არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 28

ღვთის სამეფო უკვე მმართველობს!

ღვთის სამეფო უკვე მმართველობს!

„ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ცხებულის სამეფო გახდა!“ (ᲒᲐᲛᲝᲪᲮ. 11:15).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 22 ღვთის სამეფო უკვე მმართველობს!

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1. რაში ვართ დარწმუნებული და რატომ?

 ᲓᲦᲔᲕᲐᲜᲓᲔᲚᲘ მსოფლიოს შემხედვარე რთულია დადებითი განწყობის შენარჩუნება. ოჯახი ოჯახს აღარ ჰგავს. ადამიანები უფრო ეგოისტები და აგრესიულები ხდებიან. ზოგადად ნდობაც დაიკარგა უფლებამოსილთა მიმართ. მეორე მხრივ, ამ ყველაფრის დანახვა იმედს გვისახავს, რადგან ზედმიწევნით სრულდება ბოლო დღეებთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება (2 ტიმ. 3:1—5). ვერც ერთი გულწრფელი ადამიანი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვალა. ამ წინასწარმეტყველების შესრულება იმაზე მიუთითებს, რომ იესო ქრისტე უკვე ღვთის სამეფოს მეფეა. ღვთის სამეფოზე სხვა ბევრი წინასწარმეტყველებაც შესრულდა, რომელთა განხილვაც რწმენას განგვიმტკიცებს.

ასაწყობი სურათის მსგავსად, რომლის თითოეული ნაწილი ერთმანეთში ჯდება, „დანიელსა“ და „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ავსებს ერთმანეთს და ნათელ სურათს გვიქმნის იმაზე, როგორ ვითარდება მოვლენები იეჰოვას განზრახვისამებრ (იხილეთ აბზაცი 2).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში და რატომ? (აღწერეთ სურათი გარეკანზე).

2 ამ სტატიაში სამ საკითხს შევეხებით. ჩვენ განვიხილავთ: 1) წინასწარმეტყველებას, რომელიც იმის დადგენაში დაგვეხმარება, როდის დაიწყო ღვთის სამეფომ მმართველობა, 2) წინასწარმეტყველებებს, რომლებიც იესოს უხილავად მოსვლას ეხება და 3) წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ღვთის სამეფოს მტრების აღსასრულს ეხება. ეს წინასწარმეტყველებები რაღაცით ასაწყობი სურათის ნაწილებს ჰგავს. მათი შეერთებით სრულ სურათს ვხედავთ და ვხვდებით, რა დროში გვიწევს ცხოვრება.

ᲠᲝᲓᲘᲡ ᲓᲐᲛᲧᲐᲠᲓᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝ?

3. რაში გვარწმუნებს დანიელის 7:13, 14?

3 როგორც დანიელის 7:13, 14-დან ვიგებთ, იესო ქრისტე ღვთის სამეფოს საუკეთესო მმართველი იქნებოდა. ერები სიხარულით ემსახურებოდნენ მას და ის შეუცვლელი მმართველი იქნებოდა. დანიელის წიგნიდან იმასაც ვიგებთ, რომ იესო სამეფო ძალაუფლებას შვიდი წინასწარმეტყველური დროის გასვლის შემდეგ მიიღებდა. როგორ გამოვთვალოთ ეს პერიოდი?

4. როგორ გვეხმარება დანიელის 4:10—17 ქრისტეს გამეფების წლის დადგენაში? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).

4 წაიკითხეთ დანიელის 4:10—17. „შვიდ დროში“ 2 520-წლიანი პერიოდი იგულისხმება. ამ პერიოდის ათვლა ძვ. წ. 607 წელს დაიწყო. ამ წელს ბაბილონელებმა იერუსალიმში სამეფო ტახტიდან ისრაელის უკანასკნელი მეფე ჩამოაგდეს, რომელიც ღვთის ხელისუფლებას წარმოადგენდა. შესაბამისად „შვიდი დრო“ 1914 წელს დასრულდა. სწორედ ამ წელს დაჯდა ღვთის სამეფოს ტახტზე იესო, ღვთისგან უფლებამოსილი * (ეზეკ. 21:25—27).

5. რაში გვარწმუნებს წინასწარმეტყველება „შვიდი დროის“ შესახებ?

5 რაში გვარწმუნებს ეს წინასწარმეტყველება? „შვიდ დროზე“ შესრულებული წინასწარმეტყველება გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დროულად ასრულებს თავის დაპირებებს. როგორც ეს წინასწარმეტყველება შეასრულა თავის დროზე, ასევე შეასრულებს სხვა წინასწარმეტყველებებსაც. იეჰოვას დღეს ნამდვილად არ დააგვიანდება! (აბაკ. 2:3).

ᲡᲐᲘᲓᲐᲜ ᲕᲘᲪᲘᲗ, ᲠᲝᲛ ᲘᲔᲡᲝ ᲛᲔᲤᲝᲑᲡ?

6. ა) რა ხილული მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ იესო უკვე მეფობს ზეცაში? ბ) რას ადასტურებს გამოცხადების 6:2—8-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

6 მსახურების დასასრულს იესომ იწინასწარმეტყველა მოვლენებზე, რომლებიც მის მიმდევრებს მიახვედრებდა, რომ ზეცაში მმართველობა დაიწყო. მან მოიხსენია ომები, შიმშილობა, მიწისძვრები, აგრეთვე ეპიდემიები „ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“. იესოს სიტყვების შესრულებაზე კოვიდ-19 პანდემიაც მიანიშნებს. ნაწილობრივ სწორედ ამ მოვლენებისგან შედგება ქრისტეს მოსვლის ნიშანი (მათ. 24:3, 7; ლუკ. 21:7, 10, 11). ზეცად ამაღლებიდან 60 წელზე მეტი ხნის შემდეგ იესომ მოციქულ იოანეს ხილვაში კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ ეს მოვლენები აუცილებლად მოხდებოდა (წაიკითხეთ გამოცხადების 6:2—8). 1914 წელს იესოს გამეფებიდან მოყოლებული ყველა ეს მოვლენა ჩვენ თვალწინ ხდება.

7. რატომ მოჰყვა იესოს გამეფებას ვაება დედამიწაზე?

7 რატომ გაუარესდა მსოფლიოში მდგომარეობა იესოს გამეფების შემდეგ? ამ კითხვაზე პასუხს გამოცხადების 6:2 გვცემს. როგორც ამ მუხლიდან ვიგებთ, ახალგამეფებულმა იესომ ომი წამოიწყო ეშმაკთან და მის დემონებთან. ეშმაკი ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგაც ის დემონებთან ერთად დედამიწაზე გადმოაგდეს. ახლა კი განრისხებული მთელ თავის რისხვას კაცთა მოდგმაზე ანთხევს. ამიტომაც დაუდგა კაცობრიობას ვაების ჟამი (გამოცხ. 12:7—12).

როცა ცუდი ამბები გვესმის, ვრწმუნდებით, რომ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები და ღვთის სამეფო უკვე მმართველობს (იხილეთ აბზაცი 8).

8. რა მხრივ გვეხმარება იმის დანახვა, როგორ სრულდება წინასწარმეტყველებები?

8 რაში გვარწმუნებს ეს წინასწარმეტყველებები? მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და საზოგადოების ზნეობრივი დეგრადაცია იმაზე მიუთითებს, რომ იესო უკვე მეფობს. ამიტომ აღარ გვაკვირვებს ადამიანებში ეგოიზმი და სიძულვილი, რადგან ვხვდებით, რომ ამით სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ღვთის სამეფო მმართველობს (ფსალმ. 37:1). არმაგედონის მოახლოებასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება (მარ. 13:8; 2 ტიმ. 3:13). მადლობელი ვართ იეჰოვასი, რომ უმეცრებაში არ დაგვტოვა და გაგვიმხილა, რატომ ხდება ეს ყველაფერი ჩვენს ირგვლივ.

ᲠᲐ ᲑᲝᲚᲝ ᲔᲚᲘᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲐᲛᲔᲤᲝᲡ ᲛᲢᲠᲔᲑᲡ?

9. როგორ აღწერს დანიელის 2:28, 31—35 ბოლო მსოფლიო იმპერიას და როდის დაიწყო მან არსებობა?

9 წაიკითხეთ დანიელის 2:28, 31—35. ნაბუქოდონოსორის წინასწარმეტყველური სიზმარი „უკანასკნელ დღეებში“ ანუ ქრისტეს გამეფების შემდეგ უნდა შესრულებულიყო. ასე რომ, ეს წინასწარმეტყველებაც ჩვენ თვალწინ სრულდება. წინასწარმეტყველების თანახმად, რკინისა და თიხის ტერფებით წარმოდგენილი იმპერია ბოლო მსოფლიო იმპერია იქნებოდა, რომელიც ღვთის მმართველობას დაუპირისპირდებოდა. ამ იმპერიამ არსებობა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა მჭიდრო კავშირი შეკრეს და, ასე ვთქვათ, ინგლის-ამერიკის ალიანსი შექმნეს. როგორც წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, ამ იმპერიას სულ მცირე ორი განმასხვავებელი ნიშანი ექნებოდა სხვა იმპერიებისგან.

10. ა) რა სიზუსტით აღგვიწერს დანიელი ინგლის-ამერიკის იმპერიას? ბ) რას უნდა ვუფრთხილდეთ? (იხილეთ ჩარჩო  „ხედავთ საფრთხეს?“)

10 პირველი, წინა იმპერიებისგან განსხვავებით ინგლის-ამერიკა ერთიანი ლითონის სახით კი არ არის წარმოდგენილი, არამედ რკინისა და თიხის ნაზავით. თიხა „კაცთა მოდგმას“ ანუ უბრალო ხალხს განასახიერებს (დან. 2:43). უბრალო ხალხი არჩევნების, სამოქალაქო უფლებებისთვის წარმოებული კამპანიების, მასობრივი პროტესტებისა თუ პროფკავშირების მეშვეობით გასაქანს არ აძლევს ამ იმპერიას, რომ ბოლომდე გაატაროს თავისი პოლიტიკა.

11. როგორ გვარწმუნებს ინგლის-ამერიკის იმპერიის არსებობა, რომ უკანასკნელ დროში ვცხოვრობთ?

11 მეორე, ვინაიდან ინგლის-ამერიკა წარმოდგენილია ქანდაკების ტერფებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ის იქნება ბოლო იმპერია, რომელსაც სხვა იმპერია არ შეცვლის. არმაგედონში ღვთის სამეფო როგორც ამ, ისე სხვა ადამიანურ ხელისუფლებებს ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს * (გამოცხ. 16:13, 14, 16; 19:19, 20).

12. როგორ გვანუგეშებს და გვაიმედებს დანიელის წინასწარმეტყველება?

12 რაში გვარწმუნებს ეს წინასწარმეტყველება? დანიელის წინასწარმეტყველება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ უკანასკნელ დროში გვიწევს ცხოვრება. 2 500 წელზე მეტი ხნის წინათ დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ ბაბილონის შემდეგ კიდევ ოთხი იმპერია გამოჩნდებოდა, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენდნენ ღვთის ხალხზე. როგორც გამოჩნდა, ამ იმპერიებიდან ბოლო ინგლის-ამერიკაა. გვანუგეშებს და იმედს გვისახავს იმის ცოდნა, რომ მალე ღვთის სამეფო მოსპობს ადამიანური მმართველობის ყოველგვარ კვალს და თავად უხელმძღვანელებს დედამიწას (დან. 2:44).

13. რას განასახიერებენ გამოცხადების 17:9—12-ში მოხსენიებული „მერვე მეფე“ და „ათი მეფე“ და როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება?

13 წაიკითხეთ გამოცხადების 17:9—12. პირველმა მსოფლიო ომმა ხელი შეუწყო კიდევ ერთი ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებას. მშვიდობის შესანარჩუნებლად მსოფლიო ლიდერებმა 1920 წლის იანვარში ერთა ლიგა შექმნეს, რომელიც მოგვიანებით 1945 წლის ოქტომბერში გაერომ ჩაანაცვლა. ამ ორგანიზაციას ბიბლიაში „მერვე მეფე“ ეწოდება, მაგრამ ის არ არის იმპერია. მისი ძალაუფლება მთლიანად დამოკიდებულია იმ პოლიტიკურ ძალებზე, რომლებიც ზურგს უმაგრებენ მას. ბიბლია ამ პოლიტიკურ ძალებს „ათი მეფის“ სახელით მოიხსენიებს.

14, 15. ა) რას ვიგებთ „დიდი ბაბილონის“ შესახებ გამოცხადების 17:3—5-დან? ბ) რა ემართება მის „წყლებს“?

14 წაიკითხეთ გამოცხადების 17:3—5. იოანემ ხილვაში ნახა „დიდ ბაბილონად“ წოდებული მეძავი, რომელიც ცრურელიგიურ სამყაროს განასახიერებს. როგორც ხილვიდან ვიგებთ, ეს „მეძავი“ უკვე დიდი ხანია მეგობრობს პოლიტიკურ სისტემასთან და მხარს უჭერს მას. მაგრამ მალე იეჰოვა პოლიტიკურ ძალებს „გულში ჩაუდებს“ იმას, რომ „განახორციელონ მისი განზრახვა“. რაში მდგომარეობს ეს განზრახვა? „ათი მეფით“ წარმოდგენილი პოლიტიკური ძალები თავს დაესხმიან ცრურელიგიურ ორგანიზაციებს და ბოლოს მოუღებენ (გამოცხ. 17:1, 2, 16, 17).

15 რა მიანიშნებს იმაზე, რომ „დიდი ბაბილონის“ აღსასრული ახლოსაა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, გავიხსენოთ ძველი ქალაქი ბაბილონი. ეს ქალაქი ნაწილობრივ მდინარე ევფრატის წყლით იყო დაცული. ბიბლიაში მოხსენიებული „დიდი ბაბილონიც“ „წყლებით“ ანუ მრავალმილიონიანი მხარდამჭერით არის დაცული (გამოცხ. 17:15). მაგრამ „გამოცხადებიდან“ იმასაც ვიგებთ, რომ ეს „წყლები“ უნდა დამშრალიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ცრურელიგიური სამყარო მრავალ მხარდამჭერს დაკარგავდა (გამოცხ. 16:12). დღეს ასეც ხდება. ბევრს აუცრუვდა გული რელიგიაზე და სხვაგან დაიწყო პასუხების ძიება.

16. რით არის ჩვენთვის მანუგეშებელი გაეროსა და „დიდ ბაბილონზე“ წარმოთქმული წინასწარმეტყველებები?

16 რაში გვარწმუნებს ეს წინასწარმეტყველებები? გაეროს გამოჩენა და ცრუ რელიგიების მხარდამჭერთა კლება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ „დიდი ბაბილონის“ განადგურება მისი „წყლების“ დაშრობით არ იქნება განპირობებული. როგორც გავიგეთ, იეჰოვა გულში ჩაუდებს „ათი მეფით“ წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც მხარს უმაგრებენ გაეროს, რომ „განახორციელონ მისი განზრახვა“. ამ ერების მიერ ცრუ რელიგიის განადგურება ყველასთვის მოულოდნელი იქნება * (გამოცხ. 18:8—10). ფაქტია, „დიდი ბაბილონის“ განადგურება შეძრავს მთელ მსოფლიოს და შეიძლება არაერთი სირთულეც გამოიწვიოს, მაგრამ ღვთის ხალხს ამ დროს, სულ მცირე, ორი მიზეზი ექნება სიხარულისთვის. ერთი ის, რომ სამუდამოდ მოისპობა იეჰოვას მრავალსაუკუნოვანი მტერი. და მეორე, ამას მალევე მოჰყვება სატანის ქვეყნიერების აღსასრული და ღვთის ხალხის ხსნა (ლუკ. 21:28).

ᲘᲛᲔᲓᲘᲐᲜᲐᲓ ᲨᲔᲮᲕᲓᲘᲗ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲡ

17, 18. ა) როგორ შეგვიძლია კვლავაც განვიმტკიცოთ რწმენა? ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

17 დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დროში“ „ცოდნა გამრავლდებოდა“ და ეს ასეც ხდება! ჩვენ ჩავწვდით „უკანასკნელ დროსთან“ დაკავშირებულ წინასწარმეტყველებებს (დან. 12:4, 9, 10). ამ წინასწარმეტყველებების სიზუსტე მოწიწებას გვინერგავს იეჰოვასა და მისი სიტყვის მიმართ (ეს. 46:10; 55:11). ამიტომ კვლავაც გულმოდგინედ იკვლიეთ ღვთის სიტყვა და განიმტკიცეთ რწმენა. გარდა ამისა, სხვებსაც დაეხმარეთ ღმერთთან დაახლოებაში. იეჰოვა დაიცავს მასზე სრულად მინდობილთ და „მშვიდობით ამყოფებს“ (ეს. 26:3).

18 მომდევნო სტატიაში თანამედროვე ქრისტიანულ კრებაზე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს განვიხილავთ. ჩვენ გავიგებთ, როგორ ჯდება ეს წინასწარმეტყველებები ბოლო დღეებზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებების საერთო სურათში. იმაზეც ვიმსჯელებთ, კიდევ რა მოწმობს, რომ გამეფებული იესო ქრისტე მხარს უჭერს თავის ერთგულ მიმდევრებს.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 61 მოწმეებო, წინ!

^ ჩვენ მართლაც უნიკალურ დროში ვცხოვრობთ. უკვე შესრულდა არაერთი ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომელიც ღვთის სამეფოს დამყარებას ეხებოდა. ამ სტატიაში განვიხილავთ ამ წინასწარმეტყველებებიდან ზოგიერთს, რაც გაგვიღრმავებს რწმენას, დაგვეხმარება შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გაბედულად შევხვდეთ მომავალს.

^ იხილეთ წიგნში „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 32-ე გაკვეთილის მე-4 პუნქტი და ვებგვერდზე jw.org უყურეთ ვიდეოს „ღვთის სამეფო 1914 წელს დაარსდა“.

^ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2012 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 14—19.

^ ახლო მომავალში მოსახდენი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ღვთის სამეფო მმართველობს!“, თავი 21.