არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 35

კვლავაც მოითმინეთ

კვლავაც მოითმინეთ

„მოითმინეთ“ (ᲘᲐᲙ. 5:8).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 114 მოითმინეთ

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რატომ გსიამოვნებთ მომთმენი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა?

 ᲧᲕᲔᲚᲐᲡ გვსიამოვნებს მომთმენი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. მოგვწონს, როცა ადამიანს არ უჭირს ლოდინი და ვაფასებთ, როცა სხვებს ჩვენს შეცდომებზე მძაფრი რეაქცია არ აქვთ. ალბათ ჩვენი ბიბლიის მასწავლებლის მადლიერიც ვართ, რომ მოთმინებას იჩენდა, როცა რაღაცის გაგება ან გათვალისწინება გვიჭირდა. უპირველეს ყოვლისა კი იეჰოვას ვემადლიერებით, რადგან დღემდე მომთმენი და სულგრძელია ჩვენ მიმართ (რომ. 2:4).

2. რა სიტუაციებში შეიძლება გაგვიჭირდეს მოთმინების გამოვლენა?

2 მართალია, ყველას მოგვწონს მომთმენ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ თავად შეიძლება ყოველთვის ვერ გამოვავლინოთ ეს თვისება. მაგალითად, შეიძლება გაგვიჭირდეს სიმშვიდის შენარჩუნება, როცა საცობში ვდგავართ, მით უმეტეს, თუ სადმე გვაგვიანდება. ან თუ ვინმე ისეთ რამეს ამბობს ან აკეთებს, რაც გვაღიზიანებს, შეიძლება მდგომარეობიდანაც კი გამოვიდეთ. ზოგჯერ ახალი ქვეყნიერების ლოდინიც შეიძლება რთული აღმოჩნდეს ჩვენთვის. გსურთ, უფრო მომთმენი გახდეთ? ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორია მომთმენი ადამიანი და რატომაა აუცილებელი მოთმინების გამოვლენა. იმასაც გავიგებთ, რა დაგვეხმარება, უფრო მომთმენები ვიყოთ.

ᲠᲝᲒᲝᲠᲘᲐ ᲛᲝᲛᲗᲛᲔᲜᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ?

3. როგორი რეაქცია აქვს მომთმენ ადამიანს, როცა ვინმე ცუდად ექცევა ან აღიზიანებს?

3 პირველი, მომთმენი ადამიანი ადვილად არ რისხდება. როცა ვინმე ცუდად ექცევა, ის სამაგიეროს არ უხდის. მომთმენი ადამიანი არც სტრესულ სიტუაციებში გამოდის მდგომარეობიდან. საგულისხმოა, რომ ფრაზა „ადვილად არ რისხდება“ პირველად ბიბლიაში იეჰოვასთან მიმართებით გამოიყენება. გამოსვლის 34:6-ში ვკითხულობთ: „იეჰოვა გულმოწყალე, თანამგრძნობი და სულგრძელი ღმერთია, გულუხვია სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (იხილეთ სქოლიო „სულგრძელთან“).

4. კიდევ რით გამოირჩევა მომთმენი ადამიანი?

4 მეორე, მომთმენ ადამიანს არ უჭირს ლოდინი. როცა დროში რაღაც იწელება, ის ცდილობს, სიმშვიდე შეინარჩუნოს და არ გაღიზიანდეს (ეკლ. 7:8). ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გვიწევს ლოდინი. მაგალითად, მოთმინება გვჭირდება, რომ სხვას საუბარი ვაცალოთ (იობ. 36:2). ამ თვისების გამოვლენა მაშინაც გვმართებს, როცა ბიბლიის შემსწავლელს უჭირს რაღაცის გაგება ან ცუდი ჩვევის მოშორება.

5. რა არ ახასიათებს მომთმენ ადამიანს?

5 მესამე, მომთმენი ადამიანი ნაჩქარევად არ მოქმედებს. რა თქმა უნდა, ზოგ სიტუაციაში დაუყოვნებლივ რეაგირებაა საჭირო. მაგრამ, თუ მნიშვნელოვანი რამ აქვს გასაკეთებელი, მომთმენი ადამიანი არც ნაჩქარევად შეუდგება საქმეს და არც ხარისხის ხარჯზე ეცდება მის სწრაფად დასრულებას. ის ჯერ კარგად დაგეგმავს, რას და როგორ გააკეთებს, შემდეგ კი სათანადო დროს გამოყოფს საქმის შესასრულებლად.

6. როგორ იქცევა მომთმენი ადამიანი სირთულეების დროს?

6 მეოთხე, მომთმენი ადამიანი წუწუნის გარეშე იტანს სირთულეებს. ცუდი არაფერია, თუ ასეთ დროს გულისნადებს მეგობარს ვუზიარებთ. და მაინც, სირთულეების პირისპირ მომთმენი ადამიანი ყველანაირად ცდილობს დადებითი განწყობის შენარჩუნებას (კოლ. 1:11). თუ გვინდა, მომთმენები ვიყოთ, ზემოთ აღნიშნული ოთხივე მხარის გათვალისწინებას უნდა ვეცადოთ. მოდი ვნახოთ, რატომ არის აუცილებელი მოთმინების გამოვლენა.

ᲠᲐᲢᲝᲛᲐᲐ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲝᲗᲛᲘᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲕᲚᲔᲜᲐ?

მიწათმოქმედი მოთმინებას არ კარგავს, რადგან დარწმუნებულია, რომ თავის დროზე აიღებს მოსავალს. ჩვენც უნდა მოვითმინოთ, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა თავის დროზე შეასრულებს ყველა დაპირებას (იხილეთ აბზაცი 7).

7. რატომაა აუცილებელი მოთმინების გამოვლენა? (იაკობი 5:7, 8; იხილეთ აგრეთვე სურათები).

7 მარადიული სიცოცხლის მისაღებად მოთმინება გვჭირდება. წარსულში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მსგავსად, ჩვენც მოთმინებით უნდა დაველოდოთ ღვთის დაპირებების შესრულებას (ებრ. 6:11, 12). ბიბლია ქრისტიანებს მიწათმოქმედებს ადარებს (წაიკითხეთ იაკობის 5:7, 8). მარცვლეულის დათესვა და მორწყვა მიწათმოქმედისთვის შრომატევადი საქმეა, თანაც მოსავლის აღებამდე ლოდინი უწევს. მაგრამ ის მოთმინებას არ კარგავს, რადგან ეჭვი არ ეპარება, რომ მოსავალს თავის დროზე აიღებს. ჩვენც არ ვიცით „რომელ დღეს მოვა . . . უფალი“ (მათ. 24:42). მიუხედავად ამისა, თავს არ ვზოგავთ ღვთის მსახურებაში და მოთმინებით ველოდებით იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ ის თავის დროზე შეასრულებს დანაპირებს. მაგრამ თუ მოუსვენრობა შეგვიპყრობს, შეიძლება მოგვბეზრდეს ლოდინი და ჭეშმარიტებას ჩამოვშორდეთ. შეიძლება იმის ცდუნებაც გაგვიჩნდეს, რომ დღესვე მოვიწყოთ ეგრეთ წოდებული კარგი ცხოვრება. ამიტომ, თუ გვინდა გადავრჩეთ, ბოლომდე უნდა მოვითმინოთ (მიქ. 7:7; მათ. 24:13).

8. რატომ გვმართებს მოთმინების გამოვლენა სხვებთან ურთიერთობის დროს? (კოლოსელები 3:12, 13).

8 თუ მომთმენები ვიქნებით, სხვებთანაც კარგი ურთიერთობა გვექნება. მაგალითად, გაგვიადვილდება სხვების ყურადღებით მოსმენა, ხელს შევუწყობთ მშვიდობას, არ ვიმოქმედებთ ნაჩქარევად, სტრესის დროსაც არავის ვეტყვით გულსატკენ სიტყვებს და არც მაშინ გამოვალთ მდგომარეობიდან, თუ ვინმე გვაწყენინებს (იაკ. 1:19). ჩვენ არავის გადავუხდით სამაგიეროს, არამედ მოვუთმენთ და მთელი გულით ვაპატიებთ (წაიკითხეთ კოლოსელების 3:12, 13).

9. რატომაა მნიშვნელოვანი მოთმინების გამოვლენა გადაწყვეტილებების მიღების დროს? (იგავები 21:5).

9 თუ მომთმენები ვიქნებით, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაც გაგვიადვილდება. არც ნაჩქარევად ან იმპულსურად ვიმოქმედებთ, პირიქით, ყველაფერს კარგად ავწონ-დავწონით (წაიკითხეთ იგავების 21:5). მაგალითად, თუ სამსახურს ვეძებთ, შეიძლება ცდუნების წინაშე აღმოვჩნდეთ, რომ პირველივე შემოთავაზებას დავთანხმდეთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სულიერ საქმეებში შეგვიშლის ხელს. თუმცა ასეთ დროს მოთმინება გვმართებს. კარგი იქნება დავფიქრდეთ, შორს ხომ არ მოგვიწევს სიარული, როდის და რამდენ ხანს ვიმუშავებთ და რა გავლენას მოახდენს ჩვენი არჩევანი როგორც ოჯახის წევრებზე, ისე იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. თუ არ ვიჩქარებთ, დიდი ალბათობით, ისეთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რაც სანანებელი გაგვიხდება.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲕᲮᲓᲔᲗ ᲣᲤᲠᲝ ᲛᲝᲛᲗᲛᲔᲜᲔᲑᲘ?

10. როგორ ვაქციოთ მოთმინება ჩვენი პიროვნების განუყოფელ ნაწილად?

10 იეჰოვას სთხოვეთ დახმარება. ვინაიდან მოთმინებას ჩვენში წმინდა სული წარმოშობს, ამ თვისების განსავითარებლად იეჰოვას უნდა ვთხოვოთ თავისი სული (გალ. 5:22, 23). ამის გაკეთება განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როცა ჩვენი მოთმინება იცდება (ლუკ. 11:9, 13). იეჰოვას იმაშიც უნდა ვთხოვოთ დახმარება, რომ საკითხებს მისი თვალით შევხედოთ. ჩვენი მხრივ კი, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ყოველდღიურ სიტუაციებში მოთმინება გამოვავლინოთ. თუ ასე მოვიქცევით, საბოლოოდ ეს თვისება ჩვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი გახდება.

11, 12. რატომ ავლენს იეჰოვა მოთმინებას?

11 იფიქრეთ ბიბლიაში ჩაწერილ მაგალითებზე. ბიბლიაში ბევრი ისეთი ადამიანის შესახებაა ჩაწერილი, რომლებიც მოთმინებით გამოირჩეოდნენ. მათგან შეგვიძლია ვისწავლოთ, როგორ გამოვავლინოთ ეს თვისება. მაგრამ სანამ მათ ისტორიებს გავიხსენებთ, ჯერ მოთმინების უბადლო მაგალითზე, იეჰოვაზე, ვისაუბროთ.

12 ედემის ბაღში სატანამ ჩირქი მოსცხო ღვთის სახელს. ის შეეცადა, ევა დაერწმუნებინა, რომ იეჰოვა არ იყო სამართლიანი და მოსიყვარულე მმართველი. იეჰოვამ კარგად იცოდა, რომ სიმართლის დასამტკიცებლად დრო იქნებოდა საჭირო, ამიტომ მაშინვე არ გაანადგურა სატანა. მან მოთმინებისა და თავშეკავების გამოვლენა არჩია, არადა ამის გამო დღემდე უწევს თავისი სახელის შეურაცხყოფის მოთმენა. იეჰოვა კიდევ იმიტომ ავლენს მოთმინებას, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მისცეს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა (2 პეტ. 3:9, 15). შედეგად იეჰოვა უკვე მილიონობით ადამიანმა გაიცნო. ამაზე დაფიქრება ჩვენც გაგვიადვილებს აღსასრულამდე ლოდინს.

თუ მომთმენები ვიქნებით, ადვილად არ გამოვალთ წყობილებიდან (იხილეთ აბზაცი 13).

13. საიდან გამოჩნდა, რომ იესო მამასავით მომთმენია? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

13 იესო რომ მამასავით მომთმენია, დედამიწაზე მისი ყოფნის დროსაც კარგად გამოჩნდა. მისთვის ადვილი არ იქნებოდა მოთმინების გამოვლენა, განსაკუთრებით მწიგნობრებისა და ფარისევლების თვალთმაქცობის შემხედვარე (იოან. 8:25—27). მიუხედავად ამისა, ის მამის მსგავსად, ადვილად არ რისხდებოდა. იესოს მოთმინება მაშინაც არ ღალატობდა, როცა შეურაცხყოფდნენ და მის გამოწვევას ცდილობდნენ (1 პეტ. 2:23). ის განსაცდელებსაც წუწუნის გარეშე იტანდა. ამიტომ რა გასაკვირია, რომ ბიბლია მოგვიწოდებს, ვიფიქროთ „მასზე, ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოითმინა ცოდვილთაგან“ (ებრ. 12:2, 3). იეჰოვას დახმარებით ჩვენც შევძლებთ ნებისმიერი განსაცდელის ატანას.

თუ აბრაამივით მომთმენები ვიქნებით, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა დღესვე უხვად გვაკურთხებს, მომავალზე რომ აღარაფერი ვთქვათ (იხილეთ აბზაცი 14).

14. რას ვსწავლობთ აბრაამისგან? (ებრაელები 6:15; იხილეთ აგრეთვე სურათი).

14 თუ აღსასრულს წლებია ველით და გვეგონა, რომ ის აქამდე დადგებოდა, შეიძლება ისეთი გრძნობაც გაგვიჩნდეს, რომ მას ვეღარ მოვესწრებით. რა დაგვეხმარება, მოთმინებით დაველოდოთ ამ დღის დადგომას? დავფიქრდეთ აბრაამის მაგალითზე. როცა იეჰოვა დაჰპირდა, რომ დიდ ხალხს წარმოშობდა მისგან, ის 75 წლის იყო, თანაც უშვილო (დაბ. 12:1—4). მოესწრო აბრაამი ამ დაპირების შესრულებას? მხოლოდ ნაწილობრივ. ევფრატის გადაკვეთის შემდეგ მას 25 წელი მოუწია ლოდინი, სანამ ისაკი გაჩნდებოდა, და კიდევ 60 წელი სანამ მისი შვილიშვილები, ესავი და იაკობი, დაიბადებოდნენ (წაიკითხეთ ებრაელების 6:15). მართალია, აბრაამს თავის სიცოცხლეში არ უნახავს, როგორ იქცა მისი შთამომავლობა დიდ ხალხად და როგორ დაიმკვიდრა აღთქმული ქვეყანა, მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა შემოქმედთან დაახლოებაში (იაკ. 2:23). წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებს აბრაამს იმის გაგება, რომ მისმა რწმენამ და მოთმინებამ ყველა ერს კურთხევა მოუტანა (დაბ. 22:18). რისი სწავლა შეგვიძლია აბრაამისგან? შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს ლოდინი, სანამ იეჰოვას ყველა დაპირების შესრულებას ვიხილავთ. მაგრამ თუ აბრაამის მსგავსად მომთმენები ვიქნებით, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა დღესვე უხვად გვაკურთხებს, მომავალზე რომ აღარაფერი ვთქვათ (მარ. 10:29, 30).

15. რისი განხილვა ღირს პირადი შესწავლის დროს?

15 ბიბლიაში მოთმინების ბევრი სხვა მაგალითიცაა მოცემული (იაკ. 5:10). კარგი იქნება, თუ მათ პირადი შესწავლის დროს გამოვიკვლევთ. b მაგალითად, შეგვიძლია დავფიქრდეთ დავითზე. ის ისრაელის მეფედ მოზარდობის ასაკში სცხეს, თუმცა გამეფებამდე წლები მოუწია ლოდინი. მოთმინების კარგ მაგალითს სიმონი და ანაც გვაძლევენ. ისინი წლები ელოდებოდნენ აღთქმულ მესიას და მთელი ამ ხნის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდნენ იეჰოვას (ლუკ. 2:25, 36—38). მსგავსი მაგალითების გამოკვლევისას კარგი იქნება, დავფიქრდეთ: რა დაეხმარა ამ ადამიანს, მომთმენი ყოფილიყო? როგორ დაუფასდა მოთმინება? რაში შემიძლია მივბაძო მას? შეგვიძლია მათი მაგალითებიც განვიხილოთ, ვინც ვერ გამოავლინა მოთმინება, შემდეგ კი დავფიქრდეთ, რა გახდა ამის მიზეზი და რა იწვნიეს შედეგად (1 სამ. 13:8—14).

16. რატომ ღირს მოთმინების გამოვლენა?

16 დაფიქრდით, რატომ ღირს მოთმინების გამოვლენა. როცა მოთმინებას ვავლენთ, ბედნიერებიც ვართ და შინაგან სიმშვიდესაც განვიცდით. მოთმინების გამოვლენა ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს. სხვებთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს და კრების ერთობასაც ვუწყობთ ხელს. ხოლო თუ ვინმე ცუდად გვექცევა, ადვილად არ ვრისხდებით და ცეცხლზე ნავთს არ ვასხამთ (ფსალმ. 37:8, სქ; იგავ. 14:29). რაც მთავარია, ამგვარად ჩვენს ზეციერ მამას ვბაძავთ და უფრო ვუახლოვდებით.

17. რის გაკეთებას უნდა ვეცადოთ?

17 მოთმინება მართლაც შესანიშნავი თვისებაა! მართალია, ამ თვისების გამოვლენა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევძლებთ, უფრო მომთმენები გავხდეთ. ჩვენ მოთმინებით უნდა დაველოდოთ ახალ ქვეყნიერებას და გვჯეროდეს, რომ „იეჰოვა თვალყურს ადევნებს თავის მოშიშებს, მათ, ვინც მისგან სიკეთეს მოელის“ (ფსალმ. 33:18). მოდი ყველა ვეცადოთ, რომ ეს ძვირფასი თვისება ჩვენი პიროვნების განუყოფელი ნაწილი გახდეს!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 41 გთხოვ, ისმინე ჩემი ლოცვა

a დღეს მსოფლიოში მოთმინების დეფიციტია. თუმცა ღვთის მსახურები უნდა გამოვირჩეოდეთ ამ თვისებით, რადგან ბიბლია სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს. ამ სტატიიდან დავინახავთ, რატომ გვჭირდება ეს თვისება და როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები.

b ასეთი მაგალითების სანახავად „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ მოძებნეთ სათაური „მოთმინება“.