არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 36

ხანდაზმულებო, დააფასეთ ახალგაზრდები

ხანდაზმულებო, დააფასეთ ახალგაზრდები

„ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა“ (იგავ. 20:29).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 88 მაუწყე შენი გზები

მოკლე შინაარსი *

1. რა მიზანი უნდა დავისახოთ ასაკის მატებასთან ერთად?

ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება იმის შიში გაგვიჩნდეს, რომ იეჰოვას ძველებურად ვეღარ გამოვადგებით. შეიძლება ჯანი აღარ გვერჩის, მაგრამ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით შეგვიძლია დავეხმაროთ ახალგაზრდებს, * რომ თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ და ახალი პასუხისმგებლობების ასაღებად მოემზადონ. ერთი დიდი ხნის უხუცესი ამბობს: „როცა მივხვდი, რომ წლებმა თავისი ქნა და ბევრის კეთება აღარ შემეძლო, ძალიან მადლიერი დავრჩი იმ უნარიანი ახალგაზრდა ძმების, რომლებმაც საქმე გადაიბარეს“.

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 წინა სტატიაში ვიმსჯელეთ, რამდენი რამის სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს ხანში შესული და-ძმებისგან. ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ იმაზე, როგორ დაეხმარება ხანდაზმულებს ისეთი თვისებები, როგორებიცაა: თავმდაბლობა, მოკრძალება, მადლიერება და გულუხვობა ახალგაზრდებთან თანამშრომლობაში, რაც მთელი კრების კეთილდღეობას მოემსახურება.

იყავით თავმდაბალი

3. ფილიპელების 2:3, 4-ის თანახმად, რა არის თავმდაბლობა და როგორ დაეხმარება ქრისტიანებს?

3 ხანდაზმულებს თავმდაბლობა მართებთ, რომ დაეხმარონ ახალგაზრდებს. თავმდაბალ ადამიანს არ უჭირს სხვების უპირატესობის აღიარება (წაიკითხეთ ფილიპელების 2:3, 4). თავმდაბლობა ხანდაზმულებს იმის დანახვაში დაეხმარება, რომ ამა თუ იმ საქმის ხარისხიანად შესრულება სხვადასხვანაირად შეიძლება, თანაც ისე, რომ ბიბლიური პრინციპები არ დაირღვეს. ამიტომ მათ არ უნდა დაიჟინონ, რომ ყველაფერი ძველებურად, მათთვის ჩვეული მეთოდით უნდა გაკეთდეს (ეკლ. 7:10). მართალია, ხანდაზმულებს შეუძლიათ დიდი გამოცდილება გაუზიარონ ახალ თაობას, მაგრამ მათ ისიც ესმით, რომ „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“, ამიტომ თავადაც უნდა აუწყონ ფეხი სიახლეებს (1 კორ. 7:31).

ხანდაზმულები თავიანთ გამოცდილებას სხვებს უზიარებენ (იხილეთ აბზაცები 4, 5). *

4. როგორ შეუძლიათ მიჰბაძონ სარაიონო ზედამხედველებმა ლევიანებს?

4 თავმდაბალ ხანდაზმულებს ესმით, რომ ასაკის გამო ძველებურად ვეღარ გაართმევენ საქმეს თავს. მაგალითად, სარაიონო ზედამხედველებს, რომლებსაც 70 წელი შეუსრულდათ, ჩვეულებრივ, ახალ დავალებას სთავაზობენ. ამასთან შეგუება შეიძლება გაუჭირდეთ, რადგან ისინი სიხარულით ემსახურებოდნენ და-ძმებს. მათ ძალიან უყვარდათ თავიანთი საქმე, რომლის კეთების სურვილიც არ განელებიათ. მაგრამ ისიც კარგად ესმით, რომ უკეთესი იქნება, თუ ახლა ამ საქმეს ახალგაზრდები შეასრულებენ. ამგვარად ისინი ჰბაძავენ ლევიანებს, რომლებიც 50 წლის ასაკში წყვეტდნენ კარავში სავალდებულო მსახურებას. მათი სიხარული კონკრეტული დავალების შესრულებაზე არ იყო დამოკიდებული. ისინი გულმოდგინედ აკეთებდნენ იმას, რაც შეეძლოთ და ახალ თაობას ვალდებულებების შესრულებაში ეხმარებოდნენ (რიცხ. 8:25, 26). ყოფილი სარაიონო ზედამხედველები შეიძლება დღეს კრებებს აღარ ინახულებენ, მაგრამ დიდი კურთხევა არიან იმ კრებისთვის, რომელშიც მსახურობენ.

5. რას გვასწავლის დენისა და კეტის მაგალითი?

5 განვიხილოთ დენის მაგალითი, რომელიც 23 წლის მანძილზე სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა. როცა მას 70 წელი შეუსრულდა, ის და მისი მეუღლე, კეტი, სპეციალურ პიონერებად დაინიშნენ. როგორ შეეგუვნენ ისინი ამ სიახლეს? დენი ამბობს, რომ ასეთი დაკავებული არასდროს ყოფილა. ის კრებაშიც ასრულებს სხვადასხვა პასუხისმგებლობას და ძმებსაც ეხმარება, რომ მომსახურეები გახდნენ. გარდა ამისა, სხვებსაც აძლევს რჩევებს, როგორ იმსახურონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა თუ ციხეებში. ხანდაზმულებო, არა აქვს მნიშვნელობა, სრული დროით მსახურობთ თუ არა, თქვენ სხვებისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. ამას იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ შეეგუებით ახალ გარემოებებს, დაისახავთ ახალ მიზნებს და იმაზე გააკეთებთ აქცენტს, რისი კეთებაც შეგიძლიათ და არა იმაზე, რასაც ვერ აკეთებთ.

იყავით მოკრძალებული

6. რატომ არის მოკრძალება სიბრძნის მაჩვენებელი? ახსენით.

6 მოკრძალებული ადამიანი ხედავს თავისი შესაძლებლობების ზღვარს (იგავ. 11:2). ასეთი ადამიანი საკუთარ თავს არარეალურ მოთხოვნებს არ უყენებს. ამის წყალობით, სიხარულსაც ინარჩუნებს და საქმეშიც წარმატებას აღწევს. მოკრძალებული ადამიანი რაღაცით აღმართზე მიმავალი მანქანის მძღოლს ჰგავს. მძღოლს ესმის, რომ აღმართზე რომ ავიდეს, გადაცემათა კოლოფი დაბალ სიჩქარეზე უნდა გადართოს. მართალია, ნელა მოუწევს გადაადგილება, მაგრამ წინსვლას განაგრძობს. მსგავსადვე, მოკრძალებული ადამიანი ხვდება, როდის უნდა „გადართოს დაბალ სიჩქარეზე“, რათა კვლავაც ნაყოფიერად გააგრძელოს იეჰოვას მსახურება (ფილ. 4:5).

7. საიდან გამოჩნდა ბარზილაის მოკრძალება?

7 მოდი გავიხსენოთ ბარზილაის ისტორია. ის 80 წლის იყო, როცა მეფე დავითმა სამეფო კარზე მსახურება შესთავაზა. ბარზილაიმ მოკრძალებით განაცხადა უარი მეფის შემოთავაზებაზე. მას კარგად ესმოდა, რომ ასაკის გამო მეფის კარზე ბევრს ვერაფერს გააკეთებდა, ამიტომ დავითს შესთავაზა, მის ნაცვლად ახალგაზრდა ქიმჰამი წაეყვანა (2 სამ. 19:35—37). ბარზილაის მსგავსად ხანდაზმულ ძმებს ახარებთ, როცა ახალგაზრდებს აძლევენ მეტის კეთების საშუალებას.

მეფე დავითი არ ეურჩა იეჰოვას გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ტაძარს მისი ვაჟი ააშენებდა (იხილეთ აბზაცი 8).

8. რაში გამოჩნდა მეფე დავითის მოკრძალება?

8 მოკრძალების კარგი მაგალითი მეფე დავითმაც დაგვიტოვა. მას მთელი გულით სურდა, იეჰოვასთვის ტაძარი აეშენებინა, მაგრამ იეჰოვამ უთხრა, რომ ამ საქმეს ახალგაზრდა სოლომონი შეასრულებდა. დავითი არ ეურჩა იეჰოვას გადაწყვეტილებას და ყველაფერი გააკეთა ტაძრის მშენებლობის მხარდასაჭერად (1 მატ. 17:4; 22:5). მას არ უფიქრია, რომ ამ საქმეს თავად უკეთესად შეასრულებდა, რადგან სოლომონი ჯერ კიდევ „ახალგაზრდა და გამოუცდელი“ იყო (1 მატ. 29:1). დავითს ესმოდა, რომ ამ სამშენებლო პროექტის წარმატებით განხორციელება იეჰოვას კურთხევაზე იყო დამოკიდებული და არა მის ასაკსა თუ გამოცდილებაზე, ვინც ამ საქმეს სათავეში ჩაუდგებოდა. დავითის მსგავსად ხანდაზმულები მაშინაც არ წყვეტენ აქტიურ მსახურებას, როცა დავალება ეცვლებათ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ იეჰოვა ხელს მოუმართავს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მათ საქმეს გადაიბარებენ.

9. მოკრძალების რა მაგალითს გვაძლევს ერთი ფილიალის კომიტეტის წევრი?

9 განვიხილოთ მოკრძალების კიდევ ერთი მაგალითი. ძმა შიგეო 1976 წელს 30 წლის ასაკში ფილიალის კომიტეტის წევრად დაინიშნა, 2004 წელს კი — ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად. წლების შემდეგ შიგეომ შენიშნა, რომ ასაკის გამო საქმის კეთებას უფრო დიდ დროს ანდომებდა. მან ილოცა ამაზე და მიხვდა, რომ აჯობებდა, კოორდინატორის მოვალეობა უფრო ახალგაზრდა ძმას შეესრულებინა. მართალია, დღეს ის კოორდინატორი აღარ არის, მაგრამ კვლავ ფილიალის კომიტეტში მსახურობს. როგორც ბარზილაის, მეფე დავითისა და შიგეოს მაგალითებიდან გამოჩნდა, მოკრძალებული ადამიანი აქცენტს ახალგაზრდების გამოუცდელობაზე კი არა, მათ პოტენციალსა და უნარზე აკეთებს. ის თავისი გუნდის წევრებად აღიქვამს მათ და არა მეტოქეებად (იგავ. 20:29).

იყავით მადლიერი

10. რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ხანდაზმულებს ახალგაზრდა თანაქრისტიანების მიმართ?

10 ხანდაზმულები ახალგაზრდებს იეჰოვას კურთხევად უნდა მიიჩნევდნენ და უნდა აფასებდნენ მათ შრომას. ის ხანში შესული და-ძმები, რომელთაც ჯანი აღარ მოჰყვებათ, მადლიერები არიან ენერგიული ახალგაზრდების, რომლებიც საქმესაც კარგად უძღვებიან და კრებისთვისაც ბევრს ირჯებიან.

11. როგორ ჩანს რუთის 4:13—16-დან, რომ ახალგაზრდებისგან მიღებულ დახმარებას ხანდაზმულებისთვის დიდი სიკეთე მოაქვს?

11 ბიბლიაში მოხსენიებული ნაომიც, რომელმაც მადლიერებით მიიღო დახმარება ახალგაზრდა რუთისგან, კარგი მაგალითია ხანში შესული და-ძმებისთვის. თავიდან ნაომი სთხოვდა თავის რძალს, რუთს, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო, მაგრამ, როცა რუთმა მასთან ერთად ბეთლემში წასვლა დაიჟინა, უარი აღარ უთქვამს (რუთ. 1:7, 8, 18). ეს ორივე მათგანისთვის კურთხევა აღმოჩნდა (წაიკითხეთ რუთის 4:13—16). თავმდაბლობა დაეხმარება ხანში შესულ და-ძმებს, მიჰბაძონ ნაომის.

12. საიდან ჩანს, რომ პავლე მოციქული მადლიერი ადამიანი იყო?

12 პავლე მოციქული მადლიერი იყო იმ და-ძმების, რომლებიც მას დახმარების ხელს უწვდიდნენ. მაგალითად, მან მადლობა გადაუხადა ფილიპელ ქრისტიანებს, რომლებიც მის საჭიროებებზე ზრუნავდნენ (ფილ. 4:16). მან ტიმოთეს მიმართაც გამოხატა მადლიერება გაწეული დახმარებისთვის (ფილ. 2:19—22). პავლემ მადლობა შესწირა ღმერთს იმ თანაქრისტიანების დანახვაზე, რომლებიც მის გასამხნევებლად მივიდნენ; ის ამ დროს დაპატიმრებული იყო და რომში მიჰყავდათ (საქ. 28:15). პავლე დაუღალავი ადამიანი იყო. ის ათასობით კილომეტრს გადიოდა საქადაგებლად და კრებების განსამტკიცებლად. მიუხედავად ამისა, ის არასდროს თაკილობდა და-ძმებისგან დახმარების მიღებას.

13. როგორ გამოხატავენ მადლიერებას ხანდაზმულები ახალგაზრდების მიმართ?

13 ხანდაზმულებო, თქვენ მრავალმხრივ შეგიძლიათ მადლიერება გამოხატოთ კრებაში ახალგაზრდების მიმართ. უარს ნუ ეტყვით, თუ ისინი ტრანსპორტით მომსახურებას, საყიდლებზე წასვლას ან სხვა სახის დახმარებას შემოგთავაზებენ. და-ძმებისგან ასეთი ინიციატივა იეჰოვას სიყვარულის გამოხატულებად ჩათვალეთ. შეიძლება ამან თანაქრისტიანებთან უფრო დაგაახლოვოთ. ყოველთვის დაინტერესდით თქვენი ახალგაზრდა თანამსახურების სულიერი ზრდით და უთხარით მათ, როგორ გახარებთ იმის დანახვა, რომ ისინი კრებისთვის ბევრს ირჯებიან. გაუზიარეთ მათ თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება. ამით აჩვენებთ, რომ მადლიერი ხართ იეჰოვასი, რომელმაც ქრისტიანული კრებისკენ ამდენი ახალგაზრდა მიიზიდა (კოლ. 3:15; იოან. 6:44; 1 თეს. 5:18).

იყავით გულუხვი

14. კიდევ რა მხრივ იყო მეფე დავითი სამაგალითო?

14 მეფე დავითის მაგალითი ხანდაზმულებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს, გულუხვობის ასწავლის. მან დიდძალი შესაწირავი გაიღო თავისი ქონებიდან ტაძრის მშენებლობისთვის (1 მატ. 22:11—16; 29:3, 4). მას უკან არ დაუხევია მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის აშენებისთვის მთელ დიდებას მისი ვაჟი, სოლომონი მიიღებდა. თუ ფიზიკური უძლურების გამო თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში ვეღარ მონაწილეობთ, თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე შეგიძლიათ შესაწირავები გაიღოთ და ასე დაუჭიროთ მხარი ამ საქმეს. ახალგაზრდებს დიდ დახმარებას გაუწევთ, თუ წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებთ.

15. რა ძვირფასი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა პავლე მოციქულმა ტიმოთეს?

15 გულუხვობის საკითხში პავლე მოციქულიც სამაგალითოა. მან ტიმოთე მისიონერულ მოგზაურობაში წაიყვანა და ამ ახალგაზრდა კაცს ქადაგებისა და სწავლების გამოცდილება გაუზიარა (საქ. 16:1—3). ამის წყალობით ტიმოთე სასიხარულო ცნობის კარგი მქადაგებელი და მასწავლებელი დადგა (1 კორ. 4:17). თავის მხრივ, ტიმოთე პავლესგან ნასწავლს სხვებსაც უზიარებდა.

16. რატომ ამზადებდა შიგეო ძმებს?

16 ხანში შესულ ძმებს არ აშინებთ ის, რომ, თუ ახალგაზრდა ძმებს პასუხისმგებლობების ასაღებად მოამზადებენ, თავად უფუნქციოდ დარჩებიან. მაგალითად, ზემოხსენებული შიგეო წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ფილიალის კომიტეტის სხვა წევრებსაც უზიარებდა, რადგან კარგად ესმოდა, რომ ეს სამეფოს საქმის წინსვლას მოემსახურებოდა. ასე რომ, როცა პასუხისმგებლობის გადაბარების დრო დადგა, მას უკვე ეგულებოდა კოორდინატორობისთვის შესაფერისი კანდიდატი. შიგეო დღემდე უზიარებს ახალგაზრდა ძმებს ფილიალის კომიტეტში მსახურების 45-წლიან გამოცდილებას. შიგეოსნაირი ძმები დიდი კურთხევაა საძმოსთვის!

17. ლუკას 6:38-ის თანახმად, რა შეუძლიათ გასცენ ხანდაზმულებმა?

17 ხანდაზმული და-ძმები იმის ცოცხალი მაგალითები არიან, რომ იეჰოვასადმი რწმენითა და ერთგულებით მსახურება ცხოვრების საუკეთესო გზაა. თქვენ საკუთარი მაგალითით დაამტკიცეთ, რომ ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება ნამდვილად ღირს. მართალია, წარსულში დიდი გამოცდილება შეიძინეთ, მაგრამ იმასაც აცნობიერებთ, რომ სიახლეებსაც უნდა აუწყოთ ფეხი. თუნდაც დიდი ხნის მონათლულები არ იყოთ, მაინც შეგიძლიათ სხვებს რაღაც ასწავლოთ. მაგალითად, თანაქრისტიანებს გაუზიაროთ ის სიხარული, რომელიც ცხოვრების ამ ეტაპზე იეჰოვას გაცნობამ მოგანიჭათ. ახალგაზრდები ძალიან დააფასებენ, თუ მათ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებთ. არ დაინანოთ თქვენი „გამოცდილების საგანძურიდან“ გაცემა და იეჰოვაც უხვად გაკურთხებთ ამისთვის (წაიკითხეთ ლუკას 6:38).

18. რა სიკეთე მოაქვს ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების თანამშრომლობას?

18 ასე რომ, ძვირფასო ხანდაზმულებო, დაუახლოვდით ახალგაზრდებს და გაამხნევეთ ერთმანეთი (რომ. 1:12). თქვენს მსგავსად ახალგაზრდებსაც აქვთ გამორჩეული ძლიერი მხარეები. მაგალითად, თქვენ გაქვთ სიბრძნე და გამოცდილება, რომელიც დრომ შეგძინათ, ახალგაზრდებს კი — ძალა და ენერგია. როცა ახალგაზრდები და ხანდაზმულები მხარდამხარ შრომობენ, ჩვენს ზეციერ მამასაც განადიდებენ და კრების კეთილდღეობასაც ხელს უწყობენ.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 90 გავამხნეოთ ერთმანეთი

^ აბზ. 5 კრებებში მრავლად არიან ახალგაზრდები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ იეჰოვას ორგანიზაციის მხარდასაჭერად. არა აქვს მნიშვნელობა, თქვენს კულტურაში რა შეხედულება არსებობს, ხანში შესულმა და-ძმებმა ხელი უნდა შეუწყონ უმცროსი ასაკის თანაქრისტიანებს, რომ მათ სრულად გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი იეჰოვას მსახურებაში.

^ აბზ. 1 განმარტება: ამ სტატიაში „ახალგაზრდებში“ მხოლოდ ახალგაზრდობის ასაკში მყოფებს არ ვგულისხმობთ, არამედ მათაც, ვინც უკვე გამოვიდა ახალგაზრდული ასაკიდან.

^ აბზ. 56 სურათის აღწერა: 70 წელს მიღწეულმა სარაიონო ზედამხედველმა და მისმა მეუღლემ ახალი დავალება მიიღეს. ისინი მრავალწლიან გამოცდილებას თავიანთი კრების და-ძმებს უზიარებენ.