არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 9

დააფასეთ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე

დააფასეთ ღვთისგან ბოძებული სიცოცხლე

„მისით ვარსებობთ, ვცოცხლობთ და დავდივართ“ (ᲡᲐᲥ. 17:28).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 141 სიცოცხლის სასწაული

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. როგორ უყურებს იეჰოვა ჩვენს სიცოცხლეს?

 ᲬᲐᲠᲛᲝᲘᲓᲒᲘᲜᲔᲗ, რომ მეგობარმა გაჩუქათ ძველი, მაგრამ ფასდაუდებელი ნახატი, ფაქტობრივად, შედევრი. ნახატი ადგილ-ადგილ გახუნებულია, ლაქებიც აქვს და ნაკაწრებიც, მაგრამ ის მაინც მილიონობით დოლარად არის შეფასებული. ამ ნახატს, ალბათ, თვალის ჩინივით გაუფრთხილდებით. შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვასგან სიცოცხლის სახით მსგავსი საჩუქარი მივიღეთ. მისთვის ჩვენი სიცოცხლე იმდენად ძვირფასია, რომ საკუთარი ძეც კი გაიღო ჩვენთვის (იოან. 3:16).

2. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? (2 კორინთელები 7:1).

2 იეჰოვა სიცოცხლის წყაროა (ფსალმ. 36:9). პავლე მოციქულს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა: „მისით ვარსებობთ, ვცოცხლობთ და დავდივართ“ (საქ. 17:25, 28). ამიტომ თამამად შეგვიძლია სიცოცხლეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენი ვუწოდოთ. იეჰოვამ არა მხოლოდ სიცოცხლე გვიბოძა, არამედ ყველა პირობა შეგვიქმნა სასიცოცხლოდ (საქ. 14:15—17). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა სასწაულებრივად გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს. ის მოელის, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფიზიკური თუ სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად (წაიკითხეთ 2 კორინთელების 7:1). რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და როგორ?

ᲓᲐᲐᲤᲐᲡᲔᲗ ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ

3. რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას?

3 რატომ უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ გვინდა, ძალები გვქონდეს იეჰოვას მსახურებისთვის (მარ. 12:30). ყველანაირად ვცდილობთ, შეგნებულად არ დავიზიანოთ ჯანმრთელობა, რათა ღმერთს „სხეულები ცოცხალ, წმინდა, მისთვის მოსაწონ მსხვერპლად“ ვუძღვნათ (რომ. 12:1). თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ყოველთვის იდეალურ ჯანმრთელობას ვერ შევინარჩუნებთ. მაგრამ ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ზეციერ მამას დავუფასოთ ეს უძვირფასესი საჩუქარი.

4. რა სურდა მეფე დავითს?

4 მეფე დავითის სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ რატომ აფასებდა ის ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს: „რა ხეირი, თუ მოვკვდები, თუკი საფლავში ჩავალ?! განა შეგასხამს მტვერი ხოტბას?! განა ილაპარაკებს შენს ერთგულებაზე?!“ (ფსალმ. 30:9). ეს სიტყვები დავითმა შესაძლოა თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა. მისთვის სიცოცხლე ძვირფასი იყო, ამიტომ უფრთხილდებოდა მას, რომ შეძლებისდაგვარად დიდხანს განედიდებინა იეჰოვა. ჩვენც გვინდა ვიცოცხლოთ და ვადიდოთ იეჰოვა.

5. ასაკისა და ჯანმრთელობის მიუხედავად, რისი გაკეთება შეგვიძლია?

5 ზოგჯერ ავადმყოფობა და ასაკი ხელ-ფეხს გვიკრავს და ბევრის კეთების საშუალებას აღარ გვაძლევს. ამის გამო შეიძლება ბევრ რამეზე გული დაგვწყდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ჩავიქნიოთ და აღარ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე. მეფე დავითის მსგავსად, მაინც შეგვიძლია იეჰოვას განდიდება. თუნდაც ასაკი ან ჯანმრთელობა არ გვიწყობდეს ხელს, ღვთისთვის მაინც ძვირფასები ვართ (მათ. 10:29—31). რომც მოვკვდეთ, იეჰოვა სიცოცხლეს დაგვიბრუნებს, რადგან მას მოენატრება თავის ხელთა ქმნილება (იობ. 14:14, 15). ნებისმიერ შემთხვევაში, სანამ ცოცხლები ვართ, უნდა გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე.

ᲛᲝᲘᲨᲝᲠᲔᲗ ᲛᲐᲕᲜᲔ ᲩᲕᲔᲕᲔᲑᲘ

6. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?

6 ბიბლია არ არის არც სამედიცინო და არც დიეტოლოგიური სახელმძღვანელო, მაგრამ წარმოდგენას გვიქმნის, რა შეხედულება აქვს იეჰოვას მსგავს საკითხებზე. მაგალითად, ბიბლიაში ნათქვამია, რომ უნდა მოვერიდოთ „იმას, რაც სხეულს აზიანებს“ (ეკლ. 11:10). ბიბლია გმობს გადამეტებულ ჭამა-სმას, რადგან ამან შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას და სიცოცხლეც კი მოგვისწრაფოს (იგავ. 23:20). იეჰოვა მოელის ჩვენგან, რომ თავშეკავებას გამოვავლენთ, როცა საქმე ჭამა-სმას ეხება (1 კორ. 6:12; 9:25).

7. როგორ გვეხმარება იგავების 2:11-ში ჩაწერილი პრინციპი, ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე?

7 საღი აზროვნება დაგვეხმარება, ჩვენი გადაწყვეტილებებით ცხადვყოთ, რომ ვაფასებთ ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს (ფსალმ. 119:99, 100; წაიკითხეთ იგავების 2:11). მაგალითად, შეიძლება რომელიმე საკვები გვიყვარს, მაგრამ ვიცით, რომ ცუდად გვხდის. ამ დროს საღმა აზრმა უნდა გვიკარნახოს, მოვერიდოთ ასეთ საკვებს. საღი აზრი იმაშიც გვეხმარება, რომ საკმარისად ვიძინოთ, რეგულარულად ვივარჯიშოთ, პირად ჰიგიენაზე ვიზრუნოთ და სახლში სისუფთავე შევინარჩუნოთ.

ᲓᲐᲘᲪᲐᲕᲘᲗ ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲔᲑᲘ

8. რა შეხედულება აქვს იეჰოვას უსაფრთხოების დაცვაზე?

8 იეჰოვას კანონი მოიცავდა მითითებებს, რომლებიც ხალხს იცავდა უბედური შემთხვევებისგან როგორც სახლში, ისე სამუშაოზე (გამ. 21:28, 29; კან. 22:8). თუ უბედური შემთხვევის დროს ვინმეს ვინმე შემოაკვდებოდა, დამნაშავეს პასუხი უნდა ეგო (კან. 19:4, 5). კანონით ისიც ისჯებოდა, ვინც შემთხვევით სიცოცხლეს მოუსწრაფებდა მუცლად მყოფ ბავშვს (გამ. 21:22, 23). წმინდა წერილებიდან აშკარად ჩანს, რომ იეჰოვა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, ვზრუნავთ თუ არა უსაფრთხოებაზე.

როგორ ვაჩვენოთ ასეთ სიტუაციებში, რომ ვუფრთხილდებით სიცოცხლეს? (იხილეთ აბზაცი 9).

9. რა ზომები უნდა მივიღოთ, რომ თავიდან ავირიდოთ უბედური შემთხვევები? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

9 თუ ვუფრთხილდებით ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს, უსაფრთხოების წესებს დავიცავთ როგორც სახლში, ისე სამუშაოზე. მაგალითად, ბასრ ნივთებს, ქიმიკატებს ან წამლებს ისე გადავყრით ნაგავში, რომ არავინ დავაზიანოთ. გარდა ამისა, ასეთ ნივთებს ბავშვებისთვის ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე არ დავდებთ. სიფრთხილეს მაშინაც გამოვიჩენთ, როცა ცეცხლს ვანთებთ, წყალს ვადუღებთ ან სამუშაო იარაღებს ვიყენებთ, რათა ჩვენი უყურადღებობით ვინმეს საფრთხე არ შევუქმნათ. არც საჭესთან დავჯდებით, თუ გაბრუებულები ვართ მედიკამენტების, ალკოჰოლის ან უძილობის გამო. არც მობილურ ტელეფონს დავიჭერთ ხელში, როცა მანქანას ვმართავთ.

ᲛᲖᲐᲓᲧᲝᲤᲜᲘᲗ ᲨᲔᲮᲕᲓᲘᲗ ᲙᲠᲘᲢᲘᲙᲣᲚ ᲡᲘᲢᲣᲐᲪᲘᲔᲑᲡ

10. როგორ მოვემზადოთ კრიტიკული სიტუაციებისთვის და როგორ მოვიქცეთ ასეთი სიტუაციების დროს?

10 ყოველთვის ვერ ავერიდებით სიცოცხლისთვის სახიფათო სიტუაციებს, მაგალითად, სტიქიის, ეპიდემიისა თუ შეიარაღებული კონფლიქტის დროს. თუმცა შეგვიძლია რისკები მინიმუმამდე დავიყვანოთ, თუ დავემორჩილებით დადგენილ რეგულაციებს, იქნება ეს კომენდანტის საათი, სავალდებულო ევაკუაცია თუ სხვა საგანგებო მითითებები (რომ. 13:1, 5—7). ზოგჯერ სახიფათო სიტუაციების პროგნოზირება შესაძლებელია. კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციებს და მოვემზადებით ასეთი სიტუაციებისთვის. მაგალითად, მოვიმარაგებთ წყალს და არამალფუჭებად საკვებს და მზად გვექნება პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები.

11. რისი გაკეთება გვმართებს ეპიდემიის დროს?

11 როგორ უნდა მოვიქცეთ ეპიდემიის დროს? უნდა დავიცვათ სათანადო რეგულაციები, რაც ითვალისწინებს ხელების დაბანას, ფიზიკური დისტანციის დაცვას, პირბადის ტარებასა და კარანტინს. ამ საკითხში ჩვენი კეთილსინდისიერება იმის მაჩვენებელი იქნება, თუ რამდენად ვაფასებთ ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს.

12. როგორ გვეხმარება იგავების 14:15-ში ჩაწერილი პრინციპი საგანგებო სიტუაციების დროს?

12 საგანგებო სიტუაციების დროს ჩვენ ირგვლივ ადამიანებმა და მედია საშუალებებმა შეიძლება არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ. ამიტომ „ყველა სიტყვა“ კი არ უნდა დავიჯეროთ, სანდო სამთავრობო და სამედიცინო უწყებების ინფორმაციას უნდა დავეყრდნოთ (წაიკითხეთ იგავების 14:15). ხელმძღვანელი საბჭო და ფილიალები ყველანაირად ცდილობენ, კარგად გადაამოწმონ ყველაფერი, ვიდრე რაიმე კონკრეტულ მითითებას მისცემენ კრებებს შეხვედრების ჩატარებასა თუ სამქადაგებლო საქმესთან დაკავშირებით (ებრ. 13:17). როცა ძმებისგან მიღებულ მითითებებს ვითვალისწინებთ, საკუთარ თავსაც ვუფრთხილდებით და სხვებსაც. გარდა ამისა, როგორც ორგანიზაცია, ხალხის თვალში მეტ პატივისცემას ვიმსახურებთ (1 პეტ. 2:12).

ᲛᲖᲐᲓ ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲡᲘᲡᲮᲚᲖᲔ ᲣᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲗᲥᲛᲔᲚᲐᲓ

13. როგორ ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ სიცოცხლეს, როცა ვემორჩილებით სისხლის ამკრძალავ კანონს?

13 იეჰოვას მოწმეები იმით ვართ ცნობილი, რომ ჩვენთვის სისხლი წმინდაა. ჩვენ ვემორჩილებით ღვთის კანონს და უარს ვამბობთ სისხლის გადასხმაზე მაშინაც კი, როცა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა გვჭირდება (საქ. 15:28, 29). ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ თვითმკვლელობაზე მივდივართ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს, ამიტომ მკურნალობისთვის ისეთ მედიკოსებს მივმართავთ, რომლებიც მზად არიან, მაღალხარისხოვანი უსისხლო მკურნალობა შემოგვთავაზონ.

14. როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე სერიოზული სამედიცინო ჩარევის ალბათობა?

14 თუ ამ სტატიაში მოცემულ რჩევებს გავითვალისწინებთ, ნაკლები იქნება იმის ალბათობა, რომ სერიოზული სამედიცინო ჩარევა დაგვჭირდეს. და რომც დაგვჭირდეს, თუ მეტ-ნაკლებად კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიქნებით, ოპერაციის გადატანაც გაგვიადვილდება და შემდგომი რეაბილიტაციაც. თუ სახლსა და სამსახურში საფრთხის შემცველ ფაქტორებს მოვაშორებთ და საგზაო მოძრაობის წესებს დავიცავთ, უბედური შემთხვევებისა და, შესაბამისად, სასწრაფო ოპერაციების რისკს შევამცირებთ.

ჩვენთვის სიცოცხლე ძვირფასია, ამიტომ ყოველთვის თან გვაქვს სათანადოდ შევსებული სამედიცინო მინდობილობა (იხილეთ აბზაცი 15). c

15. ა) რატომ უნდა გვქონდეს ყოველთვის თან განახლებული სამედიცინო მინდობილობა? (იხილეთ აგრეთვე სურათი). ბ) ვიდეოდან გამომდინარე, როგორ შეგვიძლია მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით?

15 სიცოცხლე ჩვენთვის ძვირფასია, ამიტომ ვავსებთ სამედიცინო მინდობილობას, რომელსაც სულ თან ვატარებთ. ამ დოკუმენტით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ნება-სურვილს სისხლის გადასხმასთან და ზოგიერთ სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებით. გაქვთ განახლებული ეს მინდობილობა? თუ არა, ნუ გადადებთ ამის გაკეთებას. თუ წერილობით ნათლად გვაქვს ჩამოყალიბებული ჩვენი ნება-სურვილი, მკურნალობის პროცესი უმიზეზოდ არ შეფერხდება. სამედიცინო პერსონალიც არ დაიბნევა და ისეთ პროცედურებს არ ჩაგვიტარებს, რაც შეიძლება ჩვენთვის საზიანო იყოს. b

16. რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ არ იცით, როგორ შეავსოთ სამედიცინო მინდობილობა?

16 არც ასაკს აქვს მნიშვნელობა და არც ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, უბედური შემთხვევისგან და ავადმყოფობისგან არავინ ვართ დაზღვეული (ეკლ. 9:11). ამიტომ კარგს ვიზამთ, თუ მზად გვექნება სამედიცინო მინდობილობა. თუ არ იცით, როგორ შეავსოთ ეს ბარათი, კრებაში უხუცესებს სთხოვეთ დახმარება. უხუცესები დაგაკვალიანებენ, მაგრამ თქვენ მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ეს ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა (გალ. 6:4, 5). ისინი უბრალოდ ყველაფერს აგიხსნიან და თქვენი პოზიციის წერილობით ჩამოყალიბებაში დაგეხმარებიან.

„ᲧᲕᲔᲚᲐᲛ ᲓᲐᲘᲜᲐᲮᲝᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲒᲝᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ“

17. რაში გამოჩნდება ჩვენი გონიერება?

17 ხშირ შემთხვევაში, როცა საქმე ჯანმრთელობაზე და მკურნალობაზე მიდგება, ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა უნდა გვიკარნახოს, როგორ მოვიქცეთ (საქ. 24:16; 1 ტიმ. 3:9). ამ საკითხებზე სხვებთან მსჯელობისას კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ფილიპელების 4:5-ში ჩაწერილ პრინციპს: „ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება“. გონიერება დაგვეხმარება, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხებზე არ ვიყოთ კონცენტრირებული. არც იმას ვეცდებით, რომ საკუთარი აზრი მოვახვიოთ სხვებს. ჩვენ გვიყვარს და პატივს ვცემთ და-ძმებს იმისდა მიუხედავად, ემთხვევა თუ არა ჩვენი გადაწყვეტილებები ამ საკითხში (რომ. 14:10—12).

18. საიდან გამოჩნდება, რომ მადლიერი ვართ სიცოცხლისთვის?

18 იეჰოვასადმი ჩვენს მადლიერებას იმით გამოვხატავთ, თუ გავუფრთხილდებით სიცოცხლეს და საუკეთესოს გავიღებთ ღვთისთვის (გამოცხ. 4:11). მართალია, დღეს ავადმყოფობა და კრიტიკული სიტუაციები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ვიცით, რომ ეს არ ყოფილა შემოქმედის ჩანაფიქრი. მალე ის ბოლოს მოუღებს ტკივილსა და სიკვდილს და უსასრულოდ გვაცოცხლებს (გამოცხ. 21:4). მანამდე კი, მოდი გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ვემსახუროთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, იეჰოვას!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 140 ველით მარადიულ სიცოცხლეს!

a ეს სტატია დაგვეხმარება, უფრო მეტად დავაფასოთ ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლე. ჩვენ ვიმსჯელებთ, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს და შევამციროთ უბედური შემთხვევების რისკები. აგრეთვე გავიგებთ, როგორ მოვემზადოთ იმ შემთხვევისთვის, თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგვჭირდება.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ახალგაზრდა ძმა ავსებს სამედიცინო მინდობილობას და საფულეში ინახავს, რომ ყოველთვის თან ჰქონდეს.