არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მხოლოდ გალატელების 5:22, 23-ში მოხსენიებულ თვისებებს მოიცავს „სულის ნაყოფი“?

ამ მუხლებში მოხსენიებულია ცხრა თვისება: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“. თუმცა არსებობს სხვა კარგი თვისებებიც, რომელთა განვითარებაშიც ღვთის წმინდა სული გვეხმარება.

რის საფუძველზე ვამბობთ ამას? სანამ მოციქული პავლე „სულის ნაყოფის“ შემადგენელ თვისებებს ჩამოთვლიდა, მან დაწერა: „ხორცის საქმეებია . . . სიძვა, უწმინდურება, თავაშვებულობა, კერპთაყვანისმცემლობა, სპირიტიზმი, მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, შური, გადამეტებული სმა, ღრეობა და მსგავსი საქმეები“ (გალ. 5:19—21). ამიტომ შეეძლო პავლეს კოლოსელების 3:5-ში მოხსენიებული საქმეებიც „ხორცის საქმეებისთვის“ მიეკუთვნებინა. მსგავსადვე, როცა პავლემ სულის ნაყოფში შემავალი ცხრა თვისება ჩამოთვალა, დასძინა: „არანაირი კანონი არ არსებობს ამათ წინააღმდეგ“. ბერძნულიდან ეს ფრაზა შეიძლება ასეც ითარგმნოს: „არანაირი კანონი არ არსებობს ასეთი თვისებების წინააღმდეგ“. ასე რომ, პავლეს არც ყველა ის კარგი თვისება ჩამოუთვლია, რომელთა განვითარებაც წმინდა სულის დახმარებით შეგვიძლია.

ამავე დასკვნამდე მივალთ, თუ „სულის ნაყოფის“ შემადგენელ თვისებებს „სინათლის ნაყოფში“ შემავალ თვისებებს შევადარებთ. პავლე მოციქულმა ეფესოს კრებას მისწერა: „სინათლის ნაყოფია ყოველივე კარგი, სიმართლე და ჭეშმარიტება“ (ეფეს. 5:8, 9). როგორც ვხედავთ, ყოველივე კარგი „სინათლის ნაყოფში“ შედის სიმართლესა და ჭეშმარიტებასთან ერთად და ამავე დროს „სულის ნაყოფის“ ნაწილიცაა.

ამ აზრს ამყარებს პავლე მოციქულის მიერ ტიმოთესთვის მიწერილი სიტყვებიც, რომლებშიც ის ექვს თვისებას მოიხსენიებს: „ისწრაფე სიმართლისკენ, ღვთისადმი ერთგულებისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისკენ, მოთმინებისკენ და რბილი ხასიათის შეძენისკენ“ (1 ტიმ. 6:11). აქ ჩამოთვლილი თვისებებიდან მხოლოდ სამი (რწმენა, სიყვარული და რბილი ხასიათი) მიეკუთვნება „სულის ნაყოფს“. თუმცა ტიმოთეს წმინდა სულის დახმარება ისეთი თვისებების განვითარებაშიც დასჭირდებოდა, როგორიცაა სამართლიანობა, ღვთისადმი ერთგულება და მოთმინება (შეადარეთ კოლოსელების 3:12; 2 პეტრეს 1:5—7).

ასე რომ, გალატელების 5:22, 23-ში ყველა თვისება არ არის ჩამოთვლილი, რომლებიც ქრისტიანებმა უნდა განივითარონ. ღვთის სული გვეხმარება „სულის ნაყოფში“ შემავალი ცხრა თვისების განვითარებაში. თუმცა სხვა თვისებებიც გვჭირდება, რომ ქრისტიანულ მოწიფულობას მივაღწიოთ და შევიმოსოთ ახალი პიროვნებით, „რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:24).