არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 5

„ჩვენი აღმძვრელი ის სიყვარულია, რომელიც ქრისტეს აქვს“

„ჩვენი აღმძვრელი ის სიყვარულია, რომელიც ქრისტეს აქვს“

„ჩვენი აღმძვრელი ის სიყვარულია, რომელიც ქრისტეს აქვს . . . ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა საკუთარი თავისთვის აღარ იცოცხლონ“ (2 ᲙᲝᲠ. 5:14, 15).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1, 2. ა) რა გრძნობებს იწვევს ჩვენში იესოს ცხოვრებასა და მსახურებაზე ფიქრი? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

 ᲐᲚᲑᲐᲗ ყველას გვენატრება ჩვენი ახლობელი, რომელიც სიკვდილმა წაგვართვა. თავიდან მტკივნეულად გვახსენდება მისი სიცოცხლის ბოლო დღეები, მით უმეტეს თუ ის სიკვდილამდე იტანჯებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ეს ტკივილი გარკვეულწილად სასიამოვნო მოგონებებმა გადაფაროს. მაგალითად იმის გახსენებამ, რა გაუკეთებია ან უსწავლებია ამ ადამიანს ჩვენთვის, როგორ გავუმხნევებივართ და გავუხალისებივართ.

2 ფაქტია, ჩვენც განვიცდით, როცა ვკითხულობთ, როგორ აწამეს და მოკლეს იესო, მით უმეტეს გახსენების საღამოს პერიოდში, როცა უფრო მეტს ვფიქრობთ მის მიერ გაღებულ მსხვერპლზე (1 კორ. 11:24, 25). მაგრამ ამავე დროს გვსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რასაც იესო დედამიწაზე ყოფნის დროს ამბობდა და აკეთებდა. ჩვენთვის იმის ცოდნაც გამამხნევებელია, თუ რას აკეთებს ის ახლა და რას გააკეთებს ჩვენთვის მომავალში. ეს კი ჩვენში არა მხოლოდ მადლიერებას წარმოშობს, არამედ იმის სურვილსაც, რომ მადლიერება საქმით გამოვხატოთ. წინამდებარე სტატიაში ვიმსჯელებთ, რისკენ აღგვძრავს მადლიერება და სიყვარული.

ᲛᲐᲓᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲛᲘᲛᲓᲔᲕᲠᲝᲑᲘᲡᲙᲔᲜ ᲐᲦᲒᲕᲫᲠᲐᲕᲡ

3. რატომ უნდა ვიყოთ მადლიერი გამოსასყიდისთვის?

3 იესოს ცხოვრებასა და სიკვდილზე ფიქრი ჩვენში მადლიერების გრძნობას აღვივებს. დედამიწაზე მსახურების დროს იესო ხალხს იმ კურთხევებზე ესაუბრებოდა, რომლებსაც ღვთის სამეფო მოუტანს კაცობრიობას. ჩვენ უზომოდ ვაფასებთ იმას, რასაც ბიბლიიდან გამოსასყიდის შესახებ ვიგებთ. მადლიერები ვართ ამ ძღვნისთვის, რადგან ის შესაძლებლობას გვაძლევს, ახლო ურთიერთობა გვქონდეს იეჰოვასთან და იესო ქრისტესთან. მეტიც, იესოსადმი რწმენა მარადიული სიცოცხლის და ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების ნახვის იმედს გვაძლევს (იოან. 5:28, 29; რომ. 6:23). ჩვენ არაფრით დაგვიმსახურებია ეს კურთხევები და ვერც ვერასდროს გადავუხდით იეჰოვასა და იესოს იმ ყველაფრისთვის, რაც მათ ჩვენთვის გააკეთეს (რომ. 5:8, 20, 21). თუმცა ის მაინც შეგვიძლია, რომ მათდამი ჩვენი მადლიერება საქმით დავამტკიცოთ. მოდი ვიმსჯელოთ, როგორ.

როგორ გვეხმარება მაგდალელი მარიამის მაგალითზე დაფიქრება, გამოვხატოთ მადლიერება? (იხილეთ აბზაცები 4, 5).

4. როგორ გამოხატა მარიამმა იესოსადმი მადლიერება? (იხილეთ სურათი).

4 განვიხილოთ მაგდალელი მარიამის მაგალითი. ის შვიდი დემონით იყო შეპყრობილი, რის გამოც ძალიან იტანჯებოდა და შესაძლოა ამ მდგომარეობიდან გამოსავალსაც ვერ ხედავდა. ასე რომ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი მადლიერი დარჩებოდა იესოსი, რომელმაც ის დემონებისგან გაათავისუფლა. მადლიერებამ აღძრა მარიამი, იესოს მოწაფე გამხდარიყო და დრო, ენერგია და სახსრები თავისი მოძღვრის მხარდასაჭერად გამოეყენებინა (ლუკ. 8:1—3). აშკარაა, მარიამი ძალიან აფასებდა იმას, რაც იესომ მისთვის გააკეთა. თუმცა, დიდი ალბათობით, მას არ ეცოდინებოდა, რომ იესო მომავალში საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა როგორც მისთვის, ისე ყველასთვის, რათა, ვინც მას ირწმუნებდა, არ დაღუპულიყო და მარადიული სიცოცხლე ჰქონოდა (იოან. 3:16). მადლიერებამ მარიამი იმისკენაც აღძრა, რომ ბოლომდე იესოსადმი ერთგული დარჩენილიყო. როცა იესო წამების ძელზე იტანჯებოდა, მარიამი იქვე იდგა და ემოციურ მხარდაჭერას უწევდა როგორც თავის მოძღვარს, ისე მათ, ვინც იქ იესოს სიყვარულმა მიიყვანა (იოან. 19:25). მოგვიანებით მარიამმა სხვა ორ ქალთან ერთად სურნელოვანი ნაზავი იყიდა, რათა თავისი მოძღვრის ცხედრისთვის ეცხო (მარ. 16:1, 2). მისი ერთგულება დიდად დაჯილდოვდა. ის შეხვდა და ესაუბრა მკვდრეთით აღმდგარ იესოს, რისი შესაძლებლობაც ბევრ მოწაფეს არ მისცემია (იოან. 20:11—18).

5. როგორ გამოვხატოთ მადლიერება იეჰოვასა და იესოს მიმართ?

5 ჩვენც შეგვიძლია დრო, ენერგია და სახსრები სამეფოს საქმის მხარდასაჭერად გამოვიყენოთ და ასე გამოვხატოთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გააკეთეს. ამის ერთ-ერთი საშუალებაა, მონაწილეობა მივიღოთ თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ ᲐᲦᲒᲕᲫᲠᲐᲕᲡ, ᲒᲕᲘᲧᲕᲐᲠᲓᲔᲡ ᲛᲝᲧᲕᲐᲡᲘ

6. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ იესომ გამოსასყიდი თითოეული ჩვენგანისთვის გაიღო?

6 როცა ვფიქრობთ, როგორ ვუყვარვართ იეჰოვასა და იესოს, სურვილი გვიჩნდება, რომ ჩვენც იმავეთი ვუპასუხოთ (1 იოან. 4:10, 19). ამასთანავე, მათდამი სიყვარული უფრო გვიღრმავდება, როცა ვაცნობიერებთ, რომ იესო პირადად ჩვენთვის მოკვდა. მოციქულ პავლესაც კარგად ესმოდა ეს. გალატელებისთვის მიწერილ წერილში მან თავისი მადლიერება ასე გამოხატა: „[ღვთის ძემ] შემიყვარა და თავი გაწირა ჩემთვის“ (გალ. 2:20). გამოსასყიდმა შესაძლებლობა მოგვცა, რომ იეჰოვას დავახლოებოდით და მისი მეგობრები გავმხდარიყავით (იოან. 6:44). რა სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ იეჰოვამ თითოეულ ჩვენგანში რაღაც კარგი დაინახა და უდიდესი მსხვერპლი გაიღო, რათა მისი მეგობრები გავმხდარიყავით. განა ამაზე ფიქრი კიდევ უფრო არ გვიღრმავებს იეჰოვასა და იესოსადმი სიყვარულს?! მაგრამ საინტერესოა, რისკენ უნდა აღგვძრას ამ სიყვარულმა.

ღვთისა და ქრისტეს სიყვარული აღგვძრავს, ყველანაირ ადამიანს ვუქადაგოთ (იხილეთ აბზაცი 7).

7. როგორ შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს ღვთისა და იესოსადმი სიყვარულის გამოვლენა? (2 კორინთელები 5:14, 15; 6:1, 2; იხილეთ სურათი).

7 ღვთისა და იესოს სიყვარული აღგვძრავს, გვიყვარდეს მოყვასი (წაიკითხეთ 2 კორინთელების 5:14, 15; 6:1, 2). სამქადაგებლო საქმიანობაში გულმოდგინედ მონაწილეობა მოყვასის მიმართ სიყვარულის დამტკიცების ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. ამიტომ ვცდილობთ, ხელიდან არ გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობა და არ გავარჩიოთ ხალხი რასის, ეროვნების, ფინანსური თუ სოციალური მდგომარეობის მიხედვით. ამგვარად ჩვენი წვლილი შეგვაქვს ღვთის ნების შესრულებაში, რათა „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:4).

8. როგორ ვავლენთ და-ძმების მიმართ სიყვარულს?

8 თუ გვინდა, რომ ღმერთსა და ქრისტეს სიყვარული დავუმტკიცოთ, თანაქრისტიანებიც უნდა გვიყვარდეს (1 იოან. 4:21). ჩვენ ყურადღებას ვიჩენთ მათ მიმართ და სირთულეების დროს მარტო არ ვტოვებთ, მაგალითად, როცა საყვარელი ადამიანი ეღუპებათ, ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ ან გული უტყდებათ (2 კორ. 1:3—7; 1 თეს. 5:11, 14). ჩვენ ვლოცულობთ კიდეც მათთვის, რადგან ვიცით, რომ „მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს“ (იაკ. 5:16).

9. რა არის და-ძმების მიმართ სიყვარულის გამოვლენის კიდევ ერთი საშუალება?

9 და-ძმების სიყვარული იმასაც გულისხმობს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მათთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ყველანაირად ვცდილობთ, რომ იეჰოვას მიმტევებლობაში მივბაძოთ. თუ ის მზად იყო, თავისი ძე ჩვენი ცოდვებისთვის გაეწირა, განა ჩვენ არ უნდა ვიყოთ მზად, ვაპატიოთ და-ძმებს ჩვენ მიმართ ჩადენილი ცოდვები?! განა ვინმეს სურს იმ ბოროტ მონას დაემსგავსოს, რომელიც იესომ ერთ-ერთ იგავში მოიხსენია?! მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა მას უზარმაზარი ვალი აპატია, მან არ მოისურვა თავისნაირი მონისთვის შედარებით მცირე ვალის პატიება (მათ. 18:23—35). თუ კრებაში ვინმესთან უთანხმოება მოგივიდათ, ყველანაირად ეცადეთ, გახსენების საღამომდე მშვიდობა აღადგინოთ მასთან (მათ. 5:23, 24). ასეთი სახით იეჰოვასა და იესოს თქვენს სიყვარულს დაუმტკიცებთ.

10, 11. როგორ შეუძლიათ უხუცესებს სიყვარული დაუმტკიცონ იეჰოვასა და იესოს? (1 პეტრე 5:1, 2).

10 რაც შეეხება უხუცესებს, იეჰოვასა და იესოსადმი მათი სიყვარული განსაკუთრებით იმაში გამოჩნდება, თუ როგორ ზრუნავენ სამწყსოზე (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:1, 2). ამაზე მოციქულ პეტრესთვის ნათქვამი იესოს სიტყვებიც მოწმობს. მას შემდეგ, რაც იესო სამჯერ უარყო, პეტრეს, ალბათ, ძალიან უნდოდა, რომ მდგომარეობა გამოესწორებინა და მისთვის სიყვარული დაემტკიცებინა. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ პეტრე ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდ კი მისთვის სიყვარული დაემტკიცებინა. იესომაც მისცა ამის შანსი და უთხრა: „დამწყემსე ჩემი ბატკნები!“ (იოან. 21:15—17). პეტრემ დაუმტკიცა იესოს სიყვარული და სიცოცხლის ბოლომდე სათუთად ზრუნავდა მის სამწყსოზე.

11 უხუცესებო, როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ გახსენების საღამოს პერიოდში, რომ კარგად გესმით პეტრესთვის ნათქვამი იესოს სიტყვების მნიშვნელობა? იეჰოვასა და იესოს სიყვარულმა უნდა აღგძრათ, რომ რეგულარულად მოინახულოთ და-ძმები და გაამხნეოთ. ამასთანავე ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ დაეხმაროთ არააქტიურებს, დაუბრუნდნენ იეჰოვას (ეზეკ. 34:11, 12). ყურადღება გამოიჩინეთ როგორც ბიბლიის შემსწავლელების, ისე გახსენების საღამოზე მოსული სხვა სტუმრების მიმართ. იმედი გვაქვს, რომ ისინი ერთ დღესაც ქრისტეს მოწაფეები გახდებიან, ამიტომ გვინდა, თავი კარგად ვაგრძნობინოთ.

ᲘᲔᲡᲝᲡ ᲡᲘᲧᲕᲐᲠᲣᲚᲘ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲒᲐᲑᲔᲓᲣᲚᲔᲑᲘ ᲕᲘᲧᲝᲗ

12. რატომ გვმატებს გაბედულებას სიკვდილის წინა ღამეს იესოს მიერ ნათქვამი სიტყვები?

12 სიკვდილის წინა ღამეს იესომ მოციქულებს ასეთი რამ უთხრა: „ქვეყნიერებაში გასაჭირს შეხვდებით, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე ქვეყნიერებას!“ (წაიკითხეთ იოანეს 16:32, 33). რა დაეხმარა იესოს, არ შეშინებოდა მტრების და სიცოცხლის ბოლომდე ღვთის ერთგული დარჩენილიყო? იეჰოვაზე მინდობა. მან კარგად იცოდა, რომ მისი მიმდევრები მსგავს სირთულეებს შეხვდებოდნენ, ამიტომ იეჰოვას სთხოვა, დაეცვა ისინი (იოან. 17:11). ამაზე ფიქრი გაბედულებას გვმატებს, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა ყველა ჩვენს მტერზე ძლიერია (1 იოან. 4:4). მის თვალს არაფერი გამოეპარება. ამიტომ გვჯერა, რომ თუ მივენდობით, ნებისმიერ შიშს დავძლევთ.

13. რაში გამოჩნდა იოსებ არიმათეელის გაბედულება?

13 განვიხილოთ იოსებ არიმათეელის მაგალითი. ის სინედრიონის, იუდეველთა უზენაესი სასამართლოს, წევრი და, შესაბამისად, თავის თანამედროვეთა შორის დაფასებული კაცი იყო. მას „იუდეველების ეშინოდა“ და გამბედაობა არ ჰყოფნიდა, ეღიარებინა, რომ იესოს მოწაფე იყო (იოან. 19:38). იოსები სხვებთან არ ამხელდა, რომ აინტერესებდა ის, რასაც იესო სამეფოს შესახებ ქადაგებდა. როგორც ჩანს, მას თავისი პრივილეგირებული მდგომარეობის დაკარგვისა ეშინოდა. თუმცა იესოს სიკვდილის შემდეგ მან „გამბედაობა მოიკრიბა, მივიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა“ (მარ. 15:42, 43). ახლა უკვე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის იესოს მოწაფე იყო.

14. რა უნდა გააკეთოთ, თუ კაცთმოშიშებამ გძლიათ?

14 შესაძლოა თქვენც გიგრძნიათ თავი იოსებ არიმათეელის მსგავსად. ზოგჯერ სკოლაში ან სამსახურში ხომ არ მოგრიდებიათ იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმე ხართ? თავს ხომ არ იკავებთ მაუწყებლობისგან ან ნათლობისგან იმის შიშით, თუ რას იტყვიან სხვები თქვენზე? შიშისა თუ მორიდების გამო უარს ნუ იტყვით იმის კეთებაზე, რაც სწორია. მხურვალედ სთხოვეთ იეჰოვას, გამბედაობა მოგცეთ. ძალებს და გამბედაობას მოიკრებთ, როცა დაინახავთ, როგორ გპასუხობთ ის (ეს. 41:10, 13).

ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ ᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ, ᲓᲐᲣᲦᲐᲚᲐᲕᲐᲓ ᲕᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲝᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ

15. რისკენ აღძრა მოწაფეები სიხარულმა? (ლუკა 24:52, 53).

15 მოწაფეები ძალიან დაამწუხრა იესოს სიკვდილმა. თქვენი თავი წარმოიდგინეთ ერთი წუთით მათ ადგილას. მათ ძვირფასი მეგობარი დაკარგეს, რის გამოც გული გაუტყდათ და იმედიც გადაეწურათ (ლუკ. 24:17—21). თუმცა მოგვიანებით მკვდრეთით აღმდგარი იესო ეჩვენა მათ და აუხსნა, როგორ შესრულდა მასზე ბიბლიური წინასწარმეტყველებები. იესომ მათ მნიშვნელოვანი საქმეც მიანდო (ლუკ. 24:26, 27, 45—48). 40 დღის შემდეგ, როცა ის ზეცად ამაღლდა, მოწაფეები უკვე დამწუხრებულები კი არა, გახარებულები იყვნენ. ისინი გააბედნიერა იმის ცოდნამ, რომ მათი მოძღვარი ცოცხალი იყო და მათ ახალი დავალების შესრულებაში დაეხმარებოდა. ასე რომ, გახარებულები დაუღალავად განადიდებდნენ იეჰოვას (წაიკითხეთ ლუკას 24:52, 53; საქ. 5:42).

16. რაში შეგვიძლია მივბაძოთ იესოს მოწაფეებს?

16 რაში შეგვიძლია მივბაძოთ იესოს მოწაფეებს? იეჰოვას სიხარულით უნდა ვემსახუროთ მთელი წლის მანძილზე და არა მხოლოდ გახსენების საღამოს პერიოდში. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ღვთის სამეფოს ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენებთ. ბევრმა და-ძმამ სამუშაო გრაფიკი შეცვალა, რომ რეგულარულად ექადაგა, კრების შეხვედრებს დასწრებოდა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემა ჩაეტარებინა. ზოგმა უარი თქვა ისეთი ნივთების შეძენაზე, რაც ბევრს აუცილებლად მიაჩნია. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ უფრო მეტად გამოადგნენ და-ძმებს კრებაში და იმსახურონ იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. ღვთის მსახურება რომ არ შევწყვიტოთ, შეუპოვრობა გვჭირდება. მაგრამ, თუ სამეფოს ინტერესებს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენებთ, იეჰოვა აუცილებლად გვაკურთხებს, თანაც უხვად (იგავ. 10:22; მათ. 6:32, 33).

გახსენების საღამოს პერიოდში იფიქრეთ, პირადად თქვენთვის რა გააკეთეს იეჰოვამ და იესომ (იხილეთ აბზაცი 17).

17. რის გაკეთებას აპირებთ გახსენების საღამოს პერიოდში? (იხილეთ სურათი).

17 ჩვენ მოუთმენლად ველით გახსენების საღამოს. თუმცა გვინდა, მანამდეც და, ზოგადად, მთელი გახსენების საღამოს პერიოდში ვიფიქროთ იესოს სიცოცხლესა და სიკვდილზე და იმ სიყვარულზე, რომელიც მან და იეჰოვამ ჩვენ მიმართ გამოავლინეს. ამის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა, წავიკითხოთ და ვიფიქროთ იმ მოვლენებზე, რომლებიც მოცემულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ დანართში ბ12 „დედამიწაზე იესოს ცხოვრების უკანასკნელი კვირა“. ყურადღება განსაკუთრებით იმ ბიბლიურ მონაკვეთებზე გაამახვილეთ, რომლებიც მადლიერებასა და სიყვარულს გაგიღრმავებთ და გაბედულებასა და სიხარულს შეგმატებთ. შემდეგ დაფიქრდით, კონკრეტულად რისი გაკეთება შეგიძლიათ მადლიერების გამოსახატავად. გჯეროდეთ, იესო დააფასებს იმას, რასაც გახსენების საღამოს პერიოდში მის გასახსენებლად გააკეთებთ (გამოცხ. 2:19).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 17 მსურს

a გახსენების საღამოს პერიოდში უფრო მეტს ვფიქრობთ იესოს ცხოვრებასა და სიკვდილზე, აგრეთვე იმ სიყვარულზე, რომელიც მან და მისმა ზეციერმა მამამ გამოავლინეს ჩვენ მიმართ. ეს კი ჩვენში მადლიერებას აღრმავებს. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ გამოვხატოთ მადლიერება გამოსასყიდისთვის და დავუმტკიცოთ სიყვარული იეჰოვასა და იესოს. იმაზეც ვისაუბრებთ, რა აღგვძრავს იმისკენ, რომ გვიყვარდეს და-ძმები, ვიყოთ გაბედულები და სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას.