არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 47

მზად ხართ ცვლილებების მოსახდენად?

მზად ხართ ცვლილებების მოსახდენად?

„ბოლოს, ძმებო, კვლავაც იხარეთ, გამოსწორდით“ (2 კორ. 13:11).

სიმღერა 54 „ეს არის გზა“

მოკლე შინაარსი *

1. მათეს 7:13, 14-ის თანახმად, რა გაგებით ვადგავართ გზას?

ყველა გზას ვადგავართ. ჩვენი საბოლოო „დანიშნულების ადგილი“ ახალი ქვეყნიერებაა, სადაც იეჰოვა სიყვარულით იმმართველებს ჩვენზე. ჩვენ ყოველდღე ვცდილობთ, დავრჩეთ გზაზე, რომელსაც სიცოცხლემდე მივყავართ. მაგრამ, როგორც იესომ თქვა, ეს გზა ვიწროა და მასზე სიარული ყოველთვის ადვილი არაა (წაიკითხეთ მათეს 7:13, 14). ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, შეიძლება ადვილად გადავუხვიოთ ამ გზიდან (გალ. 6:1).

2. რას განვიხილავთ წინამდებარე სტატიაში? (იხილეთ ჩარჩო  „თავმდაბლობა გვეხმარება, დავრჩეთ ვიწრო გზაზე“)

2 სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე რომ დავრჩეთ, მზად უნდა ვიყოთ ცხოვრებაში ცვლილებების მოსახდენად. მოციქული პავლე მოუწოდებდა კორინთელ ქრისტიანებს, რომ გამოსწორებულიყვნენ (2 კორ. 13:11). მისი სიტყვები ჩვენც გვეხება. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, თუ როგორ დაგვეხმარება ბიბლია ცვლილებების მოხდენაში და რა დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ მოწიფულ თანაქრისტიანებს, რომ დავრჩეთ სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როდის შეიძლება გაგვიძნელდეს იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გაწეული ხელმძღვანელობის მიყოლა. შევეხებით იმასაც, თუ როგორ დაგვეხმარება თავმდაბლობა, მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები ისე, რომ იეჰოვას მსახურებაში სიხარული არ დავკარგოთ.

ღვთის სიტყვის დახმარებით შეიცვალეთ აზროვნება

3. რისი ძალა შესწევს ღვთის სიტყვას?

3 საკუთარი ფიქრებისა და გრძნობების გამოკვლევა ადვილი ნამდვილად არაა. ვინაიდან ჩვენი გული ვერაგია, ყოველთვის ადვილი როდია იმის განსაზღვრა, თუ რისკენ გვეწევა ის (იერ. 17:9). შეიძლება თავი მოვიტყუოთ „მცდარი აზროვნებით“ (იაკ. 1:22). ამიტომ გვმართებს, ღვთის სიტყვით შევამოწმოთ საკუთარი თავი. ბიბლია ააშკარავებს ჩვენს შინაგან პიროვნებას, „გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12, 13). ღვთის სიტყვა რენტგენივითაა და ჩვენს შინაგან სამყაროს აშუქებს. თავმდაბლობაა საჭირო იმ რჩევების მისაღებად, რომელთაც ბიბლია ან ხელმძღვანელი ძმები გვაძლევენ.

4. საიდან გამოჩნდა, რომ მეფე საული გაამპარტავნდა?

4 მეფე საულის მაგალითიდან ვხედავთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ არ ვიქნებით თავმდაბლები. იგი იმდენად გაამპარტავნდა, რომ საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა, რომ გამოსწორება სჭირდებოდა (ფსალმ. 36:1, 2; აბაკ. 2:4). ეს მაშინ გამოჩნდა თვალნათლივ, როცა იეჰოვამ საულს კონკრეტული მითითებები მისცა, თუ რა უნდა გაეკეთებინა ამალეკელების დამარცხების შემდეგ, მაგრამ მან წაუყრუა მათ. როდესაც წინასწარმეტყველმა სამუელმა ჩადენილი საქციელის გამო მეფე ამხილა, იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინა შეცდომა, მან საკუთარი თავის მართლება დაიწყო, გააუბრალოვა დანაშაული და სხვებს გადააბრალა (1 სამ. 15:13—24). თუმცა ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა (1 სამ. 13:10—14). სამწუხაროდ, საულს გული გაუკადნიერდა. მან არ შეიცვალა აზროვნება, რის გამოც იეჰოვამ ჯერ შეაგონა, ბოლოს კი უარყო.

5. რისი სწავლა შეგვიძლია მეფე საულის შემთხვევიდან?

5 თუ არ გვინდა, საულის ბედი გავიზიაროთ, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები: როდესაც ღვთის სიტყვაში რჩევას ვხვდები, ხომ არ ვიწყებ საკუთარი თავის გამართლებას? ხომ არ ვაუბრალოებ ჩადენილ საქციელს? სხვებს ხომ არ ვაბრალებ საკუთარ დანაშაულს? თუ ზემოთ მოცემული კითხვებიდან რომელიმეზე პასუხი დადებითია, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა შევიცვალოთ აზროვნება და დამოკიდებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება იმდენად გავამპარტავნდეთ, რომ იეჰოვამ აღარ მოინდომოს ჩვენთან მეგობრობა (იაკ. 4:6).

6. რამდენად განსხვავდებოდა დავითი საულისგან? ახსენით.

6 ყურადღება მიაქციეთ, როგორ განსხვავდებოდა მეფე დავითი თავისი წინამორბედისგან, მეფე საულისგან. დავითს უყვარდა „იეჰოვას კანონი“ (ფსალმ. 1:1—3). მეფე დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა იხსნის თავმდაბლებს, ამპარტავნებს კი ეწინააღმდეგება (2 სამ. 22:28). იგი ცდილობდა, მიჰყოლოდა ღვთის კანონს და შეეცვალა აზროვნება. მან დაწერა: „ხოტბას შევასხამ იეჰოვას, რომელმაც რჩევა მომცა, ღამითაც კი შემაგონებენ ჩემი ფიქრები“ (ფსალმ. 16:7).

ღვთის სიტყვა

ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს, რომ არ გადავიდეთ სწორი გზიდან. თუ თავმდაბლები ვიქნებით, ღვთის სიტყვის მეშვეობით შევიცვლით აზროვნებას (იხილეთ აბზაცი 7).

7. რა მხრივ წაგვადგება თავმდაბლობა?

7 თუ თავმდაბლები ვიქნებით, ღვთის სიტყვის მეშვეობით შევიცვლით აზროვნებას, რომ არასწორმა ფიქრებმა უგუნურ საქციელამდე არ მიგვიყვანოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაგვესმება საჭირო დროს ღვთის სიტყვები, „ეს არის გზა, იარეთ მასზე“, რაც დაგვეხმარება, დავრჩეთ სწორ გზაზე (ეს. 30:21). თუ ყოველთვის მოვუსმენთ იეჰოვას, ეს მრავალმხრივ წაგვადგება (ეს. 48:17). ამგვარად, ერთი მხრივ, თავიდან ავირიდებთ იმ უხერხულობას, რაც მაშინ გვეუფლება, როცა რჩევას გვაძლევენ, მეორე მხრივ კი, უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას, რადგან გავაცნობიერებთ, რომ იგი მოსიყვარულე მამაა, რომელიც გვაძლევს რჩევებს (ებრ. 12:7).

8. როგორც იაკობის 1:22—25-დან ვიგებთ, რა შემთხვევაში იქნება ღვთის სიტყვა ჩვენთვის სარკესავით?

8 ღვთის სიტყვა ჩვენთვის სარკესავითაა (წაიკითხეთ იაკობის 1:22—25). თითოეული ჩვენგანი ყოველ დილით სახლიდან გასვლამდე საკუთარ გარეგნობას სარკეში ვამოწმებთ. ამის წყალობით შეგვიძლია, შესწორება შევიტანოთ ჩვენს გარეგნობაში მანამ, სანამ სხვები მოგვცემენ შენიშვნას. მსგავსად ამისა, თუკი ბიბლიას ყოველდღე წავიკითხავთ, დავინახავთ, რა მხრივ გვმართებს აზროვნებისა და დამოკიდებულების შეცვლა. ბევრისთვის პრაქტიკული აღმოჩნდა ყოველდღიური მუხლის დილით, სახლიდან გასვლამდე, წაკითხვა. შედეგად, მათ შეუძლიათ იფიქრონ წაკითხულზე და მთელი დღის მანძილზე გაითვალისწინონ ღვთის სიტყვიდან მიღებული რჩევები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ გრაფიკში გამოყოფილი გვქონდეს დრო ღვთის სიტყვის კითხვისა და მასზე დაფიქრებისთვის. შეიძლება ეს რჩევა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ მისი გათვალისწინება დაგვეხმარება, დავრჩეთ სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე.

მოუსმინეთ მოწიფულ თანაქრისტიანებს

მოწიფული თანაქრისტიანები

მოწიფულმა თანაქრისტიანმა შესაძლოა რჩევა მოგვცეს. ვიქნებით იმ მეგობრის მადლიერი, რომელსაც ეყო გაბედულება და რჩევა მოგვცა? (იხილეთ აბზაცი 9)

9. როდის შეიძლება დასჭირდეს თანაქრისტიანს თქვენთვის რჩევის მოცემა?

9 ხომ არ დადგომიხართ ცხოვრებაში ისეთ გზას, რომელიც იეჰოვასგან გაშორებდათ? (ფსალმ. 73:2, 3). თუკი რომელიმე მოწიფულ თანაქრისტიანს ეყო გაბედულება და რჩევა მოგცათ, მოუსმინეთ მას და ყურად იღეთ მისი რჩევა? თუ გაითვალისწინეთ მიღებული რჩევა, ესე იგი, მადლიერი ხართ თანაქრისტიანის, რომელმაც ეს რჩევა მოგცათ (იგავ. 1:5).

10. როგორ უნდა მოიქცეთ, თუკი მეგობარი რჩევას გაძლევთ?

10 ღვთის სიტყვა შეგვახსენებს: „მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია“ (იგავ. 27:6). რას ნიშნავს ეს სიტყვები? წარმოიდგინეთ პირობითი სიტუაცია: აპირებთ ქუჩის გადაკვეთას, სადაც გადატვირთული მოძრაობაა და თან ტელეფონს ჩასცქერით. დაიწყეთ ქუჩის გადაკვეთა ისე, რომ არც აგიხედავთ. უცბად მეგობარი მკლავში ხელს გტაცებთ და უკან გექაჩებათ, ტროტუარისკენ. მართალია, მეგობარმა შესაძლოა ისე წაგავლოთ ხელი, რომ მკლავი დაგილურჯდათ, მაგრამ მისი სწრაფი რეაგირების წყალობით გადარჩით. მაშინაც კი, თუ რამდენიმე დღე შეგაწუხებთ ნატკენი მკლავი, გაუნაწყენდებით მეგობარს ამის გამო? რასაკვირველია, არა! პირიქით, მისი მადლიერი იქნებით. მსგავსად ამისა, თუკი მეგობარი გეტყვით, რომ თქვენი საუბარი ან საქციელი ღვთის ნორმებთან შეუსაბამოა, შეიძლება თავიდან გული გეტკინოთ. მაგრამ, თუ გაუნაწყენდებით მეგობარს მოცემული რჩევის გამო, ეს უგუნური საქციელი იქნება (ეკლ. 7:9). პირიქით, ასეთ დროს მადლობელი უნდა იყოთ, რომ მას ეყო გაბედულება და რჩევა მოგცათ.

11. რის გამო შეიძლება უგულებელვყოთ მეგობრისგან მიღებული გონივრული რჩევა?

11 რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი და უგულებელვყოთ მეგობრის მოცემული გონივრული რჩევა? სიამაყემ! როგორც წესი, ამაყი ადამიანები ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ; მათ ყურის მაამებელთა მოსმენა ურჩევნიათ (2 ტიმ. 4:3, 4). ისინი ფიქრობენ, რომ მათი აზრი სხვებისაზე მნიშვნელოვანია, რადგან სხვებზე მაღლა აყენებენ საკუთარ თავს. მაგრამ მოციქულმა პავლემ ასეთი გაფრთხილება მოგვცა: „თუკი ვინმეს თავი რამე ჰგონია, არადა, არაფერს წარმოადგენს, თავს იტყუებს“ (გალ. 6:3). მეფე სოლომონმაც კარგად გაუსვა ხაზი ამ აზრს. მან დაწერა: „ღარიბი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობია მოხუცებულ, მაგრამ უგუნურ მეფეს, რომელიც გაფრთხილებას აღარაფრად აგდებს“ (ეკლ. 4:13).

12. რას ვსწავლობთ მოციქული პეტრეს მაგალითზე, რომლის შესახებაც გალატელების 2:11—14-ში ვკითხულობთ?

12 გაიხსენეთ, როგორ მოიქცა მოციქული პეტრე, როცა ის მოციქულმა პავლემ საჯაროდ გაკიცხა (წაიკითხეთ გალატელების 2:11—14). პეტრე შესაძლოა გაენაწყენებინა პავლეს მიერ პირდაპირ და საჯაროდ მიცემულ რჩევას. მაგრამ მას ეყო გამჭრიახობა და მიიღო პავლეს რჩევა ისე, რომ გულში წყენა არ ჩაუდია. უფრო მეტიც, მან პავლე მოგვიანებით „საყვარელ ძმად“ მოიხსენია (2 პეტ. 3:15).

13. რა უნდა გავითვალისწინოთ, თუკი რჩევის მიცემას გადავწყვეტთ?

13 თუკი გადაწყვეტ, რომ მეგობარს რჩევა მისცე, რა უნდა გაითვალისწინო? პირველ რიგში, უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: „მეტისმეტად მართალი“ ხომ არ ვარ? (ეკლ. 7:16). „მეტისმეტად მართალი“ ადამიანი ხშირ შემთხვევაში ზედმეტად მკაცრია და იეჰოვას ნორმებით კი არა, საკუთარი სიმართლით განსჯის სხვებს. თუკი გამოიკვლევ საკუთარ მოტივებს და მაინც გადაწყვეტ, რომ რჩევა მისცე მეგობარს, ნათლად დასახე პრობლემა და გამოიყენე კითხვები, რომელთა დახმარებითაც მიახვედრებ მას, თუ რა შეცდომა დაუშვა. რჩევა ბიბლიაზე დააფუძნე და ნურც ის დაგავიწყდება, რომ შენი მეგობარი იეჰოვას წინაშეა ანგარიშვალდებული და არა შენ წინაშე (რომ. 14:10). იხელმძღვანელე ღვთის სიტყვიდან მომდინარე სიბრძნით და რჩევის მიცემისას იესოსავით თანამგრძნობი იყავი (იგავ. 3:5; მათ. 12:20). რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ყოველთვის გვახსოვდეს, რომ იეჰოვაც ისე მოგვექცევა, როგორც ჩვენ ვექცევით სხვებს (იაკ. 2:13).

მიჰყევით ღვთის ორგანიზაციის ხელმძღვანელობას

ღვთის ორგანიზაცია

ღვთის ორგანიზაციის წყალობით გვაქვს უამრავი ვიდეო თუ პუბლიკაცია და ორგანიზება ეწევა კრების შეხვედრების ჩატარებას. ეს ყოველივე გვეხმარება, ყურად ვიღოთ ღვთის სიტყვიდან მომდინარე რჩევები. ხელმძღვანელი საბჭო დროდადრო ორგანიზაციულ ცვლილებებს ახდენს. (იხილეთ აბზაცი 14)

14. რა საქმეს ასრულებს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი?

14 იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის მეშვეობით სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე მიგვიძღვის; მისი ორგანიზაციის წყალობით გვაქვს უამრავი ვიდეო თუ პუბლიკაცია და ორგანიზება ეწევა კრების შეხვედრების ჩატარებას. ეს ყოველივე გვეხმარება, ყურად ვიღოთ ღვთის სიტყვიდან მომდინარე რჩევები. სწავლაში დამხმარე ყველა ეს საშუალება ღვთის სიტყვას ეფუძნება. იმის განსასაზღვრავად, თუ როგორ უნდა შესრულდეს სამქადაგებლო საქმე უკეთ, ხელმძღვანელი საბჭო განუხრელად მიჰყვება წმინდა სულის ხელმძღვანელობას. და მაინც, ეს ხელმძღვანელი ძმები დროდადრო გადახედავენ ხოლმე მიღებულ გადაწყვეტილებებს, რათა საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები მოახდინონ. მათ ესმით, რომ „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“ და ამიტომ ფეხს უწყობენ სიახლეებს (1 კორ. 7:31).

15. რასთან შეგუება შეიძლება გაუჭირდეს ზოგ მაუწყებელს?

15 უდავოდ, ჩვენ მზადყოფნით მივყვებით ბიბლიაზე დაფუძნებულ ხელმძღვანელობას, რომელიც ბიბლიური მოძღვრებების განახლებულ ახსნასა თუ ზნეობრივ საკითხებს ეხება. მაგრამ როგორ ვრეაგირებთ, როცა საქმე ორგანიზაციულ ცვლილებებზე მიდგება? მაგალითად, ბოლო წლებში დარბაზების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ხარჯები საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც ხელმძღვანელი საბჭოსგან მივიღეთ მითითება, რომ რაც შეიძლება მეტ კრებას ესარგებლა ერთი დარბაზით. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ზოგი კრება გაერთიანდა და ზოგი დარბაზი გაიყიდა. დაზოგილი თანხა ხმარდება დარბაზების მშენებლობას ისეთ ადგილებში, სადაც კვლავაც ამის საჭიროება დგას. თუ ეს ორგანიზაციული ცვლილება თქვენც შეგეხოთ, შეიძლება გაგიჭირდათ მასთან შეგუება. ზოგ მაუწყებელს შესაძლოა კრების შეხვედრებზე დასასწრებად უფრო გრძელი გზის გავლა უწევს. ზოგსაც, ვინც მონაწილეობა მიიღო დღეს უკვე გაყიდული დარბაზების მშენებლობასა თუ მოვლა-პატრონობაში, შესაძლოა დაეუფლოს განცდა, რომ სულ ტყუილად გაისარჯა. ყველაფრის მიუხედავად, ისინი მხარს უჭერენ ამ ცვლილებებს, რის გამოც ქებას იმსახურებენ.

16. როგორ დაგვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში კოლოსელების 3:23, 24-ში ჩაწერილი რჩევის გათვალისწინება?

16 სიხარულს იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ, თუ გვემახსოვრება, რომ ჩვენ იეჰოვასთვის ვშრომობთ და რომ მის ხელშია ამ ორგანიზაციის მართვის სადავეები (წაიკითხეთ კოლოსელების 3:23, 24). ჩვენთვის კარგი მაგალითია მეფე დავითი, რომელსაც ტაძრის მშენებლობისთვის არ დაუშურებია სახსრები. მან თქვა: „ვინ ვარ მე და ვინ არის ჩემი ხალხი, რომ ამდენის გაღება შევძელით?! ყველაფერი შენგანაა და შენგანვე ბოძებული მოგეცით“ (1 მატ. 29:14). როცა იეჰოვასთვის შესაწირავს ვიღებთ, მას, რეალურად, იმას ვუბრუნებთ, რაც თავად მოგვცა. მიუხედავად ამისა, იეჰოვა დიდად აფასებს დროს, ენერგიასა და სახსრებს, რომელსაც მისი საქმის შესრულებას ვახმართ (2 კორ. 9:7).

დარჩით ვიწრო გზაზე

17. რატომ არ უნდა გაგიტყდეთ გული, თუკი ხედავთ ცვლილებების მოხდენის საჭიროებას?

17 სიცოცხლისკენ მიმავალ ვიწრო გზაზე რომ დავრჩეთ, ფეხდაფეხ უნდა მივყვეთ იესოს ნაკვალევს (1 პეტ. 2:21). თუ ამჩნევთ, რომ არსებობს საფრთხე, გადახვიდეთ სწორი გზიდან, გული ნუ გაგიტყდებათ. თუ ცვლილებების მოხდენის საჭიროებას ხედავთ, ეს არაა ცუდი, რადგან ეს ცხადყოფს, რომ გსურთ, ერთგულად მიჰყვეთ იეჰოვას ხელმძღვანელობას. გახსოვდეთ, იეჰოვა არ მოელის ჩვენგან, არასრულყოფილი ადამიანებისგან, რომ სრულყოფილად შევძლებთ იესოს მაგალითის მიყოლას.

18. რა უნდა გავაკეთოთ „დანიშნულების ადგილამდე“ მისაღწევად?

18 დაე მზერა მომავლისკენ მივაპყროთ და ყოველთვის მზად ვიყოთ ცხოვრებაში ცვლილებების მოსახდენად (იგავ. 4:25; ლუკ. 9:62). მოდი დავრჩეთ თავმდაბლები და როგორც პავლე მოციქულმა მოგვიწოდა, კვლავაც ვიხაროთ და გამოვსწორდეთ (2 კორ. 13:11). თუ ასე მოვიქცევით, „სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი“ ჩვენთან იქნება. ამ შემთხვევაში მხოლოდ „დანიშნულების ადგილზე“ ჩასვლით კი არ გავიხარებთ, არამედ დღესვე ბედნიერები ვიქნებით!

სიმღერა 34 ვიაროთ უმწიკვლოდ

^ აბზ. 5 ზოგისთვის შეიძლება ძალიან რთული იყოს ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენა. წინამდებარე სტატია ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა დაგვეხმარება, მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები ისე, რომ სიხარული არ დავკარგოთ.

^ აბზ. 76 სურათის აღწერა: ახალგაზრდა ძმა ჩადენილი შეცდომის შესახებ უყვება უფროსი ასაკის ძმას. ისიც მშვიდად უსმენს და ფიქრობს, სჭირდება თუ არა მას რჩევის მიცემა.