არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 22

მოამზადეთ ბიბლიის შემსწავლელები ნათლობისთვის

მოამზადეთ ბიბლიის შემსწავლელები ნათლობისთვის

„მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით“ (საქ. 2:38).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 72 ამცნეთ ჭეშმარიტება სამეფოს შესახებ

მოკლე შინაარსი *

1. რა ცნობა გადასცეს იესოს მოწაფეებმა იერუსალიმში შეკრებილთ?

იერუსალიმში თავი მოუყრია სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ქალსა და მამაკაცს. უეცრად გასაოცარი რამ ხდება. ზოგ ებრაელს სასწაულებრივად ეძლევა უნარი, რომ ჩამოსულ სტუმრებს თავ-თავიანთ ენაზე გამოელაპარაკოს. თუმცა უფრო გასაოცარი ის არის, რასაც ეს ებრაელები და მოციქული პეტრე ამბობენ. ხალხი იგებს, რომ ხსნას მხოლოდ იესო ქრისტესადმი რწმენით მოიპოვებენ. ამის მოსმენა მათზე იმხელა შთაბეჭდილებას ახდენს, რომ კითხვას სვამენ: „როგორ მოვიქცეთ?“ ამაზე პეტრე პასუხობს: „მოინათლეთ იესო ქრისტეს სახელით“ (საქ. 2:37, 38).

ძმა მეუღლესთან ერთად ბიბლიის შესწავლას ატარებს ერთ ახალგაზრდა მამაკაცთან წიგნით „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ (იხილეთ აბზაცი 2).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

2 ამის შემდეგ განსაკუთრებული რამ ხდება. იმ დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანი ინათლება და ქრისტეს მოწაფე ხდება. მოწაფეების მომზადების საქმემ, რომელიც იესომ თავის მოწაფეებს დაავალა, სწორედ მაშინ მიიღო მასშტაბური სახე, რაც დღემდე, 21-ე საუკუნეშიც, გრძელდება. პირველი საუკუნისგან განსხვავებით, დღეს ნათლობამდე ვინმეს მისაყვანად რამდენიმე საათი კი არა, შეიძლება თვეები და ზოგჯერ ერთ წელზე მეტიც კი გახდეს საჭირო. მოწაფეების მომზადება შრომატევადი საქმეა და ეს ყველა ბიბლიის მასწავლებელმა კარგად იცის. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია მოვამზადოთ ბიბლიის შემსწავლელები ნათლობისთვის.

დაეხმარეთ შემსწავლელს ნასწავლის გამოყენებაში

3. მათეს 28:19, 20-ის თანახმად, რა მოეთხოვება შემსწავლელს ნათლობამდე?

3 მონათვლამდე შემსწავლელი ბიბლიიდან ნასწავლს ცხოვრებაში უნდა იყენებდეს (წაიკითხეთ მათეს 28:19, 20). როცა ის ნასწავლს იყენებს, ემსგავსება იესოს იგავში მოხსენიებულ „გონიერ კაცს“, რომელმაც კლდოვან ადგილზე მყარი საძირკველი ჩაყარა სახლისთვის (მათ. 7:24, 25; ლუკ. 6:47, 48). ახლა განვიხილოთ სამი რჩევა, რომელთა მეშვეობითაც ბიბლიის შემსწავლელს დავეხმარებით ნასწავლის გამოყენებაში.

4. როგორ დავეხმაროთ შემსწავლელს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწიოს წინ და მოინათლოს? (იხილეთ ჩარჩო  „დაეხმარეთ ბიბლიის შემსწავლელს მიზნების დასახვასა და მიღწევაში“).

4 დაეხმარეთ მიზნების დასახვაში. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ, შორ მანძილზე გეგმავთ მოგზაურობას. თუ შიგადაშიგ გაჩერდებით ლამაზი ადგილების დასათვალიერებლად, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი გზა შორი და დამღლელი არ მოგეჩვენებათ. მსგავსადვე, თუ ბიბლიის შემსწავლელი გზადაგზა ისახავს სხვადასხვა მიზანს და აღწევს მათ, ნათლობამდე მისასვლელი გზა შორი აღარ მოეჩვენება. ბიბლიის შემსწავლელს სულიერ წინსვლაში რომ დაეხმაროთ, გამოიყენეთ წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ თითოეული გაკვეთილის ბოლოს მოცემული ჩარჩო „დავალება“. ყოველი გაკვეთილის განხილვის შემდეგ აუხსენით შემსწავლელს, როგორ დაეხმარება „დავალების“ შესრულება ნასწავლის გამოყენებაში. თუ ფიქრობთ, რომ შემსწავლელმა სხვა მიზანი უნდა დაისახოს, იმსჯელეთ ამ მიზანზე და ჩაანიშნინეთ ჩარჩოში „სხვა დავალება/მიზანი“. ყოველთვის ისარგებლეთ წიგნის ამ თავისებურებით და შემსწავლელთან ერთად იმსჯელეთ, როგორ განახორციელოს დიდი თუ პატარა მიზნები.

5. როგორც მარკოზის 10:17—22-დან ჩანს, რა უთხრა იესომ მდიდარ კაცს და რატომ?

5 დაეხმარეთ ცხოვრების წესის შეცვლაში (წაიკითხეთ მარკოზის 10:17—22). იესომ იცოდა, რომ ამ მდიდარ კაცს გაუძნელდებოდა მთელი ქონების დათმობა (მარ. 10:23). მიუხედავად ამისა, მაინც მოუწოდა, რომ ეს ძირეული ცვლილება მოეხდინა თავის ცხოვრებაში, რადგან სიყვარულით განიმსჭვალა მის მიმართ. ზოგჯერ შეიძლება თავს ვიკავებთ, რომ შემსწავლელი ნასწავლის გამოყენებისკენ წავახალისოთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ის ჯერ მზად არ არის ცვლილებებისთვის. დროა საჭირო, რომ შემსწავლელმა მოიშოროს ცუდი ჩვევები და შეიმოსოს ახალი პიროვნებით (კოლ. 3:9, 10). მაგრამ, რაც უფრო მალე დაელაპარაკებით საჭირო ცვლილებებზე, მით უფრო მალე დაინახავთ შედეგს. თანაც ასეთი საუბრებით აჩვენებთ, რომ გულწრფელად ზრუნავთ მასზე (ფსალმ. 141:5; იგავ. 27:17).

6. რატომ უნდა გავიგოთ კითხვების მეშვეობით შემსწავლელის აზრი ამა თუ იმ საკითხზე?

6 ისეთი კითხვები დაუსვით შემსწავლელს, რომ მისი თვალსაზრისი გაიგოთ ამა თუ იმ საკითხზე. ეს კითხვები მიგახვედრებთ, რამდენად კარგად ესმის განხილული საკითხი და რა სწამს. თუ ამას რეგულარულად გააკეთებთ, სამომავლოდ უფრო გაგიადვილდებათ მასთან დელიკატურ თემებზე საუბარი. წიგნში „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ მრავლად შეხვდებით ამ ტიპის კითხვებს. მაგალითად, მე-4 გაკვეთილში დასმულია ასეთი კითხვა: „თქვენი აზრით, რას გრძნობს იეჰოვა, როცა მას სახელით მოიხსენიებთ?“, ხოლო მე-9 გაკვეთილში: „რის შესახებ გსურთ, ესაუბროთ ღმერთს ლოცვაში?“. თავიდან შემსწავლელს შეიძლება მეტი დაფიქრება დასჭირდეს ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ამიტომ კარგს იზამთ, თუ ბიბლიური მუხლებისა და ილუსტრაციების მეშვეობით მიაჩვევთ მსჯელობას.

7. როგორ გამოვიყენოთ რეალური ისტორიები?

7 მას შემდეგ, რაც შემსწავლელი მიხვდება, მისგან რა მოითხოვება, მოუყევით ან აჩვენეთ რეალური შემთხვევები და ასე წაახალისეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ. მაგალითად, თუ შემსწავლელს კრებაზე დასწრება უჭირს, შეგიძლიათ აჩვენოთ ვიდეო „იეჰოვა ზრუნავს ჩემზე“, რომელიც მოცემულია მე-14 გაკვეთილის ჩარჩოში „გაიგეთ მეტი“. მსგავს ისტორიებს ამ წიგნის არაერთ გაკვეთილში შეხვდებით შემდეგ ქვესათაურებში: „გაიღრმავეთ ცოდნა“ და „გაიგეთ მეტი“. * ნუ შეადარებთ თქვენს შემსწავლელს სხვას და ნუ ეტყვით: „თუ მან შეძლო, შენ რატომ ვერ შეძლებ?!“ ამ დასკვნამდე ის თავად უნდა მივიდეს. ჯობია, იმაზე გაამახვილოთ ყურადღება, რა დაეხმარა ვიდეოში ნაჩვენებ ადამიანს ბიბლიიდან ნასწავლის გამოყენებაში. ეს შეიძლება იყოს რომელიმე მუხლი ან კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ვიდეოსიუჟეტში წარმოდგენილმა ქრისტიანმა გადადგა. თუ შესაძლებელია, იმაზეც გაამახვილეთ ყურადღება, როგორ დაეხმარა იეჰოვა ამ ადამიანს.

8. როგორ შევაყვაროთ შემსწავლელს იეჰოვა?

8 შეაყვარეთ იეჰოვა. ყველანაირად ეცადეთ, რომ მას იეჰოვას თვისებებზე გაუმახვილოთ ყურადღება. დაანახვეთ, რომ ის ბედნიერი ღმერთია, რომელიც მხარში უდგას თავის მოყვარულთ (1 ტიმ. 1:11; ებრ. 11:6). აუხსენით, რომ ბიბლიური რჩევები მისთვისვეა სასიკეთო, რაც ღვთის უდიდეს სიყვარულზე მეტყველებს (ეს. 48:17, 18). რაც უფრო მეტად შეიყვარებს იეჰოვას, მით უფრო მეტი სტიმული მიეცემა ცვლილებების მოსახდენად (1 იოან. 5:3).

გააცანით შემსწავლელი თანამორწმუნეებს

9. მარკოზის 10:29, 30-დან გამომდინარე, რა დაეხმარება შემსწავლელს, რომ ქრისტეს მოწაფეობისთვის მსხვერპლი გაიღოს?

9 ბიბლიის შემსწავლელი მონათვლისთვის მზად რომ იყოს, გარკვეულ დათმობაზე უნდა წავიდეს. ზემოხსენებული მდიდარი კაცის მსგავსად ზოგ შემსწავლელს მოუწევს მატერიალურ წარმატებაზე უარის თქმა. თუ მისი სამსახური ბიბლიურ პრინციპებს არ ეთავსება, მას შეიძლება სამსახურისთვის თავის დანებებაც კი მოუწიოს. ზოგს შეიძლება ის მეგობრები დაშორდნენ, რომლებსაც არ უყვართ იეჰოვა, ზოგს კი იეჰოვას მოწმეების მიმართ უარყოფითად განწყობილმა ოჯახის წევრებმა აქციონ ზურგი. იესომ პირდაპირ თქვა, რომ ყველასთვის ადვილი არ იქნებოდა მსხვერპლზე წასვლა. თუმცა თავის მიმდევრებს დაჰპირდა, რომ გაღებული მსხვერპლი დაუფასდებოდათ. ისინი დიდ, მოსიყვარულე სულიერ ოჯახს შეიძენდნენ (წაიკითხეთ მარკოზის 10:29, 30). როგორ დავეხმაროთ შემსწავლელს, რომ თავი ამ დიდი სულიერი ოჯახის წევრად იგრძნოს?

10. რა შეგვიძლია ვისწავლოთ მანუელის სიტყვებიდან?

10 დაუმეგობრდით შემსწავლელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან თქვენგან ყურადღება და მზრუნველობა იგრძნოს. ამის საჭიროებას უსვამს ხაზს მექსიკაში მცხოვრები მანუელიც. ის შესწავლის პერიოდს ასე იხსენებს: „შესწავლის დაწყებამდე მასწავლებელი მომიკითხავდა ხოლმე, რაც მეხმარებოდა, თავი შინაურულად მეგრძნო და თავისუფლად მესაუბრა სხვა თემებზეც. ვხვდებოდი, რომ მისთვის სულ ერთი არ ვიყავი“.

11. როგორ დავეხმარებით ბიბლიის შემსწავლელს, თუ მასთან თავისუფალ დროს გავატარებთ?

11 იესოს მსგავსად შეეცადეთ, რომ ბიბლიის შემსწავლელთან თავისუფალი დროც გაატაროთ (იოან. 3:22). თუ ხედავთ, რომ შემსწავლელმა ცვლილებების მოხდენა დაიწყო, კარგი იქნება, სახლში დაპატიჟოთ ჩაიზე, სადილზე ან მაუწყებლობის ყოველთვიური პროგრამის საყურებლად. შემსწავლელი განსაკუთრებით მადლიერი დაგრჩებათ, თუ დღესასწაულების პერიოდში დაპატიჟებთ, რომ თავი გარიყულად არ იგრძნოს. უგანდაში მცხოვრები კაზიბვე ამბობს: „იეჰოვას შესახებ არა მარტო შესწავლის დროს, არამედ მაშინაც ბევრ რამეს ვიგებდი, როცა მასწავლებელთან თავისუფალ დროს ვატარებდი. ვხედავდი, როგორ ზრუნავდა იეჰოვა თავის ხალხზე და რა ბედნიერები იყვნენ ისინი. სწორედ ასეთ ცხოვრებაზე ვოცნებობდი“.

თუ შესწავლაში სხვადასხვა მაუწყებელს დაიხმართ, შემსწავლელს უფრო გაუადვილდება კრების შეხვედრებზე მოსვლა (იხილეთ აბზაცი 12). *

12. რატომ უნდა დავპატიჟოთ შესწავლაზე სხვადასხვა მაუწყებელი?

12 დაპატიჟეთ ბიბლიის შესწავლაზე სხვადასხვა მაუწყებელი. შეიძლება ჩვენთვის უფრო მოსახერხებელია ბიბლიის შესწავლის მარტო ჩატარება ან უფრო გვიადვილდება, როცა შესწავლაზე ერთსა და იმავე მაუწყებელს ვეპატიჟებით. თუმცა შემსწავლელზე დადებითად იმოქმედებს, თუ დროდადრო სხვადასხვა მაუწყებელსაც დავიხმართ შესწავლაში. მოლდოვაში მცხოვრები დიმიტრი ამბობს: „ყველა მაუწყებელს, რომელიც ჩემთან შესწავლაზე მოდიოდა, ახსნის თავისი სტილი ჰქონდა. ეს დამეხმარა, განხილული მასალა სხვადასხვა კუთხით დამენახა. თანაც, როცა პირველად დავესწარი კრების შეხვედრას, თავი უცხოდ არ მიგრძნია, რადგან კრებაში უკვე ბევრს ვიცნობდი“.

13. რატომ უნდა წავახალისოთ შემსწავლელი კრებაზე დასწრებისკენ?

13 წაახალისეთ კრებაზე დასწრებისკენ. იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან ერთად შეკრებას ითხოვს. კრების შეხვედრებზე დასწრება თაყვანისმცემლობის ნაწილია (ებრ. 10:24, 25). თანაც და-ძმები ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან. ამიტომ, როცა კრებას ვესწრებით, შეიძლება ითქვას, რომ სულიერ ოჯახთან ერთად სულიერ ნადიმზე ვართ. როცა ბიბლიის შემსწავლელს კრებაზე დასწრებისკენ ვახალისებთ, ფაქტობრივად, ნათლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში ვეხმარებით. მაგრამ შეიძლება ზოგს გაუჭირდეს ამ ნაბიჯის გადადგმა. როგორ დაეხმარება შემსწავლელს წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ იმ დაბრკოლებების გადალახვაში, რომლებიც კრებაზე დასწრებაში უშლის ხელს?

14. როგორ წავახალისოთ შემსწავლელი კრებაზე დასწრებისკენ?

14 ახალი სახელმძღვანელოს მე-10 გაკვეთილი დაგეხმარებათ, შემსწავლელს კრებაზე დასწრების სურვილი აღუძრათ. წიგნის გამოცემამდე გამოცდილმა მაუწყებლებმა ამ გაკვეთილის მეშვეობით წაახალისეს თავიანთი ბიბლიის შემსწავლელები კრებაზე დასწრებისკენ, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე-10 გაკვეთილის განხილვამდე შემსწავლელი კრებაზე არ უნდა დაპატიჟოთ. პირიქით, შეეცადეთ, ეს მალევე გააკეთოთ და მუდმივად წაახალისოთ ამისკენ. ყველა შემსწავლელი ინდივიდუალურია და სხვადასხვა დაბრკოლებას ხვდება. თუ დაკვირვებული იქნებით, გაიგებთ, რა უშლის მას ხელს ამაში და პრაქტიკულ დახმარებასაც შესთავაზებთ. გულს ნუ გაიტეხთ, თუ მალევე არ მოისურვებს შეხვედრებზე დასწრებას. იყავით მომთმენი და მცდელობას ნუ დააკლებთ.

დაეხმარეთ შემსწავლელს შიშის დაძლევაში

15. რა შეიძლება აშინებდეს ბიბლიის შემსწავლელს?

15 შეიძლება იეჰოვას მოწმედ გახდომა თქვენთვისაც გარკვეულ შიშთან იყო დაკავშირებული. ალბათ, ფიქრობდით, რომ კარდაკარ ვერასდროს იქადაგებდით. ან შესაძლოა ოჯახის წევრებისა და მეგობრების მოსალოდნელი რეაქცია გაშინებდათ. თუ ასეა, მაშინ ადვილად გაუგებთ თქვენს ბიბლიის შემსწავლელს. იესომაც თქვა, რომ ზოგს ასეთი შიში დაეუფლებოდა. მიუხედავად ამისა, მან თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ შიშის გამო უარი არ ეთქვათ ღვთის მსახურებაზე (მათ. 10:16, 17, 27, 28). როგორ დაეხმარა იესო თავის მოწაფეებს შიშის დაძლევაში და ჩვენ როგორ გამოგვადგება მისი მაგალითი?

16. როგორ შეგიძლიათ მიაჩვიოთ შემსწავლელი თავის რწმენაზე საუბარს?

16 მიაჩვიეთ თავისი რწმენის შესახებ საუბარს. მოწაფეები ალბათ ღელავდნენ, როცა იესომ საქადაგებლად გაგზავნა, მაგრამ მან ისინი წინასწარ მოამზადა და აუხსნა, სად და რაზე უნდა ელაპარაკათ (მათ. 10:5—7). რას გვასწავლის ეს ჩვენ? დაანახვეთ შემსწავლელს, სად შეუძლია ქადაგება. მაგალითად, ჰკითხეთ, მის ნაცნობებს შორის ხომ არ არის ისეთი, ვისაც ანუგეშებს რომელიმე ბიბლიური სწავლება. შემდეგ აჩვენეთ, მარტივად როგორ შეუძლია აუხსნას სხვებს ეს საკითხი. თუ საჭიროდ ჩათვლით, გაითამაშეთ სცენა, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩარჩო „ზოგის აზრით“ ან „ვინმემ შეიძლება გკითხოთ“ წიგნიდან „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“. შემსწავლელს ყურადღება გაუმახვილეთ იმაზე, როგორ შეუძლია ბიბლიიდან გასცეს მარტივი და ტაქტიანი პასუხები.

17. მათეს 10:19, 20, 29—31-ის მეშვეობით როგორ დავეხმაროთ შემსწავლელს იეჰოვასადმი ნდობის განვითარებაში?

17 დაეხმარეთ, რომ იეჰოვასადმი ნდობა განივითაროს. იესომ დაარწმუნა თავისი მოწაფეები, რომ იეჰოვა აუცილებლად დაეხმარებოდა მათ, რადგან უყვარდა ისინი (წაიკითხეთ მათეს 10:19, 20, 29—31). თქვენი შემსწავლელიც დაარწმუნეთ, რომ იეჰოვა მასაც დაეხმარება. იეჰოვასადმი ნდობას განუვითარებთ, თუ მასთან ერთად ლოცვის დროს მოიხსენიებთ მის მიზნებს. პოლონეთში მცხოვრები ფრანციშეკი ამბობს: „ჩემი მასწავლებელი ხშირად ახსენებდა ლოცვის დროს ჩემს მიზნებს. რაკი ვხედავდი, რომ იეჰოვა პასუხობდა მის ლოცვებს, მეც მალევე მივეჩვიე ლოცვას. იეჰოვას დახმარება მაშინ ვიგრძენი, როცა ჩემს ახალ სამსახურში დღეების გამოთავისუფლება ვითხოვე, კრების შეხვედრებს და კონგრესს რომ დავსწრებოდი“.

18. რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას იმ საქმის მიმართ, რომელსაც თავისი მსახურები ეწევიან?

18 იეჰოვა დიდ მზრუნველობას იჩენს ბიბლიის შემსწავლელების მიმართ. მან კარგად იცის, რამდენს ირჯებიან თავისი მსახურები, რომ ხალხს მასთან დაახლოებაში დაეხმარონ, და ამას ძალიან აფასებს (ეს. 52:7). თუნდაც ამჟამად არ გქონდეთ ბიბლიის შესწავლა, შეგიძლიათ ითანამშრომლოთ სხვა მაუწყებლებთან და ამგვარად თქვენი წვლილი შეიტანოთ ბიბლიის შემსწავლელების სულიერ ზრდასა და ნათლობაში.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 60 სიცოცხლის მომტანი ცნობა

^ აბზ. 5 ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ ეხმარებოდა იესო ადამიანებს, თავისი მოწაფეები გამხდარიყვნენ და ჩვენ როგორ შეგვიძლია მას მივბაძოთ. აგრეთვე ვისაუბრებთ ახალი წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ ზოგიერთ თავისებურებაზე. ეს წიგნი ისეა შედგენილი, რომ ბიბლიის შემსწავლელები ნათლობისთვის მოამზადოს.

^ აბზ. 7 რეალური შემთხვევები შეგიძლიათ ნახოთ: 1) „იეჰოვას მოწმეების საკვლევ სახელმძღვანელოში“, თემა „ბიბლია“ / პრაქტიკული ღირებულება / ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის (საგუშაგო კოშკის რუბრიკა), 2) jw ბიბლიოთეკა / მედია / ინტერვიუები და შემთხვევები.

^ აბზ. 62 სურათის აღწერა: ძმა მეუღლესთან ერთად ატარებს ბიბლიის შესწავლას ახალგაზრდა მამაკაცთან. ის შესწავლაზე სხვა ძმებსაც ეპატიჟება.