არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 29

„როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“

„როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“

„სიამოვნებას მანიჭებს სისუსტეები, შეურაცხყოფა, ხელმოკლეობა, დევნა და სიძნელეები ქრისტეს გულისთვის“ (2 კორ. 12:10).

სიმღერა 38 ის გაგაძლიერებთ

მოკლე შინაარსი *

1. რას აღიარებდა მოციქული პავლე?

მოციქულ პავლეს დროდადრო ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, რომ სუსტი იყო. მან გულწრფელად აღიარა, რომ მისი სხეული „ჭკნებოდა“, სწორის კეთება სურდა, მაგრამ ზოგჯერ არ გამოსდიოდა და იეჰოვაც ყოველთვის ისეთ პასუხს არ სცემდა ლოცვაზე, როგორსაც ელოდა (2 კორ. 4:16; 12:7—9; რომ. 7:21—23). პავლემ ისიც იცოდა, რომ მოწინააღმდეგეები მას სუსტ ადამიანად მიიჩნევდნენ. * თუმცაღა სხვების უარყოფითი დამოკიდებულებისა თუ საკუთარი სისუსტეების გამო უღირსობის გრძნობა არ დაუფლებია (2 კორ. 10:10—12, 17, 18).

2. მეორე კორინთელების 12:9, 10-ის თანახმად, რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისწავლა პავლემ?

2 პავლემ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ისწავლა — ადამიანი სისუსტის მიუხედავადაც შეიძლება იყოს ძლიერი (წაიკითხეთ 2 კორინთელების 12:9, 10). იეჰოვამ უთხრა პავლეს, რომ მისი ძალა „სისუსტეში [ხდებოდა] სრულყოფილი“, რაც იმას ნიშნავდა, რომ იეჰოვა შემატებდა მას საჭირო ძალას. მოდი თავდაპირველად იმაზე ვისაუბროთ, რატომ არ უნდა გავიტეხოთ გული, როცა მოწინააღმდეგეები შეურაცხყოფას გვაყენებენ.

„სიამოვნებას მანიჭებს . . . შეურაცხყოფა“

3. რატომ უნდა გვანიჭებდეს სიამოვნებას შეურაცხყოფა?

3 შეურაცხყოფა არავის სიამოვნებს. მაგრამ, თუ ზედმეტად განვიცდით მოწინააღმდეგეების მხრიდან შეურაცხყოფას, შეიძლება გული გაგვიტყდეს (იგავ. 24:10). მაშ, როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს შეურაცხყოფაზე? შეგვიძლია ჩვენც გავიზიაროთ პავლეს დამოკიდებულება: „სიამოვნებას მანიჭებს . . . შეურაცხყოფა“ (2 კორ. 12:10). რატომ შეგვიძლია ამის თქმა? შეურაცხყოფა და წინააღმდეგობა იმაზე მიანიშნებს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეები ვართ (1 პეტ. 4:14). იესომ თქვა, რომ მის მიმდევრებს დევნას დაუწყებდნენ (იოან. 15:18—20). ეს ასეც მოხდა პირველ საუკუნეში. ბერძნული კულტურის გავლენის გამო საზოგადოებაში ქრისტიანები გაუნათლებელ და დაბალი დონის ადამიანებად მიიჩნეოდნენ. მათ იუდეველებიც „უსწავლელ და უბრალო ადამიანებად“ თვლიდნენ, ისევე როგორც პეტრე და იოანე მოციქულებს (საქ. 4:13). ქრისტიანები სუსტები ჩანდნენ, რადგან არც პოლიტიკურ და არც სამხედრო ძალაუფლებას არ ფლობდნენ და საზოგადოებისგან გარიყულნი იყვნენ.

4. როგორ რეაგირებდნენ პირველი ქრისტიანები მოწინააღმდეგეთა უარყოფით დამოკიდებულებაზე?

4 პირველი საუკუნის ქრისტიანები ვერ შეაჩერა მოწინააღმდეგეების უარყოფითმა შეხედულებამ. მოციქულები, პეტრე და იოანე, დიდ პატივად მიიჩნევდნენ, რომ მათ ქრისტეს მიმდევრობისთვის და მის შესახებ ქადაგებისთვის დევნიდნენ (საქ. 4:18—21; 5:27—29, 40—42). მოწაფეებს სასირცხვილო არაფერი ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, ამ თავმდაბალმა ქრისტიანებმა გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანეს კაცთა მოდგმას, ვიდრე მათმა მოწინააღმდეგეებმა. მაგალითად, მათ მიერ ღვთივშთაგონებით დაწერილი წერილები დღემდე ამხნევებს და იმედს აძლევს მილიონობით ადამიანს, ხოლო სამეფო, რომელზეც ისინი ქადაგებდნენ, დღეს უკვე ზეცაში მმართველობს და მალე მთელ კაცობრიობაზე იმმართველებს (მათ. 24:14). ქრისტიანების მდევნელი ძლევამოსილი იმპერია კარგა ხანია ისტორიას ჩაჰბარდა. პირველი საუკუნის ერთგული ქრისტიანები დღეს ზეცაში მეფობენ, მათი მოწინააღმდეგეები კი დიდი ხანია დასამარდნენ. თუ ისინი ოდესმე მკვდრეთით აღდგებიან, იმ სამეფოს ქვეშევრდომობა მოუწევთ, რომელზეც ოდესღაც მათ მიერ მოძულებული ქრისტიანები ქადაგებდნენ (გამოცხ. 5:10).

5. იოანეს 15:19-ის თანახმად, რატომ ექცევიან იეჰოვას მოწმეებს უპატივცემულოდ?

5 დღეს იეჰოვას მოწმეებს უპატივცემულოდ გვექცევიან და დაგვცინიან, რადგან გაუნათლებელ და სუსტ ადამიანებად მიგვიჩნევენ. ამის მიზეზი ის არის, რომ არ ვიზიარებთ ქვეყნიერებაში გავრცელებულ შეხედულებებს. ჩვენ ვცდილობთ, თავმდაბლები, თვინიერები და მორჩილები ვიყოთ. ქვეყნიერებაში კი პირიქით, ამაყი, ამბიციური და მეამბოხე ადამიანები ფასობენ. გარდა ამისა, ჩვენ არ ვერევით პოლიტიკაში და არცერთი ქვეყნის სამხედრო ძალებში არ ვმსახურობთ. ჩვენ არ ვჯდებით ქვეყნიერების სტანდარტებში, ამიტომაც საზოგადოებისთვის ბევრს არაფერს წარმოვადგენთ (წაიკითხეთ იოანეს 15:19; რომ. 12:2).

6. რა საოცარ საქმეებს ახორციელებს იეჰოვა თავისი ხალხის მეშვეობით?

6 მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერება არაფრად გვაგდებს, იეჰოვა ჩვენი მეშვეობით გასაოცარ საქმეებს აკეთებს. მაგალითად, ყველაზე მასშტაბურ სამქადაგებლო საქმეს ახორციელებს. ჟურნალები, რომლებსაც ჩვენ გამოვცემთ, ყველაზე მეტ ენაზე და ყველაზე დიდი ტირაჟით არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ჩვენ მილიონობით ადამიანს ვეხმარებით ბიბლიის მეშვეობით ცხოვრების გაუმჯობესებაში. თუმცა კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრის უკან მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვა დგას, რომელიც ამ საოცარ საქმეებს იმ ადამიანების მეშვეობით ახორციელებს, რომლებიც ქვეყნიერების თვალში არაფერს წარმოადგენენ. მაგრამ რისი თქმა შეიძლება თითოეულ ჩვენგანზე? შეუძლია იეჰოვას, გაგვაძლიეროს? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა ძალა მოგვცეს? განვიხილოთ სამი მხარე და დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ მოციქულ პავლესგან.

ნუ დაეყრდნობით საკუთარ შესაძლებლობებს

7. რას ვსწავლობთ პავლესგან?

7 ერთი-ერთი, რასაც პავლესგან ვსწავლობთ ისაა, რომ იეჰოვას მსახურებაში საკუთარ უნარსა თუ შესაძლებლობებს არ უნდა დავეყრდნოთ. ადამიანური გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ პავლეს ყველანაირი მიზეზი ჰქონდა ამაყი და თავდაჯერებული ყოფილიყო. ის ტარსოსში, რომის პროვინციის მთავარ ქალაქში აღიზარდა. ტარსოსი აყვავებული ქალაქი და საგანმანათლებლო კერა იყო. პავლეს კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, რადგან ის იუდეველთა ერთ-ერთი ყველაზე პატივდებული წინამძღოლის, გამალიელის, მოსწავლე იყო (საქ. 5:34; 22:3). თავად პავლეც გავლენიან ფიგურად ითვლებოდა იუდეველთა შორის. მან თქვა: „ჩემს ტომში ბევრ ჩემს თანატოლზე მეტად მივიწევდი წინ იუდეველობაში“ (გალ. 1:13, 14; საქ. 26:4). თუმცა პავლე საკუთარ თავზე არ იყო დაიმედებული.

ქრისტეს მიმდევრობასთან შედარებით, ყველაფერს, რაც მას ქვეყნიერების თვალში დასაფასებელს ხდიდა, პავლე დიდ ნაგვად მიიჩნევდა (იხილეთ აბზაცი 8). *

8. ფილიპელების 3:8-ის თანახმად, რად მიიჩნევდა პავლე იმ ყველაფერს, რაც დათმო და რატომ ანიჭებდა მას სიამოვნებას სისუსტეები?

8 პავლეს არც კი დანანებია იმ ყველაფრის დათმობა, რაც მას ქვეყნიერების თვალში წონას მატებდა. მეტიც, ამ ყველაფერს მან ნაგავი უწოდა (წაიკითხეთ ფილიპელების 3:8). ქრისტეს მიმდევრობისთვის მას დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია. ის მოძმე იუდეველებმაც კი შეიძულეს (საქ. 23:12—14). არც თანამოქალაქე რომაელებმა დაინდეს, რადგან სცემეს და დააპატიმრეს კიდეც (საქ. 16:19—24, 37). პავლე მტკივნეულად განიცდიდა იმასაც, რომ ბევრი რამ ისე არ გამოსდიოდა, როგორც თავად სურდა (რომ. 7:21—25). მაგრამ არც მოწინააღმდეგეებისა და არც საკუთარი შეცდომების გამო მას ხელი არ აუღია ქრისტეს მიმდევრობაზე. პირიქით, მას სიამოვნებას ანიჭებდა სისუსტეები, რადგან ამ დროს ნათლად ხედავდა, როგორ აძლიერებდა ღმერთი (2 კორ. 4:7; 12:10).

9. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ ყველაფრის მიმართ, რასაც არახელსაყრელ გარემოებად ვთვლით?

9 თუ გვსურს, იეჰოვამ გაგვაძლიეროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკურ ძალას, განათლებას, წარმომავლობას თუ ფინანსურ მდგომარეობას ღვთის თვალში მნიშვნელობა არა აქვს. იეჰოვა ადამიანებს თავისი საქმის გასაკეთებლად ამ კრიტერიუმებით არ ირჩევს. სინამდვილეში ღვთის ხალხს შორის ბევრი არ არის „ხორციელად ბრძენი“, ძლიერი და დიდგვაროვანი. პირიქით, იეჰოვამ „ქვეყნიერების სუსტები ამოირჩია“ (1 კორ. 1:26, 27). ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ ზემოთ აღნიშნული არახელსაყრელი გარემოებებიდან რომელიმე ხელს შეგიშლით ღვთის მსახურებაში. პირიქით, ეს იმის შესაძლებლობად მიიჩნიეთ, რომ იეჰოვას ძალა საკუთარ თავზე გამოსცადოთ. მაგალითად, თუ გაშინებთ მათთან საუბარი, ვინც თქვენი მრწამსის გამო გაკრიტიკებთ, სთხოვეთ იეჰოვას, რომ გაბედულად საუბრის ძალა მოგცეთ (ეფეს. 6:19, 20). თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გაქვთ, სთხოვეთ იეჰოვას ძალა, რომ მაქსიმალურად აქტიური იყოთ მის მსახურებაში. ყოველ ჯერზე, როცა იეჰოვას ხელს იგრძნობთ თქვენს ცხოვრებაში, რწმენა განგიმტკიცდებათ და ძალა შეგემატებათ.

ისწავლეთ ბიბლიური მაგალითებიდან

10. რატომ უნდა დავფიქრდეთ ღვთის ერთგული მსახურების, მაგალითად ებრაელების 11:32—34-ში მოხსენიებულ მაგალითებზე?

10 პავლე წმინდა წერილების გულმოდგინე მკვლევარი იყო. ის მხოლოდ ფაქტების ცოდნას კი არ სჯერდებოდა, არამედ ღვთის ერთგული მსახურების მაგალითზეც ბევრ რამეს სწავლობდა. ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლემ არაერთი იეჰოვას მსახური მოიხსენია და მკითხველებს მათ მაგალითზე დაფიქრებისკენ მოუწოდა (წაიკითხეთ ებრაელების 11:32—34). მოდი ვიმსჯელოთ ერთ-ერთ მათგანზე, მეფე დავითზე. მას არა მხოლოდ გარეშეები, არამედ მეგობრებიც კი გადაემტერნენ. დავითის ცხოვრების განხილვა დაგვანახვებს, როგორ შეიძლებოდა პავლე გამხნევებულიყო ღვთის ამ ერთგული მსახურის მაგალითით და თავის მხრივ, ჩვენ როგორ მივბაძოთ პავლეს.

როცა დავითი გოლიათს დაუპირისპირდა, ის რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ეს გარემოება საიმისოდ გამოიყენა, რომ იეჰოვას ძალა დაენახა (იხილეთ აბზაცი 11).

11. რატომ ჩანდა დავითი უსუსური? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

11 ძლევამოსილი გოლიათისთვის დავითი უსუსური ჩანდა. როცა ის დაინახა, არაფრად ჩააგდო, რადგან თავად გაცილებით დიდი, კარგად აღჭურვილი და ბრძოლაში გაწვრთნილი მეომარი იყო. მასთან შედარებით დავითი ერთი გამოუცდელი ბიჭი იყო, რომელსაც წესიერი საბრძოლო იარაღიც კი არ ჰქონდა. თუმცა ეს არახელსაყრელი სიტუაცია დავითმა უპირატესობად აქცია; ის იეჰოვას ძალაზე იყო დაიმედებული და გოლიათის დამარცხება არ გასჭირვებია (1 სამ. 17:41—45, 50).

12. კიდევ რა სირთულეს შეხვდა დავითი?

12 დავითს კიდევ ერთ სირთულესთან მოუწია გამკლავება, რაც მას, სავარაუდოდ, თავს უსუსურად აგრძნობინებდა. ის ერთგულად ემსახურებოდა საულს, იეჰოვას მიერ ცხებულ ისრაელის მეფეს. თავიდან საული კარგი თვალით უყურებდა დავითს, თუმცა მოგვიანებით გაამაყდა და დავითის მიმართ შური გაუჩნდა. ამის გამო ის ავიწროებდა დავითს და მოსაკლავადაც კი დასდევდა (1 სამ. 18:6—9, 29; 19:9—11).

13. როგორ რეაგირებდა დავითი საულის უსამართლო მოპყრობაზე?

13 უსამართლო მოპყრობის მიუხედავად, დავითს პატივისცემა არ დაუკარგავს ცხებული მეფის მიმართ (1 სამ. 24:6). არც იეჰოვა დაუდანაშაულებია იმ ბოროტებაში, რასაც საული უკეთებდა. პირიქით, იეჰოვას ენდობოდა იმაში დარწმუნებული, რომ განსაცდელთან გასამკლავებლად საჭირო ძალას მისცემდა (ფსალმ. 18:1, ეპიგრაფი).

14. რით ჰგავდა მოციქული პავლეს სიტუაცია დავითისას?

14 მოციქული პავლეც გარკვეულწილად დავითის მსგავს სიტუაციაში იყო. მისი მტრებიც მასზე გაცილებით ძლევამოსილნი იყვნენ. გავლენიან პირებს სძულდათ ის, რის გამოც არაერთხელ სცემეს და დააპატიმრეს. დავითის მსგავსად, პავლესაც ისინი უპირისპირდებოდნენ, ვისაც წესით მეგობრობა უნდა გაეწია მისთვის. მოწინააღმდეგეთაგან ზოგიერთი მისი თანამორწმუნეც კი იყო (2 კორ. 12:11; ფილ. 3:18). მაგრამ პავლემ, ასე ვთქვათ, ყველაზე გაიმარჯვა. როგორ? წინააღმდეგობის გამო მას არ შეუწყვეტია ქადაგება; მაშინაც ერთგული იყო და-ძმების, როცა იმედს უცრუებდნენ, და რაც მთავარია, სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩა (2 ტიმ. 4:8). მრავალ სირთულეს იეჰოვაზე მინდობილმა გაართვა თავი და არა საკუთარ ძალაზე დაიმედებულმა.

პატივისცემით და თავაზიანად აუხსენით თქვენი პოზიცია მათ, ვინც თქვენს რელიგიურ შეხედულებებს არ ეთანხმება (იხილეთ აბზაცი 15). *

15. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი და როგორ მივაღწევთ მას?

15 თქვენც გიწევთ დევნისა და შეურაცხყოფის ატანა კლასელებისგან, თანამშრომლებისა თუ ოჯახის წევრებისგან, რომლებიც თქვენს რწმენას არ იზიარებენ? კრებაში რომელიმე და ან ძმა ხომ არ მოგპყრობიათ უსამართლოდ? თუ ასეა, გახსოვდეთ დავითი და პავლე. თქვენც შეგიძლიათ ბოროტებას სიკეთით სძლიოთ (რომ. 12:21). თქვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ დავითივით ვინმეს „შუბლში ქვა ჩააჭედოთ“, არამედ ღვთის სიტყვა ჩაუბეჭდოთ გულსა და გონებაში მათ, ვისაც მოსმენის სურვილი აქვს. ამას იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ ბიბლიის მეშვეობით გასცემთ პასუხს დასმულ კითხვებს, თუ პატივისცემით და კეთილად მოეპყრობით მათ, ვინც უსამართლოდ გეპყრობათ, და თუ ყველას სიკეთეს გაუკეთებთ, მათ შორის თქვენს მტრებს (მათ. 5:44; 1 პეტ. 3:15—17).

ხელს ნუ უკრავთ სხვებს დახმარებაზე

16, 17. რა არ დავიწყებია პავლეს?

16 ვიდრე მოციქული პავლე ქრისტიანი გახდებოდა, იესოს მიმდევართა შეურაცხმყოფელი და მდევნელი იყო (საქ. 7:58; 1 ტიმ. 1:13). პავლეს, რომელსაც იმ დროს სავლეს სახელით იცნობდნენ, თავად იესომ შეაწყვეტინა ქრისტიანული კრების დევნა. მას იესოს ხმა მოესმა ზეციდან და თვალის ჩინი წაერთვა. მხედველობა რომ დაებრუნებინა, პავლე იძულებული გახდა, მათთვის ეთხოვა დახმარება, ვისაც ადრე დევნიდა. მას ეყო თავმდაბლობა და დახმარებაზე ხელი არ უკრა ქრისტეს ერთ-ერთ მოწაფეს, ანანიას, რომელმაც თვალი აუხილა (საქ. 9:3—9, 17, 18).

17 მოგვიანებით პავლე თავად გახდა ქრისტიანული კრების ერთ-ერთი ბურჯი, მაგრამ მას არასდროს დავიწყებია, რაც იესომ დამასკოს გზაზე ასწავლა. პავლე ბოლომდე თავმდაბალი დარჩა და უარი არასდროს უთქვამს იმ და-ძმებისთვის, რომლებიც მზად იყვნენ მის დასახმარებლად. მეტიც, მათ თავისი „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ უწოდა (კოლ. 4:10, 11).

18. რატომ შეიძლება ვუკრათ ხელი სხვებს ჩვენს დახმარებაზე?

18 რას გვასწავლის პავლეს მაგალითი? როცა იეჰოვას მოწმეები გავიცანით, ვაცნობიერებდით, რომ სულიერად ჩვილები ვიყავით და ბევრი რამ გვქონდა სასწავლი, ამიტომ უარს არ ვამბობდით დახმარებაზე (1 კორ. 3:1, 2). დღემდე მოგვყვება ასეთი განწყობა? თუ იეჰოვას წლებია ვემსახურებით და გამოცდილებაც დაგვიგროვდა, შეიძლება ისეთი მზაობა აღარ გვქონდეს, მით უმეტეს, თუ დახმარების ხელს ის გვიწვდის, ვინც ჩვენთან შედარებით ახალბედაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად იეჰოვა და-ძმების მეშვეობით გვაძლიერებს (რომ. 1:11, 12). თუ გვინდა, იეჰოვამ ძალა შეგვმატოს, და-ძმებს დახმარებაზე ხელი არ უნდა ვუკრათ.

19. რამ განაპირობა პავლეს წარმატება?

19 პავლემ გაქრისტიანების შემდეგ არაერთი ღირებული რამ მოიმოქმედა, რადგან ის მიხვდა, რომ წარმატება ფიზიკურ ძალაზე, განათლებაზე, სიმდიდრესა და სოციალურ სტატუსზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ თავმდაბლობასა და იეჰოვასადმი ნდობაზე. მოდი მივბაძოთ პავლეს: 1) მივენდოთ იეჰოვას, 2) ვისწავლოთ ბიბლიური მაგალითებიდან და 3) ხელი არ ვუკრათ თანამორწმუნეებს დახმარებაზე. ამგვარად, რაოდენ სუსტიც არ უნდა გვეგონოს საკუთარი თავი, იეჰოვა გაგვაძლიერებს!

სიმღერა 71 ჩვენ იეჰოვას ლაშქარი ვართ!

^ აბზ. 5 ამ სტატიაში განვიხილავთ პავლე მოციქულის მაგალითს და გავიგებთ, როგორ მოგვცემს იეჰოვა ძალას, გავუძლოთ დაცინვას და დავძლიოთ სისუსტეები, თუკი ჩვენში თავმდაბლობას დაინახავს.

^ აბზ. 1 განმარტება: ამ სტატიაში „სისუსტეს“ ვუწოდებთ საკუთარი არასრულყოფილების, მძიმე მატერიალური მდგომარეობის, ავადმყოფობის ან განათლების დაბალი დონით გამოწვეულ უსიამოვნო განცდას. ეს განცდა შეიძლება მაშინაც დაგვეუფლოს, როცა მოწინააღმდეგეები სიტყვიერად თუ ფიზიკურად გვიპირისპირდებიან.

^ აბზ. 57 სურათის აღწერა: როცა პავლემ ქრისტეს შესახებ ქადაგება დაიწყო, უარი თქვა ყველაფერზე, რაც მას ფარისევლობასთან აკავშირებდა, მათ შორის მისთვის ავტორიტეტულ წერილობით წყაროებსა თუ ფილაქტერიონებზე.

^ აბზ. 61 სურათის აღწერა: თანამშრომლები ცდილობენ ძმის დაყოლიებას, რომ შეუერთდეს თანამშრომლის დაბადების დღის აღნიშვნაში.