არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავშეკავება — იეჰოვასთვის ერთობ სასურველი თვისება

თავშეკავება — იეჰოვასთვის ერთობ სასურველი თვისება

„ერთხელ, როცა ჩემმა ბიძაშვილმა ჩხუბი დამიწყო, გაბრაზებული ყელში ვწვდი და ვახრჩობდი. მინდოდა, მომეკლა“ (პოლი).

„პატარა რაღაცასაც კი ადვილად გამოვყავდი წყობილებიდან; რაც კი ხელში მომხვდებოდა, ყველაფერს ვლეწავდი“ (მარკო).

შეიძლება ასეთ თავშეუკავებლობას არ ვავლენთ, მაგრამ დროდადრო ყველას გვიჭირს თავის მოთოკვა. დიდწილად ეს ცოდვილი მიდრეკილებების ბრალია, რომლებიც ადამისგან მემკვიდრეობით გადმოგვეცა (რომ. 5:12). პოლისა და მარკოს მსგავსად ზოგს ფიცხი ხასიათი აქვს და უჭირს თავის ხელში აყვანა; ზოგს კი საკუთარი ფიქრების გაკონტროლება ეძნელება. ასეთი ადამიანები სულ ცუდის მოლოდინში და უარყოფითი ფიქრების ტყვეობაში არიან; ზოგიც გამუდმებით ებრძვის საკუთარ თავს, უზნეობა რომ არ ჩაიდინოს ან არ დაჰყვეს ისეთ მავნე ჩვევებს, როგორიცაა გადამეტებული სმა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება.

თუ არ გავაკონტროლებთ ჩვენს ფიქრებს, სურვილებსა თუ საქციელს, საკუთარი ხელით დავინგრევთ ცხოვრებას. რის გაკეთება გვმართებს სავალალო შედეგების თავიდან ასარიდებლად? ამისთვის თავშეკავების გამომუშავებაა საჭირო. მოდი ვიმსჯელოთ სამ კითხვაზე: 1) რა არის თავშეკავება? 2) რატომაა აუცილებელი თავშეკავების გამომუშავება? და 3) როგორ განვივითაროთ „სულის ნაყოფის“ ეს თვისება? (გალ. 5:22, 23). დასასრულს კი ვისაუბროთ, რა უნდა გავაკეთოთ, თუ გვიჭირს თავშეკავების გამოვლენა. ამ კითხვებზე პასუხების ცოდნა თავშეკავების განვითარებას გაგვიადვილებს.

რა არის თავშეკავება?

თავშეკავებული ადამიანი იმპულსურად არ იქცევა. მეტიც, ის თავს იკავებს ისეთი რამის თქმისგან ან გაკეთებისგან, რაც ღვთისთვის მიუღებელია.

იესომ საკუთარი მაგალითით დაგვანახვა, რას ნიშნავს, იყო თავშეკავებული

იესომ საკუთარი მაგალითით დაგვანახვა, რას ნიშნავს, იყო თავშეკავებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტ. 2:23). იესო თავშეკავებას ავლენდა, როცა წამების ბოძზე გაკრულს აბუჩად იგდებდნენ (მათ. 27:39—44). მან მაშინაც დიდი თავშეკავება გამოავლინა, როცა რელიგიური წინამძღოლები მის სიტყვაში გამოჭერას ცდილობდნენ (მათ. 22:15—22). საგულისხმოა ისიც, რომ, როცა გახელებულმა ბრბომ ქვების დაშენა დაუპირა, იესო „ტაძრიდან გავიდა“ ანუ გაერიდა იქაურობას (იოან. 8:57—59). თავშეკავების მართლაც რა უბადლო მაგალითია!

ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ იესოს. პეტრე მოციქულმა დაწერა: „ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21). მართალია, ბევრ შეცდომას ვუშვებთ, მაგრამ, როცა ყველანაირად ვცდილობთ თავშეკავების გამოვლენას, ერთგულად მივყვებით იესოს მაგალითს. რატომ არის ამის გაკეთება აუცილებელი?

რატომაა აუცილებელი თავშეკავების გამომუშავება?

იეჰოვას კეთილგანწყობა რომ მოვიპოვოთ, თავშეკავება უნდა გამოვიმუშაოთ. მაშინაც კი, თუ არაერთი წელია ერთგულად ვემსახურებით იეჰოვას, შეიძლება ურთიერთობა გაგვიფუჭდეს მასთან, თუ საკუთარ სიტყვებსა და საქციელს არ გავაკონტროლებთ.

დავფიქრდეთ მოსეს მაგალითზე, რომელიც თავის თანამედროვეთა შორის „უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“ (რიცხ. 12:3). ათობით წლის მანძილზე მოსე მოთმინებით იტანდა ისრაელთა დრტვინვას, მაგრამ ერთ დღესაც წყობილებიდან გამოვიდა. როცა ისრაელებმა წყლის გამო კიდევ ერთხელ შესჩივლეს მოსეს, მან თავი ვერ შეიკავა, რისხვა გადმოანთხია და ხალხს უხეშად მიმართა: „მომისმინეთ, ურჩებო! გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი?“ (რიცხ. 20:2—11).

მოსემ ვერ გამოავლინა თავშეკავება და არ განადიდა იეჰოვა, რომელმაც სასწაულებრივად მისცა ხალხს წყალი (ფსალმ. 106:32, 33). ამ შეცდომის გამო იეჰოვამ არ დართო მას აღთქმულ მიწაზე შესვლის ნება (რიცხ. 20:12). მოსე, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ნანობდა თავის საქციელს (კან. 3:23—27).

რას ვსწავლობთ აქედან? რამდენი წელიც არ უნდა გვქონდეს ღვთის მსახურებაში გატარებული, ეს არ გვაძლევს უფლებას, უპატივცემულოდ მივმართოთ მათ, ვინც გვაღიზიანებს ან რჩევას საჭიროებს (ეფეს. 4:32; კოლ. 3:12). ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობა გვიუარესდება, ამიტომ დროდადრო შეიძლება გაგვიჭირდეს მოთმინების გამოვლენა. კარგი იქნება, თუ ყოველთვის გვემახსოვრება მოსეს შემთხვევა. ჩვენ არ გვინდა, წლების მანძილზე ერთგული მსახურებით მოპოვებული კარგი სახელი თავშეუკავებლობამ დაგვაკარგვინოს. მაშ, რა დაგვეხმარება თავშეკავების განვითარებაში?

როგორ განვივითაროთ თავშეკავება?

ილოცეთ წმინდა სულისთვის. რატომ გვჭირდება წმინდა სული? თავშეკავება ღვთის წმინდა სულის ნაყოფია; ღმერთი ყველას აძლევს წმინდა სულს, ვინც სთხოვს (ლუკ. 11:13). იგი თავისი სულით არა მხოლოდ თავშეკავების, არამედ სულის ნაყოფის სხვა თვისებების განვითარებაშიც გვეხმარება, მათ შორის სიყვარულის, რომელიც გვიადვილებს თავშეკავების გამოვლენას (ფილ. 4:13; 1 კორ. 13:5).

ერიდეთ ყველაფერს, რაც ხელს გიშლით თავშეკავების გამოვლენაში

ერიდეთ ყველაფერს, რაც ხელს გიშლით თავშეკავების გამოვლენაში. მაგალითად, ნუ შეხვალთ ისეთ ვებგვერდებზე ან ნუ აირჩევთ ისეთი გართობის სახეობებს, რაც ქრისტიანისთვის შეუფერებელია (ეფეს. 5:3, 4). მოერიდეთ ყველაფერს, რაც არასწორი საქციელისკენ გიბიძგებთ (იგავ. 22:3; 1 კორ. 6:12). ვინც ადვილად ჰყვება უმართებულო სექსუალურ სურვილებს, კარგი იქნება, თუ საერთოდ უარს იტყვის რომანტიკული შინაარსის წიგნების კითხვასა და ფილმების ყურებაზე.

შეიძლება რთული იყოს ამ რჩევის გათვალისწინება. მაგრამ, თუ ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვიღონებთ, იეჰოვა თავშეკავების გამოვლენის ძალას მოგვცემს (2 პეტ. 1:5—8). ის დაგვეხმარება, გავაკონტროლოთ ფიქრები, საუბარი თუ საქციელი. მაგალითად, ზემოთ მოხსენიებულმა პოლმა და მარკომ ისწავლეს საკუთარი თავის მოთოკვა. ერთი ძმა, რომელიც მანქანის მართვისას ხშირად გამოდიოდა მდგომარეობიდან და სხვა მძღოლებს ეკამათებოდა, აღნიშნავს: „ყოველდღე მხურვალედ ვლოცულობდი. ვიკვლევდი სტატიებს თავშეკავებაზე და ვიზეპირებდი ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც თავშეკავების გამომუშავებაში დამეხმარებოდა. უკვე წლებია ამ თვისებაზე ვმუშაობ, მაგრამ ყოველდღე განვაწყობ თავს, რომ სიმშვიდე არ დავკარგო. მაგალითად, როცა სადმე ვარ წასასვლელი, ვცდილობ, ადრე გავიდე სახლიდან“.

როცა ვერ ვავლენთ თავშეკავებას

ზოგჯერ გვიჭირს ემოციების მართვა. ასეთ დროს შეიძლება თავი იმდენად ცუდად ვიგრძნოთ, რომ იეჰოვასთან საუბარიც კი მოგვერიდოს. მაგრამ ყველაზე მეტად ამ დროს გვჭირდება მისი დახმარება. დაუყოვნებლივ მიმართეთ მას, სთხოვეთ პატიება, ეძებეთ მისი ხელმძღვანელობა და მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ აღარ გაიმეორებთ იგივე შეცდომას (ფსალმ. 51:9—11). იეჰოვა აუცილებლად შეისმენს მთელი გულით წარმოთქმულ თქვენს ლოცვას (ფსალმ. 102:17). იოანე მოციქული შეგვახსენებს, რომ ღვთის ძის სისხლი „გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“ (1 იოან. 1:7; 2:1; ფსალმ. 86:5). იეჰოვა თითოეული ჩვენგანისგან მოელის, რომ ყოველთვის ვაპატიებთ ერთმანეთს, ამიტომ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ თავადაც ასე მოგვექცევა (მათ. 18:21, 22; კოლ. 3:13).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავშეუკავებლობის გამო იეჰოვა განურისხდა მოსეს და არ მისცა აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება, თუმცა დიდსულოვნად აპატია. მეტიც, მან თავის სიტყვაში მოსე ძლიერი რწმენის მქონე კაცად მოიხსენია, რომელსაც უნდა მივბაძოთ (კან. 34:10; ებრ. 11:24—28). მართალია, მოსე ვერ შევიდა აღთქმულ მიწაზე, მაგრამ მას გზა ხსნილი აქვს სამოთხეში, სადაც უსასრულოდ იცხოვრებს. თუ ყველანაირად ვეცდებით იეჰოვასთვის ერთობ სასურველი თვისების, თავშეკავების განვითარებას, ჩვენც დავიმკვიდრებთ ახალ ქვეყნიერებას (1 კორ. 9:25).