არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 43

არ დაკარგოთ სიხარული მსახურებაში!

არ დაკარგოთ სიხარული მსახურებაში!

„ნუ მოვიშლით სიკეთის კეთებას“ (ᲒᲐᲚ. 6:9).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 68 სამეფოს თესლის თესვა

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რა გვახარებს და გვეამაყება?

ᲒᲕᲐᲮᲐᲠᲔᲑᲡ და გვეამაყება, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ. ჩვენ ღვთის სახელს ვატარებთ და ქადაგებითა და მოწაფეების მომზადების საქმით ვამართლებთ ჩვენს სახელს. ძალიან გვახარებს, რომ „მარადიული სიცოცხლის მისაღებად“ განწყობილ ადამიანებს ვეხმარებით, ღვთის მსახურები გახდნენ (საქ. 13:48). ამიტომ არ გვიკვირს, რატომ გაიხარა იესომ „დიდად . . . წმინდა სულით“, როცა წარმატებული მსახურების შემდეგ მოწაფეები მასთან დაბრუნდნენ (ლუკ. 10:1, 17, 21).

2. საიდან ჩანს, რომ მსახურებას მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდებით?

2 ჩვენ მსახურებას მთელი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მოციქულმა პავლემ ტიმოთეს ურჩია: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი“. მიზეზიც იქვე აუხსნა: „ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმ. 4:16). ქადაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეა. როგორც ღვთის სამეფოს მოქალაქეები, ჩვენ ყოველთვის უნდა დავუკვირდეთ საკუთარ თავს. გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრების წესით განვადიდოთ იეჰოვა და სასიხარულო ცნობის ღირსად მოვიქცეთ (ფილ. 1:27). როცა მსახურებისთვის ვემზადებით და იეჰოვას ვთხოვთ, ამ საქმეში ხელი მოგვიმართოს, ვაჩვენებთ, რომ ყოველთვის ვუკვირდებით, რას და როგორ ვასწავლით.

3. რა გამოხმაურება შეიძლება მოჰყვეს ჩვენს ქადაგებას? მოიყვანეთ მაგალითი.

3 შეიძლება მსახურებაში თავს არ ვზოგავთ, მაგრამ ჩვენს სამქადაგებლო ტერიტორიაზე არავინ ან თითო-ოროლა ადამიანი იჩენს ინტერესს სამეფოს ცნობის მიმართ. ამ მხრივ საყურადღებოა ძმა ჯორჯ ლინდალის შემთხვევა. ის 1929—1947 წლებში მთელ ისლანდიაში სრულიად მარტო ქადაგებდა. მართალია, ათასობით პუბლიკაცია გაავრცელა, მაგრამ არავინ გამხდარა იეჰოვას მოწმე. ის წერდა: „ზოგიერთი მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ უმრავლესობა სრულ გულგრილობას იჩენდა“. დიდად არც მას შემდეგ შეცვლილა რამე, რაც ამ ტერიტორიაზე „გალაადის“ კურსდამთავრებული მისიონერები დანიშნეს. მათი 9-წლიანი ქადაგების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ისლანდიელი მოინათლა. *

4. რა გრძნობა შეიძლება დაგვეუფლოს, როცა ხალხი დადებითად არ ეხმაურება სასიხარულო ცნობას?

4 ბუნებრივია, გული გვწყდება, როცა ადამიანები დადებითად არ ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. ჩვენ, ალბათ, კარგად გავუგებთ პავლეს, რომელსაც „დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი“ ჰქონდა გულში იმის გამო, რომ მისმა თანამოძმეებმა იესო არ მიიღეს, როგორც აღთქმული მესია (რომ. 9:1—3). დიდი მცდელობისა თუ გულმოდგინე ლოცვის მიუხედავად, შეიძლება თქვენი ბიბლიის შემსწავლელი სულიერად წინ ვერ მიიწევს, რის გამოც მასთან შესწავლის შეწყვეტა გიწევთ. შეიძლება ჯერ ვერავის დაეხმარეთ, ნათლობამდე რომ მისულიყო. უნდა დაიდანაშაულოთ თავი ამ ყველაფრის გამო და უნდა იფიქროთ, რომ იეჰოვამ ხელი არ მოგიმართათ მსახურებაში? ამ სტატიაში ორ კითხვაზე გავცემთ პასუხს: 1) რას უნდა მივიჩნევდეთ მსახურებაში წარმატების საზომად? და 2) რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, როცა სხვებს ვუქადაგებთ?

ᲠᲐᲡ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲘᲕᲘᲩᲜᲔᲕᲓᲔᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲬᲐᲠᲛᲐᲢᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲖᲝᲛᲐᲓ

5. რატომ შეიძლება იეჰოვას მსახურებაში ჩვენთვის სასურველ შედეგს ყოველთვის ვერ მივაღწიოთ?

5 ღვთის ნების შემსრულებელზე ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფერში, რასაც აკეთებს, ხელი მოემართება“ (ფსალმ. 1:3). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც იეჰოვასთვის ვაკეთებთ, ყოველთვის მოიტანს ჩვენთვის სასურველ შედეგს. ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ არასრულყოფილები ვართ, თანაც არასტაბილურ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, სადაც ნებისმიერ დროს შეიძლება წავაწყდეთ სირთულეებს (იობ. 14:1). გარდა ამისა, შეიძლება მოწინააღმდეგეებმა თავისუფლად ქადაგების საშუალება აღარ მოგვცენ (1 კორ. 16:9; 1 თეს. 2:18). მაშ, რით ზომავს იეჰოვა მსახურებაში ჩვენს წარმატებას? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური პრინციპი.

იეჰოვა აფასებს ჩვენს მსახურებას, მნიშვნელობა არა აქვს პირადად ვუქადაგებთ ადამიანს, წერილობით თუ ტელეფონით (იხილეთ აბზაცი 6).

6. რით ზომავს იეჰოვა მსახურებაში ჩვენს წარმატებას?

6 იეჰოვა ჩვენს ძალისხმევასა და მოთმინებას აფასებს. ის ჩვენს საქმეს წარმატებულად თვლის, თუ გულმოდგინედ და სიყვარულით ვაკეთებთ, იმისდა მიუხედავად, როგორ ეხმაურებიან ამას სხვები. პავლე წერდა: „ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს“ (ებრ. 6:10). იეჰოვას ყოველთვის ემახსოვრება ჩვენი შრომა და სიყვარული, თუნდაც ჩვენმა მსახურებამ კონკრეტული შედეგი არ მოიტანოს. ჩვენზეც მართლდება პავლეს სიტყვები, რომლებიც მან კორინთელებს უთხრა: „იცით, რომ ფუჭად არ შრომობთ მისთვის“. ეს მაშინაც ასეა, როცა ჩვენი შრომით სასურველ შედეგს ვერ ვაღწევთ (1 კორ. 15:58).

7. რა თქვა პავლემ თავისი მსახურების შესახებ და რას ვსწავლობთ აქედან?

7 პავლე მოციქულზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული მისიონერი იყო, რადგან არაერთ ქალაქში ჩამოაყალიბა კრება. მაგრამ როცა მას თავდაცვა მოუწია, როგორც ქრისტეს მსახურს, აქცენტი არ გაუკეთებია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი გააქრისტიანა. მათი ბრალდებების გასაბათილებლად, ვინც მას თავს ამეტებდა, პავლემ ასეთი არგუმენტი მოიყვანა: „უფრო მეტიც მიშრომია“ (2 კორ. 11:23). პავლეს მსგავსად კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ყველაზე მეტად შრომასა და მოთმინებას გვიფასებს.

8. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს მსახურებაში?

8 ჩვენი მსახურებით გულს ვუხარებთ იეჰოვას. იესომ 70 მოწაფე გაგზავნა სამეფოს შესახებ ცნობის საქადაგებლად. ისინი კი უკან გახარებული დაბრუნდნენ. მათი სიხარულის მიზეზი მათივე სიტყვებიდან გამოჩნდა: „შენი სახელის ხსენებაზე დემონებიც კი გვემორჩილებიან“. ამის მოსმენაზე იესომ მათ შემდეგი სიტყვებით შეუსწორა აზროვნება: „ის კი ნუ გიხარიათ, რომ ბოროტი სულები გემორჩილებიან, ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკ. 10:17—20). იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები ყოველთვის ასეთ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ მსახურებაში. ჩვენ არ ვიცით, იმ სამოცდაათის ქადაგების შედეგად საბოლოოდ რამდენი გახდა ქრისტიანი. მოწაფეების სიხარული მხოლოდ ხალხის მხრიდან დადებით გამოხმაურებაზე არ უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. უდიდესი სიხარული მათთვის იმას უნდა მიენიჭებინა, რომ იეჰოვა აფასებდა მათ გულმოდგინე შრომას.

9. გალატელების 6:7—9-ის თანახმად, რას მივიღებთ შედეგად, თუ მოთმინებით გავაგრძელებთ მსახურებას?

9 თუ მოთმინებით გავაგრძელებთ მსახურებას, მარადიულ სიცოცხლეს მოვიპოვებთ. როცა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლს მთელი გულით ვთესავთ და ვუვლით, ჩვენ, ფაქტობრივად, სულისთვის ვთესავთ ანუ ღვთის სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას ვაძლევთ. თუ ამ საქმის კეთებაში არ დავიღლებით, დარწმუნებული შეგვიძლია ვიყოთ, რომ მარადიულ სიცოცხლეს მოვიმკით იმისდა მიუხედავად, ვინმეს მივიყვანთ თუ არა ნათლობამდე (წაიკითხეთ გალატელების 6:7—9).

ᲠᲐ ᲛᲝᲚᲝᲓᲘᲜᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲒᲕᲥᲝᲜᲓᲔᲡ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ?

10. რაზეა დამოკიდებული ხალხის გამოხმაურება?

10 ხალხის გამოხმაურება ძირითადად მათი გულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ეს აზრი იკვეთება იესოს იგავიდან მთესველის შესახებ. მთესველმა სხვადასხვა სახის მიწაზე მოაბნია თესლი, მაგრამ მხოლოდ კარგ მიწაზე დაცვენილმა გამოიღო ნაყოფი (ლუკ. 8:5—8). იესომ თქვა, რომ სხვადასხვა ტიპის მიწა განასახიერებს ხალხს, რომელიც სხვადასხვანაირად რეაგირებს ღვთის სიტყვაზე (ლუკ. 8:11—15). მთესველის მსგავსად ჩვენზეც არ არის დამოკიდებული ჩვენი შრომის შედეგი. შედეგს მსმენელის გულის მდგომარეობა განსაზღვრავს. ჩვენი მოვალეობაა, რომ გავაგრძელოთ სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების თესლის თესვა. როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, „თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს“ და არა შრომის შედეგისამებრ (1 კორ. 3:8).

ნოე მრავალი წელი ქადაგებდა, მაგრამ მისი ოჯახის წევრების გარდა მასთან ერთად კიდობანში არავინ შესულა. მიუხედავად ამისა, ნოე დაემორჩილა ღმერთს და წარმატებით გაართვა თავი მიღებულ დავალებას (იხილეთ აბზაცი 11).

11. რატომ იყო ნოე წარმატებული მქადაგებელი? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

11 ღვთის ძველი დროის მსახურებიც ხვდებოდნენ ხალხის მხრიდან გულგრილობას. „სიმართლის მქადაგებელი“ ნოე გულგრილობას ათწლეულების განმავლობაში ხვდებოდა (2 პეტ. 2:5). შეიძლება მას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ხალხი დადებითად გამოეხმაურებოდა მის ცნობას, მაგრამ იეჰოვას მისთვის მსგავსი არაფერი უთქვამს. როცა კიდობნის ასაგებად მითითებები მისცა, ასეთი რამ უთხრა: „შედი კიდობანში შენს ვაჟებთან, შენს ცოლთან და შენს რძლებთან ერთად“ (დაბ. 6:18). კიდობნის ზომებიდან გამომდინარე ნოე მიხვდებოდა, რომ ბევრი ადამიანი დადებითად არ გამოეხმაურებოდა მის ქადაგებას, რადგან კიდობანი მრავალ ადამიანს ვერ დაიტევდა (დაბ. 6:15). ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტი, რომ იმდროინდელ მოძალადე მსოფლიოში ერთმა ადამიანმაც კი არ იღო ყურად ნოეს ქადაგება (დაბ. 7:7). წარუმატებელ მქადაგებლად ჩათვალა იეჰოვამ ნოე? რასაკვირველია, არა. ღვთის თვალში ის წარმატებული მქადაგებელი იყო, რადგან ერთგულად შეასრულა მისგან მიღებული დავალება (დაბ. 6:22).

12. როგორ შეინარჩუნა წინასწარმეტყველმა იერემიამ სიხარული მსახურებაში გულგრილობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად?

12 წინასწარმეტყველი იერემიაც ათეულობით წლის განმავლობაში წინააღმდეგობასა და გულგრილობას ხვდებოდა ქადაგების დროს. მას იმდენად გაუტეხა გული მოწინააღმდეგეების მხრიდან შეურაცხყოფამ და მასხრად აგდებამ, რომ ლამის უარი თქვა თავის დავალებაზე (იერ. 20:8, 9). რა დაეხმარა მას უარყოფითი ფიქრების მოშორებასა და მსახურებაში სიხარულის შენარჩუნებაში? მან ყურადღება ორ მთავარ ფაქტორზე გადაიტანა. პირველი, მის მიერ გაცხადებული ღვთის ცნობა მომავლის იმედს უსახავდა მსმენელებს (იერ. 29:11). მეორე, იეჰოვამ სწორედ ის აირჩია, რომ მისი სახელით ექადაგა (იერ. 15:16). დღეს ჩვენც გადავცემთ მანუგეშებელ ცნობას უიმედო ადამიანებს და ჩვენც ღვთის სახელით ვიწოდებით, როგორც მისი მოწმეები. როცა ამ ორ მთავარ ფაქტორზე ვამახვილებთ ყურადღებას, სიხარულს ვინარჩუნებთ ხალხის გამოხმაურების მიუხედავად.

13. რას გვასწავლის მარკოზის 4:26—29-ში ჩაწერილი იესოს იგავი?

13 სულიერი ზრდა ეტაპობრივად ხდება. ამ აზრს იესომ ერთ-ერთ თავის იგავში გაუსვა ხაზი. იგავი მოგვითხრობს მთესველზე, რომელიც თესლს თესავს და იძინებს (წაიკითხეთ მარკოზის 4:26—29). დათესილი თესლი აღმოცენდება და თანდათანობით იზრდება; ეს პროცესი მთესველისგან დამოუკიდებლად ხდება. შეიძლება მოწაფეების მომზადების საქმეშიც შედეგები მაშინვე თვალსაჩინო არ იყოს, რადგან ეს პროცესი დროსთან არის დაკავშირებული და თავისი ეტაპები აქვს. როგორც მთესველი ვერ დააჩქარებს მცენარის ზრდას, ისე ჩვენც ვერ დავაჩქარებთ ბიბლიის შემსწავლელის სულიერ ზრდას. ამიტომ გულს ნუ გაიტეხთ და ხელს ნუ ჩაიქნევთ, თუ შედეგს ისე სწრაფად ვერ დაინახავთ, როგორც მოელოდით. თესლის თესვის მსგავსად მოწაფეების მომზადების საქმეც მოთმინებას მოითხოვს (იაკ. 5:7, 8).

14. რომელი მაგალითიდან ჩანს, რომ ჩვენმა ქადაგებამ შეიძლება მაშინვე ვერ გამოიღოს შედეგი?

14 ზოგიერთ ტერიტორიაზე ჩვენი ქადაგების შედეგების დანახვას შეიძლება წლები დასჭირდეს. ამას ადასტურებს ღვიძლი დების, გლედის და რუბი ალენების ისტორია. 1959 წელს ისინი პიონერებად დანიშნეს კანადის პროვინციის, კვებეკის, ერთ-ერთ ქალაქში. * საზოგადოებაში გავრცელებული უარყოფითი აზრისა და კათოლიკური ეკლესიის ზეწოლის გამო ხალხი არ ისმენდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ. გლედისი იხსენებდა: „ორი წლის განმავლობაში ყოველდღიურად 8 საათი დავდიოდით კარდაკარ, მაგრამ ინტერესი არავის გამოუჩენია. კართან მოსულები, ჩვენი დანახვისთანავე, ისევ უკან ბრუნდებოდნენ. მაგრამ ჩვენ ამის გამო ხელი არ ჩაგვიქნევია“. დროთა განმავლობაში ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა და ნელ-ნელა ქადაგებამ გამოიღო ნაყოფი. ამჟამად ამ ქალაქში სამი კრებაა (ეს. 60:22).

15. რას ვიგებთ 1 კორინთელების 3:6, 7-დან მოწაფეების მომზადების შესახებ?

15 მოწაფეების მომზადება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. კრებაში ყველას შეუძლია წვლილი შეიტანოს შემსწავლელის ნათლობამდე მიყვანაში (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:6, 7). წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: მაუწყებელი ბუკლეტს ან ჟურნალს უტოვებს დაინტერესებულ ადამიანს. თუ ეს მაუწყებელი ვერ ახერხებს განმეორებითი მონახულების გაკეთებას, სხვა მაუწყებელს სთხოვს, რომ მის ნაცვლად გააკეთოს ეს. მონახულებაზე მისული მაუწყებელი შესწავლას იწყებს ამ ადამიანთან. ის შესწავლაზე სხვადასხვა და-ძმას ეპატიჟება. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ შემსწავლელის წახალისებაში. შეიძლება ითქვას, რომ თითოეული და-ძმა, რომელსაც შემსწავლელი ხვდება, რწყავს მის გულში ჩათესილ ჭეშმარიტების თესლს. ასე რომ, როგორც იესომ თქვა, მთესველიცა და მომკელიც ერთად ხარობენ სულიერი მოსავლით (იოან. 4:35—38).

16. როგორ შეგიძლიათ გაიხაროთ მსახურებით ჯანმრთელობის პრობლემების ან ასაკის მიუხედავად?

16 შესაძლოა ჯანმრთელობის ან ასაკის გამო ძველებურად ვეღარ ახერხებთ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში მონაწილეობას. მაგრამ მაინც შეგიძლიათ გაიხაროთ იმ წვლილით, რაც მკის საქმეში შეგაქვთ. გავიხსენოთ, რა მოხდა, როცა მეფე დავითმა და მისმა ხალხმა თავიანთი ოჯახები და ქონება დაიხსნეს მოთარეშე ამალეკელებისგან. 200 კაცი მათ ბრძოლაში ვერ გაჰყვა მეტისმეტი დაღლილობის გამო, ამიტომ ბარგთან დარჩნენ. გამარჯვების შემდეგ დავითმა ბრძანა, რომ ნადავლი ყველა მებრძოლისთვის, მათ შორის ბარგთან დარჩენილებისთვისაც თანაბრად გაეყოთ (1 სამ. 30:21—25). მსგავსი პრინციპი მოქმედებს მოწაფეების მომზადების საქმეშიც. ყველა, ვინც თავს არ ზოგავს მსახურებისთვის, იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ყოველი ახალი ადამიანის ჭეშმარიტების გზაზე დადგომას მოაქვს.

17. რისთვის უნდა ვემადლიერებოდეთ იეჰოვას?

17 რაოდენ ვემადლიერებით ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, რომ მსახურებაში იმაზე მეტს არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია. მან კარგად იცის, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული ხალხის გამოხმაურება. მაგრამ ის ხედავს ჩვენს გულმოდგინებასა და კარგ მოტივებს, რისთვისაც გვაჯილდოებს. ის აგრეთვე გვასწავლის, როგორ გავიხაროთ იმ წვლილით, რაც მკის საქმეში შეგვაქვს (იოან. 14:12). დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი მოიწონებს ჩვენს მსახურებას, თუ გულმოდგინებას არ დავკარგავთ ამ საქმეში.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 67 „იქადაგე სიტყვა“

^ აბზ. 5 ბუნებრივია, სიხარულს გვანიჭებს, როცა ადამიანები დადებითად ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. და პირიქით, გული გვწყდება, როცა მათგან გულგრილობას ვხვდებით. შეიძლება თქვენი ბიბლიის შემსწავლელი სულიერად არ იზრდება. ან შეიძლება ვერავის დაეხმარეთ, რომ ნათლობამდე მისულიყო. უნდა ჩათვალოთ ამის გამო, რომ მოწაფეების მომზადების საქმეში წარუმატებელი ხართ? ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ შეგვიძლია ჩვენი მსახურება წარმატებულად მივიჩნიოთ და სიხარული არ დავკარგოთ სხვების გამოხმაურების მიუხედავად.

^ აბზ. 3 იხილეთ 2005 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“, გვ. 205—211 [ინგლ.].

^ აბზ. 14 იხილეთ გლედის ალენის ავტობიოგრაფია 2002 წლის 1-ლი სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, სათაურით „არაფერს შევცვლიდი!“.