არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 29

გაიხარეთ საკუთარი წარმატებით!

გაიხარეთ საკუთარი წარმატებით!

„თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება“ (გალ. 6:4).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 34 ვიაროთ უმწიკვლოდ

მოკლე შინაარსი *

1. რატომ არ გვადარებს იეჰოვა სხვებს?

იეჰოვას უყვარს მრავალფეროვნება. ყველაფერი, რაც მან შექმნა, მათ შორის კაცობრიობა, სწორედ ამაზე მეტყველებს. ყველა ადამიანი განსხვავებულია, ამიტომ იეჰოვა არ ადარებს მათ ერთმანეთს. ის ჩვენს გულს ხედავს და იცის, სინამდვილეში როგორები ვართ (1 სამ. 16:7). ის მხედველობაში იღებს ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს და ითვალისწინებს, როგორ გარემოში აღვიზარდეთ. იეჰოვა იმაზე მეტს არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია. ჩვენც მისი თვალით უნდა შევაფასოთ საკუთარი თავი. ამგვარად საღ აზრს შევინარჩუნებთ და საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება გვექნება (რომ. 12:3).

2. რატომ იქნება კარგი, თუ საკუთარ თავს სხვებს არ შევადარებთ?

2 ცხადია, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია იმ და-ძმებისგან, რომლებიც კარგი მქადაგებლები არიან (ებრ. 13:7). მათზე დაკვირვებით მივხვდებით, როგორ დავიხვეწოთ ამ საქმეში (ფილ. 3:17). ერთია, სხვის კარგ მაგალითს მიჰბაძო, მაგრამ სულ სხვაა, საკუთარი თავი სხვისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეაფასო. ასეთმა შედარებამ შეიძლება ადამიანს შური გაუჩინოს, გული გაუტეხოს ან თავი უღირსად აგრძნობინოს. როგორც წინა სტატიიდან დავინახეთ, თუ კრებაში სხვებს მეტოქეებად ჩავთვლით, ეს სულიერად დაგვაზარალებს. იეჰოვა სიყვარულით გვირჩევს: „თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება“ (გალ. 6:4).

3. რომელ სულიერ წარმატებას მიაღწიეთ, რაც სიხარულს განიჭებთ?

3 იეჰოვას სურს, რომ ჩვენი სულიერი წარმატებით გავიხაროთ. მაგალითად, ის ფაქტი, რომ მოინათლეთ, ნამდვილად გაძლევთ სიხარულის მიზეზს, რადგან მიაღწიეთ დასახულ მიზანს. ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგით, რისკენაც ღვთის სიყვარულმა გიბიძგათ. დაფიქრდით, რა სულიერ წარმატებას მიაღწიეთ ნათლობის შემდეგ. მაგალითად, დღეს უფრო მეტ სიამოვნებას განიჭებთ ბიბლიის კითხვა და კვლევა? უფრო შინაარსიანი და გულმხურვალე გახდა თქვენი ლოცვები? (ფსალმ. 141:2). უფრო თავისუფლად ესაუბრებით ადამიანებს მსახურებაში და უფრო დახელოვნებულად იყენებთ ქადაგებაში დამხმარე საშუალებებს? თუ დაოჯახებული ხართ, დაგეხმარათ ბიბლიური პრინციპები, უკეთესი მეუღლე ან მშობელი გამხდარიყავით? თუ ამ კითხვებზე დადებითად უპასუხეთ, ეს თქვენს სულიერ წინსვლაზე მოწმობს, რაც სიხარულისა და კმაყოფილების მიზეზს გაძლევთ.

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს, რომ გაიხარონ თავიანთი სულიერი წარმატებით და სხვებს არ შეადარონ თავი. წინამდებარე სტატიაში ვიმსჯელებთ, ამ კუთხით რა შეუძლიათ გააკეთონ მშობლებმა შვილებისთვის, მეუღლეებმა ერთმანეთისთვის და უხუცესებმა და ზოგადად ყველამ თანაქრისტიანებისთვის. ბოლოს კი განვიხილავთ იმ ბიბლიურ პრინციპებს, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ დავისახოთ რეალური მიზნები ჩვენი შესაძლებლობებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე.

მშობლებისა და მეუღლეების როლი

მშობლებო, დაუფასეთ შვილებს მცდელობა (იხილეთ აბზაცები 5, 6). *

5. ეფესოელების 6:4-ის თანახმად, რას უნდა მოერიდონ მშობლები?

5 მშობლებს სიფრთხილე მართებთ, რომ ერთი შვილი მეორეს არ შეადარონ ან შესაძლებლობებზე მეტი არ მოსთხოვონ. უადგილო შედარებამ და გადაჭარბებულმა მოთხოვნებმა შეიძლება შვილები გააღიზიანოს (წაიკითხეთ ეფესოელების 6:4). ერთი და, სახელად საჩიკო, * ამბობს: „ჩემი მასწავლებლები ჩემგან უფრო მეტს მოელოდნენ, ვიდრე ჩემი კლასელებისგან. გარდა ამისა, დედაჩემიც მთხოვდა, რომ მაღალ ნიშნებზე მესწავლა, რათა ჩემს მასწავლებლებსა და მამაჩემს, რომელიც ჩვენს რწმენას არ იზიარებდა, კარგი წარმოდგენა შექმნოდათ იეჰოვას მოწმეებზე. ის მთხოვდა, რომ უმაღლესი შეფასება მიმეღო გამოცდებზე, რაც თითქმის შეუძლებელი იყო. მართალია, სკოლა კარგა ხნის წინ დავამთავრე, მაგრამ დღემდე მეპარება ეჭვი იმაში, საუკეთესოს ვაკეთებ თუ არა იეჰოვასთვის“.

6. რისი სწავლა შეუძლიათ მშობლებს ფსალმუნის 131:1, 2-დან?

6 ფსალმუნის 131:1, 2-ში ჩაწერილი სიტყვები საყურადღებოა მშობლებისთვის (წაიკითხეთ). მეფე დავითი ამბობს: „არც დიდ რამეს ვესწრაფვი და არც მიუწვდომელს ვეპოტინები“. მას თავმდაბლობა და მოკრძალება დაეხმარა, ამბიციებს არ აჰყოლოდა და კმაყოფილი ყოფილიყო იმით, რაც ჰქონდა. რას ასწავლის ეს მშობლებს? თავმდაბლობა და მოკრძალება მშობლებს დაეხმარებათ, ზედმეტად მომთხოვნები არ იყვნენ საკუთარი თავისა თუ შვილების მიმართ. მშობელი ბავშვს უნდა დაეხმაროს, სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და შესაბამისი მიზნები დაისახოს. ერთი და, სახელად მარინა, თავის ბავშვობას ასე იხსენებს: „დედაჩემი არც ჩემს ძმებს და არც სხვა ბავშვებს არასდროს მადარებდა. ის მიხსნიდა, რომ ყველას განსხვავებული ნიჭი და უნარი აქვს და ყველა ძვირფასია იეჰოვასთვის. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს თითქმის არავის ვადარებ თავს“.

7, 8. რით აჩვენებს ქმარი, რომ პატივს სცემს ცოლს?

7 ქრისტიანი ქმარი პატივს უნდა სცემდეს ცოლს (1 პეტ. 3:7). პატივისცემას იმით გამოხატავს, თუ ცოლს თავს დაფასებულად აგრძნობინებს. მას უნდა ესმოდეს ცოლის შესაძლებლობების ზღვარი, ზედმეტი არ უნდა მოსთხოვოს და არც სხვა ქალებს უნდა შეადაროს. როგორ იგრძნობს ცოლი თავს, თუ ქმარი სხვა ქალს შეადარებს? ერთ დას, როზას, რომლის მეუღლეც არ არის იეჰოვას მოწმე, არაერთხელ გამოუცდია, რას ნიშნავს ეს. მეუღლის გულსაკლავი სიტყვების გამო როზას დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდა. ის ამბობს: „გამუდმებით მჭირდება იმის შეხსენება, რომ იეჰოვასთვის ძვირფასი ვარ“. ქრისტიანი ქმრები პატივისცემით ეპყრობიან მეუღლეებს. მათ ესმით, რომ ასე მოქცევა ერთმანეთთანაც დააახლოებთ და იეჰოვასთანაც. *

8 ცოლისადმი პატივისცემა იმაში გამოიხატება, თუ ქმარი სიყვარულში არწმუნებს ცოლს და პირადად თუ სხვებთან აქებს მას (იგავ. 31:28). სწორედ ასე დაეხმარა მეუღლე წინა სტატიაში მოხსენიებულ კატერინას უღირსობის გრძნობის დაძლევაში. ბავშვობაში მას დედა ამცირებდა და სხვა გოგოებს, მათ შორის მის მეგობრებს, ადარებდა. ამის გამო კატერინას არასწორი თვითშეფასება ჩამოუყალიბდა, რადგან საკუთარ თავს ყოველთვის სხვებს ადარებდა. ეს ასე იყო ჭეშმარიტების გაგების შემდეგაც. მას ქრისტიანი მეუღლე დაეხმარა, შეეცვალა არასწორი შეხედულება და ადეკვატურად შეეფასებინა საკუთარი თავი. ის ამბობს: „ჩემი მეუღლე მაგრძნობინებს, რომ ვუყვარვარ, მაქებს და ლოცულობს ჩემთვის. ის იეჰოვას ძვირფას თვისებებზე მიმახვილებს ყურადღებას და უარყოფითი ფიქრების დაძლევაში მეხმარება“.

უხუცესებისა და თანაქრისტიანების როლი

9, 10. როგორ დაეხმარნენ მზრუნველი უხუცესები ერთ დას, რომ მეტად აღარ შეედარებინა საკუთარი თავი სხვებისთვის?

9 როგორ შეუძლიათ უხუცესებს მათი დახმარება, ვისაც საკუთარი თავის სხვასთან შედარება სჩვევია? დავფიქრდეთ ერთი დის, ჰანუნის, შემთხვევაზე, რომელსაც ბავშვობაში იშვიათად აქებდნენ. ის გვიყვება: „მორცხვი ვიყავი და მეგონა, რომ ყველა ბავშვი ჩემზე უკეთესი იყო. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის სხვებს ვადარებდი თავს“. ჰანუნიმ ჭეშმარიტების გაგების შემდეგაც ვერ მოიშალა ეს ჩვევა. ამიტომ ეგონა, რომ კრებისთვის ბევრს არაფერს წარმოადგენდა. თუმცა დღეს ის სიხარულით მსახურობს პიონერად. რა დაეხმარა მას თვალსაზრისის შეცვლაში?

10 როგორც ჰანუნი ამბობს, მას მზრუნველი უხუცესები დაეხმარნენ. ისინი არწმუნებდნენ, რომ კრებისთვის ძვირფასი იყო და აქებდნენ ერთგულებისთვის. ის ამბობს: „უხუცესებმა რამდენჯერმე მთხოვეს, რომ გამემხნევებინა ის დები, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ; ამან თავი გამოსადეგად მაგრძნობინა. მათ შემაქეს ახალგაზრდა დების გამხნევებისთვის, შემდეგ კი წამიკითხეს 1 თესალონიკელების 1:2, 3. ძალიან მესიამოვნა ამ სიტყვების მოსმენა. ამ მოსიყვარულე მწყემსებს ვემადლიერები, რომ ჩემი ადგილი დამანახვეს კრებაში“.

11. როგორ დავეხმაროთ მათ, ვისაც ესაიას 57:15-ის თანახმად ჩაგრულები და თავმდაბლები ეწოდებათ?

11 წაიკითხეთ ესაიას 57:15. იეჰოვა სათუთად ზრუნავს ჩაგრულებსა და თავმდაბლებზე. არა მხოლოდ უხუცესებს, არამედ ყველას შეგვიძლია გავამხნეოთ და-ძმები. ერთ-ერთი საშუალება, მათდამი გულწრფელი ინტერესის გამოვლენაა. იეჰოვას სურს, რომ მათ ჩვენი მეშვეობით აგრძნობინოს სიყვარული (იგავ. 19:17). და-ძმებს იმითაც დავეხმარებით, თუ თავმდაბლები ვიქნებით და არ ვეცდებით ჩვენი უნარისა და ნიჭის აფიშირებას. არ გვინდა, რომ ზედმეტი ყურადღება მივიქციოთ და ამით ვინმეს შური აღვუძრათ. პირიქით, გვინდა, ჩვენი ცოდნა და უნარი სხვების წასახალისებლად გამოვიყენოთ (1 პეტ. 4:10, 11).

მოწაფეებს იესოსკენ გული მიუწევდათ, რადგან ის თავს არ ამეტებდა მათ. იესოსაც სიამოვნებდა მათთან ურთიერთობა (იხილეთ აბზაცი 12).

12. რა იზიდავდათ თავმდაბლებს იესოსკენ? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

12 ის, თუ როგორ ეპყრობოდა იესო თავის მოწაფეებს, ჩვენც ბევრ რამეს გვასწავლის. იესო ქრისტე, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი, „რბილი და თავმდაბალი“ იყო (მათ. 11:28—30). ის არასდროს ტრაბახობდა თავისი არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობებითა და უსაზღვრო ცოდნით. სწავლების დროს ის იყენებდა უბრალო ენასა და თვალსაჩინო მაგალითებს, რაც თავმდაბალი ადამიანების გულს სწვდებოდა (ლუკ. 10:21). ქედმაღალი რელიგიური წინამძღოლებისგან განსხვავებით, იესო ყოველთვის ცდილობდა, დაენახვებინა მათთვის, თუ როგორი ძვირფასები იყვნენ ღვთის თვალში (იოან. 6:37). ის ღირსეულად ეპყრობოდა უბრალო ადამიანებს.

13. როგორ გამოჩნდა იესოს სიკეთე და სიყვარული მოწაფეების მიმართ?

13 იესო სიყვარულსა და სიკეთეს მოწაფეებთან ურთიერთობის დროსაც ავლენდა. მას კარგად ესმოდა, რომ მათ განსხვავებული შესაძლებლობები და მდგომარეობა ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ისინი ყველა საქმეს თავს ერთნაირად ვერ გაართმევდნენ და ვერც მსახურებაში მიაღწევდნენ ერთნაირ შედეგს. მაგრამ იესო თითოეულის შრომას აფასებდა, რადგან ისინი ამაში მთელ გულს დებდნენ. იესოს მოყვანილი იგავიდანაც კარგად ჩანს, რომ ის ითვალისწინებს ადამიანის უნარსა და შესაძლებლობებს. ამ იგავში ბატონი მონებს მათი „უნარისდა მიხედვით“ აძლევს სხვადასხვა დავალებას. მართალია, ორი გულმოდგინე მონიდან ერთმა მეორეზე მეტი მოგება ნახა, მაგრამ ბატონმა ორივე ერთნაირად შეაქო: „ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ!“ (მათ. 25:14—23).

14. რაში უნდა მივბაძოთ იესოს?

14 იესო ჩვენც სიყვარულითა და სიკეთით გვეპყრობა. ის ითვალისწინებს ჩვენს განსხვავებულ შესაძლებლობებსა და მდგომარეობას. ის ძალიან აფასებს, როცა მსახურებაში ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენ უნდა მივბაძოთ იესოს და არასდროს ვაგრძნობინოთ თანამორწმუნეებს თავი უღირსად. არც უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩავაყენოთ იმის გამო, თუ რაიმე სხვებივით არ გამოსდით. ყოველთვის, როცა საშუალება მოგვეცემა, შევაქოთ და-ძმები იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვასთვის აკეთებენ.

დაისახეთ რეალური მიზნები

დაისახეთ რეალური მიზნები და გაიხარეთ მიღწეული წარმატებით (იხილეთ აბზაცები 15, 16). *

15, 16. როგორ დაეხმარა ერთ დას რეალური მიზნების დასახვა?

15 სულიერი მიზნები ჩვენს ცხოვრებას მიმართულებას აძლევს და აზრს სძენს. მთავარია, მიზნები ჩვენი შესაძლებლობებისა და მდგომარეობის მიხედვით განვსაზღვროთ და არა სხვების. წინააღმდეგ შემთხვევაში იმედგაცრუებასა და გულგატეხილობას ვერ ავირიდებთ თავიდან (ლუკ. 14:28). განვიხილოთ ერთი პიონერი დის, მიდორის, შემთხვევა.

16 ბავშვობაში მიდორის მამამისი, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, მის და-ძმებსა და თანაკლასელებს ადარებდა, რის გამოც მიდორი თავს დამცირებულად გრძნობდა. „მეგონა, არაფერს წარმოვადგენდი“, — ამბობს მიდორი. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად მას თვითრწმენა შეემატა. ის ამბობს: „ბიბლიის ყოველდღიური კითხვა დამეხმარა, შინაგანი სიმშვიდე და იეჰოვას სიყვარული მეგრძნო“. გარდა ამისა, მან რეალური მიზნები დაისახა, შემდეგ კი იეჰოვას სთხოვდა, ამ მიზნების მიღწევაში დახმარებოდა. ამის წყალობით მიდორიმ შეძლო, რომ გაეხარა თავისი სულიერი წინსვლით.

კვლავაც საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის

17. რა დაგვეხმარება, შევიცვალოთ აზროვნება და რა იქნება შედეგი?

17 ფაქტია, უარყოფითი ფიქრები და გრძნობები თვალის დახამხამებაში არ ქრება. ამიტომ იეჰოვა მოგვიწოდებს: „შეიცვალეთ აზროვნება“ (ეფეს. 4:23, 24). ამაში ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა და ფიქრი დაგვეხმარება. თქვენ თავს დაუკავშირეთ ნასწავლი და იეჰოვას სთხოვეთ დახმარება. მისი წმინდა სული მოგცემთ ძალას, რომ საკუთარი თავის სხვებთან შედარების ჩვევა დაძლიოთ. იეჰოვა დაგეხმარებათ, რომ შურსა და სიამაყეს გასაქანი არ მისცეთ.

18. როგორ გვანუგეშებს 2 მატიანის 6:29, 30-ში ჩაწერილი სიტყვები?

18 წაიკითხეთ 2 მატიანის 6:29, 30. იეჰოვამ იცის, რა გვაქვს გულში. მას ისიც ესმის, რომ ბრძოლა გვიწევს ქვეყნიერების სულთან და ჩვენს სისუსტეებთან. როცა ის ხედავს, რის ფასად გვიჯდება ამ ყველაფერთან ბრძოლა, უფრო ვუყვარდებით.

19. რომელი მაგალითით დაგვანახვა იეჰოვამ თავისი სიყვარული?

19 იეჰოვამ დედისა და შვილის მაგალითი გამოიყენა ჩვენთვის იმის დასანახვებლად, თუ რა ძლიერ ვუყვარვართ (ეს. 49:15). დავფიქრდეთ ერთი დედის, რეიჩელის, მაგალითზე. ის წერს: „ჩემი ქალიშვილი სტეფანი დღენაკლული დაიბადა. როცა პირველად ვნახე, ძალიან პატარა და უსუსური იყო. ექიმებმა ნება დამრთეს, რომ ერთი თვის მანძილზე, სანამ ის ინკუბატორში იყო, ყოველდღე ხელში ამეყვანა. ამან გაამყარა ჩვენ შორის არსებული უხილავი კავშირი. ის ახლა ექვსი წლისაა და თავის თანატოლებთან შედარებით პატარაა, მაგრამ ჩემი გოგონა ყველას მირჩევნია, რადგან მან ამდენი იბრძოლა სიცოცხლისთვის. მისმა დაბადებამ უდიდესი სიხარული მომანიჭა“. ნუთუ არ უნდა გვანუგეშოს იმის ცოდნამ, რომ იეჰოვას ასე ძლიერ ვუყვარვართ, რადგან ხედავს, რის ფასად გვიჯდება მისადმი მთელი გულით მსახურება?!

20. როგორც იეჰოვას მიძღვნილ მსახურს, სიხარულის რა მიზეზი გაქვთ?

20 იეჰოვას დიდი სულიერი ოჯახის თითოეული წევრი განსაკუთრებული და დასაფასებელია. იეჰოვამ იმიტომ კი არ მიგვიზიდა, რომ სხვებზე უკეთესები ვიყავით, არამედ იმიტომ, რომ ჩვენში თვინიერება და სწავლისა და გაუმჯობესების სურვილი დაინახა (ფსალმ. 25:9). ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის აფასებს თქვენს თავდაუზოგავ მსახურებას. თქვენი მოთმინება და ერთგულება იმაზე მეტყველებს, რომ „კარგი და კეთილი“ გული გაქვთ (ლუკ. 8:15). ასე რომ, კვლავაც საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის და გაიხარეთ საკუთარი სულიერი წარმატებით!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ

^ აბზ. 5 იეჰოვა სხვებს არ გვადარებს. მისგან განსხვავებით, ჩვენ გვჩვევია საკუთარი თავის სხვებთან შედარება, რის გამოც შეიძლება არასწორი წარმოდგენა შეგექმნას ჩვენს თავზე. ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ არის საზიანო საკუთარი თავის სხვებთან შედარება. აგრეთვე ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ოჯახის წევრებსა თუ თანაქრისტიანებს, იეჰოვას თვალით შეხედონ საკუთარ თავს.

^ აბზ. 5 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 7 მართალია, აქ განხილული აზრები ძირითადად ქმრებს ეხებათ, მაგრამ ბევრი რამ შეიძლება ცოლებსაც გამოადგეთ.

^ აბზ. 58 სურათის აღწერა: ოჯახური თაყვანისცემის დროს მშობლები სიხარულით ადევნებენ თვალს, როგორ შეაქვს თითოეულ ბავშვს თავისი წვლილი ნოეს კიდობნის მაკეტის დამზადებაში.

^ აბზ. 62 სურათის აღწერა: მარტოხელა დედა, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, გეგმავს, როგორ იმსახუროს დამხმარე პიონერად. მას სიხარულს ანიჭებს დასახული მიზნის მიღწევა.