არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ

იეჰოვამ წარმართა ჩემი გზა

იეჰოვამ წარმართა ჩემი გზა

ᲯᲔᲠ კიდევ მოზარდი ვიყავი, როცა ისეთი ცხოვრების გზა და სამუშაო ავირჩიე, რომელიც ძალიან მომწონდა. მაგრამ იეჰოვამ სულ სხვა გზა შემომთავაზა: „გამჭრიახობას მოგცემ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო“ (ფსალმ. 32:8). რახან ჩემი ცხოვრება იეჰოვამ წარმართა, შესაძლებლობა მომეცა, სხვადასხვა თეოკრატიულ საქმეში მიმეღო მონაწილეობა. ერთ-ერთი დიდი კურთხევა ჩემთვის ის იყო, რომ 52 წელი ვიმსახურე აფრიკაში.

ᲘᲜᲒᲚᲘᲡᲘᲓᲐᲜ ᲐᲤᲠᲘᲙᲐᲨᲘ

დავიბადე 1935 წელს დარლასტონში, ინგლისის იმ მხარეში, რომელსაც იქ არსებული საამქროებიდან თუ ქარხნებიდან ამომავალი შავი კვამლის გამო „შავი ქვეყანა“ დაარქვეს. დაახლოებით 4 წლის ვიყავი, როცა მშობლებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მოზარდობაშივე დავრწმუნდი ბიბლიურ ჭეშმარიტებაში და 1952 წელს 16 წლის ასაკში მოვინათლე.

დაახლოებით იმავე პერიოდში შეგირდად ამიყვანეს ერთ დიდ ქარხანაში, სადაც ხელსაწყოებსა და მანქანის ნაწილებს აწარმოებდნენ. მე სამდივნო საქმეს ვსწავლობდი, რაც ძალიან მომწონდა.

ერთხელ მიმომსვლელმა ზედამხედველმა ჩემს მშობლიურ კრებაში, უილენჰოლში, წიგნის შესწავლის გაძღოლა შემომთავაზა. ნამდვილი დილემის წინაშე აღმოვჩნდი, რადგან იმ პერიოდში ორ კრებასთან ვთანამშრომლობდი. ჩემი სამსახური სახლიდან 32 კილომეტრში იყო, ამიტომ შუა კვირაში კრებას სამსახურთან ახლოს, ბრომსგროუვში, ვესწრებოდი. შაბათ-კვირას კი, როცა სახლში ვბრუნდებოდი, მშობლებთან ერთად უილენჰოლის კრებას ვესწრებოდი.

მინდოდა, მხარი დამეჭირა იეჰოვას ორგანიზაციისთვის, ამიტომ მიმომსვლელი ზედამხედველის შემოთავაზებაზე დავთანხმდი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქარხანაში ჩემს საყვარელ საქმეს ვეღარ გავაგრძელებდი. მაგრამ არასდროს მინანია, რომ იეჰოვას დავემორჩილე და ჩემი ცხოვრების წარმართვის შესაძლებლობა მივეცი.

ჯერ კიდევ ბრომსგროუვის კრებაში მსახურების დროს გავიცანი ენი, მომხიბვლელი და სულიერად მოაზროვნე და. ჩვენ 1957 წელს დავქორწინდით. წლების მანძილზე ვმსახურობდით პიონერებად და სპეციალურ პიონერებად, მიმოსვლით მსახურებაშიც ვიყავით და ბეთელშიც. ენთან ერთად მსახურება ყოველთვის უდიდეს სიხარულს მანიჭებდა.

1966 წელს სკოლა „გალაადის“ 42-ე კლასში მიგვიწვიეს. სწავლის დასრულების შემდეგ მალავიში გაგვგზავნეს, რომელსაც იქაური ხალხის მეგობრული ბუნების გამო „აფრიკის თბილ გულს“ ეძახიან. რას წარმოვიდგენდით, რომ იქ დიდხანს ვერ გავჩერდებოდით.

ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ ᲛᲫᲘᲛᲔ ᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲐᲨᲘ

ჯიპი, რომლითაც მალავიში მიმოსვლითი მსახურების დროს ვმგზავრობდით.

მალავიში 1967 წლის 1-ელ თებერვალს ჩავედით. ერთთვიანი ინტენსიური ენის სასწავლო კურსის შემდეგ საოლქო მსახურებას შევუდექით. ისეთი ჯიპი გვყავდა, რომ ბევრს ეგონა, ყველგან გაივლიდა, მდინარეშიც კი, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ პატარა წყალში თუ გადიოდა. ზოგჯერ ჩალით გადახურულ ქოხებში ვრჩებოდით, სადაც წვიმიან სეზონზე ბრეზენტი უნდა აგეკრა, რომ წყალი არ ჩამოსულიყო. მართალია, მთლად სასიამოვნო დასაწყისი არ იყო, მაგრამ ამან სიხარული მაინც ვერ დაგვაკარგვინა.

იმავე წლის აპრილში მალავის პრეზიდენტის, ჰეისტინგზ ბანდას, რადიომიმართვას მოვუსმინე და მივხვდი, რომ ეს ადგილობრივი მოწმეებისთვის კარგს არაფერს მოასწავებდა. ის ირწმუნებოდა, რომ იეჰოვას მოწმეები არ იხდიდნენ გადასახადებს და ეწინააღმდეგებოდნენ მთავრობის პოლიტიკას. ცხადია, მისი ბრალდებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ვიცოდით, რომ სინამდვილეში პრობლემა იეჰოვას მოწმეების ნეიტრალური პოზიცია იყო, განსაკუთრებით კი ის, რომ უარს ვამბობდით პარტბილეთების შეძენაზე.

სექტემბერში გაზეთებიდან შევიტყვეთ, რომ პრეზიდენტის განცხადებით ჩვენი ძმები ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ. ერთ-ერთ პოლიტიკურ ყრილობაზე მან თქვა, რომ ხელისუფლება მალე აკრძალავდა მოწმეების საქმიანობას, რაც 1967 წლის 20 ოქტომბერს მოხდა კიდეც. მალე პოლიციელები და საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლები ფილიალში მოვიდნენ, რომ დაეხურათ და მისიონერები ქვეყნიდან გაეძევებინათ.

1967 წელს მალავიში მისიონერ წყვილთან, ჯეკ და ლინდა იოჰანსონებთან ერთად დაგვაპატიმრეს, შემდეგ კი ქვეყანა დაგვატოვებინეს.

სამდღიანი პატიმრობის შემდეგ ქვეყანა დაგვატოვებინეს, რის გამოც მავრიკში, ბრიტანეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოგვიწია გადასვლა. მაგრამ მავრიკის მთავრობამ არ მოგვცა მისიონერებად მსახურების უფლება. ამიტომ როდეზიაში (ამჟამინდელი ზიმბაბვე) გადავედით. იქ ჩასულებს საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენელმა მკაცრად გვითხრა: „მალავიდან გამოგაძევეს, არც მავრიკმა მიგიღოთ, ახლა ჩვენთან მოგინდათ დარჩენა?!“. მან უარი გვითხრა ქვეყანაში შესვლაზე. ენს ცრემლები წასკდა. ისე ჩანდა, რომ არსად წაგვესვლებოდა. იმ მომენტში მინდოდა, ყველაფერი მიმეტოვებინა და ინგლისში დავბრუნებულიყავი. ბოლოს საიმიგრაციო სამსახურმა მოგვცა ერთი დღით ფილიალში დარჩენის უფლება იმ პირობით, თუ მეორე დღეს მათ ოფისში გამოვცხადდებოდით. მართალია, გადაღლილები და დასტრესილები ვიყავით, მაგრამ იმედს არ ვკარგავდით, რომ იეჰოვა ჩაერეოდა საქმეში. მეორე დღეს ჩვენდა გასაკვირად ზიმბაბვეში ტურისტებად დარჩენის უფლება მოგვცეს. არასდროს დამავიწყდება ის დღე. დავრწმუნდით, რომ იეჰოვა გვხელმძღვანელობდა.

ᲖᲘᲛᲑᲐᲑᲕᲔᲓᲐᲜ ᲖᲠᲣᲜᲕᲐ ᲛᲐᲚᲐᲕᲘᲖᲔ

ენთან ერთად ზიმბაბვეს ბეთელში (1968 წელი)

ზიმბაბვეს ფილიალში დავინიშნე სამსახურებრივ განყოფილებაში, რომელსაც მალავისა და მოზამბიკზე ზრუნვა ევალებოდა. მალაველი და-ძმები სასტიკად იდევნებოდნენ. ჩემს მოვალეობაში შედიოდა მალაველი სარაიონო ზედამხედველების გამოგზავნილი ანგარიშების თარგმნაც. ერთ საღამოს თარგმნის დროს გული ამიჩუყდა, როცა იმ სისასტიკის შესახებ წავიკითხე, რომელსაც მალავიში ჩვენი და-ძმები ხვდებოდნენ. თუმცა ძალიან გავმხნევდი მათი ერთგულებით, რწმენითა და მოთმინებით (2 კორ. 6:4, 5).

ყველანაირად ვცდილობდით, სულიერი საკვებით მოგვემარაგებინა როგორც მალავიში დარჩენილი, ისე სასტიკი მოპყრობის გამო მოზამბიკში გაქცეული ძმები. მთარგმნელობითი ჯგუფი, რომელიც ჩიჩევაზე, მალავის მთავარ ენაზე, თარგმნიდა პუბლიკაციებს, ზიმბაბვეში ერთ-ერთი ძმის ფერმაში გადავიდა. ამ ძმამ საცხოვრებელი სახლები და ოფისი აუშენა მათ. ამის წყალობით ბიბლიური პუბლიკაციების თარგმნა არ შეწყვეტილა.

ორგანიზება გავუწიეთ, რომ მალაველი სარაიონო ზედამხედველები ყოველწლიურად ზიმბაბვეში ჩამოსულიყვნენ და ჩიჩევა ენაზე ჩატარებულ საოლქო კონგრესს დასწრებოდნენ. ამ ძმებს საკონგრესო მოხსენებების გეგმებს ვაძლევდით, რომ უკან დაბრუნების შემდეგ თავიანთი მოხსენებებით მალაველი და-ძმები გაემხნევებინათ. ერთ წელს ამ გაბედული ძმების განსამტკიცებლად სამეფო მსახურების სკოლაც ჩავატარეთ.

ზიმბაბვეში ჩიჩევა და შონა ენებზე გამართულ კონგრესზე მოხსენებით გამოვდივარ ჩიჩევა ენაზე.

1975 წლის თებერვალში ის მალაველი და-ძმები მოვინახულე, რომლებიც მოზამბიკის ლტოლვილთა ბანაკებში ცხოვრობდნენ. ისინი ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ ორგანიზაციულ ცვლილებებს, მათ შორის მითითებას კრებებში უხუცესთა საბჭოების ჩამოყალიბების თაობაზე. ახალდანიშნულმა უხუცესებმა ბევრ სულიერ პროგრამას გაუწიეს ორგანიზება, მაგალითად, საჯარო მოხსენებების წაკითხვას, ყოველდღიური მუხლისა და „საგუშაგო კოშკის“ განხილვას და კონგრესების ჩატარებასაც კი. მათ ბანაკები კონგრესის პრინციპით ჰქონდათ ორგანიზებული. ზოგი დასუფთავებაზე ზრუნავდა, ზოგი — საკვების განაწილებაზე, ზოგიც — უსაფრთხოებაზე. ამ ერთგულმა ძმებმა იეჰოვას დახმარებით მართლაც ბევრის გაკეთება შეძლეს. მათმა მაგალითმა ძალიან გამამხნევა.

70-იანი წლების ბოლოს მალავიზე ზრუნვა ზამბიის ფილიალს დაევალა, მაგრამ მაინც ხშირად გვეფიქრებოდა მალაველ და-ძმებზე და ვლოცულობდით მათთვის. როგორც ზიმბაბვეს ფილიალის კომიტეტის წევრს, არაერთხელ მომეცა შესაძლებლობა, მალავიში, სამხრეთ აფრიკასა და ზამბიაში მომსახურე ძმებთან ერთად მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებს შევხვედროდი. ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე კითხვას ვსვამდით: კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მალაველი და-ძმებისთვის?

დროთა განმავლობაში მდგომარეობა შემსუბუქდა. და-ძმებმა, რომლებმაც ერთ დროს დატოვეს მალავი, ნელ-ნელა ქვეყანაში დაბრუნება დაიწყეს, იქ დარჩენილებმა კი შვება იგრძნეს. მეზობელ ქვეყნებში ჩვენი საქმიანობა კანონიერად ცნეს და შეზღუდვები მოხსნეს. მოზამბიკი მათ კვალს 1991 წელს მიჰყვა. მაგრამ მოსვენებას არ გვაძლევდა იმაზე ფიქრი, ჩვენი მალაველი და-ძმები როდის გაიზიარებდნენ იმავე თავისუფლებას.

ᲛᲐᲚᲐᲕᲘᲨᲘ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲐ

მალავიში პოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა და 1993 წელს ჩვენი საქმიანობის აკრძალვა მოიხსნა. იმ პერიოდში ერთმა მისიონერმა მკითხა, მალავიში დაბრუნებას ხომ არ ვაპირებდი. 59 წლის ვიყავი, ამიტომ ვუთხარი, საამისოდ უკვე ბებერი ვარ-მეთქი. იმავე დღეს ხელმძღვანელი საბჭოსგან ფაქსი მივიღეთ, რომელშიც მალავიში დაბრუნებას გვთავაზობდნენ.

ზიმბაბვეში მსახურება ძალიან მოგვწონდა. იქ ბევრი მეგობარი შევიძინეთ და თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში. ამიტომ გადაწყვეტილების მიღება გაგვიჭირდა. ხელმძღვანელი საბჭოსგან მიღებულ წერილში ისიც ეწერა, რომ არჩევანი ჩვენზე იყო. ასე რომ, შეგვეძლო თავად წარგვემართა ჩვენი ცხოვრება და უარი გვეთქვა მალავიში გადასვლაზე. მაგრამ აბრაამისა და სარას მაგალითზე დავფიქრდით, რომლებმაც უკვე ხანშესულებმა იეჰოვას მითითებისამებრ დატოვეს კეთილმოწყობილი სახლ-კარი (დაბ. 12:1—5).

ჩვენც მივყევით იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებას და 1995 წლის 1-ელ თებერვალს მალავიში დავბრუნდით, პირველად ჩვენი იქ ჩასვლიდან 28 წლის თავზე. ჩამოყალიბდა ფილიალის კომიტეტი, რომელშიც მე და კიდევ ორი ძმა ვიყავით. ჩვენ უმალვე შევუდექით თეოკრატიული საქმიანობის რეორგანიზებას.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲖᲠᲓᲘᲡ

საკუთარი თვალით ვნახეთ, როგორ დააჩქარა იეჰოვამ ზრდა. 1993 წელს მაუწყებელთა რიცხვი დაახლოებით 30 000 იყო, 1998 წელს კი მათმა რიცხვმა 42 000-ს გადააჭარბა. * ხელმძღვანელმა საბჭომ ფილიალის ახალი შენობის მშენებლობის ნებართვა მოგვცა, რათა უკეთ გაგვეწია ხელმძღვანელობა ჩვენი საქმიანობისთვის. ამისთვის 12 ჰექტარი მიწა შევიძინეთ ლილონგვეში. მე სამშენებლო კომიტეტში დამნიშნეს.

2001 წლის მაისში ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა გაი პირსმა, ფილიალის მიძღვნაზე მოხსენება წაიკითხა. ამ პროგრამას 2 000-ზე მეტი ადგილობრივი მოწმე ესწრებოდა, რომელთაგან უმეტესობა 40 წელზე მეტი ხნის მონათლული იყო. აკრძალვის დროს ეს ერთგული და-ძმები დიდ დევნასა და გაჭირვებას იტანდნენ. მართალია, მატერიალურად ბევრი არაფერი გააჩნდათ, მაგრამ სულიერად ძალიან მდიდრები იყვნენ. ისინი გახარებულები ათვალიერებდნენ ახალ ბეთელს და აფრიკულ სტილში ასრულებდნენ სამეფო სიმღერებს. მართლაც საოცარი განცდა იყო. მსგავსი რამ არასდროს მენახა. აშკარად ჩანდა, რომ იეჰოვა კურთხევას არ იშურებს მათთვის, ვინც მოთმინებით იტანს განსაცდელებს.

ფილიალის მშენებლობის შემდეგ ხშირად მიწვევდნენ, რომ სამეფო დარბაზების მიძღვნაზე მოხსენებით გამოვსულიყავი. სამშენებლო პროგრამის წყალობით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის იყო გათვალისწინებული, მალავიში სამეფო დარბაზების მშენებლობის საქმე დაჩქარდა. უწინ ზოგი კრება ევკალიპტის ქოხმახებში იკრიბებოდა, რომლებიც ჩალით იყო გადახურული, დასაჯდომად კი თიხისგან დამზადებული „სკამები“ ჰქონდათ. ახლა კი ძმები თავად ამზადებდნენ გამომწვარ აგურს და მისგან კოხტა დარბაზებს აშენებდნენ. მაგრამ ასეთ დარბაზებშიც კი მათ ისევ გრძელი სკამები ერჩივნათ, რადგან, როგორც ამბობენ, ასეთ სკამზე ყოველთვის მოიძებნება კიდევ ერთი ადგილი.

ძალიან მახარებს იმის დანახვაც, როგორ ეხმარება იეჰოვა ადგილობრივ და-ძმებს სულიერ ზრდაში. განსაკუთრებით ახალგაზრდა ძმებმა გამაოცეს თავიანთი მონდომებითა და იმით, თუ რა მალე აუღეს ალღო ყველაფერს ღვთიური განათლებისა და სათანადო მომზადების წყალობით. ისინი სულ უფრო მეტ საქმეს ასრულებდნენ კრებასა თუ ბეთელში. ახალდანიშნული სარაიონო ზედამხედველების მეშვეობით კი კრებები სულიერად ძლიერდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა დაოჯახებული იყო, უარი თქვეს შვილების ყოლაზე, რათა უფრო მეტად დახარჯულიყვნენ იეჰოვასთვის. არადა გარშემომყოფები და ოჯახის წევრები ხშირად უბიძგებდნენ, რომ შვილები ჰყოლოდათ.

ᲑᲔᲓᲜᲘᲔᲠᲘ ᲕᲐᲠ ᲩᲔᲛᲘ ᲐᲠᲩᲔᲕᲐᲜᲘᲗ

ენთან ერთად ბრიტანეთის ბეთელში

აფრიკაში 52-წლიანი მსახურების შემდეგ ჯანმრთელობა შემერყა. ხელმძღვანელმა საბჭომ გაითვალისწინა ფილიალის კომიტეტის რეკომენდაცია და ბრიტანეთში დაგვაბრუნა. მართალია, ძალიან დაგვწყდა გული, რომ იქაურობის დატოვება მოგვიწია, მაგრამ მადლიერები ვართ, რომ ამ ასაკში ბრიტანეთის ბეთელის ოჯახი ზრუნავს ჩვენზე და ყურადღებას არ გვაკლებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე, როცა იეჰოვას ჩემი ცხოვრების წარმართვის საშუალება მივეცი. საკუთარ გონებას რომ დავნდობოდი, ღმერთმა იცის, სად ვიქნებოდი. იეჰოვამ საუკეთესოდ იცოდა, რა იყო ჩემთვის საჭირო, რომ სავალი მომესწორებინა (იგავ. 3:5, 6). ახალგაზრდობაში დიდი ინტერესით ვსწავლობდი, როგორ იმართება დიდი კომპანია. თუმცა იეჰოვას ორგანიზაციაში სულიერად მდიდარი ცხოვრება განვვლე, რასაც ვერანაირი კარიერა ვერ შეედრება. ჩემთვის იეჰოვას მსახურება იყო და არის კიდეც უბედნიერესი ცხოვრების გზა.

^ ახლა მალავიში 100 000-ზე მეტი მაუწყებელია.