არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რა მნიშვნელობა ჰქონდა ლევიანების 19:16-ში ჩაწერილ მითითებას „შენი მოძმის სიცოცხლეს ნუ ხელყოფ“ და რა პრაქტიკული ღირებულება აქვს ამას ჩვენთვის?

იეჰოვა თავის ხალხს სიწმინდისკენ მოუწოდებდა. სიწმინდესთან დაკავშირებით ასეთი მითითებაც მისცა: „ნუ შემოივლი შენს ხალხს იმისათვის, რომ მათთან ვინმეს ცილი დასწამო. შენი მოძმის სიცოცხლეს ნუ ხელყოფ. მე ვარ იეჰოვა“ (ლევ. 19:2, 16).

ებრაულ ტექსტში ფრაზა „შენი მოძმის სიცოცხლეს ნუ ხელყოფ“ სიტყვასიტყვით ასე იკითხება: „არ აღუდგე შენი მოყვასის სისხლს“. რას ნიშნავს ეს ფრაზა? ერთ-ერთ იუდაურ წყაროში, რომელიც წიგნ „ლევიანებს“ ეძღვნება, ნათქვამია: „მუხლის ეს ნაწილი… რთული გასაგებია, რადგან ზუსტად არ არის ცნობილი [მუხლში გამოყენებული] ამ ებრაული იდიომის მნიშვნელობა“.

ზოგი მკვლევარი ამ ფრაზას წინა მუხლთან აკავშირებს, სადაც წერია: „ნურავის გამოუტან განაჩენს უსამართლოდ. ნუ იქნები მიკერძოებული — ნურც ღარიბს მიემხრობი და ნურც მდიდარს. სამართლიანად გაასამართლე შენი მოძმე“ (ლევ. 19:15). ამ შემთხვევაში მე-16 მუხლში მოცემული მითითება „არ აღუდგე შენი მოყვასის სისხლს“, ღვთის ხალხისთვის იმას ნიშნავდა, რომ უსამართლოდ არ უნდა მოქცეულიყვნენ, როცა საქმე სამართლებრივ დავას, საქმიან თუ ოჯახურ ურთიერთობებს ეხებოდა. პირადი გამორჩენის მიზნით უპატიოსნოდ არ უნდა მოქცეულიყვნენ. ორი აზრი არ არსებობს, რომ ეს ყველაფერი მიუღებელია ღვთისთვის და ჩვენთვისაც, მაგრამ ამ ფრაზას სხვა უფრო ლოგიკური ახსნა უნდა ჰქონდეს.

განვიხილოთ, რა იყო ამ მუხლის პირველ ნაწილში ნათქვამი. ღვთის მითითებისამებრ ისრაელებს ხალხში იმ მიზნით არ უნდა ევლოთ, რომ ვინმესთვის ცილი დაეწამებინათ. ცილისწამება ჭორაობაზე უფრო მეტია, თუმცა ჭორაობამაც შეიძლება ავნოს ვინმეს (იგავ. 10:19; ეკლ. 10:12—14; 1 ტიმ. 5:11—15; იაკ. 3:6). ცილისწამება ვინმესთვის რისამე დაბრალებას ნიშნავს სახელის გატეხვის მიზნით. ისრაელში ვინმე შეიძლება ცრუმოწმედ გამოსულიყო და სხვისი სიცოცხლისთვის საფრთხე შეექმნა. ალბათ გახსოვთ, როგორ ჩაქოლეს ნაბოთი ცრუმოწმეების ცილისმწამებლური ბრალდების გამო (1 მეფ. 21:8—13). ცილისმწამებელი, შეიძლება ითქვას, რომ სხვის სიცოცხლეს ხელყოფდა, როგორც ეს ლევიანების 19:16-შია ნათქვამი.

ცილისწამების მიღმა შეიძლება სიძულვილიც იმალებოდეს. 1 იოანეს 3:15-ში ნათქვამია: „ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელია; თქვენ კი იცით, რომ ვერცერთი მკვლელი ვერ მიიღებს მარადიულ სიცოცხლეს“. აღსანიშნავია, რომ მე-16 მუხლს მოჰყვება ღვთის შემდეგი განაცხადი: „არ შეიძულო შენი ძმა“ (ლევ. 19:17).

ამგვარად ლევიანების 19:16-ის მეორე ნაწილი მნიშვნელოვან გაფრთხილებას შეიცავს ქრისტიანებისთვის. ჩვენ გასაქანი არ უნდა მივცეთ ვინმეზე უარყოფით ფიქრებს, რომ ამან ცილისწამებამდე არ მიგვიყვანოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ანტიპათიამ ან შურმა შეიძლება ცილისწამებამდე მიგვიყვანოს, რაც ამ ადამიანის მიმართ სიძულვილის მაჩვენებელი იქნება. ქრისტიანებისთვის ეს ყოვლად მიუღებელია (მათ. 12:36, 37).