არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რას გულისხმობდა მოციქული პავლე, როცა საკუთარ თავს „ნაადრევად შობილი“ უწოდა? (1 კორინთელები 15:8)

1 კორინთელების 15:8-ში პავლე ამბობს: „ბოლოს კი, როგორც ნაადრევად შობილს, მეც მეჩვენა“. ადრე ვფიქრობდით, რომ პავლე ამ სიტყვებში იესოს ზეციერი დიდების ხილვას გულისხმობდა. პავლე, თითქოსდა, ნაადრევად იშვა, ანუ აღდგა ზეციერი ცხოვრებისთვის ასეთი აღდგომის დაწყებამდე საუკუნეებით ადრე. თუმცა ამ მუხლის უფრო ღრმად გამოკვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივედით, რომ ეს ახსნა შესწორებას საჭიროებს.

ფაქტია, პავლე აქ იმაზე საუბრობს, თუ როგორ მოექცა ქრისტიანობაზე. მაგრამ საინტერესოა, რა იგულისხმა მან, როცა თავს „ნაადრევად შობილი“ უწოდა? ამ სიტყვებს შეიძლება რამდენიმე სავარაუდო ახსნა მოეძებნოს.

მისი ქრისტიანობაზე მოქცევა უეცრად მოხდა და გარკვეულ ტრავმასთან იყო დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობა მოულოდნელად იწყება. ქრისტიანების დასარბევად დამასკოსკენ მიმავალი პავლეც, იმ დროს სავლედ წოდებული, საერთოდ არ მოელოდა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე გამოეცხადებოდა. პავლეს ქრისტიანობაზე მოქცევა მხოლოდ მისთვის კი არა, იმ ქრისტიანებისთვისაც მოულოდნელი იყო, რომლებსაც დარბევას უპირებდა. გარდა ამისა, ეს გარკვეულ ტრავმასთანაც იყო დაკავშირებული, რადგან ამ ხილვის შემდეგ ის დროებით დაბრმავდა (საქ. 9:1—9, 17—19).

მისი ქრისტიანობაზე მოქცევა „უდროო დროს“ მოხდა. ბერძნული სიტყვა, რომელიც „ნაადრევად შობილად“ ითარგმნა, უდროოდ შობილადაც შეიძლება ითარგმნოს. ბიბლიის ერთ-ერთ თარგმანში ეს მუხლი ასეა ნათარგმნი: „თითქოსდა ყველასთვის მოულოდნელად ვიშვი“ (The Jerusalem Bible). პავლეს გაქრისტიანების დროს იესო უკვე ზეცაში იყო. მათგან განსხვავებით, ვისზეც პავლე ამ მუხლის კონტექსტში საუბრობს, მას მკვდრეთით აღმდგარი იესო ზეცად ამაღლებამდე არ უხილავს (1 კორ. 15:4—8). პავლეს ამის შესაძლებლობა მოულოდნელად, ასე ვთქვათ, უდროო დროს მიეცა.

პავლე მოკრძალებულად საუბრობდა საკუთარ თავზე. ზოგი ბიბლეისტის აზრით, პავლეს მიერ გამოყენებულ სიტყვას შეიძლება დამამცირებელი ელფერიც ჰქონდეს. თუ პავლემ ეს სიტყვა ამ მნიშვნელობით გამოიყენა, გამოდის, იმის თქმა სურდა, რომ ამ პატივს არ იმსახურებდა. ეს აზრი ეთანხმება მის შემდგომ სიტყვებსაც: „მოციქულებს შორის უმცირესი ვარ და არც იმის ღირსი ვარ, მოციქულად ვიწოდებოდე, რადგან ღვთის კრებას ვდევნიდი. მაგრამ ღვთის წყალობით ვარ ის, ვინც ვარ“ (1 კორ. 15:9, 10).

როგორც ვხედავთ, პავლე შესაძლოა იმას გულისხმობდა, რომ იესო ქრისტე მას მოულოდნელად და უეცრად გამოეცხადა, მისი ქრისტიანობაზე მოქცევა „უდროო დროს“ მოხდა ან ის თავს არ თვლიდა ასეთი ხილვის ღირსად. როგორც უნდა ყოფილიყო, პავლესთვის ეს დაუვიწყარი მოვლენა იყო, რომელმაც ქრისტეს აღდგომასთან დაკავშირებით ყოველგვარი ეჭვი გაუქარწყლა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ის ხშირად მოიხსენიებდა ამ მოულოდნელ გამოცხადებას, როცა ქრისტეს აღდგომის შესახებ ქადაგებდა (საქ. 22:6—11; 26:13—18).