არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

Სასწავლო Სტატია 27

მიჰბაძეთ იეჰოვას მოთმინებაში

მიჰბაძეთ იეჰოვას მოთმინებაში

„მოთმინებით გადაირჩენთ თავს“ (ლუკა 21:19).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 114 მოითმინეთ

მოკლე შინაარსი *

1, 2. როგორ გვეხმარება ესაიას 65:16, 17, რომ ბოლომდე მოვითმინოთ?

2017 წლის რეგიონული კონგრესის მთავარი თემა იყო „ბოლომდე მოითმინეთ!“. ამ კონგრესის პროგრამიდან გავიგეთ, როგორ უნდა ავიტანოთ მოთმინებით სხვადასხვა განსაცდელი. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და დღემდე ამ ბოროტ ქვეყნიერებაში ბევრ რამეს ვითმენთ.

2 რისი გადატანა მოგიწიათ ამ ბოლო დროს? ოჯახის წევრი ან მეგობარი ხომ არ გამოგეცალათ ხელიდან? რაიმე მძიმე დაავადებას ხომ არ ებრძვით? ასაკით გამოწვეულმა პრობლემებმა ხომ არ შეგაწუხათ? სტიქიის, ძალადობის ან დევნის მსხვერპლი ხომ არ გახდით? თქვენც ხომ არ დაგაზარალათ კოვიდ-19-ის პანდემიამ? ალბათ, ერთი სული გვაქვს, როცა ამ ყველაფერს უკან მოვიტოვებთ და დავივიწყებთ ყველანაირ გაჭირვებას, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაჰბარდება (წაიკითხეთ ესაიას 65:16, 17).

3. რა უნდა გავაკეთოთ და რატომ?

3 ამ ქვეყნიერებაში ცხოვრება ძალიან რთულია. თანაც არავინ ვართ დაზღვეული, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ სირთულეს არ შევხვდებით (მათ. 24:21). ამიტომ მოთმინების გამომუშავება გვჭირდება. ამის აუცილებლობას იესომაც გაუსვა ხაზი, როცა გვითხრა: „მოთმინებით გადაირჩენთ თავს“ (ლუკ. 21:19). მოთმინებას იმაზე ფიქრი გაგვიადვილებს, რომ სხვებიც მოთმინებით იტანენ ჩვენს მსგავს პრობლემებს.

4. რატომ არის იეჰოვა მოთმინების უბადლო მაგალითი?

4 ვინ გვაძლევს მოთმინების უბადლო მაგალითს? იეჰოვა ღმერთი. შეიძლება ამ პასუხმა გაგაკვირვათ, მაგრამ, თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რატომ ვამბობთ ამას. ამ ქვეყნიერებას ეშმაკი მართავს. ამიტომაც არის ჩაძირული მსოფლიო პრობლემებში. იეჰოვას შესწევს ძალა, მყისიერად მოუღოს ბოლო ნებისმიერ პრობლემას, მაგრამ ის დანიშნულ დროს ელოდება (რომ. 9:22). ამ დროის დადგომას ის მოთმინებით ელის. ახლა ვიმსჯელოთ, რისი მოთმენა უწევს იეჰოვას.

რას ითმენს იეჰოვა?

5. როგორ შეურაცხყოფენ დღეს ღვთის სახელს და თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამის მიმართ?

5 ღვთის სახელის შეურაცხყოფა. იეჰოვა უფრთხილდება თავის სახელს და სურს, რომ სხვებიც პატივისცემით მოეკიდონ მას (ეს. 42:8). მაგრამ უკვე ექვს ათასწლეულზე მეტია, რაც მის სახელს შეურაცხყოფენ (ფსალმ. 74:10, 18, 23). ეს ყველაფერი ედემის ბაღში დაიწყო, როცა ეშმაკმა (ნიშნავს „ცილისმწამებელს“) ღმერთს იმაში დასდო ბრალი, რომ ადამსა და ევას ისეთ რამეს უმალავდა, რაც მათ ბედნიერებას შეუწყობდა ხელს (დაბ. 3:1—5). იქიდან მოყოლებული ღმერთს ბრალს სდებენ, რომ ადამიანებს რაღაც კარგს უმალავს. იესოს ძალიან აწუხებდა ის ფაქტი, რომ მამის რეპუტაციას ბღალავდნენ. ამიტომაც უთხრა თავის მიმდევრებს, რომ ასე ელოცათ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათ. 6:9).

6. რატომ გამოყო იეჰოვამ ამდენი დრო უზენაესობის საკითხის გადასაჭრელად?

6 თავის უზენაეს მმართველობასთან დაპირისპირება. იეჰოვა ცისა და დედამიწის სრულუფლებიანი და საუკეთესო მმართველია (გამოცხ. 4:11). სატანა შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა ანგელოზები და ადამიანები, და დაერწმუნებინა ისინი, რომ ღმერთს არა აქვს მმართველობის უფლება. ეს საკითხი, ჰქონდა თუ არა იეჰოვას უფლება, ყოფილიყო უზენაესი მმართველი, მარტივად ვერ გადაწყდებოდა. ღმერთმა საკმარისი დრო მისცა ადამიანებს, თავად დარწმუნებულიყვნენ, რომ მის გარეშე მმართველობის ნებისმიერი ფორმა სრული მარცხისთვის იყო განწირული (იერ. 10:23). ასე რომ, ღვთის მოთმინების წყალობით, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდებოდა. მალე ყველა გაიგებს, რომ იეჰოვაა საუკეთესო მმართველი და მხოლოდ მის სამეფოს შეუძლია ნამდვილი მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარება დედამიწაზე.

7. ვინ დაუპირისპირდა იეჰოვას და როგორ იმოქმედებს ის?

7 ზოგიერთი ქმნილების ურჩობა. იეჰოვამ სულიერი ქმნილებები და ადამიანები სრულყოფილად, უნაკლოდ შექმნა. მაგრამ ერთმა ურჩმა ანგელოზმა, სატანამ (ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“), სრულყოფილი ადამიანები, ადამი და ევა, იეჰოვას წინააღმდეგ აამხედრა. სატანას სხვა ადამიანები და ანგელოზებიც შეუერთდნენ (იუდ. 6). მოგვიანებით, ღვთის რჩეულმა ხალხმა, ისრაელმაც უარყო ის და ცრუ ღმერთების თაყვანისცემა დაიწყო (ეს. 63:8, 10). წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა იეჰოვა თავს, როცა თავისმა შვილებმა უღალატეს. მან მოთმინებით აიტანა ეს ყველაფერი და დღემდე ითმენს, სანამ თავის დროზე ბოლოს არ მოუღებს ყველა მოწინააღმდეგეს. ეს შვებას მოჰგვრის ერთგულებს, რომლებსაც მასთან ერთად უწევთ ამ ქვეყნიერებაში არსებული ბოროტების მოთმენა.

8, 9. რაში სწამებენ იეჰოვას ცილს და ჩვენ როგორ უნდა ვრეაგირებდეთ ამაზე?

8 სატანის გამუდმებული ცილისწამება. სატანამ მართალი კაცი იობიც დაადანაშაულა და მასთან ერთად იეჰოვას სხვა ერთგული მსახურებიც, რომ ღმერთს ანგარებით ემსახურებოდნენ (იობ. 1:8—11; 2:3—5). ის თავისას არ იშლის და დღემდე აგრძელებს კაცთა მოდგმის ცილისწამებას (გამოცხ. 12:10). ჩვენ სატანის ბრალდებებს ვაბათილებთ, როცა იეჰოვას სიყვარულით განსაცდელებს მოთმინებით ვიტანთ. იობის მსგავსად ჩვენი მოთმინებაც დაჯილდოვდება (იაკ. 5:11).

9 სატანა ცრუ რელიგიური წინამძღოლების მეშვეობითაც სდებს იეჰოვას ბრალს და მას სისასტიკესა და კაცობრიობის ტანჯვაში ადანაშაულებს. როცა ბავშვი კვდება, ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ღმერთმა წაიყვანა ზეცაში, რადგან კიდევ ერთი ანგელოზი სჭირდებოდა. რამხელა შეურაცხყოფაა ეს ღვთისთვის! მაგრამ ჩვენ არ ვიჯერებთ ასეთ სიცრუეს, რადგან კარგად ვიცით, რომ ის მოსიყვარულე მამაა. როდესაც სერიოზულ დაავადებას ვებრძვით ან საყვარელი ადამიანი გვიკვდება, ამაში ღმერთს არასოდეს ვადანაშაულებთ. არათუ ვადანაშაულებთ, პირიქით, გვჯერა, რომ იეჰოვა ერთ დღესაც ყველა პრობლემას მოაგვარებს. ყველას, ვინც მოისურვებს, დავანახვებთ, როგორი მოსიყვარულე ღმერთია იეჰოვა. ამგვარად, მას საშუალებას მივცემთ, რომ პასუხი გასცეს თავის დამცინავს (იგავ. 27:11).

10. რას ვიგებთ ფსალმუნის 22:23, 24-დან იეჰოვას შესახებ?

10 თავისი ძვირფასი მსახურების ტანჯვა. იეჰოვა თანამგრძნობი ღმერთია. ის ძალიან განიცდის, როდესაც ხედავს, როგორ ვიტანჯებით დევნის, ავადმყოფობისა და ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო (წაიკითხეთ ფსალმუნის 22:23, 24). იეჰოვამ კარგად იცის, რა ტკივილსაც განვიცდით. მას სურს, ამ ყველაფერს ბოლო მოუღოს და ის ასეც მოიქცევა (შეადარეთ გამოსვლის 3:7, 8; ესაიას 63:9). მოვა დრო და ის მოგვწმენდს „ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხ. 21:4).

11. რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას იმ ერთგული მსახურების მიმართ, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან?

11 თავის ერთგულ გარდაცვლილ მსახურებთან განშორება. რას გრძნობს იეჰოვა იმ ერთგული მსახურების მიმართ, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან? მას ძალიან ენატრება ისინი (იობ. 14:15). წარმოიდგინეთ, როგორ ენატრება თავისი მეგობარი აბრაამი ან მოსე, რომელსაც პირისპირ ელაპარაკებოდა (იაკ. 2:23; გამ. 33:11). ის ელოდება იმ დროს, როდესაც დავითი და სხვა ფსალმუნმომღერლები კვლავ მიუძღვნიან მას განმადიდებელ სიმღერებს (ფსალმ. 104:33). მართალია, ეს ერთგული მსახურები დიდი ხანია ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ იეჰოვას ისინი არ დავიწყებია (ეს. 49:15). მას ყოველი წვრილმანი ახსოვს მათ შესახებ. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ „მისთვის ისინი ცოცხლები არიან“ (ლუკ. 20:38). როდესაც იეჰოვა მათ სიცოცხლეს დაუბრუნებს, ისინი კვლავ გააგრძელებენ მის თაყვანისცემას და იეჰოვაც კვლავ შეისმენს მათ გულწრფელ ლოცვას. თუ სიკვდილმა თქვენც გამოგაცალათ ხელიდან ახლობელი ადამიანი, ამაზე ფიქრი გაგამხნევებთ და განუგეშებთ.

12. განსაკუთრებით რას განიცდის იეჰოვა დღეს?

12 ბოროტების მიერ სუსტებისა და დაუცველების ჩაგვრა. იეჰოვამ იცოდა, რომ მას შემდეგ, რაც პირველი ადამიანები ედემის ბაღში ეურჩნენ, დედამიწაზე ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლებოდა, სანამ თავად არ გამოასწორებდა ყველაფერს. იეჰოვას სძულს მსოფლიოში გამეფებული ბოროტება, უსამართლობა და ძალადობა. მას გული განსაკუთრებით სუსტ და დაუცველ ადამიანებზე შესტკივა, მათ შორის ქვრივ-ობლებზე (ზაქ. 7:9, 10). მას ძალიან უმძიმს იმის დანახვა, თუ როგორ ჩაგრავენ და აპატიმრებენ თავის ერთგულ მსახურებს. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას უყვარს თავისი მსახურები, რომლებსაც მასთან ერთად უწევთ ამ ყველაფრის ატანა.

13. როგორ გაიხრწნა საზოგადოება და რას მოიმოქმედებს იეჰოვა?

13 კაცთა მოდგმის ზნეობრივი დეგრადაცია. სატანას სიამოვნებს ღვთის მსგავსად შექმნილი ადამიანების ზნეობრივი დეგრადაცია. როცა ნოეს დროს ღმერთმა დაინახა, როგორ „გამრავლდა დედამიწაზე ბოროტება“, „დამწუხრდა . . . თავისი შექმნილი ადამიანების გამო და გული ეტკინა“ (დაბ. 6:5, 6, 11). შეიცვალა მას შემდეგ რამე უკეთესობისკენ? ფაქტია, არა. სატანას სიამოვნებს იმის დანახვა, თუ როგორ ეფლობიან ადამიანები ზნეობრივი გახრწნილების ჭაობში, მაგალითად, რა გარყვნილებას სჩადიან საპირისპირო თუ ერთი სქესის ადამიანები (ეფეს. 4:18, 19). ის განსაკუთრებით მაშინ გაიხარებს, თუ ღვთის ერთგულ ადამიანს ცოდვას ჩაადენინებს. როცა იეჰოვას მოთმინების ფიალა აევსება, ის პასუხს აგებინებს უზნეობის ჩამდენთ, რადგან სძულს ყოველგვარი უზნეობა.

14. რა ზიანი მიაყენა ადამიანმა დედამიწას?

14 თავისი შექმნილი დედამიწის განადგურება. დღეს ადამიანები არა მხოლოდ ერთმანეთს აყენებენ ზიანს, არამედ ფლორასა და ფაუნასაც ანადგურებენ, რომლებზედაც ზრუნვა ღმერთმა მათ მიანდო (ეკლ. 8:9; დაბ. 1:28). ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ადამიანების ზემოქმედების შედეგად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება მილიონზე მეტი სახეობა გადაშენდეს. ამიტომ რა გასაკვირია, როცა ამბობენ, რომ დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. საბედნიეროდ, იეჰოვას დაპირებისამებრ „დედამიწის მომსპობნი“ მოისპობიან, მთელი დედამიწა კი სამოთხედ გადაიქცევა (გამოცხ. 11:18; ეს. 35:1).

რას გვასწავლის იეჰოვას მოთმინება?

15, 16. რატომ ვითმენთ იეჰოვას მსგავსად? მოიყვანეთ მაგალითი.

15 დაფიქრდით, რამდენი რამის ატანა უწევს ჩვენს ზეციერ მამას ათასობით წლის განმავლობაში (იხილეთ ჩარჩო  „რას ითმენს იეჰოვა?“). იეჰოვას შეეძლო ნებისმიერ დროს გაენადგურებინა ბოროტი ქვეყნიერება, მაგრამ მისი მოთმინება ჩვენთვისვეა სასიკეთო. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ, ექიმთან კონსულტაციაზე მისულ ცოლ-ქმარს უთხრეს, რომ მათი შვილი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით დაიბადებოდა, რის გამოც ცხოვრება გაურთულდებოდა და მალევე დაიღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს დიდ მსხვერპლზე მოუწევდათ წასვლა, მათ ბავშვის გაჩენაზე უარი მაინც არ თქვეს. ეჭვგარეშეა, შვილის სიყვარული დაეხმარება მათ, ნებისმიერი სირთულე გადაიტანონ და შეძლებისდაგვარად არაფერი მოაკლონ ბავშვს.

16 მსგავსადვე, ადამისა და ევას ყველა შთამომავალი არასრულყოფილი ანუ ნაკლოვანი იბადება. მაგრამ იეჰოვას მაინც უყვარს ისინი და ზრუნავს მათზე (1 იოან. 4:19). მაგალითში მოყვანილი მშობლებისგან განსხვავებით, იეჰოვას შეუძლია შეცვალოს მდგომარეობა. მან დანიშნა კონკრეტული დღე, როცა ადამიანების ტანჯვას ბოლოს მოუღებს (მათ. 24:36). ნუთუ იეჰოვას სიყვარული იმისკენ არ აღგვძრავს, რომ მასთან ერთად ჩვენც იქამდე მოვითმინოთ, სანამ საჭირო იქნება?!

17. როგორ გვაძლევს მოთმინების ძალას ებრაელების 12:2, 3-ში ჩაწერილი სიტყვები?

17 იეჰოვამ მოთმინების უბადლო მაგალითი მოგვცა. მოთმინების გამოვლენაში იესოც ჰბაძავდა მამას. დედამიწაზე ყოფნის დროს მან ჩვენი გულისთვის აიტანა შეურაცხყოფა, დაცინვა და წამების ძელზე ტანჯვა (წაიკითხეთ ებრაელების 12:2, 3). ეჭვგარეშეა, იესოს ამ ყველაფრის ატანის ძალა იეჰოვას მოთმინების მაგალითმა მისცა. ეს ჩვენც მოგვცემს მოთმინების ძალას.

18. როგორ გვეხმარება 2 პეტრეს 3:9 უკეთ დავინახოთ, რას ემსახურება იეჰოვას მოთმინება?

18 წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:9. იეჰოვამ იცის, როდის იქნება ბოროტი ქვეყნიერების განადგურებისთვის საუკეთესო დრო. მისი მოთმინების წყალობით იკრიბება „უამრავი ხალხი“, რომელთა რიცხვიც მილიონებს აღწევს. ეს ხალხი თაყვანს სცემს და განადიდებს მას. ისინი იეჰოვას მოთმინებას უნდა უმადლოდნენ, რომ მოევლინენ ამ ქვეყანას და საშუალება მიეცათ, გაეცნოთ, შეეყვარებინათ და თავი მიეძღვნათ მისთვის. იეჰოვას მოთმინება განსაკუთრებით მაშინ დაფასდება, როცა ის ბოლომდე მოთმენისთვის მილიონობით ადამიანს დააჯილდოებს.

19. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი და რა ჯილდოს მივიღებთ ამისთვის?

19 იეჰოვა გვასწავლის, როგორ მოვითმინოთ ისე, რომ სიხარული არ დავკარგოთ. ყველა იმ უბედურების მიუხედავად, რაც სატანამ დაატეხა კაცობრიობას, იეჰოვა მაინც ბედნიერი ღმერთია (1 ტიმ. 1:11). ჩვენც გვმართებს, დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ და მოთმინებით დაველოდოთ დროს, როცა იეჰოვა განწმენდს თავის სახელს, დაამტკიცებს თავის უზენაესობას, ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ბოროტებას და ყველა ჩვენს პრობლემას მოაგვარებს. მოდი ბოლომდე მოვითმინოთ და თავი ვინუგეშოთ იმით, რომ ჩვენი ზეციერი მამა ბევრ რამეს ითმენს. მაშინ ჩვენზე გამართლდება შემდეგი სიტყვები: „ბედნიერია ის, ვინც განსაცდელს იტანს, რადგან იეჰოვას მოწონებას დაიმსახურებს და სიცოცხლის გვირგვინს მიიღებს, რომელსაც იგი თავის მოყვარულებს დაჰპირდა“ (იაკ. 1:12).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 139 წარმოიდგინე საკუთარი თავი ახალ ქვეყნიერებაში

^ აბზ. 5 პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველას აქვს. ვინაიდან ამ ეტაპზე ბევრი პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, ისღა დაგვრჩენია მოვითმინოთ. მრავალი რამის მოთმენა მხოლოდ ჩვენ კი არა, თვით იეჰოვა ღმერთსაც უწევს. ამ სტატიაში 9 მათგანს შევეხებით. აგრეთვე გავიგებთ, რა დადებითი მხარეები აქვს იეჰოვას მოთმინებას და ჩვენ რას გვასწავლის მისი მაგალითი.