არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 24

იეჰოვას მიმტევებლობა უბადლოა

იეჰოვას მიმტევებლობა უბადლოა

„იეჰოვა, რაოდენ კარგი და მიმტევებელი ხარ; სიყვარულს არ იშურებ მისთვის, ვინც გიხმობს“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 86:5).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 42 ღვთის მსახურის ლოცვა

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა უცილობელი ჭეშმარიტებაა ჩაწერილი ეკლესიასტეს 7:20-ში?

 ᲛᲔᲤᲔ სოლომონი წერდა: „არ არსებობს დედამიწაზე მართალი კაცი, რომელიც ყოველთვის კარგს აკეთებდეს და არასოდეს სცოდავდეს“ (ეკლ. 7:20). ეს სიტყვები სრული ჭეშმარიტებაა. ყველანი ცოდვილები ვართ (1 იოან. 1:8). ამიტომაც ყველას გვჭირდება პატიება როგორც ღვთისგან, ისე მოყვასისგან.

2. რა გრძნობა გვეუფლება, როცა მეგობარი გვპატიობს?

2 ალბათ ყველას გვიწყენინებია მეგობრისთვის, მაგრამ სიტუაცია რომ გამოგვესწორებინა და ურთიერთობა აღგვედგინა, გულწრფელად მოგვიბოდიშებია. და როცა მეგობარს უპატიებია ჩვენთვის, დიდი სიხარული და შვება გვიგრძნია.

3. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

3 ყველას გვინდა, რომ იეჰოვა ჩვენი უახლოესი მეგობარი იყოს. მაგრამ დროდადრო ისეთ რამეს ვამბობთ ან ვაკეთებთ, რითაც მას გულს ვტკენთ. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა მზად არის, მოგვიტევოს? რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ იეჰოვას მიმტევებლობა უბადლოა? დაბოლოს, ვის პატიობს ის?

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲛᲖᲐᲓ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲐᲢᲘᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

4. რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა მზადაა პატიებისთვის?

4 როგორც ღვთის სიტყვიდან ჩანს, იეჰოვა მზად არის პატიებისთვის. მან სინაის მთაზე მოსეს ანგელოზის მეშვეობით ასე აღუწერა თავი: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე, თანამგრძნობი და სულგრძელი ღმერთია, გულუხვია სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასების მიმართ იჩენს სიყვარულს, პატიობს დანაშაულს, ურჩობასა და ცოდვას“ (გამ. 34:6, 7). იეჰოვა კეთილი და გულმოწყალე ღმერთია და ყოველთვის მზადაა, აპატიოს მომნანიებელ შემცოდველს (ნეემ. 9:17; ფსალმ. 86:15).

იეჰოვამ კარგად იცის, რამ ჩამოგვაყალიბა ისეთებად, როგორებიც ვართ (იხილეთ აბზაცი 5).

5. ფსალმუნის 103:13, 14-დან გამომდინარე, როგორ გვეპყრობა იეჰოვა და რატომ?

5 გვაოცებს ის ფაქტი, რომ იეჰოვამ, ჩვენმა შემოქმედმა ყველა წვრილმანი იცის დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის შესახებ (ფსალმ. 139:15—17). მისთვის ცნობილია, რა ცოდვილი მიდრეკილებები გადმოგვეცა მემკვიდრეობით მშობლებისგან. მეტიც, მან კარგად იცის, რამ ჩამოგვაყალიბა ისეთებად, როგორებიც ვართ. რახან იეჰოვა ასე კარგად გვიცნობს, ამიტომაც ავლენს ჩვენდამი გულმოწყალებას (ფსალმ. 78:39; წაიკითხეთ ფსალმუნის 103:13, 14).

6. როგორ გვიჩვენა იეჰოვამ, რომ ჩვენი პატიება სურს?

6 იეჰოვამ ისიც კარგად იცის, რომ ყველანი ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობაში პირველი ადამიანის, ადამის, დაუმორჩილებლობის გამო აღმოვჩნდით (რომ. 5:12). ჩვენით ვერასდროს დავაღწევდით თავს ამ ტყვეობას და ვერც სხვას დავეხმარებოდით ამაში (ფსალმ. 49:7—9). მაგრამ რახან ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს ძალიან სურდა ჩვენი პატიება, გულმოწყალება გამოავლინა და დაგვიხსნა ამ ტყვეობიდან. რა გააკეთა მან ამისთვის? როგორც იოანეს 3:16-დან ვიგებთ, იეჰოვამ გამოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომ ჩვენთვის მომკვდარიყო (მათ. 20:28; რომ. 5:19). იესომ ყველასთვის იგემა სიკვდილი, რათა დაეხსნა ყველა, ვინც მას ირწმუნებდა (ებრ. 2:9). რა მტკივნეული იქნებოდა იეჰოვასთვის იმის დანახვა, როგორი მტანჯველი და დამამცირებელი სიკვდილისთვის გაიმეტეს მისი ძე! ეჭვგარეშეა, ღმერთს ჩვენი პატიება რომ არ ნდომებოდა, ამას არ დაუშვებდა.

7. რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ იეჰოვა მზად არის პატიებისთვის?

7 ბიბლია მრავალ ადამიანზე მოგვითხრობს, რომლებსაც იეჰოვამ დიდსულოვნად აპატია (ეფეს. 4:32). თქვენ ვინ გახსენდებათ? შესაძლოა ბოროტი მეფე მენაშე, რომელიც საზიზღარ საქმეებს სჩადიოდა იეჰოვას თვალში. მან მთელი ერი კერპთაყვანისმცემლობაში ჩააბა, საკუთარი შვილებიც არ დაინდო და წარმართულ ღვთაებებს შესწირა მსხვერპლად. მენაშემ ცრუ ღმერთის ქანდაკებაც კი დადგა იეჰოვას წმინდა ტაძარში. ბიბლია მასზე ასეთ რამეს ამბობს: „დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში და შეურაცხყოფდა მას“ (2 მატ. 33:2—7). მაგრამ, როცა გულწრფელად მოინანია, იეჰოვამაც დიდსულოვნად აპატია და მეფობაც კი დაუბრუნა (2 მატ. 33:12, 13). შესაძლოა მეფე დავითიც გახსენდებათ, რომელმაც არაერთი სერიოზული ცოდვა, მათ შორის მრუშობა და მკვლელობა, ჩაიდინა. მაგრამ, როცა მთელი გულით მოინანია და თავისი დანაშაული აღიარა, იეჰოვამ მასაც აპატია (2 სამ. 12:9, 10, 13, 14). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა მზადაა, ჩვენც გვაპატიოს. და როგორც ამ სტატიიდან დავინახავთ, მისი მიმტევებლობა გაცილებით აღემატება ჩვენსას.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲣᲑᲐᲓᲚᲝ ᲛᲘᲛᲢᲔᲕᲔᲑᲚᲝᲑᲐ

8. რატომაა იეჰოვა უბადლო მოსამართლე?

8 იეჰოვა მთელი დედამიწის მოსამართლეა (დაბ. 18:25). როგორც წესი, კარგი მოსამართლე კარგად უნდა ერკვეოდეს კანონებში. ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია იეჰოვაზე, რადგან ის მხოლოდ მოსამართლე კი არა, ჩვენი კანონმდებელიცაა (ეს. 33:22). მასავით არავის შეუძლია სწორისა და არასწორის გარჩევა. კიდევ რა ახასიათებს კარგ მოსამართლეს? განაჩენის გამოტანამდე მას უნდა შეეძლოს ყველა შესაბამისი ფაქტის აწონ-დაწონა. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა უბადლო მოსამართლეა.

9. რის საფუძველზე წყვეტს იეჰოვა, მიუტევოს თუ არა შემცოდველს?

9 ადამიანებისგან განსხვავებით იეჰოვა სრულ სურათს ხედავს და ყველა ფაქტი იცის (დაბ. 18:20, 21; ფსალმ. 90:8). ის მხოლოდ გაგონილით და დანახულით არ აკეთებს დასკვნებს. მას კარგად ესმის, რა გავლენას ახდენს ადამიანის საქციელზე მისი გენეტიკა, აღზრდა, გარემო და ემოციური თუ ფსიქიკური მდგომარეობა. მეტიც, იეჰოვა იმასაც ხედავს, რა აქვს ადამიანს გულში. მან იცის თითოეული ადამიანის მოტივები, გულის ზრახვები და სურვილები. იეჰოვას თვალს არაფერი გამოეპარება (ებრ. 4:13). ის ყველა დეტალის გათვალისწინებით წყვეტს, მიუტევოს თუ არა შემცოდველს.

იეჰოვა სამართლიანი და მიუკერძოებელია, მისი მოსყიდვა შეუძლებელია (იხილეთ აბზაცი 10).

10. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იეჰოვა ყოველთვის ყველაფერს სამართლიანად და მიუკერძოებლად განსჯის? (კანონი 32:4).

10 იეჰოვა ყოველთვის ყველაფერს სამართლიანად და მიუკერძოებლად განსჯის. ის გარეგნობის, სიმდიდრის, სტატუსის, უნარისა თუ ნიჭის საფუძველზე არ განსაზღვრავს, აპატიოს თუ არა ვინმეს (1 სამ. 16:7; იაკ. 2:1—4). იეჰოვას ვერავინ ვერ მოისყიდის და ვერც დააძალებს რამეს (2 მატ. 19:7). მის გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს გაღიზიანება ან მეტისმეტი ლმობიერება (გამ. 34:7). ეჭვგარეშეა, იეჰოვა საუკეთესო მოსამართლეა, რადგან ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ და ბოლომდე სწვდება სიტუაციას (წაიკითხეთ კანონის 32:4).

11. რატომ არის იეჰოვას მიმტევებლობა უბადლო?

11 ებრაული წერილებიდან კარგად ჩანს, რომ იეჰოვას მიმტევებლობა შეუდარებელია. როგორც ერთ წყაროშია ნათქვამი, ებრაულ წერილებში ვხვდებით სიტყვას, რომელიც „მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მიერ ცოდვილის შენდობის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს სიტყვა არასდროს გამოიყენება ადამიანების მიერ გამოვლენილი მიმტევებლობის კონტექსტში“. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია მომნანიებელი შემცოდველის ცოდვები სრულად გააბათილოს. რის საშუალებას გვაძლევს იეჰოვას მიმტევებლობა?

12, 13. ა) რას განიცდის ის ადამიანი, რომელსაც იეჰოვამ აპატია? ბ) რას ნიშნავს ის, თუ იეჰოვამ გვაპატია?

12 როცა ვიაზრებთ, რომ იეჰოვამ გვაპატია, გამოცოცხლებას ვგრძნობთ, რადგან შინაგანი სიმშვიდე გვეუფლება და აღარც სინდისი გვაწუხებს. ასეთი გრძნობა მხოლოდ იეჰოვას მიმტევებლობის შედეგად გვეუფლება (საქ. 3:19). როცა იეჰოვა გვპატიობს, ის ისე აღადგენს ჩვენთან ურთიერთობას, რომ ბზარიც არ რჩება.

13 თუ იეჰოვამ გვაპატია, არასდროს დაგვდებს ბრალს და არ დაგვსჯის წარსულში ჩადენილი ცოდვის გამო (ეს. 43:25; იერ. 31:34). იეჰოვა, ასე ვთქვათ, ისე გვაშორებს ცოდვებს, „როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან“ b (ფსალმ. 103:12). იეჰოვას მიმტევებლობაზე ფიქრი ჩვენში მადლიერებასა და კრძალვას იწვევს (ფსალმ. 130:4). მაგრამ ვის იწყალებს იეჰოვა?

ᲕᲘᲡ ᲞᲐᲢᲘᲝᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ?

14. როგორ იღებს იეჰოვა გადაწყვეტილებას, აპატიოს თუ არა ვინმეს?

14 როგორც დავინახეთ, ცოდვის სიმძიმეზე არ არის დამოკიდებული, აპატიებს თუ არა იეჰოვა ვინმეს. ისიც გავიგეთ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იეჰოვა იმ ცოდნას იყენებს, რომელსაც ფლობს, როგორც შემოქმედი, კანონმდებელი და მოსამართლე. რა ფაქტორებს იღებს ის მხედველობაში?

15. ლუკას 12:47, 48-ის თანახმად, რას ითვალისწინებს იეჰოვა?

15 ერთ-ერთი ფაქტორი, რომელსაც იეჰოვა იღებს მხედველობაში, ის არის, აცნობიერებს თუ არა ადამიანი ცოდვის ჩადენისას, რომ რაღაცას აშავებს. ეს კარგად ჩანს ლუკას 12:47, 48-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან (წაიკითხეთ). თუ ადამიანი განზრახ სჩადის ისეთ დანაშაულს, რომელზეც კარგად იცის, რომ იეჰოვასთვის მიუღებელია, სერიოზულად სცოდავს. ასეთ ადამიანს შეიძლება იეჰოვამ არც კი აპატიოს (მარ. 3:29; იოან. 9:41). თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ვიცით და მაინც ვაშავებთ. შეგვიძლია გვქონდეს ასეთ დროს იეჰოვას გულმოწყალების იმედი? დიახ. ამას მივყავართ კიდევ ერთ ფაქტორამდე, რომელსაც იეჰოვა ითვალისწინებს.

უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვა გვაპატიებს, თუ გულწრფელად ვინანიებთ (იხილეთ აბზაცები 16, 17).

16. რა იგულისხმება მონანიებაში და რატომაა ის მნიშვნელოვანი?

16 კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც იეჰოვა იღებს მხედველობაში, ის არის, გულწრფელად ინანიებს თუ არა შემცოდველი. ვინც ინანიებს, იცვლის აზრს, დამოკიდებულებასა და მიზანს. ის წუხს ჩადენილის ან იმის გამო, რომ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მომნანიებელი ადამიანი არა მხოლოდ ჩადენილ დანაშაულს განიცდის, არამედ იმ სულიერ მდგომარეობასაც, რომელმაც ცოდვამდე მიიყვანა. მენაშემაც და დავითმაც მძიმე ცოდვები ჩაიდინეს, მაგრამ იეჰოვამ აპატია, რადგან გულწრფელად მოინანიეს (1 მეფ. 14:8). დიახ, შემცოდველს რომ აპატიოს, იეჰოვამ მასში მონანიების ნიშნები უნდა დაინახოს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ჩადენილი ცოდვის ან ცოდვიანი ცხოვრების გამო წუხილი არ კმარა. მნიშვნელოვანია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაც. c სწორედ ამას მივყავართ კიდევ ერთ ფაქტორამდე, რომელსაც იეჰოვა ითვალისწინებს.

17. რას ნიშნავს ღვთისკენ მობრუნება და რატომაა ეს მნიშვნელოვანი? (ესაია 55:7).

17 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ღვთისკენ მობრუნებაა. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, იეჰოვამ უნდა დაინახოს, რომ ადამიანმა მიატოვა ცოდვიანი ცხოვრების გზა და მისთვის მოსაწონი ცხოვრების გზა აირჩია (წაიკითხეთ ესაიას 55:7). მან უნდა შეიცვალოს აზროვნება და გარდაიქმნას, რათა იეჰოვას შეხედულებები გაითავისოს (რომ. 12:2; ეფეს. 4:23). მან მტკიცედ უნდა გადაწყვიტოს, რომ არასდროს დაუბრუნდება უწინდელ ცხოვრების წესს (კოლ. 3:7—10). თუმცა იეჰოვამ რომ გვაპატიოს და ცოდვისგან განგვწმინდოს, უნდა გვწამდეს, რომ ქრისტეს მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს. იეჰოვა ამ მსხვერპლის საფუძველზე გვპატიობს, როცა ხედავს, რომ მთელი გულით ვცდილობთ გამოსწორებას (1 იოან. 1:7).

ᲒᲥᲝᲜᲓᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲛᲢᲔᲕᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲘᲛᲔᲓᲘ

18. რა გავიგეთ ამ სტატიიდან იეჰოვას მიმტევებლობაზე?

18 მოდი მიმოვიხილოთ ამ სტატიაში განხილული მთავარი აზრები. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვას მიმტევებლობაში ვერავინ შეედრება. რის საფუძველზე ვამბობთ ამას? პირველი, ის ყოველთვის მზადაა, გვაპატიოს. მეორე, ის კარგად გვიცნობს და ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ; ამიტომ ყველაზე კარგად ის დაინახავს, რამდენად გულწრფელია ჩვენი სინანული. და მესამე, როცა იეჰოვა გვპატიობს, ის, ასე ვთქვათ, ჩვენთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან იწყებს. ამის წყალობით სუფთა სინდისი გვაქვს და ვგრძნობთ მის კეთილგანწყობილებას.

19. რატომ არ უნდა დავკარგოთ სიხარული მიუხედავად იმისა, რომ ცოდვას ვერ ავერიდებით?

19 ცხადია, სანამ არასრულყოფილები ვართ, ცოდვას ვერ ავერიდებით. თუმცა ამ მხრივ ძალიან მანუგეშებელი აზრია მოყვანილი „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“, სტატიაში „მონანიება“: „ვინაიდან იეჰოვა გულმოწყალეა და ითვალისწინებს თავისი მსახურების სისუსტეებს, თანდაყოლილი არასრულყოფილებით ჩადენილი შეცდომების გამო მათ მუდმივად არ უნდა ქენჯნიდეთ სინდისი (ფს. 103:8—14; 130:3). თუ ისინი კეთილსინდისიერად დადიან ღვთის გზაზე, მათ არა აქვთ სიხარულის დაკარგვის მიზეზი (ფლ. 4:4—6; 1ინ. 3:19—22)“.

20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

20 მადლიერები ვართ, რომ იეჰოვა მზად არის, გვაპატიოს, როცა ჩვენში გულწრფელ სინანულს ხედავს. ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას მიმტევებლობაში? რა მსგავსება და რა სხვაობაა ღვთიურ და ადამიანურ მიმტევებლობას შორის? რატომ უნდა გვესმოდეს ეს განსხვავება? მომდევნო სტატიაში პასუხს გავცემთ ამ კითხვებზე.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 45 ჩემი გულის ზრახვები

a თავისი სიტყვის მეშვეობით იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ყოველთვის მზად არის, აპატიოს მომნანიებელ შემცოდველს. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მისი პატიების ღირსი არ ვართ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი ყოველთვის მზადაა, გვაპატიოს, თუკი გულწრფელად ვინანიებთ ჩადენილს.

c ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: „მონანიება“ აღნიშნავს წარსულში ჩადენილი არასწორი საქციელისა თუ ცუდი ჩვევის გამო ან რაიმეს შეუსრულებლობით გამოწვეულ გულწრფელ სინანულს და გამოსწორების სურვილს. ნამდვილ მონანიებას თან ახლავს შესაბამისი ნაყოფი სათანადო ცვლილებების სახით.