არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 51

კვლავაც უსმინეთ მას

კვლავაც უსმინეთ მას

„ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე. მას უსმინეთ!“ (ᲛᲐᲗ. 17:5).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 54 „ეს არის გზა“

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1, 2. ა) რა მითითება მისცა იეჰოვამ სამ მოციქულს და როგორ გამოეხმაურნენ ისინი ამას? ბ) რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

ᲐᲮ. Წ. 32 ᲬᲔᲚᲡ, პასექის შემდეგ, მოციქულები პეტრე, იაკობი და იოანე უჩვეულო ხილვის მოწმენი გახდნენ. ისინი მაღალ მთაზე იყვნენ, სავარაუდოდ, ხერმონის მთაზე, როცა იესომ მათ წინაშე ფერი იცვალა: „სახე მზესავით გაუბრწყინდა და სამოსი აუელვარდა“ (მათ. 17:1—4). ხილვის დასრულებისას მოციქულებმა ასეთი მითითება მოისმინეს: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე. მას უსმინეთ!“ (მათ. 17:5). სამივე მოციქულმა თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ უსმენდა იესოს. გვინდა, ჩვენც ასე მოვიქცეთ.

2 წინა სტატიაში ვიმსჯელეთ, რას უნდა მოვერიდოთ, თუ გვინდა, რომ იესოს ხმას მოვუსმინოთ. ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ, რა ორი რამ უნდა გავაკეთოთ იესოს რჩევისამებრ.

„ᲨᲔᲓᲘᲗ ᲕᲘᲬᲠᲝ ᲭᲘᲨᲙᲠᲘᲗ“

3. მათეს 7:13, 14-ის თანახმად, რა არჩევანი უნდა გავაკეთოთ?

3 წაიკითხეთ მათეს 7:13, 14. იესომ ორი სხვადასხვა ჭიშკარი და გზა მოიხსენია, რომელთაგან ერთი ფართოა, მეორე კი — ვიწრო. მესამე გზა არ არსებობს. ამიტომ თავად უნდა გადავწყვიტოთ, რომელი გზით ვივლით. ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მომავალი და მარადიული სიცოცხლე.

4. რით გამოირჩევა ფართო გზა?

4 რა განსხვავებაა ამ ორ გზას შორის? ფართო გზაზე ბევრი დადის, რადგან მასზე სიარული მარტივია. სამწუხაროდ, ბევრს ურჩევნია, სხვების ფეხის ხმას აჰყვეს და ამ გზით იაროს. სინამდვილეში ისინი სატანის გზაზე დადიან, რომელსაც საბოლოოდ დაღუპვამდე მიჰყავს კაცი (1 კორ. 6:9, 10; 1 იოან. 5:19).

5. როგორ დაადგა ზოგი ვიწრო გზას?

5 მეორე გზა ვიწროა და, როგორც იესომ თქვა, „ცოტანი პოვებენ მას“. საინტერესოა, რატომ. მომდევნო მუხლიდან ვიგებთ, რომ იესომ თავისი მიმდევრები ცრუწინასწარმეტყველების შესახებ გააფრთხილა (მათ. 7:15). დღესდღეობით ათასობით რელიგია არსებობს და ყველა მათგანი იმას ამტკიცებს, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებს. რელიგიურმა მრავალფეროვნებამ ისე აუბნია თავგზა მილიონობით ადამიანს, რომ ისინი აღარც კი ცდილობენ სიცოცხლის გზის პოვნას. არადა ამ გზის პოვნა სავსებით შესაძლებელია. იესომ თქვა: „თუ ჩემი სიტყვისამებრ იქცევით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 8:31, 32). შესაქები ხართ, რომ უმრავლესობას კი არ აჰყევით, ჭეშმარიტებას დაუწყეთ ძებნა. თქვენ გულმოდგინედ გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა, გაიგეთ, რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან და რას გვასწავლის იესო. გაიგეთ ისიც, რომ ღმერთი არ იწონებს ცრურელიგიურ სწავლებებსა და დღესასწაულებს, რომლებსაც წარმართული დასაბამი აქვს. მიხვდით იმასაც, რომ იეჰოვას მოსაწონად ცხოვრება და ცვლილებების მოხდენა ადვილი სულაც არ ყოფილა (მათ. 10:34—36). შეიძლება გაგიჭირდათ, მაგრამ ზეციერი მამის სიყვარულით მაინც შეძელით ეს. თქვენი არჩევანით მას ნამდვილად გაუხარეთ გული (იგავ. 27:11).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲠᲩᲔᲗ ᲕᲘᲬᲠᲝ ᲒᲖᲐᲖᲔ

ღვთის მითითებებისა და ნორმების მიყოლა ვიწრო გზაზე დარჩენაში დაგვეხმარება (იხილეთ აბზაცები 6—8). *

6. ფსალმუნის 119:9, 10, 45, 133-ის თანახმად, რა დაგვეხმარება, დავრჩეთ ვიწრო გზაზე?

6 რა დაგვეხმარება, რომ არ გადავიდეთ ვიწრო გზიდან? მოვიყვანოთ თვალსაჩინო მაგალითი. მთის ვიწრო გზის გასწვრივ გაკეთებული ზღუდე მძღოლისა და სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს ზღუდე მძღოლს საშუალებას არ აძლევს, კიდესთან მივიდეს და გზიდან გადავარდეს. არცერთი ჭკუათმყოფელი მძღოლი არ გააპროტესტებდა მის არსებობას. ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის პრინციპები ჩვენთვისაც ზღუდესავითაა. სწორედ ეს პრინციპები გვეხმარება, ვიწრო გზიდან არ გადავიდეთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:9, 10, 45, 133).

7. რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ახალგაზრდებს ვიწრო გზაზე სიარულის მიმართ?

7 ახალგაზრდებო, ზოგჯერ ხომ არ ფიქრობთ, რომ იეჰოვას კანონები ზედმეტად გზღუდავთ? სატანასაც სწორედ ეს უნდა, რომ გაფიქრებინოთ. მას სურს, მიმზიდველად წარმოგიჩინოთ მათი ცხოვრება, ვინც ფართო გზაზე დადის და დაგაჯეროთ, რომ ისინი თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ. მას აგრეთვე სურს, გაფიქრებინოთ, რომ ცხოვრებაში ბევრ სიამოვნებას იკლებთ და თქვენი კლასელები ან ის ადამიანები, ვის შესახებაც ინტერნეტით ან სოციალური ქსელით იგებთ, უფრო ბედნიერები არიან. სატანა ცდილობს, ისეთი შთაბეჭდილება შეგიქმნათ, თითქოს ღვთის პრინციპები გზღუდავთ და ცხოვრებით ტკბობის საშუალებას არ გაძლევთ. * გახსოვდეთ: სატანას უნდა, ისე ატაროს ხალხი თავის გზაზე, რომ ვერც კი მიხვდნენ, ბოლოს სადამდე მივლენ. იეჰოვა კი, პირიქით, ნათელ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა მომავალი ელით სიცოცხლის გზაზე მავალთ (ფსალმ. 37:29; ეს. 35:5, 6; 65:21—23).

8. რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს ოლაფისგან?

8 განვიხილოთ ახალგაზრდა ძმის, ოლაფის * შემთხვევა. კლასელები უზნეო საქციელში მის აყოლიებას ცდილობდნენ. როცა ოლაფმა აუხსნა, რომ იეჰოვას მოწმეები ბიბლიის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ, მისი ზოგიერთი კლასელი გოგო უფრო მეტად ცდილობდა, ის სექსზე დაეყოლიებინა. მაგრამ ოლაფმა მტკიცედ დაიცვა თავისი პოზიცია. თანატოლებისგან წნეხი ერთადერთი გამოცდა არ ყოფილა ოლაფისთვის. ის ამბობს: „მასწავლებლები მარწმუნებდნენ, რომ უმაღლესი განათლება უნდა მიმეღო, ჩემი ადგილი რომ დამემკვიდრებინა საზოგადოებაში. მეუბნებოდნენ, რომ ამის გარეშე ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევდი“. როგორ გაუძლო ოლაფმა ამ წნეხს? ის ამბობს: „კრებაში თანაქრისტიანებს დავუმეგობრდი. ისინი ჩემთვის ოჯახის წევრებივით გახდნენ. ბიბლიის კვლევაც უფრო გულმოდგინედ დავიწყე. რაც მეტს ვიკვლევდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ეს ჭეშმარიტება იყო. ასე რომ, გადავწყვიტე, იეჰოვასთვის მემსახურა“.

9. რა არის საჭირო, რომ ვიწრო გზაზე დავრჩეთ?

9 სატანის მიზანია, სიცოცხლისკენ მიმავალი გზიდან გადაგახვევინოთ. მას სურს, რომ უმეტესობასავით ფართო გზას დაადგეთ, „რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს კაცი“ (მათ. 7:13). თუ კვლავაც მოვუსმენთ იესოს და გვემახსოვრება, რომ ვიწრო გზა ჩვენს დაცვას ემსახურება, არასოდეს გადავუხვევთ ამ გზიდან. ახლა ვიმსჯელოთ კიდევ ერთ მხარეზე, რაც იესოს რჩევისამებრ უნდა გავაკეთოთ.

„ᲨᲔᲜᲡ ᲫᲛᲐᲡ ᲨᲔᲣᲠᲘᲒᲓᲘ“

10. მათეს 5:23, 24-ის თანახმად, რა მითითება მოგვცა იესომ?

10 წაიკითხეთ მათეს 5:23, 24. იესომ მოიყვანა ისეთი მაგალითი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისი ებრაელი მსმენელებისთვის. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: შემწირველი ტაძარშია მისული და ეს-ესაა თავისი შესაწირავი უნდა გადასცეს მღვდელს. თუ მას ამ დროს გაახსენდება, რომ მისი ძმა განაწყენებულია მასზე, შესაწირავი იქვე უნდა დატოვოს და წავიდეს. რატომ? განა რა უნდა იყოს იეჰოვასთვის მსხვერპლის შეწირვაზე უფრო მნიშვნელოვანი?! პასუხს იესოს სიტყვებიდან ვიგებთ „ჯერ შენს ძმას შეურიგდი“.

მიჰბაძავთ იაკობს, რომელსაც ეყო თავმდაბლობა, რომ თავის ძმას შერიგებოდა? (იხილეთ აბზაცები 11, 12). *

11. რა გააკეთა იაკობმა ესავთან შესარიგებლად?

11 პატრიარქი იაკობი შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს, თუ როგორ უნდა მოვაგვაროთ უთანხმოება. სამშობლოდან გადახვეწილ იაკობს ოცი წლისთავზე იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით შინ დაბრუნება უბრძანა (დაბ. 31:11, 13, 38). მაგრამ იაკობს სახლში არ მიესვლებოდა, რადგან თავისი ძმა ესავი ერთ დროს მოკვლას უპირებდა (დაბ. 27:41). მას ძალიან შეეშინდა და აფორიაქდა, რადგან ეგონა, რომ თავისი ძმა ისევ დაბოღმილი იყო მასზე (დაბ. 32:7). რა გააკეთა იაკობმა ძმასთან შესარიგებლად? პირველ რიგში, მხურვალედ ილოცა და დახმარება იეჰოვას სთხოვა. შემდეგ გულუხვი ძღვენი გაუგზავნა ესავს (დაბ. 32:9—15). ბოლოს, როცა ამდენი წლის უნახავი ძმები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, იაკობმა პირველი ნაბიჯი გადადგა მასთან შესარიგებლად. ის ესავის წინაშე ერთხელ ან ორჯერ კი არა, შვიდჯერ დაემხო. იაკობის თავმდაბლობამ და ძმისადმი გამოვლენილმა პატივისცემამ გაამართლა და მათ შორის მშვიდობა აღდგა (დაბ. 33:3, 4).

12. რას ვსწავლობთ იაკობისგან?

12 ჩვენ რას გვასწავლის ის, თუ როგორ მოემზადა იაკობი ძმასთან შესახვედრად და როგორ მოიქცა უშუალოდ შეხვედრის დროს? მან ჯერ გულმხურვალედ ილოცა, შემდეგ კი შესაბამისი ნაბიჯები გადადგა, რომ ძმასთან შეხვედრის დროს ზედმეტი დაძაბულობა აერიდებინა თავიდან. მას ესავთან არ დაუწყია იმის გარკვევა, ვინ იყო მტყუანი და ვინ — მართალი. მისი მთავარი მიზანი ძმასთან შერიგება იყო. ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იაკობს?

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲐᲦᲕᲐᲓᲒᲘᲜᲝᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲗᲐᲜ ᲛᲨᲕᲘᲓᲝᲑᲘᲐᲜᲘ ᲣᲠᲗᲘᲔᲠᲗᲝᲑᲐ

13, 14. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ თანაქრისტიანს გული ვატკინეთ?

13 ყველას, ვინც სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე დავდივართ, გვსურს, რომ მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს და-ძმებთან (რომ. 12:18). მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ვინმეს გული ვატკინეთ? იაკობის მსგავსად ჩვენც დახმარებისთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ, რომ თანაქრისტიანთან უთანხმოება მოგვაგვარებინოს.

14 გარდა ამისა, საკუთარი მოტივებიც უნდა გავაანალიზოთ. ამაში შემდეგ კითხვებზე დაფიქრება დაგვეხმარება: „მზად ვარ, ჩემს სიამაყეს გადავაბიჯო, მოვიბოდიშო და თანაქრისტიანთან მშვიდობა აღვადგინო? რას იგრძნობენ იეჰოვა და იესო, თუ პირველ ნაბიჯს მე გადავდგამ თანაქრისტიანთან შესარიგებლად?“ ამ კითხვებზე პასუხი სტიმულს მოგვცემს, მოვუსმინოთ იესოს და გვეყოს თავმდაბლობა, რომ თანაქრისტიანს შევურიგდეთ. ამ მხრივ იაკობი კარგი მაგალითია ჩვენთვის.

15. როგორ დაგვეხმარება ეფესოელების 4:2, 3, როცა თანაქრისტიანთან შერიგებას ვცდილობთ?

15 წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა იაკობს იმის გარჩევა რომ დაეწყო, ვინ იყო მართალი და ვინ — მტყუანი. ალბათ, მათი შეხვედრა სულ სხვანაირად დასრულდებოდა. როცა თანაქრისტიანთან უთანხმოების მოგვარებას ვცდილობთ, ამ დროს ჩვენი მხრიდან თავმდაბლობის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია (წაიკითხეთ ეფესოელების 4:2, 3). იგავების 18:19-ში ნათქვამია: „გულნატკენი ძმა გამაგრებულ ქალაქზე მიუდგომელია; ზოგი უთანხმოება ციხესიმაგრის ურდულებს ჰგავს“. გულწრფელ მობოდიშებას, ასე ვთქვათ, ციხესიმაგრის ურდულების გაღება შეუძლია.

16. რაზე უნდა დაფიქრდეთ და რატომ?

16 იმაზეც კარგად უნდა დაფიქრდეთ, თუ რას და როგორ ეტყვით თანაქრისტიანს. თქვენი მიზანი განაწყენებული დის ან ძმის შემორიგება უნდა იყოს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მისი ნათქვამი შეიძლება დიდად არ გესიამოვნოთ. ასეთ დროს შეიძლება ადვილად განაწყენდეთ ან თავის მართლება დაიწყოთ. მაგრამ დაფიქრდით: შეუწყობდა თქვენი მხრიდან ასეთი რეაქცია ხელს მშვიდობას? ცხადია, არა. გახსოვდეთ, რომ თანაქრისტიანთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის გარკვევა, ვინ არის მართალი (1 კორ. 6:7).

17. რას ვსწავლობთ ჟილბერისგან?

17 ერთ ძმას, ჟილბერს, დიდი შინაგანი ბრძოლა მოუწია ოჯახის წევრთან მშვიდობის აღსადგენად. ის იხსენებს: „ძალიან დამეძაბა ურთიერთობა ჩემს ქალიშვილთან. ორი წლის მანძილზე ვცდილობდი, გულწრფელად და მშვიდად დავლაპარაკებოდი მას, რომ ძველებური ურთიერთობა აღმედგინა“. კიდევ რა გააკეთა ჟილბერმა? ის დასძენს: „ყოველ ჯერზე, ვიდრე ჩემს ქალიშვილს დაველაპარაკებოდი, ვლოცულობდი ხოლმე, შინაგანად ჩემს თავს ვამზადებდი, რომ, რაც არ უნდა ეთქვა, არ გავღიზიანებულიყავი. მზად უნდა ვყოფილიყავი, მისთვის მეპატიებინა. მივხვდი, რომ ჩემი სიმართლე კი არ უნდა მემტკიცებინა, მშვიდობისთვის უნდა შემეწყო ხელი“. გაამართლა მისმა მცდელობამ? ჟილბერი ამბობს: „ახლა გულდამშვიდებული ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრთან კარგი ურთიერთობა მაქვს“.

18, 19. რისი გაკეთება გვმართებს, თუ ვინმეს ვაწყენინეთ და რატომ?

18 მაშასადამე, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თანაქრისტიანს აწყენინეთ? მიჰყევით იესოს მითითებას და შეურიგდით მას. ლოცვით მიმართეთ იეჰოვას, რომ წმინდა სულით დაგეხმაროთ მშვიდობის შენარჩუნებაში. ეს თქვენვე მოგანიჭებთ ბედნიერებას და დაამტკიცებთ, რომ ნამდვილად უსმენთ იესოს (მათ. 5:9).

19 მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა კრების თავის, იესო ქრისტეს მეშვეობით სიყვარულით გვხელმძღვანელობს (ეფეს. 5:23). დაე ჩვენც მოციქულ პეტრეს, იაკობისა და იოანეს მსგავსად მოვუსმინოთ მას (მათ. 17:5). ამის საშუალება მაშინ გვეძლევა, როცა განაწყენებულ თანაქრისტიანს ვურიგდებით. თუ ასე მოვიქცევით და სიცოცხლისკენ მიმავალი ვიწრო გზით ვივლით, დღესაც და მომავალშიც უხვი კურთხევებით გავიხარებთ.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 130 იყავი მიმტევებელი

^ აბზ. 5 იესო მოგვიწოდებს, შევიდეთ ვიწრო ჭიშკრით, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს კაცი. ის აგრეთვე მოგვიწოდებს, რომ მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს და-ძმებთან. რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ ამ რჩევის გათვალისწინებისას და რა დაგვეხმარება მათ გადალახვაში?

^ აბზ. 7 იხილეთ ბროშურის „პასუხები ახალგაზრდების 10 კითხვაზე“ მე-6 კითხვა: „რა გავაკეთო, თანატოლებს რომ არ ავყვე?“, აგრეთვე გრაფიკული ანიმაცია „არ მოექცე თანატოლების გავლენაში!“ ვებგვერდზე www.pr418.com (იხილეთ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲑᲘ / ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘ).

^ აბზ. 8 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 56 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: თუ ვაგრძელებთ ვიწრო გზით სვლას, რომელსაც ღმერთმა, ასე ვთქვათ, დამცავი ზღუდე გაუკეთა, ისეთ საფრთხეებს ავარიდებთ თავს, როგორებიცაა: პორნოგრაფია, უზნეო საქციელი და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული მაცდური შემოთავაზებები.

^ აბზ. 58 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მშვიდობა რომ აღედგინა, იაკობი არაერთხელ დაემხო თავისი ძმის, ესავის წინაშე.