არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 43

იეჰოვა ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას

იეჰოვა ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას

«„არც ჯარითა და არც ძალით, არამედ ჩემი სულით“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა» (ზაქ. 4:6).

სიმღერა 40 ვის ვეკუთვნით?

მოკლე შინაარსი *

1. რა მართებთ მონათლულ ქრისტიანებს?

თუ მონათლული ხართ, გამოდის, რომ საჯაროდ დაადასტურეთ იეჰოვასადმი რწმენა და გამოხატეთ მის ორგანიზაციასთან * ერთად მსახურების სურვილი. თუმცა ღვთისადმი თქვენს რწმენას მუდმივად სჭირდება გაძლიერება. გარდა ამისა, იმის რწმენაც უნდა გაიძლიეროთ, რომ იეჰოვა დღესაც ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას.

2, 3. როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა დღეს თავის ორგანიზაციას?

2 იეჰოვას ყოველ საქმეში ჩანს მისი პიროვნული თვისებები, განზრახვები და მორალური პრინციპები. შესაბამისად, ეს ყველაფერი იმაზეც აისახება, თუ როგორ უწევს ის ხელმძღვანელობას თავის ორგანიზაციას. განვიხილოთ ამის დამადასტურებელი სამი მხარე.

3 პირველი, „ღმერთი მიუკერძოებელია“ (საქ. 10:34). სიყვარულმა აღძრა იეჰოვა, რომ თავისი ძე გამოსასყიდად გაეღო განურჩევლად ყველასთვის (1 ტიმ. 2:6; იოან. 3:16). ის თავისი ხალხის მეშვეობით აცხადებს სასიხარულო ცნობას, რათა ქრისტეს მსხვერპლმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუტანოს სიკეთე. მეორე, იეჰოვა წესრიგისა და მშვიდობის მოყვარული ღმერთია (1 კორ. 14:33, 40). შესაბამისად, მის თაყვანისმცემლებს წესრიგისა და მშვიდობის სიყვარული მოეთხოვებათ. მესამე, იეჰოვა „დიდებული მოძღვარია“ (ეს. 30:20, 21). ამიტომ მის ორგანიზაციაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიბლიის სწავლებას, როგორც კრებაში, ისე საჯაროდ მსახურების დროს. როგორ ვლინდებოდა პირველი საუკუნის კრებაში იეჰოვას პიროვნებისთვის დამახასიათებელი ეს სამი მხარე და როგორ ვლინდება ეს დღევანდელ ქრისტიანულ კრებაში? როგორ დაგეხმარებათ წმინდა სული, რომ იეჰოვას მის ორგანიზაციასთან ერთად ემსახუროთ?

ღმერთი მიუკერძოებელია

4. საქმეების 1:8-ის თანახმად, რა საქმე გადააბარა იესომ თავის მოწაფეებს და რა დასჭირდებოდათ მათ?

4 პირველი საუკუნე. ცნობა, რომელსაც იესო ქადაგებდა, მთელ კაცობრიობას უსახავდა იმედს (ლუკ. 4:43). მან ქადაგების საქმე თავის მიმდევრებს გადააბარა, რათა სასიხარულო ცნობა „დედამიწის კიდით კიდემდე“ ეუწყებინათ (წაიკითხეთ საქმეების 1:8). ცხადია, ისინი ამ საქმეს საკუთარი ძალით თავს ვერ გაართმევდნენ. მათ იესოს მიერ აღთქმული „დამხმარე“ ანუ წმინდა სული დასჭირდებოდათ (იოან. 14:26; ზაქ. 4:6).

5, 6. როგორ დაეხმარა წმინდა სული იესოს მიმდევრებს?

5 იესოს მიმდევრებმა წმინდა სული ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მიიღეს. ამ სულის დახმარებით ისინი მაშინვე შეუდგნენ ქადაგებას და ძალიან მალე მორწმუნეთა რიგებს ათასობით ადამიანი შეუერთდა (საქ. 2:41; 4:4). როცა წინააღმდეგობას შეხვდნენ, მოწაფეები კი არ შეშინდნენ, არამედ იეჰოვას მიმართეს ლოცვით: „ძალა მიეცი შენს მონებს, რომ შენი სიტყვა გაბედულად ილაპარაკონ“. ისინი წმინდა სულით აღივსნენ და განაგრძეს „ღვთის სიტყვის გაბედულად ქადაგება“ (საქ. 4:18—20, 29, 31).

6 იესოს მოწაფეები სხვა სირთულეებსაც შეხვდნენ. მაგალითად, ბევრ მათგანს ხელი არ მიუწვდებოდა წმინდა წერილების ასლებზე. ჩვენგან განსხვავებით მათ არც შესწავლაში დამხმარე საშუალებები ჰქონდათ. ამ ყველაფერს კი ისიც ემატებოდა, რომ მათ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხთან უნდა ექადაგათ. ხელის შემშლელი ფაქტორების მიუხედავად, ამ გულანთებულმა მოწაფეებმა ერთი შეხედვით შეუძლებელი რამ შეძლეს — დაახლოებით 30 წელში სასიხარულო ცნობა უქადაგეს „ყველა ხალხს ცისქვეშეთში“ (კოლ. 1:6, 23).

7. როგორ მიხვდნენ დაახლოებით 100 წლის წინ იეჰოვას მსახურები, რას მოითხოვდა ღმერთი მათგან და რა გააკეთეს მათ?

7 თანამედროვე ეპოქა. იეჰოვა დღესაც ხელმძღვანელობს და აძლიერებს თავის ხალხს. ის, ძირითადად, ამას თავის სულით შთაგონებული სიტყვის მეშვეობით აკეთებს. ბიბლიამ შემოგვინახა ცნობები იესოს მსახურებისა და იმ დავალების შესახებ, რომელიც მან თავის მიმდევრებს მისცა (მათ. 28:19, 20). ჯერ კიდევ 1881 წლის ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „ღმერთმა იმიტომ კი არ გვცხო და მოგვიწოდა, რომ დიდება მიგვეღო ადამიანთაგან ან სიმდიდრე დაგვეგროვებინა, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერი გაგვეღო სასიხარულო ცნობის საქადაგებლად“. 1919 წელს გამოცემულ ბროშურაში „ვის მიენდო უფლის საქმე“ აღნიშნული იყო: „წინ გრანდიოზული საქმე გველის, მაგრამ რაკი ეს უფლის საქმეა, ის მოგვცემს ძალას მის შესასრულებლად“. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად ეს გაბედული და-ძმებიც მთელ გულს დებდნენ საქმეში და დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით ყველანაირ ადამიანს უქადაგებდნენ. წმინდა სულის მხარდაჭერაში დღესაც შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული.

იეჰოვას ორგანიზაცია საუკეთესო საშუალებებს იყენებდა და იყენებს სასიხარულო ცნობის საქადაგებლად (იხილეთ აბზაცები 8, 9).

8, 9. რა მეთოდი დანერგა იეჰოვას ორგანიზაციამ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად?

8 იეჰოვას ორგანიზაცია საუკეთესო საშუალებებს იყენებდა და იყენებს სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად. მაგალითად, ბეჭდურ პუბლიკაციებს, „შემოქმედების ფოტოდრამას“, გრამოფონებს, რუპორებიან ავტომობილებს, რადიოს, ციფრულ მოწყობილობებსა და ინტერნეტს. გარდა ამისა, ღვთის ორგანიზაცია უპრეცედენტო მთარგმნელობით საქმიანობას უწევს ორგანიზებას, რათა სასიხარულო ცნობა მშობლიურ ენაზე მოისმინოს ყველანაირმა ადამიანმა. იეჰოვამ, მიუკერძოებელმა ღმერთმა, იწინასწარმეტყველა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგებოდა „ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს“ (გამოცხ. 14:6, 7). მას სურს, რომ სამეფოს ცნობა ყველას ყურს მისწვდეს.

9 როგორ მივაწვდინოთ ხმა მათ, ვინც დაცულ შენობებში ცხოვრობს? ამ საკითხის გადასაჭრელად იეჰოვას ორგანიზაციამ საჯაროდ ქადაგების სხვადასხვა მეთოდი მოსინჯა. მაგალითად, ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით 2001 წელს საფრანგეთსა და მოგვიანებით კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მოისინჯა ლიტერატურის გავრცელება სტენდებითა თუ სხვა მსგავსი საშუალებებით. ამ წამოწყებას კარგი გამოხმაურება მოჰყვა. 2011 წელს ნიუ-იორკის (აშშ) ხალხმრავალ უბნებში იეჰოვას მოწმეებმა ამ ახალი მეთოდით დაიწყეს ქადაგება. აღსანიშნავია, რომ პირველ წელს 102 129 წიგნი და 68 911 ჟურნალი გავრცელდა, ხოლო 4 701-მა ადამიანმა ბიბლიის შესწავლა მოითხოვა. აშკარა იყო, რომ იეჰოვა თავისი წმინდა სულით უჭერდა მხარს ამ საქმეს. ამიტომ ხელმძღვანელმა საბჭომ მთელ მსოფლიოში დანერგა ქადაგების ეს ახალი მეთოდი.

10. როგორ გავიუმჯობესოთ ქადაგებისა და სწავლების უნარი?

10 ჩვენგან რა მოითხოვება. სრულად ისარგებლეთ იმ სასწავლო პროგრამით, რომელსაც იეჰოვა ქრისტიანული შეხვედრების მეშვეობით გვთავაზობს. რეგულარულად იქადაგეთ თქვენს სამქადაგებლო ჯგუფთან ერთად. და-ძმებთან თანამშრომლობა გაგამხნევებთ და დაგეხმარებათ, უკეთესი მქადაგებელი და მასწავლებელი გახდეთ. არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს და განაგრძეთ მსახურება. როგორც ამ სტატიის წამყვანი მუხლიდან ჩანს, ღვთის ნებას საკუთარი ძალით კი არა, იეჰოვას წმინდა სულით ვასრულებთ (ზაქ. 4:6). ეს ღვთის საქმეა, ამიტომაც გვჯერა, რომ ის თავად გვიჭერს მხარს ამ საქმეში.

იეჰოვა წესრიგისა და მშვიდობის მოყვარული ღმერთია

11. როგორ შეუწყო ხელი პირველი საუკუნის ხელმძღვანელმა საბჭომ ღვთის ხალხს შორის წესრიგის არსებობას?

11 პირველი საუკუნე. პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს ერთსულოვნებამ დიდად შეუწყო ხელი ღვთის ხალხს შორის წესრიგისა და მშვიდობის არსებობას (საქ. 2:42). მაგალითად, როცა ახ. წ. 49 წელს წინადაცვეთის საკითხი წამოიჭრა, ხელმძღვანელმა საბჭომ ეს საკითხი წმინდა სულის ხელმძღვანელობით განიხილა. ფაქტია, თუ კრებაში აზრთა სხვადასხვაობა იქნებოდა, ეს სამქადაგებლო საქმეს შეაფერხებდა. მართალია, მოციქულები და უხუცესები, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოში შედიოდნენ, ებრაელები იყვნენ, მაგრამ მათ გადაწყვეტილება თავიანთი ტრადიციული შეხედულებების ან წინადაცვეთის მომხრეთა გავლენით არ მიუღიათ. სწორ დასკვნამდე მისვლაში მათ ღვთის სიტყვა და წმინდა სულის ხელმძღვანელობა დაეხმარა (საქ. 15:1, 2, 5—20, 28). შედეგად, იეჰოვამ აკურთხა მათი გადაწყვეტილება და კრებაში მშვიდობამ და ერთობამ დაისადგურა. ამ ყველაფერმა კი სამქადაგებლო საქმის წინსვლას შეუწყო ხელი (საქ. 15:30, 31; 16:4, 5).

12. რა მეტყველებს იმაზე, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში წესრიგი და მშვიდობაა?

12 თანამედროვე ეპოქა. იეჰოვას ორგანიზაცია იღვწის, რომ ღვთის ხალხს შორის მშვიდობა და წესრიგი იყოს. ჯერ კიდევ 1895 წლის 15 ნოემბრის ჟურნალში „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“ დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით „როგორც წესი და რიგი მოითხოვს“, რომელიც დაფუძნებული იყო 1 კორინთელების 14:40-ზე. იქ ეწერა: «მოციქულებმა არაერთი მითითება მისცეს პირველი საუკუნის ეკლესიას წესრიგის თაობაზე . . . ამიტომ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ყველაფერს, „რაც უწინ დაიწერა ჩვენდა სამოძღვრებლად“» (რომ. 15:4). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, დღესაც იეჰოვას ორგანიზაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კრებაში წესრიგისა და მშვიდობის არსებობას. თვალსაჩინოებისთვის: თუ „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას სხვა კრებაში დაესწრებით, თუნდაც სხვა ქვეყანაში, თქვენთვის უცხო ნამდვილად არ იქნება, როგორ ჩატარდება შესწავლა და რა სტატია განიხილება. ეს თავის მხრივ შინაურულად და თავისუფლად გაგრძნობინებთ თავს. ასეთი ერთსულოვნება მხოლოდ წმინდა სულის მეშვეობით მიიღწევა (სოფ. 3:9).

13. იაკობის 3:17-დან გამომდინარე, რაზე უნდა დავფიქრდეთ?

13 ჩვენგან რა მოითხოვება. იეჰოვას სურს, რომ „მშვიდობა გქონდეთ და ამგვარად შეინარჩუნოთ ღვთის სულით ბოძებული ერთიანობა“ (ეფეს. 4:1—3). დაფიქრდით: „ხელს ვუწყობ კრებაში მშვიდობასა და ერთობას? ვემორჩილები მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია? შეუძლიათ და-ძმებს ჩემი იმედი ჰქონდეთ, მით უმეტეს, თუ პასუხისმგებლობა მაკისრია კრებაში? მიყვარს საქმის დროულად კეთება და მზად ვარ სხვების დასახმარებლად?“ (წაიკითხეთ იაკობის 3:17). თუ ფიქრობთ, რომ ამ სფეროებში გაუმჯობესება გჭირდებათ, სთხოვეთ ღმერთს წმინდა სული. რაც უფრო მეტად დაჰყვებით წმინდა სულის მოქმედებას და პიროვნულად დაიხვეწებით, მით უფრო შეგიყვარებენ და დაგაფასებენ და-ძმები.

იეჰოვა გვასწავლის და ყოველმხრივ აღგვჭურავს

14. კოლოსელების 1:9, 10-ის თანახმად, რა სჭირდებოდათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს და როგორ იზრუნა იეჰოვამ ამაზე?

14 პირველი საუკუნე. იეჰოვა სიხარულით ასწავლის თავის ხალხს (ფსალმ. 32:8). მას სურს, გავიცნოთ ის, შევიყვაროთ და მარადიულად ვიცხოვროთ. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა სულიერი განათლების გარეშე (იოან. 17:3). იეჰოვამ პირველი საუკუნის კრება გამოიყენა თავისი ხალხის დასამოძღვრად (წაიკითხეთ კოლოსელების 1:9, 10). იესოს დაპირებულმა წმინდა სულმა ანუ „დამხმარემ“ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ამ საქმეში (იოან. 14:16). წმინდა სულის დახმარებით მოწაფეებმა უფრო ღრმად ჩაიხედეს ღვთის სიტყვაში და გაიხსენეს იესოს სიტყვები თუ საქმეები, რომლებიც მოგვიანებით სახარებებში ჩაიწერა. მიღებულმა ცოდნამ პირველ ქრისტიანებს რწმენასთან ერთად ღვთისადმი, მისი ძისადმი და ერთმანეთისადმი სიყვარული გაუძლიერა.

15. თქვენ რა გარწმუნებთ, რომ იეჰოვა ასრულებს ესაიას 2:2, 3-ში ჩაწერილ დაპირებას?

15 თანამედროვე ეპოქა. წინასწარმეტყველების თანახმად, „უკანასკნელ დღეებშიყველა ერის ხალხი იეჰოვას სიმბოლური მთისკენ წავიდოდა, რათა მისი გზები ესწავლათ (წაიკითხეთ ესაიას 2:2, 3). ეს წინასწარმეტყველება დღეს ჩვენ თვალწინ სრულდება. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა გამოირჩევა ყველა სხვა თაყვანისმცემლობისგან. იეჰოვა მასთან მისულთ სულიერ ნადიმს უმართავს (ეს. 25:6). „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით ის არა მხოლოდ უხვ, არამედ ნაირფეროვან სულიერ საზრდოს გვთავაზობს, მაგალითად სტატიების, მოხსენებებისა და ანიმაციური თუ სხვა ვიდეოების სახით (მათ. 24:45). ამის შემხედვარე ისეთივე განცდა გვეუფლება, როგორიც იობის მეგობარ ელიჰუს, რომელმაც იეჰოვაზე თქვა: „ვინ არის მისნაირი მოძღვარი?!“ (იობ. 36:22).

გულამდე მიიტანეთ ჭეშმარიტება და გაითავისეთ (იხილეთ აბზაცი 16). *

16. რა არის საჭირო სულიერი ზრდისთვის?

16 ჩვენ რა მოგვეთხოვება. წმინდა სული დაგვეხმარება, რომ ღვთის სიტყვიდან ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ. თქვენც ითხოვეთ ფსალმუნმომღერალივით: „შენი გზით სიარული მასწავლე, იეჰოვა. ვივლი შენი ჭეშმარიტებით. გაუყოფელი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“ (ფსალმ. 86:11). კვლავაც ისაზრდოეთ იმ სულიერი საკვებით, რომელსაც იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვაწვდის. ცხადია, თქვენი მიზანი მხოლოდ ცოდნის შეძენა კი არ უნდა იყოს, არამედ მოსმენილის გულამდე მიტანა და გათავისება. ამაში იეჰოვას სული დაგეხმარებათ. თქვენი მიზანი და-ძმების გამხნევებაც უნდა იყოს, რადგან ისინი ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან (ებრ. 10:24, 25). სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული, რომ კრებაზე თავისუფლად შეძლოთ თქვენი აზრების გამოხატვა კომენტარებში და მაქსიმალურად ხარისხიანად წარმოადგინოთ თქვენი დავალებები. ასეთი სახით დაუმტკიცებთ იეჰოვას და მის ძეს, რომ გიყვართ მათი ძვირფასი „ცხვარი“ (იოან. 21:15—17).

17. როგორ შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ იეჰოვას ორგანიზაციას?

17 მალე დედამიწაზე მხოლოდ ღვთის სულით მოქმედი ორგანიზაცია დარჩება. ასე რომ, გულმოდგინედ დაუჭირეთ მხარი იეჰოვას ორგანიზაციას. მიჰბაძეთ იეჰოვას მიუკერძოებლობაში და განურჩევლად ყველას უქადაგეთ სასიხარულო ცნობა. იეჰოვას მსგავსად თქვენც გიყვარდეთ წესრიგი და მშვიდობა და ამგვარად ხელი შეუწყვეთ კრების ერთიანობას. მოუსმინეთ დიდებულ მოძღვარს და ისარგებლეთ ყველა იმ საშუალებით, რასაც ის ჩვენი სულიერი ზრდისთვის იყენებს. ამგვარად, როცა სატანის ქვეყნიერების აღსასრული მოაწევს, შიში კი არ შეგიპყრობთ, არამედ გაბედულად დადგებით მათ შორის, ვინც ერთგულად ემსახურება იეჰოვას მის ორგანიზაციასთან ერთად.

სიმღერა 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

^ აბზ. 5 გჯერათ, რომ იეჰოვა დღესაც ხელმძღვანელობს თავის ორგანიზაციას? ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ უწევდა იეჰოვა პირველი საუკუნის კრებას ხელმძღვანელობას და დღეს როგორ ხელმძღვანელობს თავის ხალხს.

^ აბზ. 1 განმარტება: იეჰოვას ორგანიზაცია ზეციერი და მიწიერი ნაწილისგან შედგება. ამ სტატიაში სიტყვა „ორგანიზაცია“ გულისხმობს მიწიერ ნაწილს.

^ აბზ. 52 სურათის აღწერა: პიონერმა დამ ვიდეორგოლების ყურების შემდეგ გადაწყვიტა, იქ ემსახურა, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. საბოლოოდ მან მიაღწია თავის მიზანს და გადავიდა ასეთ ტერიტორიაზე.