არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 38

დაუახლოვდით თქვენს სულიერ ოჯახს

დაუახლოვდით თქვენს სულიერ ოჯახს

„მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან“ (იოან. 20:17).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

მოკლე შინაარსი *

1. როგორი ურთიერთობის საშუალება ეძლევათ ღვთისმოშიშ ადამიანებს იეჰოვასთან?

იეჰოვას დიდი ზეციერი ოჯახი ჰყავს. ამ ოჯახს მიეკუთვნება იესო, როგორც „ყველა სხვა ქმნილებაზე უწინ შობილი“, და მასთან ერთად უამრავი ანგელოზი (კოლ. 1:15; ფსალმ. 103:20). დედამიწაზე ყოფნის დროს იესომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთისმოშიშ ადამიანებსაც შეუძლიათ იეჰოვა მამად მიიჩნიონ. მაგალითად, თავის მოწაფეებს იესომ ასეთი რამ უთხრა: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან“ (იოან. 20:17). როცა თავი მივუძღვენით იეჰოვას და მოვინათლეთ, ჩვენც ამ მოსიყვარულე სულიერი ოჯახის წევრები გავხდით (მარ. 10:29, 30).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ზოგს უჭირს, იეჰოვა მოსიყვარულე მამად აღიქვას, ზოგმა კი შეიძლება არ იცის, როგორ გამოხატოს და-ძმების მიმართ სიყვარული. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ გვეხმარება იესო, იეჰოვა მოსიყვარულე მამად და მეგობრად აღვიქვათ. გავიგებთ იმასაც, როგორ მივბაძოთ იეჰოვას და-ძმებთან ურთიერთობაში.

იეჰოვას სურს, რომ დავუახლოვდეთ

3. როგორ გვაახლოებს იეჰოვასთან ლოცვა, რომელიც იესომ გვასწავლა?

3 იეჰოვა მოსიყვარულე მამაა. იესოს სურს, რომ იეჰოვას ჩვენც თბილ და მოსიყვარულე მშობლად მივიჩნევდეთ, რომელთანაც ნებისმიერ დროს შეგვიძლია საუბარი, და არა მკაცრ დირექტორად. ეს კარგად გამოჩნდა ლოცვიდან, რომელიც იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა. მან ლოცვა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათ. 6:9). იესოს არ უსწავლებია ჩვენთვის, რომ იეჰოვასთვის ისეთი ტიტულებით მიგვემართა, როგორებიცაა: „ყოვლისშემძლე“, „შემოქმედი“ ან „მარადიულობის მეფე“, რაც აბსოლუტურად გამართლებული იქნებოდა (დაბ. 49:25; ეს. 45:18; 1 ტიმ. 1:17). მან გვასწავლა, რომ იეჰოვასთვის „მამა“ გვეწოდებინა, რაც თბილი და უშუალო მიმართვის ფორმაა.

4. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ჩვენთან დაახლოება სურს?

4 თქვენც ხომ არ გიჭირთ, იეჰოვა მოსიყვარულე მამად აღიქვათ? შეიძლება ეს ჩვენმა მკაცრმა და ცივმა ოჯახურმა გარემომ განაპირობა. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ძალიან კარგად ესმის ჩვენი გრძნობები. მას სურს, რომ დავუახლოვდეთ. ამიტომაც მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8). იეჰოვას ვუყვარვართ და გვპირდება, რომ საუკეთესო მამობას გაგვიწევს.

5. ლუკას 10:22-ის თანახმად, როგორ გვეხმარება იესო იეჰოვასთან დაახლოებაში?

5 იეჰოვასთან დაახლოებაში იესო გვეხმარება. ის იმდენად კარგად იცნობს იეჰოვას და ისე ზედმიწევნით ჰბაძავს მას, რომ თამამად შეუძლია თქვას: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოან. 14:9). უფროსი ძმის მსგავსად, იესოც გვასწავლის, როგორ დავაფასოთ და დავემორჩილოთ ჩვენს ზეციერ მამას, რას უნდა მოვერიდოთ, რომ გული არ ვატკინოთ მას და როგორ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა. დედამიწაზე განვლილი ცხოვრებით იესომ თვალსაჩინოდ დაგვანახვა, როგორი კეთილი და მოსიყვარულეა იეჰოვა (წაიკითხეთ ლუკას 10:22). განვიხილოთ ამის რამდენიმე მაგალითი.

იეჰოვამ, მოსიყვარულე მამამ, ანგელოზის მეშვეობით გაამხნევა თავისი ძე (იხილეთ აბზაცი 6). *

6. საიდან ჩანს, რომ იეჰოვა უსმენდა თავის ძეს?

6იეჰოვა უსმენს თავის შვილებს. ის ყოველთვის უსმენდა თავის პირმშოს. იეჰოვამ იესოს არაერთი ლოცვა შეისმინა, რომელსაც ის დედამიწაზე ყოფნის დროს წარმოთქვამდა (ლუკ. 5:16). მაგალითად, სანამ იესო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებდა და 12 მოციქულს აირჩევდა, მან ილოცა და იეჰოვამაც შეისმინა მისი თხოვნა (ლუკ. 6:12, 13). იეჰოვა მაშინაც უსმენდა თავის ძეს, როცა ის მძიმე განცდებში იყო. სანამ გასცემდნენ, იესო მხურვალედ ლოცულობდა იმ განსაცდელის გამო, რომლის ატანაც მალე მოუწევდა. იეჰოვამ არა მხოლოდ მოუსმინა თავის ძეს, არამედ ანგელოზიც გაუგზავნა გასამხნევებლად (ლუკ. 22:41—44).

7. როგორ მოქმედებს თქვენზე იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ისმენს თავისი მსახურების ლოცვებს?

7 იეჰოვა დღესაც ისმენს თავისი მსახურების ლოცვებს და შესაბამის დროს საუკეთესო სახით პასუხობს (ფსალმ. 116:1, 2). ერთმა ინდოელმა დამ საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას. ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო და მხურვალედ შესთხოვდა იეჰოვას დახმარებას. ეს და ამბობს: „2019 წლის მაისის JW მაუწყებლობის® პროგრამა საწუხართან გამკლავების თემას ეხებოდა. იმ დროს სწორედ ეს მჭირდებოდა. თითქოს ჩემს ლოცვებზე პასუხი მივიღე“.

8. როგორ აგრძნობინებდა იეჰოვა იესოს თავის სიყვარულს?

8 იეჰოვას ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე, როგორც თავის დროზე განკაცებულ იესოზე ზრუნავდა (იოან. 5:20). იეჰოვა აძლევდა მას ყველაფერს, რაც მისი სულიერი, ემოციური თუ ფიზიკური კეთილდღეობისთვის იყო საჭირო. იეჰოვამ სიყვარულიც აგრძნობინა თავის ძეს და დაანახვა, რომ კმაყოფილი იყოთ მისით (მათ. 3:16, 17). იესოს ყოველთვის თავისი ზეციერი, მოსიყვარულე მამის იმედი ჰქონდა, ამიტომ თავს მარტო არასდროს გრძნობდა (იოან. 8:16).

9. რა გარწმუნებთ იეჰოვას სიყვარულში?

9 იესოს მსგავსად ჩვენც არაერთხელ გამოგვიცდია იეჰოვას სიყვარული საკუთარ თავზე. მაგალითად, იეჰოვამ თავისკენ მიგვიზიდა და დიდი მოსიყვარულე სულიერი ოჯახი გვიბოძა, რომ თავი ბედნიერად ვიგრძნოთ და ჩვენი ემოციური მოთხოვნილებებიც დავიკმაყოფილოთ (იოან. 6:44). იეჰოვა მუდმივად გვაწვდის გამომაცოცხლებელ სულიერ საზრდოს და ჩვენს ყოველდღიურ საჭიროებებზეც ზრუნავს (მათ. 6:31, 32). როცა იეჰოვას სიყვარულზე ვფიქრობთ, უფრო გვიყვარდება ის.

ისევე მოეპყარით და-ძმებს, როგორც იეჰოვა ეპყრობა მათ

10. როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მსახურებს და ჩვენ რას გვასწავლის ეს?

10 იეჰოვას ვუყვარვართ, მაგრამ ჩვენ ზოგჯერ გვიჭირს ერთმანეთის შეყვარება და სიყვარულის გამოხატვა. ზოგჯერ ამას ჩვენი აღზრდა და წარმომავლობა განაპირობებს. გარდა ამისა, ყველანი შეცდომებს ვუშვებთ და შეიძლება გული ვატკინოთ სხვებს. მიუხედავად ამისა, თითოეულს შეგვიძლია სულიერ ოჯახში სიყვარულის გაღრმავებას შევუწყოთ ხელი. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მივბაძავთ ზეციერ მამას და სიყვარულს გამოვხატავთ და-ძმების მიმართ (ეფეს. 5:1, 2; 1 იოან. 4:19). დავფიქრდეთ, რას ვსწავლობთ იეჰოვას მაგალითზე.

11. როგორ დაგვანახვა იესომ, რომ იეჰოვა „დიდად თანამგრძნობია“?

11იეჰოვა „დიდად თანამგრძნობია“ (ლუკ. 1:78). თანამგრძნობ ადამიანს გულთან ახლოს მიაქვს სხვების გასაჭირი და ყველანაირად ცდილობს მათ დახმარებასა და ნუგეშისცემას. იესო თანაგრძნობით იმიტომ ეპყრობოდა ადამიანებს, რომ იეჰოვას ჰბაძავდა, რომელსაც აღელვებს მათი მდგომარეობა (იოან. 5:19). ხალხის დანახვაზე იესოს „გული ეწვოდა . . . რადგან უმწყემსო ცხვრებივით გასაცოდავებულნი და დაფანტულნი იყვნენ“ (მათ. 9:36). იესოს თანაგრძნობა ცარიელი ემოცია არ ყოფილა. ეს მას კონკრეტული ქმედებისკენ აღძრავდა; ის კურნავდა ავადმყოფებს და მძიმედ მშრომელთ და ტვირთმძიმეთ დახმარების ხელს უწვდიდა (მათ. 11:28—30; 14:14).

იეჰოვას მსგავსად თანაგრძნობა და გულუხვობა გამოავლინეთ და-ძმების მიმართ (იხილეთ აბზაცები 12—14). *

12. როგორ გამოვავლინოთ თანაგრძნობა თანამორწმუნეების მიმართ?

12 და-ძმების მიმართ თანაგრძნობას ვერ გამოვავლენთ, თუ არ გვეცოდინება, რა გასაჭირს ხვდებიან ისინი. მაგალითად, რომელიმე დას შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, მაგრამ არასდროს წუწუნებს თავის მდგომარეობაზე. თუმცა მადლიერი იქნება, თუ ვინმე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს. მას შეიძლება ჯანმრთელობის გამო უჭირს საოჯახო საქმეების კეთება. ამიტომ კარგი იქნება, თუ ვინმე დაეხმარება სადილის მომზადებასა და სახლის დალაგებაში. ან თუ რომელიმე ძმამ სამუშაო დაკარგა, ჩვენ მიერ ანონიმურად ნაჩუქარი მცირეოდენი თანხა შეიძლება მას სამუშაოს პოვნამდე თავის გატანაში დაეხმაროს.

13, 14. როგორ მივბაძოთ იეჰოვას გულუხვობაში?

13იეჰოვა გულუხვია (მათ. 5:45). ნუ დაველოდებით იმას, როდის გვთხოვენ და-ძმები დახმარებას. იეჰოვას მსგავსად საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ ინიციატივა. მას ყოველ დღე ამოჰყავს მზე ისე, რომ ამის თხოვნა არც გვიწევს. მზე ყველასთვის განურჩევლად ამოდის, მადლიერთათვისაც და უმადურთათვისაც. განა ის ფაქტი, რომ იეჰოვა ყოველივე აუცილებლით უზრუნველგვყოფს, მის სიყვარულზე არ მეტყველებს?! ჩვენ ძალიან გვიყვარს იეჰოვა თავისი უდიდესი სიკეთისა და გულუხვობისთვის.

14 ზეციერი მამის მსგავსად მრავალი და-ძმა საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას და გულუხვობას ავლენს. მაგალითად, 2013 წელს ფილიპინებს გამანადგურებელი ტაიფუნი „ჰაიანი“ დაატყდა თავს, რომელსაც უდიდესი ნგრევა მოჰყვა. მრავალმა და-ძმამ დაკარგა სახლი და ქონება. მათ დასახმარებლად მალევე დაირაზმა მსოფლიო საძმო. ზოგმა შესაწირავი გაიღო, ზოგი თავად მონაწილეობდა აღდგენით სამუშაოებში, რის შედეგადაც თითქმის ერთ წელიწადში 750-მდე სახლი შეკეთდა და აშენდა. კოვიდ-19 პანდემიის დროს მოწმეებმა ბევრი იშრომეს და-ძმების დასახმარებლად. ჩვენს სულიერ ოჯახს სიყვარულს მაშინ ვუმტკიცებთ, როცა დროულად ვუწვდით დახმარების ხელს.

15, 16. ლუკას 6:36-ის თანახმად, რაში უნდა მივბაძოთ ჩვენს ზეციერ მამას?

15იეჰოვა გულმოწყალე და მიმტევებელია (წაიკითხეთ ლუკას 6:36). ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ ზეციერი მამის გულმოწყალებას (ფსალმ. 103:10—14). იესო თავისი არასრულყოფილი მიმდევრების მიმართ ყოველთვის ავლენდა გულმოწყალებასა და მიმტევებლობას. მან მზადყოფნით გაიღო თავისი სიცოცხლე ჩვენი ცოდვებისთვის (1 იოან. 2:1, 2). იეჰოვასა და იესოს გულმოწყალება და მიმტევებლობა მათთან დაახლოების სურვილს გვიჩენს.

16 ჩვენს სულიერ ოჯახში სიყვარულის განმტკიცებას ვუწყობთ ხელს, თუ მთელი გულით ვპატიობთ ერთმანეთს (ეფეს. 4:32). ფაქტია, პატიება ყოველთვის ადვილი არ არის, ამიტომ მიზანმიმართული ძალისხმევაა საჭირო. ერთ დას სტატია „მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს“ * დაეხმარა, რომ უფრო მიმტევებელი გამხდარიყო. ის ამბობს: „ამ სტატიამ ახლებურად, უფრო დადებითი კუთხით შემახედა პატიების საკითხს. როგორც სტატიაში იყო ნათქვამი, სხვების პატიება სულაც არ ნიშნავს, რომ ვიწონებთ მათ არასწორ საქციელს ან ვამცირებთ მათი მოქმედებით გამოწვეულ ზიანს. პირიქით, პატიება ნიშნავს, რომ წყენა გულში არ ჩავიტოვოთ და შინაგანი სიმშვიდე შევინარჩუნოთ“. როცა და-ძმებს მთელი გულით ვპატიობთ, ვაჩვენებთ, რომ გვიყვარს ისინი და ვბაძავთ ჩვენს მამას, იეჰოვას.

დააფასეთ თქვენი ადგილი სულიერ ოჯახში

ყველა, დიდი თუ პატარა, ავლენს სიყვარულს ერთმანეთის მიმართ (იხილეთ აბზაცი 17). *

17. მათეს 5:16-ის თანახმად, როგორ განვადიდებთ ჩვენს ზეციერ მამას?

17 ძალიან გვახარებს, რომ ასეთი მოსიყვარულე საერთაშორისო ოჯახის წევრები ვართ. გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს იეჰოვას თაყვანისცემაში. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, რომ ნებით თუ უნებლიეთ რეპუტაცია არ შევულახოთ იეჰოვას ან მის ხალხს. ჩვენი კარგი საქციელი ადამიანებს სასიხარულო ცნობის მოსასმენად უნდა განაწყობდეს (წაიკითხეთ მათეს 5:16).

18. რა დაგვეხმარება, რომ გაბედულად ვილაპარაკოთ ჩვენი მრწამსის შესახებ?

18 ზოგჯერ გვამცირებენ და გვდევნიან იმის გამო, რომ ჩვენს ზეციერ მამას ვემორჩილებით. როგორ მოვიქცეთ, თუ გვაშინებს სხვებთან საკუთარ მრწამსზე საუბარი? ამ დროს შეგვიძლია იეჰოვასა და მისი ძის დახმარების იმედი გვქონდეს. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ არ ეწუხათ, რა ეთქვათ და როგორ ეთქვათ. მიზეზი თავადვე აუხსნა. „მაშინ გაგიმჟღავნდებათ, რაც უნდა თქვათ. მხოლოდ თქვენით კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით“ (მათ. 10:19, 20).

19. მოიყვანეთ მათი მაგალითი, ვინც გაბედულად დაიცვა თავისი მრწამსი.

19 განვიხილოთ სამხრეთაფრიკელი რობერტის მაგალითი. მას შესწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა და ბიბლიიდანაც ბევრი არაფერი იცოდა, როცა ნეიტრალიტეტის გამო სასამართლოს წინაშე მოუწია წარდგომა. მან გაბედულად განაცხადა, რომ ამ პოზიციას და-ძმების სიყვარულის გამო ინარჩუნებდა. მისმა მტკიცე პოზიციამ ცხადყო, რომ ის აფასებდა თავის ადგილს სულიერ ოჯახში. „ვინ არიან შენი და-ძმები?“ — მოულოდნელად ჰკითხა მოსამართლემ. რობერტი ამ კითხვას არ ელოდა, მაგრამ მაშინვე გაახსენდა იმ დღის მუხლი, მათეს 12:50: „ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც!“ მართალია, რობერტი ჯერ მონათლულიც არ იყო, მაგრამ იეჰოვას სული დაეხმარა, ამ და სხვა კითხვებზე გაეცა პასუხი. ცხადია, იეჰოვა იამაყებდა რობერტით. იეჰოვა ჩვენითაც იამაყებს, თუ მივენდობით და რთულ სიტუაციებშიც გაბედულად ვისაუბრებთ ჩვენი მრწამსის შესახებ.

20. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი? (იოანე 17:11, 15).

20 მოდი კვლავაც დავაფასოთ, რომ მოსიყვარულე სულიერი ოჯახის წევრები ვართ. ჩვენ საუკეთესო მამა და მოსიყვარულე და-ძმები გვყავს. ნუ გვეგონება, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია. სატანა და მისი გაბოროტებული მხარდამჭერები ყველანაირად ცდილობენ, რომ დაგვაეჭვონ ზეციერი მამის სიყვარულში და დაგვირღვიონ ერთობა. სწორედ ამიტომ შესთხოვდა იესო მამას, რომ დავეცავით და ერთობის შენარჩუნებაში დაგვხმარებოდა (წაიკითხეთ იოანეს 17:11, 15). ფაქტია, იეჰოვამ შეისმინა იესოს სათხოვარი. მოდი იესოს მსგავსად, არც ჩვენ შევიტანოთ ეჭვი ჩვენი ზეციერი მამის სიყვარულსა და მზრუნველობაში. დაე სულ უფრო დავუახლოვდეთ ჩვენს სულიერ ოჯახს!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 99 უამრავი და-ძმა

^ აბზ. 5 ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რადგან მოსიყვარულე და-ძმებისგან შემდგარ სულიერ ოჯახს მივეკუთვნებით. თითოეულ ჩვენგანს გვსურს, რომ ჩვენ შორის არსებული სიყვარული უფრო განვამტკიცოთ. რა დაგვეხმარება ამაში? თუ ისევე მოვეპყრობით სხვებს, როგორც ჩვენი მოსიყვარულე მამა ეპყრობა, და მივბაძავთ იესოს და ამ მხრივ სამაგალითო და-ძმებს.

^ აბზ. 57 სურათის აღწერა: იეჰოვამ ანგელოზი გაუგზავნა იესოს გეთსემანეს ბაღში გასამხნევებლად.

^ აბზ. 59 სურათის აღწერა: კოვიდ-19 პანდემიის დროს ბევრი და-ძმა იყო ჩართული საკვების განაწილების საქმეში.

^ აბზ. 61 სურათის აღწერა: დედა შვილს ეხმარება დაპატიმრებული ძმისთვის გამამხნევებელი წერილის დაწერაში.