არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 27

„იეჰოვაზე დაამყარე იმედი!“

„იეჰოვაზე დაამყარე იმედი!“

„გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე! იეჰოვაზე დაამყარე იმედი!“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 27:14).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 128 ბოლომდე მოვითმინოთ

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. ა) რისი იმედი მოგვცა იეჰოვამ? ბ) რას ნიშნავს, იეჰოვაზე დავამყაროთ იმედი? (იხილეთ „განმარტება“).

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ შესანიშნავი იმედი უბოძა ყველა თავის მოყვარულს. მალე ის ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას, მწუხარებასა და სიკვდილს (გამოცხ. 21:3, 4). ღვთის დახმარებით მისი მოიმედე თვინიერი ადამიანები დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ (ფსალმ. 37:9—11). იეჰოვა საშუალებას მოგვცემს, რომ გაცილებით თბილი და ახლო ურთიერთობა ვიქონიოთ მასთან, ვიდრე ახლა გვაქვს. რა საუცხოო იმედია! მაგრამ, რა გვაძლევს საფუძველს, დავიჯეროთ, რომ ღვთის განზრახვები შესრულდება? იეჰოვა არასდროს არღვევს თავის პირობას, სწორედ ამიტომ ვამყარებთ იმედს მასზე b (ფსალმ. 27:14). ჩვენი იმედი კი იმაში ჩანს, რომ მოთმინებითა და სიხარულით ველოდებით ღვთის განზრახვების შესრულებას (ეს. 55:10, 11).

2. რომელი დაპირება შეასრულა უკვე იეჰოვამ?

2 იეჰოვამ უკვე დაგვიმტკიცა, რომ თავისი სიტყვის შემსრულებელია. ამის ნათელი მაგალითია ის, რასაც „გამოცხადებაში“ დაგვპირდა. კერძოდ იმას, რომ ჩვენს დროში „უამრავი ხალხი“ ყველა ერიდან, ტომიდან და ენიდან გაერთიანებულად სცემდა მას თაყვანს. ეს ასეც მოხდა (გამოცხ. 7:9, 10). ეს ჯგუფი აერთიანებს სხვადასხვა რასის, ენის, წარმომავლობის, სქესისა თუ ასაკის ადამიანს. ამ მრავალფეროვნების მიუხედავად ისინი ერთ მშვიდობიან საერთაშორისო საძმოს ქმნიან (ფსალმ. 133:1; იოან. 10:16). „უამრავი ხალხი“ გულმოდგინედ ქადაგებს. ისინი ყოველთვის მზად არიან, უკეთესი მომავლის შესახებ ესაუბრონ სხვებს (მათ. 28:19, 20; გამოცხ. 14:6, 7; 22:17). ყველასთვის, ვინც ამ ჯგუფს მიეკუთვნება, ნათელი მომავლის იმედი ძალიან ძვირფასია.

3. რა არის სატანის მიზანი?

3 სატანას სურს, რომ იმედი დავკარგოთ. მისი მიზანია, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვას არ ვანაღვლებთ და არც თავისი დაპირებების შესრულებას აპირებს. თუ იმედს დავკარგავთ, მხნეობაც წაგვერთმევა და შეიძლება იეჰოვასაც კი ვაქციოთ ზურგი. სწორედ ამის მიღწევას ცდილობდა ეშმაკი იობის შემთხვევაში.

4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში? (იობი 1:9—12)

4 ამ სტატიაში განვიხილავთ, რა ტაქტიკას მიმართა სატანამ, რომ იობი ღვთისგან ჩამოეშორებინა (წაიკითხეთ იობის 1:9—12). იმაზეც ვიმსჯელებთ, რას გვასწავლის იობის მაგალითი და რატომ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ის ყოველთვის ასრულებს თავის დაპირებებს.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲓᲐ ᲡᲐᲢᲐᲜᲐ, ᲠᲝᲛ ᲘᲝᲑᲡ ᲘᲛᲔᲓᲘ ᲓᲐᲔᲙᲐᲠᲒᲐ?

5, 6. როგორ შეიცვალა იობის მდგომარეობა ერთი ხელის მოსმით?

5 იობი ბედნიერად ცხოვრობდა. ის ღვთისმოშიში იყო და ძალიან უყვარდა იეჰოვა. ჰყავდა დიდი შეკრული ოჯახი და სიმდიდრეც არ აკლდა (იობ. 1:1—5). მაგრამ ერთ დღეში თითქმის ყველაფერი დაკარგა — ჯერ ქონება, მერე კი — საყვარელი შვილები. ალბათ ხვდებით, რამხელა ტრაგედია დატრიალდა მის ოჯახში. მშობლებს ერთი შვილის სიკვდილიც კი ანადგურებს, იობმა და მისმა ცოლმა კი ათივე შვილი დაკარგეს! წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ისინი. სასოწარკვეთილმა იობმა ტანსაცმელი შემოიხია და პირქვე დაემხო (იობ. 1:13—20).

6 სატანა ამას არ დასჯერდა და იობისთვის ღირსება რომ შეელახა, საშინელი სენი შეჰყარა (იობ. 2:6—8; 7:5). ერთ დროს იობი პატივდებული კაცი იყო. ხალხი მას ეკითხებოდა ჭკუას (იობ. 29:7, 8, 21). ახლა კი ყველამ ზურგი აქცია. არც ძმები ეკარებოდნენ, არც მეგობრები და არც თავისი მონები (იობ. 19:13, 14, 16).

ბევრ იეჰოვას მსახურს გამოუცდია იობის მსგავსი ტკივილი (იხილეთ აბზაცი 7). d

7. ა) ვინ ეგონა იობს თავისი უბედურების მიზეზი, მაგრამ რა არ გააკეთა? ბ) როგორ შეიძლება დღეს ქრისტიანი სურათზე ნაჩვენებ მდგომარეობაში აღმოჩნდეს?

7 სატანა ცდილობდა, ისეთი შთაბეჭდილება შექმნოდა იობს, რომ ყველა უბედურება იეჰოვამ დაატეხა. მაგალითად, სატანის მიერ მოვლენილმა ძლიერმა ქარმა ჩამოაქცია სახლი, სადაც იობის შვილები ნადიმობდნენ (იობ. 1:18, 19). მან აგრეთვე ცეცხლი მოავლინა ციდან და იობის მთელი ფარა მსახურებთან ერთად გაანადგურა (იობ. 1:16). აშკარა იყო, რომ ქარიცა და ცეცხლიც ზებუნებრივი ძალით იყო მოვლენილი. ამიტომ იობმა დაასკვნა, რომ ღმერთი სჯიდა. მიუხედავად ამისა, იობს აუგად არაფერი უთქვამს მასზე. იობმა ჩათვალა, რომ თუ წლების მანძილზე კარგს იღებდა ღვთისგან, მზად უნდა ყოფილიყო ცუდის მისაღებადაც. მან ასეთი სიტყვები თქვა: „კვლავაც იდიდოს იეჰოვას სახელმა!“ (იობ. 1:20, 21; 2:10). მიუხედავად იმისა, რომ ქონებაც დაკარგა, შვილებიც და ჯანმრთელობაც, იობს ზურგი არ შეუქცევია იეჰოვასთვის. მაგრამ სატანამ მას ესეც არ აკმარა.

8. კიდევ რა ტაქტიკას მიმართა სატანამ?

8 სატანამ კიდევ ერთი ტაქტიკა გამოიყენა იობის წინააღმდეგ. ის იობის სამი ვაი-მეგობრის მეშვეობით შეეცადა, საბოლოოდ გაეთელა მისთვის ღირსება. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ იობს მთელი ეს უბედურება თავისი არაერთი დანაშაულის გამო დაატყდა (იობ. 22:5—9). ისინი იმაშიც ცდილობდნენ მის დარწმუნებას, რომ რასაც ის ღვთისთვის აკეთებდა, ფასი არ ჰქონდა (იობ. 4:18; 22:2, 3; 25:4). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ იმის თქმა სურდათ, რომ ღმერთს არ უყვარდა იობი, არ ზრუნავდა მასზე და არც მის მსახურებას ჰქონდა ფასი. მათ სიტყვებს თავისუფლად შეეძლო იობი სასოწარკვეთილებამდე მიეყვანა.

9. რამ მისცა იობს ყველაფრის ატანის ძალა?

9 წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: იობი ნაცარში ზის და გაუყუჩებელი ტკივილით იტანჯება (იობ. 2:8). მისი ვაი-მეგობრები თავიანთი სიტყვებით მას მიწასთან ასწორებენ. თავს დატეხილი არაერთი განსაცდელი, მათ შორის შვილების სიკვდილით გამოწვეული ტკივილი, გულს უკლავს იობს. თავიდან იობი დუმს (იობ. 2:13—3:1). თუ მის ვაი-მეგობრებს ეს იმის ნიშნად მიაჩნიათ, რომ იობი ზურგს აქცევს თავის შემოქმედს, მწარედ ცდებიან. რაღაც მომენტში იობი თავს სწევს და შესაძლოა მათი მისამართით ამბობს: „სანამ ცოცხალი ვარ, არ ვუღალატებ ღმერთს!“ (იობ. 27:5). რატომ ვერ გატეხა განსაცდელებმა იობი? უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, მას არ დაუკარგავს იმედი, რომ მოსიყვარულე ღმერთი საბოლოოდ შვებას მოჰგვრიდა. მას სჯეროდა, რომ რომც მომკვდარიყო, იეჰოვა გააცოცხლებდა (იობ. 14:13—15).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲛᲘᲕᲑᲐᲫᲝᲗ ᲘᲝᲑᲡ

10. რას ვიგებთ იობის ისტორიიდან?

10 იობის მაგალითიდან ვიგებთ, რომ სატანა ვერ გვაიძულებს, ზურგი ვაქციოთ იეჰოვას და იეჰოვამ ყოველთვის იცის, რა ხდება ჩვენს თავს. იობის მაგალითი იმასაც გვანახვებს, თუ რა ხდება საკამათო ამა თუ იმ სიტუაციაში. ახლა კონკრეტულად შევეხოთ რამდენიმე საკითხს, რისი სწავლაც შეგვიძლია იობისგან.

11. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, თუ ბოლომდე ვენდობით იეჰოვას? (იაკობი 4:7)

11 იობის მაგალითი გვარწმუნებს, რომ თუ ბოლომდე ვენდობით იეჰოვას, ნებისმიერ განსაცდელს ავიტანთ და წინ აღვუდგებით სატანას. მეტიც, ეშმაკი გაგვეცლება კიდეც (წაიკითხეთ იაკობის 4:7).

12. როგორ გააძლიერა მკვდრეთით აღდგომის იმედმა იობი?

12 მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ აღდგომა ნამდვილად იქნება. როგორც წინა სტატიაში იყო აღნიშნული, სატანა ხშირად სიკვდილის შიშს იყენებს იმისთვის, რომ ერთგულება დაგვათმობინოს. სატანა ირწმუნებოდა, რომ თავის გადასარჩენად იობი ყველაფერზე წავიდოდა, ღმერთსაც კი უღალატებდა. მაგრამ სატანა მწარედ ცდებოდა. ყველაზე მძიმე წუთებშიც კი, როცა სიკვდილს ჩახედა თვალებში, იობს ღმერთი არ დაუგმია. იობი დარწმუნებული იყო იეჰოვას სიკეთეში და არ კარგავდა იმედს, რომ საბოლოოდ ღმერთი ყველაფერს გამოასწორებდა. სწორედ ეს აძლევდა ყველაფრის ატანის ძალას. მას სჯეროდა, რომ მის სიცოცხლეში რომც არაფერი შეცვლილიყო, იეჰოვა არ დაივიწყებდა და ადრე თუ გვიან მკვდრეთით აღადგენდა. თუ იობის მსგავსად მკვდრეთით აღდგომა ჩვენთვისაც რეალური იმედია, სიკვდილის შიშით არ წავალთ კომპრომისზე და ზურგს არ შევაქცევთ ღმერთს.

13. რატომ უნდა გვახსოვდეს, რა ტაქტიკას მიმართა სატანამ იობის შემთხვევაში?

13 უნდა გვახსოვდეს, რა მეთოდები გამოიყენა სატანამ იობის წინააღმდეგ, რადგან ის მსგავს მეთოდებს ჩვენ წინააღმდეგაც იყენებს. ყურადღება მიაქციეთ, რა ბრალდება წამოაყენა სატანამ: „სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი“ და არა მხოლოდ იობი (იობ. 2:4, 5). ამით მას იმის თქმა სურდა, რომ ჩვენ არ გვიყვარს იეჰოვა და მაშინვე ზურგს შევაქცევთ მას, ოღონდ თავი გადავირჩინოთ. გარდა ამისა, მას სურს დაგვარწმუნოს, რომ ღმერთს არ ვუყვარვართ და მისთვის სულერთია ჩვენი მსახურება. რახან ვიცით სატანის ტაქტიკა, აღარ ვიჯერებთ მის სიცრუეს.

14. რას ააშკარავებს განსაცდელები თუ სირთულეები? მოიყვანეთ მაგალითი.

14 სხვადასხვა სირთულე თუ განსაცდელი საკუთარი თავის უკეთ დანახვის საშუალებას გვაძლევს. იობმა განსაცდელების დროს უკეთ დაინახა, რა ჰქონდა გამოსასწორებელი. მაგალითად, ის მიხვდა, რომ მეტი თავმდაბლობა სჭირდებოდა (იობ. 42:3). ერთი ძმა, ნიკოლაი, c რომელიც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიუხედავად მაინც დააპატიმრეს, ასეთ რამეს ამბობს: „ციხე რენტგენივითაა. კარგად გაჩვენებს შენს ქრისტიანულ თვისებებს“. როცა ვხედავთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი, შეგვიძლია გამოვასწოროთ კიდეც.

15. ვის უნდა დავუგდოთ ყური და რატომ?

15 ჩვენ იეჰოვას უნდა დავუგდოთ ყური და არა ჩვენს მტრებს. როცა იეჰოვა დაელაპარაკა, იობი გულისყურით უსმენდა მას. იეჰოვას სიტყვების არსი შეგვიძლია ასე შევაჯამოთ: „ხომ ხედავ, რამხელა ძალა ჩანს ჩემს შემოქმედებაში. ყველაფერი ვიცი, რაც შეგემთხვა. როგორ ფიქრობ, ვერ შევძლებ შენი მდგომარეობის გამოსწორებას?!“. იობმა იეჰოვას თავმდაბლურად მიუგო: „ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი, ახლა კი გხედავს ჩემი თვალი“ (იობ. 42:5). მართალია, იობი ისევ შვილმკვდარი მამა იყო და ნაცარში იჯდა სხეულდაწყლულებული, როცა ეს სიტყვები წარმოთქვა, მაგრამ იეჰოვამ მაინც შეძლო მისი დარწმუნება თავის სიყვარულში და დაანახვა, რომ მისი მოსაწონი მსახური იყო (იობ. 42:7, 8).

16. ესაიას 49:15, 16-ის თანახმად, რა უნდა გვახსოვდეს განსაცდელების დროს?

16 დღესაც მტრები ზოგჯერ შეურაცხყოფას გვაყენებენ და არაფრად გვაგდებენ. ისინი ცდილობენ, ჩვენი თუ ჩვენი ორგანიზაციის რეპუტაცია შელახონ და „ყოველგვარი ბოროტება“ დაგვაბრალონ (მათ. 5:11). როგორც იობის შემთხვევიდან გამოჩნდა, იეჰოვა ნდობას გვიცხადებს და სჯერა, რომ განსაცდელების დროს მისი ერთგული დავრჩებით. იეჰოვას უყვარს თავისი მოიმედე ხალხი და არასდროს მიატოვებს მათ (წაიკითხეთ ესაიას 49:15, 16). ასე რომ, ყურს ნუ დაუგდებთ ღვთის მტრების ცილისმწამებლურ სიტყვებს. მაგალითად, თურქეთში მცხოვრები ჯეიმზი, რომლის ოჯახი არაერთ განსაცდელს შეხვდა, ამბობს: „მივხვდით, რომ ღვთის ხალხზე გავრცელებული სიცრუის მოსმენა გულს გაგვიტეხდა. ამიტომ მთელი ყურადღება ჩვენს იმედზე გადავიტანეთ და იეჰოვასაც აქტიურად ვემსახურებოდით. ამის წყალობით სიხარული არ დაგვიკარგავს“. მოდი ჩვენც ყური მხოლოდ იეჰოვას დავუგდოთ. ასეთ შემთხვევაში მტრების სიცრუე ვერ დაგვიკარგავს იმედს.

ᲘᲛᲔᲓᲘ ᲒᲐᲒᲐᲫᲚᲘᲔᲠᲔᲑᲗ

იობის ერთგულება დაჯილდოვდა. ცოლთან ერთად დიდხანს იცოცხლა და იეჰოვასგან მრავალი კურთხევა ნახა (იხილეთ აბზაცი 17). e

17. რას ვსწავლობთ ებრაელების მე-11 თავში მოხსენიებული ღვთის ერთგული მსახურებისგან?

17 იობი ღვთის ერთადერთი ერთგული მსახური არ ყოფილა, რომელმაც გამბედაობა და მხნეობა არ დაკარგა მძიმე განსაცდელების დროს. მოციქული პავლე თავის ერთ-ერთ წერილში სხვა მრავალ ერთგულ მსახურსაც მოიხსენიებს და მათ „მოწმეთა დიდ ლაშქარს“ უწოდებს (ებრ. 12:1). ყველანი შეხვდნენ რწმენის გამოცდებს, მაგრამ თავიანთი ერთგულებით დაგვამახსოვრეს თავი (ებრ. 11:36—40). ტყუილუბრალოდ ითმენდნენ და იღვწოდნენ იეჰოვასთვის? არამც და არამც! მართალია, მათ სიცოცხლეში იეჰოვას ყველა დაპირება არ შესრულებულა, მაგრამ მათ იეჰოვას იმედი არ დაუკარგავთ. რაკი იცოდნენ, რომ ცხოვრება ღვთისმოსაწონად გალიეს, ეჭვი არ ეპარებოდათ იმაში, რომ ერთ დღესაც ღვთის განზრახვების შესრულებას საკუთარი თვალით იხილავდნენ (ებრ. 11:4, 5). მათი მაგალითი ჩვენც გვაძლევს სტიმულს, რომ იეჰოვას იმედი არ დავკარგოთ.

18. რისი გაკეთება გსურთ? (ებრაელები 11:6)

18 ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ცხოვრება ცუდიდან უარესობისკენ იცვლება (2 ტიმ. 3:13). სატანა დღემდე განსაცდელში აგდებს ღვთის ხალხს. რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, დაე კვლავ მთელი გულით ვემსახუროთ იეჰოვას, რადგან ჩვენ „ცოცხალი ღვთის იმედი გვაქვს“ (1 ტიმ. 4:10). რაც იეჰოვამ იობისთვის გააკეთა, მის თანაგრძნობასა და გულმოწყალებაზე მოწმობს (იაკ. 5:11). მოდი ჩვენც ვუერთგულოთ იეჰოვას და გვჯეროდეს, რომ ის „აჯილდოებს თავის გულმოდგინე მძებნელს“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:6).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით

a როცა განსაცდელების ატანაზე ვფიქრობთ, ალბათ პირველი, ვინც გვახსენდება, იობია. რას ვიგებთ მისი ისტორიიდან? იმას, რომ სატანა ვერ გვაიძულებს, ზურგი ვაქციოთ იეჰოვას. იეჰოვამ ყოველთვის იცის, რა ხდება ჩვენს თავს. და როგორც იობის განსაცდელებს დაუსვა წერტილი, ისე ჩვენს განსაცდელებსაც დაუსვამს წერტილს. თუ ჩვენი ცხოვრება აჩვენებს, რომ გვჯერა ამის, ესე იგი, იეჰოვაზე ვამყარებთ იმედს.

b ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: ებრაული სიტყვა, რომელიც „იმედის დამყარებად“ ითარგმნება, ძირითადად, მოუთმენლად მოლოდინს ნიშნავს. ეს სიტყვა ვინმეზე დანდობის აზრსაც ატარებს (ფსალმ. 25:2, 3; 62:5).

c ზოგი სახელი შეცვლილია.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: იობი და მისი ცოლი თავზარდაცემული არიან შვილების სიკვდილით.

e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: იობმა ბოლომდე აიტანა განსაცდელი. ის ცოლთან ერთად მსჯელობს იმაზე, როგორ აკურთხა იეჰოვამ მათი ოჯახი.