არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

იგავების 24:16-ში ნათქვამია: „მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, წამოდგება“. ნიშნავს ეს სიტყვები იმას, რომ რამდენჯერაც არ უნდა შესცოდოს კაცმა, ღმერთი ყოველთვის აპატიებს?

ამ მუხლს ამის თქმა არ სურს. ამ მუხლში საუბარია ადამიანზე, რომელსაც ცხოვრებისეულ გზაზე ბევრი სიძნელე ხვდება, მაგრამ ღვთის დახმარებით ყოველ ჯერზე ახერხებს წამოდგომას ანუ განსაცდელების დაძლევას.

მოდი ამ მუხლზე მსჯელობისას გავითვალისწინოთ კონტექსტი: „ნუ ჩაუსაფრდები მართალს სახლთან; ნუ დააქცევ მის მოსასვენებელ ადგილს. მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, წამოდგება, ბოროტი კი, უბედურება რომ დაატყდება, ვეღარ წამოდგება. შენი მტრის დაცემა ნუ გაგიხარდება და მისი წაბორძიკება ნუ გაგიხარებს გულს“ (იგავ. 24:15—17).

ზოგის აზრით, ამ მუხლში საუბარია ადამიანზე, რომელიც მიუხედავად მრავალი შეცოდებისა, არ კარგავს ღვთის კეთილგანწყობას. ორმა ბრიტანელმა რელიგიურმა ლიდერმა დაწერა, რომ სასულიერო პირები, როგორც ძველ დროში, ისე დღეს, ამ მუხლს სწორედ ამგვარ განმარტებას უძებნიან. მათ დასძინეს: „მუხლის ასეთი ახსნა იმას ნიშნავს, რომ კარგმა ადამიანმა რამდენჯერაც არ უნდა ჩაიდინოს სერიოზული ცოდვა, მაინც არ დაკარგავს ღვთის სიყვარულს და, თუკი მოინანიებს, კვლავაც წამოდგება“. ამგვარი მოსაზრებით ადამიანმა შეიძლება თავი მოიტყუოს, აღარ შეეწინაღმდეგოს ცდუნებას და იფიქროს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ შეწყვეტს ცოდვის ჩადენას, ღმერთი ყოველ ჯერზე აპატიებს.

თუმცა იგავების 24:16-ს ამის თქმა ნამდვილად არ სურს.

იგავების 24:16, 17-ში „დაცემად“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვას კონტექსტის მიხედვით შესაძლოა სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. ის შესაძლოა გამოიყენებოდეს პირდაპირი გაგებით და ნიშნავდეს „წაქცევას“, „გადმოვარდნას“ და „დავარდნას“ (კან. 22:4, 8; ამოს. 9:9). გარდა ამისა, ეს სიტყვა შეიძლება გამოიყენებოდეს გადატანითი მნიშვნელობით, როგორც ამას ფსალმუნის 37:23, 24-დან ვიგებთ: „იეჰოვა წარმართავს კაცის ნაბიჯებს, თუკი იწონებს მის გზას. რომც წაიქცეს, პირქვე არ დაეცემა, რადგან იეჰოვას უჭირავს მისი ხელი“.

ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა პროფესორმა ედუარდ პლამტრიმ „დაცემად“ ნათარგმნ ებრაულ სიტყვასთან დაკავშირებით: „ეს ებრაული სიტყვა არასდროს გამოიყენება ცოდვის ჩადენის კონტექსტში“. ერთმა სწავლულმა კი მე-16 მუხლში მოცემული აზრი ამგვარად შეაჯამა: „ღვთის ხალხის დაჩაგვრის ყოველი მცდელობა მარცხისთვისაა განწირული; ისინი, ბოროტისგან განსხვავებით, ყოველთვის წამოდგებიან“.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ვასკვნით, რომ იგავების 24:16-ში საუბარია არა ცოდვების ჩადენაზე, არამედ სხვადასხვა სირთულეზე, რომელთაც ღვთისმოშიში კაცი ხვდება. დღევანდელ ბოროტ ქვეყნიერებაში მართალ კაცს შეიძლება ჯანმრთელობა შეერყეს ან სხვა სირთულეები შეხვდეს. ღვთის ხალხი ხელისუფლების დევნის სამიზნედაც შეიძლება იქცეს, თუმცა მათ ყოველთვის შეუძლიათ ჰქონდეთ ღვთის იმედი, რომლის დახმარებითაც ისინი გაუმკლავდებიან შექმნილ სიძნელეებს. ალბათ, თქვენც ბევრჯერ გიგრძნიათ, როგორ ამოგდგომიათ მხარში იეჰოვა განსაცდელების ჟამს. ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ „იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა, და ფეხზე წამოაყენებს დამდაბლებულთ“ (ფსალმ. 41:1—3; 145:14—19).

მართალ კაცს არასდროს ახარებს იმის დანახვა, როცა სხვები პრობლემებს ხვდებიან. იგი მტკიცედაა დარწმუნებული, რომ „ღვთისმოშიშებს ხელი მოემართებათ, რადგან მისი შიში აქვთ“ (ეკლ. 8:11—13; იობ. 31:3—6; ფსალმ. 27:5, 6).