არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთელი გულით აკეთე მონდობილი საქმე!

მთელი გულით აკეთე მონდობილი საქმე!

რა გრძნობა გეუფლება, როცა მეგობრისგან თბილ წერილს იღებ? ტიმოთემ სწორედ ასეთი წერილი მიიღო მოციქულ პავლესგან. ეს წერილი დღეს პავლეს მიერ ტიმოთესადმი მიწერილი მეორე წერილის სახელითაა ცნობილი. ტიმოთე, ალბათ, მოძებნიდა მყუდრო ადგილს, სადაც ძვირფასი მეგობრისგან მიღებული წერილის წაკითხვას შეძლებდა. იგი შესაძლოა ფიქრობდა: „ნეტავ როგორაა პავლე? ხომ არ მწერს, როგორ შევასრულო დავალებული საქმე უკეთ? ხომ არ მირჩევს რამეს, რაც უკეთეს მქადაგებლად და მასწავლებლად ჩამომაყალიბებს?“. ტიმოთე ყველა თავის კითხვაზე პავლეს წერილიდან პასუხს მიიღებდა. უფრო მეტიც, ის ბევრ გამამხნევებელ აზრს ამოიკითხავდა. ამ სტატიაში შევეხებით რამდენიმე რჩევას, რომლებიც პავლემ თავის მეგობარს მისცა.

„ყველაფერს . . . ვითმენ“

წერილის კითხვის დაწყებისთანავე ტიმოთე იგრძნობდა, თუ რაოდენ ახლობელი იყო პავლესთვის. პავლემ მას დიდი სითბოთი უწოდა „საყვარელი შვილი“ (2 ტიმ. 1:2). როდესაც ტიმოთემ ეს წერილი მიიღო დაახლოებით ახ. წ. 65 წელს, იგი 30 წლისა იქნებოდა, თუმცა უკვე გამოცდილი უხუცესი იყო. მას ამ დროისთვის უკვე პავლესთან ათწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებდა და მისგან ბევრი რამეც ექნებოდა ნასწავლი.

ტიმოთეს გაამხნევებდა იმის გაგება, რომ პავლე მედგრად იტანდა სირთულეებს. პავლე ამ დროს პატიმარი იყო რომში და სიკვდილი ელოდა (2 ტიმ. 1:15, 16; 4:6—8). ტიმოთეს მის სიმტკიცეში დაარწმუნებდა მიწერილი სიტყვები: „ყველაფერს . . . ვითმენ“ (2 ტიმ. 2:8—13). ტიმოთესი არ იყოს, პავლეს მოთმინების მაგალითი ჩვენთვისაც გამამხნევებელია.

„ცეცხლივით ააგიზგიზე ღვთის ძღვენი“

პავლემ თავის მეორე წერილში ტიმოთეს ურჩია, რომ ღვთისგან მიღებული დავალება მისთვის მეტად ძვირფასი ყოფილიყო. იგი მოუწოდებდა ტიმოთეს, რომ ცეცხლივით აეგიზგიზებინა ღვთისგან ბოძებული ძღვენი (2 ტიმ. 1:6). ამ მონაკვეთში პავლემ გამოიყენა ბერძნული სიტყვა „ხარიზმა“, რაც ქართულად „ძღვენს“ ნიშნავს. ეს ბერძნული სიტყვა შეიძლება „საჩუქრად“ და „წყალობადაც“ ითარგმნოს, ანუ მიუთითებს ისეთ რამეზე, რაც დაუმსახურებელი და ნაჩუქარია. ტიმოთემ ასეთი ძღვენი მაშინ მიიღო, როდესაც მას ქრისტიანულ კრებაზე ზრუნვა დაევალა (1 ტიმ. 4:14).

როგორ უნდა მოქცეულიყო ტიმოთე? პავლეს სიტყვები, „ცეცხლივით ააგიზგიზე ღვთის ძღვენი“, ტიმოთეს გაახსენებდა, თუ როგორ მიინავლებოდა ხოლმე სახლებში დანთებული ცეცხლი. ასეთ დროს ნაკვერჩხალი უნდა გაეჩხრიკათ, რომ ცეცხლი კვლავ აგიზგიზებულიყო. პავლეს მიერ გამოყენებულ „აგიზგიზებად“ ნათარგმნ ბერძნულ ზმნას („ანაზოპირეო“) ერთი ლექსიკონი ამგვარად განმარტავს: „გამოცოცხლება“, „გაღვივება“, „გაჩაღება“. შესაბამისად, ამ ზმნას გადატანითი მნიშვნელობაც აქვს და ნიშნავს საქმის განახლებული ძალით და მთელი შემართებით კეთებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლე ტიმოთეს ურჩევდა, მთელი გულით ეკეთებინა მინდობილი საქმე. ამ რჩევის გათვალისწინება ჩვენც გვმართებს; ჩვენც სრულად უნდა დავიხარჯოთ ღვთის მსახურებაში.

„დაიცავი ყოველივე ძვირფასი, რაც მოგენდო“

თავისი ძვირფასი მეგობრის, პავლეს, წერილში ტიმოთე კიდევ ერთ მნიშვნელოვან აზრს წააწყდებოდა, რომელიც დაეხმარებოდა, კიდევ უფრო კარგად გაერთმია თავი დავალებული საქმისთვის. პავლემ მას მისწერა: „ჩვენში დამკვიდრებული წმინდა სულით დაიცავი ყოველივე ძვირფასი, რაც მოგენდო“ (2 ტიმ. 1:14). რა იყო ის „ყოველივე ძვირფასი“, რაც ტიმოთეს მიენდო? წინა მუხლში პავლემ მოიხსენია „ჯანსაღი მოძღვრება“ ანუ წმინდა წერილებიდან გაგებული ჭეშმარიტება (2 ტიმ. 1:13). ტიმოთეს, როგორც ღვთის მსახურს, ჭეშმარიტება უნდა ესწავლებინა როგორც კრებაში, ისე მის გარეთ (2 ტიმ. 4:1—5). ტიმოთე არა მხოლოდ ღვთის სიტყვის მასწავლებელი, არამედ კრებაში დანიშნული უხუცესი, ღვთის სამწყსოზე დაყენებული მწყემსი იყო (1 პეტ. 5:2). ტიმოთე დაიცავდა მინდობილს ანუ ჭეშმარიტებას, რომელიც სხვებისთვის უნდა ესწავლებინა, თუკი იეჰოვას წმინდა სულსა და მის სიტყვას მიენდობოდა (2 ტიმ. 3:14—17).

ტიმოთეს მსგავსად, ჩვენც მოგვენდო ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება, რომელსაც ხალხს მსახურებაში ვუზიარებთ (მათ. 28:19, 20). მონდობილს იმ შემთხვევაში დავაფასებთ, თუკი გამუდმებით ვილოცებთ და ჩვევად გავიხდით ღვთის სიტყვის შესწავლას (რომ. 12:11, 12; 1 ტიმ. 4:13, 15, 16). გარდა ამისა, ზოგ ჩვენგანს შესაძლოა დამატებითი პასუხისმგებლობებიც გვაქვს. მაგალითად, ვმსახურობთ უხუცესად ან სრული დროით. თუკი იეჰოვას ორგანიზაციაში ასეთი საპატიო საქმე გვავალია, კიდევ უფრო თავმდაბლები უნდა ვიყოთ და ბოლომდე გავაცნობიეროთ, რომ ღვთის დახმარების გარეშე ვერაფერს გავხდებით. ჩვენ დავიცავთ მონდობილს, თუკი დავაფასებთ მას და იეჰოვას ძალაზე ვიქნებით დანდობილნი.

„ის, რაც ჩემგან მოისმინე . . . ასწავლე სანდო მამაკაცებს“

ტიმოთეს დავალებაში ისიც შედიოდა, რომ სხვებისთვისაც ესწავლებინა საქმე, რომელსაც თავად აკეთებდა. ამიტომაც მისწერა მას მოციქულმა პავლემ: „ის, რაც ჩემგან მოისმინე . . . ასწავლე სანდო მამაკაცებს, რომლებიც გამოდგებიან სხვების მასწავლებლებად“ (2 ტიმ. 2:2). ამგვარად, ტიმოთეს სხვებისთვისაც უნდა ესწავლებინა ის, რაც პავლესგან ჰქონდა ნასწავლი. დღესაც ქრისტიანული კრების ზედამხედველები ტიმოთეს უნდა ჰბაძავდნენ. კარგი ზედამხედველი სხვა ძმებსაც უზიარებს თავის გამოცდილებას, რათა მომავალში მათაც შეძლონ მისი საქმის კეთება. მას არ აშინებს, თუკი სხვა ძმა მასზე უკეთ აუღებს ალღოს საქმეს და მასზე ნიჭიერი გამოდგება. ამგვარად, ზედამხედველი მხოლოდ ზოგადი ინფორმაციის მიწოდებით არ შემოიფარგლება. მას სურს, რომ სხვებიც გახდნენ მოწიფულები და შეიძინონ სიბრძნე და განსჯის უნარი. შედეგად, მის მიერ მომზადებული „სანდო მამაკაცები“ სამომავლოდ კრებას დიდ დახმარებას აღმოუჩენენ.

ეჭვგარეშეა, ტიმოთე დააფასებდა პავლესგან მიწერილ თბილ წერილს. იგი არაერთხელ გადახედავდა მისგან მიღებულ ძვირფას რჩევებს და დაფიქრდებოდა, თუ როგორ დაეხმარებოდა ეს რჩევები მინდობილი საქმის უკეთ შესრულებაში.

ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიცემული რჩევები. ჩვენც ცეცხლივით უნდა ავაგიზგიზოთ ღვთის ძღვენი; დავიცვათ ის ყოველივე, რაც მოგვენდო, და ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გავუზიაროთ. ამგვარად, როგორც პავლემ ურჩია ტიმოთეს, შევძლებთ „სრულად დავიხარჯოთ ღვთის მსახურებაში“ (2 ტიმ. 4:5).