არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 50

„როგორ აღდგებიან მკვდრები?“

„როგორ აღდგებიან მკვდრები?“

„სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება?! სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?!“ (1 კორ. 15:55).

სიმღერა 141 სიცოცხლის სასწაული

მოკლე შინაარსი *

1, 2. რატომ უნდა აინტერესებდეს ყველა ქრისტიანს ზეციური აღდგომის შესახებ მეტის გაგება?

დღეს იეჰოვას მსახურთა უმეტესობას დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვს. ცხებულ ქრისტიანთა იმ ნაწილს, რომლებიც დედამიწაზე არიან დარჩენილნი, ზეციური აღდგომის იმედი გააჩნიათ. მართალია, ცხებულ ქრისტიანებს გულით სურთ, მეტი შეიტყონ ზეციერ ცხოვრებაზე, მაგრამ რისი თქმა შეიძლება მიწიერი ცხოვრების მოიმედეებზე? მათაც უნდა აინტერესებდეთ, თუ როგორი ცხოვრება ელით ცხებულებს ზეცაში? რასაკვირველია! ეს სტატია დაგვანახვებს, რომ ცხებულების ზეცაში აღდგომის შედეგად „სხვა ცხვარიც“ იღებს კურთხევებს. ამგვარად, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ეს საკითხი ყველას უნდა გვაინტერესებდეს.

2 პირველ საუკუნეში იესოს ზოგმა მოწაფემ ღვთის შთაგონებით ზეციური ცხოვრების იმედზე ისაუბრა. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ახლა ჩვენ ღვთის შვილები ვართ, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორები ვიქნებით. თუმცა ვიცით, რომ მისი გამოცხადებისას მისი მსგავსნი ვიქნებით“ (1 იოან. 3:2). ამ მუხლის საფუძველზე ვასკვნით, რომ ცხებულმა ქრისტიანებმა არ იციან, თუ როგორი ცხოვრება ელით მას შემდეგ, რაც სულიერი სხეულებით აღდგებიან ზეცაში საცხოვრებლად. თუმცა მათ ერთი რამ კარგად იციან: ზეციური ჯილდოს მიღების შემდეგ ისინი, პირდაპირი გაგებით, იხილავენ იეჰოვას. მართალია, ბიბლია არ გვიმჟღავნებს ყველა წვრილმანს ზეციური აღდგომის შესახებ, მაგრამ მოციქულმა პავლემ ამის თაობაზე ცოტა რამ დაწერა. ცხებულები ზეცაში იქნებიან იესოსთან, როცა იგი ყველა მთავრობას, ხელისუფლებას, ძალაუფლებას და უკანასკნელ მტერსაც, სიკვდილსაც, მოუღებს ბოლოს. ათასწლიანი მმართველობის ბოლოს იესო მამას დაუმორჩილებს ყოველივეს და თავის თანამმართველებთან ერთად თავადაც მამას დაემორჩილება (1 კორ. 15:24—28). ეს მართლაც დიდებული მოვლენა იქნება! *

3. რაში დაეხმარა მოციქულ პავლეს მკვდრეთით აღდგომის იმედი, როგორც ამას 1 კორინთელების 15:30—32-დან ვიგებთ?

3 მკვდრეთით აღდგომის იმედმა მოციქულ პავლეს ბევრი განსაცდელი აატანინა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:30—32). მან კორინთელ ქრისტიანებს მისწერა: „ყოველდღე სიკვდილს ჩავყურებ თვალებში“. მოციქულმა აგრეთვე დაწერა: „მიბრძოლია მხეცებთან ეფესოში“. შესაძლოა მას მართლა მოუხდა ეფესოში არენაზე მხეცებთან შებმა (2 კორ. 1:8; 4:10; 11:23). ან შესაძლოა პავლემ იგულისხმა მტრულად განწყობილი იუდეველები თუ სხვები, რომლებიც გამხეცებულნი უპირისპირდებოდნენ მას (საქ. 19:26—34; 1 კორ. 16:9). რაზეც არ უნდა მიგვანიშნებდეს პავლე, ფაქტია, რომ მან არაერთი განსაცდელი გამოიარა და ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმედის თვალით უყურებდა მომავალს (2 კორ. 4:16—18).

ქრისტიანი ოჯახი, რომელიც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია, არ წყვეტს ღვთის თაყვანისცემას. მათ მტკიცედ სწამთ, რომ ღმერთი მათ შესანიშნავ მომავალს უმზადებს (იხილეთ აბზაცი 4).

4. როგორ აძლიერებს დღეს მცხოვრებ ქრისტიანებს მკვდრეთით აღდგომის იმედი? (იხილეთ სურათი გარეკანზე)

4 ჩვენც მძიმე დროში გვიწევს ცხოვრება. ბევრი ჩვენგანი გამხდარა უკანონობის მსხვერპლი. ზოგი ჩვენი და-ძმა ისეთ რეგიონში ცხოვრობს, სადაც ომი მძვინვარებს, რის გამოც ყოველდღე თვალებში ჩაჰყურებს სიკვდილს. ზოგიც ისეთ ქვეყანაში მსახურობს, სადაც სამქადაგებლო საქმე შეზღუდული ან აკრძალულია, რის გამოც ყოველდღე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მათი თავისუფლება და სიცოცხლე. მიუხედავად ყველაფრისა, ეს და-ძმები ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას, რითაც შესანიშნავ მაგალითს გვაძლევენ. მათ ერთ რამეში არ ეპარებათ ეჭვი — რომც მოკვდნენ, იეჰოვა უკეთესი მომავლისთვის აღადგენს!

5. როგორმა დამოკიდებულებამ შეიძლება შეგვისუსტოს მკვდრეთით აღდგომის რწმენა?

5 მოციქული პავლე თანაქრისტიანებს აფრთხილებდა, რომ არ ჰქონოდათ ზოგის მსგავსი დამოკიდებულება: „თუ მკვდრები არ აღდგებიან, მაშ, ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებითო“. როგორც ჩანს, ეს თვალსაზრისი მანამდეც არსებობდა, სანამ პავლე ამ სიტყვებს დაწერდა. პავლემ კი, სავარაუდოდ, ესაიას 22:13 მოიშველია, სადაც ისრაელების დამოკიდებულებაა აღწერილი. ღვთის ხალხი, იმის მაგივრად, რომ ღმერთს დაახლოებოდა, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდა. მათ დამოკიდებულებას კარგად გამოხატავს დღეს ფართოდ გავრცელებული ფრაზა: „ამ ცხოვრებაში ერთხელ მოდიხარ“. თუმცა ისრაელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ასეთი თვალსაზრისის მწარე შედეგები (2 მატ. 36:15—20).

6. რატომ უნდა შევარჩიოთ ბრძნულად საურთიერთო წრე? ახსენით.

6 მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა რომ არ შეგვისუსტდეს, უნდა ვიფრთხილოთ საურთიერთო წრის შერჩევისას. კორინთელი ქრისტიანები უნდა მორიდებოდნენ მათთან ურთიერთობას, ვისაც არ სწამდა მკვდრეთით აღდგომის. ეს გაკვეთილია ჩვენთვისაც: ჩვენც უნდა მოვერიდოთ მათთან ახლო ურთიერთობას, ვინც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს. ასეთებთან ურთიერთობამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს შეხედულებებსა და ჩვევებზე, რაც საბოლოოდ ღვთისთვის მიუღებელ ცხოვრების წესამდე და ცოდვამდე მიგვიყვანს. ამიტომაც ურჩია მოციქულმა პავლემ კორინთელებს: „გონს მოდით და ის აკეთეთ, რაც სწორია, და ნუღარ სცოდავთ“ (1 კორ. 15:33, 34).

„როგორი სხეული ექნებათ?“

7. რა კითხვა შეიძლება დაესვა ზოგს, როგორც ამას 1 კორინთელების 15:35—38-დან ვიგებთ?

7 წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:35—38. როგორც ჩანს, კორინთში ზოგი სხვებისთვის რწმენის შესარყევად სვამდა კითხვას: „როგორ აღდგებიან მკვდრები?“. კარგია, თუ გავეცნობით პავლეს პასუხს, რადგან დღესაც უამრავი შეხედულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მოდი ვნახოთ, რას ვიგებთ ბიბლიიდან.

მარცვლისა და მისი აღმონაცენის მაგალითზე პავლემ დაგვანახვა, რომ ღმერთი ყველა მკვდრეთით აღმდგარს შესაფერის სხეულს უბოძებს (იხილეთ აბზაცი 8).

8. რომელი მაგალითით დაგვანახვა პავლემ, თუ როგორ ხდება ზეციური აღდგომა?

8 ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სხეული იხრწნება. მაგრამ ღმერთს, რომელმაც არაფრისგან შექმნა სამყარო, შეუძლია აღადგინოს მიცვალებული და შესაფერისი სხეულიც უბოძოს (დაბ. 1:1; 2:7). პავლემ მაგალითის საფუძველზე დაგვანახვა, რომ არაა აუცილებელი, ღმერთმა მკვდარს ისეთივე სხეული დაუბრუნოს, როგორიც მას სიცოცხლეში ჰქონდა. დაფიქრდით მარცვლის მაგალითზე. მარცვალი, რომელიც მიწაში ხვდება, ღივდება და აღმოცენდება. აღმონაცენი არაფრით ჰგავს მიწაში ჩათესილ ერთი ბეწო მარცვალს. მოციქულმა პავლემ ეს შედარება იმის საჩვენებლად გამოიყენა, რომ ჩვენს შემოქმედს შეუძლია მკვდარს ისეთი სხეული მისცეს, როგორიც თავად ნებავს.

9. რას ვიგებთ 1 კორინთელების 15:39—41-დან?

9 წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:39—41. პავლემ აღნიშნა, რომ ღმერთმა ყველა ქმნილებას სხვადასხვაგვარი სხეული უბოძა. მაგალითად, პირუტყვს სხვანაირი სხეული აქვს, ფრინველს — სხვანაირი და თევზს — სხვანაირი. მან თქვა, რომ ციური მნათობებიც, მზე და მთვარეც, ერთმანეთისგან განსხვავდება. მან ისიც აღნიშნა, რომ „ვარსკვლავებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან დიდებულებით“. მართალია, ამ განსხვავებულობას შეუიარაღებელი თვალით ვერ აღვიქვამთ, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ არსებობენ წითელი გიგანტები, თეთრი ჯუჯები და ყვითელი, მზისმაგვარი ვარსკვლავები. პავლემ აგრეთვე თქვა, რომ „არის ზეციერი სხეული და არის მიწიერი სხეული“. რას გულისხმობდა იგი? ჩვენ, ვინც დედამიწაზე ვმკვიდრობთ, ფიზიკური სხეული გვაქვს, ხოლო ზეცაში მკვიდრთ, მაგალითად, ანგელოზებს — სულიერი.

10. როგორი სხეული ექნებათ ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგენილთ?

10 ყურადღება მიაქციეთ, როგორ აგრძელებს პავლე თავის მსჯელობას: „ასევეა მკვდრეთით აღდგომაც. რაც იმარხება, ხრწნადია, ხოლო, რაც აღდგება — უხრწნელი. დიახ, სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეული იხრწნება და მტვრად იქცევა (დაბ. 3:19). მაშ, როგორღა ამბობს პავლე, რომ სხეული „უხრწნელი“ აღდგებოდა? ამ მუხლში მოციქული მათზე კი არ საუბრობს, ვინც დედამიწაზე აღდგებოდნენ (ისე, როგორც ეს მოხდა მათ შემთხვევაში, ვინც ელიამ, ელისემ და იესომ აღადგინეს), არამედ იმათზე, ვინც ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგებოდნენ სულიერი სხეულით (1 კორ. 15:42—44).

11, 12. როგორი სხეულით აღდგა იესო და რისი თქმა შეიძლება სულით ცხებულებზე?

11 როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, მას ხორციელი სხეული ჰქონდა, მაგრამ, როცა მკვდრეთით აღდგა, იგი „მაცოცხლებელ სულად“ იქცა და ზეცას დაუბრუნდა. იესოს მსგავსად, სულით ცხებული ქრისტიანებიც სიკვდილის შემდეგ სულიერ სხეულს მიიღებენ. პავლემ თქვა: „როგორც მტვრისგან შექმნილის ანარეკლი ვართ, ისევე ვიქნებით ზეციერის ანარეკლი“ (1 კორ. 15:45—49).

12 უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ხორციელი სხეულით არ აღმდგარა. სწორედ ამას გაუსვა პავლემ ხაზი თავისი მსჯელობის დასასრულს: „ხორციელი სხეული ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს“ (1 კორ. 15:50). მოციქულები და სხვა სულით ცხებული ქრისტიანები ზეცაში საცხოვრებლად ხრწნადი, ხორციელი სხეულით ვერ აღდგებოდნენ. როდის აღდგებოდნენ ისინი? პავლემ აღნიშნა, რომ მათი აღდგომა მომავალში მოხდებოდა და არა სიკვდილისთანავე. იმ დროისთვის, როცა პავლემ ეს წერილი მისწერა კორინთელებს, იესოს ზოგი მიმდევარი, მათ შორის, მოციქული იაკობი, უკვე მკვდარი იყო (საქ. 12:1, 2). იმ დროში მცხოვრებ მოციქულებსა თუ სხვა ცხებულ ქრისტიანებს იგივე ელოდათ (1 კორ. 15:6).

სიკვდილზე გამარჯვება

13. რა იქნებოდა ქრისტეს მოსვლის ამოსაცნობი ნიშანი?

13 იესოცა და პავლეც წინასწარმეტყველებდნენ განსაკუთრებულ დროზე, როცა ქრისტე მოსული იქნებოდა, რასაც მოჰყვებოდა ამ მოვლენის ამოსაცნობი ნიშანი — ომები, მიწისძვრები, ეპიდემიები თუ სხვა გლობალური მოვლენები. ამ წინასწარმეტყველების შესრულება 1914 წლიდან დაიწყო. თუმცა ნაწინასწარმეტყველები ნიშნის კიდევ ერთი თანმდევი მოვლენა სამქადაგებლო საქმე იქნებოდა. იესომ თქვა, რომ სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ იქადაგებდნენ „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად“ და მაშინ დადგებოდა აღსასრული (მათ. 24:3, 7—14). პავლემ აღნიშნა, რომ უფლის მოსვლისას ცხებული ქრისტიანები, რომლებიც ცოცხლები აღარ იქნებოდნენ, ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგებოდნენ (1 თეს. 4:14—16; 1 კორ. 15:23).

14. რა მოსდით სულით ცხებულ ქრისტიანებს სიკვდილის შემდეგ?

14 დღეს ცხებული ქრისტიანები სიკვდილისთანავე იღებენ ზეციური ცხოვრების ჯილდოს. ეს კარგად ჩანს პავლეს სიტყვებიდან, რომლებიც 1 კორინთელების 15:51, 52-შია ჩაწერილი: „ყველა არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელი საყვირის ხმაზე“. მოციქულის ეს სიტყვები დღეს სრულდება. ქრისტეს სულით ცხებული ძმები მკვდრეთით აღდგომისას დიდად ხარობენ, რადგან მუდამ უფალთან იქნებიან (1 თეს. 4:17).

ისინი, ვინც „თვალის დახამხამებაში“ შეიცვლებიან, ქრისტესთან ერთად შემუსრავენ ხალხებს (იხილეთ აბზაცი 15).

15. რა საქმეს შეასრულებენ სულით ცხებული ქრისტიანები ზეცაში?

15 ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რა საქმეს შეასრულებენ ისინი ზეცაში, ვინც „თვალის დახამხამებაში“ შეიცვლებიან. იესო მათზე ამბობს: „მძლეველსა და ჩემი გზებით მავალს მივცემ ისეთ ძალაუფლებას ხალხებზე, როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით და ისინი თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან“ (გამოცხ. 2:26, 27). ისინი თავიანთ მეთაურთან, იესოსთან ერთად დამწყემსავენ ხალხებს „რკინის კვერთხით“ (გამოცხ. 19:11—15).

16. როგორ გაიმარჯვებს ბევრი სიკვდილზე?

16 ერთი რამ ცხადია: ცხებული ქრისტიანები სიკვდილზე გაიმარჯვებენ (1 კორ. 15:54—57). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ისინი არმაგედონის ომში ყოველგვარ ბოროტებას წერტილს დაუსვამენ. მილიონობით ღვთის მსახური, კაცი თუ ქალი, გადაიტანს „დიდ გასაჭირს“ და დაიმკვიდრებს ახალ ქვეყნიერებას (გამოცხ. 7:14). ისინი სიკვდილზე მორიგ გამარჯვებას იხილავენ, როცა მილიარდობით ადამიანი მკვდრეთით აღდგება. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული დაეუფლებათ ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის მხილველთ! (საქ. 24:15). კიდევ ერთი დიდებული გამარჯვება ის იქნება, როცა ღვთის ერთგული ადამიანები სიკვდილის მონობას ერთხელ და სამუდამოდ დააღწევენ თავს და უსასრულო სიცოცხლით გაიხარებენ!

17. რისკენ მოგვიწოდებს 1 კორინთელების 15:58?

17 დღეს მცხოვრებ ქრისტიანებს დიდად ამხნევებს ის სიტყვები, რომლებიც პავლემ კორინთელებს მკვდრეთით აღდგომის შესახებ მისწერა. ნამდვილად ბევრი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ პავლეს მოწოდებისამებრ ვიმოქმედოთ და ბევრი ვიშრომოთ უფლისთვის (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:58). თუ ერთგულად და მუხლჩაუხრელად შევასრულებთ დავალებულ საქმეს, ჩვენც გავიხარებთ იმ ბედნიერი მომავლით, რომლის ბოლომდე წარმოდგენაც დღეს არ შეგვიძლია. აი, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდებით, რომ უფლისთვის ფუჭად არ გვიშრომია!

სიმღერა 140 ველით მარადიულ სიცოცხლეს!

^ აბზ. 5 1 კორინთელების მე-15 თავის მეორე ნახევარი, ძირითადად, სულით ცხებულთა აღდგომის თემას ეთმობა. თუმცა ეს ინფორმაცია „სხვა ცხვრისთვისაცაა“ საყურადღებო. წინამდებარე სტატიიდან შევიტყობთ, თუ რა გავლენას უნდა ახდენდეს მკვდრეთით აღდგომის იმედი ჩვენზე და რა მხრივ გვეხმარება ეს იმედი, რომ მომავალს იმედიანად ვუყუროთ.

^ აბზ. 2 პავლეს სიტყვები, რომლებიც ჩაწერილია 1 კორინთელების 15:29-ში, განიხილება ამავე ნომერში, რუბრიკაში „მკითხველთა შეკითხვები“.