არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 44

ჩასწვდით ღვთიურ სიღრმეებს

ჩასწვდით ღვთიურ სიღრმეებს

„[ბოლომდე ჩასწვდით] სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს“ (ᲔᲤᲔᲡ. 3:18).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 95 სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1, 2. მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ უნდა ვიკითხოთ და ვიკვლიოთ ბიბლია.

 ᲓᲐᲕᲣᲨᲕᲐᲗ, სახლის ყიდვას აპირებთ. ალბათ, ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ სურათის ნახვის შემდეგ არ მიიღებთ. დიდი ალბათობით, ადგილზე მიხვალთ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს დაათვალიერებთ და შეეცდებით, რაც შეიძლება მეტი დეტალი გაარკვიოთ.

2 როგორ შეგვიძლია ეს მაგალითი ბიბლიის კითხვასა და გამოკვლევას მივუსადაგოთ? საინტერესოა, რომ ერთ ნაშრომში ბიბლია ღრმა საძირკველზე აშენებულ დიდ და მაღალ შენობასაა შედარებული. აშკარაა, თუ გვინდა, კარგად გავეცნოთ ბიბლიას, გადარბენით არ უნდა „დავათვალიეროთ“ და მხოლოდ საფუძვლების ანუ ძირითადი საკითხების გაგებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ (ებრ. 5:12). საჭიროა, დეტალებით დავინტერესდეთ და გულდასმით შევისწავლოთ, მაგალითად, დავინახოთ, როგორ უკავშირდება ბიბლიის სხვადასხვა მონაკვეთი ერთმანეთს და გამოვიკვლიოთ, რა გვწამს და რატომ.

3. რისკენ მოუწოდა მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს და რატომ? (ეფესოელები 3:14—19).

3 პავლე მოციქული მოუწოდებდა თანაქრისტიანებს, გულმოდგინედ გამოეკვლიათ ღვთის სიტყვა, რათა ბოლომდე ჩასწვდომოდნენ მის „სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს“.  ამგვარად ისინი მტკიცედ გაიდგამდნენ ფესვს და მყარ საძირკველზე დაფუძნდებოდნენ (წაიკითხეთ ეფესოელების 3:14—19). ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ. მოდი ვნახოთ, კონკრეტულად რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ უკეთ გავეცნოთ ღვთის სიტყვის სიღრმეებს.

ᲒᲐᲛᲝᲘᲙᲕᲚᲘᲔᲗ ᲦᲠᲛᲐ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘ

4. რისი გაკეთება შეგვიძლია იეჰოვასთან უფრო დასაახლოებლად? მოიყვანეთ მაგალითები.

4 როგორც დავინახეთ, ქრისტიანები არ უნდა დავკმაყოფილდეთ ბიბლიის ზედაპირულ ცოდნას. ღვთის სულის დახმარებით ჩვენ შევძლებთ ჩავწვდეთ „ღვთიურ სიღრმეებსაც კი“ (1 კორ. 2:9, 10). შეგიძლიათ ისეთი საკითხები გამოიკვლიოთ, რომლებიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ იეჰოვასთან. მაგალითად, იმაში დასარწმუნებლად, რომ ღმერთს უყვარხართ, დაუკვირდით, როგორ ავლენდა ის სიყვარულს ძველად მცხოვრები თავისი მსახურების მიმართ; შეგიძლიათ ისიც გამოიკვლიოთ, როგორ თაყვანისმცემლობას მოითხოვდა ღმერთი ისრაელისგან და ქრისტიანებმა როგორ უნდა ვცეთ მას თაყვანი; ან უფრო ღრმად შეისწავლეთ ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც იესოზე შესრულდა.

5. რომელი საკითხის გამოკვლევა გაინტერესებთ?

5 რამდენიმე და-ძმას, რომლებიც ბიბლიის გულმოდგინე მკვლევრები არიან, ვკითხეთ, რის გამოკვლევას აპირებენ უფრო სიღრმისეულად. ზოგიერთი მათი პასუხი მოცემულია ჩარჩოში  „საკითხები პირადი კვლევისთვის“. ამ თუ სხვა საკითხების გამოსაკვლევად შეგიძლიათ გამოიყენოთ „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“ და „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“. ბიბლიის სიღრმისეული კვლევა დიდ სიხარულს მოგანიჭებთ, შეგძენთ ცოდნას ღვთის შესახებ და განგიმტკიცებთ რწმენას (იგავ. 2:4, 5). მოდი განვიხილოთ რამდენიმე საკითხი, რომლებიც ღრმა გამოკვლევას იმსახურებს.

ᲘᲤᲘᲥᲠᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲒᲐᲜᲖᲠᲐᲮᲕᲐᲖᲔ

6. ა) რა გვაძლევს იმის გარანტიას, რომ იეჰოვას განზრახვა აუცილებლად შესრულდება? ბ) რატომ ეწოდება ღვთის განზრახვას „მარადიული“? (ეფესოელები 3:11).

6 ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას მარადიული განზრახვა აქვს, რომელსაც თანდათანობით ჰფენს ნათელს (ეფეს 3:11). ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი განზრახვა შეასრულოს, თუმცა მას არ სჭირდება დეტალებში გაწერილი გეგმა მის განსახორციელებლად (იგავ. 16:4). შესაბამისად, „გზადაგზა“ წამოჭრილი დაბრკოლებები მისი განზრახვის შესრულებას ხელს ვერ უშლის. ამ განზრახვას მართებულად ეწოდება „მარადიული“, რადგან როცა ის შესრულდება, მიღწეული შედეგებით მარადიულად გავიხარებთ. მოდი გავიგოთ, კონკრეტულად რა განიზრახა ღმერთმა და რა ცვლილებებს ახდენდა „გზადაგზა“.

7. როგორ მოერგო იეჰოვა შეცვლილ მდგომარეობას? (მათე 25:34).

7 იეჰოვამ პირველ წყვილს გაუმხილა, რა განზრახვა ჰქონდა მათთან დაკავშირებით: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ . . . [გემორჩილებოდეთ] ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“ (დაბ. 1:28). სამწუხაროდ, ადამი და ევა ეურჩნენ იეჰოვას, რის გამოც მთელი კაცობრიობა ცოდვის ტყვეობაში აღმოჩნდა. მაგრამ ამან ხელი ვერ შეუშალა იეჰოვას თავისი განზრახვის შესრულებაში. მან მაშინვე გადაწყვიტა, რომ კაცობრიობასა და დედამიწასთან დაკავშირებული თავისი განზრახვის შესასრულებლად ზეცაში სამეფო დაემყარებინა (წაიკითხეთ მათეს 25:34). დანიშნულ დროს იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა დედამიწაზე. იესო ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ ასწავლიდა და ცოდვისა და სიკვდილისგან მათ გამოსასყიდად საკუთარი სიცოცხლეც გაიღო. იეჰოვამ ის მკვდრეთით აღადგინა, ზეცად აამაღლა და თავისი სამეფოს მეფედ დასვა. თუმცა ღვთის განზრახვა კიდევ უფრო მეტს მოიცავს.

წარმოიდგინეთ დრო, როცა ღვთის ყველა ერთგული ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, ერთ ოჯახად გაერთიანდება (იხილეთ აბზაცი 8).

8. ა) რა არის ბიბლიის მთავარი თემა? ბ) რა არის იეჰოვას საბოლოო განზრახვა? (ეფესოელები 1:8—11; იხილეთ სურათი გარეკანზე).

8 ბიბლიას მთავარ თემად სამეფოს მეშვეობით ღვთის სახელის განწმენდა გასდევს. ეს მაშინ მოხდება, როცა ღვთის სამეფო დედამიწასთან დაკავშირებულ ღვთის თავდაპირველ განზრახვას შეასრულებს და გასრულყოფილებული ადამიანები მარადიული სიცოცხლით გაიხარებენ (ფსალმ. 22:26). თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულდება. იეჰოვას საბოლოო განზრახვა ისაა, რომ ყველა თავისი გონიერი ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, ერთ ოჯახად გააერთიანოს და ყველა მას დაემორჩილოს, როგორც უზენაეს მმართველს (წაიკითხეთ ეფესოელების 1:8—11). ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ეს აუცილებლად შესრულდება, რადგან ამის გარანტიას თავად იძლევა (ეს. 46:10, 11, სქ.; ებრ. 6:17, 18). აღფრთოვანებას ვერ ვმალავთ, როცა ვფიქრობთ, როგორ მოჰყავს იეჰოვას სისრულეში თავისი განზრახვა.

ᲘᲤᲘᲥᲠᲔᲗ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲖᲔ

9. როდის შესრულდება საბოლოოდ დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?

9 დავფიქრდეთ დაბადების 3:15-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაზე, რომელიც იეჰოვამ ჯერ კიდევ ედემის ბაღში წარმოთქვა. b ამ მუხლში ჩაწერილის შესრულებას ათასობით წელი სჭირდებოდა. ზოგიერთი მოვლენა უკვე შესრულდა. მაგალითად, აბრაამის ხაზში მოვიდა „ქალის“ შთამომავალი, მესია (დაბ. 22:15—18). შემდეგ ახ. წ. 33 წელს ის „ქუსლში დაგესლეს“ (საქ. 3:13—15). რაც შეეხება სატანისთვის „თავის გაჭეჭყვას“, ამ მოვლენამდე, სულ მცირე, ათასი წელი გვაშორებს (გამოცხ. 20:7—10). თუმცა ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რა მოვლენები უნდა განვითარებულიყო მანამ, სანამ ნაწინასწარმეტყველები „მტრობა“ კულმინაციას მიაღწევდა.

10. ა) რა მოვლენები მოხდება მალე? ბ) როგორ მოვემზადოთ მოსახდენი მოვლენებისთვის? (იხილეთ სქოლიო).

10 თავდაპირველად ერები „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ გამოაცხადებენ, შემდეგ კი ცრუ რელიგიას დაესხმებიან თავს, რა მოვლენითაც „დიდი გასაჭირი“ დაიწყება (1 თეს. 5:2, 3; გამოცხ. 17:16). მაშინ „ცის ღრუბლებზე [გამოჩნდება] ძლევამოსილებითა და სიდიადით მომავალი“ კაცის ძე, რაც, როგორც ჩანს, ზებუნებრივ მოვლენაზე მიანიშნებს (მათ. 24:30). ამას იესოს მიერ კაცობრიობის გასამართლება მოჰყვება, რომლის დროსაც „ცხვრებს“ „თხებისგან“ გამოაცალკევებს (მათ. 25:31—33, 46). თუმცა სატანაც თავისას შეეცდება. ის გააფთრებული ღვთის ხალხის წინააღმდეგ აღძრავს ერთა კოალიციას, რომელსაც ბიბლია უწოდებს „გოგს მაგოგის მიწიდან“ (ეზეკ. 38:2, 10, 11). რაღაც მომენტში იესო შეკრებს დედამიწაზე დარჩენილ ცხებულ ქრისტიანებს, რათა მასთან და მის ზეციერ ლაშქართან ერთად იბრძოლონ არმაგედონის ომში. ასე დასრულდება „დიდი გასაჭირი“ და დედამიწაზე დაიწყება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა (მათ. 24:31; გამოცხ. 16:14, 16; 20:6). c

წარმოიდგინეთ, როგორ სიახლოვეს იგრძნობთ იეჰოვასთან მილიარდობით წლის შემდეგ (იხილეთ აბზაცი 11).

11. რის შესაძლებლობას მოგვცემს მარადიული სიცოცხლე? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

11 ახლა იმ დროზეც დავფიქრდეთ, როცა მარადიულად ვიცხოვრებთ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ შემოქმედმა ჩვენს გულებში „მარადიულობა ჩადო“ (ეკლ. 3:11). რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? წიგნში „დაუახლოვდით იეჰოვას“ ასეთი რამ არის ნათქვამი: „ასი, ათასი, მილიონი და მილიარდი წლის შემდეგ იეჰოვას შესახებ ბევრად მეტი გვეცოდინება, ვიდრე ახლა ვიცით, მაგრამ დავინახავთ, რომ კვლავაც ბევრი საინტერესო რამ გვექნება სასწავლი . . . დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რამდენად საინტერესო და აზრიანი იქნება მარადიული სიცოცხლე. ღმერთთან დაახლოება ყოველთვის იქნება ცხოვრების საუკეთესო ნაწილი!“ (გვ. 319). თუმცა სანამ ეს დრო დადგება, შეგვიძლია სხვა ბიბლიურ საკითხებსაც ჩავუღრმავდეთ.

ᲛᲖᲔᲠᲐ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲖᲔᲪᲘᲔᲠᲘ ᲡᲐᲛᲧᲝᲤᲚᲘᲡᲙᲔᲜ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲔᲗ

12. როგორ შევიხედოთ ღვთის ზეციერ სამყოფელში?

12 ბიბლია ღვთის ზეციერ სამყოფელშიც გვახედებს და ბევრ გასაოცარ რამეს გვიმხელს როგორც თავად იეჰოვაზე, ისე მისი ორგანიზაციის ზეციერ ნაწილზე (ეს. 6:1—4; 33:5; დან. 7:9, 10; გამოცხ. 4:1—6). მაგალითად, შეგვიძლია გავეცნოთ მოწიწების მომგვრელ ხილვებს, რომლებიც ეზეკიელმა იხილა, როცა მის წინაშე „ცა გაიხსნა“ (ეზეკ. 1:1).

13. რისთვის ხართ იესოს მადლიერი? (ებრაელები 4:14—16).

13 კარგი იქნება, თუ იმაზეც დავფიქრდებით, რას აკეთებს ჩვენთვის ღვთის სამეფოს მეფე და ჩვენი თანამგრძნობი მღვდელმთავარი იესო. მისი მეშვეობით შეგვიძლია ლოცვით მივუახლოვდეთ იეჰოვას „საჭირო დროს“ და დახმარება და წყალობა ვთხოვოთ (წაიკითხეთ ებრაელების 4:14—16). მოდი დღე ისე ნუ გავა, რომ არ დავფიქრდეთ, რა გაუკეთებიათ და რას აკეთებენ ჩვენთვის იეჰოვა და იესო. მათ მიერ გამოვლენილი სიყვარული გულგრილს არ დაგვტოვებს და იმის სურვილს აღგვიძრავს, რომ ყოველთვის საუკეთესო გავიღოთ (2 კორ. 5:14, 15).

წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს მოგანიჭებთ ახალ ქვეყნიერებაში ის ფაქტი, რომ სხვებსაც დაეხმარეთ, იეჰოვასთვის მიეძღვნათ თავი და იესოს მოწაფეები გამხდარიყვნენ (იხილეთ აბზაცი 14).

14. რა არის მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

14 მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, სხვებსაც გავაცნოთ იეჰოვა და დავეხმაროთ, თავი მიუძღვნან მას და იესოს მოწაფეები გახდნენ (მათ. 28:19, 20). სწორედ ასე იქცეოდა მოციქული პავლეც. მან იცოდა, რომ იეჰოვას სურს, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4). ამიტომ თავს არ ზოგავდა მსახურებაში, რათა როგორმე ეხსნა ზოგიერთი (1 კორ. 9:22, 23).

ᲡᲘᲐᲛᲝᲕᲜᲔᲑᲘᲗ ᲘᲙᲕᲚᲘᲔᲗ ᲦᲕᲗᲘᲡ ᲡᲘᲢᲧᲕᲐ

15. რა არის ბედნიერების საწინდარი? (ფსალმუნი 1:2).

15 ფსალმუნმომღერალი ნამდვილად არ შემცდარა, როცა თქვა, რომ „ბედნიერია კაცი, [რომელსაც] იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას“ და „ფიქრობს მასზე დღედაღამ“ (ფსალმ. 1:1—3, სქ.). ბიბლიის მთარგმნელმა ჯოზეფ როდერემმა თავის ნაშრომში ამ მუხლზე ასეთი რამ დაწერა: „[კაცს] იმდენად დიდ სიამეს უნდა ჰგვრიდეს ღვთისგან რჩევა-დარიგების მიღება, რომ უნდა ეძიებდეს და ღრმად უკვირდებოდეს მას . . . და თუ დღეს ისე გალევს, რომ ღვთიურ სიბრძნეს არ ეზიარება, მას ფუჭად ჩავლილად უნდა მიიჩნევდეს“ (Studies in the Psalms). თქვენც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ ბიბლიის კვლევა, თუკი დაუკვირდებით სხვადასხვა დეტალს და დაინახავთ მათ შორის კავშირს.

16. რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?

16 როგორც დავინახეთ, ყველას შეგვიძლია ჩავწვდეთ ღვთის სიტყვის სიღრმეებს. შემდეგ სტატიაში კიდევ ერთ ღრმა სულიერ საკითხზე ვისაუბრებთ — იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარზე, რომლის შესახებაც ბევრ დეტალს ებრაელებისთვის მიწერილი წერილიდან ვიგებთ. დარწმუნებული ვართ, ამ საკითხის გამოკვლევაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 94 მადლიერნი ღვთის სიტყვისთვის

a რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბიბლიის კითხვა ჩვენთვის ყოველთვის სასიამოვნო და შემეცნებითი პროცესი იყოს და უფრო დაგვაახლოვოს ზეციერ მამასთან? ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ ჩავწვდეთ ღვთის სიტყვის „სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს“.

b იხილეთ 2022 წლის ივლისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „უძველესი წინასწარმეტყველება, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენზე“.

c იმისთვის, რომ მოემზადოთ ახლო მომავალში მოსახდენი მოვლენებისთვის, იხილეთ წიგნი „ღვთის სამეფო მმართველობს!“, გვ. 230.