არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 35

დააფასეთ თითოეული და-ძმის ადგილი კრებაში

დააფასეთ თითოეული და-ძმის ადგილი კრებაში

„თვალი ვერ ეტყვის ხელს, არ მჭირდებიო, ვერც თავი ეტყვის ფეხებს, არ მჭირდებითო“ (1 კორ. 12:21).

სიმღერა 124 მუდამ ერთგულები

მოკლე შინაარსი *

1. რა უბოძა იეჰოვამ თავის ერთგულ მსახურებს?

იეჰოვამ სიყვარულიდან გამომდინარე ყველა თავის ერთგულ მსახურს მიუჩინა კრებაში თავისი ადგილი. მართალია, ყველას სხვადასხვა როლი გვაკისრია, მაგრამ ყველანი ძვირფასები ვართ და ერთმანეთს ვსაჭიროებთ. ეს მნიშვნელოვანი აზრი კარგად დაგვანახვა მოციქულმა პავლემაც.

2. ეფესოელების 4:16-ის თანახმად, რატომ უნდა დავაფასოთ და-ძმები და ვითანამშრომლოთ მათთან?

2 როგორც ამ სტატიის წამყვანი მუხლიდან ჩანს, იეჰოვას მსახურები ვერ ვეტყვით ერთმანეთს: „არ მჭირდებიო“ (1 კორ. 12:21). კრებაში მშვიდობიან გარემოს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევუწყობთ ხელს, თუ დავაფასებთ ერთმანეთს და ვითანამშრომლებთ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:16). როცა კრებაში ერთსულოვნება სუფევს, კრება ძლიერდება და მტკიცდება სიყვარულში.

3. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

3 როგორ გამოვხატოთ პატივისცემა კრებაში თანაქრისტიანების მიმართ? ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შეუძლიათ უხუცესებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გამოხატვა. აგრეთვე ვისაუბრებთ, როგორ დავაფასოთ ჩვენი დაუქორწინებელი და-ძმები. ბოლოს კი განვიხილავთ, როგორ მოვეპყროთ პატივისცემით კრებაში მათ, ვინც ჩვენს ენაზე გამართულად ვერ საუბრობს.

უხუცესებო, პატივი ეცით ერთმანეთს

4. რომელი რჩევით უნდა იხელმძღვანელონ უხუცესებმა?

4 კრებაში უხუცესები იეჰოვას წმინდა სულით არიან დანიშნული. თითოეულს სხვადასხვა ნიჭი და უნარი აქვს (1 კორ. 12:17, 18). ზოგი უხუცესი შედარებით ახლაბედა და გამოუცდელია. ზოგსაც ასაკი და ჯანმრთელობა ზღუდავს. როგორც არ უნდა იყოს, ერთმა უხუცესმა მეორეს თავი ისე არ უნდა აგრძნობინოს, თითქოს ეუბნება: „არ მჭირდებიო“. თითოეულმა მათგანმა რომაელების 12:10-ში ჩაწერილი რჩევით უნდა იხელმძღვანელოს (წაიკითხეთ).

უხუცესები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ, როცა ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს (იხილეთ აბზაცები 5, 6).

5. როგორ შეუძლიათ უხუცესებს, პატივისცემა გამოხატონ ერთმანეთის მიმართ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

5 უხუცესები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ, როცა ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა უხუცესთა საბჭო სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად იკრიბება. კარგი რჩევა ეწერა უხუცესებისთვის 1988 წლის 1-ლი ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“: „უხუცესები უნდა აცნობიერებდნენ, რომ წმინდა სულის მეშვეობით ქრისტეს შეუძლია საბჭოს ნებისმიერ უხუცესს გაახსენოს ის ბიბლიური პრინციპი, რომელიც კონკრეტულ სიტუაციას მიესადაგება ან სწორი გადაწყვეტილების მისაღებად გამოდგება (საქ. 15:6—15). წმინდა სული კრების ყველა უხუცესს უწევს ხელმძღვანელობას და არა გამორჩეულად რომელიმეს“.

6. რა დაეხმარება უხუცესებს თანამშრომლობაში და როგორ წაადგება ეს კრებას?

6 უხუცესი, რომელიც პატივს სცემს სხვა უხუცესებს, არ ცდილობს, ყოველთვის თვითონ იყოს საუბრის ინიციატორი უხუცესთა საბჭოს შეხვედრაზე. არც იმას ცდილობს, სულ თვითონ ილაპარაკოს და არც იმას იჩემებს, რომ ყოველთვის მართალია. ის მოკრძალებულად და თავმდაბლად გამოთქვამს თავის მოსაზრებას და ყურადღებით უსმენს სხვებს. რაც მთავარია, ბიბლიური პრინციპების საფუძველზე მსჯელობს და მზად არის, მიჰყვეს „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობას (მათ. 24:45—47). თუ უხუცესები თბილად და პატივისცემით იმსჯელებენ, მაშინ ღვთის წმინდა სული მათთან იქნება და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება, რომლებიც კრების განმტკიცებას მოემსახურება (იაკ. 3:17, 18).

პატივი ეცით დაუქორწინებელ ქრისტიანებს

7. როგორ უყურებდა იესო დაუქორწინებლობას?

7 კრებაში მრავლად გვყავს როგორც ოჯახები, ისე დაუქორწინებელი და-ძმები. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დაუქორწინებელთა მიმართ? როგორ უყურებდა იესო დაუქორწინებლობას? დედამიწაზე ყოფნისას იესო არ დაოჯახებულა. ის მთელ დროსა და ყურადღებას თავისი დავალების შესრულებას უთმობდა. მას არცერთი ქრისტიანისთვის არ წაუყენებია მოთხოვნად დაქორწინება ან დაუქორწინებლობა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ზოგი ქრისტიანი დაუქორწინებლობას აირჩევდა (მათ. 19:11, 12). იესო პატივს სცემდა დაუქორწინებლებს და არ თვლიდა, რომ ისინი რაღაცით დაჩაგრულები და არასრულფასოვნები იყვნენ.

8. როგორც 1 კორინთელების 7:7—9-დან ვხედავთ, რა ურჩია პავლემ ქრისტიანებს?

8 იესოს მსგავსად პავლემაც ისე გალია თავისი ქრისტიანული ცხოვრების გზა, რომ ცოლი არ მოუყვანია. თუმცა მას არასდროს უთქვამს, რომ ქრისტიანი ოჯახის შექმნით რაიმეს დააშავებდა. მას კარგად ესმოდა, რომ ეს ყველას პირადი გადასაწყვეტი იყო. თუმცა მან ქრისტიანები დააფიქრა იმაზე, ხომ არ ღირდა იეჰოვას მსახურებისთვის დაუქორწინებლები დარჩენილიყვნენ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 7:7—9). ის არ თვლიდა, რომ დაუქორწინებელი ქრისტიანები სხვებს რაიმეთი ჩამოუვარდებოდნენ. პავლემ სწორედ ახალგაზრდა დაუქორწინებელი ძმა, ტიმოთე, აირჩია საპასუხისმგებლო საქმის შესასრულებლად * (ფილ. 2:19—22). აშკარაა, ყოვლად უსაფუძვლო იქნება, თუ ვინმე რომელიმე ძმის კომპეტენციას მხოლოდ იმით შეაფასებს, დაოჯახებულია თუ არა (1 კორ. 7:32—35, 38).

9. რა შეხედულება უნდა გვქონდეს ქორწინებაზე და დაუქორწინებლობაზე?

9 არც იესო და არც პავლე არ თვლიდნენ, რომ ქრისტიანისთვის დაქორწინება ან დაუქორწინებლობა სავალდებულოა. ასე რომ, ჩვენ რა შეხედულება უნდა გვქონდეს ამ საკითხზე? 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათლად იყო აღნიშნული: „ქორწინებასაც და დაუქორწინებლობასაც ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ძღვენი, საჩუქარი იეჰოვასგან . . . იეჰოვა არ ფიქრობს, რომ ის, ვინც ამ მდგომარეობაშია [ანუ დაუქორწინებელია], დამცირებული ან უბედურია“. აქედან გამომდინარე, პატივი უნდა ვცეთ დაუქორწინებელ და-ძმებს კრებაში.

რას უნდა მოვერიდოთ, თუ გვინდა, გავუფრთხილდეთ დაუქორწინებელი და-ძმების გრძნობებს? (იხილეთ აბზაცი 10).

10. როგორ უნდა გავითვალისწინოთ დაუქორწინებელი და-ძმების გრძნობები?

10 როგორ უნდა გავითვალისწინოთ დაუქორწინებელი და-ძმების გრძნობები? უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგმა ქრისტიანმა თავად გადაწყვიტა, არ შეექმნა ოჯახი. ზოგიც იმიტომ არ ქორწინდება, რომ შესაფერისი ადამიანი ვერ იპოვა ცხოვრების თანამგზავრად. ზოგიც ქვრივია. ნებისმიერ შემთხვევაში, განა სწორი იქნება, თუ ასეთებს ვკითხავთ, რატომ არ ქორწინდებიან? ან რამდენად კორექტული იქნება, თუ შევეცდებით, მაჭანკლის როლი მოვირგოთ? მეორე მხრივ, შეიძლება ზოგმა დაუქორწინებელმა ქრისტიანმა ითხოვოს კიდეც ამ მხრივ დახმარება. მაგრამ, თუ ჩვენთვის არაფერი უთხოვია, როგორ იგრძნობს თავს დაუქორწინებელი და ან ძმა, თუ მის პირად ცხოვრებაში ჩავერევით? (1 თეს. 4:11; 1 ტიმ. 5:13). მოდი გავიგოთ, რას ფიქრობენ დაუქორწინებელი და-ძმები.

11, 12. რას უნდა მოვერიდოთ, რომ დაუქორწინებელი და-ძმები უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ?

11 ერთი დაუქორწინებელი სარაიონო ზედამხედველი, რომელიც მინდობილ საქმეს კარგად ართმევს თავს, ამბობს, რომ დაუქორწინებლობას ბევრი დადებითი მხარე აქვს. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ თავს უხერხულად გრძნობს, როცა კეთილმოსურნე და-ძმები ეკითხებიან, რატომ არ მოჰყავს ცოლი. კიდევ ერთი დაუქორწინებელი ძმა, რომელიც ფილიალში მსახურობს, ამბობს: „ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს და-ძმებს ვებრალები იმის გამო, რომ ცოლი არ მყავს. ისე გამოდის, თითქოს დაუქორწინებლობა ძღვენი კი არა, ტვირთია“.

12 ერთი დაუქორწინებელი ბეთელელი და აღნიშნავს: „ზოგ თანაქრისტიანს ჰგონია, რომ ყველა დაუქორწინებელი ქრისტიანი ცხოვრების თანამგზავრს ეძებს ან ნებისმიერ შეკრებაზე მხოლოდ იმიტომ დადის, რომ ვიღაც გაიცნოს. ერთხელ ბეთელის დავალების გამო სხვა ქალაქში მომიწია გამგზავრება. კრების შეხვედრა იმ დღეს ტარდებოდა, როცა ჩავედი. ჩემმა მასპინძელმა მითხრა, რომ მათ კრებაში ჩემი ასაკის ორი ძმა მსახურობდა. ეს და იმაში მარწმუნებდა, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევას არ აპირებდა, არადა, როგორც კი სამეფო დარბაზში შევედით, მაშინვე იმ ორი ძმის გასაცნობად მიმიყვანა. ალბათ ხვდებით, რა უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდით სამივე“.

13. რა ამხნევებს ერთ დაუქორწინებელ დას?

13 კიდევ ერთი დაუქორწინებელი ბეთელელი და ამბობს: „ვიცნობ დიდი ხნის დაუქორწინებელ პიონერებს — საოცრად გონიერ, მიზანდასახულ და გულმოდგინე ხალხს. ღმერთსაც სიხარულით ემსახურებიან და კრებისთვისაც ბევრს ირჯებიან. მათ სწორი შეხედულება აქვთ დაუქორწინებლობაზე. ისინი არც თავიანთი სტატუსის გამო თვლიან თავს სხვებზე უკეთესებად და არც მეუღლისა და შვილების გარეშე ცხოვრებას მიიჩნევენ ტრაგედიად“. კრების ღირსება იმაშია, რომ ყველა გრძნობს პატივისცემასა და სიყვარულს თანაქრისტიანების მხრიდან. ასეთ გარემოში უადგილო სიბრალულს არ ავლენენ ვინმეს მიმართ, არავისი შურთ, არც უყურადღებოდ ტოვებენ ვინმეს და არც განადიდებენ. პატივს ყველას ერთნაირად სცემენ და უყვართ.

14. როგორ გამოვხატოთ პატივისცემა დაუქორწინებლების მიმართ?

14 დაუქორწინებელი და-ძმები მადლიერები დაგრჩებიან, თუ მათ თავიანთი კარგი თვისებების გამო დააფასებთ და არა ოჯახური სტატუსის მიხედვით. ისინი კი არ უნდა შევიბრალოთ, არამედ ერთგულებისთვის უნდა დავაფასოთ. შედეგად, ასეთ და-ძმებს თავს ისე არ ვაგრძნობინებთ, თითქოს ვეუბნებით: „არ მჭირდებიო“ (1 კორ. 12:21). პირიქით, დავარწმუნებთ მათ, რომ პატივს ვცემთ და კრებისთვის ძვირფასებად მივიჩნევთ.

პატივი ეცით მათ, ვინც თქვენს ენაზე გამართულად ვერ საუბრობს

15. რა ცვლილებები მოახდინა ზოგმა მსახურების გასაფართოებლად?

15 ბოლო წლებში ბევრმა მაუწყებელმა მსახურების გასაფართოებლად უცხო ენის შესწავლა დაიწყო. ამის გამო მათ ბევრი რამის შეცვლა დასჭირდათ. იმ უცხოენოვან კრებაში რომ ემსახურათ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, მათ საკუთარი კრების დატოვება მოუწიათ (საქ. 16:9). ამ და-ძმებმა ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მხარი დაეჭირათ სამეფოს ინტერესებისთვის. მართალია, მათ შეიძლება წლები მოანდომონ ახალი ენის შესწავლას, მაგრამ ისინი კრებას მაინც ბევრ რამეში ადგებიან. მათი ქრისტიანული თვისებები და გამოცდილება კრების განმტკიცებას და სტაბილურობას უწყობს ხელს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თავდაუზოგავ და-ძმებს!

16. რის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ უხუცესებმა, შეესაბამება თუ არა ძმა უხუცესობისთვის ან მომსახურეობისთვის საჭირო მოთხოვნებს?

16 უხუცესთა საბჭომ იმ შემთხვევაშიც უნდა გაუწიოს რეკომენდაცია ძმას მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისთვის, თუ ის გამართულად ვერ საუბრობს იმ ენაზე, რომელ ენაზეც კრება ტარდება. უხუცესებმა ძმა იმის მიხედვით უნდა შეაფასონ, აკმაყოფილებს თუ არა უხუცესობისთვის ან მომსახურეობისთვის საჭირო ბიბლიურ მოთხოვნებს და არა იმის მიხედვით, რამდენად გამართულად ლაპარაკობს იმ კრების ენაზე, რომელშიც მსახურობს (1 ტიმ. 3:1—10, 12, 13; ტიტ. 1:5—9).

17. რომელ კითხვებზე უნდა დაფიქრდეს ოჯახი, თუ სხვა ქვეყანაში გადასვლას გეგმავს?

17 ზოგი ქრისტიანი ოჯახთან ერთად სხვა ქვეყანაში გადადის, რათა თავი დააღწიოს რთულ მდგომარეობას ან სამსახური იშოვოს. ასეთ შემთხვევაში მათ შვილებს, სავარაუდოდ, მოუწევთ იმ სკოლაში სიარული, სადაც სწავლა სახელმწიფო ენაზე მიმდინარეობს. ადგილობრივი ენის სწავლა მშობლებსაც მოუწევთ, სამსახური რომ იშოვონ. როგორ უნდა მოიქცეს ოჯახი, თუ იმ ქვეყანაში კრება ან ჯგუფი შეხვედრებს მათ მშობლიურ ენაზე ატარებს? რომელ კრებას უნდა დაესწროს ოჯახი — იმას, რომელიც ადგილობრივ ენაზე ტარდება თუ მათ მშობლიურ ენაზე?

18. გალატელების 6:5-ის თანახმად, როგორ ვცეთ პატივი ოჯახისთავის გადაწყვეტილებას?

18 ოჯახისთავმა უნდა გადაწყვიტოს, რომელ ენაზე დაესწრება კრებას ოჯახთან ერთად. ვინაიდან ეს პირადი არჩევანის საკითხია, მან უნდა გადაწყვიტოს, რა აჯობებს მისი ოჯახისთვის (წაიკითხეთ გალატელების 6:5). ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ოჯახისთავის გადაწყვეტილებას. რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოს მან, ჩვენ მზად ვართ, გულთბილად მივიღოთ ის და მისი ოჯახი კრებაში (რომ. 15:7).

19. რა უნდა აწონ-დაწონოს ოჯახისთავმა ლოცვით?

19 შესაძლოა ოჯახი იმ კრებას ესწრება, რომელიც მათ მშობლიურ ენაზე ტარდება, მაგრამ ბავშვებმა კარგად არ იციან ეს ენა. ამასთანავე, თუ ამ კრების შეხვედრები იმ რაიონში ტარდება, სადაც უმეტესობა სახელმწიფო ენაზე საუბრობს, ბავშვებს გაუჭირდებათ პროგრამის გაგება და სულიერი ზრდა. ამის მიზეზი ის არის, რომ სკოლაში ისინი სახელმწიფო ენაზე სწავლობენ და არა მშობლების ენაზე. ასეთ დროს ოჯახისთავმა ლოცვით უნდა აწონ-დაწონოს, რა დაეხმარება მის შვილებს იეჰოვასთან და კრებასთან დაახლოებაში. მშობლები შვილებს ან მშობლიური ენის შესწავლაში უნდა დაეხმარონ ან იმ კრებაში უნდა გადავიდნენ, რომლის შეხვედრებიც ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე ტარდება. რომელ კრებაშიც არ უნდა გადაწყვიტოს ოჯახისთავმა გადასვლა, კრებამ უნდა დააფასოს მისი არჩევანი და გულთბილად მიიღოს ის და მისი ოჯახი.

როგორ ვაჩვენოთ, რომ ვაფასებთ მათ, ვინც უცხო ენას სწავლობს? (იხილეთ აბზაცი 20).

20. როგორ ვაჩვენოთ, რომ გვიყვარს და ვაფასებთ ჩვენს და-ძმებს, რომლებიც უცხო ენას სწავლობენ?

20 ზემოთ განხილულ მიზეზთა გამო მრავალ კრებაში არიან ისეთი და-ძმები, რომლებიც უცხო ენას სწავლობენ და ამიტომ აზრის თავისუფლად გამოხატვა უჭირთ. ნაცვლად იმისა, რომ მათ ენობრივ შეცდომებზე გავაკეთოთ აქცენტი, აჯობებს, იეჰოვასადმი მათ სიყვარულსა და მსახურების სურვილზე გავამახვილოთ ყურადღება. თუ თანაქრისტიანებში კარგ თვისებებს დავაფასებთ, მეტი სიყვარულითა და პატივისცემით განვეწყობით მათ მიმართ. თავს ისე არ ვაგრძნობინებთ, თითქოს არ გვჭირდებიან ისინი, რადგან ჩვენს ენაზე გამართულად ვერ მეტყველებენ.

ყველანი ძვირფასი ვართ იეჰოვასთვის

21, 22. რა პატივი დაგვდო იეჰოვამ?

21 იეჰოვამ ყველას დიდი პატივი დაგვდო და კრებაში ჩვენ-ჩვენი ადგილი მოგვიჩინა. ქალი თუ კაცი, დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, ახალგაზრდა თუ ხანში შესული, ენის კარგი მცოდნე თუ არმცოდნე, ყველანი ძვირფასი ვართ როგორც იეჰოვასთვის, ისე ერთმანეთისთვის (რომ. 12:4, 5; კოლ. 3:10, 11).

22 მოდი გავითვალისწინოთ ის, რაც პავლემ ადამიანის სხეულის მაგალითით გვასწავლა. ამგვარად კიდევ უფრო დავაფასებთ ჩვენს და სხვების ადგილს ქრისტიანულ კრებაში.

სიმღერა 90 გავამხნეოთ ერთმანეთი

^ აბზ. 5 ღვთის ორგანიზაცია მრავალ განსხვავებულ ადამიანს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა როლს ასრულებენ კრებაში. ეს სტატია დაგვანახვებს, რატომ უნდა დავაფასოთ იეჰოვას ოჯახის თითოეული წევრი.

^ აბზ. 8 დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ტიმოთე არასდროს დაქორწინებულა.