეჰოვას რომ ვასიამოვნოთ, აუცილებელია, გვიყვარდეს იესო. განვიხილოთ ოთხი მხარე, რითაც ცხადვყოფთ, რომ იესოს მეგობრები ვართ.

როგორ განვამტკიცოთ იესოსთან მეგობრობა

იესოს უფრო დაუახლოვდებით, თუ 1) უკეთ გაიცნობთ მას, 2) მიჰბაძავთ მას აზროვნებასა და საქციელში, 3) მხარს დაუჭერთ ქრისტეს ძმებსა და 4) კრებაში მიღებულ გადაწყვეტილებებს (იხილეთ აბზაცები 10—14) *

10. რომელია იესოსთან დასაახლოებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი?

10 პირველი, უკეთ გაიცანით იესო. ამაში მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების წაკითხვა დაგეხმარებათ. ამ ბიბლიურ მონაკვეთებზე ფიქრი იესოსადმი სიყვარულსა და პატივისცემას გვიღრმავებს, რადგან ვხედავთ, როგორ ეპყრობოდა ის ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი იყო, მოწაფეებს მონებივით არ ეპყრობოდა. პირიქით, ის თავის ფიქრებსა და გრძნობებს უზიარებდა მათ (იოან. 15:15). იესოს გულთან ახლოს მიჰქონდა მათი ტკივილი და ტიროდა კიდეც მათთან ერთად (იოან. 11:32—36). მისი მოწინააღმდეგეებიც კი ხედავდნენ, რომ ის მეგობრობდა ყველასთან, ვინც დადებითად ეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას (მათ. 11:19). თუ სხვებს ისე მოვეპყრობით, როგორც იესო ეპყრობოდა მოწაფეებს, მათთან უფრო კარგი ურთიერთობა გვექნება, კმაყოფილებასა და სიხარულს ვიგრძნობთ და ქრისტეს მიმართ მადლიერების გრძნობაც გაგვიღრმავდება.

11. რომელია იესოსთან დასაახლოებლად გადადგმული მეორე ნაბიჯი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

11 მეორე, მიჰბაძეთ იესოს აზროვნებასა და საქციელში. რაც უფრო უკეთ გავიცნობთ იესოს და ავირეკლავთ მის აზროვნებას, მით უფრო განვამტკიცებთ მასთან მეგობრობას (1 კორ. 2:16). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს? მას საკუთარ თავზე მეტად სხვების კეთილდღეობა აფიქრებდა (მათ. 20:28; რომ. 15:1—3). ასეთი დამოკიდებულება აღძრავდა მას, თავგანწირვის სული გამოევლინა და ეპატიებინა სხვებისთვის. იესო ადვილად არ ღიზიანდებოდა, როცა ხალხი მასზე უარყოფითად საუბრობდა (იოან. 1:46, 47). გარდა ამისა, წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო ის ხაზს არ უსვამდა ადამიანებს (1 ტიმ. 1:12—14). მან თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). დავფიქრდეთ: ვბაძავთ იესოს და ყველაფერს ვაკეთებთ და-ძმებთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად?

12. რომელია იესოსთან დასაახლოებლად გადადგმული მესამე ნაბიჯი და როგორ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადგმა?

12 მესამე, მხარი დაუჭირეთ ქრისტეს ძმებს. იესო მიიჩნევს, რომ ცხებული ძმების მხარდაჭერა მისი მხარდაჭერაა (მათ. 25:34—40). ცხებულებს უმთავრესად იმით ვუჭერთ მხარს, რომ აქტიურად ვმონაწილეობთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში, რომლის შესრულებაც იესომ დაგვავალა (მათ. 28:19, 20; საქ. 10:42). დღეს მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს ქრისტეს ძმები „სხვა ცხვრის“ დახმარებით ახორციელებენ (იოან. 10:16). თუ „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნებით, სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობით მხოლოდ ცხებულებს კი არა, თავად იესოსაც დაუმტკიცებთ სიყვარულს.

13. როგორ შეგვიძლია ლუკას 16:9-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება?

13 იეჰოვასა და იესოს მაშინაც ვუახლოვდებით, როცა შესაწირავებით მხარს ვუჭერთ საქმეს, რომელსაც ისინი ხელმძღვანელობენ (წაიკითხეთ ლუკას 16:9). მაგალითად, შეგვიძლია შესაწირავი გავიღოთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის. ჩვენ მიერ გაღებული თანხა შეიძლება მოხმარდეს დაშორებულ ტერიტორიაზე ქადაგებას, თეოკრატიული შენობების აშენებას, მათ მოვლა-პატრონობასა და სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას. აგრეთვე შეგვიძლია შესაწირავი გავიღოთ კრების საჭიროებისთვის ან გაჭირვებულ და-ძმებს დავეხმაროთ (იგავ. 19:17). ამ ყველაფრით ვაჩვენებთ, რომ ქრისტეს ძმებს ვუჭერთ მხარს.

14. ეფესოელების 4:15, 16-ის თანახმად, რომელია იესოსთან დასაახლოებლად გადადგმული მეოთხე ნაბიჯი?

14 მეოთხე, მხარი დაუჭირეთ ორგანიზაციაში მიღებულ გადაწყვეტილებებს. კრების თავს, იესოს უფრო ვუახლოვდებით, როცა ვთანამშრომლობთ ძმებთან, რომლებსაც ჩვენზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აკისრიათ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:15, 16). მაგალითად, ბოლო დროს გადაწყდა, რომ სამეფო დარბაზები სრული დატვირთვით გამოგვეყენებინა. ეს რომ შესაძლებელი გამხდარიყო, ზოგი კრება გაერთიანდა და მათი სამქადაგებლო ტერიტორიების საზღვრებიც შეიცვალა. შედეგად, შეწირული თანხები მნიშვნელოვნად დაიზოგა. ამ სიახლეების გამო ზოგიერთ მაუწყებელს ცვლილებებთან შეგუება მოუწია. ეს ერთგული ქრისტიანები შესაძლოა წლების განმავლობაში ერთ კრებაში მსახურობდნენ და და-ძმებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ახლა კი მათ სხვა კრებაში მოუწიათ მსახურების გაგრძელება. ეჭვგარეშეა, იესოს ახარებს იმის დანახვა, რომ ამ ერთგულმა მსახურებმა მხარი დაუჭირეს ორგანიზაციის გადაწყვეტილებას.

იესოსთან მეგობრობა მარადიულად გასტანს

15. როგორ შეგვეძლება მომავალში იესოსთან მეგობრობის განმტკიცება?

15 წმინდა სულით ცხებულ ქრისტიანებს იმედი აქვთ, რომ მარადიულად იესოსთან იქნებიან და ღვთის სამეფოში მასთან ერთად იმმართველებენ. ისინი იხილავენ იესოს, შესაძლებლობა ექნებათ, ესაუბრონ მას და მის გვერდით იყვნენ (იოან. 14:2, 3). იესოს სიყვარულსა და მზრუნველობას საკუთარ თავზე გამოსცდის ყველა, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს. მართალია, ისინი ვერ დაინახავენ იესოს, მაგრამ მასთან მეგობრობის განმტკიცების საშუალება ექნებათ. ამასთანავე, დატკბებიან მარადიული სიცოცხლით, რისი შესაძლებლობაც მათ იეჰოვამ და იესომ მისცეს (ეს. 9:6, 7).

16. რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის იესოსთან მეგობრობას?

16 უამრავ კურთხევას ვიღებთ, როცა ვეხმაურებით იესოს მოწვევას და ვუმეგობრდებით მას. მაგალითად, ჩვენ დღესვე ვგრძნობთ მის სიყვარულსა და მხარდაჭერას და გვაქვს მარადიულად ცხოვრების იმედი. რაც ყველაზე მთავარია, იესოსთან მეგობრობით ზეციერ მამას, იეჰოვასაც ვუახლოვდებით, რასაც ნამდვილად ვერაფერი შეედრება. რა დიდი პატივია, რომ შეგვიძლია იესოს მეგობრებად ვიწოდებოდეთ!

სიმღერა 17 მსურს

^ აბზ. 5 იესო რამდენიმე წლის მანძილზე მოციქულების გვერდით იყო. იმ დროის განმავლობაში მოციქულები მხარდამხარ შრომობდნენ იესოსთან და ხშირად ესაუბრებოდნენ მას, რამაც მათი მეგობრობა უფრო განამტკიცა. იესოს ჩვენთანაც სურს დამეგობრება. თუმცა მოციქულებისგან განსხვავებით მასთან მეგობრობა ჩვენთვის შეიძლება ადვილი არ იყოს. ამ სტატიიდან გავიგებთ, რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი იესოსთან მეგობრობაში. აგრეთვე განვიხილავთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც მასთან ახლო ურთიერთობის განვითარებასა და შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

^ აბზ. 55 სურათის აღწერა: 1) ოჯახური თაყვანისცემის დროს შეგვიძლია მეტი გავიგოთ იესოს ცხოვრებასა და მსახურებაზე; 2) ხელი შევუწყოთ კრებაში და-ძმებთან მშვიდობიან ურთიერთობას; 3) მხარი დავუჭიროთ ქრისტეს ძმებს სამქადაგებლო საქმეში სრული მონაწილეობით და 4) მზადყოფნით დავემორჩილოთ უხუცესების გადაწყვეტილებას, როცა საქმე კრებების გაერთიანებას ეხება.