არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 7

ყური დაუგდე ბრძენის საუბარს

ყური დაუგდე ბრძენის საუბარს

„ყური დაუგდე ბრძენს და მოისმინე მისი საუბარი“ (ᲘᲒᲐᲕ. 22:17).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რა სახით შეიძლება მოგვცენ რჩევა და რატომ არ უნდა წავუყრუოთ მას?

 ᲓᲠᲝᲓᲐᲓᲠᲝ ყველას გვჭირდება რჩევა. ზოგჯერ შეიძლება თავად ვითხოვოთ რჩევა მოწიფული ქრისტიანისგან, ზოგჯერ კი შეიძლება ჩვენი კეთილდღეობით დაინტერესებულმა ქრისტიანმა მოგვცეს რჩევა, რომ დაგვიცვას მცდარი ნაბიჯისგან (გალ. 6:1). მაგრამ, თუ სერიოზული შეცდომა დავუშვით, შეიძლება შეგვაგონონ კიდეც. რა სახითაც არ უნდა მოგვცენ რჩევა, არასდროს უნდა წავუყრუოთ, რადგან ეს ჩვენივე კეთილდღეობას მოემსახურება და შეიძლება სიკვდილისგანაც კი გვიხსნას (იგავ. 6:23).

2. იგავების 12:15-ის თანახმად, რატომ უნდა მოვუსმინოთ რჩევას?

2 სტატიის წამყვანი მუხლი თითოეულს მოგვიწოდებს: „ყური დაუგდე ბრძენს და მოისმინე მისი საუბარი“ (იგავ. 22:17). ყოვლისმცოდნე არავინ არის. ყოველთვის იქნებიან ჩვენზე უფრო მცოდნე და გამოცდილი ადამიანები (წაიკითხეთ იგავების 12:15). რჩევის მიღებას თავმდაბლობა და იმის გაცნობიერება სჭირდება, რომ ყველაფერი არ ვიცით. ისიც გვესმის, რომ დაუხმარებლად მიზნების მიღწევა გაგვიჭირდება. ამას მეფე სოლომონის ღვთივშთაგონებით დაწერილი სიტყვებიც ცხადყოფს: „სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავ. 15:22).

ამ ორიდან რომლის მიღება უფრო გიჭირთ? (იხილეთ აბზაცები 3, 4).

3. რა და რა სახით ვიღებთ რჩევებს?

3 რჩევებს ბიბლიისა თუ პუბლიკაციების კითხვის დროსაც ვხვდებით. წაკითხულმა შეიძლება დაგვანახვოს, რომ არასწორ გზას ვადგავართ და რაღაცა გვაქვს შესაცვლელი (ებრ. 4:12). რჩევებს სხვა სახითაც ვიღებთ. უხუცესმა ან რომელიმე სხვა გამოცდილმა ქრისტიანმა შეიძლება ისეთ რამეზე მიგვითითოს, რასაც მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ვინმე სიყვარულით გვაძლევს ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას, განა არ უნდა მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ?!

4. ეკლესიასტეს 7:9-ის თანახმად, რას უნდა მოვერიდოთ, როცა რჩევას გვაძლევენ?

4 უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე მეტად მაშინ გვიჭირს რჩევის მიღება, როცა ვინმე პირადად გვაძლევს. შეიძლება ამ დროს გავნაწყენდეთ კიდეც. მართალია, გვესმის, რომ უშეცდომო არავინაა, მაგრამ მაინც რთული მისაღებია, როცა შეცდომაზე პირდაპირ მიგვითითებენ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:9). ამ დროს ცდუნება გვიჩნდება, რომ თავი ვიმართლოთ, ეჭვი შევიტანოთ მრჩევლის მოტივებში და რჩევის მოცემის ფორმა დავიწუნოთ. შეიძლება გავაკრიტიკოთ და ვიფიქროთ: „რა უფლება ჰქონდა, რჩევა მოეცა, როცა თვითონაც ბევრ შეცდომას უშვებს!“. საბოლოოდ შეიძლება უგულებელვყოთ კიდეც რჩევა და ყურის მაამებელ მრჩეველს დავუწყოთ ძებნა.

5. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

5 ამ სტატიაში განვიხილავთ იმ ბიბლიური პერსონაჟების მაგალითებს, რომლებმაც გაითვალისწინეს ან არ გაითვალისწინეს რჩევა. აგრეთვე ვიმსჯელებთ, რა დაგვეხმარება, ყურად ვიღოთ რჩევა, რაც ისევ ჩვენთვისვე იქნება სასიკეთო.

ᲛᲐᲗ ᲧᲣᲠᲘ ᲐᲠ ᲐᲗᲮᲝᲕᲔᲡ ᲠᲩᲔᲕᲐᲡ

6. რას ვსწავლობთ მეფე რობოამის მაგალითიდან?

6 გავიხსენოთ ისრაელის მეფე რობოამი. ის ახალი გამეფებული იყო, როცა ხალხმა თხოვნით მიმართა და მამამისის, სოლომონის მიერ დაკისრებული მძიმე უღლის შემსუბუქება სთხოვა. თავიდან რობოამი გონივრულად მოიქცა და რჩევა ისრაელის უხუცესებს ჰკითხა. მათ ურჩიეს, რომ დაჰყოლოდა ხალხის ნებას და ასე მოეპოვებინა მათი მხარდაჭერა (1 მეფ. 12:3—7). მაგრამ მეფეს ეს რჩევა ჭკუაში არ დაუჯდა, ამიტომ აზრი მასთან ბავშვობიდან შეზრდილებს ჰკითხა. ისინი სადღაც 40 წლისანი იქნებოდნენ, ამიტომ გარკვეული გამოცდილება მათაც ექნებოდათ (2 მატ. 12:13). მაგრამ მათ რჩევას, რომ მეფეს ხალხისთვის უღელი დაემძიმებინა, ნამდვილად არ ეთქმოდა გონივრული (1 მეფ. 12:8—11). არჩევანის წინაშე მდგომ რობოამს შეეძლო, იეჰოვასთვის მიემართა ლოცვით და ხელმძღვანელობა ეთხოვა. ნაცვლად ამისა, ის გულის კარნახს აჰყვა და ტოლ-მეგობრების რჩევა გაითვალისწინა. მისი გადაწყვეტილება თავად მისთვისაც და ერისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა. შეიძლება ყოველთვის არც ჩვენ მოგვეწონოს მიღებული რჩევა, მაგრამ თუ ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული, აჯობებს, რომ ყურად ვიღოთ.

7. რას ვსწავლობთ მეფე უზიას მაგალითიდან?

7 რჩევა მეფე უზიამაც უგულებელყო. ის იეჰოვას ტაძარში შევიდა და საკმევლის კმევა მოინდომა, რისი უფლებაც მხოლოდ მღვდლებს ჰქონდათ. მღვდლებმა უთხრეს მას: „უზია, შენი საქმე არ არის იეჰოვასთვის საკმევლის კმევა, ეს მღვდლების . .. საქმეა“. უზიას რომ თავი დაემდაბლებინა, ყურად ეღო რჩევა და მაშინვე დაეტოვებინა ტაძარი, იეჰოვა, ალბათ, აპატიებდა კიდეც. ნაცვლად ამისა, ის განრისხდა. როგორც ჩანს, ეგონა, რომ რახან მეფე იყო, ყველაფრის უფლება ჰქონდა. მაგრამ იეჰოვა ასე არ ფიქრობდა. გაკადნიერებულ უზიას იეჰოვამ კეთრი შეჰყარა და ის „სიკვდილამდე კეთროვანი იყო“ (2 მატ. 26:16—21). რით არის მისი მაგალითი ჩვენთვის საყურადღებო? ვინც არ უნდა ვიყოთ, თუ ბიბლიურ რჩევებს არ გავითვალისწინებთ, იეჰოვასთან ურთიერთობას გავიფუჭებთ.

ᲛᲐᲗ ᲧᲣᲠᲐᲓ ᲘᲦᲔᲡ ᲠᲩᲔᲕᲐ

8. როგორ გამოეხმაურა იობი რჩევას?

8 ბიბლიიდან ღვთის იმ მსახურების შესახებაც ვიგებთ, რომლებმაც ყურად იღეს რჩევა და ამისთვის დაჯილდოვდნენ კიდეც. ამის მაგალითია იობი. მართალია, ღვთის მოშიში იყო, მაგრამ არა უშეცდომო. ძლიერი წნეხის გამო იობმა სწორად ვერ შეაფასა საკუთარი მდგომარეობა, რაც მის სიტყვებშიც გამოჩნდა. ამიტომ მას საკმაოდ პირდაპირი რჩევა მისცა ელიჰუმ და თვით იეჰოვამაც. იობმა თავმდაბლურად მიიღო რჩევები და აღიარა: „ვლაპარაკობდი, თუმცა არაფერი გამეგებოდა . . . ამიტომ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და მტვერსა და ნაცარში ვინანიებ“. იეჰოვამ დაუფასა მას თავმდაბლობა და უწინდელზე მეტად აკურთხა (იობ. 42:3—6, 12—17).

9. რა მხრივ არის ჩვენთვის მოსე სამაგალითო?

9 ჩვენთვის მოსეც სამაგალითოა. სერიოზული შეცდომის დაშვების შემდეგ მან თავმდაბლურად მიიღო იეჰოვასგან გაკიცხვაც და სასჯელიც. მას აღთქმულ მიწაზე შესვლის ნება აღარ მიეცა, რადგან განრისხებულმა იეჰოვას არ მიაგო პატივი (რიცხ. 20:1—13). როცა მოსემ გადაწყვეტილების შეცვლა ითხოვა, იეჰოვამ მიუგო: „ამაზე აღარ დამელაპარაკო!“ (კან. 3:23—27). მოსე არ განაწყენებულა და დაჰყვა ღვთის ნებას. ამიტომ იეჰოვამ ის ისრაელის წინამძღოლად დატოვა (კან. 4:1). იობიც და მოსეც იმის კარგ მაგალითს გვაძლევენ, თუ როგორ უნდა გამოვეხმაუროთ რჩევა-დარიგებას. იობს თავის მართლება არ დაუწყია და თვალსაზრისი შეიცვალა. მოსეს არ გაუპროტესტებია იეჰოვას გადაწყვეტილება და ერთგულად გააგრძელა მისი მსახურება მიუხედავად იმისა, რომ ოცნებას ვეღარ აისრულებდა.

10. ა) რა სიკეთე მოაქვს რჩევის გათვალისწინებას, როგორც ამას იგავების 4:10—13-დან ვიგებთ? ბ) რა მხრივ არის აბზაცში მოყვანილი და-ძმების სიტყვები საყურადღებო?

10 ჩვენთვისვე იქნება სასიკეთო, თუ ღვთის ამ ერთგულ მსახურებს მივბაძავთ (წაიკითხეთ იგავების 4:10—13). ამას ჩვენი მრავალი და-ძმის გამოცდილებაც ადასტურებს. აი, რას ამბობს კონგოში მცხოვრები ემანუელი *: „როცა კრებაში მოწიფულმა ძმებმა შენიშნეს, რომ ღმერთთან ჩემი ურთიერთობა სერიოზული საფრთხის წინაშე იდგა, მაშინვე დახმარების ხელი გამომიწოდეს. მათი რჩევის გათვალისწინებით ბევრი პრობლემა ავიცილე თავიდან“. ერთი კანადელი პიონერი და მეგანი ამბობს: „მოცემული რჩევა ყოველთვის არ მომწონდა, მაგრამ აშკარად მჭირდებოდა“. ხორვატი ძმა მარკო აღნიშნავს: „მართალია, კრებაში პასუხისმგებლობა დავკარგე, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ რჩევის წყალობით სულიერი წონასწორობა აღვიდგინე“.

11. რას ვსწავლობთ კარლ კლაინის ისტორიიდან?

11 რჩევის გათვალისწინების კიდევ ერთი კარგი მაგალითი დაგვიტოვა ძმა კარლ კლაინმა, რომელიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრად მსახურობდა. თავის ბიოგრაფიაში მან გაიხსენა, როგორ მიიღო ერთხელ ძმა რუტერფორდისგან მკაცრი შენიშვნა. მართალია, კარგი მეგობრები იყვნენ, მაგრამ თავიდან კარლს მისი რჩევა გულზე მოხვდა. აი, რას წერდა თავის ბიოგრაფიაში: «ამ ამბის შემდეგ ერთმანეთს რომ შევხვდით, რუტერფორდი მხიარულად მომესალმა, მაგრამ ნაწყენი ვიყავი და ცალყბად მივესალმე. მაშინ მან მითხრა: ფრთხილად იყავი, კარლ, ეშმაკს მიზანში ჰყავხარ ამოღებულიო. ცოტა დაბნეულმა ვუპასუხე, ყველაფერი რიგზეა-მეთქი. მაგრამ ის კარგად ხვდებოდა ყველაფერს, ამიტომ გამიმეორა: „კარგია, თუ ასეა, მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი, ეშმაკს მიზანში ჰყავხარ ამოღებული“. ის აბსოლუტურად მართალი იყო. როცა გულში ვიტოვებთ წყენას იმ ძმის მიმართ, რომელმაც მართებული რჩევა მოგვცა,.. ფაქტობრივად, ეშმაკის სამიზნე ვხდებით» * (ეფეს. 4:25—27). ძმა კლაინმა გაითვალისწინა რუტერფორდის რჩევა და ისინი ბოლომდე კარგ მეგობრებად დარჩნენ.

ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲠᲩᲔᲕᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲐᲨᲘ

12. როგორ გვეხმარება თავმდაბლობა რჩევის მიღებაში? (ფსალმუნი 141:5).

12 რა დაგვეხმარება რჩევის მიღებაში? თავმდაბლობა, რადგან თავმდაბალ ადამიანს ესმის, რომ ბევრ შეცდომას უშვებს და ზოგჯერ უგუნურადაც იქცევა. როგორც აღვნიშნეთ, იობმა სწორი ხედვა დაკარგა, მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა თვალსაზრისი და იეჰოვამაც აკურთხა ამისთვის. და ეს იმიტომ, რომ ის თავმდაბალი იყო. იობმა მასზე გაცილებით ახალგაზრდა ელიჰუსგან რჩევის მიღება არ იუკადრისა (იობ. 32:6, 7). თავმდაბლობა დაგვეხმარება, მაშინაც გავითვალისწინოთ რჩევა, როცა ის უადგილო გვგონია, ან რჩევის მომცემი ჩვენზე ახალგაზრდაა. ერთ-ერთი კანადელი უხუცესი ამბობს: „ჩვენს თავში იმას ვერ ვხედავთ, რასაც სხვები ხედავენ. ამიტომ, თუ არავინ არაფერი გვირჩია, როგორღა უნდა გავუმჯობესდეთ?!“. განა შეიძლება ვინმეს ჰქონდეს იმის პრეტენზია, რომ სრულყოფილად ავლენს სულის ნაყოფს და არ სჭირდება მსახურების ამა თუ იმ სფეროში გაუმჯობესება?! (წაიკითხეთ ფსალმუნის 141:5).

13. რა უნდა დავინახოთ რჩევის მიღმა?

13 რჩევის მიღმა ღვთის სიყვარული დაინახეთ. იეჰოვას ყოველთვის საუკეთესო სურს ჩვენთვის (იგავ. 4:20—22). იგი თავის სიყვარულს მაშინ გვიმტკიცებს, როცა რჩევას თავისი სიტყვის, ბიბლიური პუბლიკაციებისა თუ მოწიფული ქრისტიანის მეშვეობით გვაძლევს. როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, იეჰოვა ამას ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს (ებრ. 12:9, 10).

14. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როცა რჩევას გვაძლევენ?

14 ყურადღება თავად რჩევაზე გაამახვილეთ და არა იმაზე, თუ რა ფორმით მოგცეს. ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მთლად კორექტულად ვერ მოგვცეს რჩევა. ცხადია, რჩევის მიმცემი ყველანაირად უნდა შეეცადოს, რომ მისი ნათქვამი ადვილი მისაღები იყოს * (გალ. 6:1). მაშინაც კი, თუ არ მოგვწონს, როგორ მოგვცეს რჩევა, აჯობებს, მის შინაარსობრივ მხარეზე გავამახვილოთ ყურადღება. ასეთ დროს უნდა დავფიქრდეთ, რაც გვირჩიეს, იქნებ სულაც არ იყო ურიგო. რჩევის მომცემის გაკრიტიკებას აჯობებს, იმაზე ვიფიქროთ, როგორ წაგვადგება მისი ნათქვამის გათვალისწინება. ჩვენი მხრიდან სიბრძნის მაჩვენებელი იქნება, თუ შევეცდებით, ყველა რჩევაში საჩვენოდ დავინახოთ რამე (იგავ. 15:31).

ᲘᲗᲮᲝᲕᲔᲗ ᲠᲩᲔᲕᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲑᲠᲫᲔᲜᲓᲘᲗ

15. რატომ უნდა ვითხოვოთ რჩევა?

15 ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ვითხოვოთ რჩევა. ნამდვილად უტყუარია იგავების 13:10-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვინც რჩევას ეძებს, ბრძენია“. როგორც წესი, ვინც ასე იქცევა, უფრო სწრაფად მიიწევს სულიერად წინ. ასე რომ, თავად ითხოვეთ რჩევა.

რატომ სთხოვს ახალგაზრდა და მოწიფულ თანაქრისტიანს რჩევას? (იხილეთ აბზაცი 16).

16. როდის შეგვიძლია ვითხოვოთ რჩევა?

16 როდის შეგვიძლია ვითხოვოთ რჩევა? მოვიყვანოთ სამი პირობითი სიტუაცია: 1) და გამოცდილ მაუწყებელს სთხოვს, მასთან ერთად ჩაატაროს ბიბლიის შესწავლა და ურჩიოს, რა მხრივ გააუმჯობესოს სწავლის მეთოდი; 2) გასათხოვარი და ტანსაცმლის ყიდვამდე აზრს მოწიფულ დას ეკითხება; 3) ძმას პირველად მისცეს საჯარო მოხსენება მოსამზადებლად. ის გამოცდილ მომხსენებელს სთხოვს, ყურადღებით მოუსმინოს მის მოხსენებას და პრაქტიკული რჩევები მისცეს. კარგი იქნება, თუ ის ძმებიც, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, სხვა გამოცდილ მომხსენებლებს ჰკითხავენ რჩევას და გაითვალისწინებენ.

17. რა შემთხვევაში ექნება შედეგი ჩვენთვის მოცემულ რჩევას?

17 დღეს თუ ხვალ რჩევას ყველანი მივიღებთ ამა თუ ის სახით. აი, სწორედ მაშინ დაგვჭირდება ამ სტატიაში განხილული აზრების გათვალისწინება. კერძოდ, ვიყოთ თავმდაბლები, ყურადღება რჩევაზე გავამახვილოთ და არა იმაზე, თუ რა ფორმით მოგვცეს, და რაც მთავარია, გავითვალისწინოთ რჩევა-დარიგება. დაბადებიდან არავის დაჰყოლია სიბრძნე, მაგრამ თუ მოვუსმენთ რჩევას და ყურად ვიღებთ დარიგებას, აუცილებლად დავბრძენდებით (იგავ. 19:20).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124 მუდამ ერთგულები

^ აბზ. 5 იეჰოვას მსახურებს გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია, ყურად ვიღოთ ბიბლიური რჩევები. იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს ყოველთვის არ არის ადვილი. რამ შეიძლება შეგვიშალოს ხელი? რა დაგვეხმარება, რომ ყურად ვიღოთ რჩევა და გავითვალისწინოთ?

^ აბზ. 10 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 11 იხილეთ 1984 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 21—28 (ინგლ.).

^ აბზ. 14 მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ უნდა მივცეთ სხვებს რჩევა ტაქტიანად.