არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 50

მოუსმინეთ კარგი მწყემსის ხმას!

მოუსმინეთ კარგი მწყემსის ხმას!

„ისინი მოისმენენ ჩემს ხმას“ (ᲘᲝᲐᲜ. 10:16).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რატომ შეადარა იესომ თავისი მიმდევრები ცხვარს?

ᲘᲔᲡᲝᲛ იმის საჩვენებლად, თუ რა ურთიერთობა ჰქონდა თავის მიმდევრებთან, მწყემსისა და ცხვრის მაგალითი მოიყვანა (იოან. 10:14). რატომ იყო ეს მართებული შედარება? ცხვარი ცნობს და სათანადოდ რეაგირებს მწყემსის ხმაზე. ერთი მოგზაური თავად დარწმუნდა ამაში. მან ასეთი შემთხვევა გაიხსენა: „გვინდოდა, ცხვრებისთვის სურათი გადაგვეღო და ვცდილობდით, ახლოს მოგვეყვანა ისინი. მაგრამ, რადგან ჩვენს ხმას ვერ ცნობდნენ, რეაქცია არ ჰქონდათ. ამ დროს პატარა მეცხვარე ბიჭი გამოჩნდა და ცხვარს დაუძახა. მისი ხმის გაგონებაზე, ცხვრები მაშინვე გაჰყვნენ მას“.

2, 3. ა) როგორ შეუძლიათ იესოს მიმდევრებს მისი მოსმენა? ბ) რას განვიხილავთ ამ და მომდევნო სტატიაში?

2 ამ მოგზაურის მონათხრობი იესოს სიტყვებს მოგვაგონებს, რომელიც მან თავის მოწაფეებზე წარმოთქვა: „ისინი მოისმენენ ჩემს ხმას“ (იოან. 10:16). მაგრამ როგორ უნდა მოვუსმინოთ მის ხმას, ის ხომ ზეცაშია? ჩვენი მწყემსის, იესოს, მოსმენის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალება მისგან ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებაა (მათ. 7:24, 25).

3 ამ და მომდევნო სტატიაში იესოს რამდენიმე რჩევას განვიხილავთ. ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რას უნდა მოვერიდოთ და რა უნდა გავაკეთოთ. მოდი თავდაპირველად ვიმსჯელოთ იმ ორ რამეზე, რასაც კარგი მწყემსის რჩევისამებრ უნდა მოვერიდოთ.

„ᲜᲣᲦᲐᲠ ᲘᲓᲐᲠᲓᲔᲑᲗ“

4. ლუკას 12:29-ის თანახმად, რამ შეიძლება დაგვადარდიანოს?

4 წაიკითხეთ ლუკას 12:29. იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, აღარ ედარდათ იმაზე, თუ როგორ შეძლებდნენ ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილებას. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ იესოს ამ რჩევის თანახმად მოქმედება სწორიც არის და გონივრულიც. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ამ რჩევის გათვალისწინება გვიჭირს. რა გვიშლის ხელს ამაში?

5. რატომ დარდობს ზოგი?

 5 ზოგი იმაზე დარდობს, რას შეჭამს, რას ჩაიცვამს და სად იცხოვრებს. და ეს იმიტომ, რომ მათ ქვეყანაში ეკონომიკური გაჭირვებაა და ოჯახის რჩენა უჭირთ. შესაძლოა ოჯახის წევრები მარჩენლის გარეშე დარჩნენ და თავი ძლივს გააქვთ. კოვიდ-19 პანდემიის გამო ზოგმა სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგა (ეკლ. 9:11). თუ რომელიმე მსგავს პრობლემას შეხვდით, როგორ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ იესოს რჩევა და არ დადარდიანდეთ?

ნაცვლად იმისა, რომ პრობლემების მორევში ჩავიძიროთ, აჯობებს, იეჰოვას გამოვუცხადოთ ნდობა (იხილეთ აბზაცები 6—8). *

6. აღწერეთ, რა დაემართა ერთხელ პეტრეს გალილეის ზღვაში.

6 ერთხელ პეტრე სხვა მოციქულებთან ერთად ნავით გალილეის ზღვაში იყო შესული, როცა ძლიერი ქარი ამოვარდა. ამ დროს წყალდაწყალ მომავალი იესო დაინახეს. პეტრემ უთხრა მას: „უფალო, თუ ეს შენ ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ!“ როცა იესომ უთხრა, მოდიო, პეტრე ნავიდან გადავიდა და წყალზე სვლით გაემართა მისკენ. მაგრამ, აი რა მოხდა შემდეგ. პეტრე «ქარიშხალმა შეაშინა, ჩაძირვა დაიწყო, და დაიყვირა: „უფალო, მიშველე!“». იესომ მაშინვე ხელი გაუწოდა და წყლიდან ამოიყვანა. ამ ეპიზოდში საინტერესოა ერთი დეტალი: სანამ პეტრეს მზერა იესოსკენ ჰქონდა მიმართული, ის თავისუფლად მიაბიჯებდა აღელვებულ წყალზე, მაგრამ როგორც კი ყურადღება ქარიშხალზე გადაიტანა, შიშმა და ეჭვმა სძლია და ჩაძირვა დაიწყო (მათ. 14:24—31).

7. რას ვსწავლობთ პეტრესგან?

7 რას გვასწავლის პეტრეს მაგალითი? როცა პეტრე ნავიდან გადმოვიდა, მას არ უფიქრია, რომ რაღაცა გონებას გაუფანტავდა და ჩაძირვას დაიწყებდა. მას სურდა, რომ წყალდაწყალ მისულიყო თავის მოძღვართან. მაგრამ გზაში ყურადღება გაეფანტა. როგორც პეტრეს სჭირდებოდა რწმენა, წყალში რომ არ ჩაძირულიყო, ისე ჩვენც გვჭირდება რწმენა, რომ პრობლემების მორევში არ ჩავიძიროთ. თუ მხედველობის არიდან დავკარგავთ იეჰოვას და მის დაპირებებს, სულიერად ჩავიძირებით. ცხოვრებაში რა ქარტეხილიც არ უნდა დაგვატყდეს, მზერა იეჰოვასკენ უნდა გვქონდეს მიპყრობილი და არ დავკარგოთ მისი მხსნელი ძალის იმედი. რა დაგვეხმარება ამაში?

8. რა დაგვეხმარება, რომ ზედმეტად არ ვიწუხოთ ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე?

8 აჯობებს, საწუხარს კი არ მივეცეთ, არამედ იეჰოვას გამოვუცხადოთ ნდობა. ჩვენი მოსიყვარულე მამა იეჰოვა გვპირდება, რომ იზრუნებს ჩვენს მატერიალურ საჭიროებებზე, თუ სულიერს პირველ ადგილზე დავაყენებთ (მათ. 6:32, 33). მისი დაპირება კი არასდროს გამტყუნებულა (კან. 8:4, 15, 16; ფსალმ. 37:25). თუ ის ფრინველებზე და ყვავილებზე ზრუნავს, მით უმეტეს ჩვენ არ გვაქვს საფუძველი, ვიდარდოთ, რა ვჭამოთ და რა ჩავიცვათ (მათ. 6:26—30; ფილ. 4:6, 7). როგორც მშობლებს აღძრავს შვილების სიყვარული, რომ იზრუნონ მათ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, ისე ჩვენს ზეციერ მამას აღძრავს სიყვარული, რომ იზრუნოს თავისი ხალხის საჭიროებებზე. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა უყურადღებოდ არ დაგტოვებთ და აუცილებელს არ მოგაკლებთ.

9. რას გვასწავლის ერთი ცოლ-ქმრის შემთხვევა?

9 დავფიქრდეთ ერთ რეალურ შემთხვევაზე, საიდანაც კარგად ჩანს, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის მსახურებზე. ერთმა პიონერმა ცოლ-ქმარმა ერთი საათი იმგზავრა თავისი ძველი მანქანით, რომ ლტოლვილთა ბანაკიდან დები წაეყვანა კრების შეხვედრაზე. ეს ძმა იხსენებს: „შეხვედრის შემდეგ ეს დები სადილზე დავპატიჟეთ, მაგრამ მერე მივხვდით, რომ არაფერი გვქონდა, რითაც გავუმასპინძლდებოდით“. საინტერესოა, რა მოხდა შემდეგ. ეს ძმა დასძენს: „სახლში მისულებს კართან პროდუქტებით სავსე ორი დიდი ჩანთა დაგვხვდა. მართალია, არ ვიცოდით, ვისგან იყო, მაგრამ იმაში კი დავრწმუნდით, რომ იეჰოვამ იზრუნა ჩვენზე“. რაღაც პერიოდის შემდეგ ამ ცოლ-ქმარს მანქანა გაუფუჭდა. არადა ეს მანქანა ძალიან ადგებოდათ მსახურებაში. სამწუხაროდ, მათ ფული არ ჰქონდათ მის შესაკეთებლად. თუმცა მაინც მიიყვანეს მანქანა ახლომდებარე სახელოსნოში იმის გასაგებად, თუ რა დაუჯდებოდათ მისი შეკეთება. ამ დროს სახელოსნოში ვიღაც კაცი შემოვიდა და მანქანის პატრონი იკითხა. ძმამ უთხრა, რომ თავისი მანქანა იყო და შესაკეთებლად ჰყავდა მოყვანილი. ამაზე ამ კაცმა უთხრა: „მაგას არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. ჩემი ცოლი ზუსტად ამ მარკის და ასეთი ფერის მანქანას ეძებს. რამდენში მომყიდი?“. ძმამ ისეთ ფასში გაყიდა მანქანა, რომ უკეთესის ყიდვა შეძლო. აი, რა დასკვნას აკეთებს ის: „ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მივხვდით, რომ ეს უბრალო დამთხვევა კი არა, აშკარად იეჰოვას ხელი იყო“.

10. როგორ გვეხმარება ფსალმუნის 37:5, რომ ზედმეტად არ ვიწუხოთ ჩვენი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე?

10 თუ ვუსმენთ ჩვენს კარგ მწყემსს და ზედმეტად არ ვწუხვართ ჩვენს ფიზიკურ მოთხოვნილებებზე, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:5; 1 პეტ. 5:7). მაგალითად, ვიმსჯელოთ იმ სიტუაციებზე, რომლებიც  მე-5 აბზაცში იყო ჩამოთვლილი. შეიძლება აქამდე იეჰოვა არაფერს აკლებდა თქვენს ოჯახს, რადგან სამსახური გქონდათ ან ოჯახისთავი გარჩენდათ. მაგრამ სამსახურიც რომ დაკარგოთ და ოჯახისთავმაც ვეღარ შეძლოს ოჯახის რჩენა, იეჰოვა სხვა გზებს გამონახავს, რომ კვლავაც იზრუნოს თქვენზე. მოდი ვიმსჯელოთ კიდევ ერთ მხარეზე, რასაც კარგი მწყემსის რჩევისამებრ უნდა მოვერიდოთ.

„ᲜᲣᲦᲐᲠ ᲒᲐᲜᲡᲯᲘᲗ“

სხვებს აღარ განვსჯით, თუ მათ მხოლოდ გარეგნული ფაქტორებით არ შევაფასებთ (იხილეთ აბზაცები 11, 14—16). *

11. მათეს 7:1, 2-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების თანახმად, რას უნდა მოვერიდოთ და რატომ არის ზოგჯერ ეს რთული?

11 წაიკითხეთ მათეს 7:1, 2. იესომ კარგად იცოდა, რომ არასრულყოფილი ადამიანი ხშირად კრიტიკულია სხვების მიმართ. ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა მან: „ნუღარ განსჯით“. შეიძლება ვცდილობთ, კრიტიკულები არ ვიყოთ თანაქრისტიანების მიმართ, მაგრამ ცოდვილი ბუნების გამო ეს ყოველთვის არ გამოგვდის. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ საკუთარ თავს იმაში ვიჭერთ, რომ კრიტიკულები ვართ? მოდი ყური ვუგდოთ ჩვენს მწყემსს და ყველანაირად ვეცადოთ, აღარ განვსაჯოთ სხვები.

12, 13. როგორ გვეხმარება დავითისადმი იეჰოვას დამოკიდებულება, არ განვსაჯოთ სხვები?

12 იეჰოვას მაგალითზე დაფიქრება ბევრ რამეს გვასწავლის. ის ადამიანებში კარგს ეძებს. ამაზე მოწმობს ის, თუ როგორ მოეპყრო იეჰოვა მეფე დავითს, რომელმაც არაერთი დიდი ცოდვა ჩაიდინა. მაგალითად, მან იმრუშა ბათ-შებასთან, შემდეგ კი მისი ქმარი მოაკვლევინა (2 სამ. 11:2—4, 14, 15, 24). ამით მან არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ თავის ოჯახს, მათ შორის ცოლებს, დიდი ტკივილი მიაყენა (2 სამ. 12:10, 11). სხვა შემთხვევაში დავითმა სრული ნდობა არ გამოუცხადა იეჰოვას, როცა ისრაელის ჯარის აღრიცხვა ბრძანა. როგორც ჩანს, ის ამაყობდა თავისი დიდძალი ჯარით და მისი იმედი ჰქონდა. რა გამოიწვია დავითის ასეთმა საქციელმა? 70 000-მდე ისრაელი ღვთისგან მოვლენილმა ჭირმა გაწყვიტა (2 სამ. 24:1—4, 10—15).

13 იმ დროს ისრაელში რომ გეცხოვრათ, რა წარმოდგენა შეგექმნებოდათ დავითზე? გააკრიტიკებდით მას და იფიქრებდით, რომ არ იმსახურებდა ღვთის წყალობას? შეიძლება, მაგრამ იეჰოვას ის ასე არ შეუფასებია. მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ დავითი მთლიანობაში ერთგული ადამიანი იყო და გულწრფელად ინანიებდა ჩადენილს. სწორედ ამიტომ აპატია ღმერთმა დავითს სერიოზული ცოდვები. იეჰოვას არც მის სიყვარულში ეპარებოდა ეჭვი და არც იმაში, რომ კარგის კეთება სურდა. განა არ უნდა გვიხაროდეს, რომ ღმერთი ჩვენში კარგს ეძებს?! (1 მეფ. 9:4; 1 მატ. 29:10, 17).

14. როგორი ხედვა დაეხმარება ქრისტიანებს, რომ აღარ განსაჯონ სხვები?

14 იეჰოვა ჩვენგან სრულყოფილებას არ ელის. არც ჩვენ უნდა მოველოდეთ სხვებისგან სრულყოფილებას და მათში კარგის დანახვას უნდა ვცდილობდეთ. სხვისი ნაკლოვანებების დანახვას და გაკრიტიკებას რა უნდა. მაგრამ სულიერად მოაზროვნე ადამიანს სხვების არასრულყოფილება ხელს არ უშლის მათთან ურთიერთობაში. მართალია, დაუმუშავებელი ალმასი არც თუ ისე კარგი შესახედავია, მაგრამ ვინც ალმასის ფასი იცის, კარგად ხვდება, რა ძვირფას ბრილიანტად იქცევა ის დაწახნაგებისა და გაპრიალების შემდეგ. იეჰოვასა და იესოს მსგავსად გარეგნული ფაქტორების მიღმა უნდა გავიხედოთ და სხვების დადებითი თვისებები დავინახოთ.

15. როგორ გვეხმარება სხვების მდგომარეობის გათვალისწინება, რომ არ განვსაჯოთ ისინი?

15 გარდა იმისა, რომ სხვებში კარგი თვისებები უნდა დავინახოთ, კიდევ რა დაგვეხმარება, რომ ზედმეტად მკაცრად არ გავაკრიტიკოთ ისინი? შეეცადეთ, გაითვალისწინოთ მათი მდგომარეობა და გაუგოთ მათ. გავიხსენოთ ღარიბი ქვრივის მაგალითი. იესომ ეს ქალი მაშინ შენიშნა, როცა ის ფულის ჩასაყრელში ორ პატარა მონეტას ყრიდა. იესოს არ უფიქრია, რატომ არ გაიღო ქვრივმა მეტი შესაწირავი. მან შესაწირავის ოდენობაზე კი არ გაამახვილა ყურადღება, არამედ მის მოტივებზე და მდგომარეობაზე. ქალმა, რაც გააჩნდა, ყველაფერი გაიღო, და სწორედ ეს დააფასა იესომ მასში (ლუკ. 21:1—4).

16. რას ვსწავლობთ ვერონიკას შემთხვევიდან?

16 ერთი დის, ვერონიკას შემთხვევა კარგად დაგვანახვებს, რამდენად მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სხვების მდგომარეობა. მის კრებაში იყო და, რომელიც მარტო ზრდიდა ვაჟს. ვერონიკა აღიარებს: „ვფიქრობდი, რომ კრების საქმიანობაში უფრო აქტიურად უნდა ყოფილიყვნენ ჩაბმული. ამიტომ მათზე ცუდი წარმოდგენა შემექმნა. ერთხელ ამ დასთან მსახურება მომიწია. მსახურების დროს მან ამიხსნა, რა რთული იყო მისთვის აუტისტ ვაჟზე ზრუნვა. ის ყველანაირად ცდილობდა, თავის ვაჟზე სულიერადაც და ფიზიკურადაც ეზრუნა. შვილის ჯანმრთელობის გამო ზოგჯერ მას სხვა კრების შეხვედრებზე უწევდა დასწრება“. რა დასკვნამდე მიიყვანა ვერონიკა ამ დასთან საუბარმა? ის ამბობს: „რას ვიფიქრებდი, რომ ეს და ასეთ რთულ სიტუაციაში იყო. ახლა ძალიან ვაფასებ მას იმ ყველაფრისთვის, რასაც ის იეჰოვასთვის აკეთებს“.

17. რისკენ მოგვიწოდებს იაკობის 2:8 და როგორ გავითვალისწინოთ ეს რჩევა?

17 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინმეს მიმართ კრიტიკულები გავხდით? უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ვალდებულება ერთმანეთის სიყვარულია (წაიკითხეთ იაკობის 2:8). გულმხურვალედ უნდა ვთხოვოთ იეჰოვას ლოცვაში, რომ კრიტიკული განწყობა დაგვაძლევინოს. შემდეგ ლოცვის თანახმად ვიმოქმედოთ და ჩვენვე გადავდგათ პირველი ნაბიჯი იმ ადამიანის უკეთ გასაცნობად, ვის მიმართაც კრიტიკულები ვიყავით. მაგალითად, შეგვიძლია მსახურებაში ან სადილზე დავპატიჟოთ. რაც უფრო კარგად გავიცნობთ თანაქრისტიანს, მით უფრო გაგვიადვილდება იეჰოვასა და იესოს მიბაძვა და მასში კარგის დანახვა. ამგვარად ვაჩვენებთ, რომ ვითვალისწინებთ ჩვენი მწყემსის მითითებას: „ნუღარ განსჯით“.

18. როგორ ვაჩვენებთ, რომ ვუსმენთ ჩვენი კარგი მწყემსის ხმას?

18 როგორც ცხვარი უსმენს მწყემსის ხმას, ისე იესოს მიმდევრები უსმენენ მის ხმას. თუ ზედმეტად არ ვიწუხებთ ჩვენი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე და არ განვსჯით სხვებს, ამას იეჰოვა და იესო აუცილებლად დაგვიფასებენ. მნიშვნელობა არა აქვს, „მცირე სამწყსოს“ ვეკუთვნით თუ „სხვა ცხვარს“, დაე კვლავ მოვუსმინოთ და დავემორჩილოთ ჩვენს კარგ მწყემსს (ლუკ. 12:32; იოან. 10:11, 14, 16). მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, კიდევ რომელი ორი მითითება უნდა გაეთვალისწინებინათ იესოს მიმდევრებს.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 101 მხარდამხარ ვთანამშრომლობთ

^ აბზ. 5 როცა იესომ თქვა, ჩემი ცხვარი ჩემს ხმას მოისმენსო, ის იმას გულისხმობდა, რომ მისი მოწაფეები ყურად იღებდნენ მისგან ნასწავლს. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ იესოს ორ მნიშვნელოვან რჩევაზე: რატომ არ უნდა ვიდარდოთ ზედმეტად ფიზიკურ საჭიროებებზე და რატომ არ უნდა განვსაჯოთ სხვები. ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამ რჩევების გამოყენება.

^ აბზ. 51 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმამ სამსახური დაკარგა; მას ფული არ ჰყოფნის ოჯახის სარჩენად და ახალი საცხოვრებლის პოვნა უწევს. თუ არ იფრთხილებს, შეიძლება ისე მოიცვას პრობლემებმა, რომ ღვთის თაყვანისცემა მისთვის მეორეხარისხოვანი გახდეს.

^ აბზ. 53 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა აგვიანებს შეხვედრაზე. მიუხედავად ამისა, ის ბევრ კარგ საქმეს აკეთებს: არაფორმალურად ქადაგებს, დახმარებას უწევს ხანდაზმულებს და იეჰოვას მოწმეების დარბაზის მოვლაში მონაწილეობს.