არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 18

ისწრაფეთ სულიერი მიზნებისკენ

ისწრაფეთ სულიერი მიზნებისკენ

„იფიქრე ამ ყველაფერზე, გულმოდგინედ აკეთე ეს ყოველივე და ყველასთვის ცხადი იქნება შენი წარმატება“ (1 ᲢᲘᲛ. 4:15).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 84 გვსურს, ყველას მივაწვდინოთ ხმა

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა შეგვიძლია დავისახოთ მიზნად?

 ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢ ქრისტიანებს ძალიან გვიყვარს იეჰოვა და გვინდა, რომ საუკეთესოდ შევასრულოთ ჩვენი მსახურება. ჩვენს შესაძლებლობებს მაქსიმალურად იმ შემთხვევაში გამოვიყენებთ, თუ დავისახავთ ისეთ სულიერ მიზნებს, როგორებიცაა: ქრისტიანული თვისებების განვითარება, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენა და სხვებზე ზრუნვა. b

2. რატომ უნდა დავისახოთ სულიერი მიზნები და ვისწრაფოთ მათკენ?

2 რატომ უნდა დავისახოთ სულიერი მიზნები? პირველ რიგში იმიტომ, რომ გული გავუხაროთ ჩვენს ზეციერ მამას. მას ძალიან ახარებს, როცა ჩვენს ნიჭსა და უნარს მაქსიმალურად ვახმართ მის განდიდებას. გარდა ამისა, გვინდა და-ძმებისთვისაც მეტი ვაკეთოთ (1 თეს. 4:9, 10). რამდენი ხანიც არ უნდა ვემსახურებოდეთ ღმერთს, ყველას შეგვიძლია სულიერი მიზნების დასახვა. მოდი ვნახოთ, როგორ.

3. პირველი ტიმოთეს 4:12—16-ის თანახმად, რისკენ მოუწოდა მოციქულმა პავლემ ტიმოთეს?

3 როცა პავლე მოციქულმა ტიმოთეს პირველი წერილი მისწერა, ის უკვე გამოცდილი უხუცესი იყო, მაგრამ მაინც მოუწოდა, რომ გაეგრძელებინა სულიერი წინსვლა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:12—16). პავლემ მას ორ მხარეზე გაუმახვილა ყურადღება. ერთი მხრივ, განევითარებინა ისეთი ქრისტიანული თვისებები, როგორებიცაა: სიყვარული, რწმენა და სიწმინდე; მეორე მხრივ, იმაში დახვეწილიყო, რისი კეთებაც ევალებოდა, კერძოდ, კითხვა, შეგონება და სწავლება. ტიმოთეს მაგალითიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ, როგორ დაგვეხმარება გონივრული მიზნების დასახვა სულიერ წინსვლაში. იმაზეც ვიმსჯელოთ, როგორ გავაფართოოთ მსახურება.

ᲒᲐᲜᲘᲕᲘᲗᲐᲠᲔᲗ ᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲣᲚᲘ ᲗᲕᲘᲡᲔᲑᲔᲑᲘ

4. ფილიპელების 2:19—22-დან გამომდინარე, რატომ იყო ტიმოთე ღვთისმოსაწონი მსახური?

4 ტიმოთე თავისი გამორჩეული ქრისტიანული თვისებების გამო გახდა იეჰოვას მოსაწონი მსახური (წაიკითხეთ ფილიპელების 2:19—22). ეს კარგად გამოჩნდა იქიდანაც, თუ როგორ დაახასიათა პავლემ ტიმოთე, რომ ის იყო თავმდაბალი, ერთგული, გულმოდგინე და სანდო, მოსიყვარულე და და-ძმებზე უანგაროდ მზრუნველი. ამიტომაც უყვარდა პავლეს ტიმოთე და მზად იყო, მისთვის საპასუხისმგებლო დავალებებიც მიენდო (1 კორ. 4:17). იეჰოვასაც უფრო შევაყვარებთ თავს და და-ძმებსაც უფრო მეტად გამოვადგებით, თუ ღვთის მოსაწონ თვისებებს განვივითარებთ (ფსალმ. 25:9; 138:6).

აირჩიეთ ის ქრისტიანული თვისება, რომლის გაუმჯობესებასაც ფიქრობთ (იხილეთ აბზაცები 5, 6).

5. ა) რა დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, რომელი ქრისტიანული თვისება გამოიმუშაოთ? ბ) როგორც სურათიდან ჩანს, როგორ ცდილობს ახალგაზრდა და, მიაღწიოს თავის მიზანს და გახდეს უფრო თანამგრძნობი?

5 დაისახეთ კონკრეტული მიზანი. ილოცეთ და იეჰოვას სთხოვეთ, დაგანახვოთ, რომელი თვისების განვითარება გჭირდებათ. შემდეგ არჩევანი რომელიმე კონკრეტულ თვისებაზე შეაჩერეთ, მაგალითად, განივითარეთ თანაგრძნობა ან გაიძლიერეთ სხვების დახმარების სურვილი, ეცადეთ, გახდეთ მშვიდობისმოყვარე და მიმტევებელი. გაუმჯობესებისთვის საჭირო რჩევა შეიძლება სანდო მეგობარმაც მოგცეთ (იგავ. 27:6).

6. როგორ მივაღწიოთ მიზანს და განვივითაროთ სასურველი თვისება?

6 ისწრაფეთ მიზნისკენ. მას შემდეგ, რაც მიზნად დაისახავთ კონკრეტული თვისების გაუმჯობესებას, კარგად გამოიკვლიეთ ის. მაგალითად, თუ გინდათ, რომ უფრო მიმტევებელი გახდეთ, ბიბლიიდან გამოიკვლიეთ მათი მაგალითები, ვინც მიმტევებელი იყო ან პირიქით, არ იყო. მიმტევებლობის საუკეთესო მაგალითი იესომ დაგვიტოვა (ლუკ. 7:47, 48). ის სხვების შეცდომებს კი არა, მათ პოტენციურ შესაძლებლობებს ხედავდა. მისგან განსხვავებით ფარისევლები ხალხს „ზემოდან უყურებდნენ“ (ლუკ. 18:9). ამ მაგალითების განხილვისას, დაფიქრდით: რას უფრო ადვილად ვამჩნევ სხვებში, ცუდს თუ კარგს? თუ გიჭირთ ვინმეს პატიება, ჩამოწერეთ ამ ადამიანის ყველა კარგი თვისება, რაც გაგახსენდებათ. შემდეგ დაფიქრდით: როგორ უყურებს იესო ამ ადამიანს? აპატიებდა იესო მას? ასეთი კვლევა დაგვეხმარება ამ საკითხს სხვა თვალით შევხედოთ. თავიდან შეიძლება გაგვიჭირდეს პატიება, მაგრამ თუ ყველანაირად ვეცდებით მიმტევებლები ვიყოთ, ადრე თუ გვიან გამოგვივა ეს.

ᲨᲔᲘᲫᲘᲜᲔᲗ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲣᲜᲐᲠ-ᲩᲕᲔᲕᲔᲑᲘ

გამოავლინეთ ინიციატივა და შეიძინეთ ჩვენი დარბაზების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები (იხილეთ აბზაცი 7). e

7. იგავების 22:29-ის თანახმად, რა საქმეებს ახორციელებს იეჰოვა თავისი მარჯვე მსახურების მეშვეობით?

7 კიდევ ერთი მიზანი, რაც შეგიძლიათ დაისახოთ, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაა. წარმოიდგინეთ, რამდენი მუშახელია საჭირო თეოკრატიული შენობების ასაშენებლად. ბევრმა მშენებლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გამოცდილ და-ძმებზე დაკვირვებით შეიძინა. როგორც სურათზეა ნაჩვენები, ძმებიცა და დებიც ჩვენი შენობების მოვლა-პატრონობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს იძენენ. იეჰოვა, „მარადიულობის მეფე“ და იესო ქრისტე, „მეფეთა მეფე“, ამ მარჯვე და-ძმების მეშვეობით მრავალ გასაოცარ საქმეს ახორციელებენ (1 ტიმ. 1:17; 6:15; წაიკითხეთ იგავების 22:29). გვინდა, რომ ჩვენი შრომითა და უნარით, იეჰოვა განვადიდოთ და არა საკუთარი თავი (იოან. 8:54).

8. როგორ შეგიძლიათ დაისახოთ კონკრეტული მიზანი?

8 დაისახეთ კონკრეტული მიზანი. თუ ვერ გადაგიწყვეტიათ, რომელი უნარ-ჩვევა უნდა შეიძინოთ, რჩევა ჰკითხეთ კრების უხუცესებს ან თუნდაც სარაიონო ზედამხედველს. თუ გირჩევენ, რომ უნდა დაიხვეწოთ, როგორც მომხსენებელი და მასწავლებელი, ჰკითხეთ, კონკრეტულად რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, შემდეგ კი შესაბამისი ნაბიჯები გადადგით. რა შეიძლება იყოს ეს?

9. როგორ შეგიძლიათ, ისწრაფოთ მიზნისკენ და უკეთესი მასწავლებელი გახდეთ?

9 ისწრაფეთ მიზნისკენ. მაგალითად, თუ გსურთ, უკეთესი მასწავლებელი გახდეთ, გამოიკვლიეთ ბროშურა „გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი“. როცა შუა კვირის შეხვედრაზე დავალებას მოგცემენ, რომელიმე გამოცდილ ძმას სთხოვეთ, რომ წინასწარ მოისმინოს თქვენი დავალება და შესაბამისი რჩევები მოგცეთ. გახსოვდეთ, მხოლოდ უნარიანობა არ კმარა. ეცადეთ, რომ სანდო და გულმოდგინე ადამიანის რეპუტაცია შეიძინოთ (იგავ. 21:5; 2 კორ. 8:22).

10. როგორ დავიხვეწოთ იმაში, რაც ბუნებრივად კარგად არ გამოგვდის? მოიყვანეთ მაგალითი.

10 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ გინდათ ისეთ რამეში დაიხვეწოთ, რაც ბუნებრივად კარგად არ გამოგდით? ადვილად არ დანებდეთ. მაგალითად, ერთ ძმას, გარის, ძალიან უჭირდა კითხვა, რის გამოც რცხვენოდა კრებაზე ხმამაღლა წაკითხვა. მაგრამ გულმოდგინებისა და სხვების დახმარების წყალობით მან წარმატებას მიაღწია და ახლა კრებებზე თუ კონგრესებზე მოხსენებებსაც კითხულობს.

11. ტიმოთეს მსგავსად, რა დაგვეხმარება მეტი გავაკეთოთ იეჰოვას მსახურებაში?

11 ბიბლია არაფერს ამბობს იმაზე, გახდა თუ არა ტიმოთე დიდი ორატორი ან გამორჩეული მასწავლებელი. მაგრამ ფაქტია, თუ ტიმოთემ პავლეს რჩევა გაითვალისწინა, უკეთესად გაართმევდა თავს თავის პასუხისმგებლობებს (2 ტიმ. 3:10). მსგავსადვე, თუ ჩვენც დავხვეწავთ უნარ-ჩვევებს, უფრო მეტი დავალების შესრულებას შევძლებთ.

ᲓᲐᲤᲘᲥᲠᲓᲘᲗ, ᲠᲐ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲝᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

12. როგორ ამოგიდგნენ თანაქრისტიანები მხარში?

12 დროდადრო ყველას გვჭირდება ერთმანეთის მხარში დგომა. მაგალითად, როგორ გაგვახარებს, თუ საავადმყოფოში მოგვინახულებენ პაციენტთა მონახულების ჯგუფებსა თუ საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტებში მომსახურე ძმები. როგორი მადლიერი ვიქნებით, თუ მზრუნველი უხუცესი დროს გამოყოფს, რომ მოგვისმინოს და გვანუგეშოს განსაცდელის დროს. თუ ბიბლიის შესწავლის ჩატარება გვიჭირს, როგორ დავაფასებთ იმ გამოცდილ პიონერს, რომელიც შესწავლაში შემოგვიერთდება და პრაქტიკულ რჩევებს მოგვცემს. ეს და-ძმები სიხარულით გვიწევენ დახმარებას. ჩვენც გამოვცდით მსგავს სიხარულს, თუ სხვებს მზადყოფნით გავუწვდით დახმარების ხელს. იესომაც ხომ თქვა, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). თუ თქვენც გინდათ, მეტი გააკეთოთ სხვებისთვის, რა დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში?

13. რა უნდა გახსოვდეთ მიზნის დასახვის დროს?

13 ეცადეთ, რომ თქვენი მიზნები ზოგადი არ იყოს. მაგალითად, თუ მიზნად დაისახავთ, რომ კრებაში მეტი აკეთოთ, გაგიჭირდებათ იმის განსაზღვრა, როგორ მიაღწიოთ ამ მიზანს და ვერც იმას დაინახავთ, მიაღწიეთ თუ არა. ამიტომ აჯობებს კონკრეტული, ნათელი მიზნები დაისახოთ. შეგიძლიათ დაწეროთ კიდეც, რა მიზანს ისახავთ და როგორ აპირებთ მის მიღწევას.

14. რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა მიზნებს ვისახავთ?

14 როცა მიზნებს ვისახავთ, მზად უნდა ვიყოთ ცვლილებებისთვის და ეს იმიტომ, რომ მოვლენების განვითარება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამაზე მოწმობს პავლეს შემთხვევაც. მას შემდეგ, რაც პავლემ თესალონიკეში ქრისტიანული კრება დააარსა, მიზნად დაისახა ქალაქში დარჩენა და ახალმოქცეული ქრისტიანების დახმარება. მაგრამ მოწინააღმდეგეების გამო, პავლე იძულებული გახდა, ქალაქი დაეტოვებინა (საქ. 17:1—5, 10). ის რომ ქალაქში დარჩენილიყო, იქაურ ძმებს საფრთხეს შეუქმნიდა. მაგრამ პავლეს გული არ გაუტეხია. ის შეეგუა ცვლილებებს და და-ძმების დასახმარებლად სხვა გზები გამონახა. მოგვიანებით მან ტიმოთე გაგზავნა თესალონიკეში ახალმოქცეული ქრისტიანების გასამხნევებლად (1 თეს. 3:1—3). როგორ გაიხარებდნენ თესალონიკელები, რომ ტიმოთე მზადყოფნით ჩავიდა მათ დასახმარებლად.

15. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს მიზნებზე შეცვლილმა გარემოებებმა? მოიყვანეთ მაგალითი.

15 რაც პავლეს თესალონიკეში შეემთხვა, ჩვენთვისაც ყურადსაღებია. შეიძლება ჩვენც გვინდა მსახურების ამა თუ იმ სფეროში მონაწილეობა, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს ვერ შევძლოთ (ეკლ. 9:11). თუ თქვენ შემთხვევაშიც ასეა, მაშინ სხვა მიზანი დაისახეთ. ასე მოიქცა ერთი ცოლ-ქმარი, ტედი და ჰაიდი. გაუარესებული ჯანმრთელობის გამო მათ ბეთელის დატოვება მოუწიათ, მაგრამ ამას მათში მსახურების სურვილი არ გაუნელებია. ამიტომ თავიდან პიონერებად დაიწყეს მსახურება, შემდეგ ისინი სპეციალურ პიონერებად დაინიშნენ; ტედი სარაიონო ზედამხედველის დამხმარედაც მსახურობდა. მაგრამ, მას შემდეგ, რაც სარაიონო ზედამხედველად მსახურების ასაკობრივი ზღვარი შეიცვალა, ტედსა და ჰაიდის მოუწიათ ამ მსახურების შეწყვეტა. მართალია, გული დასწყდათ, მაგრამ იმასაც მიხვდნენ, რომ შეეძლოთ სხვა სახით გაეგრძელებინათ მსახურება. ტედი ამბობს: „დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ მსახურების მხოლოდ ერთ ფორმაზე არ უნდა იყო მიჯაჭვული“.

16. რას ვსწავლობთ გალატელების 6:4-დან?

16 ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი დავალება განსაზღვრავს იმას, რამდენად ძვირფასი ვიქნებით იეჰოვას თვალში და არც ის ღირს, რომ სულ მუდამ სხვების დავალებებს შევნატროდეთ. ჰაიდი ამბობს: „შინაგან სიმშვიდეს დაკარგავ, თუ შენს ცხოვრებას სხვების ცხოვრებას შეადარებ“ (წაიკითხეთ გალატელების 6:4). აჯობებს იმაზე ვიფიქროთ, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იეჰოვასთვის და და-ძმებისთვის. c

17. რა შეგიძლიათ გააკეთოთ შედარებით დიდი მიზნის მისაღწევად?

17 თუ ცხოვრებას არ გაირთულებთ და მოერიდებით არასაჭირო ვალებს, უფრო ადვილად შეძლებთ მსახურების გაფართოებას. შედარებით დიდი მიზნების მისაღწევად თანდათანობით გადადგით ნაბიჯები. მაგალითად, თუ პიონერად მსახურება გინდათ, შეგიძლიათ მანამდე განუსაზღვრელი ვადით დამხმარე პიონერობა მოსინჯოთ. თუ კრებაში მომსახურეობა გსურთ, ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ მსახურებას და ავადმყოფი თუ ასაკოვანი და-ძმების მონახულებას. შეძენილი გამოცდილება მომავალში ახალი დავალებების შესრულებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი გულმოდგინედ აკეთოთ (რომ. 12:11).

დაისახეთ რეალური მიზნები (იხილეთ აბზაცი 18). f

18. რა შეგვიძლია ვისწავლოთ სურათზე ნაჩვენები დის მაგალითიდან?

18 რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, ყველას შეგვიძლია დავისახოთ სულიერი მიზნები. მაგალითად, 75 წლის დას, ბევერლის, ჯანმრთელობის გამო სიარული უჭირს, მაგრამ მას ძალიან უნდოდა აქტიური მონაწილეობა მიეღო გახსენების საღამოს კამპანიაში. ამ მიზნის მისაღწევად მან კონკრეტული გეგმა შეადგინა. საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი დარჩა, რადგან შეძლო მიზნის მიღწევა. მისმა მაგალითმა სხვებსაც მისცა მეტის კეთების სტიმული. მართალია, ასაკოვან და-ძმებს მდგომარეობა ზღუდავს, მაგრამ იეჰოვა ძალიან აფასებს იმას, რასაც მისთვის აკეთებენ (ფსალმ. 71:17, 18).

19. რა სულიერი მიზნების დასახვა შეგვიძლია?

19 დაისახეთ რეალური მიზნები. გამოიმუშავეთ ღვთისმოსაწონი თვისებები. შეიძინეთ საჭირო უნარ-ჩვევები, რომ იეჰოვასთვის და მისი ორგანიზაციისთვის მეტის გაკეთება შეძლოთ. იფიქრეთ იმაზე, რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ უფრო მეტად ამოუდგეთ მხარში და-ძმებს. d დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას დახმარებით ყველასთვის ცხადი იქნება თქვენი წარმატება (1 ტიმ. 4:15).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ

a მართალია, ტიმოთე სასიხარულო ცნობის გამოცდილი მქადაგებელი იყო, მაგრამ პავლე მოციქულმა მოუწოდა მას, რომ კვლავაც გაეგრძელებინა სულიერი წინსვლა. პავლეს რჩევის გათვალისწინებით ტიმოთე უფრო მეტის გაკეთებას შეძლებდა იეჰოვასთვის და და-ძმებისთვის. თუ ტიმოთეს მსგავსად თქვენც გსურთ მეტად დაიხარჯოთ იეჰოვასთვის და და-ძმებისთვის, სულიერი მიზნები უნდა დაისახოთ. რა დაგეხმარებათ ამ მიზნების დასახვასა და მიღწევაში?

b ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: სულიერი მიზნები მოიცავს ყველაფერს, რის მიღწევასაც ვაპირებთ იმისთვის, რომ უფრო მეტად ვემსახუროთ იეჰოვას და გული გავუხაროთ მას.

c იხილეთ წიგნი „ორგანიზებულად ვასრულებთ იეჰოვას ნებას“, თავი 10, „მსახურება იქ, სადაც მეტი საჭიროებაა“, აბზ. 6—9.

d იხილეთ წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, მე-60 გაკვეთილი, „კვლავაც დაუახლოვდით იეჰოვას“.

e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა ორ დას უხსნის, როგორ შეასრულონ ტექნიკური სამუშაო. დები წარმატებით ართმევენ თავს დავალებას.

f ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: და, რომელიც სახლიდან ვერ გადის, ტელეფონით ქადაგებს და ხალხს გახსენების საღამოზე ეპატიჟება.