არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 43

იეჰოვა განგამტკიცებთ

იეჰოვა განგამტკიცებთ

„[იეჰოვა] გაგამხნევებთ, განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“ (1 ᲞᲔᲢ. 5:10).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რისი წყალობით იყვნენ ძლიერნი ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურები?

 ᲑᲘᲑᲚᲘᲐ ღვთის ერთგულ მსახურებს ხშირად ძლიერ ადამიანებად აღგვიწერს. თუმცა მათ შორის ყველაზე ძლიერსაც კი დროდადრო ისეთი განცდა ეუფლებოდა, რომ არაფრის ძალა არ შესწევდა. მაგალითად, მეფე დავითი ამბობდა, რომ ზოგჯერ მთასავით მტკიცე იყო, ზოგჯერ კი — შეძრწუნებული (ფსალმ. 30:7). სამსონიც აღიარებდა, რომ მისი განსაკუთრებული ძალის წყარო იეჰოვა იყო და რომ არა ღვთის სული, ძალა გამოეცლებოდა და დასუსტდებოდა (მსაჯ. 14:5, 6; 16:17). დიახ, იეჰოვას გარეშე ისინი ვერაფერს გახდებოდნენ.

2. რატომ თქვა პავლემ, რომ სუსტიც იყო და, იმავდროულად, ძლიერიც? (2 კორინთელები 12:9, 10).

2 პავლე მოციქული აცნობიერებდა, რომ ღვთის ძალას საჭიროებდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 12:9, 10). მას ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა (გალ. 4:13, 14). ზოგჯერ დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდა ღვთის მოსაწონად მოქცევა, ზოგჯერ კი უიმედობა და სასოწარკვეთილება იპყრობდა (რომ. 7:18, 19; 2 კორ. 1:8, 9). და მაინც, ის ამბობდა: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“. მას თამამად შეეძლო ამის თქმა, რადგან გრძნობდა, რომ ძალას, რომელსაც საკუთარ თავში ვერ პოულობდა, იეჰოვა აძლევდა.

3. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

3 იეჰოვაც გვპირდება, რომ ძალას შეგვმატებს და განგვამტკიცებს (1 პეტ. 5:10). თუმცა არ უნდა გვეგონოს, რომ ეს ავტომატურად მოხდება. თვალსაჩინოებისთვის მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: მართალია, ყველა მანქანას აქვს ძრავა, მაგრამ თუ მძღოლმა გაზის პედალს არ დააჭირა ფეხი, ის ადგილიდან ვერ დაიძვრება. იეჰოვაც დიდ ძალას ფლობს და სურვილიც აქვს, საჭირო დროს დაგვეხმაროს. ამიტომ მოდი გავიგოთ, ჩვენგან რისი გაკეთება მოითხოვება, მისგან ძალა რომ მივიღოთ. იმაზეც ვისაუბროთ, წარსულში როგორ აძლიერებდა იეჰოვა თავის მსახურებს — წინასწარმეტყველ იონას, მარიამსა და პავლე მოციქულს, და დღეს როგორ გვიდგას მხარში.

ᲘᲚᲝᲪᲔᲗ ᲓᲐ ᲘᲙᲕᲚᲘᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲐ

4. რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ გაგვაძლიეროს?

4 თუ გვინდა, იეჰოვამ გაგვაძლიეროს, აუცილებელია, ვილოცოთ. ჩვენს ლოცვაზე პასუხად იეჰოვას შეუძლია მოგვცეს „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). ამასთანავე საჭიროა, ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ მასზე (ფსალმ. 86:11). ასე რომ, ლოცვა და ღვთის სიტყვის კითხვა გვმატებს ძალას, რომ ავიტანოთ განსაცდელები, შევინარჩუნოთ სიხარული და თავი გავართვათ რთულ დავალებას (ებრ. 4:12). ვნახოთ, როგორ გააძლიერა ლოცვამ და ღვთის სიტყვაზე ფიქრმა წინასწარმეტყველი იონა.

5. რა სიტუაციაში აღმოჩნდა იონა?

5 ერთხელ წინასწარმეტყველმა იონამ საკმაოდ რთული დავალება მიიღო. თავი რომ აერიდებინა ამ დავალებისთვის, ის თარშიშისკენ მიმავალ გემზე ავიდა. ჯერ იყო და ზღვაზე ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, ყველას ეგონა დავიღუპებითო. მერე იონა წყალში გადააგდეს. საბოლოოდ კი თევზის მუცელში ამოყო თავი. ამ სიტუაციიდან საკუთარი ძალით ნამდვილად ვერ დააღწევდა თავს. წარმოგიდგენიათ, რა დღეში იქნებოდა იონა? ხომ არ იფიქრებდა, რომ ეს მისი ბოლო წუთები იყო და იეჰოვამ მიატოვა?

როგორ შეგვიძლია განსაცდელის დროს მივბაძოთ იონას? (იხილეთ აბზაცები 6—9).

6. რამ გააძლიერა თევზის მუცელში მყოფი იონა? (იონა 2:1, 2, 7).

6 რამ გააძლიერა იონა ამ მძიმე წუთებში? უპირველეს ყოვლისა მან ილოცა (წაიკითხეთ იონას 2:1, 2, 7). მართალია, თევზის მუცელში ის დაუმორჩილებლობის გამო აღმოჩნდა, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თუ თავმდაბლად შესთხოვდა იეჰოვას პატიებას, ისიც შეისმენდა მის ლოცვას. აღსანიშნავია, რომ ლოცვის დროს მან ფსალმუნებიდან წაკითხული გაიხსენა (მაგალითისთვის იონას 2:2, 5 შეადარეთ ფსალმუნების 69:1-სა და 86:7-ს). აშკარაა, იონამ კარგად იცოდა ფსალმუნის ეს მონაკვეთები. სწორედ მათზე ფიქრმა დაარწმუნა, რომ იეჰოვა აუცილებლად დაეხმარებოდა. მოგვიანებით, როცა უკვე სამშვიდობოს გავიდა, იეჰოვას მიერ გაძლიერებული იონა მზად იყო, შეესრულებინა თავისი დავალება (იონ. 2:10—3:4).

7, 8. რა აძლიერებს პრობლემების დროს ერთ ტაივანელ ძმას?

7 იონასგან ჩვენც ვსწავლობთ, როგორ მოვიქცეთ პრობლემების დროს. ვნახოთ, როგორ ეხმარება სირთულეების დროს ლოცვა და პირადი შესწავლა ერთ ტაივანელ ძმას, ჯიმინს. b მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. თანაც რწმენის გამო ოჯახის მხრიდან სასტიკ წინააღმდეგობას ხვდება. მართალია, ზოგჯერ ისეთი აფორიაქებულია, რომ უჭირს გონების მოკრება და ბიბლიის გამოკვლევა, მაგრამ მაინც არ ნებდება. ჯიმინი გვიზიარებს, რას აკეთებს ასეთ დროს: „თავიდან ვლოცულობ, შემდეგ ჩვენს სიმღერებს ვრთავ და ავყვები ხოლმე. რაღაც მომენტში ვგრძნობ, რომ უკვე დავმშვიდდი და შემიძლია შევუდგე შესწავლას“.

8 ვნახოთ, როგორ გამოადგა ჯიმინს ერთხელ პირადი შესწავლის დროს წაკითხული. მას ახალი გაკეთებული ჰქონდა რთული ოპერაცია, როცა ერითროციტების დონე ისე დაუვარდა, რომ მედპერსონალის აზრით, სისხლის გადასხმა სჭირდებოდა. ამ რთულ დროს მას გაახსენდა ერთი დის ისტორია, რომელიც ოპერაციის წინა ღამით წაიკითხა. ამ დამაც ანალოგიური ოპერაცია გაიკეთა, თანაც კიდევ უფრო ცუდი ანალიზები ჰქონდა, მაგრამ ისე გამოვიდა მდგომარეობიდან, რომ სისხლი არ გადაუსხამს. არადა ექიმები ფიქრობდნენ, რომ მის შემთხვევაში ეს აუცილებელი იყო. ამ დის ერთგულებაზე დაფიქრებამ ჯიმინს სიმტკიცე შემატა.

9. რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ პრობლემებმა ძალა გამოგაცალათ? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

9 განსაცდელის დროს შეიძლება ადვილი არ იყოს, თავი მოუყაროთ აზრებს და გული გადაუშალოთ იეჰოვას. მაგრამ თუ მაინც ილოცებთ, თუნდაც ერთი-ორი სიტყვით, იეჰოვა აუცილებლად აღმოგიჩენთ საჭირო დახმარებას; მას ხომ ბოლომდე ესმის თქვენი (ეფეს. 3:20). პრობლემებით გამოფიტულს შეიძლება არც პირადი შესწავლის თავი გქონდეთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ბიბლიისა და ჩვენი პუბლიკაციების აუდიოჩანაწერებს მოუსმინოთ, ჩართოთ ჩვენი სიმღერები ან ვიდეოებს უყუროთ. თუ გაითვალისწინებთ ამ აბზაცში მოცემულ რჩევებს, ცხადყოფთ, რომ იეჰოვას ძალაზე ხართ დაიმედებული. ის კი არასდროს გაგიცრუებთ იმედს.

ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲔᲗ ᲓᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲡ

10. როგორ გვიდგანან და-ძმები მხარში?

10 იეჰოვამ კარგად იცის, რომ გასაჭირის დროს განსაკუთრებით გვჭირდება ნამდვილი მეგობარი. ამიტომ შეიძლება ასეთ დროს სწორედ და-ძმებიᲡ მეშვეობით გამოგვიწოდოს დახმარების ხელი (იგავ. 17:17; კოლ. 4:10, 11). როცა რთულ სიტუაციაში ვართ ან გვიჭირს მიღებული დავალების შესრულება, მათ შეიძლება პრაქტიკული დახმარება აღმოგვიჩინონ, ემოციურად ამოგვიდგნენ მხარში ან სულიერად განგვამტკიცონ. ვნახოთ, როგორ შემატა ძალა სხვებთან ურთიერთობამ იესოს დედას, მარიამს, რომ მიღებული დავალება შეესრულებინა.

11. რატომ დასჭირდებოდა მარიამს ძალა მიღებული დავალების შესასრულებლად?

11 იეჰოვამ მარიამთან ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა და მეტად უჩვეულო და საპასუხისმგებლო დავალება მისცა. მას უნდა გაეჩინა და აღეზარდა ბავშვი, რომელიც მესია გახდებოდა. არადა არც დაქორწინებული იყო და არც ბავშვის აღზრდის გამოცდილება ჰქონდა. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ეს ახალგაზრდა ქალი. როგორ გაართმევდა თავს ამ საქმეს ან როგორ აუხსნიდა ამ ყველაფერს თავის საქმროს, იოსებს? ამ დავალების შესასრულებლად მას ნამდვილად დასჭირდებოდა ძალა (ლუკ. 1:26—33).

12. როგორ შემატა იეჰოვამ მარიამს ძალა? (ლუკა 1:39—45).

12 რამ შემატა მარიამს მიღებული დავალების შესასრულებლად საჭირო ძალა? მან დახმარებისთვის სხვებს მიმართა. თავიდან გაბრიელს დაუსვა კითხვა, შემდეგ კი საკმაოდ შორ გზაზე თავის ნათესავთან, ელისაბედთან, წავიდა (ლუკ. 1:34). ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ელისაბედმა გაამხნევა მარიამი და ღვთივშთაგონებით მის ჯერ არშობილ ბავშვზე წინასწარმეტყველებაც წარმოთქვა (წაიკითხეთ ლუკას 1:39—45). გაბრიელისა და ელისაბედის მიერ განმტკიცებულმა მარიამმა მართებულად დაასკვნა: „ძლევამოსილმა დიდებული რამ მოიმოქმედა ჩემთვის“ (ლუკ. 1:46—51).

13. რისი გაკეთება შეუძლიათ ჩვენთვის თანაქრისტიანებს? მოიყვანეთ მაგალითი.

13 თანამორწმუნეებთან ურთიერთობა ჩვენც განგვამტკიცებს. ერთი ბოლივიელი და, დასური, ამაში საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა. როცა მამამისს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას უნდოდა, მაქსიმალურად მამის გვერდით ყოფილიყო (1 ტიმ. 5:4). თუმცა ზოგჯერ ემოციურად ისე იფიტებოდა, რომ ფიქრობდა, მეტს ვეღარ შეძლებდა. თავიდან მას არავისთვის უთხოვია დახმარება, რადგან არ უნდოდა და-ძმების შეწუხება. დასური აღნიშნავს: „მეგონა, იეჰოვაზე ვიყავი მინდობილი, მაგრამ მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ სინამდვილეში საკუთარი ძალით ვცდილობდი ამ პრობლემასთან გამკლავებას“ (იგავ. 18:1). ამიტომ დასურიმ გადაწყვიტა, რამდენიმე მეგობრისთვის მიეწერა და აეხსნა თავისი მდგომარეობა. ის ამბობს: „და-ძმებთან ურთიერთობამ უზომოდ გამაძლიერა. ისინი საავადმყოფოში მოდიოდნენ, მოჰქონდათ საჭმელი და ბიბლიური მუხლებით მამხნევებდნენ. დიდი ბედნიერებაა, როცა ხედავ, რომ მარტო არ ხარ. გვერდით გვყავს და-ძმები, რომლებიც მზად არიან, დახმარების ხელი გამოგვიწოდონ, ჩვენთან ერთად იტირონ და ჩვენ მხარდამხარ იბრძოლონ. ერთი ოჯახი ვართ და ეს იეჰოვას საჩუქარია“.

14. რატომ უნდა მივმართოთ უხუცესებს დახმარებისთვის?

14 იეჰოვა უხუცესების მეშვეობითაც გვაძლიერებს და გვმატებს სიმტკიცეს (ეს. 32:1, 2). ამიტომ, თუ ძალაგამოცლილი და გამოფიტული ხართ, უხუცესებს გაანდეთ თქვენი საწუხარი. ნუ მოგერიდებათ მათთვის დახმარების თხოვნა, რადგან ისინი სიხარულით იზრუნებენ თქვენზე და განგამტკიცებენ.

ᲛᲖᲔᲠᲐ ᲛᲝᲛᲐᲕᲚᲘᲡᲙᲔᲜ ᲛᲘᲐᲞᲧᲐᲠᲘᲗ

15. კიდევ რა გვმატებს ძალას?

15 ბიბლია თითოეულს ნათელი მომავლის იმედს გვისახავს (რომ. 4:3, 18—20). ზოგი ჩვენგანი სამოთხედქცეულ დედამიწაზე იცხოვრებს, ზოგიც ზეცაში იესოსთან ერთად იმმართველებს. ეს იმედი სიმტკიცეს გვმატებს და გვეხმარება, ავიტანოთ განსაცდელები, გავაგრძელოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება და შევასრულოთ კრებაში სხვადასხვა დავალება (1 თეს. 1:3) ახლა ვნახოთ, როგორ განამტკიცებდა მომავლის იმედი პავლეს.

16. რატომ გრძნობდა დროდადრო პავლე თავს უსუსურად?

16 დროდადრო პავლეც გრძნობდა თავს უსუსურად. მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს მან კორინთელ ქრისტიანებს წერილი მისწერა, სადაც საკუთარი თავი თიხის ჭურჭელს შეადარა. მან ისიც თქვა, რომ ზოგჯერ შევიწროებული, საგონებელში ჩავარდნილი, დევნილი და გათელილი იყო. პავლემ რამდენჯერმე სიკვდილსაც ჩახედა თვალებში (2 კორ. 4:8—10). მაგრამ მას არაერთი განსაცდელი ჯერ კიდევ წინ ელოდა, მაგალითად, გახელებული ბრბოს ხელში ჩავარდნა, გემის მსხვრევა და პატიმრობა.

17. რა აძლევდა პავლეს სირთულეების ატანის ძალას? (2 კორინთელები 4:16—18).

17 წლების სვლასთან ერთად ზემოხსენებული სირთულეების გარდა პავლეს ღონეც ღალატობდა. თუმცა, როგორც კორინთელებს მისწერა, ამის გამო გულს არ იტეხდა. რა აძლევდა პავლეს ყველაფრის ატანის ძალას? ის გამუდმებით ფიქრობდა იმედზე, რისი წყალობითაც „შინაგანად დღითი დღე“ ახლდებოდა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 4:16—18). ზეცაში მარადიულად ცხოვრების იმედს მისთვის ვერაფერი შეედრებოდა და ამის ფონზე ნებისმიერი გასაჭირი უმნიშვნელო ეჩვენებოდა.

18. რა მატებთ ძალას ტიხომირსა და მის ოჯახს?

18 მომავლის იმედი ერთ ბულგარელ ძმას, ტიხომირსაც, მატებს ძალას. რამდენიმე წლის წინ მისი უმცროსი ძმა, ზდრავკო, ავარიაში დაიღუპა, რაც ტიხომირისთვის ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა. რა უმსუბუქებთ მას და მის ოჯახს ტკივილს? აი რას ამბობს ის: „წარმოვიდგენთ ხოლმე, სად შევხვდებით ზდრავკოს, რა საკვებს მოვუმზადებთ, როგორ შევიკრიბებით მის დასახვედრად და რას მოვუყვებით ბოლო დღეების შესახებ“. ტიხომირსა და მის ოჯახს მზერა მომავლისკენ აქვთ მიპყრობილი, რაც ძალას აძლევთ, მოთმინებით დაელოდონ იმ დროს, როცა იეჰოვა სიცოცხლეს დაუბრუნებს ზდრავკოს.

როგორ წარმოგიდგენიათ ცხოვრება ახალ ქვეყნიერებაში? (იხილეთ აბზაცი 19). c

19. როგორ განვიმტკიცოთ მომავლის იმედი? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

19 როგორ განვიმტკიცოთ მომავლის იმედი? წაიკითხეთ ბიბლიაში ის მონაკვეთები, რომლებშიც სამოთხეა აღწერილი, და იფიქრეთ მათზე (ეს. 25:8; 32:16—18). წარმოიდგინეთ თქვენი თავი ახალ ქვეყნიერებაში — ვის შეხვდებით, როგორ დატკბებით ბუნების ხმებით და რა გრძნობები და ემოციები დაგეუფლებათ. შეიძლება ამაში ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი სურათების დათვალიერება დაგეხმაროთ ან ისეთი მუსიკალური ვიდეოკლიპების ყურება, როგორებიცაა „წინ ვხედავთ სამოთხეს“, „წარმოიდგინე, რომ. . .“ და „ეს დრო ნანატრი“. თუ მზერა მომავლისკენ გვექნება მიპყრობილი, დღევანდელი გასაჭირი ჩვენც უმნიშვნელო და ხანმოკლე მოგვეჩვენება (2 კორ. 4:17). რაოდენ მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ განსამტკიცებლად იეჰოვამ ასეთი შესანიშნავი მომავლის იმედი გვიბოძა.

20. როგორ გვაძლიერებს იეჰოვა?

20 როგორც დავინახეთ, იეჰოვა ყოველთვის მოგვცემს საჭირო ძალას (ფს. 108:13). თუმცა ჩვენი მხრიდანაც მოითხოვება რაღაცის გაკეთება. ასე რომ, თუ გიჭირთ რაიმე დავალების შესრულება ან განსაცდელის ატანა, ილოცეთ და ხელმძღვანელობისთვის ღვთის სიტყვას მიმართეთ. არც და-ძმების მხრიდან დახმარების მიღებაზე თქვათ უარი და მომავლის იმედზეც გამუდმებით იფიქრეთ. ამ შემთხვევაში იეჰოვა „თავისი განუზომელი ძალით“ გაგაძლიერებთ, რათა „მოთმინებითა და სიხარულით აიტანოთ ყველაფერი“ (კოლ. 1:11).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 33 მიანდე იეჰოვას შენი საზრუნავი

a ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ გვაძლიერებს იეჰოვა და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მისგან დახმარების მისაღებად. ამ სტატიაში მოცემული რჩევები განსაკუთრებით მათ დაეხმარება, ვისაც განსაცდელმა ძალა გამოაცალა ან ისეთი დავალება მიიღო, რომელიც რთულად შესასრულებელი ეჩვენება.

b ზოგიერთი სახელი შეცვლილია.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ყრუ-მუნჯი და ფიქრობს ბიბლიურ დანაპირებზე და ჩართული აქვს მუსიკალური ვიდეორგოლი, რათა უკეთ წარმოიდგინოს, როგორი ცხოვრება ელის ახალ ქვეყნიერებაში.