არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს

როგორ გავუმკლავდეთ საწუხარს

ᲡᲐᲬᲣᲮᲐᲠᲘ ტვირთივითაა, რომელიც გულს გვიმძიმებს (იგავ. 12:25). ზოგჯერ ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტის ატანას ვეღარ შეძლებთ? თუ ასეა, გახსოვდეთ, რომ მსგავსი გრძნობები ბევრს ეუფლება. ზოგს ავადმყოფის მოვლა უწევს, ზოგს საყვარელი ადამიანი გამოეცალა ხელიდან, სტიქიური უბედურება დაატყდა თავს ან სხვა სირთულეების გამო გამოიფიტა ფიზიკურად და ემოციურად. რა დაგვეხმარება საწუხართან გამკლავებაში? a

მეფე დავითის მაგალითის განხილვა დაგვანახვებს, როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ საწუხარს. მას უამრავ სირთულესთან უწევდა ჭიდილი. ზოგჯერ მის სიცოცხლესაც კი ემუქრებოდა საფრთხე (1 სამ. 17:34, 35; 18:10, 11). როგორ უმკლავდებოდა დავითი საწუხარს და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას?

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲛᲙᲚᲐᲕᲓᲔᲑᲝᲓᲐ ᲓᲐᲕᲘᲗᲘ ᲡᲐᲬᲣᲮᲐᲠᲡ

ზოგჯერ დავითს რამდენიმე განსაცდელი ერთდროულად ატყდებოდა თავს. მაგალითად გავიხსენოთ, რა შეემთხვა ერთხელ მეფე საულისგან დევნილ ღვთის ამ ერთგულ მსახურს. თავის ხალხთან ერთად ლაშქრობიდან დაბრუნებულს თავზარი დაეცა, როცა დაინახა, რომ მტრებს მათი ქონება გაეტაცებინათ, სახლები გადაეწვათ და ოჯახები ტყვედ წაესხათ. როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „ატირდნენ დავითი და მისი ხალხი და იქამდე მოთქვამდნენ, სანამ ძალა არ გამოელიათ“. ამას ისიც დაემატა, რომ დავითს ხალხმა ჩაქოლვა დაუპირა (1 სამ. 30:1—6). გამოდის, რომ ის სამი უდიდესი პრობლემის წინაშე იდგა. მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა, ხალხი ჩაქოლვას უპირებდა და მეფე საული მოსაკლავად დასდევდა. წარმოიდგინეთ, როგორი განადგურებული იქნებოდა დავითი!

როგორ მოიქცა დავითი ამის შემდეგ? ის იეჰოვას, თავის ღმერთს მიენდო და ასე გაიმხნევა თავი. როგორც ჩანს, ამჯერადაც დავითმა იეჰოვას მიმართა დახმარებისთვის და გაიხსენა, როგორ უჭერდა ის მხარს წარსულში (1 სამ. 17:37; ფსალმ. 18:2, 6). დავითს ესმოდა, რომ იეჰოვას გარეშე ამ სიტუაციას თავს ვერ გაართმევდა, ამიტომ მას სთხოვა ხელმძღვანელობა. მიიღო თუ არა ღვთისგან პასუხი, დავითმა მაშინვე იმოქმედა. შედეგად მან და მისმა ხალხმა იეჰოვას დახმარებით გამოიხსნეს ოჯახები და დაიბრუნეს ქონება (1 სამ. 30:7—9, 18, 19). შენიშნეთ, რა სამი ნაბიჯი გადადგა დავითმა? მან ლოცვით მიმართა იეჰოვას დახმარებისთვის, გაიხსენა, როგორ უჭერდა ის წარსულში მას მხარს და მიჰყვა იეჰოვას ხელმძღვანელობას. განვიხილოთ ეს სამი ნაბიჯი და გავიგოთ, როგორ მივბაძოთ დავითს.

ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲓᲐᲕᲘᲗᲡ, ᲠᲝᲪᲐ ᲡᲐᲬᲣᲮᲐᲠᲘ ᲒᲐᲒᲘᲩᲜᲓᲔᲑᲐᲗ

1. ილოცეთ. ყოველთვის, როცა საწუხარი გაგვიჩნდება, შეგვიძლია იეჰოვას ლოცვაში ვთხოვოთ, დაგვეხმაროს და სიბრძნე მოგვცეს. თუ ლოცვაში იეჰოვას გულს გადავუშლით და ყველა ჩვენს საწუხარს გავანდობთ, შვებას ვიგრძნობთ. მაგრამ თუ მდგომარეობა გვზღუდავს, შეგვიძლია გულში მოკლედ ვილოცოთ. როცა დახმარებისთვის იეჰოვას მივმართავთ, ისეთივე ნდობას ვავლენთ მისადმი, როგორიც დავითს ჰქონდა. მან თქვა: „იეჰოვაა ჩემი კლდე, ჩემი ციხესიმაგრე და მხსნელი. ჩემი ღმერთი ჩემი კლდეა, თავს ვაფარებ მას“ (ფსალმ. 18:2). მართლა გვიმსუბუქებს ლოცვა საწუხარს? აი, რას ამბობს ერთი პიონერი და კალიე: „ლოცვის შემდეგ სიმშვიდე მეუფლება. მიადვილდება საკითხებს იეჰოვას თვალით შევხედო და მისადმი ნდობა მიმტკიცდება“. ლოცვა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საწუხართან გასამკლავებლად.

2. გაიხსენეთ, როგორ გეხმარებოდათ იეჰოვა წარსულში. შეგიძლიათ გაიხსენოთ ისეთი შემთხვევები, როცა იეჰოვას დახმარების გარეშე განსაცდელს ვერ გაუმკლავდებოდით? ძალას გვმატებს და იეჰოვასადმი ნდობას გვიმტკიცებს იმაზე ფიქრი, როგორ გვეხმარებოდა ის წარსულში და როგორ ედგა ის მხარში თავის ერთგულ მსახურებს ძველად (ფსალმ. 18:17—19). აი, რას ამბობს ერთი უხუცესი სახელად ჯოშუა: „რომ არ დამვიწყებოდა, როგორ მიპასუხა იეჰოვამ კონკრეტულ ლოცვაზე და საჭირო დახმარება აღმომიჩინა, ჩამოვწერე, როდის რა ვთხოვე იეჰოვას“. დიახ, როცა ვფიქრობთ იმაზე, როგორ დაგვეხმარა იეჰოვა სხვადასხვა სიტუაციაში, ძალა გვემატება საწუხართან გასამკლავებლად.

3. იმოქმედეთ. სანამ ამა თუ იმ სიტუაციაში რამე გადაწყვეტილებას მივიღებთ, კარგი იქნება, თუ ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მივმართავთ (ფსალმ. 19:7, 11). როცა ღრმად ვიკვლევთ ბიბლიურ მუხლებს, უკეთ ვხედავთ, როგორ შეგვიძლია მათი გამოყენება ცხოვრებაში. აი, რას ამბობს ერთი უხუცესი ჯეროდი: „ამა თუ იმ მუხლის გამოკვლევა მეხმარება, უკეთ ჩავწვდე მის არსს და დავინახო, რისი თქმა სურს იეჰოვას ჩემთვის. ამის წყალობით მიადვილდება იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა“. როცა რჩევისთვის ღვთის სიტყვას მივმართავთ და მის ხელმძღვანელობას მივყვებით, უკეთ ვუმკლავდებით საწუხარს.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲗ ᲒᲐᲕᲣᲛᲙᲚᲐᲕᲓᲔᲑᲘᲗ ᲡᲐᲬᲣᲮᲐᲠᲡ

დავითს კარგად ესმოდა, რომ იეჰოვას დახმარების გარეშე საწუხარს ვერ გაუმკლავდებოდა. მადლიერმა დავითმა ასეთი სიტყვები დაწერა: „ჩემი ღვთის ძალით გალავანზეც გადავალ. ღმერთი მმოსავს თავისი ძალით“ (ფსალმ. 18:29, 32). ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ჩვენი პრობლემები გადაულახავი გალავანივითაა. მაგრამ იეჰოვას დახმარებით ნებისმიერ პრობლემას გავუმკლავდებით. დიახ, თუ ლოცვით ვთხოვთ იეჰოვას დახმარებას, ვიფიქრებთ იმაზე, რაც წარსულში გაუკეთებია ჩვენთვის და მის ხელმძღვანელობას მივყვებით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის მოგვცემს საჭირო ძალასა და სიბრძნეს საწუხართან გასამკლავებლად!

a თუ ადამიანი დიდი ხნის მანძილზე ვერ გამოდის მდგომარეობიდან, შეიძლება ექიმის დახმარება დასჭირდეს.