არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 2

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 19 უფლის საღამო

მზად ხართ წლის ყველაზე განსაკუთრებული დღისთვის?

მზად ხართ წლის ყველაზე განსაკუთრებული დღისთვის?

„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ᲚᲣᲙ. 22:19).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

დაფიქრდით, რატომ არის უფლის გახსენების საღამო განსაკუთრებული მოვლენა, როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ ამ დღისთვის და რა გავაკეთოთ, რომ სხვებიც დაესწრონ ამ შეხვედრას.

1. რატომ არის გახსენების საღამო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა? (ლუკა 22:19, 20).

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ხალხისთვის ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ის ერთადერთი ღონისძიებაა, რომლის აღნიშვნაც იესომ თავის მიმდევრებს დაავალა (წაიკითხეთ ლუკას 22:19, 20). ამ სტატიაში განვიხილავთ, რატომ ველით ასე განსაკუთრებით ამ დღეს.

2. კიდევ რა მიზეზების გამოა ეს საღამო ჩვენთვის განსაკუთრებული?

2 უფლის გახსენების საღამოზე საშუალება გვეძლევა, დავფიქრდეთ, რამხელა ფასი აქვს გამოსასყიდს და როგორ გამოვხატოთ მადლიერება იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისთვის (2 კორ. 5:14, 15). ეს საღამო ერთმანეთის გამხნევებასაც ემსახურება (რომ. 1:12). ყოველ წელს ამ შეხვედრას მრავლად ესწრებიან არააქტიური ქრისტიანებიც. და-ძმების თბილი დახვედრა ბევრი მათგანისთვის სწორედ ის აღმოჩნდება ხოლმე, რაც იეჰოვასთან დასაბრუნებლად სჭირდებათ. იქ ნანახი და მოსმენილი ბევრ დაინტერესებულსაც აღძრავს, ჩვენთან ერთად დაადგეს სიცოცხლის გზას. ამიტომ რა გასაკვირია, რომ გახსენების საღამო თითოეული ჩვენგანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენაა.

3. როგორ მეტყველებს გახსენების საღამო მსოფლიო საძმოს ერთობაზე? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

3 გახსენების საღამოს აღნიშვნა მსოფლიო საძმოს ერთობაზეც მოწმობს. წარმოიდგინეთ, სულ რაღაც, 24 საათის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ყველგან მზის ჩასვლის შემდეგ იეჰოვას მოწმეები ამ საღამოს აღსანიშნავად ვიკრიბებით. ყველანი ვისმენთ გამოსასყიდის თემაზე წარმოთქმულ მოხსენებას, ვმღერით ორ საგალობელს, ვაწვდით ერთმანეთს სიმბოლოებს და ოთხი ლოცვის ბოლოს მთელი გულით ვამბობთ ამინს. წარმოიდგინეთ, როგორ უხარებთ იეჰოვას და იესოს გულს მთელ მსოფლიოში მათ განსადიდებლად შეკრებილი ხალხის დანახვა!

გახსენების საღამოს აღნიშვნა ხელს უწყობს მსოფლიო საძმოს ერთობას (იხილეთ აბზაცი 3). f


4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

4 ამ სტატიაში შემდეგ კითხვებზე ვიმსჯელებთ: როგორ განვეწყოთ გახსენების საღამოსთვის? როგორ დავეხმაროთ ხალხს, დააფასონ იესოს გამოსასყიდი და რისი გაკეთება შეგვიძლია არააქტიურების დასახმარებლად? ეს განხილვა დაგვეხმარება, სათანადოდ მოვემზადოთ ამ განსაკუთრებული საღამოსთვის.

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲜᲕᲔᲬᲧᲝᲗ ᲥᲠᲘᲡᲢᲔᲡ ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘᲡ ᲒᲐᲮᲡᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲦᲐᲛᲝᲡᲗᲕᲘᲡ

5. ა) რატომ უნდა ვიფიქროთ გამოსასყიდზე? (ფსალმუნი 49:7, 8). ბ) რა ისწავლეთ მითითებული ვიდეოდან?

5 გახსენების საღამოსთვის რომ განვეწყოთ, მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ, რამხელა ფასი აქვს ჩვენთვის გამოსასყიდს. ჩვენ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან საკუთარ თავს ვერასდროს გამოვისყიდდით (წაიკითხეთ ფსალმუნის 49:7, 8; იხილეთ აგრეთვე ვიდეო „რატომ მოკვდა იესო?“). a ამიტომ იეჰოვამ გადაწყვიტა, ჩვენ გამოსასყიდად იესოს გაეღო თავისი სიცოცხლე მიუხედავად იმისა, რომ ეს ორივესგან უდიდეს მსხვერპლზე წასვლას მოითხოვდა (რომ. 6:23). რაც მეტს ვფიქრობთ იესოსა და იეჰოვას მიერ გაღებულ მსხვერპლზე, მით მეტად გვევსება გული მადლიერებით. მოდი ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს და გავიგოთ, რა ფასად დაუჯდათ მათ ამ მსხვერპლის გაღება. თუმცა თავდაპირველად იმაზე ვიმსჯელოთ, საერთოდ, რა არის გამოსასყიდი.

6. რა არის გამოსასყიდი და რატომ გახდა საჭირო მისი გაღება?

6 გამოსასყიდი არის საფასური, რომლითაც ხდება რამის ან ვინმეს უკან დაბრუნება. ადამი ღმერთმა სრულყოფილი შექმნა, მაგრამ შეცოდების შემდეგ მან სრულყოფილებაც დაკარგა და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივაც. მეტიც, მან თავისი შთამომავლებიც დაუმონა ცოდვასა და სიკვდილს. დაკარგულის უკან დასაბრუნებლად იესომ სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, დედამიწაზე ცხოვრების დროს „მას არც ცოდვა ჩაუდენია და არც სიცრუე დასცდენია მის ბაგეს“ (1 პეტ. 2:22). შესაბამისად, სიკვდილის დროს იესომ ზუსტად ის საფასური გადაიხადა, რაც საჭირო იყო სრულყოფილების უკან დასაბრუნებლად (1 კორ. 15:45; 1 ტიმ. 2:6).

7. რატომ შეიძლება იესოსთვის რთული ყოფილიყო ღვთისადმი მორჩილება?

7 დედამიწაზე ცხოვრების დროს იესო სრულყოფილად ემორჩილებოდა ზეციერ მამას მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება ყოველთვის ადვილი არ იყო. მაგალითად, ბავშვობაში უნდა დამორჩილებოდა თავის არასრულყოფილ მშობლებს, არადა თავად სრულყოფილი იყო (ლუკ. 2:51). ის მოზარდობის დროსაც არ უნდა აჰყოლოდა ცდუნებას, რომ მშობლების მიმართ დაუმორჩილებლობა გამოევლინა ან იეჰოვასთვის ეორგულა. ზრდასრულს კი სატანის პირდაპირი თავდასხმებისთვის უნდა გაეძლო, რომელიც მისი ერთგულების შერყევას ცდილობდა (მათ. 4:1—11). სატანა ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ იესო შეცდომაში შეეყვანა და მას გამოსასყიდი ვეღარ გადაეხადა.

8. კიდევ რამ გამოცადა იესოს ერთგულება?

8 იესოს ერთგულება მას შემდეგაც გამოიცადა, რაც მსახურებას შეუდგა. მას ავიწროებდნენ და არაერთხელ დაუპირეს მოკვლა (ლუკ. 4:28, 29; 13:31). იესოს თავისი მიმდევრების სისუსტეებსა თუ ნაკლოვანებებთანაც უწევდა შეგუება (მარ. 9:33, 34). დედამიწაზე თავისი მსახურების მიწურულს, როცა სასამართლოს გადასცეს, მას წამებისა და დაცინვის ატანა მოუწია (ებრ. 12:1—3). ბოლოს კი ძელზე გაკრულმა უდიდეს ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს გაუძლო, თანაც მარტომ, იეჰოვას მფარველობის გარეშე b (მათ. 27:46).

9. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლზე ფიქრობთ? (1 პეტრე 1:8).

9 აშკარაა, იესომ ჩვენ გამოსასყიდად უდიდესი მსხვერპლი გაიღო, თანაც საკუთარი ნებით, სრული მზადყოფნით გააკეთა ეს. როცა ამაზე ვფიქრობთ, კიდევ უფრო გვიღრმავდება მისადმი სიყვარული (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:8).

10. რა მსხვერპლი გაიღო იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად?

10 მოდი ახლა იმაზეც ვისაუბროთ, იეჰოვა რამხელა მსხვერპლზე წავიდა იმისთვის, რომ გამოსასყიდი გაღებულიყო. იეჰოვასა და იესოს, როგორც მამა-შვილს, ისეთი ახლო ურთიერთობა აქვთ, რომ ამის წარმოდგენას ვერავინ შევძლებთ (იგავ. 8:30). ამიტომ რა გასაკვირია, რომ იეჰოვასთვის უზომოდ მტკივნეული იქნებოდა იმის ყურება, რამდენი განსაცდელის ატანა უწევდა იესოს, როგორ შეურაცხყოფდნენ მას, უარყოფდნენ და აწამებდნენ.

11. მაგალითის მეშვეობით ახსენით, რას განიცდიდა იეჰოვა თავისი შვილის ტანჯვის შემხედვარე.

11 ყველამ კარგად ვიცით, რომ მშობლისთვის შვილის სიკვდილზე დიდი ტკივილი არ არსებობს. მკვდრეთით აღდგომის იმედიც კი ვერ აყუჩებს ბოლომდე ამ ტკივილს. ამაზე ფიქრი გვეხმარება, წარმოვიდგინოთ, რას გრძნობდა იეჰოვა თავისი შვილის ტანჯვისა და სიკვდილის შემხედვარე c (მათ. 3:17).

12. რისი გაკეთება ღირს გახსენების საღამოს წინა პერიოდში?

12 ურიგო არ იქნება, თუ გახსენების საღამოს წინა პერიოდში პირადი შესწავლის თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს უფრო ღრმად გამოიკვლევთ გამოსასყიდის საკითხს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ „იეჰოვას მოწმეების საკვლევი სახელმძღვანელო“ ან ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სხვა საშუალებები. d მიჰყევით გახსენების საღამოსთვის განკუთვნილ ბიბლიის კითხვის გეგმასაც, რომელიც მოცემულია „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურების“ ფურცლებზე. არც ის დაგავიწყდეთ, რომ იმ დღეს, როცა გახსენების საღამო აღინიშნება, სპეციალურ დილის პროგრამასაც უყუროთ. თუ ამ საღამოსთვის სათანადოდ განვეწყობით, ეს მხოლოდ ჩვენ კი არა, სხვებსაც წაადგებათ (ეზრ. 7:10, სქ.).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲔᲮᲛᲐᲠᲝᲗ ᲮᲐᲚᲮᲡ, ᲓᲐᲐᲤᲐᲡᲝᲜ ᲘᲔᲡᲝᲡ ᲒᲐᲛᲝᲡᲐᲡᲧᲘᲓᲘ

13. პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ სხვებს, დააფასონ გამოსასყიდი?

13 როგორ დავეხმაროთ ხალხს, დააფასონ იესოს გამოსასყიდი? უპირველეს ყოვლისა, უნდა დავპატიჟოთ ისინი ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე. კარგი იქნება, თუ იმ ნათესავების, თანამშრომლების, კლასელებისა თუ ნაცნობების სახელებს ჩამოწერთ, რომელთა დაპატიჟებაც გსურთ. იმ შემთხვევაში, თუ დაბეჭდილი მოსაწვევების მარაგი ამოგეწურებათ, შეგიძლიათ ელექტრონული მოსაწვევის ბმული გაუგზავნოთ. გამოხმაურებამ შეიძლება სასიამოვნოდ გაგაოცოთ (ეკლ. 11:6).

14. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ როცა ნაცნობებს ვეპატიჟებით, მოსაწვევიც მივცეთ?

14 ნურასდროს იფიქრებთ, რომ ნაცნობებისთვის მოსაწვევის მიცემა არ ღირს. ერთი და ძალიან გააოცა იმის გაგებამ, რომ მისმა მეუღლემ, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე, გადაწყვიტა, გახსენების საღამოს დასწრებულიყო. არადა, წლების განმავლობაში ეს და ყოველთვის ეპატიჟებოდა მას ამ შეხვედრაზე, თუმცა ამაოდ. მაშ რა მოხდა ამ შემთხვევაში? როგორც აღმოჩნდა, მას მოსაწვევი კრების ერთ-ერთმა უხუცესმა მისცა, რომელიც პირადად იცნობდა. ეს კაცი იმ წელსაც დაესწრო გახსენების საღამოს და მომდევნო წლებშიც ესწრებოდა ამ შეხვედრას.

15. რისთვის უნდა მოვემზადოთ, როცა ხალხს გახსენების საღამოზე ვეპატიჟებით?

15 მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ მათ, ვისაც ვეპატიჟებით, შეიძლება კითხვები ჰქონდეთ, განსაკუთრებით, თუ არასდროს დასწრებიან ასეთ შეხვედრას. ამიტომ, კარგი იქნება, დავფიქრდეთ, რა კითხვები შეიძლება დაებადოთ მათ და როგორ ვუპასუხებთ (კოლ. 4:6). მაგალითად, ზოგს შეიძლება აინტერესებდეს, რა ხდება გახსენების საღამოზე, რამდენ ხანს გაგრძელდება შეხვედრა, განსაზღვრულია თუ არა დრესკოდი, უფასოა დასწრება და ხდება თუ არა ფულის აკრეფა. კარგი იქნება, ჩვენვე დავინტერესდეთ, ხომ არ აქვთ რაიმე კითხვა და, თუ აქვთ, ვუპასუხოთ. იმისათვის, რომ წარმოდგენა შევუქმნათ, როგორ ტარდება ჩვენი შეხვედრები, შეგვიძლია ვაჩვენოთ ვიდეორგოლები „ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო“ და „როგორ ტარდება იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრები?“. აგრეთვე საინტერესო აზრების გაზიარება შეგვიძლია წიგნის „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“ 28-ე გაკვეთილიდან.

16. კიდევ რა კითხვები შეიძლება გაუჩნდეთ მათ, ვინც გახსენების საღამოს ესწრება?

16 გახსენების საღამოს შემდეგ ზოგს შეიძლება დამატებითი კითხვები გაუჩნდეს. მათ შეიძლება აინტერესებდეთ, რატომ არავინ იღებს სიმბოლოებს ან რატომ იღებს მათ ასე ცოტა. შესაძლოა იმის გაგებაც სურთ, რატომ ვატარებთ ამ შეხვედრას წელიწადში ერთხელ და იგივენაირად თუ ტარდება იეჰოვას მოწმეების სხვა შეხვედრებიც. მართალია, ამ კითხვებს პასუხები გახსენების საღამოზე წარმოთქმულ თემაშიც ეცემა, მაგრამ შეიძლება მას მეტი ინფორმაციის მიღება სურდეს. კარგი იქნება, თუ გავეცნობით ჩვენს ვებგვერდზე მოცემულ სტატიას „რატომ არ აღნიშნავენ იეჰოვას მოწმეები უფლის სერობას სხვა რელიგიების მსგავსად?“, რათა საჭიროების შემთხვევაში შევძლოთ სათანადოდ ვუპასუხოთ კითხვებს. მოდი ყოველი ღონე ვიხმაროთ, რომ გახსენების საღამომდე და მის შემდეგაც დავეხმაროთ დაინტერესებულებს, დააფასონ ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდი (საქ. 13:48).

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲓᲐᲕᲔᲮᲛᲐᲠᲝᲗ ᲐᲠᲐᲐᲥᲢᲘᲣᲠᲔᲑᲡ

17. რისი გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს არააქტიურების დასახმარებლად? (ეზეკიელი 34:12, 16).

17 უხუცესებო, რა უნდა გააკეთოთ გახსენების საღამოს პერიოდში არააქტიურების დასახმარებლად? გამოიჩინეთ ყურადღება ასეთი და-ძმების მიმართ (წაიკითხეთ ეზეკიელის 34:12, 16). შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტს დაუკავშირდეთ. დაარწმუნეთ ისინი თქვენს სიყვარულსა და მხარდაჭერაში. დაპატიჟეთ გახსენების საღამოზე და, თუ დაესწრებიან, თბილად მიიღეთ ისინი. ამ შეხვედრის შემდეგაც არ დაკარგოთ მათთან კონტაქტი და აღმოუჩინეთ საჭირო დახმარება იეჰოვასთან დასაბრუნებლად (1 პეტ. 2:25).

18. როგორ შეგვიძლია თითოეულს არააქტიურების დახმარება? (რომაელები 12:10).

18 თუ უხუცესი არ ხართ, რისი გაკეთება შეგიძლიათ იმ არააქტიურების დასახმარებლად, რომლებიც გახსენების საღამოს ესწრებიან? სიყვარულითა და პატივისცემით მოეპყარით მათ და იყავით ტაქტიანი (წაიკითხეთ რომაელების 12:10). გახსოვდეთ, რომ შესაძლოა მათ დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდათ ამ შეხვედრაზე მოსვლა. შესაძლოა აფიქრებდათ, როგორ მიიღებდნენ მათ და-ძმები. e ამიტომ ნუ ჩააყენებთ უხერხულ მდგომარეობაში და ნუ ეტყვით ისეთ რამეს, რამაც შეიძლება გული ატკინოთ (1 თეს. 5:11). ისინი ხომ ჩვენი ძვირფასი და-ძმები არიან და რა ბედნიერებაა, რომ კვლავაც ერთად ვცემთ იეჰოვას თაყვანს! (ფსალმ. 119:176; საქ. 20:35).

19. რისი შესაძლებლობა გვეძლევა გახსენების საღამოზე?

19 ამ განხილვამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რამდენად მნიშვნელოვანია, ყოველ წელს დავესწროთ გახსენების საღამოს (ეს. 48:17, 18). ამ შეხვედრაზე ვიღრმავებთ იეჰოვასა და იესოსადმი სიყვარულს, გამოვხატავთ მადლიერებას იმისთვის, რაც მათ ჩვენთვის გააკეთეს და ხელს ვუწყობთ მსოფლიო საძმოს ერთობას. გახსენების საღამოზე შეიძლება იმის შესაძლებლობაც მოგვეცეს, რომ დავეხმაროთ სხვებს, დააფასონ გამოსასყიდი. მოდი ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ წლის ყველაზე განსაკუთრებული მოვლენისთვის, იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოსთვის!

ᲠᲝᲒᲝᲠ ᲣᲞᲐᲡᲣᲮᲔᲑᲗ?

  • როგორ განვეწყოთ გახსენების საღამოსთვის?

  • როგორ დავეხმაროთ ხალხს, დააფასონ იესოს გამოსასყიდი?

  • როგორ დავეხმაროთ არააქტიურებს?

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 18 მადლიერნი ვართ გამოსასყიდისთვის

a ამ სტატიაში მითითებული სტატიებისა თუ ვიდეოების სანახავად ვებგვერდზე jw.org გამოიყენეთ ძიების ფუნქცია.

b იხილეთ 2021 წლის აპრილის ჟურნალ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „მკითხველთა შეკითხვები“.

e იხილეთ სურათები და ჩარჩო  „გულთბილი მიღება“. პირველ სურათზე არააქტიური ძმა ყოყმანობს, შევიდეს თუ არა დარბაზში, მეორე სურათზე კი ჩანს, რომ ის მოერია თავს და ახლა უკვე დარბაზში ძმებთან სასიამოვნო ურთიერთობით ტკბება.

f ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მაშინ, როცა მსოფლიოს ერთ ნაწილში მოწმეები გახსენების საღამოს აღნიშნავენ, მეორეში ისინი ამ განსაკუთრებული საღამოსთვის ემზადებიან.