არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

1923 — ასი წლის წინ

1923 — ასი წლის წინ

„ᲬᲚᲔᲕᲐᲜᲓᲔᲚ წელს დიდი მოლოდინებით ვხვდებით. რაოდენ დიდი პატივი გვხვდა წილად, რომ დაჩაგრულ და დაბეჩავებულ ხალხს უკეთესი მომავლის შესახებ ვაუწყოთ“, — ნათქვამი იყო 1923 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“. ბიბლიის მკვლევართა თეოკრატიულ საქმიანობაში ამ წელს განხორციელებულმა ცვლილებებმა დიდად შეუწყო ხელი ღვთის ხალხის ერთობას. ეს ერთობა დღემდე ჩვენი განმასხვავებელი ნიშანია.

ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲘ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐ

კალენდარი ბიბლიური მუხლებითა და საგალობლის ნომრებით

1923 Წელს ორგანიზაციამ გარკვეული ცვლილებები დანერგა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ბიბლიის მკვლევართა ერთობას. ამ წლიდან მოყოლებული „საგუშაგო კოშკში“ იბეჭდებოდა იმ ბიბლიური მუხლის ახსნა, რომელიც „ლოცვის, განდიდებისა და დამოწმების ყოველკვირეულ შეხვედრაზე“ განიხილებოდა. გარდა ამისა, დაიწყეს კალენდრების გამოცემა, რომელშიც მოცემული იყო თითოეული კვირის მუხლი და საგალობელი, რომელიც შეეძლოთ პირადი შესწავლის თუ ოჯახური თაყვანისცემის დროს ემღერათ.

„ლოცვის, განდიდებისა და დამოწმების შეხვედრაზე“ ბიბლიის მკვლევრები ყვებოდნენ მსახურების შემთხვევებს, მადლიერებას გამოხატავდნენ იეჰოვას მიმართ და ერთად მღეროდნენ და ლოცულობდნენ. ევა ბარნიმ, რომელიც 1923 წელს 15 წლის ასაკში მოინათლა, ასეთი რამ გაიხსენა: «თუ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება გინდოდა, უნდა წამომდგარიყავი და შენი სიტყვა ასე დაგეწყო: „ვმადლობ უფალს მისი წყალობისთვის“. ზოგს ძალიან მოსწონდა მონაწილეობის მიღება და ყოველთვის ბევრი ჰქონდა სათქმელი. ერთი ძვირფასი ასაკოვანი ძმა გვყავდა, რომლის გულიც ვერ იტევდა უფლისადმი მადლიერებას. თუმცა ზოგჯერ სიტყვა ისე უგრძელდებოდა, რომ ჩამტარებელიც კი წუხდებოდა. ამ დროს ცოლი პიჯაკზე მოქაჩავდა და ისიც ჩერდებოდა».

ყოველთვიურად თითოეული კლასი (კრება) ლოცვის, განდიდებისა და დამოწმების განსაკუთრებულ შეხვედრას ატარებდა. 1923 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რამ ეწერა: „შეხვედრის ნახევარი ქადაგებისას მომხდარი შემთხვევების მოყოლას და ერთმანეთის გამხნევებას უნდა დაეთმოს. დარწმუნებული ვართ, ასეთი შეხვედრები ერთმანეთთან უფრო დაგვაახლოებს“.

ამ შეხვედრებმა ძალიან კარგი ზეგავლენა მოახდინა ვანკუვერში მცხოვრებ ერთ ახალგაზრდაზე, ჩარლზ მარტინზე, რომელიც ჯგუფის წევრად (მაუწყებელი) მსახურობდა. მოგვიანებით მან ასეთი რამ თქვა: „ამ შეხვედრებზე ხშირად ვისმენდი შემთხვევებს კარდაკარ მსახურებიდან. დავინახე, როგორ შემეძლო წამომეწყო საუბარი ან როგორ გამეცა პასუხი მათთვის, ვინც საპირისპირო აზრს გამოთქვამდა“.

ᲡᲐᲔᲠᲗᲝ ᲡᲐᲥᲛᲔ

1923 წლის 1 მაისის „ბიულეტენი“

ღვთის ხალხს შორის ერთობას იმანაც შეუწყო ხელი, რომ გამოიყო დღეები სამქადაგებლო მსახურებისთვის. 1923 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ ასეთი განცხადება გაკეთდა: „1 მაისიდან მოყოლებული ყოველი თვის პირველი სამშაბათი სამქადაგებლო მსახურებისთვის იქნება გამოყოფილი. შეძლებისდაგვარად, ყველამ უნდა მიიღოს ამ საქმეში მონაწილეობა. დარწმუნებული ვართ, ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ერთობას“.

სამქადაგებლო საქმეში ახალგაზრდა ბიბლიის მკვლევრებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი. ჰეიზელ ბარფორდმა, რომელიც იმ დროს 16 წლის იყო, ასეთი რამ გაიხსენა: «„ბიულეტენში“ შეთავაზებები იბეჭდებოდა, რომლებიც უნდა დაგვემახსოვრებინა. a პაპასთან ერთად მთელი მონდომებით ვასრულებდი სამქადაგებლო საქმეს». თუმცა ჰეიზელი საკმაოდ უცნაური სახის წინააღმდეგობას შეხვდა. „ერთი ძვირფასი ასაკოვანი ძმა მოითხოვდა, რომ შემეწყვიტა ქადაგება. იმ პერიოდში ზოგ ბიბლიის მკვლევარს არ ესმოდა, რომ დიდებული შემოქმედი ყველას უნდა განგვედიდებინა, მათ შორის ვაჟებსაც და ასულებსაც“, — აღნიშნა ჰეიზელმა (ფსალმ. 148:12, 13). საბედნიეროდ, მას არ შეუწყვეტია ქადაგება. მოგვიანებით მან სკოლა „გალაადის“ მე-2 კლასი გაიარა და მისიონერადაც იმსახურა პანამაში. დროთა განმავლობაში იმ ძმებმა, რომლებიც არ იწონებდნენ სამქადაგებლო საქმეში ახალგაზრდების მონაწილეობას, დამოკიდებულება შეიცვალეს.

ᲙᲝᲜᲒᲠᲔᲡᲔᲑᲘ ᲮᲔᲚᲡ ᲣᲬᲧᲝᲑᲡ ᲔᲠᲗᲝᲑᲐᲡ

ღვთის ხალხის ერთობას დიდწილად კონგრესებმაც შეუწყო ხელი. ასეთი შეხვედრების დროს მსახურების დღეებიც ეწყობოდა. მაგალითად, 31 მარტს ვინიპეგში (კანადა) გამართულ კონგრესზე ყველა დამსწრეს მოუწოდეს, რომ ქალაქში გასულიყვნენ და ყველასთვის ექადაგათ. ამ დღეს „ვინიპეგის აღება“ უწოდეს. ასეთმა მსახურების დღეებმა კარგი შედეგი გამოიღო. მაგალითად, 5 აგვისტოს ვინიპეგში გამართულ კიდევ ერთ კონგრესს დაახლოებით 7 000 კაცი დაესწრო. ეს კანადაში იმ დროისთვის კონგრესზე დამსწრეთა უმაღლესი მაჩვენებელი იყო.

იმ წელს ყველაზე გამორჩეული კონგრესი 18—26 აგვისტოს ჩატარდა ლოს-ანჯელესში (კალიფორნია). მანამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში გაზეთებში იბეჭდებოდა განცხადება ამ ღონისძიების შესახებ. კონგრესზე ხალხს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ან კერძო მანქანებზე გაკეთებული პლაკატებითაც იწვევდნენ. ბიბლიის მკვლევრებმა 500 000-ზე მეტი მოსაწვევიც გაავრცელეს.

ბიბლიის მკვლევართა კონგრესი ლოს-ანჯელესში (1923 წ.)

შაბათს, 25 აგვისტოს, ძმა რუტერფორდმა წარმოთქვა მოხსენება „ცხვრები და თხები“. მან ნათლად დაანახვა მსმენელს, რომ „ცხვრებში“ მარადიული სიცოცხლის მისაღებად განწყობილი ადამიანები იგულისხმებოდნენ, რომლებიც სამოთხედქცეულ დედამიწაზე იცხოვრებდნენ. ძმა რუტერფორდმა აგრეთვე წაიკითხა რეზოლუცია სახელწოდებით „გაფრთხილება“. ეს რეზოლუცია ამხელდა ქრისტიანულ სამყაროს და გულწრფელ ადამიანებს მოუწოდებდა, რომ გამოსულიყვნენ „დიდი ბაბილონიდან“ (გამოცხ. 18:2, 4). მოგვიანებით ბიბლიის მკვლევრებმა ამ რეზოლუციის მილიონობით ეგზემპლარი გაავრცელეს მთელ მსოფლიოში.

„ასეთი შეხვედრები ერთმანეთთან უფრო დაგვაახლოებს“.

კონგრესის ბოლო დღეს 30 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა ძმა რუტერფორდის საჯარო მოხსენების მოსასმენად „ერები არმაგედონისკენ მიემართებიან, დღეს მცხოვრები მილიონები კი არასოდეს დაიხოცებიან“. ბიბლიის მკვლევრები კონგრესის ამ დღეს მართლაც ბევრ სტუმარს ელოდნენ, ამიტომ ლოს-ანჯელესში ახალაშენებული სტადიონი ჰქონდათ დაქირავებული. ყველა დამსწრეს რომ კომფორტულად მოესმინა პროგრამა, ძმებმა ისარგებლეს იმ დროისთვის უახლესი ტექნოლოგიით — სტადიონზე დამონტაჟებული აუდიოსისტემით. პროგრამას ბევრმა რადიოთიც მოუსმინა.

ᲡᲐᲛᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲚᲝ ᲡᲐᲥᲛᲘᲡ ᲒᲐᲤᲐᲠᲗᲝᲔᲑᲐ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐᲨᲘ

1923 წელს აფრიკაში, ევროპაში, ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაში სამქადაგებლო საქმემ უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია. ინდოეთში მცხოვრები ერთი ძმა ჯოზეფი, რომელსაც ცოლი და 6 შვილი ჰყავდა, იმაზეც ზრუნავდა, რომ ბიბლიური ლიტერატურა ტამილურ, ტელუგუ, ურდუ და ჰინდი ენებზე დაბეჭდილიყო.

უილიამ ბრაუნი ცოლ-შვილთან ერთად

სიერა-ლეონეში მცხოვრებმა ბიბლიის მკვლევრებმა, ალფრედ ჯოზეფმა და ლეონარდ ბლეკმენმა, მსოფლიო მთავარ სამმართველოს (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) წერილი მისწერეს და სამქადაგებლო საქმეში დახმარება სთხოვეს. პასუხმაც არ დააყოვნა. 14 აპრილს უკვე ღამე იყო, როცა მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა. ტელეფონში ვიღაცის მჭექარე ხმა გაისმა: «თქვენ ხართ ის კაცი, ვინც საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ მისწერა და სთხოვა, მქადაგებლები გაეგზავნა?». „კი, მე ვარ!“, — უპასუხა ალფრედმა. „მე კი ის ვარ, ვინც თქვენს მოთხოვნაზე საპასუხოდ გამოგზავნეს“, — თქვა უილიამ ბრაუნმა, რომელიც თავის ოჯახთან ერთად იქ კარიბის ზღვის კუნძულებიდან იყო ჩასული. ის ჩასვლისთანავე დაუკავშირდა ძმებს და მეორე დღეს პირადადაც შეხვდა.

ალფრედი იხსენებს: „მეორე დილით მე და ლეონარდი ბიბლიის ყოველკვირეულ შესწავლას ვატარებდით, როცა კარებში ახოვანი მამაკაცი გამოჩნდა. ეს უილიამ ბრაუნი გახლდათ. ამ სულით ანთებულმა ძმამ გვითხრა, რომ მეორე დღესვე სურდა საჯარო მოხსენების წაკითხვა“. ის აქტიურად ჩაება სამქადაგებლო საქმეშიც. სიერა-ლეონეში ერთი თვის ჩასულიც არ იყო, რომ თან წაღებული მთელი ლიტერატურა გაავრცელა. მალე მას კიდევ 5 000 წიგნი გაუგზავნეს, თუმცა ეს მარაგიც მალე ამოეწურა. მართალია, უილიამი წარმატებით ავრცელებდა პუბლიკაციებს, მაგრამ ხალხს უფრო იმით დაამახსოვრა თავი, რომ მოხსენებების დროს ძალიან ხშირად ციტირებდა ბიბლიიდან. ამის გამო მას მეტსახელად „ბიბლიის ბრაუნი“ შეარქვეს.

ბეთელი მაგდებურგში (1920-იანი წლები)

გერმანიაში ძმებმა გადაწყვიტეს, რომ ფილიალი ქალაქ ბარმენიდან სხვაგან გადაეტანათ, რადგან ადგილი არ ჰყოფნიდათ. გარდა ამისა, არსებობდა საფრთხე, რომ ქალაქში საფრანგეთის ჯარი შეჭრილიყო. შესაფერისი კომპლექსი მათ ქალაქ მაგდებურგში იპოვეს. იქ სტამბის მოსაწყობადაც საკმარისი ადგილი აღმოჩნდა. ძმებმა საკმაოდ მცირე დროში შეძლეს საბეჭდი დანადგარებისა და ყველა სხვა მოწყობილობის ადგილზე გადატანა. ერთი დღეც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც მთავარ სამმართველოს გადასვლის დასრულების ამბავი შეატყობინეს, რომ გაზეთებმა საფრანგეთის მიერ ბარმენის აღების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ძმებმა აშკარად დაინახეს იეჰოვას ხელი.

ჯორჯ იანგი და სარა ფერგიუსონი (მარჯვნივ) თავის დასთან ერთად

ამავე წელს ძმა ჯორჯ იანგმა, რომელიც ბევრს მოგზაურობდა სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად, ბრაზილიაში ფილიალი დააარსა და პორტუგალიურ ენაზე „საგუშაგო კოშკის“ გამოცემას შეუდგა. სულ რამდენიმე თვეში მან იქ 7 000-ზე მეტი პუბლიკაცია გაავრცელა. ბრაზილიაში მისი ჩასვლა სარა ფერგიუსონისთვისაც კურთხევა აღმოჩნდა. სარა 1899 წლიდან მოყოლებული „საგუშაგო კოშკის“ ერთგული მკითხველი იყო. მას თავიც ჰქონდა მიძღვნილი იეჰოვასთვის, თუმცა ნათლობას ვერ ახერხებდა. ახლა კი ჯორჯის დახმარებით თავის ოთხ შვილთან ერთად შეძლო ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა.

„ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘᲗ ᲒᲐᲕᲐᲒᲠᲫᲔᲚᲝᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ“

წლის მიწურულს 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ ნათქვამი იყო, რა შედეგი გამოიღო ბიბლიის მკვლევართა მცდელობამ, რომ ერთობისთვის შეეწყოთ ხელი: „ერთობ თვალში საცემია კლასების სულიერი წარმატება. მოდი მომავალ წელს სულიერი საჭურვლით შემოსილებმა კვლავაც მთელი შემართებით და სიხარულით გავაგრძელოთ ღვთის მსახურება“.

ბიბლიის მკვლევართათვის მომდევნო წელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. წლის დასაწყისში ბრუკლინთან ახლოს, სტეიტენ-აილენდზე, სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. იქ ძმებმა ისეთი საქმიანობა წამოიწყეს, რომელმაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ღვთის ხალხის ერთიანობას და ნოვატორული მეთოდით სასიხარულო ცნობის გავრცელებას.

მშენებლები სტეიტენ-აილენდზე

a ახლა ეწოდება „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“.