არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 1

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 38 ის გაგაძლიერებთ

მიენდეთ იეჰოვას და დაძლიეთ შიში!

მიენდეთ იეჰოვას და დაძლიეთ შიში!

2024 ᲬᲚᲘᲡ ᲛᲣᲮᲚᲘ: „თუ შემეშინდება, შენ მოგენდობი“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 56:3).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან გავიგებთ, როგორ გავიძლიეროთ იეჰოვასადმი ნდობა და როგორ დავძლიოთ შიში.

1. რატომ შეიძლება დაგვეუფლოს ზოგჯერ შიში?

 ᲓᲠᲝᲓᲐᲓᲠᲝ ყველას გვეუფლება შიში. იეჰოვას მსახურებს აღარ გვაქვს მკვდრების, ზებუნებრივი ძალებისა თუ მომავლის შიში. თუმცა ჩვენი დროისთვის დამახასიათებელმა „საზარელმა მოვლენებმა“, მათ შორის, ომებმა, დამნაშავეობამ და ეპიდემიებმა, შეიძლება ჩვენც შეგვაშინოს (ლუკ. 21:11). შიში შეიძლება მაშინაც დაგვეუფლოს, როცა რწმენის გამო ოჯახის წევრებისა თუ მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობას ვხვდებით. ზოგი შეიძლება შიშობს, რომ ვერ აიტანს იმ განსაცდელს, რომლის პირისპირაც ახლა დგას, ზოგსაც მომავალ განსაცდელებზე ფიქრი აშინებს.

2. რატომ დაეუფლა შიში გათში მყოფ დავითს?

2 შიში არც ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურებისთვის იყო უცხო, მათ შორის, დავითისთვის. მეფე საულისგან გაქცეულმა თავი ერთხელ ფილისტიმელთა ქალაქ გათს შეაფარა. გათის მეფე აქიშმა მალე გაიგო, რომ ეს ის კაცი იყო, რომელსაც 10 000 ფილისტიმელი ჰყავდა მოკლული. ამან დავითი ძალიან შეაშინა, რადგან მიხვდა, რომ მის სიცოცხლეს აქაც ემუქრებოდა საფრთხე (1 სამ. 21:10—12). თუმცა მან მოახერხა შიშის დაძლევა. ვნახოთ, როგორ.

3. როგორ დაძლია დავითმა შიში? (ფსალმუნი 56:1—3, 11).

3 გათში მყოფი დავითის გრძნობები 56-ე ფსალმუნშია აღწერილი. ამ ფსალმუნიდან ვიგებთ, რისი ეშინოდა დავითს და როგორ დაძლია შიში. როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, ამაში მას იეჰოვაზე მინდობა დაეხმარა (წაიკითხეთ ფსალმუნის 56:1—3, 11). დიახ, დავითი მიენდო იეჰოვას და იეჰოვამაც არ გაუმტყუნა იმედი. მეტიც, იეჰოვას დახმარებით მან შექმნილი სიტუაციიდან მეტად უჩვეულო გამოსავალი იპოვა — თავი მოიგიჟიანა. ამან მეფე აქიში დაარწმუნა, რომ დავითი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ახლა მას მისი მოკვლა კი არა, უკვე ქალაქიდან გაშვება სურდა (1 სამ. 21:13—22:1).

4. როგორ გავიძლიეროთ იეჰოვასადმი ნდობა? მოიყვანეთ მაგალითი.

4 ჩვენც დავძლევთ შიშს, თუ დავითის მსგავსად მივენდობით იეჰოვას. მაგრამ როგორ განვიმტკიცოთ ნდობა და როგორ მივენდოთ იეჰოვას მაშინაც, როცა ძალიან გვეშინია? მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: დავუშვათ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ. შეიძლება თავიდან შეგეშინდეთ კიდეც. მაგრამ რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ დაძლიოთ შიში? კარგი იქნება, თუ ისეთ ექიმთან მიხვალთ, რომელსაც თქვენნაირი პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება აქვს. იმავდროულად, გულისხმიერიცაა და პაციენტებს ყურადღებით უსმენს. და რაც მთავარია, მკურნალობის ნაცადი მეთოდის შემოთავაზება შეუძლია. ასეთი ექიმის ნდობა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. მსგავსად, თუ დაფიქრდებით, რა გაუკეთებია იეჰოვას, რას აკეთებს ახლა და მომავალში რის გაკეთებას აპირებს, თქვენთვის არც მისი ნდობა იქნება რთული. როგორც 56-ე ფსალმუნიდან ვიგებთ, სწორედ ასე იქცეოდა დავითი. ამიტომ მოდი ვნახოთ, კონკრეტულად რა დაეხმარა მას, გაეძლიერებინა იეჰოვასადმი ნდობა და დაეძლია შიში.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲬᲐᲠᲡᲣᲚᲨᲘ ᲒᲐᲙᲔᲗᲔᲑᲣᲚᲘ ᲡᲐᲥᲛᲔᲔᲑᲘ

5. რაზე ფიქრი ეხმარებოდა დავითს, დაეძლია შიში? (ფსალმუნი 56:12, 13).

5 როცა დავითი საფრთხეში იყო, მან იეჰოვას მიერ წარსულში გაკეთებულ საქმეებზე დაიწყო ფიქრი (წაიკითხეთ ფსალმუნის 56:12, 13). ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ის მთელი ცხოვრება ასე იქცეოდა. მაგალითად, ის ფიქრობდა ხოლმე იეჰოვას შემოქმედებაზე, რაც შეახსენებდა, რამხელა ძალას ფლობს იეჰოვა და როგორ ზრუნავს ადამიანებზე (ფსალმ. 65:6—9). დავითი იმაზეც ფიქრობდა, როგორ უჭერდა იეჰოვა მხარს თავის ერთგულ მსახურებს (ფსალმ. 31:19; 37:25, 26). თუმცა განსაკუთრებით იმაზე ფიქრი უყვარდა, რაც იეჰოვას პირადად მისთვის გაეკეთებინა. ის ხომ ჩვილობიდან ზრუნავდა მასზე (ფსალმ. 22:9, 10). წარმოიდგინეთ, როგორ განუმტკიცებდა იეჰოვასადმი ნდობას ამ ყოველივეზე ფიქრი.

იეჰოვასადმი ნდობა რომ განემტკიცებინა, დავითი ფიქრობდა წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე (იხილეთ აბზაცები 5, 8, 12). d


6. რაზე ფიქრი დაგვეხმარება, მივენდოთ იეჰოვას?

6 თუ შიში შეგიპყრობთ, კარგი იქნება, თქვენც დაფიქრდეთ იეჰოვას მიერ წარსულში გაკეთებულ საქმეებზე, მათ შორის, შემოქმედებაზე. მაგალითად, თუ ჩავუკვირდებით, როგორ ზრუნავს იეჰოვა ჩიტებსა და ყვავილებზე, რომლებიც მის მსგავსებად არ არიან შექმნილები და არც მისი თაყვანისცემა შეუძლიათ, დავრწმუნდებით, რომ ჩვენზეც აუცილებლად იზრუნებს (მათ. 6:25—32). იმაზეც დაფიქრდით, რაც იეჰოვას თავისი თაყვანისმცემლებისთვის გაუკეთებია. მაგალითად, უკეთ გაეცანით როგორც წარსულში, ისე თანამედროვე დროში მცხოვრებ ღვთის მსახურთა ისტორიებს. a და რაც მთავარია, ყოველთვის გაიხსენეთ, როგორ ზრუნავდა იეჰოვა თქვენზე, როგორ გაგაცნოთ თავი, როგორ პასუხობდა თქვენს ლოცვებს და რა სიკეთე მოაქვს პირადად თქვენთვის გამოსასყიდს (იოან. 6:44; ეფეს. 1:7; ებრ. 4:14—16; 1 იოან. 5:14).

იეჰოვასადმი ნდობა რომ განვიმტკიცოთ, უნდა ვიფიქროთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე (იხილეთ აბზაცები 6, 9, 10, 13, 14). e


7. როგორ დაეხმარა ვანესას დანიელის მაგალითზე დაფიქრება?

7 ჰაიტიზე მცხოვრები ერთი და ვანესა b ძალიან საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდა. მის სამეზობლოში მცხოვრები ერთი მამაკაცი ყველაფერს აკეთებდა, რომ ის სქესობრივ ურთიერთობაზე დაეყოლიებინა; ყოველდღე ურეკავდა და შეტყობინებებს უგზავნიდა. ვანესამ ამ კაცს კატეგორიულად დაუფიქსირა თავისი პოზიცია. მიუხედავად ამისა, ის უფრო აგრესიული გახდა და მუქარაზეც გადავიდა. ცხადია, ვანესა ძალიან შეშინდა. თუმცა მან შეძლო შიშის დაძლევა. ვანესამ თავის დასაცავად კონკრეტული ზომები მიიღო. პირველ რიგში უხუცესს დაელაპარაკა, რომელმაც ურჩია, რომ პოლიციისთვის მიემართა. ვანესა იმაზეც დაფიქრდა, თუ როგორ იცავდა იეჰოვა წარსულში თავის ერთგულ მსახურებს. ის ამბობს: „პირველი, ვინც გამახსენდა, დანიელი იყო. ეს უდანაშაულო კაცი დამშეული ლომების ხაროში ჩააგდეს, მაგრამ იეჰოვამ დაიცვა ის. რახან სიტუაციის გაკონტროლება არც მე შემეძლო, პრობლემა ბოლომდე იეჰოვას მივანდე. ამის შემდეგ სიმშვიდე დამეუფლა“ (დან. 6:12—22).

ᲠᲐᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲐᲮᲚᲐ?

8. რაში იყო დარწმუნებული დავითი? (ფსალმუნი 56:8).

8 შიშს რომ არ აჰყოლოდა, გათში მყოფმა დავითმა იმაზეც დაიწყო ფიქრი, იმ მომენტში რას აკეთებდა იეჰოვა მისთვის. ის ხედავდა, რომ იეჰოვა ხელმძღვანელობდა და იცავდა მას და იმასაც გრძნობდა, რომ ესმოდა მისი (წაიკითხეთ ფსალმუნის 56:8). მას ერთგული მეგობრებიც, იონათანი და მღვდელმთავარი ახიმელექი, ამოუდგნენ მხარში (1 სამ. 20:41, 42; 21:6, 8, 9). ალბათ, მისთვის არანაკლებ საგულისხმო იყო ის ფაქტიც, რომ ამჯერადაც დაუსხლტა ხელიდან მასზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ საულს. აშკარაა, მას იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ იეჰოვამ კარგად იცოდა, რასთან უწევდა გამკლავება.

9. რაში არ უნდა გვეპარებოდეს ეჭვი?

9 თუ განსაცდელის დროს თქვენც გეუფლებათ შიში, გახსოვდეთ, იეჰოვამ კარგად იცის, რა ხდება თქვენს თავს და რას განიცდით. მას ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდა თავისი ხალხის ტკივილი. მაგალითად, მან არა მხოლოდ შენიშნა, როგორ იტანჯებოდნენ ეგვიპტეში ისრაელები, არამედ ისიც აღნიშნა, რომ კარგად იცოდა, „რა ტკივილს განიცდიდნენ“ (გამ. 3:7). დავითმაც თქვა, რომ იეჰოვა ხედავდა მის გაჭირვებას და იმას, თუ რა უფორიაქებდა სულს (ფსალმ. 31:7). მაშინაც კი, როცა მისი ხალხი საკუთარი უგუნური გადაწყვეტილებების შედეგებს იწვნევდა, „მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო“ (ეს. 63:9). ასე რომ, ეჭვი არ შეგეპაროთ, იეჰოვას ბოლომდე ესმის თქვენი და დაგაძლევინებთ შიშს.

10. რა გარწმუნებთ იმაში, რომ განსაცდელის დროს იეჰოვა თქვენ გვერდით არის?

10 ფაქტია, განსაცდელის დროს ყოველთვის ადვილი არ არის იეჰოვას ხელის დანახვა. ამიტომ ყოველთვის სთხოვეთ მას, დაგანახვოთ, როგორ გიჭერთ მხარს (2 მეფ. 6:15—17). შემდეგ კი დაფიქრდით: ვინმეს კომენტარი ან რომელიმე მოხსენება ხომ არ აღმოჩნდა თქვენთვის გამამხნევებელი? რომელიმე პუბლიკაციამ, ვიდეომ ან სიმღერამ ხომ არ შეგმატათ მხნეობა? ვინმემ გამამხნევებელი აზრი ან ბიბლიური მუხლი ხომ არ გაგიზიარათ? ჩვენ შეიძლება მარტივად გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ეს ყველაფერი სწორედ იეჰოვასგანაა. მოსიყვარულე საძმო და სულიერი საზრდო იეჰოვას საჩუქარია და მის მზრუნველობაზე მოწმობს (ეს. 49:14—16; 65:13; მარ. 10:29, 30). ასე რომ, ყველანაირი მიზეზი გვაქვს, ვენდოთ იეჰოვას.

11. როგორ დაძლია აიდამ შიში?

11 სენეგალში მცხოვრებმა ერთმა დამ, აიდამ, აშკარად დაინახა, როგორ ედგა განსაცდელის დროს იეჰოვა მხარში. ის უფროსი შვილი იყო, ამიტომ მშობლები ელოდნენ, რომ ოჯახს არჩენდა. მაგრამ მან პიონერად მსახურების დაწყება გადაწყვიტა, რის გამოც ბევრ რამეზე მოუწია უარის თქმა და მატერიალურადაც გაუჭირდა. მისი ოჯახის წევრები ძალიან გაბრაზებულები იყვნენ მასზე და სულ აკრიტიკებდნენ. აიდა ამბობს: „ვშიშობდი, რომ ვეღარ შევძლებდი მშობლებზე ზრუნვას, და ისიც მაფიქრებდა, რას იტყოდა ხალხი ჩემზე. იეჰოვასაც კი ვადანაშაულებდი, ამ დღეში რომ აღმოვჩნდი“. იმ პერიოდში აიდამ კრების შეხვედრაზე ერთი მოხსენება მოისმინა. ის გვიყვება: „მომხსენებელმა თქვა, რომ იეჰოვასთვის დაფარული არ არის ჩვენი გულისტკივილი და იცის, რასაც ვგრძნობთ. უხუცესებისა და და-ძმების დახმარებით ნელ-ნელა კვლავ დავრწმუნდი იეჰოვას სიყვარულში. ეჭვი აღარ მეპარებოდა იმაში, რომ იეჰოვა უპასუხებდა ჩემს ლოცვებს. და როცა ვხედავდი მის პასუხს, გასაოცარი სიმშვიდე მეუფლებოდა“. რაღაც დროის შემდეგ აიდამ ისეთი სამსახური იპოვა, რომლის წყალობითაც პიონერულ მსახურებასა და ოჯახზე ზრუნვასაც ახერხებდა. ის დასძენს: „ვისწავლე იეჰოვაზე ბოლომდე მინდობა. ახლა, თუ რაიმესი შემეშინდება, მაშინვე ვლოცულობ და ჩემი შიშიც უკვალოდ ქრება“.

ᲠᲘᲡ ᲒᲐᲙᲔᲗᲔᲑᲐᲡ ᲐᲞᲘᲠᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲛᲝᲛᲐᲕᲐᲚᲨᲘ?

12. რაში იყო დავითი დარწმუნებული? (ფსალმუნი 56:9).

12 წაიკითხეთ ფსალმუნის 56:9. ამ მუხლიდან ჩანს, კიდევ რა დაეხმარა დავითს, რომ დაეძლია შიში. ის იმაზეც დაფიქრდა, რას გააკეთებდა იეჰოვა მომავალში მისთვის. დავითმა კარგად იცოდა, რომ იეჰოვა საჭირო დროს იმოქმედებდა მის სასიკეთოდ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იეჰოვას ხომ ნათქვამი ჰქონდა, რომ სწორედ ის უნდა გამხდარიყო ისრაელის მეფე (1 სამ. 16:1, 13). დავითს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ იეჰოვას დანაპირები უსათუოდ შესრულდებოდა.

13. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

13 თქვენ რას გპირდებათ იეჰოვა? რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ იეჰოვა სასწაულებრივად აგვარიდებს თავიდან პრობლემებს. c თუმცა ის კი ვიცით, რომ ყველა ის პრობლემა, რომლებსაც დღეს ვხვდებით, ახალ ქვეყნიერებაში წარსულს ჩაჰბარდება (ეს. 25:7—9). ჩვენს შემოქმედს ნამდვილად შესწევს ძალა, თავისი ხალხის მტრები მოსპოს, ყველანაირი დაავადებისგან განგვკურნოს, ემოციური ჭრილობები მოგვიშუშოს და მკვდრებიც კი აღადგინოს (1 იოან. 4:4).

14. რაზე ღირს დაფიქრება?

14 ასე რომ, ყოველ ჯერზე, როცა შიში შეგიპყრობთ, დაფიქრდით, რის გაკეთებას აპირებს იეჰოვა მომავალში. წარმოიდგინეთ, რამხელა შვებას იგრძნობთ, როცა სატანა ვეღარაფერს დაგაკლებთ, როცა ბოროტება აღარ იარსებებს, თქვენ გარშემო მხოლოდ მართალი ადამიანები იცხოვრებენ და დღითი დღე იგრძნობთ, როგორ თავისუფლდებით არასრულყოფილებისგან. 2014 წლის რეგიონული კონგრესის ერთ-ერთი ინსცენირებიდან გამოჩნდა, როგორ შეგვიძლია მომავლის იმედზე ვიფიქროთ. აი როგორ გადააკეთა ამ ინსცენირებაში მამამ 2 ტიმოთეს მე-3 თავის პირველი ხუთი მუხლი: „იცოდე, რომ ახალ ქვეყნიერებაში უბედნიერესი ცხოვრება გველის. ადამიანები იქნებიან ერთმანეთის მოყვარულები, ჭეშმარიტების მოყვარულები, მოკრძალებულები, თავმდაბლები, ღვთის განმადიდებლები, მშობლების მორჩილები, მადლიერები, ერთგულები, ოჯახის მოყვარულები, მათთან ადვილი იქნება საერთო ენის გამონახვა, დადებითად მოსაუბრეები, თავშეკავებულები, ლმობიერები, კარგის მოყვარულები, სანდოები, დამთმობები, თვინიერები, ღვთის მოყვარულები და არა სიამოვნებისა, ღვთისმოშიშნი; ასეთებს მიეკარი“. თქვენც საუბრობთ ოჯახის წევრებთან თუ თანამორწმუნეებთან ახალ ქვეყნიერებაზე?

15. რა დაეხმარა ტანიას, დაეძლია შიში?

15 ვნახოთ, როგორ დაეხმარა მომავალ კურთხევებზე ფიქრი ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრებ ერთ დას, ტანიას, დაეძლია შიში. როცა ბიბლიის შესწავლა დაიწყო, ტანია მშობლების მხრიდან სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდა. ის იხსენებს: „ბევრი რამის მეშინოდა და არცთუ უსაფუძვლოდ. დედა კრების შეხვედრიდან შინ დაბრუნებულს ყოველთვის მცემდა. მშობლები მემუქრებოდნენ კიდეც, რომ თუ იეჰოვას მოწმე გავხდებოდი, არ მაცოცხლებდნენ“. ბოლოს ტანია სახლიდან გააგდეს. რა დაეხმარა მას ერთგულების შენარჩუნებაში? ის ამბობს: „სულ იმაზე ვფიქრობდი, მთელი მარადიულობა რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ არ დავთმე ერთგულება, როგორ ამინაზღაურებდა იეჰოვა ყველაფერს, რაზეც მის გამო მიწევდა უარის თქმა, და რომ ახალ ქვეყნიერებაში მტკივნეული მოგონებები აღარ შემახსენებდა თავს“. იეჰოვას დახმარებით ტანია თავშესაფრის გარეშე არ დარჩენილა. მოგვიანებით მან ღვთის ერთგულ მამაკაცზე იქორწინა. დღეს ისინი ერთად ემსახურებიან იეჰოვას სრული დროით.

ᲓᲦᲔᲡᲕᲔ ᲒᲐᲜᲘᲛᲢᲙᲘᲪᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲐᲓᲛᲘ ᲜᲓᲝᲑᲐ

16. რა დაგვეხმარება, არ დავკარგოთ მხნეობა, როცა ლუკას 21:26—28-ში ჩაწერილი მოვლენები განვითარდება?

16 „დიდი გასაჭირის“ დროს ხალხს გული წაუვა შიშით. თუმცა იმ დროს ღვთის ხალხი მტკიცედ და მხნედ ვიდგებით, რადგან წლების განმავლობაში ვივითარებდით იეჰოვასადმი ნდობას (წაიკითხეთ ლუკას 21:26—28). ზემოთ მოხსენიებული ტანია აღნიშნავს, როგორ ეხმარება წარსულში მიღებული გამოცდილება რთულ სიტუაციებში: „დავინახე, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, იეჰოვას შეუძლია ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმაროს. ზოგჯერ შეიძლება ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვეძლოს და გვეგონოს, რომ მართვის სადავეები სხვების ხელშია. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროსაც იეჰოვა აკონტროლებს სიტუაციას. ფაქტია, განსაცდელი შეიძლება მართლა რთული ასატანი იყოს, მაგრამ მას დასასრული აუცილებლად ექნება“.

17. როგორ დაგვეხმარება 2024 წლის მუხლი? (იხილეთ სურათი გარეკანზე).

17 არაბუნებრივი არაფერია იმაში, თუ დროდადრო შიშის გრძნობა დაგვეუფლება. თუმცა დავითის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია მოვერიოთ შიშს. 2024 წლის მუხლად შეირჩა იეჰოვასთვის ნათქვამი დავითის სიტყვები: „თუ შემეშინდება, შენ მოგენდობი“ (ფსალმ. 56:3). როგორც ერთ ნაშრომშია ნათქვამი, „დავითი არ კვებავდა თავის შიშებს და არც პრობლემებზე იყო კონცენტრირებული, არამედ მისკენ ჰქონდა მიპყრობილი მზერა, ვინც უსათუოდ დაიხსნიდა“. მთელი წლის მანძილზე იფიქრეთ დავითის ამ სიტყვებზე, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ რაიმე შიშის ზარს დაგცემთ. ჩაუკვირდით იმასაც, რა გაუკეთებია იეჰოვას წარსულში, რას აკეთებს ახლა და რის გაკეთებას აპირებს მომავალში. ამ შემთხვევაში დავითის მსგავსად თქვენც იტყვით: „იმედს ვამყარებ ღმერთზე, არ შევშინდები“ (ფსალმ. 56:4).

სტიქიით დაზარალებული და წლის მუხლზე ფიქრობს (იხილეთ აბზაცი 17).

ᲠᲝᲪᲐ ᲨᲘᲨᲘ ᲒᲕᲔᲣᲤᲚᲔᲑᲐ, ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲜᲓᲐ ᲓᲐᲕᲤᲘᲥᲠᲓᲔᲗ ᲘᲛᲐᲖᲔ, . .

  • რაც იეჰოვას წარსულში გაუკეთებია?

  • რასაც იეჰოვა ახლა აკეთებს?

  • რის გაკეთებასაც იეჰოვა მომავალში აპირებს?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 33 მიანდე იეჰოვას შენი საზრუნავი

a რწმენის განმამტკიცებელი ინფორმაციის მოსაძებნად ვებგვერდზე jw.org ძიების ველში ჩაბეჭდეთ „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ ან „შემთხვევები“, ხოლო JW ბიბლიოთეკაში მოძებნეთ სტატიათა სერიები „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ ან „იეჰოვას მოწმეების ბიოგრაფიები“.

b ზოგი სახელი შეცვლილია.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: დავითი ფიქრობდა, როგორ მოერია იეჰოვას დახმარებით დათვს, როგორ გაუწოდა მას იეჰოვამ ახიმელექის მეშვეობით დახმარების ხელი და როგორ გაამეფებდა მომავალში.

e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: რწმენის გამო დაპატიმრებული ძმა ფიქრობს, იეჰოვას დახმარებით როგორ გადააგდო სიგარეტი, როგორ ამხნევებს იეჰოვა მას თანაქრისტიანების წერილებით და როგორ დააჯილდოებს მომავალში.