არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტობიოგრაფია

„სხვებისგან ბევრი რამ ვისწავლე“

„სხვებისგან ბევრი რამ ვისწავლე“

ღამის წყვდიადში ხელში ავტომატმომარჯვებული ჩემს პოსტზე მარტო ვიდექი ქვიშის ტომრებს ამოფარებული. ფრანგული პოლკი, რომელშიც ვმსახურობდი, ალჟირის მთებში იყო დაბანაკებული. იმ დროს ალჟირი საომარი მოქმედებების ცხელ წერტილად იყო ქცეული. უეცრად ღამის სიჩუმე ვიღაცის ფეხის ხმამ დაარღვია. შიშისგან ადგილზე გავქვავდი. ოცი წლის ვიყავი და ნამდვილად არ მინდოდა, ვინმეს მოვეკალი ან ვინმე მომეკლა. სიმწრით აღმომხდა: „ღმერთო, მიშველე!“

იმ შიშის მომგვრელმა ღამემ ბევრი რამ შეცვალა ჩემში. იქიდან მოყოლებული ღვთის ძიება დავიწყე. მაგრამ ვიდრე მოგიყვებით, როგორ დასრულდა ყველაფერი იმ ღამით, ნება მიბოძეთ, ცოტაოდენი მოგითხროთ ჩემს ბავშვობაზე, რამაც ჩემი შეხედულებების ჩამოყალიბება განაპირობა და ღვთის ძიებისკენ მიბიძგა.

მამის გავლენა

დავიბადე 1937 წელს გენანში, ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე მაღაროელთა ქალაქში. მამაჩემი ქვანახშირის საბადოში მეშახტედ მუშაობდა. სწორედ მან მასწავლა შრომის ფასი. მამაჩემი ვერაფრით ეგუებოდა უსამართლობას. ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მეშახტეების უფლებების დაცვას, რადგან მათ საშინელ პირობებში უწევდათ მუშაობა. მამამ მეც ჩამინერგა უსამართლობის მიმართ სიძულვილი. მეშახტეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ის პროფკავშირულ ორგანიზაციებს მიმართავდა და გაფიცვაშიც მონაწილეობდა. ძალიან აღიზიანებდა ადგილობრივი სამღვდელოების თვალთმაქცობაც. მიუხედავად იმისა, რომ სხვებისგან განსხვავებით მათ არაფერი აკლდათ, ფულსა და საჭმელს გაჭირვებულ მეშახტეებს სთხოვდნენ. მათი საქციელის გამო მამაჩემს რელიგიაზე გული იმდენად აცრუებული ჰქონდა, რომ ღმერთზე თითქმის არასდროს მესაუბრებოდა.

როცა წამოვიზარდე, მამაჩემის მსგავსად მეც ვერ ვიტანდი უსამართლობას. არ მომწონდა, როცა ვხედავდი, რა ცუდად ეპყრობოდნენ საფრანგეთში მცხოვრებ უცხოელებს. ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი ფეხბურთს იმიგრანტ ბავშვებთან და მათთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებდა. თანაც დედაჩემი პოლონელი იყო და არა — ფრანგი. ვნატრობდი, ისეთი დრო დამდგარიყო, როცა წარმოშობის მიუხედავად ყველას თანაბარი უფლებები ექნებოდა და მშვიდობიანად იცხოვრებდა.

ცხოვრების აზრზე დავფიქრდი

ჯარში მსახურების დროს

1957 წელს ჯარში გამიწვიეს. ასე ამოვყავი თავი ალჟირის მთებში იმ ერთ ბნელ ღამეს, რომლის შესახებაც შესავალში მოგითხრეთ. მას შემდეგ, რაც დასახმარებლად ღმერთს მოვუხმე, ხელში მტრის ჯარისკაცის ნაცვლად გარეული ვირი შემრჩა. მის დანახვაზე შვებით ამოვისუნთქე. იმ ღამით მომხდარმა და ზოგადად ომმა სერიოზულად დამაფიქრა ცხოვრების აზრზე. ვფიქრობდი: რატომ გავჩნდით ამ ქვეყნად? ზრუნავს კი ღმერთი ჩვენზე? ან გვეღირსება ოდესმე ნამდვილი მშვიდობა?

ერთხელ, როცა შვებულების დროს მშობლებთან ვიყავი, ერთ იეჰოვას მოწმეს შევხვდი. მან ფრანგული ბიბლიის კათოლიკური თარგმანი მომცა, რომლის კითხვასაც ალჟირში დაბრუნებისთანავე შევუდექი. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით გამოცხადების 21:3, 4-მა მიიქცია: „ღვთის კარავი ადამიანებთანაა!.. მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. ასეთი სიტყვები მანამდე არასდროს წამეკითხა. ვფიქრობდი, ნუთუ შესაძლებელია ეს სიმართლე იყოს-მეთქი. იმ დროს თითქმის არაფერი ვიცოდი ღმერთსა და ბიბლიაზე.

1959 წელს, მას შემდეგ, რაც მოვიხადე სამხედრო ვალდებულება, შევხვდი ფრანსუას, ერთ იეჰოვას მოწმეს, რომელმაც ბიბლია შემასწავლა. მან ბიბლიაში მაჩვენა ღვთის სახელი იეჰოვა (ფსალმ. 83:18). ისიც ამიხსნა, რომ იეჰოვა უსამართლობას მოსპობს მთელ დედამიწაზე, სამოთხედ გადააქცევს მას და შეასრულებს გამოცხადების 21:3, 4-ში ჩაწერილ სიტყვებს.

რასაც ის მიხსნიდა, ლოგიკური მეჩვენებოდა და ჩემს გულს სწვდებოდა. მაგრამ ამავე დროს ბრაზი მომდიოდა მღვდლებზე და მინდოდა, ისინი იმ არაბიბლიურ სწავლებებში მემხილებინა, რომლებსაც ხალხს ასწავლიდნენ. ახლა ვხვდები, რომ მაშინ ჯერ კიდევ მამაჩემის შეხედულებების გავლენაში ვიყავი და ყველაფრის სწრაფად მოგვარება მინდოდა.

ფრანსუა და სხვა იეჰოვას მოწმეები, რომლებსაც დავუახლოვდი, დამეხმარნენ უფრო გაწონასწორებული გავმხდარიყავი. მათ ამიხსნეს, რომ ქრისტიანის საქმე სხვების განსჯა კი არა, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობით ნუგეშისცემაა. სწორედ ასე იქცეოდა იესო ქრისტე და ეს დაავალა თავის მიმდევრებსაც (მათ. 24:14; ლუკ. 4:43). ვისწავლე, როგორ მესაუბრა ხალხთან თბილად და ტაქტიანად მათი რელიგიური შეხედულებების მიუხედავად. როგორც ბიბლია ამბობს, „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს“ (2 ტიმ. 2:24).

მას შემდეგ, რაც სათანადო ცვლილებები მოვახდინე, 1959 წელს სარაიონო კონგრესზე მოვინათლე. კონგრესზე შევხვდი ერთ დას, ანჟელას, რომელიც ძალიან მომეწონა. იმ კრებაზე დავიწყე დასწრება, რომელშიც ის დადიოდა. ჩვენ 1960 წელს დავქორწინდით. ანჟელა არაჩვეულებრივი ადამიანი, შესანიშნავი მეუღლე და ძვირფასი საჩუქარია იეჰოვასგან (იგავ. 19:14).

ჩვენი ქორწილის დღე

გონიერი და გამოცდილი ძმებისგან ბევრი რამ ვისწავლე

წლების განმავლობაში გონიერი და გამოცდილი ძმებისგან ბევრი კარგი რჩევა მივიღე. მთავარი, რაც მათგან ვისწავლე ისაა, რომ თუ გინდა, ნებისმიერ რთულ დავალებას თავი გაართვა, თავმდაბალი უნდა იყო და იგავების 15:22-ში ჩაწერილი რჩევით იხელმძღვანელო: „სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“.

სარაიონო მსახურების დროს საფრანგეთში (1965 წ.)

1964 წელს უფრო მეტად დავრწმუნდი ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში. სწორედ მაშინ დავიწყე სარაიონო მსახურება, კრებების მონახულება და და-ძმების გამხნევება. ვინაიდან მაშინ 27 წლისა ვიყავი და გამოცდილებაც მაკლდა, შეცდომებსაც ვუშვებდი. თუმცა ვცდილობდი, გამოცდილი ძმებისგან ბევრი რამ მესწავლა. უნარიანმა და გამოცდილმა მრჩევლებმა მართლაც ბევრი რამ მასწავლეს.

მინდა, გავიხსენო ერთი შემთხვევა. პარიზში კრების მონახულების დროს ერთმა მოწიფულმა ძმამ სალაპარაკოდ გვერდით გამიყვანა.

მან მკითხა: „ლუი, ჩვეულებრივ, ვის სანახავად მიდის ოჯახში ექიმი?“

„ავადმყოფის“, — ვუპასუხე მე.

მან მითხრა: „მართალი ხარ, მაგრამ როგორც შევნიშნე, დროის უმეტეს ნაწილს მათთან ატარებ, ვისაც სულიერად არაფერი უჭირს, მაგალითად კრების ზედამხედველთან. არადა კრებაში ბევრია ისეთი, ვისაც გამხნევება სჭირდება. ზოგი ახალბედაა, ზოგიც მორცხვი. მათ ძალიან გაახარებ, თუ დროს დაუთმობ, თუნდაც სადილზე ეწვევი“.

ამ ძვირფასმა ძმამ ძალიან დროული და კარგი რჩევა მომცა. იეჰოვას ცხვარზე მისმა მზრუნველობამ ძალიან დამაფიქრა. მოვერიე ჩემს თავმოყვარეობას და იმ დღიდანვე დავიწყე ამ რჩევის გათვალისწინება. იეჰოვას ვემადლიერები, რომ ასეთ ძმებს შემახვედრა.

1969 და 1973 წლებში პარიზში ჩატარებულ ორ საერთაშორისო კონგრესზე სამზარეულოს ზედამხედველად დამნიშნეს. 1973 წლის კონგრესზე დაახლოებით 60 000 ადამიანი 5 დღის განმავლობაში უნდა დაგვეპურებინა. ალბათ, წარმოგიდგენიათ, როგორი დაძაბული ვიყავი. მაშინ კიდევ ერთხელ გამომადგა იგავების 15:22-ში ჩაწერილი რჩევა, რომ სხვებისთვისაც მეკითხა აზრი. რჩევა იმ მოწიფულ ძმებს ვკითხე, რომლებსაც კვების ინდუსტრიაში გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ. მათ შორის იყვნენ ყასბები, მებოსტნეები, მზარეულები და მომმარაგებლები. ერთობლივი ძალით ამ ურთულეს დავალებას თავი გავართვით.

1973 წელს მე და ჩემი მეუღლე საფრანგეთის ბეთელში მიგვიწვიეს. ჩემმა პირველმა დავალებამ ახალი თავსატეხი გამიჩინა. უნდა მომენახა გზები კამერუნში და-ძმებისთვის ლიტერატურის მისაწოდებლად, სადაც ჩვენი საქმიანობა 1970—1993 წლებში აკრძალული იყო. კიდევ ერთხელ ჩავვარდი საგონებელში. როგორც ჩანს, ეს შენიშნა საფრანგეთის ფილიალის ზედამხედველმა და ასეთი სიტყვებით გამამხნევა: „კამერუნელ და-ძმებს სულიერი საზრდო ძალიან სჭირდებათ. მოდი ვიზრუნოთ მათზე!“ ასეც მოვიქეცით.

ნიგერიაში გამართული სპეციალური შეხვედრა კამერუნელ და-ძმებთან (1973 წ.)

კამერუნელ უხუცესებს რომ შევხვედროდი, რამდენჯერმე ვეწვიე მათ მეზობელ ქვეყნებს. ეს გაბედული და გონიერი ძმები დამეხმარნენ, ისეთი გზები გამომენახა, რომ და-ძმებისთვის კამერუნში რეგულარულად მიგვეწოდებინა სულიერი საზრდო. იეჰოვამ აკურთხა ჩვენი მცდელობა. დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში და-ძმები ერთი თვის განმავლობაშიც კი არ დარჩენილან „საგუშაგო კოშკისა“ და „ჩვენი სამეფო მსახურების“ გარეშე.

მე და ანჟელამ ნიგერიაში მოვინახულეთ კამერუნელი სარაიონო ზედამხედველები და მათი მეუღლეები (1977 წ.)

ბევრი რამ ვისწავლე ჩემი ძვირფასი მეუღლისგან

ანჟელას კარგმა თვისებებმა გაცნობისთანავე მომხიბლა. დაქორწინების შემდეგ უფრო კარგად დავინახე მისი ეს თვისებები. ქორწილის დღეს მან მთხოვა, რომ მელოცა და იეჰოვასთვის მეთხოვა, დაგვხმარებოდა, ბოლომდე დავხარჯულიყავით მის მსახურებაში. იეჰოვამ უპასუხოდ არ დატოვა ჩვენი ლოცვა.

ანჟელა იმაშიც დამეხმარა, რომ უფრო მეტად მივნდობოდი იეჰოვას. მაგალითად, 1973 წელს, როცა ბეთელში მიგვიწვიეს, ცოტა ფეხს ვითრევდი, რადგან მიყვარდა სარაიონო მსახურება. მაშინ ანჟელამ შემახსენა, რომ ჩვენ ცხოვრება იეჰოვას მივუძღვენით, ამიტომ მზად უნდა ვყოფილიყავით, ორგანიზაციისგან მიღებული ნებისმიერი დავალება შეგვესრულებინა (ებრ. 13:17). რაღა უნდა მეთქვა?! გადავწყვიტეთ, მიგვეღო ეს შემოთავაზება. ჩვენი მრავალწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ჩემი მეუღლის გონიერებამ და სულიერმა ხედვამ კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი ქორწინება და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარა.

მე და ანჟელა ბეთელის ეზოში (საფრანგეთი)

რაც ასაკი გვემატება, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ანჟელა ჩემი შეუცვლელი დამხმარეა. თეოკრატიულ სკოლებს რომ დავსწრებოდით, რომელთა ნაწილიც ინგლისურ ენაზე ტარდება, მე და ანჟელამ გადავწყვიტეთ, ყველაფერი გაგვეკეთებინა ამ ენის კარგად შესასწავლად. მიუხედავად იმისა, რომ ორივე 70 წელს ვიყავით გადაცილებული, მაინც გადავედით ინგლისურენოვან კრებაში. ჩემთვის, როგორც საფრანგეთის ფილიალის კომიტეტის წევრისთვის, ადვილი არ იყო ახალი ენის შესწავლისთვის დროის გამოყოფა. მაგრამ მე და ანჟელა ხელს ვუწყობდით ერთმანეთს. ახლა, როცა ორივე ოთხმოც წელს ვართ გადაცილებული, კრებისთვის ორ ენაზე, ინგლისურად და ფრანგულად, ვემზადებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ კრების საქმეებში თუ მსახურებაში. იეჰოვას წყალობით ახალი ენის შესწავლას თავი წარმატებით გავართვით.

ძალიან გაგვიხარდა, რომ 2017 წელს მიგვიწვიეს სკოლაში ფილიალის კომიტეტის წევრებისა და მათი მეუღლეებისთვის. ეს სკოლა პატერსონში (ნიუ-იორკი), „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში ტარდება.

იეჰოვა ნამდვილად დიდებული მოძღვარია (ეს. 30:20). ის თავის ხალხს, ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს, საუკეთესო განათლებას აძლევს (კან. 4:5—8). ერთ რამეს მივხვდი: ის ახალგაზრდები, რომლებიც უსმენენ იეჰოვას და გამოცდილ და-ძმებს, სულიერად წინ მიიწევენ და კარგი ღვთის მსახურები ხდებიან. ამას იგავების 9:9-ც ადასტურებს: „დაარიგე ბრძენი და უფრო დაბრძენდება; ასწავლე მართალს და მეტი ეცოდინება“.

ხანდახან მახსენდება 60 წლის წინანდელი შიშის მომგვრელი ღამე ალჟირის მთებში. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ წინ ასეთი ბედნიერი ცხოვრება მელოდა. სხვებისგან ბევრი რამ ვისწავლე. იეჰოვას წყალობით აზრიანი და კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრება გვაქვს. მიზნად გვაქვს დასახული, რომ კვლავაც ვისწავლოთ ჩვენი ზეციერი მამისგან და გონიერი და გამოცდილი და-ძმებისგან.