არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 25

იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც სხვებს პატიობს

იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც სხვებს პატიობს

„როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (ᲙᲝᲚ. 3:13).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 130 იყავი მიმტევებელი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რაში არწმუნებს იეჰოვა მომნანიებელ შემცოდველებს?

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐ არა მარტო ჩვენი შემოქმედი, კანონმდებელი და მოსამართლეა, არამედ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამაცაა (ფსალმ. 100:3; ეს. 33:22). როცა მის წინაშე ვცოდავთ და გულწრფელად ვინანიებთ, ის მზადყოფნით გვპატიობს (ფსალმ. 86:5). წინასწარმეტყველ ესაიას პირით ის გვარწმუნებს: „ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება“ (ეს. 1:18).

2. რა უნდა გავაკეთოთ, რომ მეგობრული ურთიერთობა შევინარჩუნოთ სხვებთან?

2 არავინ არ ვართ სრულყოფილები, ამიტომ შიგადაშიგ სიტყვითა თუ საქმით გულს ვტკენთ ერთმანეთს (იაკ. 3:2). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას ვერ შევინარჩუნებთ. ეს სავსებით შესაძლებელია, თუ მიმტევებლები ვიქნებით (იგავ. 17:9; 19:11; მათ. 18:21, 22). როცა საქმე პატარ-პატარა წყენებს ეხება, იეჰოვა მოელის, რომ ვაპატიებთ ერთმანეთს (კოლ. 3:13). რახან იეჰოვა მრავლის მიმტევებელია, მით უმეტეს ჩვენ არ უნდა გამოვეკიდოთ სხვის პატარა შეცდომებს (ეს. 55:7).

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ მივბაძოთ ჩვენ, არასრულყოფილმა ადამიანებმა, იეჰოვას და ვიყოთ მიმტევებლები. აგრეთვე გავიგებთ, რა შემთხვევაში უნდა შევატყობინოთ ცოდვის შესახებ უხუცესებს. რატომ მოგვიწოდებს იეჰოვა, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს? რას ვსწავლობთ იმ თანამორწმუნეებისგან, რომლებიც სერიოზულად დაზარალდნენ სხვების საქციელის გამო?

ᲠᲝᲪᲐ ᲡᲐᲥᲛᲔ ᲡᲔᲠᲘᲝᲖᲣᲚ ᲪᲝᲓᲕᲐᲡ ᲔᲮᲔᲑᲐ

4. ა) რა უნდა გააკეთოს სერიოზული ცოდვის ჩამდენმა? ბ) რა როლს ასრულებენ უხუცესები, როცა საქმე სერიოზულ ცოდვას ეხება?

4 სერიოზული ცოდვების შესახებ უხუცესებს უნდა შევატყობინოთ. ასეთი ცოდვების არასრულ ჩამონათვალს 1 კორინთელების 6:9, 10-ში ვხვდებით. სერიოზული ცოდვის ჩამდენი უხეშად არღვევს ღვთის კანონს. მან ლოცვით უნდა სთხოვოს პატიება იეჰოვას და დახმარებისთვის უხუცესებს მიმართოს (ფსალმ. 32:5; იაკ. 5:14). რა როლი აკისრიათ უხუცესებს? მხოლოდ იეჰოვაა უფლებამოსილი, რომ იესოს მსხვერპლის საფუძველზე გააბათილოს ვინმეს ცოდვა. თუმცა მან უხუცესებს იმის პასუხისმგებლობა მიანდო, რომ ღვთის სიტყვიდან გამომდინარე განსაზღვრონ, უნდა დარჩეს თუ არა შემცოდველი კრებაში (1 კორ. 5:12). უხუცესები უნდა დაფიქრდნენ შემდეგ კითხვებზე: იყო თუ არა ცოდვა განზრახ ჩადენილი? ცდილობდა შემცოდველი ცოდვის დამალვას? არაერთგზის ჩაიდინა ეს ცოდვა? რაც ყველაზე მთავარია, მეტყველებს რამე მის გულწრფელ სინანულზე? მიანიშნებს რამე იმაზე, რომ იეჰოვამ აპატია მას? (საქ. 3:19).

5. რა დადებითი შედეგები მოაქვს უხუცესების მიერ მიღებულ ზომებს?

5 როცა უხუცესები შემცოდველს ხვდებიან, მათი მიზანია, ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც ეთანხმება ზეცაში უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას (მათ. 18:18). როგორ ემსახურება ეს კრების კეთილდღეობას? ასეთი ღონისძიების წყალობით კრებაში ვერ დარჩებიან მოუნანიებელი შემცოდველები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ იეჰოვას ძვირფას ცხვარს (1 კორ. 5:6, 7, 11—13; ტიტ. 3:10, 11). ამასთანავე, ამან შეიძლება შემცოდველი აღძრას, რომ მოინანიოს და იეჰოვას მიმტევებლობით ისარგებლოს (ლუკ. 5:32). უხუცესები ილოცებენ მომნანიებელი შემცოდველისთვის და იეჰოვას სთხოვენ, რომ მას სულიერად გამოჯანსაღებაში დაეხმაროს (იაკ. 5:15).

6. შესაძლებელია თუ არა, იეჰოვამ აპატიოს გარიცხულს? ახსენით.

6 დავუშვათ, შემცოდველთან უხუცესების შეხვედრის დროს გაირკვევა, რომ ის არ ინანიებს. ასეთ შემთხვევაში ის გაირიცხება კრებიდან. თუ მან ქვეყნის კანონი დაარღვია, უხუცესები ხელს არ დააფარებენ მას. იეჰოვამ ხელისუფლებას მისცა იმის უფლებამოსილება, რომ გაასამართლოს და დასაჯოს ნებისმიერი, ვინც დაარღვევს კანონს, იმისდა მიუხედავად, ინანიებს თუ არა (რომ. 13:4). თუ მოგვიანებით შემცოდველი გონს მოეგება, გულწრფელად მოინანიებს და მობრუნდება, იეჰოვა მზად არის, აპატიოს (ლუკ. 15:17—24). და ეს ასე იქნება, თუნდაც მას სერიოზული ცოდვები ჰქონდეს ჩადენილი (2 მატ. 33:9, 12, 13; 1 ტიმ. 1:15).

7. რას ნიშნავს ვაპატიოთ მას, ვინც ჩვენ წინააღმდეგ შესცოდა?

7 რამხელა შვებაა იმის ცოდნა, რომ ჩვენი გადასაწყვეტი არაა, იმსახურებს თუ არა შემცოდველი იეჰოვასგან პატიებას. მაგრამ ჩვენც გვიწევს გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა ვინმე ჩვენ წინააღმდეგ სჩადის ცოდვას. მან შეიძლება მოიბოდიშოს და პატიება გვთხოვოს, ან შეიძლება არც კი. ამ დროს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვაპატიებთ, ანუ გულიდან ამოვიღებთ წყენასა და ბრაზს. ფაქტია, ეს იოლი არ არის და შეიძლება დიდი დროც დასჭირდეს, მით უმეტეს, თუ ძალიან გვატკინეს გული. 1994 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რამ ეწერა: „როცა მიუტევებ მწყენინებელს, ეს არ ნიშნავს, რომ შენ თვალს ხუჭავ ცოდვაზე. ქრისტიანისთვის ეს ნიშნავს მთელი გულით მიანდო საქმე იეჰოვას. ის არის მთელი სამყაროს სამართლიანი მსაჯული და სამართალს სათანადო დროს განახორციელებს“. რატომ მოგვიწოდებს იეჰოვა, რომ ვაპატიოთ და სამართლის აღსრულება მას მივანდოთ?

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲛᲝᲒᲕᲘᲬᲝᲓᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ, ᲠᲝᲛ ᲕᲐᲞᲐᲢᲘᲝᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲡ?

8. საიდან გამოჩნდება, რომ ვაფასებთ იეჰოვას გულმოწყალებას?

8 მიმტევებლობით ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას გულმოწყალებას. ერთ-ერთ იგავში იესომ იეჰოვა შეადარა ბატონს, რომელმაც ძალიან დიდი ვალი აპატია თავის მონას, რომელსაც მისი გადახდა არ შეეძლო. თუმცა ამ მონამ სხვა მონას გაცილებით მცირე ვალი არ აპატია (მათ. 18:23—35). რისი თქმა სურდა იესოს ამ იგავით? თუ ნამდვილად ვაფასებთ გულმოწყალებას, რომელსაც იეჰოვა იჩენს ჩვენ მიმართ, მზად ვიქნებით, რომ სხვებსაც ვაპატიოთ (ფსალმ. 103:9). წლების წინ ერთ-ერთ „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო: „რამდენჯერაც არ უნდა მივუტევოთ მოყვასს, ჩვენი გულმოწყალება მაინც ვერ გაუტოლდება ღვთის გულმოწყალებასა და მიმტევებლობას, რომელსაც ჩვენდამი ქრისტეს მეშვეობით ავლენს“.

9. ვის მიმართ იჩენს იეჰოვა გულმოწყალებას? (მათე 6:14, 15).

9 იეჰოვა პატიობს მათ, ვინც სხვებს პატიობს. ვინც სხვების მიმართ გულმოწყალებას ავლენს, თავადაც შეწყალებული იქნება (მათ. 5:7; იაკ. 2:13). ამაზე იესომაც გაამახვილა ყურადღება ლოცვაში, რომელიც მოწაფეებს ასწავლა (წაიკითხეთ მათეს 6:14, 15). ეს აზრი იქიდანაც იკვეთება, რაც იეჰოვამ საუკუნეებით ადრე თავის ერთგულ მსახურ იობს უთხრა. ელიფაზმა, ბილდადმა და ცოფარმა თავიანთი მწარე სიტყვებით ძალიან ატკინეს იობს გული. მაგრამ იეჰოვამ იობს ურჩია, რომ ელოცა მათთვის. ის ასეც მოიქცა, რისთვისაც იეჰოვამ აკურთხა (იობ. 42:8—10).

10. რატომ არის საზიანო წყენის გულში ჩატოვება? (ეფესოელები 4:31, 32).

10 წყენის გულში ჩატოვება ისევ ჩვენ გვაყენებს ზიანს. იეჰოვას არ უნდა, რომ გული ბოღმით დავიმძიმოთ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:31, 32). ამიტომაც მოგვიწოდებს: „მოეშვი რისხვას და ნუღარ ბრაზობ“ (ფსალმ. 37:8). ეს რჩევა ნამდვილად გონივრულია, რადგან გულისწყრომა უარყოფითად აისახება ჩვენს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე (იგავ. 14:30). გულში წყენის ჩატოვება შხამის დალევას ჰგავს. ფაქტია, თუ შხამს ვსვამთ, ჩვენ მოვიწამლებით და არა ვინმე სხვა. ასე რომ, როცა ვპატიობთ და წყენას ვივიწყებთ, საკუთარ თავს ვრგებთ, რადგან შინაგანი სიმშვიდე გვეუფლება და იეჰოვასაც მეტი ხალისით ვემსახურებით (იგავ. 11:17).

11. რას ვიგებთ ბიბლიიდან შურისძიების შესახებ? (რომაელები 12:19—21).

11 შურისძიება იეჰოვას უფლებამოსილებაა. იეჰოვას ჩვენთვის არ მოუცია შურისძიების უფლება (წაიკითხეთ რომაელების 12:19—21). მისგან განსხვავებით ჩვენ სამართლიანად ვერ განვსჯით ყველაფერს (ებრ. 4:13). ზოგჯერ შეიძლება ამაში ხელი ემოციებმა შეგვიშალოს. ღვთის შთაგონებით იაკობი წერდა: „კაცის რისხვა ხელს უშლის ღვთის სიმართლეს“ (იაკ. 1:20). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა ყველაფერს მიხედავს და სრულყოფილად აღასრულებს სამართალს.

მოეშვით რისხვას და ბრაზს. იეჰოვას მიანდეთ სამართლის აღსრულება. ის აღმოფხვრის ყველა ზიანს, რაც სხვისმა ცოდვამ მოგვაყენა (იხილეთ აბზაცი 12).

12. როგორ ვაჩვენოთ, რომ გვჯერა იეჰოვას სამართლიანობის?

12 მიმტევებლობით ვაჩვენებთ, რომ გვჯერა იეჰოვას სამართლიანობის. თუ იეჰოვას ვანდობთ სამართლის აღსრულებას, მაშასადამე გვჯერა, რომ ის აღმოფხვრის ყველა იმ ზიანს, რაც სხვისმა ცოდვამ მოგვაყენა. ღვთის მიერ აღთქმულ ქვეყნიერებაში მტკივნეული მოგონებები აღარავის შეაწუხებს და „გულსაც არავის დაუმძიმებს“ (ეს. 65:17). მაგრამ რამდენად რეალურია, რომ მოვერიოთ ბრაზსა და წყენას, თუ ძალიან გვატკინეს გული? ვისაუბროთ მათ მაგალითებზე, ვინც ეს შეძლო.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲕᲐᲙᲣᲠᲗᲮᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲛᲘᲛᲢᲔᲕᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

13, 14. რა ისწავლეთ ტონისა და ხოსეს შემთხვევიდან?

13 ბევრმა ჩვენმა და-ძმამ შეძლო პატიება მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტკივილი განიცადეს სხვების დანაშაულის გამო. როგორ აკურთხა იეჰოვამ ისინი მიმტევებლობისთვის?

14 მაგალითად, ფილიპინებში ერთმა მამაკაცმა, ტონიმ b გაიგო, რომ მისი უფროსი ძმა ვინმე ხოსემ მოკლა. იმ დროს ტონი ძალიან აგრესიული და მოძალადე იყო. მან შურისძიება გადაწყვიტა. ხოსე დანაშაულისთვის დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. მოგვიანებით, როცა ხოსე გაათავისუფლეს, ტონიმ დაიფიცა, რომ იპოვიდა და მოკლავდა მას. ამისთვის იარაღიც ჰქონდა შეძენილი. ამასობაში მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. ტონი იხსენებს: „შესწავლის დროს მივხვდი, რომ უნდა შევცვლილიყავი და რისხვა დამეცხრო“. საბოლოოდ ტონი მოინათლა და მოგვიანებით კრებაში უხუცესადაც დაინიშნა. წარმოიდგინეთ, როგორ გაუკვირდებოდა იმის გაგება, რომ ხოსეც იეჰოვას მოწმე გახდა. როცა ერთმანეთს შეხვდნენ, თბილად გადაეხვივნენ. ტონიმ ხოსეს უთხრა, რომ აპატია. როგორც ტონი ამბობს, რთულია, სიტყვებით გადმოსცე ის სიხარული, რაც მან პატიების შედეგად იგრძნო. აშკარად, იეჰოვამ აკურთხა ტონი მიმტევებლობისთვის.

როგორც პიტერისა და სიუს შემთხვევიდან ჩანს, ჩვენც შეგვიძლია მოვერიოთ გულისწყრომასა და ბრაზს (იხილეთ აბზაცები 15, 16).

15, 16. რა ისწავლეთ პიტერისა და სიუს შემთხვევიდან?

15 1985 წელს პიტერი და სიუ კრების შეხვედრას ესწრებოდნენ, როცა მოულოდნელად ძლიერი აფეთქება მოხდა. უცნობმა მამაკაცმა დარბაზში ბომბი დაამონტაჟა. სიუმ სერიოზული დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც სმენა და მხედველობა დაუქვეითდა. ამასთანავე ყნოსვაც დაკარგა. c პიტერი და სიუ ხშირად ფიქრობდნენ, რა ბოროტი უნდა ყოფილიყო ამის ჩამდენი. წლების შემდეგ დამნაშავე დაიჭირეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. აი, რას ამბობენ პიტერი და სიუ: „ღვთის სიტყვიდან ვიცით, რომ რისხვა და ბრაზი ჩვენვე გვაზიანებს ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად. ამიტომ თავიდანვე ვთხოვდით იეჰოვას, დაგვხმარებოდა, რომ ბოღმა და რისხვა არ ჩაგვედო გულში და ცხოვრება გაგვეგრძელებინა“.

16 პიტერისა და სიუსთვის ადვილი არ ყოფილა ბოროტმოქმედის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა. ისინი გულწრფელად ამბობენ: „შიგადაშიგ, როცა სიუს ტრავმები თავს გვახსენებს, ბრაზი გვერევა. მაგრამ ვცდილობთ, ამაზე ბევრი არ ვიფიქროთ, ამიტომ უარყოფითი გრძნობებიც მალევე ქრება. გულწრფელად ვამბობთ, თუ ეს კაცი ოდესმე ჩვენი ძმა გახდება, გულთბილად შევხვდებით. პირადი გამოცდილებით ვისწავლეთ, რომ ბიბლიური პრინციპები ბევრი ტვირთისგან გვათავისუფლებს და წარმოუდგენლად დიდ შვებას გვანიჭებს. გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ მალე იეჰოვა ყველანაირ ზარალს აანაზღაურებს“.

17. რას გვასწავლის მირას შემთხვევა?

17 მირა გათხოვილი იყო და ორი პატარა ბავშვი ჰყავდა, როცა ჭეშმარიტება გაიგო. მისი მეუღლე მის რელიგიურ შეხედულებებს არ იზიარებდა. გარდა ამისა, უღალატა და ოჯახიც მიატოვა. მირა გულწრფელად ამბობს: „როცა ჩემმა ქმარმა ორ ბავშვთან ერთად მიმატოვა, ყველა ის გრძნობა დამეუფლა, რასაც საყვარელი ადამიანის ღალატი იწვევს. თავზარდაცემული ვიყავი, ვერ ვიჯერებდი მომხდარს, ვნანობდი და თავს ვიდანაშაულებდი, ზოგჯერ ბრაზი მერეოდა“. მირას ქმართან დაშორების შემდეგაც სტკიოდა გული ღალატის გამო. ის ამბობს: „ეს გრძნობები თვეების მანძილზე მოსვენებას არ მაძლევდა. მივხვდი, რომ ამის გამო იეჰოვასთან და სხვებთან ურთიერთობა მიფუჭდებოდა“. მირა ახლა უკვე აღარ ბრაზობს და აღარც მტრული დამოკიდებულება აქვს ყოფილი ქმრის მიმართ. იმედი აქვს, რომ ის ერთ მშვენიერ დღეს იეჰოვას დაუახლოვდება. მირა ცდილობს, მთელი ყურადღება მომავალზე გადაიტანოს. მან მარტომ აღზარდა ორივე შვილი და ახლა ისინი იეჰოვას მსახურები არიან. დღესდღეობით მირა თავის შვილებთან და მათ ოჯახებთან ერთად სიხარულით ემსახურება ღმერთს.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲡᲐᲛᲐᲠᲗᲐᲚᲘ ᲡᲠᲣᲚᲧᲝᲤᲘᲚᲘᲐ

18. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

18 რა ბედნიერებაა იმის ცოდნა, რომ ჩვენ არ მოგვიწევს იმის გადაწყვეტა, ვინ როგორ გასამართლდება! ამას უზენაესი მოსამართლე იეჰოვა გადაწყვეტს (რომ. 14:10—12). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის არასდროს მოიქცევა უსამართლოდ და ყოველთვის თავისი სრულყოფილი სამართლიანი ნორმებით გაასამართლებს (დაბ. 18:25; 1 მეფ. 8:32).

19. რას მოიტანს იეჰოვას სამართლიანობა?

19 მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა იეჰოვა საბოლოოდ აღმოფხვრის ცოდვის შედეგებს. მაშინ ფიზიკური და ემოციური ჭრილობები საბოლოოდ მოგვიშუშდება (ფსალმ. 72:12—14; გამოცხ. 21:3, 4). მტკივნეული მოგონებები აღარასდროს შეგვაწუხებს. მანამდე კი, მოდი მივბაძოთ იეჰოვას, რომელმაც პატიების უნარი გვიბოძა!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 18 მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის

a იეჰოვა მზად არის, მიუტევოს მომნანიებელ შემცოდველს. ჩვენ, ქრისტიანებს, გვსურს, მივბაძოთ მას და მივუტევოთ მწყენინებელს. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა სახის ცოდვები უნდა მივუტევოთ ჩვენ და რა სახის ცოდვები უნდა შევატყობინოთ უხუცესებს. აგრეთვე ვიმსჯელებთ, რატომ სურს იეჰოვას, რომ მიმტევებლები ვიყოთ და როგორ გვაკურთხებს ამისთვის.

b ზოგი სახელი შეცვლილია.