არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 7

მეთაურობის პრინციპი კრებაში

მეთაურობის პრინციპი კრებაში

„ქრისტეა კრების თავი, ამ სხეულის მხსნელი“ (ეფეს. 5:23).

სიმღერა 137 ერთგული ქალები, ქრისტიანი დები

მოკლე შინაარსი *

1. რა განაპირობებს იეჰოვას ოჯახში ერთობას?

ჩვენ ყველას გვახარებს ის ფაქტი, რომ იეჰოვას ოჯახს მივეკუთვნებით. რა განაპირობებს ჩვენს ოჯახში მშვიდობასა და ერთობას? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ჩვენ ვემორჩილებით იეჰოვას მიერ დადგენილ მეთაურობის პრინციპს. რაც უფრო უკეთ გავერკვევით ამ საკითხში, მით უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ჩვენს ერთობას.

2. რა კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

2 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ მოქმედებს მეთაურობის პრინციპი კრებაში. ძირითადად, ვისაუბრებთ შემდეგ კითხვებზე: რა როლი აკისრიათ დებს კრებაში? კრებაში ნებისმიერი ძმა ნებისმიერი დის მეთაურია? ისეთივე უფლებამოსილება აქვთ უხუცესებს და-ძმებზე, როგორიც ოჯახისთავებს თავიანთ ცოლ-შვილზე? თავდაპირველად ვიმსჯელოთ, ზოგადად, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დების მიმართ.

როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს დების მიმართ?

3. რა შემთხვევაში დავაფასებთ უფრო მეტად ჩვენს დებს?

3 ჩვენ ძალიან ვაფასებთ დებს, რომლებიც ბევრს ირჯებიან ოჯახში, ქადაგებენ სასიხარულო ცნობას და მხარში უდგანან კრებას. ჩვენ უფრო მეტად დავაფასებთ მათ, თუ კარგად დავფიქრდებით, როგორი დამოკიდებულება აქვთ იეჰოვასა და იესოს ქალების მიმართ. ბევრ რამეს გვასწავლის ისიც, თუ როგორ ეპყრობოდა პავლე მოციქული ქალებს.

4. როგორ ჩანს ბიბლიიდან, რომ იეჰოვა ქალებსაც ისევე აფასებს, როგორც კაცებს?

4 ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვა ქალებსაც ისევე აფასებს, როგორც კაცებს. პირველ საუკუნეში იეჰოვამ წმინდა სული მამაკაცებსაც უბოძა და ქალებსაც, რამაც მათ ზებუნებრივი შესაძლებლობები მისცა, მათ შორის უცხო ენებზე ლაპარაკის უნარი (საქ. 2:1—4, 15—18). როგორც კაცებს, ისე ქალებს წმინდა სულით ეძლევათ იმედი, რომ ქრისტესთან ერთად იმეფებენ (გალ. 3:26—29). დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის ჯილდო ქალებსაც ელით და მამაკაცებსაც (გამოცხ. 7:9, 10, 13—15). სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და სწავლების საქმე ორივე სქესის წარმომადგენლებს აქვთ მინდობილი (მათ. 28:19, 20). წიგნ „საქმეებიდან“ ვიგებთ, როგორ დაეხმარა ჭეშმარიტების უკეთ გაგებაში ერთი და, პრისკილა, თავის ქმართან, აკვილასთან, ერთად განათლებულ კაცს, აპოლოსს (საქ. 18:24—26).

5. როგორ ჩანს ლუკას 10:38, 39, 42-დან, რომ იესო პატივს სცემდა ქალებს?

5 იესო ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობოდა ქალებს. ის არ იზიარებდა ფარისევლების შეხედულებას, რომლებიც ზემოდან დაჰყურებდნენ ქალებს და საჯაროდ მათთან საუბარს ერიდებოდნენ, რომ არაფერი ვთქვათ მათთან წმინდა წერილებიდან მსჯელობაზე. იესო კი ქალებთანაც ისევე სიამოვნებით მსჯელობდა ღრმა სულიერ საკითხებზე, როგორც მამაკაცებთან * (წაიკითხეთ ლუკას 10:38, 39, 42). როცა იესო ქადაგების მიზნით მოგზაურობდა, მას თან ქალებიც დაჰყვებოდნენ (ლუკ. 8:1—3). მან სწორედ ქალებს მიანიჭა იმის პატივი, რომ მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოციქულებისთვის ეუწყებინათ (იოან. 20:16—18).

6. საიდან ჩანს, რომ მოციქული პავლე აფასებდა ქალებს?

6 მოციქული პავლე პატივს სცემდა ქალებს. ეს კარგად გამოჩნდა, როცა პავლემ ტიმოთეს ურჩია, რომ უფროსი ასაკის ქალს დედასავით მოპყრობოდა, ხოლო ახალგაზრდა ქალს — დასავით (1 ტიმ. 5:1, 2). მართალია, მოციქულ პავლეს დიდი წვლილი მიუძღოდა ტიმოთეს მოწიფულ ქრისტიანად ჩამოყალიბებაში, მაგრამ იმასაც აღიარებდა, რომ პირველად ტიმოთე დედამ და ბებიამ აზიარეს წმინდა წერილებს (2 ტიმ. 1:5; 3:14, 15). რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე სახელებით მოიხსენიებს დებს და მოკითხვებს უთვლის მათ. პავლე არათუ ამჩნევდა მათ მიერ გაწეულ შრომას, არამედ მადლიერებას გამოხატავდა მათი ქრისტიანული ღვაწლისთვის (რომ. 16:1—4, 6, 12; ფილ. 4:3).

7. რა კითხვებს განვიხილავთ?

7 როგორც წინა აბზაცებიდან გამოჩნდა, ბიბლია არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კაცები ქალებზე აღმატებულად მივიჩნიოთ. ჩვენი მოსიყვარულე და ხელგაშლილი დები ნამდვილად ძვირფასები არიან კრებისთვის. უხუცესებსაც კარგად ესმით, თუ რამხელა წვლილი შეაქვთ დებს კრების მშვიდობასა და ერთიანობაში. თუმცა არის კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს. მაგალითად, რატომ მოითხოვს იეჰოვა, რომ დებმა ზოგიერთ შემთხვევაში თავზე დაიფარონ? კრებაში ნებისმიერი კაცი ნებისმიერი ქალის თავია, თუნდაც ის უხუცესი ან მომსახურე იყოს?

კრებაში ნებისმიერი კაცი ნებისმიერი ქალის თავია?

8. ეფესოელების 5:23-ის თანახმად, არის თუ არა ნებისმიერი ძმა ნებისმიერი დის თავი? ახსენით.

8 მარტივად რომ ვთქვათ, არა. მხოლოდ ქრისტეა ყველა დის თავი და არა რომელიმე ძმა კრებაში (წაიკითხეთ ეფესოელების 5:23). ოჯახში კი ცოლის თავი ქმარია. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით მონათლულ ვაჟზე. ის არ არის თავისი დედის თავი (ეფეს. 6:1, 2). რაც შეეხება კრებას, უხუცესებს მხოლოდ გარკვეული ძალაუფლება აქვთ დებზე და ძმებზე (1 თეს. 5:12; ებრ. 13:17). დაუქორწინებელი დები, რომლებიც დამოუკიდებლად ცხოვრობენ, კვლავაც პატივს უნდა სცემდნენ მშობლებსა და უხუცესებს, თუმცა როგორც ნებისმიერ ძმას, მათაც ერთი თავი ჰყავთ — ქრისტე.

დაუქორწინებელი და-ძმები, რომლებიც მშობლებთან აღარ ცხოვრობენ, იესოს მეთაურობას ემორჩილებიან (იხილეთ აბზაცი 8).

9. რატომ უნდა დაიფაროს ზოგჯერ დამ თავზე?

9 ჩვენ ვიცით, რომ კრების საქმიანობის გაძღოლა იეჰოვამ მამაკაცებს მიანდო და მსგავსი უფლებამოსილება ქალისთვის არ მიუცია (1 ტიმ. 2:12). მან ეს იმავე მიზეზით გააკეთა, რა მიზეზითაც კაცის თავად იესო დანიშნა, რათა კრებაში ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით ხდებოდეს. თუ სიტუაციიდან გამომდინარე დას უწევს იმ მოვალეობის შესრულება, რასაც, ჩვეულებრივ, ძმები ასრულებენ, მაშინ იეჰოვას მოთხოვნისამებრ მან თავზე უნდა დაიფაროს * (1 კორ. 11:4—7). ღმერთმა ეს მოთხოვნა დებს დასამცირებლად კი არ წაუყენა, არამედ საშუალება მისცა, პატივისცემა გამოევლინათ მეთაურობის პრინციპის მიმართ. ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, იბადება კითხვა: რა შედის ოჯახისთავებისა და უხუცესების უფლებამოსილებაში?

რა უფლებამოსილება აქვთ ოჯახისთავებსა და უხუცესებს?

10. რატომ შეიძლება გაუჩნდეს უხუცესს კრებაში წესების დადგენის სურვილი?

10 უხუცესებს უყვართ იესო და სამწყსო, რომელიც იეჰოვამ და იესომ მათ ჩააბარეს (იოან. 21:15—17). შეიძლება უხუცესმა მამობრივი მზრუნველობიდან გამომდინარე თავი კრების თავად მიიჩნიოს. შეიძლება ფიქრობს, რომ როგორც ოჯახისთავს აქვს უფლება, ოჯახის დასაცავად წესები დაადგინოს, ისე უხუცესსაც შეუძლია დაადგინოს წესები ღვთის სამწყსოს დასაცავად. ზოგჯერ და-ძმები თავად აძლევენ უხუცესებს ამის მიზეზს, როცა მათ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას სთხოვენ. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ უხუცესებსა და ოჯახისთავებს ერთნაირი უფლებამოსილება აქვთ?

უხუცესები და-ძმების სულიერ და ემოციურ მოთხოვნილებებზე ზრუნავენ. იეჰოვა აძლევს მათ უფლებამოსილებას, რომ კრების სიწმინდე დაიცვან (იხილეთ აბზაცები 11, 12).

11. რა მსგავსებაა უხუცესისა და ოჯახისთავის უფლებამოსილებას შორის?

11 მოციქული პავლე გვიხსნის, რა მსგავსებაა უხუცესისა და ოჯახისთავის უფლებამოსილებას შორის (1 ტიმ. 3:4, 5). იეჰოვას სურს, რომ ოჯახის წევრები ოჯახის მეთაურს ემორჩილებოდნენ, ქრისტიანულ კრებაში კი ყველა უხუცესებს ემორჩილებოდეს (კოლ. 3:20). იეჰოვა მოელის ოჯახისთავებისა და უხუცესებისგან, რომ ყველაფერს გააკეთებენ მათი სულიერი კეთილდღეობისთვის, ვისზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც მიანდო. ისინი მათ ემოციურ მოთხოვნილებებზეც ზრუნავენ, ვისზეც მათი უფლებამოსილება ვრცელდება. როგორც ოჯახისთავი ეხმარება ოჯახის წევრებს პრობლემების დროს, ისე უხუცესები უდგანან მხარში და-ძმებს გასაჭირში (იაკ. 2:15—17). გარდა ამისა, იეჰოვა მოელის უხუცესებისა და ოჯახისთავებისგან, რომ ისინი სხვებს იეჰოვას კანონების მორჩილებაში დაეხმარებიან. ამასთანავე, იმის შესახებაც აფრთხილებს, რომ არ გადავიდნენ ღვთის სიტყვაში დაწერილს (1 კორ. 4:6).

ოჯახისთავებს იეჰოვამ ოჯახის გაძღოლა მიანდო. მოსიყვარულე ოჯახისთავი გადაწყვეტილების მიღებამდე ცოლის აზრსაც გაუწევს ანგარიშს (იხილეთ აბზაცი 13).

12, 13. რომაელების 7:2-დან გამომდინარე, რა განსხვავებაა უხუცესისა და ოჯახისთავის უფლებამოსილებას შორის?

12 უხუცესებისა და ოჯახისთავების უფლებამოსილებას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობს. მაგალითად, იეჰოვამ უხუცესებს გასამართლების უფლებამოსილება მიანიჭა და იმის უფლებაც მისცა, რომ მოუნანიებელი შემცოდველები კრებიდან გარიცხონ (1 კორ. 5:11—13).

13 მეორე მხრივ, იეჰოვამ გარკვეული უფლებამოსილება, რომელიც ოჯახისთავებს მიანიჭა, უხუცესებისთვის არ მიუნიჭებია. მაგალითად, ოჯახისთავებს აქვთ უფლება, ოჯახის წევრებს წესები დაუდგინონ და მოსთხოვონ კიდეც მათი დაცვა (წაიკითხეთ რომაელების 7:2). მამას შეუძლია შვილებს სახლში დაბრუნების დრო დაუდგინოს, ხოლო თუ შვილები მის მიერ დადგენილ წესს დაარღვევენ, უფლება აქვს, ამისთვის დასაჯოს კიდეც (ეფეს. 6:1). ცხადია, მოსიყვარულე ოჯახისთავი ცოლსაც შეუთანხმებს, რა წესებს დაადგენს ოჯახში. ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ „ერთი ხორცი“ არიან * (მათ. 19:6).

პატივი მიაგეთ ქრისტეს, როგორც კრების თავს

იესო, რომელიც თავის მხრივ იეჰოვას ემორჩილება, ხელმძღვანელობს ქრისტიანულ კრებას (იხილეთ აბზაცი 14).

14. ა) მარკოზის 10:45-ის თანახმად, რატომ არის ლოგიკური, რომ იეჰოვამ იესო კრების თავად დანიშნა? ბ) რა როლს ასრულებს ხელმძღვანელი საბჭო? (იხილეთ ჩარჩო  „ხელმძღვანელი საბჭოს როლი“).

14 გამოსასყიდის მეშვეობით იეჰოვამ არამარტო ისინი გამოისყიდა, ვინც ქრისტიანულ კრებას მიეკუთვნება, არამედ ისინიც, ვინც იესოსადმი რწმენას მომავალში გამოავლენს (წაიკითხეთ მარკოზის 10:45; საქ. 20:28; 1 კორ. 15:21, 22). რაკი იესომ სიცოცხლე გაიღო გამოსასყიდად, ამიტომ ლოგიკურიცაა, რომ იეჰოვამ ის დანიშნა კრების თავად. როგორც თავს, იესოს აქვს უფლებამოსილება, დაადგინოს წესები და მოსთხოვოს კიდეც მათი დაცვა როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ოჯახებსა და მთელ კრებას (გალ. 6:2). თუმცა იესო მხოლოდ წესების დადგენით არ შემოიფარგლება. ის კვებავს და ზრუნვას არ აკლებს მთელ კრებას (ეფეს. 5:29).

15, 16. რომელ აზრს გამოყოფდით მარლისა და ბენჯამინის კომენტარებიდან?

15 თუ დები მიჰყვებიან ქრისტეს მიერ დანიშნული ძმების ხელმძღვანელობას, ამით აჩვენებენ, რომ პატივს მიაგებენ ქრისტეს. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და, მარლი, ბევრი დის სათქმელს ამბობს: „როგორც ცოლი და ქრისტიანი ქალი, ძალიან ვაფასებ ჩემს ადგილს კრებაში. ყოველთვის შევახსენებ ჩემს თავს, რომ პატივი უნდა ვცე იეჰოვას დადგენილ მეთაურობის პრინციპს. ჩემი ქმარი და ძმები კრებაში ძალიან მიადვილებენ ამას, რადგან პატივისცემით მეპყრობიან და აფასებენ ჩემს შრომას“.

16 როცა ძმები ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობიან დებს, აჩვენებენ, რომ კარგად ესმით მეთაურობის პრინციპის არსი. ინგლისში მცხოვრები ბენჯამინი ამბობს: „კრებაში დების მიერ გაკეთებული კომენტარებიდან ბევრ რამეს ვსწავლობ. მათი რჩევები ქადაგებისა და სწავლების საქმეშიც მადგება. ჩემი აზრით, მათი შრომა ფასდაუდებელია“.

17. რატომ უნდა დავაფასოთ მეთაურობის პრინციპი?

17 კრებაში მშვიდობიანი ატმოსფეროა, როცა ყველას — კაცებს, ქალებს, ოჯახისთავებსა თუ უხუცესებს კარგად ესმით და აფასებენ მეთაურობის პრინციპს. რაც ყველაზე მთავარია, ამით განვადიდებთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, იეჰოვას (ფსალმ. 150:6).

სიმღერა 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას

^ აბზ. 5 რა როლი დააკისრა იეჰოვამ დებს კრებაში? კრებაში ნებისმიერი ძმა ნებისმიერი დის მეთაურია? ერთნაირი უფლებამოსილება აქვთ უხუცესებსა და ოჯახისთავებს? წინამდებარე სტატიაში ამ კითხვებს ბიბლიური მაგალითების საფუძველზე გავცემთ პასუხს.

^ აბზ. 5 იხილეთ 2020 წლის სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „მხარი დაუჭირეთ ქრისტიან დებს“, აბზ. 6.

^ აბზ. 13 ის, თუ ვინ უნდა განსაზღვროს, რომელ კრებაში იმსახურებს ოჯახი, განხილულია 2020 წლის აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, „დააფასეთ თითოეული და-ძმის ადგილი კრებაში“, აბზ. 17—19.

^ აბზ. 59 ამ საკითხზე დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“, გვ. 209—212.

^ აბზ. 64 დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, კიდევ რა შედის ხელმძღვანელი საბჭოს მოვალეობაში, იხილეთ 2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 20—25.