არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იხელმძღვანელეთ „სიკეთის კანონით“!

იხელმძღვანელეთ „სიკეთის კანონით“!

„ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ დიდი შთაბეჭდილება ჩემზე კრებაში და-ძმების სიკეთემ მოახდინა“, — ამბობს ლიზა. a სწორედ სიკეთე იყო ის, რამაც ლიზა ჭეშმარიტებისკენ მიიზიდა. ენიც მსგავს აზრს გამოთქვამს: „მოწმეების სიკეთემ უფრო მომხიბლა, ვიდრე სწავლებებმა“. მართალია, დღეს ორივენი გულმოდგინედ იკვლევენ ბიბლიას, მაგრამ თავის დროზე ორივესთვის გადამწყვეტი მოწმეების სიკეთე აღმოჩნდა.

ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია სიკეთის გამოვლენა სიტყვითა თუ საქმით. იმასაც გავიგებთ, ვის მიმართ გვმართებს სიკეთის გამოვლენა.

„ᲡᲘᲙᲔᲗᲘᲡ ᲙᲐᲜᲝᲜᲘ“ ᲒᲥᲝᲜᲓᲔᲗ ᲑᲐᲒᲔᲖᲔ

იგავების 31-ე თავი აღგვიწერს კარგ ცოლს, რომელსაც „სიკეთის კანონი“ აქვს ენაზე (იგავ. 31:26). ეს იმას ნიშნავს, რომ ის სათანადოდ არჩევს საუბრის ტონსა და სიტყვებს. ამ „კანონით“ მამებმაც უნდა იხელმძღვანელონ. ბევრ მშობელს კარგად ესმის, რომ უხეშად ნათქვამი ცუდად მოქმედებს ბავშვებზე. უხეში და ცივი ტონით ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ბავშვში უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. თუ მშობელი თბილად და კეთილად მიმართავს შვილს, მეტია იმის ალბათობა, რომ ის ყურს დაუგდებს მის ნათქვამს.

მშობელიც რომ არ იყოთ, როგორ შეგიძლიათ „სიკეთის კანონით“ იხელმძღვანელოთ საუბრის დროს? ამ კითხვაზე პასუხს იგავების 31:26-ის პირველი ნაწილი გვცემს: „მის ბაგეზე სიბრძნეა“. სიბრძნე დაგვეხმარება, სათანადოდ შევარჩიოთ სიტყვები და ტონი. ამაში შემდეგ კითხვაზე დაფიქრება დაგვეხმარება: ჩემი ნათქვამი გააბრაზებს ვინმეს, თუ პირიქით, განმუხტავს სიტუაციას? (იგავ. 15:1). ასე რომ, წინასწარ უნდა დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით.

კიდევ ერთ იგავში ნათქვამია: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა“ (იგავ. 12:18). თუ წინასწარ ვიფიქრებთ, რა გავლენას მოახდენს ჩვენი სიტყვები და საუბრის ტონი სხვებზე, დიდი ალბათობით, უფრო ფრთხილად შევარჩევთ სათქმელს. თუ „სიკეთის კანონით“ ვიხელმძღვანელებთ, მოვერიდებით რაიმეს მკვახედ და უხეშად თქმას (ეფეს. 4:31, 32). ვეცდებით, უარყოფითზე ფიქრის ნაცვლად, დადებითზე ვიფიქროთ და თბილი ტონით ვისაუბროთ. ამ მხრივ კარგი მაგალითი მოგვცა იეჰოვამ, როცა შეშინებულ ელიას დაელაპარაკა. ანგელოზი, რომელიც იეჰოვას სახელით გამოეცხადა ელიას, „მშვიდი, ჩუმი ხმით“ ელაპარაკა მას (1 მეფ. 19:12). თუმცა სიკეთე მხოლოდ სიტყვებში არ გამოიხატება, ის საქმეებშიც უნდა ჩანდეს.

ᲡᲘᲙᲔᲗᲔ ᲣᲙᲕᲐᲚᲝᲓ ᲐᲠ ᲩᲐᲘᲕᲚᲘᲡ

თუ გვინდა, რომ იეჰოვას მივბაძოთ, მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც უნდა ვაჩვენოთ სიკეთე (ეფეს. 4:32; 5:1, 2). სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ლიზა მოწმეების მიერ გამოვლენილ სიკეთეზე მოგვითხრობს: „როცა ჩვენს ოჯახს მოულოდნელად მოუწია ბინის დაცლა, კრებაში ორი ოჯახი სამსახურიდანაც კი დაეთხოვა, რომ ჩაბარგებაში დაგვხმარებოდა. არადა იმ დროს ბიბლიასაც კი არ ვსწავლობდი“. მოწმეების სიკეთემ აღძრა ლიზა, რომ ბიბლია გამოეკვლია.

ზემოხსენებულ ენიზეც ძალიან იმოქმედა მოწმეების სიკეთემ. ის აღნიშნავს: „ზოგადად ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდი და არავის ვენდობოდი. როცა მოწმეებს შევხვდი, თავიდან მათაც ეჭვის თვალით ვუყურებდი. ვფიქრობდი, ნეტა ჩემდამი ყურადღებას რატომ იჩენენ-მეთქი. მაგრამ ჩემი ბიბლიის მასწავლებლის უანგარო სიკეთემ მისდამი ნდობით განმაწყო“. შედეგად, როგორც თავად ენი ამბობს, ის ეჭვებისგან გათავისუფლდა და უფრო მეტად დაუდო გული შესწავლას.

როგორც დავინახეთ, ლიზაზე და ენიზე ძალიან იმოქმედა კრებაში და-ძმების სიკეთემ და აღძრა, ბიბლიის შესწავლა დაეწყოთ. სწორედ სიკეთემ გაუთბო მათ გული და ნდობით განაწყო იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ.

ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲦᲛᲔᲠᲗᲡ ᲡᲘᲙᲔᲗᲘᲡ ᲙᲔᲗᲔᲑᲐᲨᲘ

ზოგი თბილად საუბრობს და იღიმის, რადგან ეს მათ კულტურაშია მიღებული. ფაქტია, ცუდი არაფერია იმაში, თუ ადამიანი ასეთ თავაზიანობას კულტურიდან თუ ბუნებიდან გამომდინარე ავლენს. მაგრამ, თუ ჩვენი სიკეთე მხოლოდ ამ ფაქტორებით არის განპირობებული, ამას ღვთისმოსაწონ სიკეთეს ვერ დავარქმევთ (შეადარეთ საქმეების 28:2).

ღვთისმოსაწონ სიკეთეს წმინდა სული წარმოშობს ჩვენში (გალ. 5:22, 23). ღვთის სულის დახმარების გარეშე ამ თვისებას ვერ განვივითარებთ. ჩვენი სურვილი ის უნდა იყოს, რომ მივბაძოთ იეჰოვასა და იესოს. როგორც ქრისტიანები, სხვებზეც ვფიქრობთ. ასე რომ, სიკეთის კეთებისკენ იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული უნდა გვიბიძგებდეს. ასეთი სიკეთე გულიდან მომდინარეობს და მოსაწონია ღვთისთვის.

ᲕᲘᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ ᲣᲜᲓᲐ ᲕᲐᲕᲚᲔᲜᲓᲔᲗ ᲡᲘᲙᲔᲗᲔᲡ?

როგორც წესი, სიკეთის კეთება უფრო მათთვის გვინდება, ვისაც ვიცნობთ და ვინც თავად გაგვიკეთა სიკეთე (2 სამ. 2:6). ჩვენი მხრიდან სიკეთე იქნება, თუ მადლიერებას გამოვხატავთ მათ მიმართ (კოლ. 3:15). მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვფიქრობთ, რომ ვინმე არ იმსახურებს ჩვენს სიკეთეს?

კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით იეჰოვას მაგალითზე. ის უბადლოდ ავლენს სიკეთეს და თავის სიტყვაში ჩვენც გვასწავლის, როგორ უნდა გამოვავლინოთ ეს თვისება. ბერძნულ წერილებში ღვთიური სიკეთის აღსანიშნავად ხშირად გამოიყენება სიტყვა „წყალობა“. რაში ვლინდება ღვთის წყალობა?

იეჰოვა მილიონობით ადამიანის მიმართ ავლენს სიკეთეს და სიცოცხლისთვის ყოველივე აუცილებლით უზრუნველყოფს (მათ. 5:45). იეჰოვამ უდიდესი სიკეთე გამოიჩინა ადამიანების მიმართ მიუხედავად იმისა, რომ არ იცნობდნენ მას (ეფეს. 2:4, 5, 8). მან თავისი მხოლოდშობილი ძე გაიღო მთელი კაცობრიობისთვის. როგორც მოციქული პავლე წერდა, იეჰოვამ ეს თავისი „უხვი წყალობით“ გააკეთა (ეფეს. 1:7). მართალია, ჩვენ ბევრს ვცოდავთ და იმედს ვუცრუებთ იეჰოვას, მაგრამ ის მაინც გვხელმძღვანელობს და გვასწავლის. მისი დარიგება „ჟუჟუნა წვიმასავით“ გვეპკურება (კან. 32:2). ჩვენ ვერასდროს გადავუხდით იეჰოვას მთელი იმ სიკეთისთვის, რასაც ის ჩვენდამი ავლენს. ჩვენი მომავალიც მთლიანად მის სიკეთეზეა დამოკიდებული (შეადარეთ 1 პეტრეს 1:13).

იეჰოვას სიკეთე გულს გვითბობს და ჩვენც აღგვძრავს მოქმედებისკენ. ამიტომ გვინდა, მას მივბაძოთ და ყოველდღე გამოვავლინოთ სიკეთე განურჩევლად ყველას მიმართ (1 თეს. 5:15). ამგვარად ჩვენი სიკეთის „კოცონი“ მუდმივად იგიზგიზებს და გულს გაუთბობს ჩვენი ოჯახის წევრებს, თანამორწმუნეებს, თანამშრომლებს, თანაკლასელებსა თუ სხვებს.

დაფიქრდით, განსაკუთრებით ვის გაუხარებთ გულს ოჯახსა და კრებაში თქვენი კეთილი სიტყვითა თუ საქმით. მაგალითად, ხომ არ შეგიძლიათ ვინმეს სახლისა თუ ეზოს მოვლაში დაეხმაროთ ან საყიდლებზე გაეგზავნოთ? თუ მსახურებაში შეხვდებით ადამიანს, რომელსაც დახმარება სჭირდება, შეძლებთ, დაეხმაროთ?

მოდი იეჰოვას მივბაძოთ და სიტყვითა თუ საქმით ყოველთვის ვაჩვენოთ, რომ „სიკეთის კანონით“ ვხელმძღვანელობთ!

a სახელები შეცვლილია.