არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 45

დააფასეთ სულიერ ტაძარში თაყვანისცემის შესაძლებლობა

დააფასეთ სულიერ ტაძარში თაყვანისცემის შესაძლებლობა

„თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის . . . შემქმნელს!“ (ᲒᲐᲛᲝᲪᲮ. 14:7).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 93 აკურთხე ჩვენი შეხვედრები

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რას გვეუბნება ანგელოზი და რისკენ უნდა აღგვძრას მისმა ნათქვამმა?

 ᲐᲜᲒᲔᲚᲝᲖᲘ რომ დაგლაპარაკებოდათ, ალბათ მის თითოეულ სიტყვას გაფაციცებით მოისმენდით. სინამდვილეში, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ანგელოზს მართლაც აქვს რაღაც სათქმელი „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“. აი რას გვეუბნება ის: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, . . თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის . . . შემქმნელს!“ (გამოცხ. 14:6, 7). ყოველივეს შემოქმედი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს თაყვანისცემას. უზომოდ მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა თავის დიდებულ სულიერ ტაძარში ამის შესაძლებლობას გვაძლევს!

2. რა არის სულიერი ტაძარი? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „სულიერი ტაძარი არ არის. . .“).

2 რა არის სულიერი ტაძარი და სად ვხვდებით მის აღწერილობას? სულიერი ტაძარი პირდაპირი გაგებით ნაგებობა არ არის. მასში იგულისხმება იეჰოვას მიერ შემუშავებული ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, იესოს გამოსასყიდის საფუძველზე მას მისთვის მოსაწონი სახით ვცეთ თაყვანი. პავლე მოციქულმა ამ სულიერი ტაძრის შესახებ იუდეაში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში ისაუბრა. b

3, 4. რატომ მისწერა პავლემ იუდეაში მცხოვრებ ქრისტიანებს წერილი და რაზე გაუმახვილა ყურადღება?

3 მოდი ჯერ იმაზე ვისაუბროთ, რატომ გადაწყვიტა პავლემ ებრაელი ქრისტიანებისთვის წერილის მიწერა. როგორც ჩანს, მას სულ მცირე, ორი მიზეზი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, სურდა, გაემხნევებინა ისინი, რადგან ზოგს გული ჰქონდა გატეხილი და რწმენა შესუსტებული (ებრ. 2:1; 3:12, 14). რამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე? იუდეაში მცხოვრები ქრისტიანების უმეტესობა წარსულში იუდეველი იყო და გაქრისტიანების შემდეგ მათ, როგორც ჩანს, რელიგიური წინამძღოლები სასაცილოდ იგდებდნენ. ქრისტიანებს ხომ არც ტაძარი და სამსხვერპლო ჰქონდათ და არც სამღვდელოება ჰყავდათ. ამის ფონზე შესაძლოა ზოგს იმის ცდუნებაც კი გასჩენოდა, რომ წარსულ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა.

4 რა იყო მეორე მიზეზი? როგორც პავლემ აღნიშნა, ებრაელი ქრისტიანები არ ცდილობდნენ, ღვთის სიტყვიდან „მყარი საკვები“ მიეღოთ ანუ ღრმა სულიერ საკითხებს ჩასწვდომოდნენ (ებრ. 5:11—14). ზოგი ჯერაც იცავდა მოსეს კანონს. თუმცა პავლემ განუმარტა მათ, რომ მოსეს კანონით გათვალისწინებულ შესაწირავებს არ შეეძლო სრულად განეწმინდა ადამიანი ცოდვებისგან და ამიტომაც გაუქმდა. შემდეგ კი ღრმა სულიერ საკითხებს შეეხო და შეახსენა, რომ იესოს მსხვერპლის საფუძველზე „უკეთესი იმედი“ მიეცათ, რომელიც ნამდვილად დააახლოებდათ ღმერთთან (ებრ. 7:18, 19).

5. რას უნდა ჩავწვდეთ ებრაელებისთვის მიწერილი წერილის კითხვისას და რატომ?

5 პავლეს სურდა, ებრაელ ქრისტიანებს დაენახათ, რატომ იყო ქრისტიანობა იუდაიზმზე აღმატებული. ისინი უნდა ჩასწვდომოდნენ იმას, რომ იუდაისტური თაყვანისმცემლობა „მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი — ქრისტეა“ (კოლ. 2:17). ჩრდილი მხოლოდ ლანდია და ზოგად წარმოდგენას გვიქმნის ამა თუ იმ საგნის ფორმაზე. მსგავსადვე, იუდაისტური თაყვანისმცემლობა იმ თაყვანისმცემლობის „ჩრდილი“ იყო, რომელსაც პირველ საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. თუ ებრაელებისთვის მიწერილი წერილის დახმარებით „ჩრდილს“ (იუდაისტური თაყვანისმცემლობა) „სინამდვილეს“ (ქრისტიანული თაყვანისმცემლობა) შევადარებთ, იმასაც უკეთ ჩავწვდებით, რა არის სულიერი ტაძარი და ჩვენ როგორ ვცემთ თაყვანს იეჰოვას ამ ტაძარში. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენი ცოდვების მისატევებლად, თუ გვინდა, რომ მის მოსაწონად ვცეთ თაყვანი.

ᲙᲐᲠᲐᲕᲘ

6. რა დანიშნულება ჰქონდა კარავს?

6 „ჩრდილი“. პავლემ ამ საკითხზე მსჯელობისას მოსეს მიერ აგებული კარვის მაგალითი მოიყვანა (იხილეთ სურათი „ჩრდილი — სინამდვილე“). კარავი იყო ნაგებობა, რომელიც ისრაელებს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ. ისრაელები მას ღვთის თაყვანსაცემად დაახლოებით 500 წლის განმავლობაში იყენებდნენ ანუ იმ დრომდე ვიდრე იერუსალიმში ტაძარი არ აშენდა (გამ. 25:8, 9; რიცხ. 9:22). მათთვის „შეხვედრის კარავი“ ძირითადი საშუალება იყო იეჰოვასთან დასაახლოებლად, მისთვის მსხვერპლის შესაწირავად და თაყვანსაცემად (გამ. 29:43—46). თუმცა ის გაცილებით დიდებულ რამეს განასახიერებდა.

7. როდის დაარსდა სულიერი ტაძარი?

7 „სინამდვილე“. როგორც პავლემ აღნიშნა, კარავი „ყოველივე ზეციურის“ ჩრდილი იყო ანუ იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარს განასახიერებდა. მისი სიტყვებიდან ისიც ჩანს, რომ ეს ტაძარი იმ დროისთვის უკვე არსებობდა. მან დაწერა: „კარავი იმის სიმბოლოა, რაც დღეისთვის უკვე არსებობს“ (ებრ. 8:5; 9:9). სულიერმა ტაძარმა ფუნქციონირება დაიწყო ახ. წ. 29 წელს, მას შემდეგ, რაც იესო მოინათლა, იეჰოვამ წმინდა სული სცხო და მღვდელმთავრად c მსახურებას შეუდგა (ებრ. 4:14; საქ. 10:37, 38).

ᲛᲦᲕᲓᲔᲚᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ

8, 9. რით უპირატესობს დიდი მღვდელმთავარი იესო ებრაელ მღვდელმთავრებზე? (ებრაელები 7:23—27).

8 „ჩრდილი“. მღვდელმთავარი ღვთის წინაშე ხალხის წარმომადგენელი იყო. იეჰოვამ პირველ მღვდელმთავრად აარონი სცხო კარვის მიძღვნის დროს. მაგრამ როგორც პავლემ აღნიშნა, „ერთ მღვდელს მეორე ცვლიდა, რადგან სიკვდილის გამო ვეღარ აგრძელებდნენ მღვდელმსახურებას“ (წაიკითხეთ ებრაელების 7:23—27). d თანაც არასრულყოფილების გამო მათ თავიანთი ცოდვებისთვისაც უნდა შეეწირათ მსხვერპლი. აშკარაა, ისინი ახლოსაც ვერ მივიდოდნენ დიდ მღვდელმთავართან, იესოსთან.

9 „სინამდვილე“. იესო „ჭეშმარიტი კარვის“ მღვდელმთავრად დაინიშნა, რომელიც „ადამიანმა კი არა, იეჰოვამ დადგა“ (ებრ. 8:1, 2). პავლემ აღნიშნა, რომ იესოს „მღვდლობა სხვას არ გადაეცემა, რადგან იგი მარადიულად ცოცხლობს“. ამასთანავე, ის წაუბილწველი და ცოდვით დაულაქავებელია. შესაბამისად, მას ებრაელი მღვდელმთავრებისგან განსხვავებით არ სჭირდება თავისი ცოდვებისთვის მსხვერპლის შეწირვა. მაგრამ რისი თქმა შეიძლება სამსხვერპლოსა და მსხვერპლზე, რომელიც მასზე იწირებოდა? მოდი ვნახოთ, რას განასახიერებდნენ ისინი.

ᲡᲐᲛᲡᲮᲕᲔᲠᲞᲚᲝ ᲓᲐ ᲛᲡᲮᲕᲔᲠᲞᲚᲘ

10. რას განასახიერებდა სპილენძის სამსხვერპლოზე შეწირული მსხვერპლი?

10 „ჩრდილი“. კარვის შესასვლელის წინ იდგა სპილენძის სამსხვერპლო, რომელზეც ცხოველური შესაწირავები იწირებოდა (გამ. 27:1, 2; 40:29). თუმცა ამ შესაწირავებს არ შეეძლო ცოდვებისგან ადამიანების სრულად გამოსყიდვა (ებრ. 10:1—4). ისინი იმ მსხვერპლს განასახიერებდნენ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ განწმენდდა კაცობრიობას ცოდვისგან.

11. რას განასახიერებდა სამსხვერპლო? (ებრაელები 10:5—7, 10).

11 „სინამდვილე“. იეჰოვას ნება იყო, რომ იესოს სრულყოფილი სიცოცხლე კაცობრიობის გამოსასყიდად გაეღო (მათ. 20:28). იესოს ეს კარგად ესმოდა, ამიტომ ნათლობის დროს თავი წარუდგინა იეჰოვას იმის ნიშნად, რომ მის ნებას შეასრულებდა (იოან. 6:38; გალ. 1:4). ამგვარად, იესო შეეწირა სამსხვერპლოზე, რომელიც „იეჰოვას ნებას“ განასახიერებდა. მან საკუთარი „სხეულის მხოლოდ ერთხელ შეწირვით“ სრულად გამოისყიდა მათი ცოდვები, ვისაც ის სწამს (წაიკითხეთ ებრაელების 10:5—7, 10). მოდი ახლა კარვის შიგნითაც შევიხედოთ.

ᲬᲛᲘᲜᲓᲐ ᲓᲐ ᲬᲛᲘᲜᲓᲐᲗᲐᲬᲛᲘᲜᲓᲐ

12. ვის ჰქონდათ წმინდაში და წმინდათაწმინდაში შესვლის უფლება?

12 „ჩრდილი“. კარვისა და მოგვიანებით იერუსალიმში აშენებული ტაძრების გეგმა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. კარავსაც და ტაძარსაც ორი ოთახი ჰქონდა — „წმინდა“ და „წმინდათაწმინდა“. მათ ერთმანეთისგან მოქარგული ფარდა ჰყოფდა (ებრ. 9:2—5; გამ. 26:31—33). წმინდაში ოქროს სალამპრე, საკმევლის სამსხვერპლო და წარსადგენი პურების მაგიდა იდგა. იქ შესვლისა და მსახურების უფლება მხოლოდ ცხებულ მღვდლებს ჰქონდათ (რიცხ. 3:3, 7, 10). წმინდათაწმინდაში იდო მოოქროვილი შეთანხმების კიდობანი, რომელიც თავის ხალხთან იეჰოვას ყოფნის სიმბოლო იყო (გამ. 25:21, 22). იქ შესვლის უფლება მხოლოდ მღვდელმთავარს ჰქონდა და ისიც მხოლოდ წელიწადში ერთხელ, გამოსყიდვის დღეს (ლევ. 16:2, 17). ყოველწლიურად მას როგორც საკუთარი, ისე მთელი ერის ცოდვების გამოსასყიდად წმინდათაწმინდაში ცხოველთა სისხლი შეჰქონდა. პირველ საუკუნეში იეჰოვამ წმინდა სულით ნათელი მოჰფინა იმას, თუ რას განასახიერებდა ეს ყველაფერი (ებრ. 9:6—8). e

13. რას განასახიერებდნენ წმინდა და წმინდათაწმინდა?

13 „სინამდვილე“. იეჰოვამ ქრისტეს მოწაფეთაგან 144 000-ს წმინდა სული სცხო, რათა ზეცაში იესოსთან ერთად მღვდლებად იმსახურონ (გამოცხ. 1:6; 14:1). კარვის წმინდა განასახიერებდა იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას იეჰოვასთან, რომელიც მათ ჯერ კიდევ დედამიწაზე აქვთ როგორც სულითშობილ ძეებს (რომ. 8:15—17). კარვის წმინდათაწმინდა კი განასახიერებდა ზეცას, იეჰოვას სამყოფელს. რისი თქმა შეიძლება ფარდაზე, რომელიც წმინდას წმინდათაწმინდისგან ჰყოფდა? ის განასახიერებდა იესოს ხორციელ სხეულს, რომლითაც ვერ შეძლებდა ზეცაში ანუ სულიერი ტაძრის წმინდათაწმინდაში შესვლას. ასე რომ, მას შემდეგ, რაც იესომ კაცობრიობისთვის თავისი სხეული გაიღო მსხვერპლად, ზეცისკენ გზა სულითცხებულ ქრისტიანებსაც გაუხსნა. თუმცა ისინიც უნდა გამოეთხოვონ ფიზიკურ სხეულს, რათა ზეციური ჯილდო მიიღონ და იესოს შეუერთდნენ სულიერი ტაძრის წმინდათაწმინდაში (ებრ. 10:19, 20; 1 კორ. 15:50).

14. რაში მდგომარეობს სულიერი ტაძრის აღმატებულობა? (ებრაელები 9:12, 24—26).

14 როგორც დავინახეთ, დღეს იეჰოვას თაყვანისცემის შესაძლებლობა სწორედ იესო ქრისტეს გამოსასყიდისა და მისი მღვდელმსახურების წყალობით გვეძლევა. ისიც გავიგეთ, რომ თაყვანისმცემლობის ეს ფორმა მის წინამორბედთან შედარებით გაცილებით აღმატებულია. თუ წარსულში ებრაელი მღვდელმთავარი ხელთქმნილ წმინდათაწმინდაში ცხოველთა სისხლით შედიოდა ხოლმე, იესო ყველაზე წმინდა ადგილას, თვით ზეცაში შევიდა, იეჰოვას წინაშე წარდგა და საკუთარი მსხვერპლი წარუდგინა, რათა „ბოლო მოეღო ცოდვისთვის“ (წაიკითხეთ ებრაელების 9:12, 24—26). დიახ, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლით ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდით ცოდვის მონობისგან. მოდი ახლა იეჰოვას სულიერი ტაძრის ეზოებზე ვისაუბროთ.

ᲔᲖᲝᲔᲑᲘ

15. ვის შეეძლო კარვის ეზოში მსახურება?

15 „ჩრდილი“. კარავს შემოღობილი ეზო ჰქონდა, სადაც მღვდლები თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ. ეზოში იდგა სპილენძის სამსხვერპლო დასაწვავი შესაწირავის აღსავლენად და წყლით სავსე სპილენძის აუზი მღვდელმსახურებამდე ხელ-ფეხის დასაბანად (გამ. 30:17—20; 40:6—8). მოგვიანებით აშენებულ ტაძრებს გარეთა ეზოც ჰქონდათ, სადაც არასამღვდელო შტოს წარმომადგენლებსაც შეეძლოთ შესვლა და ღვთის თაყვანისცემა.

16. ვინ მსახურობს სულიერი ტაძრის ეზოებში?

16 „სინამდვილე“. დედამიწაზე მცხოვრები ცხებული ქრისტიანები სულიერი ტაძრის შიდა ეზოში მსახურობენ მანამ, სანამ ზეცაში იესოსთან ერთად მღვდელმსახურებას შეუდგებიან. წინა აბზაცში ნახსენები წყლის აუზი მათ და ყველა ქრისტიანს შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ზნეობრივი და სულიერი სიწმინდე. მაგრამ რისი თქმა შეიძლება „უამრავ ხალხზე“, რომელიც ქრისტეს ცხებულ ძმებს უჭერს მხარს? სად სცემენ ისინი იეჰოვას თაყვანს? მოციქულმა იოანემ ხილვაში ღვთის ტახტის წინ მდგომი „უამრავი ხალხი“ ნახა, რომელიც მისივე ტაძარში ემსახურებოდა მას „დღე და ღამე“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ისინი დედამიწაზე სულიერი ტაძრის გარეთა ეზოში სცემენ იეჰოვას თაყვანს (გამოცხ. 7:9, 13—15). უზომოდ მადლიერი ვართ, რომ წილად გვხვდა პატივი, დიდებულ სულიერ ტაძარში ვცეთ იეჰოვას თაყვანი.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲪᲮᲐᲓᲕᲧᲝᲗ, ᲠᲝᲛ ᲕᲐᲤᲐᲡᲔᲑᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲗᲐᲧᲕᲐᲜᲘᲡᲪᲔᲛᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐᲡ

17. რისი გაღება შეგვიძლია იეჰოვასთვის?

17 დღეს ყველა ქრისტიანს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად გავიღოთ ჩვენი დრო, ენერგია და სახსრები. ამ ყველაფერს იეჰოვა მისთვის გაღებულ მსხვერპლად მიიჩნევს. ებრაელი ქრისტიანებისთვის მიწერილი პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენ შეგვიძლია „მუდამ შევწიროთ ღმერთს მსხვერპლად ქება, ჩვენი ბაგეთა ნაყოფი, ანუ სახალხოდ ვაუწყოთ მისი სახელი“ (ებრ. 13:15). თუ ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ მსახურებაში, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ იეჰოვას თაყვანისცემის შესაძლებლობას.

18. რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან და რა არ უნდა დავივიწყოთ? (ებრაელები 10:22—25).

18 წაიკითხეთ ებრაელების 10:22—25. ებრაელებისთვის მიწერილი წერილის დასასრულ პავლე მოციქული ხაზს უსვამს, რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან იეჰოვას თაყვანისცემის დროს. ეს არის ლოცვა, ჩვენი იმედის შესახებ სახალხოდ საუბარი, ერთად შეკრება და ერთმანეთის გამხნევება, „მით უმეტეს, რომ ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“. იეჰოვას ანგელოზის სიტყვებიდან, რომლებსაც „გამოცხადების“ ბოლო თავებში ვკითხულობთ, კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის თაყვანისცემა. მან ორჯერ თქვა: „ღმერთს ეცი თაყვანი!“ (გამოცხ. 19:10; 22:9). მოდი არასდროს დავივიწყოთ, რაც იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძრის შესახებ გავიგეთ და დავაფასოთ მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა!

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 88 მაუწყე შენი გზები

a ერთ-ერთი ღრმა სულიერი საკითხი, რომელსაც ბიბლია ჰფენს ნათელს, იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარს ეხება. რას წარმოადგენს ეს ტაძარი? ამ სტატიაში განვიხილავთ, რას ვიგებთ ამ ტაძრის შესახებ ებრაელებისთვის მიწერილი წერილიდან. დარწმუნებული ვართ, ეს სტატია დაგეხმარებათ, კიდევ უფრო მეტად დააფასოთ იეჰოვას თაყვანისცემის შესაძლებლობა.

c „ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში“ იესო მღვდელმთავრად მხოლოდ ებრაელებისთვის მიწერილ წერილში მოიხსენიება.

d ერთი ნაშრომის თანახმად, იერუსალიმის ტაძრის განადგურებამდე (ახ. წ. 70 Წ.) ისრაელში 84-მდე მღვდელმთავარმა იმსახურა.

e თუ გსურთ, გაიგოთ, რა სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებდა ის, რასაც მღვდელმთავარი გამოსყიდვის დღეს აკეთებდა, jw.org-ზე უყურეთ ვიდეორგოლს „კარავი“.

g იხილეთ 2010 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 22, ჩარჩო „როგორ გაამჟღავნა სულმა სულიერი ტაძრის მნიშვნელობა“.