არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 2

„შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით“

„შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით“

„შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია“ (ᲠᲝᲛ. 12:2).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 88 მაუწყე შენი გზები

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1, 2. რისი გაკეთება გვმართებს ნათლობის შემდეგ? ახსენით.

 ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓ ხშირად ალაგებთ სახლს? თუ ახალ სახლში მოგიწიათ გადასვლა, ალბათ საგულდაგულოდ დაალაგეთ ყველაფერი. მაგრამ რა მოხდებოდა, თუ ამის შემდეგ საერთოდ არ იზრუნებდით სისუფთავეზე? ყველაფერს ჭუჭყი და მტვერი დაედებოდა. სახლში წესრიგი და სისუფთავე რომ იყოს, მუდმივად უნდა დაალაგოთ.

2 მსგავსი ძალისხმევაა საჭირო, როცა საქმე ჩვენს აზროვნებასა და შინაგან პიროვნებას ეხება. ნათლობამდე ყველანაირად ვეცადეთ, საჭირო ცვლილებები მოგვეხდინა, რათა განვწმენდილიყავით „ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს სხეულსა და გონებას“ (2 კორ. 7:1). მაგრამ ნათლობის შემდეგაც გვჭირდება პავლე მოციქულის რჩევის გათვალისწინება: „შეიცვალეთ აზროვნება“ (ეფეს. 4:23). ამას კი მუდმივი შრომა სჭირდება, რათა, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნიერების მტვერი და ჭუჭყი არ მოედოს ჩვენს გონებას. ასე რომ, ღვთის თვალში სუფთები რომ ვიყოთ, მუდმივად უნდა შევამოწმოთ ჩვენი აზროვნება, შინაგანი პიროვნება და სურვილები.

„ᲨᲔᲘᲪᲕᲐᲚᲔᲗ ᲐᲖᲠᲝᲕᲜᲔᲑᲐ“

3. რას ნიშნავს აზროვნების შეცვლა ანუ გონების განახლება? (რომაელები 12:2).

3 როგორ უნდა შევიცვალოთ აზროვნება ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განვიახლოთ გონება? (წაიკითხეთ რომაელების 12:2). განახლება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ზედაპირული ცვლილებების მოხდენას. მაგალითად, საფუძვლიანი განახლებისთვის სახლს მხოლოდ შელამაზება არ ეყოფა. მსგავსადვე, თუ ჩვენი ცხოვრების გალამაზებას ვცდილობთ კარგი საქმეებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შევიცვალეთ აზროვნება და განვიახლეთ გონება. აზროვნება რომ შევიცვალოთ, უნდა შევამოწმოთ შინაგანი პიროვნება და მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ღვთის ნორმები. ეს ერთჯერადი კი არა, მუდმივი პროცესია.

ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან, რომ ღვთის სამეფოს ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებთ? (იხილეთ აბზაცები 4, 5). c

4. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყნიერებამ არ გადაგვიყვანოს თავის ყაიდაზე?

4 გასრულყოფილების შემდეგ არაფერი შეგვიშლის ხელს, რომ ყოველმხრივ ვასიამოვნოთ იეჰოვას. დღეს კი ამისთვის გამუდმებული ძალისხმევა გვჭირდება. პავლემ რომაელების 12:2-ში აზროვნების შეცვლა ღვთის ნების ჩაწვდომასთან დააკავშირა. ნაცვლად იმისა, რომ გულხელდაკრეფილები დაველოდოთ იმას, როდის გადაგვიყვანს ქვეყნიერება თავის ყაიდაზე, გამუდმებით უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, თუ რა ახდენს ჩვენს მიზნებსა და გადაწყვეტილებებზე გავლენას — ღვთის თუ ქვეყნიერების სული.

5. საიდან გამოჩნდება, რომ მოუთმენლად ველით იეჰოვას დღის დადგომას? (იხილეთ სურათი).

5 იეჰოვას სურს, რომ მოუთმენლად დაველოდოთ მისი დღის დადგომას (2 პეტ. 3:12). დავფიქრდეთ: ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვებით ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ მოუთმენლად ველით ამ ქვეყნიერების აღსასრულს? როცა საქმე განათლებასა და სამსახურს ეხება, ჩანს ჩვენი გადაწყვეტილებებიდან, რომ იეჰოვას მსახურება უმთავრესია? გამუდმებით ვწუხვართ მატერიალურ საჭიროებებზე თუ გვჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე და ჩვენს ოჯახზე? წარმოიდგინეთ, როგორ სიამოვნებს იეჰოვას იმის დანახვა, რომ ვცდილობთ, ჩვენი ცხოვრება მის ნორმებს შევუსაბამოთ (მათ. 6:25—27, 33; ფილ. 4:12, 13).

6. რისი გაკეთება გვმართებს?

6 მუდმივად უნდა შევამოწმოთ ჩვენი აზროვნება და მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები. პავლე კორინთელებს სწერდა: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, გაქვთ თუ არა რწმენა; გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორ. 13:5). რწმენის ქონა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ შიგადაშიგ დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს და მონაწილეობა მივიღოთ მსახურებაში. რწმენა ჩვენს აზროვნებაზე, მიდრეკილებებზე და მოტივებზე უნდა აისახებოდეს. აზროვნების შეცვლაში ღვთის სიტყვის კითხვა, ამა თუ იმ საკითხისადმი ღვთის დამოკიდებულების გათავისება და შესაბამისი ცვლილებების მოხდენა დაგვეხმარება (1 კორ. 2:14—16).

„ᲨᲔᲘᲛᲝᲡᲔᲗ ᲐᲮᲐᲚᲘ ᲞᲘᲠᲝᲕᲜᲔᲑᲘᲗ“

7. ეფესოელების 4:31, 32-ის თანახმად, კიდევ რისი გაკეთება გვმართებს და რატომ შეიძლება იყოს ეს რთული?

7 წაიკითხეთ ეფესოელების 4:31, 32. აზროვნების შეცვლასთან ერთად საჭიროა, ახალი პიროვნებითაც შევიმოსოთ (ეფეს. 4:24). ძალისხმევის გარეშე ეს არ გამოვა. ამიტომ სხვა დანარჩენთან ერთად უნდა მოვიშოროთ ყოველგვარი ბოღმა, ბრაზი და რისხვა. ეს შეიძლება რთული იყოს, რადგან ზოგი უარყოფითი თვისება ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ზოგი „ადვილად რისხდება“ და „ფიცხია“ (იგავ. 29:22). ამიტომ მნიშვნელოვანია, ნათლობის შემდეგაც გავაგრძელოთ უარყოფით თვისებებთან ბრძოლა. ამაზე შემდეგი მაგალითი მოწმობს.

8, 9. როგორ მოწმობს სტეფანის შემთხვევა, რომ მუდმივი ძალისხმევაა საჭირო ძველი პიროვნების მოსაშორებლად?

8 ერთ ძმას, სტეფანს, ფიცხი ხასიათი ჰქონდა და ადვილად ბრაზდებოდა. ის ამბობს: «ფიცხ ხასიათზე მუშაობა მონათვლის შემდეგაც მჭირდებოდა. ერთხელ კარდაკარ მსახურებისას დავინახე, რომ ქურდმა მანქანიდან რადიო მომპარა და გავეკიდე. რომ დავეწიე, მან რადიო დაბლა დააგდო და გაიქცა. როცა ეს შემთხვევა სხვებს მოვუყევი, ერთმა უხუცესმა მკითხა: „სტეფან, რას იზამდი ქურდი რომ დაგეჭირა?“. ამ კითხვამ დამაფიქრა და აღმძრა, რომ უფრო მეტად მემუშავა სიმშვიდის შენარჩუნებაზე». b

9 როგორც სტეფანის მაგალითიდან გამოჩნდა, შეიძლება ძველი პიროვნებისთვის დამახასიათებელმა უარყოფითმა თვისებებმა მოულოდნელად იჩინოს თავი, არადა შეიძლება გვეგონა, რომ მოშორებული გვქონდა ეს ყველაფერი. თუ თქვენც ვერ გააკონტროლებთ თავს, გულს ნუ გაიტეხთ და ნუ დაასკვნით, რომ ცუდი ქრისტიანი ხართ. თვით მოციქული პავლეც აღიარებდა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომ. 7:21—23). არასრულყოფილების გამო ყველა ქრისტიანს გვიწევს უარყოფით თვისებებთან ბრძოლა. ეს რაღაცით იმ მტვერსა და ჭუჭყს ჰგავს, რომელიც შიგადაშიგ სახლში გროვდება. ამიტომ მუდმივი ძალისხმევაა საჭირო, რომ ჩვენი შინაგანი პიროვნება, ასე ვთქვათ, არაფრით დავაბინძუროთ. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?

10. როგორ ვებრძოლოთ არასასურველ მიდრეკილებებს? (1 იოანე 5:14, 15).

10 ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას, რომ დაგეხმაროთ არასასურველი თვისების მოშორებაში. გჯეროდეთ, რომ ის შეისმენს თქვენს სათხოვარს და დაგეხმარებათ (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:14, 15). ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა რაღაც სასწაულს მოახდენს, თუმცა ძალას კი მოგცემთ, რომ არ დანებდეთ სისუსტეებს (1 პეტ. 5:10). თქვენი საქციელით დაამტკიცეთ, რომ ნამდვილად გსურთ ის, რასაც იეჰოვას სთხოვთ და ნუ ასაზრდოებთ ძველი პიროვნებისთვის დამახასიათებელ თვისებებს. მაგალითად, დაფიქრდით, რა ფილმებს და გადაცემებს უყურებთ, ან რა შინაარსის მასალას კითხულობთ. მათში დადებით შუქში ხომ არ არის წარმოდგენილი ის თვისებები, რომლებსაც ებრძვით? ყველანაირად ეცადეთ, გონებიდან ამოიგდოთ უმართებულო სურვილები (ფილ. 4:8; კოლ. 3:2).

11. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ კვლავაც შევიმოსოთ ახალი პიროვნებით?

11 მარტო ძველი პიროვნება კი არ უნდა მოვიშოროთ, ახლითაც უნდა შევიმოსოთ. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? როცა იეჰოვას ეცნობით, ეცადეთ, მიჰბაძოთ მას (ეფეს. 5:1, 2). მაგალითად, როცა ბიბლიაში კითხულობთ, როგორი მიმტევებელია იეჰოვა, დაფიქრდით, თქვენ თუ პატიობთ სხვებს. ან როცა იმის შესახებ კითხულობთ, როგორ თანაუგრძნობდა იეჰოვა თავის მსახურებს გაჭირვების დროს, ჰკითხეთ საკუთარ თავს: მე თუ თანავუგრძნობ და ვეხმარები გაჭირვებაში მყოფ თანაქრისტიანებს? ასე რომ, კვლავაც შეიმოსეთ ახალი პიროვნებით და შეიცვალეთ აზროვნება. ამავე დროს, ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ერთ დღეში შეიცვლებით.

12. როგორ გამოჩნდა სტეფანის შემთხვევიდან, რომ ბიბლიას ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია?

12 ზემოხსენებულმა სტეფანმა თანდათანობით შეძლო ძველი პიროვნების მოშორება და ახლით შემოსვა. ის ამბობს: „ნათლობის შემდეგ რამდენჯერმე აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, როცა შეიძლებოდა განვრისხებულიყავი. მაგრამ ვისწავლე, რომ ან გავეცალო მათ, ვინც ჩემ გაღიზიანებას ცდილობს, ან პრობლემა მშვიდად მოვაგვარო. როდესაც პრობლემებს მშვიდად ვაგვარებ, ბევრის, მათ შორის ჩემი მეუღლის, ქებას ვიმსახურებ. ზოგჯერ ჩემი საქციელი მე თვითონ მაოცებს. რა თქმა უნდა, ასეთი ცვლილებები ჩემი დამსახურება არ არის. ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ ბიბლიას ადამიანის გარდაქმნის ძალა აქვს“.

ᲒᲐᲜᲐᲒᲠᲫᲔᲗ ᲣᲛᲐᲠᲗᲔᲑᲣᲚᲝ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲔᲑᲗᲐᲜ ᲑᲠᲫᲝᲚᲐ

13. რა დაგვეხმარება უმართებულო სურვილებთან ბრძოლაში? (გალატელები 5:16).

13 წაიკითხეთ გალატელების 5:16. სისუსტეების დასაძლევად იეჰოვა უშურველად გვაძლევს თავის სულს. მაგალითად მაშინ, როცა ღვთის სიტყვას ვიკვლევთ. წმინდა სულს კრების შეხვედრებზეც ვიღებთ. ამ შეხვედრებზე ჩვენ გვერდით არიან და-ძმები, რომლებიც ჩვენ მსგავსად ცდილობენ, ასიამოვნონ ღმერთს. ეს კი ერთმანეთის გამხნევებას ემსახურება (ებრ. 10:24, 25; 13:7). როცა იეჰოვას ლოცვით მივმართავთ და გულმხურვალედ ვთხოვთ, სისუსტე დაგვაძლევინოს, ის წმინდა სულით გაგვაძლიერებს, რათა არ დავნებდეთ. მართალია, ეს ყველაფერი ავტომატურად არ გაგვიქრობს უმართებულო სურვილებს, მაგრამ იმაში მაინც დაგვეხმარება, რომ მათ არ ავყვეთ. ტყუილუბრალოდ არ არის ნათქვამი გალატელების 5:16-ში, რომ ვინც სულით დადის, მეტად აღარ ასრულებს ხორცის სურვილებს.

14. რატომ უნდა გავაგრძელოთ უმართებულო სურვილებთან ბრძოლა?

14 შეიძლება კარგი სულიერი განრიგი გაქვთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ ამოვარდეთ კალაპოტიდან და გააგრძელოთ უმართებულო სურვილებთან ბრძოლა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ ჩვენ ყველას ერთი დაუძინებელი მტერი გვყავს და ეს მტერი ჩვენი მაცდუნებელი სურვილებია. შეიძლება ნათლობის შემდეგაც მიგვიზიდოს ისეთმა რამემ, რასაც წესით უნდა მოვერიდოთ, მაგალითად პორნოგრაფიამ, აზარტულმა თამაშებმა ან ზედმეტმა ალკოჰოლმა (ეფეს. 5:3, 4). ერთი ახალგაზრდა ქრისტიანი აღიარებს: „ჩემივე სქესის ადამიანები მიზიდავს და ამ სურვილთან გამკლავება ყველაზე მეტად მიჭირს. მეგონა, რომ ეს მალე გადამივლიდა, მაგრამ დღემდე ვებრძვი ამ სურვილებს“. რა დაგეხმარებათ იმ უმართებულო სურვილებთან ბრძოლაში, რომლებსაც ადვილად ვერ ერევით?

თუ ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, ნუ იფიქრებთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ. უკვე ბევრმა შეძლო მსგავს ცდუნებებთან გამკლავება (იხილეთ აბზაცები 15, 16).

15. რატომაა მანუგეშებელი იმის ცოდნა, რომ უმართებულო სურვილები ადამიანისთვის ჩვეული რამაა? (იხილეთ სურათი).

15 როცა ასეთ ძლიერ სურვილებს ებრძვით, არასდროს დაგავიწყდეთ, რომ მარტონი არ ხართ. ბიბლიაში ნათქვამია: „არ გქონიათ ცდუნება, გარდა ადამიანისთვის ჩვეული ცდუნებისა“ (1 კორ. 10:13ა). ეს სიტყვები პავლე მოციქულმა კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა, როგორც კაცებს, ისე ქალებს. წარსულში მათგან ზოგი მრუში, ჰომოსექსუალი და ლოთი იყო (1 კორ. 6:9—11). როგორ გგონიათ, ნათლობის შემდეგ უმართებულო სურვილებს ისინი აღარ შეუწუხებია? მართალია, ისინი ცხებული ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ ცოდვილი ბუნების გამო დროდადრო მაინც მოუწევდათ ბრძოლა ხორციელ სურვილებთან. ამის ცოდნა ჩვენც გვამხნევებს, რადგან პირველები არ ვართ, ვისაც ასეთი სურვილები გასჩენია. სხვებმა შეძლეს მათთან გამკლავება და ამას თქვენც შეძლებთ, თუ წინ აღუდგებით „მტკიცე რწმენით“. გახსოვდეთ, „მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში“ (1 პეტ. 5:9).

16. როგორ აზროვნებას უნდა მოვერიდოთ და რატომ?

16 ნუ იფიქრებთ, რომ ვერავინ გაგიგებთ, რასთან გიწევთ ბრძოლა, თორემ თქვენი მდგომარეობა უიმედოდ მოგეჩვენებათ და აღარც ძალები შეგრჩებათ წინააღმდეგობის გასაწევად. არადა ღვთის სიტყვა სულ სხვა რამეში გვარწმუნებს: „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანასაც ვერ შეძლებთ, და გამოსავალსაც გიჩვენებთ, რომ ბოლომდე მოითმინოთ“ (1 კორ. 10:13ბ). იმ შემთხვევაშიც კი, თუ უმართებულო სურვილი ძლიერია, ჩვენ მაინც შეგვიძლია, წინააღმდეგობა გავუწიოთ მას. იეჰოვას დახმარებით შევძლებთ, რომ არ ავყვეთ ასეთ სურვილებს.

17. რისი გაკონტროლება შეგვიძლია, თუნდაც ხორციელმა სურვილებმა თავი შეგვახსენოს?

17 ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო ხორციელმა სურვილებმა შეიძლება შიგადაშიგ შეგვახსენოს თავი. თუ ასე მოხდება, მიჰბაძეთ იოსებს და კი ნუ აჰყვებით, არამედ გაექეცით მათ (დაბ. 39:12). არჩევანი თქვენზეა, გახდებით თუ არა ხორციელი სურვილების მონა.

ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲘᲑᲠᲫᲝᲚᲔᲗ

18, 19. რომელ კითხვებზე დაფიქრება დაგვეხმარება აზროვნების შეცვლაში?

18 აზროვნების შეცვლა მუდმივი პროცესია, რაც იმას მოითხოვს, რომ ჩვენი ფიქრები და ქმედებები ყოველთვის იეჰოვას ნებას შევუსაბამოთ. ამიტომ კარგი იქნება, თუ დროდადრო ასეთ კითხვებზე დავფიქრდებით: ჩანს ჩემი გადაწყვეტილებებიდან, რომ კარგად მესმის რა დროში ვცხოვრობ? შეიძლება იმის თქმა, რომ ნამდვილად ვიმოსები ახალი პიროვნებით? ვაძლევ ღვთის წმინდა სულს ჩემზე მოქმედების საშუალებას, რომ არ ავყვე ხორციელ სურვილებს?

19 თვითგამოკვლევის დროს საკუთარ თავს სრულყოფილებას კი ნუ მოსთხოვთ, არამედ ის დაინახეთ, რაშიც გაუმჯობესდით. თუ მიხვდებით, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაქვთ შესაცვლელი, გულს ნუ გაიტეხთ და გაითვალისწინეთ ფილიპელების 3:16-ში ჩაწერილი რჩევა: „კვლავაც განვაგრძოთ მწყობრად სვლა ერთი მიმართულებით იმის მიუხედავად, ვინ რამდენად მოწიფულია“. თუ ასე მოიქცევით, გჯეროდეთ, რომ იეჰოვა აკურთხებს თქვენს ძალისხმევას და დაგეხმარებათ, რომ შეიცვალოთ აზროვნება.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 36 ვიცავთ ჩვენს გულებს

a მოციქული პავლე მოუწოდებდა თანაქრისტიანებს, აღარ ეცხოვრათ ქვეყნიერების ყაიდაზე. ეს რჩევა ჩვენთვისაც აქტუალურია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ქვეყნიერება არ ახდენს გამხრწნელ ზეგავლენას ჩვენზე. ყოველთვის უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი ფიქრები, რათა ღვთის მოსაწონად ვიაზროვნოთ. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.

b იხილეთ 2015 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ჩემი ცხოვრება ცუდიდან უარესობისკენ იცვლებოდა“.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ახალგაზრდა ძმა ფიქრობს, უმაღლესი განათლება მიიღოს თუ სრული დროით მსახურება დაიწყოს.