არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტობიოგრაფია

„იეჰოვასგან მიღებულ დავალებაზე უარი არასდროს გვითქვამს“

„იეჰოვასგან მიღებულ დავალებაზე უარი არასდროს გვითქვამს“

ტაიფუნი ახალი გადავლილი იყო და მდინარეს ლაფი და ქვა-ღორღი მოჰქონდა. მეორე ნაპირზე გვინდოდა გადასვლა, მაგრამ ადიდებულ მდინარეს ხიდი წაეღო. მე და ჩემი ქმარი ჰარვი და ერთი ძმა, რომელიც მას თარჯიმნობას უწევდა, შეშინებულები და უმწეონი შევცქეროდით მდინარეს. გაღმით ძმები გველოდნენ; მათ აღელვებდათ, რას ვიზამდით. ჩვენი ავტომობილი სატვირთო მანქანის ძარაზე შევაყენეთ, თუმცა ის არაფრით მიგვიმაგრებია. ასე შევედით წყალში. ეს წუთები თითქოს საუკუნე გაგრძელდა. გულმხურვალედ ვლოცულობდით, როცა სატვირთო მანქანა მდინარის ზვირთებს მიაპობდა. საბედნიეროდ, სამშვიდობოს უვნებელნი გავედით. ის, რასაც ახლა გიყვებით, 1971 წელს მოხდა. მე და ჩემი მეუღლე, ორივე სამშობლოდან შორს, ტაივანის აღმოსავლეთ სანაპიროზე, გახლდით. ახლა უფრო ვრცლად მოგითხრობთ ჩვენს ისტორიას.

როგორ გავიცანით იეჰოვა

ჰარვი ოთხ ძმას შორის უფროსი იყო. მისმა ოჯახმა ჭეშმარიტება მიდლანდ-ჯანქშენში (დასავლეთი ავსტრალია) გაიგო 1930-იან წლებში, როცა მსოფლიოში მძიმე ეკონომიკური კრიზისი იდგა. თავად ჰარვიმ 14 წლის ასაკში მიუძღვნა თავი იეჰოვას და მოინათლა. ნათლობიდან მალევე მან ისწავლა, რომ იეჰოვასგან მიღებულ არცერთ დავალებაზე უარი არ ეთქვა. ჯერ კიდევ მოზარდობისას ჰარვის „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიის წაკითხვა სთხოვეს კრების შეხვედრაზე, რისთვისაც მან თავი შეუფერებლად მიიჩნია. მაგრამ ძმამ, რომელმაც ჰარვის ეს დაავალა, ასეთი რამ უთხრა: „როცა ძმები იეჰოვას ორგანიზაციაში რაიმეს გავალებენ, ესე იგი თვლიან, რომ ამ დავალებას თავს გაართმევ“ (2 კორ. 3:5).

რაც შემეხება მე, ჭეშმარიტება დედაჩემთან და ჩემს უფროს დასთან ერთად ინგლისში გავიგე. მამა თავიდან გვეწინააღმდეგებოდა, თუმცა წლების შემდეგ ისიც იეჰოვას მოწმე გახდა. 9 წლის ვიყავი, როცა მამისგან მალულად მოვინათლე. მიზნად დავისახე, ჯერ პიონერი, მერე კი მისიონერი გავმხდარიყავი. თუმცა მამა პიონერად მსახურების უფლებას 21 წლამდე არ მომცემდა, მე კი ამდენ ხანს ვერ დავიცდიდი. 16 წლის ვიყავი, როცა მამამ ნებართვა მომცა, რომ ავსტრალიაში ჩემს უფროს დასთან გადავსულიყავი, რომელიც იქ ჩემს ჩასვლამდე გადავიდა საცხოვრებლად. 18 წლის რომ გავხდი, ჩემი ოცნებაც ასრულდა და პიონერად მსახურება დავიწყე.

ჩვენი ქორწილის დღე (1951)

სწორედ ავსტრალიაში გავიცანი ჰარვი. ორივეს საერთო მიზანი გვქონდა — მისიონერად მსახურება. ჩვენ 1951 წელს დავქორწინდით. ორი წელი ვიმსახურეთ პიონერებად, შემდეგ კი ჩემი ქმარი სარაიონო ზედამხედველად დაინიშნა. ჩვენს რაიონს დასავლეთ ავსტრალიის დიდი ნაწილი შეადგენდა, რის გამოც ხშირად გადავადგილდებოდით ჩვენი მანქანით უდაბურ და უკაცრიელ ადგილებში.

ჩვენი ოცნება ახდა!

სკოლა „გალაადის“ გამოშვება (იანკის სტადიონი, 1955)

1954 წელს სასწავლებლად სკოლა „გალაადის“ 25-ე კლასში მიგვიწვიეს. ჩვენი ოცნება, გავმხდარიყავით მისიონერები, ხელის გაწვდენაზე იყო. ნიუ-იორკში გემით ჩავედით და სწავლას შევუდექით. სასწავლო პროგრამა ესპანური ენის სწავლასაც მოიცავდა. ეს ჰარვისთვის არცთუ ისე ადვილი იყო, რადგან უჭირდა ესპანური რ-ს წარმოთქმა.

სასწავლო პროცესის დროს ინსტრუქტორებმა გვითხრეს, რომ ვისაც უნდოდა იაპონიაში მსახურების გაგრძელება, შეეძლო იაპონური ენის შემსწავლელ კურსებზე ჩაწერილიყო. ორივეს გვერჩივნა, რომ ჩვენ მაგივრად იეჰოვას მიეღო გადაწყვეტილება. ცოტა ხნის შემდეგ სკოლის ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა, ძმა ალბერტ შრედერმა, თავისთან მიგვიხმო და გვკითხა, რატომ არ გამოვთქვით იაპონური ენის სწავლის სურვილი. მან გვთხოვა, კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავით ამაზე. როცა შენიშნა, რომ კვლავ ვორჭოფობდით, მან გვითხრა: „ამ კურსებზე უკვე ჩაგწერეთ, ვნახოთ, რამდენად გაგიადვილდებათ იაპონური ენის შესწავლა“. ესპანურისგან განსხვავებით, ჰარვიმ იაპონურ ენას უფრო ადვილად აუღო ალღო.

იაპონიაში 1955 წელს ჩავედით. იმ დროს ქვეყანაში, სულ რაღაც, 500 მაუწყებელი იყო. მაშინ ჰარვი 26 წლის იყო, მე კი — 24-ის. ჩვენ დავინიშნეთ საპორტო ქალაქ კობეში, სადაც ოთხი წელი ვიმსახურეთ. შემდეგ კვლავაც მიმომსვლელ მსახურებად დაგვნიშნეს ქალაქ ნაგოიას მახლობლად, რამაც ძალიან გაგვახარა. ჩვენ იქ ყველა და ყველაფერი მოგვწონდა — ძმები, სამზარეულო თუ ბუნება. მალე იეჰოვასგან მორიგი დავალება მივიღეთ და არც მასზე გვითქვამს უარი.

ახალი დავალება, ახალი გამოწვევები

მე და ჰარვი სხვა მისიონერებთან ერთად (კობე, იაპონია, 1957)

სამწლიანი მიმოსვლითი მსახურების შემდეგ იაპონიის ფილიალმა გვთხოვა, ტაივანში გაგვეგრძელებინა მსახურება. იქ ამისურენოვანი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უნდა გვექადაგა. ვინაიდან იქაური და-ძმებისგან ზოგი განდგომილი გახდა, ფილიალმა გადაწყვიტა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად გაეგზავნა ისეთი ძმა, რომელმაც კარგად იცოდა იაპონური ენა. * გვიყვარდა საქმე, რომელსაც იაპონიაში ვასრულებდით, ამიტომ ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე აღმოვჩნდით. თუმცა ჰარვი არასდროს ამბობდა უარს იეჰოვასგან მიღებულ დავალებაზე. ამიტომ გავემგზავრეთ ტაივანში.

ტაივანში 1962 წლის ნოემბერში ჩავედით. მაშინ იქ 2 271 მაუწყებელი იყო, რომელთაგან უმეტესობა ამისურ ენაზე საუბრობდა. თუმცა ჯერ ჩინური უნდა გვესწავლა. ჩვენ მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო გვქონდა და გვყავდა მასწავლებელი, რომელმაც არ იცოდა ინგლისური. მიუხედავად ამისა, ენის სწავლა მაინც შევძელით.

ტაივანში ჩასვლიდან მალევე ჰარვი ფილიალის მსახურად დაინიშნა. ვინაიდან ფილიალი პატარა იყო, ჰარვი ადგილობრივ ძმებთან თანამშრომლობასაც ახერხებდა თვეში სამი კვირის მანძილზე. იგი დროდადრო საოლქო ზედამხედველადაც მსახურობდა, ამიტომ კონგრესებზე მოხსენებებით უწევდა გამოსვლა. ჰარვის შეეძლო იაპონურ ენაზე წარმოეთქვა მოხსენებები, რომლებსაც ამისურ ენაზე მოსაუბრე ძმებიც გაიგებდნენ. თუმცა მთავრობამ რელიგიური შეხვედრების ჩატარება ჩინურის გარდა ყველა სხვა ენაზე აკრძალა. ამგვარად, ჰარვი დამტვრეული ჩინურით კითხულობდა მოხსენებებს, ადგილობრივი ძმა კი ამისურ ენაზე თარგმნიდა.

იმ წლებში ტაივანში სამხედრო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ამიტომ კონგრესების ჩასატარებლად ძმებს ოფიციალური ნებართვა სჭირდებოდათ. ნებართვის მიღება არცთუ ისე ადვილი იყო და პოლიცია ხშირად აჭიანურებდა საქმეს. თუკი ნებართვა იმ კვირაშიც არ ჰქონდა გაცემული პოლიციას, როცა კონგრესი უნდა ჩატარებულიყო, ჰარვი განყოფილებიდან ფეხს არ იცვლიდა. მისი მეთოდი ამართლებდა. პოლიციელები უხერხულობაში ვარდებოდნენ, რომ უცხოელს ამდენ ხანს ალოდინებდნენ და ნებართვას აძლევდნენ.

პირველად ვლაშქრავთ მთას

ვკვეთთ მდინარეს, რათა მდინარის გაღმით მცხოვრებ ხალხს ვუქადაგოთ (ტაივანი).

იმ კვირებში, როცა ადგილობრივ ძმებთან ვთანამშრომლობდით, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად საათზე მეტი გვჭირდებოდა. ვლაშქრავდით მთებს და ვსერავდით მდინარეებს. რა დამავიწყებს პირველ მთას, რომელიც დავლაშქრე! დილას წავისაუზმეთ და ექვსის ნახევარზე ავტობუსს გავყევით ერთ დაშორებულ სოფლამდე. გადავკვეთეთ მდინარის ფართო კალაპოტი და მთის ფერდობს შევუყევით. ფერდობი იმდენად ციცაბო იყო, რომ ცოცვით მივდიოდით.

იმ დილით ჰარვი ადგილობრივ ძმებთან ქადაგებდა, მე კი მარტო ვმსახურობდი პატარა სოფელში, სადაც იაპონურ ენაზე მოსაუბრე ხალხი ცხოვრობდა. დაახლოებით პირველი საათისთვის შიმშილისგან უკვე გული მიმდიოდა. როცა ჰარვის შევხვდი, ის მარტო იყო. მას რამდენიმე ჟურნალი ქათმის სამ კვერცხზე გადაეცვალა. ჰარვიმ გახვრიტა კვერცხის ნაჭუჭი და მიჩვენა, როგორ შემესრუტა შიგთავსი. მართალია, უმი კვერცხის ჭამის იდეა დიდად არ მხიბლავდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ჩვენ კიდევ ერთი კვერცხი დაგვრჩა და ისიც მე მერგო, რადგან ჰარვი მიხვდა, რომ თუკი გული წამივიდოდა, მთიდან მისი ჩამოსაყვანი გავხდებოდი.

სახელდახელო საშხაპე

ერთხელ სარაიონო კონგრესის დროს ერთ ძმასთან დაგვაბინავეს, რომელიც ჩვენი დარბაზის გვერდით ცხოვრობდა. ვინაიდან ადგილობრივი ხალხისთვის, ამისებისთვის, ბანაობა მთელი რიტუალია, სარაიონო ზედამხედველის ცოლმა ჩვენთვის სახელდახელო საშხაპე მოაწყო. ჰარვი ძალიან დაკავებული იყო, ამიტომ მთხოვა, ჯერ მე მებანავა. მთელ საშხაპეს წარმოადგენდა ორად ორი ვედრო ცივი და ცხელი წყლით და ერთი ტაშტი. ამას ისიც ემატებოდა, რომ „საშხაპე“ მოწყობილი იყო ისეთ ადგილას, რომ ძმები, რომლებიც დარბაზში საკონგრესოდ ემზადებოდნენ, ადვილად დამინახავდნენ. სარაიონო ზედამხედველის ცოლს ვთხოვე, მოეცა რამე, რასაც ჩამოვაფარებდი. მანაც გამჭირვალე ცელოფანი მომიტანა. თავიდან ისიც ვიფიქრე, რომ ეს ვედროები და ტაშტი სადმე სახლის უკან მოფარებულ ადგილას გადამეტანა. მაგრამ, როდესაც უკანა ეზოში გავედი და ვნახე, რომ ღობიდან ბატებს წამოეყოთ თავი, მათ კბენას ისევ დარბაზის წინ ბანაობა ვარჩიე. თავს ვიმხნევებდი, რომ თავის საქმეში გართული ძმები ვერ შემამჩნევდნენ, მაგრამ, თუ არ ვიბანავებდი, მასპინძლებს გავანაწყენებდი. ამიტომ მეც ვიბანავე.

მე და ჰარვი ამისურ საზეიმო სამოსში

ბიბლიური ლიტერატურა ამისურ ენაზე

ჰარვიმ შეამჩნია, რომ ამისურენოვანი და-ძმები სულიერად ვერ იზრდებოდნენ, რადგან თავიანთ ენაზე არ ჰქონდათ ბიბლიური ლიტერატურა და ბევრმა მათგანმა წერა-კითხვაც არ იცოდა. იმ დროისთვის ამისურ ენაზე აზრის გამოსახატავად უკვე ლათინურ ანბანს იყენებდნენ, ამიტომ და-ძმებს პრაქტიკულ დახმარებას აღმოვუჩენდით, თუკი მათ წერა-კითხვას შევასწავლიდით. მართალია, დიდ საქმეს შევეჭიდეთ, მაგრამ ჩვენი შრომა ღირდა ძალისხმევად. საბოლოოდ, და-ძმებმა შეძლეს ღვთის სიტყვის დამოუკიდებლად კვლევა. ამისურ ენაზე პირველი პუბლიკაციები 1960-იან წლებში გამოჩნდა, 1968 წელს კი „საგუშაგო კოშკიც“ გამოიცა და ის დღემდე გამოიცემა.

თუმცა მოგვიანებით მთავრობამ ჩინური ენის გარდა სხვა ენებზე პუბლიკაციების გამოცემა შეზღუდა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად ამისურ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ გამოსაცემად სხვადასხვა გზას მივმართავდით. ამიტომ დაახლოებით წელიწად-ნახევარი „საგუშაგო კოშკში“ ტექსტი ორ ენაზე იყო მოცემული, ჩინურად და ამისურად. თუ ვინმე დაინტერესდებოდა ჩვენი საქმიანობით, სათქმელად ის გვქონდა, რომ ადგილობრივებს ჩინურს ვასწავლიდით. წლების განმავლობაში ორგანიზაციამ იქაური ხალხის დასახმარებლად ბევრი ლიტერატურა გამოსცა ამისურ ენაზე (საქ. 10:34, 35).

განწმენდის ხანა

1960—70-იან წლებში ამისურ ენაზე მოსაუბრე ბევრი და-ძმა არ ცხოვრობდა ღვთის მაღალზნეობრივი ნორმებით. მათ ბოლომდე არ ესმოდათ ბიბლიური პრინციპები, ამიტომ ზოგი უზნეობას სჩადიოდა, ზოგი სვამდა, ზოგიც თამბაქოს ეწეოდა და ბეტელის კაკალს ღეჭავდა. ჰარვი ინახულებდა კრებებს და ცდილობდა, ძმებისთვის დაენახვებინა იეჰოვას თვალსაზრისი ამ საკითხებზე. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მონახულების დროს გადაგვხდა ის ამბავი, რომლითაც ჩემი ისტორიის თხრობა დავიწყე.

თავმდაბალმა და-ძმებმა მოახდინეს საჭირო ცვლილებები. თუმცა ბევრისთვის ეს არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა და ტაივანში მომდევნო 20 წლის მანძილზე მაუწყებელთა რიცხვი 2 450-დან 900-მდე დაეცა. მართალია, ამან გული დაგვწყვიტა, მაგრამ ისიც გვესმოდა, რომ იეჰოვა ვერ შეიწყნარებდა უწმინდურებას თავის ორგანიზაციაში (2 კორ. 7:1). დროთა განმავლობაში და-ძმებმა მოიშორეს უწმინდური ჩვევები და დღეს იეჰოვას წყალობით ტაივანში 11 000-ზე მეტი მაუწყებელია.

1980-იან წლებში სულიერი მდგომარეობა ამისურენოვან კრებებში გამოსწორდა და ჰარვიმ შეძლო, მეტი დრო გაეტარებინა ჩინურენოვან და-ძმებთან. მას ძალიან ახარებდა, რომ ჭეშმარიტების მიღებაში ბევრი ჩვენი დის ქმარს დაეხმარა. მახსოვს, როგორი ბედნიერი იყო, როცა ერთ-ერთმა მათგანმა პირველად მიმართა იეჰოვას ლოცვით. მეც მახარებს ის ფაქტი, რომ წრფელი გულის ბევრ ადამიანს დავეხმარე იეჰოვასთან დაახლოებაში. სიხარულს მანიჭებს ისიც, რომ ერთ-ერთი ჩემი შემსწავლელის ქალ-ვაჟთან ერთად, რაღაც დროის მანძილზე, ტაივანის ფილიალში ვიმსახურე.

მძიმე დანაკარგი

დღეს უკვე ქვრივი ვარ. 59-წლიანი ბედნიერი ქორწინების შემდეგ ჰარვი 2010 წლის 1 იანვარს სიმსივნით დაიღუპა. მან სრული დროით მსახურებაში თითქმის 60 წელი გაატარა! ჩემი მეუღლე დღემდე ძალიან მენატრება. ტკბილად მახსენდება ის დრო, როცა მსახურება დავიწყეთ ორ შესანიშნავ ქვეყანაში, სადაც იეჰოვას საქმეს საძირკველი ეყრებოდა. ჩვენ ორი რთული აზიური ენა ვისწავლეთ. ჩემგან განსხვავებით, ჰარვის ამ ენებზე წერაც შეეძლო.

ჩემი მეუღლის სიკვდილიდან მალე ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თუკი ავსტრალიაში დავბრუნდებოდი, რადგან უკვე ხანში ვიყავი შესული. თავიდან არ მინდოდა ტაივანის დატოვება, მაგრამ ჰარვისგან ვისწავლე, რომ იეჰოვასგან მიღებულ არცერთ დავალებაზე არასდროს მეთქვა უარი. მივხვდი, რომ გონივრული იქნებოდა ავსტრალიაში დაბრუნება.

მიხარია, რომ მადგება იაპონური და ჩინური ენების ცოდნა; ბეთელში ამ ენებზე ექსკურსიებს ვატარებ.

დღეს ავსტრალაზიის ფილიალში ვმსახურობ, შაბათ-კვირას კი ერთ-ერთ ადგილობრივ კრებასთან ვთანამშრომლობ. მიხარია, რომ მადგება იაპონური და ჩინური ენების ცოდნა; ბეთელში ამ ენებზე ექსკურსიებს ვატარებ. და მაინც, მოუთმენლად ველი დროს, როდესაც ჰარვი, რომელიც არასდროს ამბობდა იეჰოვასგან მიღებულ დავალებებზე უარს, ცოცხალი დამიბრუნდება (იოან. 5:28, 29).

^ აბზ. 14 დღესდღეობით ტაივანში სახელმწიფო ენა ჩინურია, თუმცა მანამდე ათწლეულების მანძილზე სახელმწიფო ენა იაპონური იყო. ამიტომ იმ დროისთვის ტაივანში ბევრი ეთნიკური ჯგუფი კვლავ იაპონურ ენაზე საუბრობდა.