არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 31

ელოდებით „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს“?

ელოდებით „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს“?

„[აბრაამი] ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრ. 11:10).

სიმღერა 22 ღვთის სამეფო უკვე მმართველობს!

მოკლე შინაარსი *

1. რა მსხვერპლზე მიდის ბევრი და რატომ?

დღეს მილიონობით ღვთის მსახურს მსხვერპლზე წასვლა უწევს. მაგალითად, ბევრი და-ძმა დაუქორწინებლობას არჩევს, ბევრი დაქორწინებული კი ცხოვრების ამ ეტაპზე შვილების ყოლაზე ამბობს უარს. ზოგი ოჯახი უბრალო ცხოვრებას სჯერდება. ასეა თუ ისე, მათ გადაწყვეტილებებს ერთი რამ აქვთ საერთო — სურვილი, მაქსიმალურად გაისარჯონ იეჰოვასთვის. ისინი სჯერდებიან იმას, რაც აქვთ და სწამთ, რომ იეჰოვა მათ საჭიროებებზე იზრუნებს. მათ ნამდვილად არ გაუცრუვდებათ იმედი. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ღვთისგან კურთხეული აბრაამის მაგალითი, რომელიც ყველა მორწმუნის მამა გახდა (რომ. 4:11).

2. ა) ებრაელების 11:8—10-ის თანახმად, რატომ დატოვა უყოყმანოდ აბრაამმა ური? ბ) რას განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში?

2 აბრაამმა უყოყმანოდ დატოვა კეთილმოწყობილი ქალაქი ური, რადგან ელოდა „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:8—10). რომელ ქალაქს ელოდა ის? რა სირთულეებს წააწყდა ის ამ „ქალაქის მშენებლობის“ მოლოდინში? როგორ მივბაძოთ აბრაამს და თანამედროვე ღვთის მსახურებს, რომლებსაც აბრაამივით მოუწიათ ლოდინი?

რა არის „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქი“?

3. რა არის „ქალაქი“, რომელსაც აბრაამი ელოდა?

3 „ქალაქი“, რომელსაც აბრაამი ელოდა, ღვთის სამეფოა. ამ სამეფოს მეფე იესო ქრისტეა, რომელსაც 144 000 ცხებული ქრისტიანი ჰყავს თანამმართველად. პავლემ ამ სამეფოს „ცოცხალი ღვთის ქალაქი — ზეციერი იერუსალიმი“ უწოდა (ებრ. 12:22; გამოცხ. 5:8—10; 14:1). იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, სწორედ ამ სამეფოსთვის ელოცათ, რათა ღვთის ნება შესრულებულიყო როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე (მათ. 6:10).

4. დაბადების 17:1, 2, 6-ის თანახმად, რა იცოდა აბრაამმა ღვთის მიერ დაპირებული „ქალაქის“ ანუ სამეფოს შესახებ?

4 იცოდა აბრაამმა დეტალები ამ სამეფოს შესახებ? არა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ეს ყველაფერი „წმინდა საიდუმლოდ“ ითვლებოდა (ეფეს. 1:8—10; კოლ. 1:26, 27). თუმცა ის კი იცოდა, რომ ზოგიერთი მისი შთამომავალი მეფე გახდებოდა. ეს თავად იეჰოვამ აღუთქვა (წაიკითხეთ დაბადების 17:1, 2, 6). აბრაამს იმდენად სჯეროდა ღვთის დაპირებების, რომ თითქოს ხედავდა ცხებულს, მესიას, რომელიც ღვთის სამეფოს მეფე გახდებოდა. ამიტომაც უთხრა იესომ თავის თანამედროვე იუდეველებს: „მამათქვენ აბრაამს ახარებდა იმის იმედი, რომ ჩემს დღეს იხილავდა. იხილა კიდეც და გაიხარა“ (იოან. 8:56). აშკარაა, აბრაამმა იცოდა, რომ მისი შთამომავლები იეჰოვას მიერ დაფუძნებულ სამეფოში იმმართველებდნენ; ამიტომ ის მზად იყო, მოთმინებით დალოდებოდა იეჰოვას დანაპირების შესრულებას.

საიდან გამოჩნდა, რომ აბრაამს სწამდა იეჰოვას დაპირებების? (იხილეთ აბზაცი 5).

5. საიდან ვიცით, რომ აბრაამი ელოდა ქალაქს, რომლის მშენებელიც ღმერთია?

5 საიდან ჩანს, რომ აბრაამი ელოდა ქალაქს, სამეფოს, რომლის მშენებელიც ღმერთია? ის არცერთი მიწიერი სამეფოს ქვეშევრდომი არ გამხდარა. აბრაამი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, შესაბამისად არსად დაფუძნებულა და არც რომელიმე მეფის მხარდამჭერი ყოფილა. მას არც საკუთარი სამეფოს დაარსება უცდია. ის იეჰოვას ემორჩილებოდა და მისი დანაპირების შესრულებას ელოდა. ამგვარად აბრაამმა დაამტკიცა, რომ უდიდესი რწმენა ჰქონდა იეჰოვას მიმართ. მოდი ვისაუბროთ ზოგიერთ სირთულეზე, რომელსაც აბრაამი შეხვდა, და გავიგოთ, რას ვსწავლობთ მისგან.

რა სირთულეებს წააწყდა აბრაამი?

6. როგორი ქალაქი იყო ური?

6 აბრაამის მშობლიური ქალაქი საკმაოდ უსაფრთხო და კეთილმოწყობილი იყო. ქალაქს შემოვლებული ჰქონდა მასიური გალავანი, სამი მხრიდან კი არხი იცავდა. ურის მოსახლეობამ წერა-კითხვაც იცოდა და არითმეტიკაც. როგორც ჩანს, ქალაქი სავაჭრო ცენტრიც იყო, რადგან ამ ტერიტორიაზე მრავალი ნასყიდობის საბუთი იქნა აღმოჩენილი. აგურით ნაშენი სახლების კედლები მობათქაშებული და შეთეთრებული იყო. ზოგიერთ სახლს 13-14 ოთახი ჰქონდა, ეზო კი — მოკირწყლული.

7. საიდან გამოჩნდა, რომ აბრაამი ენდობოდა იეჰოვას?

7 აბრაამს იმედი ჰქონოდა, რომ იეჰოვა მის და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე იზრუნებდა. მან სარასთან ერთად დატოვა უსაფრთხო და კეთილმოწყობილი სახლი ურში და კარვებში დასახლდა ქანაანის ტრიალ მინდვრებში. მას ვეღარც მასიური გალავანი და ღრმა არხები დაიცავდა. მტერს შეეძლო ადვილად დასხმოდა თავს.

8. რა გადახდა თავს აბრაამს?

8 აბრაამი დამორჩილდა ღვთის ნებას, მაგრამ ქანაანში, სადაც თავად იეჰოვამ გაგზავნა, ისეთი შიმშილობა ჩამოვარდა, რომ ოჯახის გამოკვება გაუჭირდა. ის იძულებული გახდა, დროებით ეგვიპტეს შეხიზვნოდა. ეგვიპტის მმართველმა, ფარაონმა, სარას ცოლად შერთვა მოიწადინა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა აბრაამი, ვიდრე იეჰოვა ფარაონს არ აიძულებდა, მისთვის ცოლი დაებრუნებინა (დაბ. 12:10—19).

9. რა სირთულეებს შეხვდა აბრაამი ოჯახში?

9 აბრაამს ოჯახშიც შეექმნა სირთულეები. მისი საყვარელი ცოლი, სარა, უშვილო იყო. ისინი წლების განმავლობაში ამაოდ ელოდნენ შთამომავალს. ბოლოს სარამ თავისი მოახლე აგარი მიჰგვარა ქმარს, რომ მათთვის შვილი გაეჩინა. როცა აგარი ისმაელზე დაორსულდა, თავის ქალბატონს ზემოდან დაუწყო ყურება. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ აგარი სარას გამო იძულებული გახდა, სახლიდან გაქცეულიყო (დაბ. 16:1—6).

10. როგორ გამოიცადა აბრაამის ნდობა?

10 ბოლოს და ბოლოს სარა დაორსულდა და ვაჟი გააჩინა, რომელსაც აბრაამმა ისაკი დაარქვა. მას ორივე ვაჟი უყვარდა. მაგრამ, ვინაიდან ისმაელი ცუდად ეპყრობოდა ისაკს, აბრაამი იძულებული გახდა, ისმაელი დედასთან ერთად სახლიდან გაეშვა (დაბ. 21:9—14). მოგვიანებით იეჰოვამ სთხოვა აბრაამს, მისთვის ისაკი შეეწირა მსხვერპლად (დაბ. 22:1, 2; ებრ. 11:17—19). ორივე შემთხვევაში აბრაამი მიენდო იეჰოვას იმ იმედით, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მისი ვაჟების სასიკეთოდ დამთავრდებოდა.

11. რატომ მოუწია აბრაამს მოთმინებით ლოდინი?

11 მთელი ამ ხნის მანძილზე აბრაამი მოთმინებით უნდა დალოდებოდა იეჰოვას. ის 70 წელს იქნებოდა გადაცილებული, როცა ოჯახთან ერთად ური დატოვა (დაბ. 11:31—12:4). ის კარვებში დაახლოებით ასი წელი ცხოვრობდა და ქანაანის მიწაზე მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. აბრაამი 175 წლისა გარდაიცვალა (დაბ. 25:7). ის ვერ მოესწრო იმის ხილვას, თუ როგორ შეასრულა იეჰოვამ დაპირება და როგორ დაიმკვიდრეს მისმა შთამომავლებმა მიწა, რომელზეც ერთ დროს თავად დააბიჯებდა. აბრაამი ვერც „ქალაქის“, ღვთის სამეფოს, დაარსებას მოესწრო. თუმცა მასზე ნათქვამია, რომ „მოხუცი და კმაყოფილი“ მოკვდა (დაბ. 25:8). ყველაფრის მიუხედავად, აბრაამს რწმენა არ შერყევია და იეჰოვას მოლოდინში სიხარული არ დაუკარგავს. რამ მისცა მას მოთმინების ძალა? მთელი ცხოვრების მანძილზე ის გრძნობდა იეჰოვას მფარველობას და მეგობრულ დამოკიდებულებას (დაბ. 15:1; ეს. 41:8; იაკ. 2:22, 23).

აბრაამისა და სარას მსგავსად, როგორ ავლენენ ღვთის მსახურები რწმენასა და მოთმინებას? (იხილეთ აბზაცი 12). *

12. რას ველოდებით და რას განვიხილავთ?

12 აბრაამის მსგავსად ჩვენც ველოდებით ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს. განსხვავება ისაა, რომ ეს „ქალაქი“ უკვე აშენებულია. ღვთის სამეფო 1914 წელს დამყარდა და სრული ძალაუფლება მოიპოვა ზეცაში (გამოცხ. 12:7—10). ჩვენ ახლა იმას ველოდებით, როდის მოიპოვებს ის სრულ ძალაუფლებას დედამიწაზე. თუმცა ვიდრე ეს მოხდება, ჩვენც მოგვიწევს ბევრ ისეთ სირთულესთან გამკლავება, როგორსაც აბრაამი და სარა შეხვდნენ. დღეს იეჰოვას მრავალი მსახური თავისი ცხოვრებით ცხადყოფს, რომ ჰბაძავს აბრაამს. „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებული მათი ბიოგრაფიები ადასტურებს, რომ აბრაამისა და სარას მსგავსად მათი რწმენა და მოთმინება სანიმუშოა. მოდი განვიხილოთ ზოგიერთი მათგანის ისტორია.

მათ მიჰბაძეს აბრაამს

ბილ უალდენმა მზადყოფნით გაიღო მსხვერპლი და იეჰოვას არაერთი კურთხევა მიიღო.

13. რას ვსწავლობთ ძმა ბილის ისტორიიდან?

13 მზად იყავით მსხვერპლის გასაღებად. თუ გვინდა, რომ ღვთის ქალაქი, ანუ სამეფო უმთავრესი იყოს ჩვენს ცხოვრებაში, აბრაამივით მზად უნდა ვიყოთ ღვთისთვის მოსაწონი მსხვერპლის გასაღებად (მათ. 6:33; მარ. 10:28—30). მოდი თვალი გადავავლოთ ძმა ბილ უალდენის * ცხოვრებას. 1942 წელს ბილი შეერთებული შტატების ერთ-ერთი უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტს ამთავრებდა, როცა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ლექტორი ბილს სწავლის დამთავრების შემდეგ მაღალანაზღაურებად სამსახურს სთავაზობდა, რაზეც ბილმა უარი განაცხადა. მან ლექტორს აუხსნა, რომ მისთვის ღვთისმსახურება კარიერის შექმნაზე მნიშვნელოვანი იყო. მალევე ბილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. მართალია, მან უარის თქმის მიზეზი ახსნა, მაგრამ ის მაინც დააჯარიმეს 10 000 დოლარით და ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბილი სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით სკოლა „გალაადში“ მიიწვიეს, რის შემდეგაც მისიონერად მსახურობდა აფრიკაში. ის დაქორწინდა ევაზე და მათ ერთად განაგრძეს აფრიკაში მსახურება, რისთვისაც არაერთ მსხვერპლზე მოუწიათ წასვლა. ბოლოს ისინი შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ ბილის დედის მოსავლელად. განვლილ ცხოვრებას ბილი ასე აფასებს: „70 წელზე მეტია, რაც იეჰოვას ვემსახურები. ცრემლებს ვერ ვიკავებ, როცა ვფიქრობ, რამხელა პატივი მარგუნა იეჰოვამ. ყოველთვის ვემადლიერები იეჰოვას, რომ დამეხმარა, ცხოვრება მისადმი მსახურებისთვის მიმეძღვნა“. მზად ხართ, გააკეთოთ მსგავსი არჩევანი?

ელენი და არისტოტელე აპოსტოლიდისებმა იეჰოვას ძალით ბევრი სირთულე გადალახეს.

14, 15. რას ვსწავლობთ არისტოტელესა და ელენისგან?

14 მზად იყავით ცხოვრებისეული სირთულეებისთვის. აბრაამის ცხოვრებიდან იმასაც ვხედავთ, რომ ისინიც კი, ვინც მთელ ცხოვრებას იეჰოვას უძღვნიან, პრობლემებისგან დაცული არ არიან (იაკ. 1:2; 1 პეტ. 5:9). ამას ადასტურებს არისტოტელე აპოსტოლიდის * ბიოგრაფიაც. არისტოტელე 1946 წელს მოინათლა საბერძნეთში. 1952 წელს ის დაინიშნა თანაქრისტიანზე, ელენიზე, რომელსაც მასავით სულიერი მიზნები ჰქონდა. სამწუხაროდ, ელენის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. მართალია, მას სიმსივნე ამოკვეთეს, მაგრამ დაქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ სიმსივნე კვლავ განუვითარდა. ელენის კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ამჯერად მან ნაწილობრივი დამბლა მიიღო და მეტყველება დაერღვა. ავადმყოფობისა და მთავრობის მხრიდან შევიწროების მიუხედავად, ელენი ღვთის გულმოდგინე მსახური დარჩა.

15 არისტოტელე 30 წელი უვლიდა ცოლს. ამასთანავე ის უხუცესად მსახურობდა, მონაწილეობას იღებდა კონგრესების ორგანიზებასა და საკონგრესო დარბაზის მშენებლობაში. 1987 წელს ელენი მსახურების დროს მძიმედ დაშავდა. სამი წელი ის კომაში იყო და გარდაიცვალა. არისტოტელე თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ასეთი სიტყვებით აჯამებს: „წლების განმავლობაში განსაცდელები, სირთულეები და მოულოდნელობები დიდ სიმტკიცესა და შეუპოვრობას მოითხოვდა. მაგრამ იეჰოვა ყოველთვის მაძლევდა საჭირო ძალას, რათა ყოველივეს გავმკლავებოდი“ (ფსალმ. 94:18, 19). იეჰოვას ძალიან უყვარს თავისი მსახურები, რომლებიც პრობლემების მიუხედავად გულმოდგინედ ემსახურებიან მას!

ოდრი ჰაიდს მომავალზე ფიქრი დაეხმარა დადებითი განწყობის შენარჩუნებაში.

16. რა ურჩია ძმა ნორმა თავის მეუღლეს?

16 იფიქრეთ მომავალზე. აბრაამს სირთულეების გადალახვაში იეჰოვას მიერ დაპირებულ ჯილდოზე ფიქრი დაეხმარა. და ოდრი ჰაიდი ყველანაირად ცდილობდა, დადებითი განწყობის შენარჩუნებას მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი ქმარი, ნეითან ნორი სიმსივნით გარდაიცვალა, ხოლო მის მეორე ქმარს, გლენ ჰაიდს ალცჰეიმერის დაავადება განუვითარდა. * მას ძალიან დაეხმარა ძმა ნორის სიტყვები, რომლებიც მან სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე უთხრა. და ოდრი იხსენებს ნეითანის სიტყვებს: „სიკვდილის შემდეგ იმედი რეალობად გვექცევა და აღარასოდეს გამოვცდით ტკივილს; ყოველთვის წინ იყურე, რადგან ჯილდო იქ გელოდება. იყავი აქტიური — ეცადე, ყოველთვის რაღაცით დაეხმარო სხვებს. ეს სიხარულს შეგმატებს“. ნამდვილად კარგი რჩევაა, რომ სხვებისთვის გავისარჯოთ და ვიხაროთ იმედში! (რომ. 12:12).

17. ა) რატომ უნდა ვიფიქროთ მომავალზე? ბ) როგორ დაგვეხმარება მიქას 7:7-ში ჩაწერილი სიტყვები, მომავალში ბედნიერი ცხოვრებით გავიხაროთ?

17 დღეს გაცილებით მეტი მიზეზი გვაქვს, ვიფიქროთ მომავალზე. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები აშკარად იმაზე მოწმობს, რომ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ. მალე აღარ მოგვიწევს იმის ლოდინი, თუ როდის მოიპოვებს სრულ ძალაუფლებას დედამიწაზე „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქი“. მრავალ სასიხარულო მოვლენათა შორის, რომელიც წინ გველის, ჩვენი საყვარელი ახლობლების მკვდრეთით აღდგომა იქნება. მაშინ დაჯილდოვდება აბრაამის რწმენა და მოთმინება და ოჯახთან ერთად ის დედამიწაზე ცხოვრებით გაიხარებს. სად იქნებით თქვენ ამ დროს? თუ აბრაამივით უკან არ დაიხევთ, რომ ღვთის სამეფოსთვის გაიღოთ მსხვერპლი, სირთულეების მიუხედავად არ დაკარგოთ რწმენა და მოთმინებით დაელოდოთ იეჰოვას, მაშინ თქვენც სიხარულით შეეგებებით მათ (წაიკითხეთ მიქას 7:7).

სიმღერა 74 ვიმღეროთ სამეფოს შესახებ სიმღერა!

^ აბზ. 5 ღვთის დანაპირების შესრულების მოლოდინმა შეიძლება ჩვენი მოთმინება გამოცადოს და რიგ შემთხვევებში ჩვენი რწმენაც კი. როგორ დაგვეხმარება აბრაამის მაგალითი, რომ მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას დანაპირების შესრულებას? რა დახმარებას გაგვიწევს ამ მხრივ თანამედროვე ღვთის მსახურების მაგალითები?

^ აბზ. 14 ძმა არისტოტელე აპოსტოლიდის ბიოგრაფია იხილეთ 2002 წლის 1-ლი თებერვლის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 24—28.

^ აბზ. 56 სურათის აღწერა: ხანში შესული ცოლ-ქმარი სირთულეების მიუხედავად ერთგულად განაგრძობს იეჰოვას მსახურებას. იეჰოვას დანაპირებზე ფიქრი მათ მტკიცე რწმენის შენარჩუნებაში ეხმარება.