არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 28

დარწმუნდით თქვენი მრწამსის ჭეშმარიტებაში

დარწმუნდით თქვენი მრწამსის ჭეშმარიტებაში

„კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ“ (2 ტიმ. 3:14).

სიმღერა 56 გაითავისეთ ჭეშმარიტება

მოკლე შინაარსი *

1. რას ვგულისხმობთ სიტყვა „ჭეშმარიტებაში“?

„როგორ გაიგე ჭეშმარიტება?“, „ჭეშმარიტებაში გაიზარდე?“, „რამდენი ხანია ჭეშმარიტება იცი?“. მსგავსი კითხვები, ალბათ, თქვენთვისაც დაუსვამთ ან თქვენ გიკითხავთ სხვებისთვის. რას ვგულისხმობთ სიტყვა „ჭეშმარიტებაში“? როგორც წესი, ამ სიტყვაში მოვიაზრებთ ჩვენს მრწამსს, ღვთისადმი თაყვანისმცემლობას და ცხოვრების წესს. ჭეშმარიტებაში ისინი არიან, ვინც იციან ბიბლიური სწავლებები და მათ თანახმად ცხოვრობენ. ამგვარად ისინი გათავისუფლდნენ რელიგიური სიცრუისგან და ბედნიერი ცხოვრება აქვთ, რამდენადაც ეს დღეს არის შესაძლებელი (იოან. 8:32).

2. იოანეს 13:34, 35-ის თანახმად, რამ შეიძლება ადამიანი ჭეშმარიტებისკენ მიიზიდოს?

2 რამ მიგიზიდათ ჭეშმარიტებისკენ? ალბათ, იეჰოვას მოწმეების კარგმა საქციელმა ან მათ მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა (1 პეტ. 2:12). ბევრი, ვინც ქრისტიანულ შეხვედრას პირველად დაესწრო, მოსმენილზე მეტად იქ არსებულმა სიყვარულმა მოხიბლა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან იესოს სიტყვების თანახმად, მის მიმდევრებს სხვებისგან სიყვარული გამოარჩევდათ (წაიკითხეთ იოანეს 13:34, 35). თუმცა რწმენის განსამტკიცებლად მხოლოდ ეს არ კმარა.

3. რატომ არ უნდა ედოს საფუძვლად ჩვენს რწმენას მხოლოდ ღვთის ხალხს შორის არსებული ქრისტიანული სიყვარული?

3 ჩვენს რწმენას მხოლოდ ღვთის ხალხს შორის არსებული ქრისტიანული სიყვარული არ უნდა ედოს საფუძვლად. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ რომ, თუ ჩვენს რწმენას მხოლოდ ამ სიყვარულზე დავაფუძნებთ, ადვილად დავკარგავთ მას. მაგალითად, თუ გავიგებთ, რომ თანაქრისტიანმა, მით უმეტეს, თუ ის უხუცესი ან პიონერია, სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, შეიძლება ჩამოვშორდეთ იეჰოვას. რწმენა იმანაც შეიძლება დაგვინგრიოს, თუ თანაქრისტიანი გულს გვატკენს ან განდგომილი გახდება და იმის მტკიცებას დაიწყებს, რომ შეცდომაში ვართ შეყვანილი. რას ვასკვნით აქედან? თუ ჩვენს რწმენას მხოლოდ სხვების საქციელი უდევს საფუძვლად და არა იეჰოვასთან ჩვენი პირადი ურთიერთობა, ის მყარი ვერ იქნება. თქვენი რწმენის „ასაშენებლად“ მხოლოდ მყიფე მასალა — გრძნობები და ემოციები — კი არ უნდა გამოიყენოთ, არამედ მყარი მასალაც — უტყუარი ფაქტები და ძლიერი ლოგიკა. თავად უნდა დარწმუნდეთ, რომ, რასაც ბიბლია იეჰოვას შესახებ გვასწავლის, ჭეშმარიტებაა (რომ. 12:2).

4. მათეს 13:3—6, 20, 21-დან გამომდინარე, როგორ იმოქმედებდა ზოგზე რწმენის გამოცდა?

4 იესომ თქვა, რომ ზოგი ჭეშმარიტებას სიხარულით მიიღებდა, თუმცა, როგორც კი პრობლემებს შეხვდებოდა, რწმენა შეუსუსტდებოდა (წაიკითხეთ მათეს 13:3—6, 20, 21). შესაძლოა ისინი ვერ აცნობიერებდნენ, რომ იესოს მიმდევრობას თან სდევდა სირთულეები და გასაჭირი (მათ. 16:24). ან შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ქრისტიანული გზა ია-ვარდით იქნებოდა მოფენილი, ანუ მხოლოდ კურთხევებს მიიღებდნენ და არანაირ დაბრკოლებას არ შეხვდებოდნენ. მაგრამ ამ არასრულყოფილ ქვეყნიერებაში სირთულეები ხომ გარდაუვალია. მდგომარეობა იცვლება, რამაც შეიძლება სიხარული დროებით წაგვართვას (ფსალმ. 6:6; ეკლ. 9:11).

5. საიდან ჩანს, რომ ჩვენი და-ძმების უმეტესობა დარწმუნებულია თავისი მრწამსის ჭეშმარიტებაში?

5 ჩვენი და-ძმების უმეტესობა დარწმუნებულია თავისი მრწამსის ჭეშმარიტებაში. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? მათ რწმენას ბზარი არ უჩნდება მაშინაც კი, თუ თანამორწმუნე გულს სტკენს ან ქრისტიანისთვის შეუფერებლად იქცევა (ფსალმ. 119:165). განსაცდელები მათ რწმენას კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს (იაკ. 1:2—4). რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენც გვქონდეს ასეთი ძლიერი რწმენა?

შეიძინეთ „ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა“

6. რაზე იყო პირველი საუკუნის ქრისტიანების რწმენა დაფუძნებული?

6 პირველი საუკუნის ქრისტიანებმა რწმენა წმინდა წერილების ცოდნასა და „სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტებას“ დააფუძნეს, რაც იესო ქრისტეს სწავლებებს მოიცავს (გალ. 2:5). ეს ჭეშმარიტება ყველა ქრისტიანულ სწავლებას აერთიანებს, მათ შორის გამოსასყიდისა და მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლებას. პავლე მოციქული დარწმუნებული იყო ქრისტიანული მრწამსის ჭეშმარიტებაში. საიდან ჩანს ეს? ის ხალხს „წერილებიდან უმტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მკვდრეთით აღმდგარიყო“ (საქ. 17:2, 3). პირველი საუკუნის ქრისტიანებმა ირწმუნეს ეს სწავლებები. მათ სჯეროდათ, რომ ღვთის სიტყვის გაგებაში წმინდა სული დაეხმარებოდათ. გამოკვლევის შედეგად ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს სწავლებები წმინდა წერილებს ეფუძნებოდა (საქ. 17:11, 12; ებრ. 5:14). მათ რწმენას მხოლოდ ემოციები და გრძნობები არ ედო საფუძვლად, არც იეჰოვას ემსახურებოდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ თანამორწმუნეებთან ყოფნა სიამოვნებდათ. მათი რწმენა „ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნას“ ემყარებოდა (კოლ. 1:9, 10).

7. რატომ გვჭირდება ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი მტკიცე რწმენა?

7 ბიბლიური ჭეშმარიტება არასდროს იცვლება (ფსალმ. 119:160). ეს ასეა მაშინაც, როცა ვინმე გულს გვტკენს, სერიოზულ ცოდვას სჩადის ან განსაცდელი გვატყდება თავს. ამიტომაც კარგად უნდა გვესმოდეს ბიბლიური სწავლებები და ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს მათ უტყუარობაში. როგორც ღუზა ეხმარება ხომალდს ძლიერი ქარიშხლის დროს წონასწორობის შენარჩუნებაში, ისე ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული მტკიცე რწმენა დაგვეხმარება განსაცდელების დროს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში. როგორ უნდა დავრწმუნდეთ უფრო მეტად, რომ, რაც გვწამს ჭეშმარიტებაა?

„იმას მიჰყევი . . . რაშიც დარწმუნებულხარ“

8. როგორც 2 ტიმოთეს 3:14, 15-დან ჩანს, რამ დაარწმუნა ტიმოთე თავისი მრწამსის ჭეშმარიტებაში?

8 ტიმოთეს სჯეროდა, რომ, რაც სწამდა ჭეშმარიტება იყო. როგორ დარწმუნდა ის ამაში? (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:14, 15). წმინდა წერილები მას დედამ და ბებიამ შეასწავლეს. თუმცა არც თავად ტიმოთე დაიშურებდა დროსა და ძალისხმევას მათ გამოსაკვლევად. სწორედ ამან დაარწმუნა წმინდა წერილების ჭეშმარიტებაში. მოგვიანებით ტიმოთე, დედამისი და ბებიამისი ქრისტიანები გახდნენ. როგორც ჩანს, ტიმოთე მოხიბლა ქრისტიანთა შორის არსებულმა სიყვარულმა და მათთან ყოფნისა და მათზე ზრუნვის დიდი სურვილი გაუჩნდა (ფილ. 2:19, 20). მიუხედავად ამისა, მისი რწმენა თანაქრისტიანებისადმი თბილ გრძნობებს კი არ ემყარებოდა, არამედ იმ უტყუარ ფაქტებს, რაც მას იეჰოვასთან აახლოებდა. მსგავსად, თქვენც ლოგიკური დასკვნები უნდა გააკეთოთ იმ ყველაფერზე, რასაც იეჰოვას შესახებ ბიბლიიდან იგებთ.

9. რომელ სამ ბიბლიურ სწავლებაში უნდა დავრწმუნდეთ?

9 ჩვენ, სულ მცირე, სამ ბიბლიურ სწავლებაში უნდა დავრწმუნდეთ. პირველი, უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ღმერთი ყოველივეს შემოქმედია (გამ. 3:14, 15; ებრ. 3:4; გამოცხ. 4:11). მეორე, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაიწერა კაცობრიობისთვის (2 ტიმ. 3:16, 17). მესამე, უნდა გვწამდეს, რომ იეჰოვას ჰყავს თაყვანისმცემელთა ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც ქრისტე ხელმძღვანელობს და ამ ჯგუფს იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ (ეს. 43:10—12; იოან. 14:6; საქ. 15:14). ამ ყველაფერში დასარწმუნებლად სულაც არ არის საჭირო, რომ მთელი ბიბლია ზეპირად ვიცოდეთ. მთავარია, გააზრებული გვქონდეს, რომ, რაც გვწამს, ჭეშმარიტებაა (რომ. 12:1).

მზად იყავით სხვების დასარწმუნებლად

10. კიდევ რა მოგვეთხოვება, გარდა იმისა, რომ დარწმუნებული ვიყოთ ჭეშმარიტებაში?

10 მას შემდეგ, რაც თავად დარწმუნდებით იმის ჭეშმარიტებაში, რაც ზემოთ ვთქვით ბიბლიის, ღვთისა და მისი ხალხის შესახებ, უნდა შეძლოთ ბიბლიის მეშვეობით ამ ყველაფრის სხვებისთვის ახსნა, რადგან ეს ჩვენი ქრისტიანული პასუხისმგებლობაა * (1 ტიმ. 4:16). როცა სხვებთან ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე ვმსჯელობთ, ჩვენი მრწამსისადმი რწმენა გვიძლიერდება.

11. რა მაგალითი დაგვიტოვა მოციქულმა პავლემ?

11 როცა მოციქული პავლე ხალხს ასწავლიდა, „დამაჯერებლად ელაპარაკებოდა იესოზე მოსეს კანონიდან და წინასწარმეტყველთა წიგნებიდან“ (საქ. 28:23). როგორ მივბაძოთ პავლეს, როცა სხვებს ვასწავლით? ბიბლიის შემსწავლელს მხოლოდ ბიბლიური ცოდნა კი არ უნდა გადავცეთ, არამედ უნდა დავეხმაროთ, იმსჯელოს წმინდა წერილების საფუძველზე, რათა იეჰოვას დაუახლოვდეს. მან ჩვენი ხათრით კი არ უნდა დაიჯეროს ჭეშმარიტება, არამედ თავად უნდა დარწმუნდეს, რომ, რასაც მოსიყვარულე ღმერთის შესახებ სწავლობს, სიმართლეა.

მშობლებო, ასწავლეთ თქვენს შვილებს ღრმა სულიერი საკითხები და ასე დაეხმარეთ ძლიერი რწმენის განვითარებაში (იხილეთ აბზაცები 12, 13). *

12, 13. როგორ უნდა დაეხმარონ მშობლები შვილებს, დარჩნენ ჭეშმარიტებაში?

12 მშობლებო, ეჭვგარეშეა, გსურთ, რომ თქვენი შვილები ჭეშმარიტებაში დარჩნენ. შესაძლოა ფიქრობთ, რომ, თუ კრებაში კარგი მეგობრები ეყოლებათ, სულიერად წინ წაიწევენ. თუმცა ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად თქვენს შვილებს კარგ მეგობრებზე მეტი სჭირდებათ. მათ პირადი ურთიერთობა უნდა განივითარონ ღმერთთან და თავად დარწმუნდნენ ბიბლიური სწავლებების უტყუარობაში.

13 მშობლებმა შვილებს ღვთის შესახებ ჭეშმარიტება რომ ასწავლონ, თავად უნდა უყვარდეთ ბიბლიის კვლევა. მათ დრო უნდა გამოუყონ ნასწავლზე ფიქრს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეაყვარებენ შვილებს ბიბლიის კვლევას. როგორც ბიბლიის შემსწავლელებს, ისე შვილებსაც უნდა ასწავლონ ბიბლიის საკვლევი საშუალებების გამოყენება. ასე შეაყვარებენ შვილებს იეჰოვას და ნდობას ჩაუნერგავენ „ერთგული და გონიერი მონის“ მიმართ, რომლის მეშვეობითაც ღმერთი სულიერ საზრდოს გვაწვდის (მათ. 24:45—47). მშობლებო, ძირითად ბიბლიურ სწავლებებთან ერთად შვილებს, ასაკისა და უნარის გათვალისწინებით, ღრმა სულიერი საკითხებიც აუხსენით, რითაც მათ რწმენის გაძლიერებაში დაეხმარებით (1 კორ. 2:10).

გამოიკვლიეთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები

14. რატომ უნდა გამოვიკვლიოთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები? (იხილეთ ჩარჩო  „გახსოვთ ამ წინასწარმეტყველებების ახსნა?“).

14 ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღვთის სიტყვაში, რაც იეჰოვასადმი ძლიერი რწმენის განვითარებაში გვეხმარება. რომელმა ბიბლიურმა წინასწარმეტყველებებმა გაგიძლიერათ რწმენა? შეიძლება ის ბიბლიური მუხლები დაასახელოთ, რომლებიც „ბოლო დღეებს“ ეხება (2 ტიმ. 3:1—5; მათ. 24:3, 7). კიდევ რომელ შესრულებულ წინასწარმეტყველებებს შეუძლია თქვენი რწმენის განმტკიცება? მაგალითად, შეგიძლიათ ახსნათ, როგორ შესრულდა და სრულდება დანიელის მე-2 ან მე-11 თავებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები? * ფაქტია, ბიბლიაზე მტკიცედ დაფუძნებულ რწმენას ვერაფერი შეარყევს. ამას ადასტურებს ჩვენი ძმების მაგალითი, რომლებიც II მსოფლიო ომის დროს გერმანიაში დიდ დევნას შეხვდნენ. მართალია, ისინი სრულად ვერ სწვდებოდნენ ბოლო დღეებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების მნიშვნელობას, მაგრამ ღვთის სიტყვისადმი რწმენა არ შერყევიათ.

ბიბლიისა და მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების კვლევა ურყევი რწმენის განვითარებაში დაგვეხმარება და განსაცდელების დროს სიმტკიცეს შეგვმატებს (იხილეთ აბზაცები 15—17). *

15—17. რამ გააძლებინა ჩვენს ძმებს ნაცისტური რეჟიმის დროს?

15 ნაცისტური რეჟიმის დროს ათასობით ჩვენი და-ძმა საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნეს. ჰიტლერსა და ესეს-ის მეთაურს, ჰაინრიხ ჰიმლერს, სძულდათ იეჰოვას მოწმეები. როგორც ერთი და მოგვითხრობს, ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში ჰიმლერმა ჩვენს დებს ასე მიმართა: „თქვენმა იეჰოვამ ზეცაში იმმართველოს, დედამიწაზე კი ჩვენ ვართ მმართველები! იმასაც ვნახავთ, ბოლოს ვინ დარჩება, თქვენ თუ ჩვენ!“. რა დაეხმარა იეჰოვას ხალხს ერთგულების შენარჩუნებაში?

16 ბიბლიის მკვლევრებმა იცოდნენ, რომ ღვთის სამეფომ მმართველობა 1914 წელს დაიწყო. ამიტომ არ გაჰკვირვებიათ სასტიკი დევნა, რომელსაც ისინი შეხვდნენ. თუმცა იეჰოვას ხალხს სჯეროდა, რომ ვერანაირი ადამიანური მთავრობა წინ ვერ აღუდგებოდა ღვთის განზრახვის განხორციელებას. ჰიტლერი ვერ მოსპობდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას და ღვთის სამეფოზე ძლიერ მმართველობას ვერ შექმნიდა. ჩვენი ძმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ადრე თუ გვიან ჰიტლერის რეჟიმს ბოლო მოეღებოდა.

17 მათი მოლოდინი არ გამტყუნებულა. ნაცისტური რეჟიმი მალევე დაემხო და ჰაინრიხ ჰიმლერს, რომელიც იქადნიდა, დედამიწაზე ჩვენ ვმართველობთო, თავის გადასარჩენად გაქცევა მოუწია. სწორედ ამ დროს გადაეყარა ჰიმლერი ძმა ლიუბკეს, ყოფილ პატიმარს, რომელიც იცოდა, რომ იეჰოვას მოწმე იყო. სასოწარკვეთილმა ჰიმლერმა ძმა ლიუბკეს ჰკითხა: „ბიბლიის მკვლევარო, ახლა რაღა უნდა მოხდეს?“. ძმა ლიუბკემ ჰიმლერს აუხსნა, რომ მოწმეებს ეჭვი არასდროს ეპარებოდათ, რომ ნაცისტური რეჟიმი დაემხობოდა და თავს დააღწევდნენ პატიმრობას. ჰიმლერი, კაცი, რომელიც ერთ დროს რას აღარ ამბობდა იეჰოვას მოწმეებზე, ახლა ენაჩავარდნილი იდგა. ამ შეხვედრიდან მალევე მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რას გვასწავლის ეს შემთხვევა? ბიბლიისა და მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველებების კვლევა ურყევი რწმენის განვითარებაში დაგვეხმარება და განსაცდელების დროს სიმტკიცეს შეგვმატებს (2 პეტ. 1:19—21).

18. იოანეს 6:67, 68-დან გამომდინარე, რატომ გვჭირდება „საფუძვლიანი ცოდნა და სრული გამჭრიახობა“?

18 თითოეულ ქრისტიანს ისეთი სიყვარულის გამოვლენა გვმართებს, რომელიც ჭეშმარიტ ქრისტიანებს გამოარჩევს. თუმცა სიყვარულთან ერთად „საფუძვლიანი ცოდნაცა და სრული გამჭრიახობაც“ გვჭირდება (ფილ. 1:9). წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვილად გაგვიტაცებს „სწავლების ყოველი ქარი, ადამიანთა მზაკვრობითა და ცბიერებით გამიზნული სიცრუე“, მათ შორის განდგომილთა სიცრუე (ეფეს. 4:14). ახ. წ. პირველ საუკუნეში, როცა მრავალმა მოწაფემ მიატოვა იესო, მოციქულმა პეტრემ თავისი ღრმა რწმენა ამ სიტყვებით გამოხატა: „შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“ (წაიკითხეთ იოანეს 6:67, 68). მიუხედავად იმისა, რომ პეტრე იმ დროს ბოლომდე ვერ სწვდებოდა იესოს სიტყვების მნიშვნელობას, მაინც მისი ერთგული დარჩა, რადგან სჯეროდა, რომ ქრისტე ღვთისგან იყო მოვლენილი. თქვენც შეგიძლიათ განიმტკიცოთ რწმენა ბიბლიური სწავლებების მიმართ. ეს დაგეხმარებათ, გაუძლოთ ნებისმიერ გამოცდას და სხვებსაც გაუძლიეროთ რწმენა (2 იოან. 1, 2).

სიმღერა 72 ამცნეთ ჭეშმარიტება სამეფოს შესახებ

^ აბზ. 5 ეს სტატია დაგვეხმარება, უკეთ დავინახოთ ბიბლიური ჭეშმარიტების ფასი. აგრეთვე გავიგებთ, უფრო მეტად როგორ დავრწმუნდეთ ჩვენი მრწამსის ჭეშმარიტებაში.

^ აბზ. 10 ბიბლიურ სწავლებებზე მსჯელობაში დაგეხმარებათ რუბრიკა „საუბრები ბიბლიურ თემებზე“, რომელიც 2010—2015 წლებში იბეჭდებოდა „საგუშაგო კოშკში“. იქ განიხილებოდა შემდეგი თემები: „ღმერთია იესო?“, „როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა?“ და „აწამებს ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში?“.

^ აბზ. 14 ეს წინასწარმეტყველებები განხილულია 2012 წლის 15 ივნისისა და 2020 წლის მაისის „საგუშაგო კოშკში“.

^ აბზ. 60 სურათის აღწერა: ოჯახური თაყვანისცემის დროს მშობლები შვილებთან ერთად განიხილავენ წინასწარმეტყველებებს დიდი გასაჭირის შესახებ.

^ აბზ. 62 სურათის აღწერა: დიდი გასაჭირის დროს განვითარებულ მოვლენებს ეს ოჯახი მომზადებული ხვდება.