არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 44

თქვენდამი იეჰოვას სიყვარული ურყევია

თქვენდამი იეჰოვას სიყვარული ურყევია

„მარადიული და ურყევია [იეჰოვას] სიყვარული“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 136:1).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 108 ღმერთი ერთგულებას და სიყვარულს ავლენს

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რისკენ მოგვიწოდებს იეჰოვა?

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ძალიან აფასებს ურყევ სიყვარულს (ოს. 6:6, სქ.). ამიტომ სურს, რომ მისი მსახურებიც გამოირჩეოდნენ ამ თვისებით. არათუ სურს, არამედ ითხოვს კიდეც ამას თავისი მსახურებისგან, რაც წინასწარმეტყველი მიქას სიტყვებიდანაც გამოჩნდა (მიქ. 6:8, სქ.). ამიტომ კარგად უნდა გავერკვეთ, რას მოიცავს ეს თვისება.

2. რას მოიცავს ურყევი სიყვარული?

2 „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ დაახლოებით 230-ჯერ გვხვდება „ურყევი სიყვარული“. რა იგულისხმება ურყევ სიყვარულში? „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანში“ ის ასეა ახსნილი: „ესაა სიყვარული, რომელსაც საფუძვლად უდევს ერთგულება, ვალდებულება და ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა. როგორც წესი, ამ სიტყვით აღიწერება ღვთის სიყვარული ადამიანებისადმი, თუმცა ზოგ კონტექსტში ადამიანთა შორის არსებული სიყვარულის აღსაწერადაც გამოიყენება“. ამ თვისებას იეჰოვა სრულყოფილად ავლენს. წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ გამოხატავს ის ამ სიყვარულს ადამიანების მიმართ. მომდევნო სტატიაში კი ვიმსჯელებთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას და გამოვხატოთ ურყევი სიყვარული ერთმანეთის მიმართ.

ᲣᲠᲧᲔᲕᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘᲡ ᲣᲑᲐᲓᲚᲝ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲘ

3. რა გაუმჟღავნა იეჰოვამ მოსეს თავის შესახებ?

3 ისრაელის ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იეჰოვამ მოსეს გაუმჟღავნა თავისი სახელი და ისიც გაუმხილა, რა თვისებებს ფლობს. მან თქვა: „იეჰოვა გულმოწყალე, თანამგრძნობი და სულგრძელი ღმერთია, გულუხვია სიკეთესა [ურყევ სიყვარულსა, სქ.] და ჭეშმარიტებაში; ათასების მიმართ იჩენს სიყვარულს, პატიობს დანაშაულს, ურჩობასა და ცოდვას“ (გამ. 34:6, 7). ამ გულში ჩამწვდომი სიტყვებით იეჰოვამ მეტი ნათელი მოჰფინა იმას, თუ რას მოიცავს ურყევი სიყვარული.

4, 5. ა) თავის რომელ თვისებაზე გვიმახვილებს იეჰოვა ყურადღებას? ბ) რა კითხვებზე ვიმსჯელებთ?

4 იეჰოვას შესახებ ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ურყევია მისი სიყვარული“. ამ ფრაზას ბიბლიის არაერთ მუხლში ვხვდებით (რიცხ. 14:18; ნეემ. 9:17; ფსალმ. 86:15; 103:8; იოელ. 2:13; იონ. 4:2). ყველა ამ შემთხვევაში იეჰოვას გამოვლენილ სიყვარულზეა საუბარი და არა ადამიანების მიერ გამოვლენილ სიყვარულზე. ის ფაქტი, რომ იეჰოვა ხაზს უსვამს თავის ურყევ სიყვარულს, აშკარად მიგვანიშნებს, რომ ეს თვისება მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. * ამიტომ არ გვიკვირს, რატომ ამბობდა მეფე დავითი აღფრთოვანებული: „იეჰოვა, ზეცას სწვდება შენი ურყევი სიყვარული . . . რაოდენ ძვირფასია, ღმერთო, შენი ურყევი სიყვარული! შენი ფრთების ჩრდილქვეშ აფარებენ თავს ადამიანები“ (ფსალმ. 36:5, 7). თქვენც აფასებთ იეჰოვას ამ შესანიშნავ თვისებას?

5 უკეთ რომ დავინახოთ, რას მოიაზრებს ღვთის ეს თვისება, განვიხილოთ ორი კითხვა: ვის მიმართ ავლენს იეჰოვა ურყევ სიყვარულს და რა სიკეთე მოაქვს ამას მათთვის?

ᲕᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲐᲕᲚᲔᲜᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲣᲠᲧᲔᲕ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲡ?

6. ვის მიმართ ავლენს იეჰოვა ურყევ სიყვარულს?

6 მართალია, ბიბლიაში მოხსენიებულია მიწათმოქმედების, დარიგების, სიბრძნის, ღვინის, ზეთის და ცოდნის სიყვარული, მაგრამ ურყევი სიყვარული მხოლოდ ადამიანებთან მიმართებით გამოიყენება (2 მატ. 26:10; იგავ. 12:1; 21:17; 29:3). საინტერესოა, ყველა ადამიანის მიმართ ავლენს იეჰოვა ურყევ სიყვარულს? ის ამ თვისებას მხოლოდ მათ მიმართ ავლენს, ვისაც ახლო ურთიერთობა აქვს მასთან. იეჰოვა თავისი მეგობრების ერთგულია და დიდებულ მომავალს ჰპირდება მათ. ასე რომ, გულს არასდროს აიცრუებს მათზე.

იეჰოვა მრავალმხრივ ზრუნავს ადამიანებზე, მათზეც კი, ვინც არ ემსახურება მას (იხილეთ აბზაცი 7). *

7. როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიყვარული ზოგადად მთელი კაცობრიობის მიმართ?

7 იეჰოვამ ზოგადად მთელი კაცობრიობის მიმართ გამოავლინა სიყვარული. იესომ ეს კარგად ახსნა ნიკოდემესთან საუბრისას: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:1, 16; მათ. 5:44, 45).

როგორც მეფე დავითისა და წინასწარმეტყველი დანიელის სიტყვებიდან ვიგებთ, იეჰოვა ურყევ სიყვარულს ავლენს თავისი მსახურების მიმართ, რადგან ისინი იცნობენ მას, მისი შიში აქვთ, უყვართ და იცავენ მის მცნებებს (იხილეთ აბზაცები 8, 9).

8, 9. ა) რატომ ავლენს იეჰოვა ურყევ სიყვარულს თავისი მსახურების მიმართ? ბ) რას განვიხილავთ?

8 როგორც უკვე აღვნიშნეთ, იეჰოვა ურყევ სიყვარულს მხოლოდ თავისი ერთგული მსახურების მიმართ ავლენს. ამას მეფე დავითისა და წინასწარმეტყველ დანიელის სიტყვებიც ადასტურებს. მაგალითად, დავითმა თქვა: „შენს ურყევ სიყვარულს ნუ მოაკლებ მათ, ვინც გიცნობს“; „იეჰოვას სიყვარული ურყევია და მარადიული მის მოშიშთა მიმართ“. დანიელმა კი თქვა: „იეჰოვა, ჭეშმარიტო ღმერთო . . . ურყევი რომაა შენი სიყვარული შენს მოყვარულთა, შენი მცნებების დამცველთა მიმართ“ (ფსალმ. 36:10; 103:17; დან. 9:4). ამ ღვთივშთაგონებული სიტყვებიდან კარგად ჩანს, რომ იეჰოვა სიყვარულს ავლენს თავისი მსახურების მიმართ, რადგან ისინი იცნობენ მას, მისი შიში აქვთ, უყვართ და იცავენ მის მცნებებს. აქედან გამომდინარე, იეჰოვას ურყევი სიყვარული მხოლოდ თავის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებზე ვრცელდება.

9 როგორც ყველა ადამიანი, ღმერთს ჩვენც ვუყვარდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მსახურები გავხდით, იეჰოვამ ურყევი სიყვარულით შეგვიყვარა (ფსალმ. 104:14). ის თავის მსახურებს ჰპირდება: „ჩემი სიყვარული ურყევი იქნება“ (ეს. 54:10). დავითი საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, რომ „იეჰოვა გამოარჩევს თავის ერთგულს“ (ფსალმ. 4:3). რისკენ უნდა აღგვძრას ამან? ფსალმუნმომღერალმა თქვა: „დააკვირდება ყოველივეს ბრძენი და ჩაუკვირდება იეჰოვას ურყევ სიყვარულს“ (ფსალმ. 107:43). ამ ღვთივშთაგონებული რჩევის გათვალისწინებით ვიმსჯელოთ, განსაკუთრებით როდის ვგრძნობთ იეჰოვას ურყევ სიყვარულს და რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. განვიხილოთ სამი მხარე.

ᲠᲐ ᲡᲘᲙᲔᲗᲔ ᲛᲝᲐᲥᲕᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲣᲠᲧᲔᲕ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲡ

იეჰოვა განსაკუთრებულ სიკეთეს იჩენს თავისი მსახურების მიმართ (იხილეთ აბზაცები 10—16). *

10. რას ნიშნავს ჩვენთვის, რომ მარადიულია იეჰოვას ურყევი სიყვარული? (ფსალმუნი 31:7).

10 ღვთის ურყევი სიყვარული მარადიულია. ფსალმუნის 136:1-ში ნათქვამია: „მადლობა შესწირეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი; მარადიული და ურყევია მისი სიყვარული“. ამ ფსალმუნის ყოველი მუხლის ბოლოს მეორდება ფრაზა „მარადიული და ურყევია მისი სიყვარული“. ეს ფსალმუნი იმ მრავალ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც იეჰოვას მარადიული და ურყევი სიყვარული ვლინდება. ამ ფრაზის მრავალჯერ გამეორება იმაშიც გვარწმუნებს, რომ ღვთის სიყვარული თავისი ხალხის მიმართ სტაბილური და უცვლელია. გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავის მსახურებზე ადვილად არ აიცრუებს გულს. შეიძლება ითქვას, რომ მას ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა აქვს მათ მიმართ და არასდროს ტოვებს გასაჭირში. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? რახან ვიცით, როგორია იეჰოვას დამოკიდებულება ჩვენ მიმართ, სიხარულს და ძალას არ ვკარგავთ გაჭირვების დროს და სიცოცხლის გზაზე სიარულს ვაგრძელებთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 31:7).

11. ფსალმუნის 86:5-ის თანახმად, რატომ არის იეჰოვა მიმტევებელი?

11 ურყევი სიყვარული იეჰოვას მიმტევებლობისკენ აღძრავს. როცა ის ხედავს, რომ ადამიანი ინანიებს ცოდვას და გამოსწორებას ცდილობს, ურყევი სიყვარული აღძრავს, რომ აპატიოს. იეჰოვას შესახებ ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვკითხა და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა საკადრისი“ (ფსალმ. 103:8—11). დავითმა საკუთარი მწარე გამოცდილებით დაინახა, რა მძიმე ტვირთია სინდისის ქენჯნა, მაგრამ იმაშიც დარწმუნდა, რომ იეჰოვა მიმტევებელია. თავის ერთ-ერთ ფსალმუნში დავითმა ახსნა, რატომ არის ის მიმტევებელი (წაიკითხეთ ფსალმუნის 86:5, სქ.). როგორც მან აღნიშნა, იეჰოვა მიმტევებელია, რადგან ურყევი სიყვარული აქვს მათ მიმართ, ვინც მას უხმობს.

12, 13. რა დაგეხმარებათ, თუ წარსულში დაშვებული შეცდომების გამო დანაშაულის გრძნობა არ გასვენებთ?

12 თუ შემცოდველს სინდისი ქენჯნის, ეს ბუნებრივიცაა და სწორიც, რადგან სინანული უბიძგებს, სათანადო ნაბიჯები გადადგას გამოსასწორებლად. თუმცა ღვთის ზოგიერთ მსახურს წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო დანაშაულის გრძნობა არ ასვენებს. მათ ჰგონიათ, რომ იეჰოვა არასდროს აპატიებთ, თუნდაც მთელი გულით მოინანიონ. ასეთი გრძნობების დაძლევაში მათ იმის ცოდნა დაეხმარებათ, თუ რაოდენ ურყევია იეჰოვას სიყვარული მათდამი.

13 რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? არასრულყოფილების მიუხედავად, შეგვიძლია სუფთა სინდისითა და სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას. და ეს იმიტომ, რომ „მისი ძის, იესოს, სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გვწმენდს“ (1 იოან. 1:7). როცა გული გიტყდებათ თქვენი სისუსტეების გამო, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა მზადაა, გაპატიოთ, თუ მთელი გულით მოინანიებთ. საინტერესოა, როგორ დაუკავშირა დავითმა ურყევი სიყვარული პატიებას. ის წერდა: „როგორც ზეცაა დედამიწაზე განუზომლად მაღლა, ისე განუზომლად დიდია მისი სიყვარული მის მოშიშთათვის; როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები“ (ფსალმ. 103:11, 12). იეჰოვა ნამდვილად „მრავლის მიმტევებელია“ (ეს. 55:7).

14. დავითის სიტყვებიდან გამომდინარე, როგორ გვიცავს იეჰოვას ურყევი სიყვარული?

14 იეჰოვას ურყევი სიყვარული სულიერად გვიცავს. ლოცვაში დავითმა ასეთი რამ უთხრა იეჰოვას: „შენ ხარ ჩემი თავშესაფარი, შენ დამიცავ გასაჭირისგან. მხიარული ყიჟინით შემომეხვევა ხალხი, რადგან დამიხსნი!.. იეჰოვას მოიმედე მისი სიყვარულით არის გარემოცული“ (ფსალმ. 32:7, 10). როგორც ძველად ქალაქებს იცავდა გალავანი, ისე დღეს იეჰოვას ურყევი სიყვარული გვიცავს იმ საფრთხეებისგან, რომლებმაც შეიძლება ბზარი გაუჩინოს ჩვენს ერთგულებას. გარდა ამისა, ეს სიყვარული იეჰოვას ჩვენთან დაახლოებისკენ აღძრავს (იერ. 31:3).

15. რატომ არის იეჰოვას ურყევი სიყვარული შედარებული თავშესაფარსა და ციხესიმაგრეს?

15 დავითმა სხვა შედარებაც მოიყვანა იმის საჩვენებლად, თუ როგორ იცავს ღმერთი თავის ხალხს. ის წერდა: „შენ ხარ, ღმერთო, ჩემი თავშესაფარი; ღმერთი, რომელიც სიკეთეს [ურყევ სიყვარულს, სქ.] არ მიკავებს“. იეჰოვაზე მან ასეთი სიტყვებიც თქვა: „ის არ იშურებს [ურყევ სიყვარულს, სქ.] და ისაა ჩემი ციხესიმაგრე, ჩემი თავშესაფარი და მხსნელი, ჩემი ფარი, რომელსაც თავს ვაფარებ“ (ფსალმ. 59:17; 144:2). რატომ ადარებს დავითი იეჰოვას ურყევ სიყვარულს თავშესაფარს და ციხესიმაგრეს? სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, თუ მას ვემსახურებით, იეჰოვა ყოველთვის დაგვიცავს, რომ საფრთხე არ შეექმნას მასთან ჩვენს ურთიერთობას. ამაში 91-ე ფსალმუნიც გვარწმუნებს: „შენ ხარ [იეჰოვა] ჩემი თავშესაფარი და ციხესიმაგრე“ (ფსალმ. 91:1—3, 9, 14). მსგავსი შედარება მოსემაც გამოიყენა (ფსალმ. 90:1, სქ.). სიცოცხლის ბოლოს მან ერთ საინტერესო დეტალზე გაამახვილა ყურადღება: „უხსოვარი დროიდანაა ღმერთი შენი თავშესაფარი, მისი მარადიული მკლავები შენ ქვემოთაა“ (კან. 33:27). რას გვეუბნება იეჰოვას შესახებ ფრაზა „მისი მარადიული მკლავები შენ ქვემოთაა“?

16. რა ორი რამ უნდა გვახსოვდეს? (ფსალმუნი 136:23).

16 თუ იეჰოვას ჩვენს თავშესაფრად მივიჩნევთ, თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ. თუმცა ზოგჯერ შეიძლება გულგატეხილობა დაგვეუფლოს და მასთან გამკლავება გაგვიჭირდეს. როგორ დაგვეხმარება ამ დროს იეჰოვა? (წაიკითხეთ ფსალმუნის 136:23). ჩვენ ვიგრძნობთ „მისი მარადიული მკლავების“ ძალას, როცა ხელს მოგვაშველებს და ფეხზე წამოგვაყენებს (ფსალმ. 28:9; 94:18). რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? შეგვიძლია ყოველთვის იეჰოვას მხარდაჭერის იმედი გვქონდეს. ეს კი ორ რამეს შეგვახსენებს: პირველი, სადაც არ უნდა ვიყოთ, იეჰოვა ყველგან ჩვენი თავშესაფარი იქნება და მეორე, ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას ძალიან აღელვებს ჩვენი მდგომარეობა.

ᲠᲐᲨᲘ ᲒᲕᲐᲠᲬᲛᲣᲜᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲣᲠᲧᲔᲕᲘ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ?

17. რაში გვარწმუნებს იეჰოვას ურყევი სიყვარული? (ფსალმუნი 33:18—22).

17 როგორც უკვე ვიმსჯელეთ, ნებისმიერი განსაცდელის დროს შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა მხარს დაგვიჭერს და ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმარება (2 კორ. 4:7—9). წინასწარმეტყველი იერემია წერდა: „იეჰოვას ურყევი სიყვარულის გამო არ გვეღება ბოლო; ულევია მისი წყალობა“ (გოდ. 3:22). ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ჩვენდამი ურყევ სიყვარულს მარადიულად გამოავლენს. ამაში ფსალმუნმომღერალიც გვარწმუნებს: „იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის მოშიშებს, მათ, ვინც მისგან სიკეთეს [ურყევ სიყვარულს, სქ.] მოელის“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 33:18—22).

18, 19. ა) რა უნდა გვახსოვდეს? ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

18 რა უნდა გვახსოვდეს? ვიდრე მისი მსახურები გავხდებოდით, იეჰოვას ჩვენც ვუყვარდით, როგორც ყველა ადამიანი. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი მსახურები გავხდით, იეჰოვამ ურყევი სიყვარულით შეგვიყვარა. სწორედ ეს სიყვარული აღძრავს მას „გულში ჩაგვიკრას“, რაც თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს. ის ყოველთვის ჩვენთან იქნება და რასაც დაგვპირდა, შეგვისრულებს. მას ჩვენთვის საუკეთესო სურს (ფსალმ. 46:1, 2, 7). ასე რომ, რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, ის ძალას მოგვცემს ერთგულების შესანარჩუნებლად.

19 ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ, როგორ ავლენს იეჰოვა ურყევ სიყვარულს თავისი მსახურებისადმი. თუმცა ის იმასაც მოელის, რომ ასეთ სიყვარულს ჩვენც გამოვავლენთ ერთმანეთის მიმართ. სწორედ ამ თემაზე ვიმსჯელებთ შემდეგ სტატიაში.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 136 იეჰოვასგან „სრულ საზღაურს“ მიიღებთ

^ აბზ. 5 რა იგულისხმება ურყევ სიყვარულში? ვის მიმართ ავლენს იეჰოვა ურყევ სიყვარულს და რა სიკეთე მოაქვს ამას მათთვის? წინამდებარე და მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ იეჰოვას ამ შესანიშნავ თვისებაზე.

^ აბზ. 4 იეჰოვას ურყევი სიყვარულის შესახებ საუბარია სხვა ბიბლიურ მუხლებშიც: ნეემია 13:22; ფსალმუნი 86:15; 103:8; გოდება 3:32.

^ აბზ. 54 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: იეჰოვას უყვარს კაცთა მოდგმა, მათ შორის თავისი მსახურები. წრეში ჩახატული სურათებიდან ჩანს, როგორ ავლენს იეჰოვა სიყვარულს. მისი სიყვარულის ყველაზე თვალსაჩინო მტკიცებულება გამოსასყიდია.

^ აბზ. 62 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: იეჰოვა განსაკუთრებით მათზე ზრუნავს, ვინც ემსახურება მას და სწამს, რომ გამოსასყიდს ხსნის ძალა აქვს. ღმერთს ზოგადად ყველა ადამიანი უყვარს, მაგრამ ურყევ სიყვარულს მხოლოდ თავისი მსახურების მიმართ ავლენს. თუ როგორ, ნაჩვენებია წრეში ჩახატულ სურათებში.