არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

ვიპოვე ის, რასაც მედიცინა ვერც კი შეედრება

ვიპოვე ის, რასაც მედიცინა ვერც კი შეედრება

„ᲠᲐᲡᲐᲪ ახლა თქვენ მეუბნებით, ჩემი ბავშვობის ოცნებაა!“ — გაოცებულმა ვუთხარი ჩემს ორ ახალ პაციენტს. ეს მოხდა 1971 წელს, როცა ახალი დაწყებული მქონდა საექიმო პრაქტიკა ჩემს კერძო კლინიკაში. ვინ იყვნენ ეს პაციენტები და რას ვგულისხმობდი ბავშვობის ოცნებაში? მინდა, მოგიყვეთ, როგორ შეცვალა ამ საუბარმა ჩემი ცხოვრება და რატომ მჯერა, რომ მალე ჩემი ბავშვობის ოცნება ახდება.

დავიბადე 1941 წელს პარიზში, ხელმოკლე ოჯახში. ძალიან მიყვარდა სწავლა, ამიტომ გული დამწყდა, როცა 10 წლის ასაკში ტუბერკულოზი დამემართა, რის გამოც სკოლაში სწავლა ამიკრძალეს. ფილტვები რომ არ გადამეღალა, ექიმებმა წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. რამდენიმე თვე მომიწია ლოგინში წოლა. ამიტომ დროის გასაყვანად ლექსიკონს ვკითხულობდი და პარიზის უნივერსიტეტის რადიო „სორბონის“ გადაცემებს ვუსმენდი. სიხარულისგან ცას ვეწიე, როცა ექიმმა მითხრა, რომ გამოვჯანმრთელდი და შემეძლო სკოლაში დავბრუნებულიყავი. ჩემთვის გავიფიქრე, ექიმობაზე უკეთესი არაფერია-მეთქი. მას მერე სულ იმაზე ვოცნებობდი, რომ მეც შემძლებოდა ხალხის განკურნება. ამიტომ, როცა მამა მეკითხებოდა, ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდებიო, სულ იმას ვპასუხობდი, რომ ექიმობა მინდოდა. ასე გახდა მედიცინა ჩემი მთავარი გატაცება.

ᲛᲔᲓᲘᲪᲘᲜᲐᲛ ᲦᲛᲔᲠᲗᲗᲐᲜ ᲓᲐᲛᲐᲐᲮᲚᲝᲕᲐ

ჩვენ კათოლიკეები ვიყავით, მაგრამ ღმერთზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა და ბევრი კითხვაც მაწუხებდა. შემოქმედის არსებობაში მხოლოდ მაშინ დავრწმუნდი, როცა სამედიცინო უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა.

დღემდე მახსოვს, პირველად როგორ ვაკვირდებოდი ტიტის უჯრედებს მიკროსკოპში. გაოგნებული ვიყავი, როგორ რეაგირებდა უჯრედი სითბოსა და სიცივეზე. აგრეთვე ვაკვირდებოდი, როგორ იკუმშებოდა ციტოპლაზმა (უჯრედის შიდა გარემო) მარილის ზემოქმედებით და როგორ ფართოვდებოდა მტკნარ წყალში. ეს და სხვა უამრავი რეაქცია ცოცხალ ორგანიზმებს ცვალებად გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. თითოეული უჯრედის გასაოცარმა სირთულემ დამარწმუნა, რომ სიცოცხლე თავისით ვერ გაჩნდებოდა.

მეორე კურსზე უფრო მეტად დავრწმუნდი ღვთის არსებობაში. ანატომიის ლექციებზე ვისწავლეთ, რა როლს ასრულებს წინამხარი თითების მოხრა-გაშლაში. კუნთების, იოგების და მყესების ურთიერთგანლაგებას თავისუფლად შეგვიძლია საინჟინრო შედევრი ვუწოდოთ. მაგალითად გავიგე, რომ მყესები, რომლებიც წინამხრის ერთ-ერთ კუნთს თითების მეორე ძვალთან აერთებს, ორად იყოფა და ერთგვარ ხიდებს ქმნის. ამის წყალობით მათ ქვეშ თავისუფლად მოძრაობს ის მყესები, რომლებიც თითების პირველ ძვლებს ემაგრება. ზოგადად მყესები მკვრივი ბოჭკოებით ემაგრება თითის ძვლებს. რომ არა ეს მექანიზმი, თითების მოხრა შეუძლებელი იქნებოდა. აშკარად დავინახე, რომ ადამიანის სხეულის აგებულების მიღმა უდიდესი ინტელექტი დგას.

ჩემი აღფრთოვანება შემოქმედის მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მშობიარობის პროცესი შევისწავლე. გავიგე, რომ ნაყოფს დედის მუცელში ჟანგბადი ჭიპლარის მეშვეობით მიეწოდება. ამიტომ მუცლად ყოფნის პერიოდში ალვეოლები (ბრონქების ბოლოებზე არსებული უწვრილესი ბუშტუკები) არ ფუნქციონირებს. მშობიარობის მოახლოებასთნ ერთად ალვეოლები შიგნიდან იფარება სპეციალური ნივთიერებით, სურფაქტანტით. ახალშობილის პირველ ჩასუნთქვას მთელი რიგი გასაოცარი ცვლილებები მოჰყვება. მისი გულის ხვრელი იხურება და სისხლი ფილტვებისკენ მიედინება. ამ მნიშვნელოვან მომენტში, როცა ფილტვები ჰაერით ივსება, სურფაქტანტი ალვეოლებს შეწებებისგან იცავს. ამის წყალობით ახალშობილი დამოუკიდებლად იწყებს სუნთქვას.

მინდოდა, გამეცნო ის, ვინც ეს საოცრებები შექმნა. ამიტომ მთელი გულმოდგინებით შევუდექი ბიბლიის კითხვას. გაოცებული დავრჩი ჰიგიენის ნორმებით, რომლებიც ღმერთმა ისრაელს 3 000-ზე მეტი წლის წინ დაუდგინა. მათ მოეთხოვებოდათ, რომ განავალი მიწაში ჩაეფლოთ, რეგულარულად ებანავათ და კარანტინი დაეწესებინათ მათთვის, ვისაც გადამდები დაავადების ნიშნები ჰქონდა (ლევ. 13:50; 15:11; კან. 23:13). მეცნიერებმა სულ რაღაც 150 წლის წინ აღმოაჩინეს დაავადების გადადების გზები, მაშინ როცა ბიბლია ამის შესახებ ათასწლეულებით ადრე საუბრობდა. გარდა ამისა, წიგნ „ლევიანებში“ მოცემული კანონები ინტიმურ ჰიგიენაზე მთელი ერის სიჯანსაღეს უწყობდა ხელს (ლევ. 12:1—6; 15:16—24). მივხვდი, რომ შემოქმედმა ეს კანონები ისრაელს მათდა სასიკეთოდ მისცა და ვინც დაემორჩილებოდა მათ, ღმერთი აკურთხებდა. დავრწმუნდი, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაიწერა, თუმცა იმ დროს ჩემთვის მისი სახელი უცნობი იყო.

ᲓᲐᲝᲯᲐᲮᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲒᲐᲪᲜᲝᲑᲐ

მე და ლიდი ჩვენი ქორწილის დღეს (1965 წლის 3 აპრილი)

ჯერ კიდევ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როცა გავიცანი ერთი მშვენიერი გოგონა ლიდი. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა და 1965 წელს დავქორწინდით. იმ დროს სწავლა ჯერ არ მქონდა დამთავრებული. 1971 წელს მე და ლიდის უკვე სამი შვილი გვყავდა. მოგვიანებით კიდევ სამი გვეყოლა. ლიდი ოჯახზეც კარგად ზრუნავდა და მეც ყველანაირად მიწყობდა ხელს, რომ ექიმად მემუშავა.

ვიდრე კერძო კლინიკას გავხსნიდი, 3 წელი საავადმყოფოში ვმუშაობდი. კლინიკა ახალი გახსნილი მქონდა, როცა შესავალში მოხსენიებული ცოლ-ქმარი მოვიდა ჩემთან ვიზიტზე. ქმარს რეცეპტს ვუწერდი, როცა ცოლმა მთხოვა, რომ ისეთი წამალი დამენიშნა, რომელიც სისხლს არ შეიცავდა. გამიკვირდა და დავინტერესდი, რატომ. მან მითხრა, იეჰოვას მოწმეები ვართო. არც იეჰოვას მოწმეებზე მსმენოდა რამე და არც სისხლის მიმართ მათ დამოკიდებულებაზე. ამ ქალბატონმა ჩანთიდან ბიბლია ამოიღო და ბიბლიური მუხლებით ამიხსნა მოწმეების პოზიცია (საქ. 15:28, 29). ეს ცოლ-ქმარი ღვთის სამეფოზეც მესაუბრა და ამიხსნა, რომ ის ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას, ტანჯვასა და სიკვდილს (გამოცხ. 21:3, 4). სწორედ მაშინ წამოვიძახე, რასაც ახლა თქვენ მეუბნებით, ჩემი ბავშვობის ოცნებაა-მეთქი. ექიმობაც ხომ იმიტომ ავირჩიე, რომ ხალხისთვის ტანჯვა შემემსუბუქებინა. ისე ვიყავი აღფრთოვანებული, რომ საათ-ნახევარი ვისაუბრეთ. მათი წასვლის შემდეგ მივხვდი, რომ კათოლიციზმი საჩემო არ იყო და თურმე შემოქმედს, რომლითაც ასე ვიყავი აღფრთოვანებული, იეჰოვა რქმევია!

ამ წყვილს კიდევ სამჯერ შევხვდი ჩემს კლინიკაში და ყოველ ჯერზე საათზე მეტი ვისაუბრეთ. შემდეგ სახლში დავპატიჟე, რომ ბიბლიურ თემებზე უფრო მეტი გვესაუბრა. მართალია, ლიდიც დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე, მაგრამ არაფრის დიდებით არ აღიარებდა, რომ ზოგი კათოლიკური მოძღვრება არაბიბლიური იყო. ამიტომ ერთ საღამოს მღვდელი მოვიწვიე ოჯახში. გვიანობამდე ვკამათობდით საეკლესიო დოქტრინებზე, ოღონდ მხოლოდ ბიბლიით. ამ საუბარმა ლიდი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ იეჰოვას მოწმეები ჭეშმარიტებას ქადაგებენ. მას შემდეგ კიდევ უფრო მეტად შეგვიყვარდა იეჰოვა და 1974 წელს მოვინათლეთ.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲩᲕᲔᲜᲗᲕᲘᲡ ᲣᲛᲗᲐᲕᲠᲔᲡᲘ ᲮᲓᲔᲑᲐ

ის, რაც გავიგე კაცობრიობასთან მიმართებით ღვთის განზრახვის შესახებ, ჩემს ცხოვრებისეულ ფასეულობებზეც აისახა. ჩემთვის და ლიდისთვის იეჰოვას მსახურება უმთავრესი გახდა. ორივენი ვცდილობდით, შვილები ბიბლიური პრინციპებით აღგვეზარდა. ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა ჩვენი ოჯახი უფრო მეტად შეკრა (მათ. 22:37—39).

მე და ლიდი ზოგჯერ ღიმილით ვიხსენებთ, როგორი რეაქცია ჰქონდათ ჩვენს შვილებს, როცა ჩვენს ერთიანობას ხედავდნენ. მათ იცოდნენ, რომ იესოს სიტყვები, «თქვენი „დიახ“ იყოს დიახ, „არა“ კი — არა“», ჩვენს ოჯახში კანონი იყო (მათ. 5:37). მაგალითად, ჩვენს ქალიშვილს, რომელიც იმ დროს 17 წლის იყო, ლიდიმ უფლება არ მისცა, ახალგაზრდებთან ერთად სადღაც წასულიყო. როცა ამ ჯგუფიდან ერთ-ერთმა ჩვენს ქალიშვილს უთხრა, რახან დედა არ გიშვებს, ნებართვა მამას სთხოვეო, მან უთხრა, რა აზრი აქვს, მამაც იგივეს მეტყვისო. ჩვენი ექვსივე შვილი ხედავდა, რომ, როცა საქმე ბიბლიურ პრინციპებს ეხებოდა, ორივეს ერთი მიდგომა გვქონდა. ვემადლიერებით იეჰოვას, რომ დღეს ჩვენი დიდი ოჯახი მას ემსახურება.

მართალია, იეჰოვას გაცნობამ შეცვალა ჩემი პრიორიტეტები, მაგრამ მინდოდა, სამედიცინო განათლება ღვთის ხალხის სასიკეთოდ გამომეყენებინა. ამიტომ სურვილი გამოვთქვი, ჯერ პარიზში, მოგვიანებით კი ლუვიეში ბეთელის ოჯახისთვის ჩემი პროფესიული დახმარება აღმომეჩინა. თითქმის 50 წელია, რაც ბეთელს ასეთი სახით ვეხმარები. ამ ხნის მანძილზე ბეთელში ბევრს დავუმეგობრდი. მათგან ზოგი 90-ს არის გადაცილებული. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო ერთ ახალგაზრდა ბეთელელთან შეხვედრა. აღმოჩნდა, რომ 20 წლის წინ დედამისი მე ვამშობიარე.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲛᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲝᲑᲐᲡ ᲐᲠ ᲐᲙᲚᲔᲑᲡ ᲗᲐᲕᲘᲡ ᲮᲐᲚᲮᲡ

წლების მანძილზე იმის დანახვამ, თუ როგორ ზრუნავს და ხელმძღვანელობს იეჰოვა თავის ხალხს თავისი ორგანიზაციის მეშვეობით, კიდევ უფრო გამიღრმავა მისადმი სიყვარული. 1980-იანი წლების დასაწყისში შეერთებულ შტატებში ხელმძღვანელმა საბჭომ აამოქმედა სპეციალური პროგრამა, რომელიც ემსახურებოდა იმას, რომ იეჰოვას მოწმეებსა და მედპერსონალს უფრო ადვილად გამოენახათ საერთო ენა.

1988 წელს ბეთელში ხელმძღვანელმა საბჭომ ჩამოაყალიბა ახალი განყოფილება „სამედიცინო მომსახურების საინფორმაციო ცენტრი“. თავდაპირველად ეს განყოფილება ხელმძღვანელობდა საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში იმ მიზნით შეიქმნა, რომ მოწმე პაციენტებს სათანადო მკურნალობის კურსის გავლაში დახმარებოდა. მოგვიანებით ეს კომიტეტები სხვა ქვეყნებშიც შეიქმნა, მათ შორის, საფრანგეთშიც. გაოცებული ვარ, როგორ ზრუნავს იეჰოვას ორგანიზაცია იმ და-ძმებზე, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ!

ᲠᲝᲪᲐ ᲩᲔᲛᲘ ᲝᲪᲜᲔᲑᲐ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲐᲮᲓᲔᲑᲐ

დღემდე სიხარულით ვესაუბრებით სხვებს ღვთის სამეფოზე.

ჩემი მთავარი გატაცება მედიცინა იყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც რაღაც-რაღაცები გადავაფასე, მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს სულიერ განკურნებაში ანუ სიცოცხლის წყაროსთან, იეჰოვასთან, დაახლოებაში დავეხმარო. პენსიაზე გასვლის შემდეგ მე და ლიდი პიონერებად ვმსახურობდით და უფრო მეტ დროს ვუთმობდით სამეფოს შესახებ ქადაგების საქმეს. დღესაც შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვის.

მე და ლიდი 2021 წელს

დღემდე ვცდილობ, შევუმსუბუქო მდგომარეობა მათ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მაგრამ კარგად მესმის, რომ საუკეთესო ექიმიც კი ვერ განკურნავს ყველა დაავადებას და ვერ შეაჩერებს სიკვდილს. ამიტომ ველი იმ დროს, როცა ტკივილი, ავადმყოფობა და სიკვდილი აღარ იქნება. ახალ ქვეყნიერებაში, რომელიც მალე დადგება, მთელი მარადიულობა მექნება იმისთვის, რომ უფრო მეტი გავიგო ღვთის შემოქმედების, მათ შორის, ჩვენი გასაოცარი სხეულის შესახებ. ბავშვობის ოცნება მხოლოდ ნაწილობრივ ამიხდა, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა!