არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

ცხოვრების აზრის ძიებაში

ცხოვრების აზრის ძიებაში

ᲮᲛᲔᲚᲗᲐᲨᲣᲐ ზღვაში მივცურავდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ჩემი იახტა წყალს აპარებდა და ნელ-ნელა წყლით ივსებოდა. ამას ქარიშხალიც დაემატა. ისე შევშინდი, რომ ამდენი წლის თავზე პირველად ვილოცე. ნება მომეცით, მოგითხროთ, როგორ აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში.

შვიდი წლის ასაკში, როცა მე და ჩემი ოჯახი ბრაზილიაში ვცხოვრობდით.

დავიბადე ჰოლანდიაში 1948 წელს. მომდევნო წელს ჩემი ოჯახი ბრაზილიაში, სან-პაულუში, გადავიდა. ჩემი მშობლები ეკლესიის მრევლი იყვნენ, ამიტომ ოჯახში ყოველი ვახშმის შემდეგ ბიბლიას ვკითხულობდით. 1959 წელს კიდევ ერთხელ შევიცვალეთ საცხოვრებელი და შეერთებულ შტატებში გადავედით. ჩვენ მასაჩუსეტსის შტატში დავსახლდით.

მამაჩემი ბევრს მუშაობდა, რომ რვასულიანი ოჯახი შეენახა. ის სხვადასხვა საქმით იყო დაკავებული — კომპანიებსა და დაწესებულებებს ამ თუ იმ პროდუქციის შეძენას სთავაზობდა, მუშაობდა გზების მშენებლობაზე, ბოლოს კი ერთ-ერთი საერთაშორისო ავიაკომპანიის სავაჭრო აგენტი გახდა. მისმა ახალმა სამსახურმა ყველა ძალიან გაგვახარა, რადგან საშუალება მოგვცა, ბევრი გვემოგზაურა.

სკოლაში სწავლის დროს ხშირად ვფიქრობდი, ნეტავ ვინ გამოვალ, როცა გავიზრდები-მეთქი. ჩემი მეგობრებიდან ზოგიერთმა უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა, ზოგმა კი სამხედრო სამსახური აირჩია. მე სამხედრო სამსახური არ მინდოდა, რადგან კონფლიქტური სიტუაციები არ მიყვარდა, ბრძოლაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. სამხედრო სამსახურისთვის თავი რომ ამერიდებინა, უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე. გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა, სხვებს დავხმარებოდი, რადგან ამაში ვხედავდი ცხოვრების აზრს.

ᲡᲢᲣᲓᲔᲜᲢᲣᲠᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ

წლების განმავლობაში ცხოვრების აზრს ვეძებდი.

უნივერსიტეტში ანთროპოლოგიამ გამიტაცა, რადგან სიცოცხლის წარმოშობის საკითხი მაინტერესებდა. ჩვენ ევოლუციას გვასწავლიდნენ როგორც ფაქტს და არა როგორც თეორიას. ზოგიერთი საკითხის ახსნაში ლოგიკას ვერ ვხედავდი. გამოდიოდა, რომ ყველაფერი ბრმად ანუ მტკიცებულებების გარეშე უნდა დამეჯერებინა.

უნივერსიტეტში არც ზნეობრივ პრინციპებს გვინერგავდნენ. აქცენტს მუდმივად იმაზე აკეთებდნენ, რომ ნებისმიერ ფასად უნდა მიგვეღწია წარმატებისთვის. წვეულებები და ნარკოტიკები კარგ განწყობაზე მაყენებდა, მაგრამ ეს მხოლოდ წუთიერ სიამოვნებას მანიჭებდა. ჩემთვის ვფიქრობდი, ნუთუ ეს არის-მეთქი ცხოვრების აზრი.

ამასობაში ბოსტონის უნივერსიტეტში გადავედი სასწავლებლად. სწავლის საფასური რომ გადამეხადა, ზაფხულობით არდადეგებზე ვმუშაობდი. სწორედ მაშინ შევხვდი პირველად იეჰოვას მოწმეებს. თანამშრომელმა საუბარი დამიწყო დანიელის მე-4 თავში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაზე „შვიდი დროის“ შესახებ და ამიხსნა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობდით (დან. 4:13—17). მაშინვე მივხვდი, რომ, თუ ამ საკითხზე სერიოზულად გავაგრძელებდით მსჯელობას, ბევრი ცვლილების მოხდენა მომიწევდა. ამიტომ ყველანაირად ვცდილობდი, თავი ამერიდებინა ჩემი თანამშრომლისთვის.

უნივერსიტეტში ის ფაკულტეტი ავირჩიე, რომელიც საშუალებას მომცემდა, მოხალისედ მემსახურა სამხრეთ ამერიკაში. ვფიქრობდი, რომ, თუ გაჭირვებულებს დახმარებას აღმოვუჩენდი, ჩემი ცხოვრება უფრო აზრიანი გახდებოდა. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ვერც ეს შესძენდა ჩემს ცხოვრებას აზრს. ამიტომ გულაცრუებულმა უნივერსიტეტში სწავლა მივატოვე.

ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲖᲠᲘᲡ ᲫᲘᲔᲑᲐ ᲨᲝᲠᲔᲣᲚ ᲥᲕᲔᲧᲜᲔᲑᲨᲘ

1970 წლის მაისში ამსტერდამში (ჰოლანდია) გადავედი და იმ ავიაკომპანიაში დავიწყე მუშაობა, სადაც მამაჩემი მუშაობდა. ეს სამსახური შესაძლებლობას მაძლევდა, ბევრი მემოგზაურა აფრიკის, ამერიკის, ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში. მალევე დავინახე, რომ ყველა ქვეყანა იდგა სერიოზული პრობლემების წინაშე და ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც არ ჩანდა. ვინაიდან ისევ მომინდა, ცხოვრებაში რაღაც ღირებული გამეკეთებინა, გადავწყვიტე შტატებში დავბრუნებულიყავი და ბოსტონის უნივერსიტეტში გამეგრძელებინა სწავლა.

უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ მივხვდი, რომ ის კითხვები, რომლებიც ცხოვრების აზრთან დაკავშირებით მიჩნდებოდა, მაინც პასუხგაუცემელი რჩებოდა. რაკი გაურკვევლობაში ვიყავი, რჩევა ანთროპოლოგიის პროფესორს ვკითხე. ჩემდა გასაკვირად მან ასეთი რამ მითხრა: „რა აზრი აქვს სწავლის გაგრძელებას?! ხომ არ ჯობია, სხვა საქმეს მოჰკიდო ხელი?“ მეც მეტი რა მინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ ამოვიკვეთე ფეხი უნივერსიტეტიდან.

ცხოვრება ისევ უაზრობად მეჩვენებოდა, ამიტომ ჰიპების მოძრაობას შევუერთდი. მე და ჩემი მეგობრები ავტოსტოპით ვმოგზაურობდით შეერთებული შტატებიდან აკაპულკომდე (მექსიკა). ჩვენ ჰიპების ჯგუფებთან ერთად ვცხოვრობდით, რომლებიც ერთი შეხედვით უდარდელად ატარებდნენ დროს. მათთან ყოფნის პერიოდში მივხვდი, რომ ამ ყველაფერმა არც აზრი შემატა ჩემს ცხოვრებას და არც ხანგრძლივი ბედნიერება მომანიჭა. პირიქით, ამ ხალხს შორის უპატიოსნობა და ღალატი დავინახე.

ᲘᲐᲮᲢᲘᲗ ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲐ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲖᲠᲘᲡ ᲫᲘᲔᲑᲐᲨᲘ

მე და ჩემი მეგობარი სამოთხისებურ კუნძულს ვეძებდით.

ამასობაში ბავშვობის ოცნებამ გაიღვიძა ჩემში. ყოველთვის მინდოდა მეზღვაურობა, ოღონდ ისე, რომ კაპიტანი მე თვითონ ვყოფილიყავი. ეს ოცნება რომ ამეხდინა, ჩემი იახტა უნდა მქონოდა. ჩემს მეგობარ ტომსაც მსგავსი სურვილი ჰქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მსოფლიოს გარშემო ერთად გვემოგზაურა. გვინდოდა, არსებული წყობისგან შორს, სადმე სამოთხისებურ კუნძულზე დავსახლებულიყავით.

მე და ტომი ჩავედით ბარსელონასთან ახლოს მდებარე არენის-დე-მარში (ესპანეთი). იქ შევიძინეთ დაახლოებით 10 მეტრი სიგრძის იახტა, სახელად „ლიგრა“. ნაოსნობისთვის ვარგისი რომ გაგვეხადა, მის შეკეთებას შევუდექით. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როდის ჩავიდოდით დანიშნულების ადგილას, ამიტომ იახტას ძრავა ამოვაცალეთ და ეს ადგილი დასალევი წყლის მარაგისთვის გამოვათავისუფლეთ. შედარებით პატარა ნავსადგურებშიც რომ შეგვძლებოდა მანევრირება, ორი 5-მეტრიანი ნიჩაბიც დავამონტაჟეთ. ბოლოს კი გეზი ინდოეთის ოკეანეში სეიშელის კუნძულებისკენ ავიღეთ. გვინდოდა, აფრიკის დასავლეთ სანაპირო ზოლს გავყოლოდით და სამხრეთ აფრიკაში კეთილი იმედის კონცხისთვის შემოგვევლო. კუთხსაზომით, ვარსკვლავებზე დაკვირვებით, საზღვაო რუკებითა და კალენდრით მივიკვლევდით გზას. გაოცებული ვიყავით, რა ზუსტად ვახერხდებდით ჩვენი ადგილმდებარეობის დადგენას.

მალევე მივხვდით, რომ ჩვენი ჯაბახანა იახტა სანაოსნოდ აღარ გამოდგებოდა. საათში დაახლოებით 22 ლიტრი წყალი შემოდიოდა ბორტზე. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, შტორმმა ძალიან შემაშინა და მაშინ ამდენი წლის შემდეგ პირველად ვილოცე. ღმერთს შევპირდი, რომ, თუ გადავრჩებოდი, მას აუცილებლად გავიცნობდი. ქარიშხალი ჩადგა და მეც შევასრულე ჩემი პირობა.

ბიბლიის კითხვას შევუდექი შუაგულ ხმელთაშუა ზღვაში. წარმოიდგინეთ, რა სანახაობა იშლებოდა ჩემ თვალწინ. მოხტუნავე თევზები და დელფინები, ირგვლივ კი თვალუწვდენელი ჰორიზონტი. ღამით „ირმის ნახტომის“ გალაქტიკას ვაკვირდებოდი და უფრო მიმტკიცდებოდა იმის რწმენა, რომ არსებობს მზრუნველი ღმერთი.

რამდენიმეკვირიანი ცურვის შემდეგ ალიკანტეს (ესპანეთი) ნავსადგურში შევედით იმ იმედით, რომ ჩვენს ძველ იახტას გავყიდდით და უკეთესს შევიძენდით. რა გასაკვირია, რომ არავის უნდოდა ამ ძველი იახტის ყიდვა, რომელსაც არც ძრავა ჰქონდა და წყალსაც აპარებდა. მეორე მხრივ, თავზე საყრელი დრო მქონდა ბიბლიის წასაკითხად.

რაც უფრო მეტს ვკითხულობდი ბიბლიას, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ამ წიგნით შეიძლება წარმატებას მიაღწიო ცხოვრებაში. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რა ნათლად იყო ბიბლიაში ჩამოყალიბებული ზნეობრივი პრინციპები. ჩემთვის ვფიქრობდი, ამდენი ადამიანი, მათ შორის მე, თავს ქრისტიანებად ვთვლით, მაგრამ რატომ არაფრად ვაგდებთ-მეთქი ამ პრინციპებს.

გადავწყვიტე, რომ ძირფესვიანად შემეცვალა ჩემი ცხოვრება, ამიტომ უარი ვთქვი ნარკოტიკებზე. ვფიქრობდი, რომ აუცილებლად იარსებებდა ისეთი ხალხი, რომელიც ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით იცხოვრებდა. რაკი მათი პოვნა მინდოდა, კიდევ ერთხელ ვილოცე და ღმერთს ვთხოვე, მათ მოძებნაში დამხმარებოდა.

ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢᲘ ᲠᲔᲚᲘᲒᲘᲘᲡ ᲫᲘᲔᲑᲐᲨᲘ

გადავწყვიტე, გამორიცხვის მეთოდით მიმეკვლია ჭეშმარიტი რელიგიისთვის. ალიკანტეს ქუჩებში რელიგიური დანიშნულების მრავალ შენობას გადავაწყდი, მაგრამ ვინაიდან ამ შენობების უმეტესობაში რელიგიურ გამოსახულებებს იყენებდნენ, ყველა ამოვშალე ჩემი სიიდან.

ერთ კვირა დღეს, როცა შემაღლებულ ადგილზე ვიდექი და ნავსადგურს გადავყურებდი, ვკითხულობდი იაკობის 2:1—5, სადაც იაკობი მდიდრებისადმი მიკერძოებაზე საუბრობს. ჩვენს იახტასთან ვბრუნდებოდი, როცა გზად ერთ შენობას გადავაწყდი წარწერით „იეჰოვას მოწმეთა დარბაზი“.

გავიფიქრე, მოდი ამ ხალხსაც გამოვცდი, შევალ და ვნახოთ, როგორ დამხვდებიან-მეთქი. დარბაზში ფეხშიშველი, გაბურძგნილი წვერითა და დახეული ჯინსებით შევედი. მომწესრიგებელმა ერთი ასაკოვანი ქალბატონის გვერდით დამსვა, რომელიც მოხსენების დროს წარმოთქმულ მუხლებს ბიბლიაში მაჩვენებდა. შეხვედრის შემდეგ გაოგნებული დავრჩი, რამდენი მოვიდა ჩემთან და თბილად მომესალმა. ერთმა კაცმა თავისთან დამპატიჟა, რომ მასთან სახლში საუბარი გაგვეგრძელებინა, მაგრამ რადგან ბიბლია იმ დროს ბოლომდე არ მქონდა წაკითხული, ვუთხარი, რომ შევატყობინებდი, როგორც კი ამისთვის მზად ვიქნებოდი. ამასობაში არცერთ შეხვედრას არ ვაცდენდი.

რამდენიმე კვირაში იმ კაცს ვეწვიე, რომელმაც ადრე სახლში დამპატიჟა. მან ბიბლიიდან მიპასუხა ჩემს კითხვებზე. ერთი კვირის შემდეგ მან კარგი ტანსაცმლით სავსე ჩანთა მომცა. მითხრა, რომ ეს ტანსაცმელი მას ეკუთვნოდა, ვინც ახლა ციხეში იჯდა იმის გამო, რომ ითვალისწინებდა ბიბლიურ მითითებას, ჰყვარებოდა მოყვასი და უარი ეთქვა ომზე (ეს. 2:4; იოან. 13:34, 35). მაშინ დავრწმუნდი, რომ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი — ხალხი, რომელიც იყენებდა ბიბლიაში ნათლად ჩაწერილ მორალურ პრინციპებს. ახლა უკვე ჩემი მიზანი სამოთხისებური კუნძულის პოვნა კი არა, ბიბლიის საფუძვლიანად გამოკვლევა იყო. ამიტომ ჰოლანდიაში დავბრუნდი.

ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝᲡ ᲫᲘᲔᲑᲐᲨᲘ

ოთხი დღე დამჭირდა, რომ ავტოსტოპით გრონინგენში (ჰოლანდია) ჩავსულიყავი. თავის სარჩენად სამსახურს დავუწყე ძებნა. ანკეტა შევავსე, რომ ერთ სახელოსნოში დამეწყო მუშაობა. ერთ-ერთ გრაფაში უნდა ჩამეწერა ჩემი რელიგია. მეც ავდექი და „იეჰოვას მოწმე“ ჩავწერე. როცა სახელოსნოს მეპატრონემ ეს გრაფა წაიკითხა, გამომეტყველება შეეცვალა. ის დამპირდა, რომ დამირეკავდა, მაგრამ აღარ შემხმიანებია.

კიდევ ერთ სახელოსნოში მივედი და მეპატრონეს ვკითხე, მუშახელი ხომ არ სჭირდებოდა. ის დაინტერესდა, მქონდა თუ არა დიპლომი და სარეკომენდაციო წერილები. ავუხსენი, რომ ხის იახტის შეკეთება შემეძლო. ჩემდა გასაკვირად მან მითხრა: „შეგიძლია მუშაობა დღესვე დაიწყო, ოღონდ ერთი პირობით: აქ უსიამოვნებები არ მჭირდება, რადგან იეჰოვას მოწმე ვარ და ბიბლიური პრინციპებით ვცხოვრობ“. გაოცებულმა წამოვიძახე, მეც იეჰოვას მოწმე ვარ-მეთქი. ჩემი გრძელი თმისა და წვერის შემხედვარე მითხრა, მაშინ ბიბლიას შეგასწავლიო, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. მაშინღა მივხვდი, რატომ არ დამირეკა წინა დამსაქმებელმა. აშკარა იყო, რომ იეჰოვა ლოცვაზე პასუხს მცემდა (ფსალმ. 37:4). ამ ძმის სახელოსნოში ერთი წელი ვმუშაობდი და მასთან ბიბლიას ვსწავლობდი, 1974 წლის იანვარში კი მოვინათლე.

ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲘᲥᲜᲐ, ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲐᲖᲠᲘ ᲕᲘᲞᲝᲕᲔ

ერთი თვის შემდეგ ახალ საქმეს, პიონერობას, შევუდექი, რამაც უდიდესი კმაყოფილება მომანიჭა. მომდევნო თვეს ამსტერდამში გადავედი, რომ ახალჩამოყალიბებულ ესპანურ ჯგუფს დავხმარებოდი. დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ბიბლიის შესწავლების ჩატარება ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე. 1975 წლის მაისში სპეციალურ პიონერად დავინიშნე.

ერთხელ ჩვენს ესპანურენოვან ჯგუფში ერთი სპეციალური პიონერი და, ინეკე, გვეწვია, რომელმაც თავისი ბოლივიელი შემსწავლელი გაგვაცნო. მე და ინეკემ მიწერ-მოწერა დავიწყეთ. როგორც აღმოჩნდა, საერთო მიზნები გვქონდა. ჩვენ 1976 წელს დავქორწინდით და სპეციალურ პიონერებად ვმსახურობდით 1982 წლამდე, ვიდრე სკოლა „გალაადის“ 73-ე კლასში არ მიგვიწვიეს. ჩვენთვის მოულოდნელიც იყო და სასიხარულოც, როცა აღმოსავლეთ აფრიკაში დაგვნიშნეს. 5 წელი ვიმსახურეთ მომბასაში (კენია). 1987 წელს ტანზანიაში დაგვნიშნეს, სადაც ახალი მოხსნილი იყო აკრძალვა სამქადაგებლო საქმიანობაზე. იქ 26 წელი ვმსახურობდით, სანამ ისევ კენიაში დავბრუნდებოდით.

მე და ჩემს მეუღლეს დიდ სიხარულს გვანიჭებდა აღმოსავლეთ აფრიკაში ხალხისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლება.

თავმდაბალი ადამიანებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებამ ჩვენს ცხოვრებას ნამდვილი აზრი შესძინა. მაგალითად, ჩემს პირველ ბიბლიის შემსწავლელს მომბასაში შევხვდი ქადაგების დროს. როცა მას ორი ჟურნალი შევთავაზე, მითხრა, ამას რომ წავიკითხავ, მერე რა უნდა გავაკეთოო. მომდევნო კვირას მასთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე წიგნით „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“, რომელიც ახალი გამოცემული იყო სუაჰილიზე. ის მომდევნო წელს მოინათლა და პიონერად დაიწყო მსახურება. მას შემდეგ ის და მისი მეუღლე ასამდე ადამიანს დაეხმარნენ მიძღვნასა და მონათვლაში.

მე და ინეკემ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როგორ აკურთხებს იეჰოვა თავის ხალხს აზრიანი ცხოვრებით.

როცა ცხოვრების აზრი ვიპოვე, იმ ვაჭარივით ვიგრძენი თავი, რომელმაც უძვირფასესი მარგალიტი იპოვა და ხელიდან აღარ გაუშვა (მათ. 13:45, 46). მინდოდა, რომ სხვებს ცხოვრების აზრის პოვნაში დავხმარებოდი. მე და ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, როგორ აკურთხებს იეჰოვა თავის ხალხს აზრიანი ცხოვრებით.