არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 11

ნათლობის შემდეგაც განაგრძეთ „ახალი პიროვნებით“ შემოსვა

ნათლობის შემდეგაც განაგრძეთ „ახალი პიროვნებით“ შემოსვა

„შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (ᲙᲝᲚ. 3:10).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 49 გული გავუხაროთ იეჰოვას

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. ძირითადად რა გვიყალიბებს პიროვნულ თვისებებს?

 ᲒᲘᲜᲓ ახალი მონათლული ვიყოთ, გინდ დიდი ხნის, ყველას გვინდა, ისეთი ადამიანები ვიყოთ, როგორებსაც იეჰოვა იწონებს. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გავაკონტროლებთ ჩვენს ფიქრებს, რადგან სწორედ ფიქრები გვიყალიბებს პიროვნულ თვისებებს. თუ გამუდმებით იმაზე ვფიქრობთ, რაც ჩვენს ხორცს აამებს, ეს ჩვენს საუბარსა და ქცევაშიც აისახება (ეფეს. 4:17—19). მაგრამ, თუ ვცდილობთ, ყოველთვის კარგზე ვიფიქროთ, დიდი ალბათობით, ჩვენი საუბარი და საქციელი ღვთისთვის მოსაწონი იქნება (გალ. 5:16).

2. რომელ კითხვებს გაეცემა პასუხი ამ სტატიაში?

2 როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ადრე თუ გვიან ცუდი ფიქრი ყველას მოგვივა თავში. მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, ავყვებით თუ არა ასეთ ფიქრებს. ნათლობამდე უნდა მოვიშალოთ ღვთისთვის საძულველი საუბარი და საქციელი, რაც „ძველი პიროვნების“ მოსაშორებლად გადადგმული პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. თუმცა უფრო მეტია საჭირო. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ შემდეგ მითითებასაც: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით“ (კოლ. 3:10). ამ სტატიაში ვუპასუხებთ შემდეგ კითხვებს: რა არის „ახალი პიროვნება“? როგორ უნდა შევიმოსოთ „ახალი პიროვნებით“? როგორ გავუფრთხილდეთ მას?

ᲠᲐ ᲐᲠᲘᲡ „ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲔᲑᲐ“?

3. რა არის „ახალი პიროვნება“ და როგორ შეიძლება მისით შემოსვა? (გალატელები 5:22, 23).

3 ის, ვინც „ახალი პიროვნებით“ იმოსება, მაქსიმალურად ცდილობს, მიჰბაძოს იეჰოვას. ასეთი ადამიანი წმინდა სულის დახმარებით იცვლის აზროვნებასა და საქციელს და „სულის ნაყოფს“ ივითარებს (წაიკითხეთ გალატელების 5:22, 23). ასეთ ადამიანს უყვარს იეჰოვა და მისი მსახურები (მათ. 22:36—39). ის განსაცდელების დროსაც არ კარგავს სიხარულს (იაკ. 1:2—4); მშვიდობისმყოფელია (მათ. 5:9); ლმობიერი და მომთმენია სხვების მიმართ (კოლ. 3:13). მას უყვარს სიკეთის კეთება (ლუკ. 6:35). ის თავის რწმენას საქმეებით ამტკიცებს, სიმშვიდეს ინარჩუნებს, როცა მის გაღიზიანებას ცდილობენ და ცდუნებას არ ჰყვება (იაკ. 2:18; 1 კორ. 9:25, 27; ტიტ. 3:2).

4. რატომ არ არის საკმარისი „ახალ პიროვნებად“ შესამოსად გალატელების 5:22, 23-ში მოხსენიებული მხოლოდ ცალკეული თვისების განვითარება?

4 „ახალი პიროვნებით“ რომ შევიმოსოთ, ის თვისებები უნდა განვივითაროთ, რომლებზეც საუბარია გალატელების 5:22, 23-სა თუ სხვა ბიბლიურ მუხლებში. * ვერ ვიტყვით, რომ ვინმე „ახალი პიროვნებით“ იმოსება, თუ მხოლოდ ცალკეული თვისების განვითარებას ცდილობს. სინამდვილეში ყველა ეს თვისება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ ნამდვილად გვიყვარს მოყვასი, მომთმენებიც ვართ მის მიმართ და სიკეთესაც ვუკეთებთ. ამასთანავე, თუ რბილ ხასიათსა და თავშეკავებას არ ვავლენთ, კარგსაც ვერ გვიწოდებენ.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲨᲔᲕᲘᲛᲝᲡᲝᲗ „ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲔᲑᲘᲗ“?

რაც უფრო გავითავისებთ იესოს აზროვნებას, მით უფრო მეტად დავემსგავსებით მას (იხილეთ აბზაცები 5, 8, 10, 12, 14).

5. რას ნიშნავს, გქონდეს „ქრისტეს გონება“ და რატომ უნდა გამოვიკვლიოთ ამისთვის მისი ცხოვრება? (1 კორინთელები 2:16).

5 წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:16. „ახალი პიროვნებით“ რომ შევიმოსოთ, „ქრისტეს გონება“ უნდა გვქონდეს, ანუ უნდა გავიგოთ, როგორ აზროვნებდა იესო და მივბაძოთ მას. იესო სრულყოფილად ავლენდა ღვთის სულის ნაყოფს და ზუსტად ირეკლავდა იეჰოვას თვისებებს (ებრ. 1:3). რაც უფრო გავითავისებთ იესოს აზროვნებას, მით უფრო დაემსგავსება ჩვენი საქციელი მისას და უკეთ შევძლებთ მის მიბაძვას (ფილ. 2:5).

6. რა უნდა გვახსოვდეს, როცა „ახალი პიროვნებით“ შემოსვას ვცდილობთ?

6 რამდენად რეალურია იესოს მიბაძვა? ზოგმა შეიძლება იფიქროს: „როგორ უნდა მივბაძო მე, არასრულყოფილმა ადამიანმა, სრულყოფილ იესოს?!“. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები: პირველი, ჩვენ იეჰოვასა და იესოს მსგავსებად ვართ შექმნილი. ასე რომ, თუ მოვინდომებთ, გარკვეულწილად შევძლებთ მის მიბაძვას (დაბ. 1:26). მეორე, წმინდა სული, სამყაროში უდიდესი ძალა, იმასაც კი შეგვაძლებინებს, რასაც ჩვენით ვერასდროს შევძლებდით. მესამე, იეჰოვა ჩვენგან არ მოელის, რომ დღესვე სრულყოფილად გამოვავლენთ „სულის ნაყოფს“. ჩვენმა მოსიყვარულე ზეციერმა მამამ ათასი წელი გამოყო მათი გასრულყოფილებისთვის, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს (გამოცხ. 20:1—3). იეჰოვა მხოლოდ იმას გვთხოვს, რომ ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთოთ და მას მივენდოთ.

7. რას განვიხილავთ?

7 კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ, რომ მივბაძოთ იესოს? მოკლედ მიმოვიხილოთ ღვთის სულის ნაყოფში შემავალი ოთხი თვისება, გავიგოთ, როგორ ავლენდა იესო ამ თვისებებს და ვნახოთ ჩვენ რას ვსწავლობთ. შემდეგ რამდენიმე კითხვის მეშვეობით შევამოწმოთ, რამდენად კარგად გამოგვდის „ახალი პიროვნებით“ შემოსვა.

8. როგორ გამოავლინა იესომ სიყვარული?

8 იესოს ძალიან უყვარდა მამა, ამიტომ მზად იყო, მსხვერპლი გაეღო მისთვის და ადამიანებისთვისაც (იოან. 14:31; 15:13). დედამიწაზე მისი ცხოვრება თვალნათლივ გვიჩვენებს, როგორ უყვარდა მას ადამიანები. ის მოსიყვარულე და თანამგრძნობი იყო მაშინაც კი, როცა ვინმე ეწინააღმდეგებოდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე, რითაც სიყვარულს აჩვენებდა, ის იყო, რომ ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა (ლუკ. 4:43, 44). იესომ უდიდესი სიყვარული გამოავლინა ღვთისა და ადამიანების მიმართ, როცა ნებაყოფლობით გაწირა თავი და ცოდვილთა ხელით მტანჯველი სიკვდილით მოკვდა. ამგვარად მან მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა.

9. როგორ მივბაძოთ სიყვარულში იესოს?

9 ჩვენი ზეციერი მამის სიყვარულმა აღგვძრა, რომ თავი მიგვეძღვნა მისთვის და მოვნათლულიყავით. იესოს მსგავსად, ღვთისადმი სიყვარული ადამიანებისადმი ჩვენი დამოკიდებულებით უნდა ვაჩვენოთ. მოციქული იოანე წერდა: „ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, ვერ ეყვარება ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს“ (1 იოან. 4:20). ამიტომ ღირს დაფიქრება შემდეგ კითხვებზე: ნამდვილად მიყვარს ადამიანები? ვარ თანამგრძნობი მაშინაც კი, თუ უხეშად მექცევიან? აღმძრავს სიყვარული, რომ ჩემი დრო და შესაძლებლობები მათ დასახმარებლად გამოვიყენო, ვისაც იეჰოვას გაცნობა სურს? მზად ვარ ასე მოვიქცე მაშინაც კი, თუ უმეტესობა არ აფასებს ჩემს მცდელობას და წინააღმდეგობასაც კი მიწევს? ვცდილობ, მეტი დრო დავუთმო მოწაფეების მომზადების საქმეს? (ეფეს. 5:15, 16).

10. როგორ უწყობდა იესო ხელს მშვიდობას?

10 იესო მშვიდობას უწყობდა ხელს. როცა ცუდად ეპყრობოდნენ, ის სამაგიეროს არავის უხდიდა. მეტიც, ყოველთვის ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებდა. იესო ასწავლიდა თავის მიმდევრებს, რომ თუ მოძმესთან მშვიდობას არ აღადგენდნენ, მათი თაყვანისცემა მიუღებელი იქნებოდა იეჰოვასთვის (მათ. 5:9, 23, 24). მან არაერთხელ დააშოშმინა მოციქულები, რომლებიც იმაზე დაობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის უდიდესი (ლუკ. 9:46—48; 22:24—27).

11. როგორ შევუწყოთ ხელი მშვიდობას?

11 მშვიდობისმყოფელები რომ ვიყოთ, უფრო მეტია საჭირო, ვიდრე კონფლიქტისთვის თავის არიდება. პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ მშვიდობის აღსადგენად და სხვებსაც მოვუწოდოთ უთანხმოებების მოგვარებისკენ (ფილ. 4:2, 3; იაკ. 3:17, 18). დავფიქრდეთ ასეთ კითხვებზე: მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო მშვიდობის აღსადგენად? თუ თანამორწმუნე მაწყენინებს, დავიბოღმები მასზე? მზად ვარ, არ დაველოდო სხვას და მე გადავდგა პირველი ნაბიჯი მშვიდობის აღსადგენად მაშინაც კი, თუ კონფლიქტის მიზეზი მეორე მხარეა? თუ ამის საშუალება მეძლევა, ვეხმარები სხვებს მშვიდობის აღდგენაში?

12. როგორ ავლენდა იესო სიკეთეს?

12 იესო კეთილად ეპყრობოდა სხვებს (მათ. 11:28—30). ის რბილი და დამთმობი იყო. მაგალითად, ერთხელ ფინიკიელმა ქალმა შვილის განკურნება სთხოვა იესოს. თავიდან მან უარი უთხრა, მაგრამ როცა ქალის რწმენა დაინახა, შეუსრულა სათხოვარი (მათ. 15:22—28). იესო კეთილი იყო, მაგრამ არა ზედმეტად ლმობიერი. ზოგჯერ ის სიკეთეს იმით ავლენდა, რომ მტკიცე და შეუვალი იყო მეგობრების მიმართ. მაგალითად, ერთხელ იესომ სხვა მოწაფეების წინაშე გაკიცხა პეტრე, რომელმაც მოინდომა, გადაერწმუნებინა ის, რომ თავი არ გაეწირა (მარ. 8:32, 33). იესოს ეს პეტრეს დასამცირებლად არ გაუკეთებია. ამით უბრალოდ ჭკუა ასწავლა და სხვა მოწაფეებიც გააფრთხილა, რომ ზედმეტის უფლება არ მიეცათ საკუთარი თავისთვის. ფაქტია, პეტრე გარკვეულ უხერხულობას იგრძნობდა, მაგრამ ეს კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა მისთვის.

13. როგორ გამოვიჩინოთ სიკეთე?

13 სიკეთე ზოგჯერ იმაში გამოიხატება, რომ თავს არ ვიკავებთ რჩევის მიცემისგან. ასეთ დროს მიჰბაძეთ იესოს და რჩევა ღვთის სიტყვაზე დააფუძნეთ. რბილად მიუდექით თანამორწმუნეებს და ნუ დაეჭვდებით მათში. გჯეროდეთ, რომ ისინი გაითვალისწინებენ თქვენს რჩევას, რადგან უყვართ იეჰოვა და უყვარხართ თქვენ. დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: მეყოფა გაბედულება, რომ რჩევა მივცე თანამორწმუნეს, თუ ის არასწორად იქცევა? როცა ვინმესთვის რჩევის მიცემა მიწევს, რბილად ვაძლევ თუ მკაცრად? გავღიზიანდი და ამიტომ ვაძლევ რჩევას თუ მისთვის სიკეთე მინდა?

14. რაში ჩანდა იესოს სიკარგე?

14 იესომ არამარტო იცოდა, რა იყო სწორი და კარგი, არამედ შესაბამისად იქცეოდა კიდეც. მამის სიყვარულით აღძრული იესო ყველაფერს სწორი მოტივით აკეთებდა. კარგი ადამიანი ეძებს სხვების დახმარების შესაძლებლობებს და ცდილობს, კარგი გაუკეთოს მათ. მხოლოდ იმის ცოდნა, რა არის სწორი, არ კმარა. უნდა ვაკეთებდეთ კიდეც, რაც სწორია, და თანაც, სწორი მოტივებით. მაგრამ ვინმეს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: ნუთუ შესაძლებელია, აკეთო ის, რაც სწორია, არასწორი მოტივით?! მაგალითად, იესომ თქვა, რომ ზოგი ისე უმართავდა ხელს გაჭირვებულს, რომ ამის შესახებ ყველას გაეგო. მაგრამ იეჰოვას თვალში ასეთ კარგ საქმეებს ჩალის ფასი ჰქონდა (მათ. 6:1—4).

15. რა შემთხვევაში ვიქნებით კარგი ადამიანები?

15 კარგი ადამიანები რომ ვიყოთ, უანგაროდ უნდა ვაკეთოთ ის, რაც სწორია. ჰკითხეთ საკუთარ თავს: თუ ვიცი, რა არის სწორი, ვაკეთებ კიდეც? და თუ ვაკეთებ, რა მოტივით?

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲣᲤᲠᲗᲮᲘᲚᲓᲔᲗ „ᲐᲮᲐᲚ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲔᲑᲐᲡ“

16. რას უნდა ვცდილობდეთ ყოველდღე და რატომ?

16 არ უნდა ვიფიქროთ, რომ ნათლობის შემდეგ „ახალი პიროვნებით“ შემოსვა აღარ გვჭირდება. „ახალ პიროვნებას“ ახალი ტანსაცმელივით უნდა გავუფრთხილდეთ. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ყოველდღე ვეცდებით „სულის ნაყოფის“ გამოვლენას. და რახან ამ „ნაყოფს“ ღვთის სული ანუ მისი მოქმედი ძალა წარმოშობს, ჩვენი მხრიდანაც მოქმდებაა საჭირო (დაბ. 1:2, სქოლიო). ამაზე მოწმობს მოწაფე იაკობის სიტყვებიც, რომელმაც დაწერა, რომ რწმენა მკვდარია საქმეების გარეშე (იაკ. 2:26). ეს ეხება „სულის ნაყოფში“ შემავალ ყველა სხვა თვისებასაც. ყოველთვის, როცა ამ თვისებებს ვავლენთ, ვაჩვენებთ, რომ ღვთის სული მოქმედებს ჩვენზე.

17. როგორ მოვიქცეთ, თუ ზოგჯერ ვერ გამოვავლენთ „სულის ნაყოფს“?

17 დიდი ხნის მონათლულ ქრისტიანებსაც შეიძლება გაუჭირდეთ დროდადრო „სულის ნაყოფის“ გამოვლენა. თუ ჩვენს შემთხვევაშიც ასე მოხდება, გული არ უნდა გავიტეხოთ. მაგალითად, საყვარელი ტანსაცმელი რომ გაგეხეთ, მაშინვე ნაგავში მოისვრით? რა თქმა უნდა, არა! ალბათ შეძლებისდაგვარად ეცდებით, გაკეროთ და სამომავლოდ უფრო მეტად მოუფრთხილდებით. მსგავსადვე, თუ ვინმესთან ურთიერთობისას ვერ გამოავლინეთ მოთმინება, სიკეთე ან სიყვარული, გულს ნუ გაიტეხთ, გულწრფელად მოიბოდიშეთ და ასე აღიდგინეთ ურთიერთობა. ყველანაირად ეცადეთ, რომ მომავალში იგივე არ გაიმეოროთ.

18. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

18 ბედნიერები ვართ, რომ იესომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა მისაბაძად. რაც უფრო გავითავისებთ მის აზროვნებას, მით უფრო დავემსგავსებით მას. და რაც უფრო მეტად მივბაძავთ მას, მით უკეთ გამოგვივა „ახალი პიროვნებით“ შემოსვა. ამ სტატიაში „სულის ნაყოფის“ მხოლოდ ოთხ თვისებაზე ვისაუბრეთ. კარგი იქნება, თუ „სულის ნაყოფის“ სხვა თვისებებსაც გამოვიკვლევთ და დავფიქრდებით, რამდენად კარგად ვავლენთ მათ. ამის შესახებ სტატიები შეგიძლიათ მოიძიოთ „იეჰოვას მოწმეების საკვლევ სახელმძღვანელოში“ თემით „ქრისტიანული ცხოვრება“, „სულის ნაყოფი“. გჯეროდეთ, თუ თქვენი მხრიდან ყველაფერს აკეთებთ, იეჰოვა დაგეხმარებათ, რომ შეიმოსოთ „ახალი პიროვნებით“ და გაუფრთხილდეთ მას.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 127 როგორი ადამიანი უნდა ვიყო

^ ჩვენი წარსულის მიუხედავად ყველას შეგვიძლია შევიმოსოთ „ახალი პიროვნებით“. ეს რომ შევძლოთ, მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ფიქრები და ვეცადოთ, მივბაძოთ იესოს. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ აზროვნებდა და მოქმედებდა იესო. იმაზეც ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას ნათლობის შემდეგაც.

^ გალატელების 5:22, 23-ში არ არის იმ თვისებების სრული ჩამონათვალი, რომელთაც ღვთის სული ავითარებს ჩვენში. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2020 წლის ივნისის „საგუშაგო კოშკი“, „მკითხველთა შეკითხვები“.