არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 5

„ყოველი კაცის თავი ქრისტეა“

„ყოველი კაცის თავი ქრისტეა“

„ყოველი კაცის თავი ქრისტეა“ (1 კორ. 11:3).

სიმღერა 12 დიდებული ღმერთი, იეჰოვა

მოკლე შინაარსი *

1. რამ შეიძლება იმოქმედოს იმაზე, თუ რა შეხედულება ექნება მამაკაცს მეთაურობაზე?

რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახის მეთაურობა? მაგალითად, ზოგი ადგილობრივი კულტურითა თუ ოჯახური ტრადიციით საზღვრავს, როგორ უნდა ეპყრობოდეს მამაკაცი ცოლ-შვილს. ევროპაში მცხოვრები ერთი და, იანიტა, აღნიშნავს: „ჩვენს ქვეყანაში არსებობს მყარად ფესვგადგმული შეხედულება, რომ ქალი მამაკაცზე დაბლა დგას და მას მოსამსახურესავით უნდა მოეპყრო“. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი ძმა, ლიუკი, ამბობს: „ზოგი მამა თავის ბიჭებს იმას ჩააგონებს, რომ ქალს სახლში ხმა არ ამოეღება და მის აზრს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს“. მაგრამ ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომელიც იეჰოვამ ოჯახის მეთაურებს დაუდგინა (შეადარეთ მარკოზის 7:13). მაშ, როგორ უნდა გახდეს კაცი კარგი ოჯახისთავი?

2. რა უნდა ესმოდეს ოჯახისთავს და რატომ?

2 მამაკაცი კარგი ოჯახისთავი რომ იყოს, პირველ რიგში, უნდა ესმოდეს, რას მოითხოვს მისგან იეჰოვა. მას აგრეთვე გათავისებული უნდა ჰქონდეს, რატომ დაადგინა ღმერთმა მეთაურობის პრინციპი და როგორ შეუძლია მიჰბაძოს ამ მხრივ იეჰოვასა და იესოს. რატომ უნდა ესმოდეს მამაკაცს კარგად ეს საკითხი? იეჰოვამ კაცს ოჯახში გარკვეული ძალაუფლება მიანიჭა და, შესაბამისად, მოელის, რომ ის ამ ძალაუფლებას სწორად გამოიყენებს (ლუკ. 12:48ბ).

რას ნიშნავს მეთაურობა?

3. რას ვიგებთ მეთაურობის პრინციპის შესახებ 1 კორინთელების 11:3-დან?

3 წაიკითხეთ 1 კორინთელების 11:3. ეს მუხლი აღგვიწერს იმ სტრუქტურას, რომელიც იეჰოვამ თავისი მოაზროვნე ქმნილებებისთვის შექმნა. მეთაურობის პრინციპი უმთავრესად ორ ფაქტორს ეფუძნება — ძალაუფლებასა და ანგარიშვალდებულებას. იეჰოვას იმიტომ ეწოდება თავი, რომ ის განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობს თავის ყველა ზეციერ თუ მიწიერ ქმნილებაზე, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე (რომ. 14:10; ეფეს. 3:14, 15). მართალია, იეჰოვამ ქრისტიანული კრების თავად იესო დანიშნა, მაგრამ ის ანგარიშვალდებულია იეჰოვას წინაშე, თუ როგორ მოეპყრობა კრებას (1 კორ. 15:27). იეჰოვამ გარკვეული ძალაუფლება კაცსაც უბოძა ცოლსა და შვილებზე, მაგრამ ის ანგარიშვალდებულია იეჰოვასა და იესოს წინაშე, თუ როგორ მოეპყრობა თავის ოჯახს (1 პეტ. 3:7).

4. რა უფლებამოსილება აქვთ იეჰოვასა და იესოს?

4 იეჰოვას, როგორც უდიდესი ოჯახის მამას, სრული უფლება აქვს, თავის შვილებს დაუდგინოს ქცევის წესები და მოსთხოვოს კიდეც ამ წესების დაცვა (ეს. 33:22). იესოსაც, როგორც ქრისტიანული კრების თავს, სრული უფლება აქვს, დაგვიდგინოს წესები და მოგვთხოვოს მათი მორჩილება (გალ. 6:2; კოლ. 1:18—20).

5. რა უფლებამოსილება აქვს ქრისტიან ოჯახისთავს და ვისზე ვრცელდება მისი ძალაუფლება?

5 იეჰოვასა და იესოს მსგავსად, ქრისტიან ოჯახისთავსაც აქვს იმის უფლებამოსილება, რომ ოჯახის სასარგებლოდ დაადგინოს წესები და მიიღოს გადაწყვეტილებები (რომ. 7:2; ეფეს. 6:4). თუმცა მისი ძალაუფლება შეუზღუდავი არ არის. მაგალითად, მის მიერ დადგენილ წესებს საფუძვლად ბიბლიური პრინციპები უნდა ედოს (იგავ. 3:5, 6). ოჯახის უფროსს უნდა ახსოვდეს, რომ ღვთისგან მინიჭებული ძალაუფლება მხოლოდ თავისი ოჯახის წევრებზე ვრცელდება და არა სხვებზე (რომ. 14:4). გარდა ამისა, როცა ზრდასრული შვილები ტოვებენ ოჯახს, მათ აღარ მოეთხოვებათ, დაემორჩილონ მამის ძალაუფლებას, თუმცა პატივი უნდა სცენ მას (მათ. 19:5).

რატომ დაადგინა იეჰოვამ მეთაურობის პრინციპი?

6. რატომ დაადგინა იეჰოვამ მეთაურობის პრინციპი?

6 იეჰოვას უყვარს თავისი ოჯახი და ამიტომაც დაადგინა მეთაურობის პრინციპი. ეს ისევ ჩვენივე სიკეთეს ემსახურება, რადგან იეჰოვას ოჯახში მშვიდობა და წესრიგი ამ პრინციპის წყალობით ნარჩუნდება (1 კორ. 14:33, 40). თუ ოჯახში ყველას როლი განსაზღვრული არ იქნებოდა, სრული უწესრიგობა დაისადგურებდა და, შესაბამისად, ბედნიერიც არავინ იქნებოდა. მაგალითად, არავის ეცოდინებოდა, ვის უნდა აეღო პასუხისმგებლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე და ვინ ითავებდა ამ გადაწყვეტილების განხორციელებას.

7. ეფესოელების 5:25, 28-ის თანახმად, როგორ უნდა მოეპყროს მამაკაცი ცოლს?

7 თუ ღვთის მიერ დადგენილი მეთაურობის პრინციპი ნამდვილად კარგია, მაშ, რატომ ზღუდავს და ჩაგრავს ბევრი ქმარი ცოლს? ეს იმიტომ, რომ მრავალი მამაკაცი არაფრად აგდებს ოჯახებისთვის დადგენილ იეჰოვას ნორმებს. მათ საქციელს ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი კულტურა და ტრადიციები განაპირობებს. ზოგჯერ კი მათ საქციელს ეგოიზმი უდევს საფუძვლად. მაგალითად, ზოგი ქმარი იმიტომ მბრძანებლობს ცოლზე, რომ საკუთარი ღირსების გრძნობა აიმაღლოს ან სხვებს დაუმტკიცოს, რომ ნამდვილი მამაკაცია. შეიძლება ის ფიქრობს, რომ ცოლს თავს ვერ შეაყვარებს, ამიტომ ცდილობს, დააშინოს და ასე დაიმორჩილოს. * ასეთი აზროვნება და საქციელი ქალისთვის ღირსების შემლახველია და აშკარად ეწინააღმდეგება იეჰოვას ნებას (წაიკითხეთ ეფესოელების 5:25, 28).

როგორი უნდა იყოს კარგი ოჯახისთავი?

8. რა დაეხმარება მამაკაცს გახდეს ოჯახის კარგი მეთაური?

8 მამაკაცს იეჰოვასა და იესოს მაგალითებზე შეუძლია ისწავლოს, როგორ გახდეს ოჯახის კარგი მეთაური. ვიმსჯელოთ ორ თვისებაზე, რომელსაც იეჰოვა და იესო ავლენენ და ვნახოთ, როგორ გამოადგება ოჯახისთავს ეს ორი თვისება ცოლ-შვილთან ურთიერთობის დროს.

9. საიდან ჩანს იეჰოვას თავმდაბლობა?

9 თავმდაბლობა. იეჰოვას სიბრძნით ვერავინ გაუტოლდება. მიუხედავად ამისა, ის მაინც ინტერესდება თავისი მსახურების აზრით (დაბ. 18:23, 24, 32). ის საშუალებას აძლევს თავის ქმნილებებს, რომ თავიანთი წინადადებები წამოაყენონ (1 მეფ. 22:19—22). იეჰოვა სრულყოფილია, მაგრამ სრულყოფილებას ჩვენ არ გვთხოვს, პირიქით, გვეხმარება, რომ ვემსახუროთ მას (ფსალმ. 113:6, 7). ამიტომაც უწოდებს ბიბლია მას „შემწეს“ (ფსალმ. 27:9; ებრ. 13:6). მეფე დავითი აღიარებდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას თავმდაბლობის წყალობით მიაღწია ყველაფერს (2 სამ. 22:36).

10. საიდან გამოჩნდა იესოს თავმდაბლობა?

10 განვიხილოთ იესოს მაგალითი. მან ფეხები დაჰბანა თავის მოწაფეებს მიუხედავად იმისა, რომ მათი უფალი და მოძღვარი იყო. რა შეიძლება ყოფილიყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ იეჰოვამ ეს შემთხვევა ბიბლიაში შემოგვინახა? ალბათ, ის, რომ მისაბაძი მაგალითი მიეცა ყველასთვის, მათ შორის ოჯახისთავებისთვის. თავად იესომაც თქვა: „ამით მაგალითი მოგეცით, რათა, რაც მე გაგიკეთეთ, თქვენც იგივე გააკეთოთ“ (იოან. 13:12—17). იესო უდიდეს ძალაუფლებას ფლობდა, მაგრამ სხვებისგან მომსახურებას არ ელოდა, პირიქით, მზად იყო, სხვებს მომსახურებოდა (მათ. 20:28).

ოჯახისთავი თავმდაბლობასა და სიყვარულს ავლენს, როცა საოჯახო საქმეებში მონაწილეობს და ზრუნავს ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე (იხილეთ აბზაცები 11, 13).

11. როგორ შეუძლიათ ოჯახისთავებს ისწავლონ თავმდაბლობა იეჰოვასა და იესოს მაგალითზე?

11 რას ვსწავლობთ. ოჯახის უფროსს შეუძლია თავმდაბლობა მრავალმხრივ გამოავლინოს. მაგალითად, მას არარეალური მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს ცოლ-შვილის მიმართ. ის მზად უნდა იყოს, მოუსმინოს ოჯახის წევრებს მაშინაც კი, თუ ისინი განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამენ. შეერთებულ შტატებში მცხოვრები მარლი ამბობს: „ზოგჯერ მე და ჩემს ქმარს განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ის აფასებს და პატივს სცემს ჩემს აზრს, რადგან გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველთვის მეკითხება აზრს და ანგარიშს უწევს“. გარდა ამისა, თავმდაბალი ქმარი არ უნდა თაკილობდეს საოჯახო საქმეებში მონაწილეობას, თუნდაც ეს საზოგადოებაში ქალის საქმედ ითვლებოდეს. ასე მოქცევა ყოველთვის ადვილი არ არის. რატომ? ერთი და, რეიჩელი, ამბობს: „ჩემს მშობლიურ მხარეში, თუ ქმარი ცოლს ეხმარება ჭურჭლის დარეცხვაში ან სახლის დალაგებაში, მეზობლები და ნათესავები კაცად არ თვლიან, რადგან მათი აზრით, ასეთი კაცი ცოლს ვერ დაიმორჩილებს“. თუ თქვენს კულტურაშიც მსგავსი შეხედულებაა გავრცელებული, გახსოვდეთ, რომ იესომ ფეხები დაჰბანა თავის მოციქულებს მიუხედავად იმისა, რომ ეს მონის საქმედ ითვლებოდა. კარგ ოჯახისთავს ის კი არ აღელვებს, თუ როგორი გამოჩნდება სხვების თვალში, არამედ ის, თუ როგორ აგრძნობინოს ცოლ-შვილს თავი კარგად. თავმდაბლობასთან ერთად, კიდევ რა თვისება სჭირდებათ ოჯახისთავებს?

12. რისკენ აღგვძრავს იეჰოვასა და იესოს სიყვარული?

12 სიყვარული. იეჰოვა ყველაფერს სიყვარულით აკეთებს (1 იოან. 4:7, 8). ის სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზე თავისი სიტყვის, ბიბლიისა, და თავისი ორგანიზაციის მეშვეობით. იეჰოვა ჩვენს ემოციურ მოთხოვნილებებზეც ზრუნავს, რაც იქიდან ჩანს, რომ თავის სიყვარულში გვარწმუნებს. ის არც ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებს ივიწყებს, რადგან „ჩვენ სასიკეთოდ ყველაფერს უხვად გვაძლევს“ (1 ტიმ. 6:17). როცა შეცდომებს ვუშვებთ, გამოსწორებაში გვეხმარება, თანაც ჩვენზე გული არ უცივდება. იეჰოვამ სიყვარულით გაიღო გამოსასყიდი ჩვენთვის. იესოსაც ისე ძლიერ ვუყვარვართ, რომ სიცოცხლეც კი არ დაინანა ჩვენთვის (იოან. 3:16; 15:13). იეჰოვასა და იესოს ერთგულთა მიმართ სიყვარულს ვერაფერი გაუნელებს (იოან. 13:1; რომ. 8:35, 38, 39).

13. რატომ არის აუცილებელი, რომ მამაკაცი სიყვარულს ავლენდეს ოჯახში? (იხილეთ ჩარჩო  „როგორ უნდა მოიპოვოს ახალდაქორწინებულმა მამაკაცმა ცოლის პატივისცემა“).

13 რას ვსწავლობთ. ოჯახისთავის ყველა ქმედებას სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად. ამის მიზეზს მოციქული იოანე გვიხსნის: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა [ან ოჯახი], რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოან. 4:11, 20). მოსიყვარულე ოჯახისთავი, რომელიც იეჰოვასა და იესოს ჰბაძავს, ზრუნავს თავისი ოჯახის სულიერ, ემოციურ თუ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე (1 ტიმ. 5:8). ის ზრუნავს შვილების აღზრდასა და დარიგებაზე. ცდილობს, ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც იეჰოვასაც განადიდებს და ოჯახის კეთილდღეობასაც მოემსახურება. განვიხილოთ, რა ევალება ოჯახისთავს და ვიმსჯელოთ, როგორ შეუძლია მას მიჰბაძოს იეჰოვასა და იესოს.

რა მოეთხოვება ოჯახისთავს

14. როგორ უნდა იზრუნოს ოჯახისთავმა ცოლ-შვილის სულიერ მოთხოვნილებებზე?

14 იზრუნოს ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე. მამის მსგავსად, იესო ყოველთვის ზრუნავდა იმაზე, რომ მის მიმდევრებს სულიერად არაფერი მოჰკლებოდათ (მათ. 5:3, 6; მარ. 6:34). ოჯახისთავის მთავარი საფიქრალიც ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვა უნდა იყოს (კან. 6:6—9). ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავადაც და ოჯახის წევრებმაც იკითხონ და შეისწავლონ ბიბლია, დაესწრონ კრების შეხვედრებს, იქადაგონ სასიხარულო ცნობა და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნონ იეჰოვასთან.

15. როგორ შეუძლია მამაკაცს იზრუნოს ოჯახის ემოციურ მოთხოვნილებებზე?

15 იზრუნოს ოჯახის ემოციურ მოთხოვნილებებზე. იეჰოვამ საჯაროდ გამოხატა იესოს მიმართ სიყვარული (მათ. 3:17). იესოც, სიტყვითა თუ საქმით, დაუფარავად გამოხატავდა სიყვარულს თავისი მოწაფეების მიმართ. ისინიც სიყვარულზე სიყვარულითვე პასუხობდნენ (იოან. 15:9, 12, 13; 21:16). მამაკაცი ცოლ-შვილის მიმართ სიყვარულს საქმით უნდა გამოხატავდეს. მაგალითად, მათთან ერთად განიხილავდეს ბიბლიას. მან სიტყვიერადაც უნდა გამოხატოს, რომ უყვარს და აფასებს თავისი ოჯახის წევრებს. ის შესაფერის დროს აქებს კიდეც მათ სხვების თანდასწრებით (იგავ. 31:28, 29).

იეჰოვას მოწონება რომ დაიმსახუროს, ოჯახისთავმა უნდა იზრუნოს ცოლ-შვილის ფიზიკურ საჭიროებებზე (იხილეთ აბზაცი 16).

16. კიდევ რა მოეთხოვება ოჯახისთავს, თუმცა რაში უნდა გამოიჩინოს სიფრთხილე?

16 იზრუნოს ოჯახის ფიზიკურ საჭიროებებზე. იეჰოვა მაშინაც ზრუნავდა ისრაელების ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, როცა მათ ურჩობისთვის სჯიდა (კან. 2:7; 29:5). იეჰოვა დღეს ჩვენც არ გვაკლებს აუცილებელს (მათ. 6:31—33; 7:11). იესოც ზრუნავდა თავისი მიმდევრების დაპურებაზე, აღელვებდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და კურნავდა კიდეც (მათ. 4:24; 14:17—20). იეჰოვას თვალში მოწონება რომ დაიმსახუროს, ოჯახისთავმა ოჯახი ფინანსურადაც უნდა უზრუნველყოს. თუმცა უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეს. მაგალითად, მან იმდენი დრო არ უნდა მოახმაროს სამსახურს, რომ სათანადოდ ვეღარ იზრუნოს ოჯახის სულიერ თუ ემოციურ მოთხოვნილებებზე.

17. როგორ გვასწავლიან და შეგვაგონებენ იეჰოვა და იესო?

17 სიყვარულით უხელმძღვანელოს და რჩევა-დარიგებები მისცეს ოჯახს. იეჰოვა გვასწავლის და აღმზრდელობით ზომებს მიმართავს ისევ და ისევ ჩვენ სასიკეთოდ (ებრ. 12:7—9). მამის მსგავსად, იესოც სიყვარულით ასწავლის თავის მიმდევრებს (იოან. 15:14, 15). ის თავს არ იკავებს რჩევის მიცემისგან, თუმცა ამას უხეშად არ აკეთებს (მათ. 20:24—28). მას ესმის, რომ არასრულყოფილები ვართ და შეცდომებს ხშირად ვუშვებთ (მათ. 26:41).

18. რა უნდა მიიღოს მხედველობაში ოჯახისთავმა?

18 ოჯახისთავი, რომელიც ჰბაძავს იეჰოვასა და იესოს, მხედველობაში იღებს ოჯახის წევრების სისუსტეებს. ის ცოლ-შვილს უხეშად არ ექცევა (კოლ. 3:19). ის ითვალისწინებს გალატელების 6:1-ში ჩაწერილ ბიბლიურ პრინციპს და ცდილობს, ოჯახის წევრებს რბილად მიუდგეს და გამოასწოროს, რადგან იცის, რომ თვითონაც აქვს სისუსტეები. იესოს მსგავსად, მას ესმის, რომ სხვების სწავლების საუკეთესო საშუალება კარგი მაგალითის მიცემაა (1 პეტ. 2:21).

19, 20. როგორ ჰბაძავს ოჯახისთავი იეჰოვასა და იესოს, როცა საქმე გადაწყვეტილებების მიღებას ეხება?

19 გადაწყვეტილებები ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს. იეჰოვა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც სხვების კეთილდღეობას ემსახურება. მაგალითად, მან ცოცხალი არსებების შექმნა იმიტომ მოიწადინა, რომ სურდა, სხვებსაც გაეხარათ სიცოცხლით. მას ვერავინ აიძულებდა, რომ საკუთარი შვილი გაეღო მსხვერპლად ჩვენი ცოდვებისთვის. ასეთი არჩევანი მან საკუთარი ნებით გააკეთა ჩვენ საკეთილდღეოდ. იესოც ყოველთვის სხვების სასიკეთოდ იღებდა გადაწყვეტილებებს (რომ. 15:3). მაგალითად, ერთხელ იესომ დასვენების დრო ხალხის სწავლებას დაუთმო, მიუხედავად იმისა, რომ გადაღლილი იყო (მარ. 6:31—34).

20 კარგი ოჯახის მეთაური აცნობიერებს, რომ ყოველთვის ადვილი არ არის ოჯახში გონივრული გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ამ საკითხს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ის ცდილობს, თვითნებურად და იმპულსურად კი არ მიიღოს გადაწყვეტილებები, არამედ იეჰოვას სიბრძნით იხელმძღვანელოს * (იგავ. 2:6, 7). ამგვარად აჩვენებს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე კი არ ფიქრობს, არამედ სხვებზეც (ფილ. 2:4).

21. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

21 იეჰოვამ ოჯახისთავებს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე მიანდო. ამიტომ ისინი იეჰოვას წინაშე აგებენ პასუხს იმაზე, თუ როგორ გაართმევენ თავს მინდობილ საქმეს. თუ მამაკაცი ცდილობს, იეჰოვასა და იესოს მაგალითს მიჰბაძოს, ის კარგად გაუწევს ოჯახს მეთაურობას, ხოლო თუ მისი მეუღლე ღირსეულად შეასრულებს თავის როლს, მათი ოჯახი ნამდვილად ბედნიერი იქნება. რაც შეეხება ცოლებს, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მათ მეთაურობის პრინციპის მიმართ და რა შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის რთული? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხი.

სიმღერა 16 ადიდეთ იაჰი ცხებული ძის გამო

^ აბზ. 5 როცა მამაკაცი ცოლს ირთავს, ის თავისი ახალშექმნილი ოჯახის თავი ხდება. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა არის მეთაურობა, რატომ დაადგინა იეჰოვამ მეთაურობის პრინციპი და რა შეუძლიათ ისწავლონ მამაკაცებმა იეჰოვასა და იესოს მაგალითებიდან. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ, რისი სწავლა შეუძლიათ ცოლ-ქმარს იესოსგან და სხვა ბიბლიური მაგალითებიდან. მესამე სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ მოქმედებს მეთაურობის პრინციპი კრებაში.

^ აბზ. 7 ის აზრი, რომ მამაკაცს შეუძლია ცუდად მოეპყროს ცოლს და ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენოს, ხშირად დომინირებს ფილმებში, ტელეშოუებსა თუ იუმორისტულ გადაცემებში. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ მამაკაცი უნდა ბატონობდეს ცოლზე.

^ აბზ. 20 გონივრული გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ 2011 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, სტატიაში „მიიღეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს“, გვ. 13—17.